“პაპიზმის ერესი” – გიორგი დემაკოპულოსი

Ilarion_Alfeevუკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე რუსულ საეკლესიო და სამოქალაქო მედიასაშუალებებში მიმდინარე პროპაგანდისას არაერთხელ დაადანაშაულეს მსოფლიო პატრიარქი “პაპიზმის ერესში”. მსგავს ბრალდებას, უპირველეს ყოვლისა, რუსული საიდუმლო სამსახურების მიერ პროვოცირებული, ფანატიკურად განწყობილი სასულიერო პირები იყენებენ თავიანთ გამოსვლებში, მაგრამ საკითხმა სერიოზული სახე მიიღო, როდესაც ეს ფრაზა მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევმაც გააჟღერა. გთავაზობთ ფორდემის უნივერსიტეტის მართლმადიდებლური კვლევების ცენტრის თანა-პრეზიდენტის გიორგი დემაკოპულოსის გამოხმაურებას.


სამმხრივი დისკუსია უკრაინას, რუსეთსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის, უკრაინის საეკლესიო დამოუკიდებლობის შესახებ, ჩვენი თაობის მართლმადიდებელ ქრისტიანთა ერთობის უდიდეს გამოწვევად იქცა. წმინდად პოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინის ავტოკეფალია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გამოუსწორებელი შედეგების მომტანი იქნება. რუსეთის ეკლესია არა მხოლოდ დაკარგავს თავისი სამრევლოების ერთ მესამედს და ძირი გამოეთხრება “რუსკი მირი”-ს (რუსული სამყაროს) პროექტს, არამედ დრამატულად გაცრუვდება მოსკოვის მხრიდან მსოფლიო მართლმადიდებლობაზე ლიდერობის პრეტენზიაც.

დამოუკიდებლობის მომხრეთა დაშლის სასოწარკვეთილი მცდელობისას, მოსკოვის საპატრიარქოს და მის სუროგატებს მოჰყავთ რიტორიკული და ისტორიული არგუმენტების სიმრავლე, მაგრამ არცერთი მათგანი არ ჟღერს ისე აგრესიულად და სასაცილოდ, როგორც მსოფლიო პატრიარქის “პაპიზმის ერესში” დადანაშაულება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “პაპიზმის” ბრალდება გამოიყენება შიდამართლმადიდებლურ დისპუტებში. ამ ბრალდების უკრიტიკოდ გამოყენება არის ნიშანი ერთის მხრივ საღვთისმეტყველო გაუნათლებლობისა, მეორეს მხრივ კი შიდა მართლმადიდებლურ პოლემიკაში ანტიკათოლიკური რიტორიკის ძალისა.

მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიისა და კანონიკური სამართლის ზედაპირული ცოდნაც საკმარისია, იმის მისახვედრად, რომ პაპობაში თავისთავად არაფერი ერეტიკული არ იყო. ბიზანტიური ეპოქის უამრავი წმინდანი, მათ შორის წმ. იოანე ოქროპირი და წმ. თეოდორე სტუდიელი სცნობდნენ რომის ეპისკოპოსის ადმინისტრაციულ უფროსობას და აპელაციისთვის მიმართავდნენ თავიანთი ეპოქის პაპებს, რომლებსაც ჰქონდათ ვრცელი იურისდიქციული ავტორიტეტი. მეოთხე მსოფლიო კრების მამებმა კი დაადასტურეს პეტრე მოციქულსა და პაპობას შორის არსებული ლეგენდარული კავშირი.

მაგრამ ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია – ერესი არის სპეციფიური, ტექნიკური ტერმინი, რომლის ქვეშაც იგულისხმება მიზანმიმართული განდგომა სამებისა და ქრისტეს შესახებ ეკლესიის დოგმატური სწავლებისაგან. პრაქტიკულ, ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო საკითხებზე დისპუტისას შესაძლებელია მითითებული იყოს ტრადიციისაგან, კანონიკური მოწყობისაგან გადაცდომა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ერესს. ეს განსხვავებები ახსნა ბასილი დიდმა, მეოთხე საუკუნეში, თავის ცნობილი წერილში ამფილოქეს მიმართ.

რამდენადაც უკრაინის ეკლესიის საკითხი ეკლესიის დოგმატურ სწავლებასთან არ იკვეთება, აქ ერესის კატეგორიის გამოყენება შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი წარმოადგენს დისპუტს იურისდიქციული ავტორიტეტის, ადგილობრივი ეკლესიების საზღვრებისა და ავტოკეფალიის მინიჭების ავტორიტეტის შესახებ. ამ საკითხთა ფესვები გვიან ანტიკურობამდე მიდის და დიდწილად წარმოადგენს მასშტაბური გეოპოლიტიკური ცვლილებების ანარეკლს.

მართალია ამას არ ვაკეთებ, მაგრამ შეიძლებოდა საუბარი იმაზე, რომ მსოფლიო პატრიარქი აჭარბებს თავის ავტორიტეტს, ან რომ სამოძღვრო თვალსაზრისით გაუმართლებელია ამ ეტაპზე უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭება, მაგრამ ამ მიზეზთაგან არცერთი არ შეესაბამება მსოფლიო პატრიარქის მიმართ ცილისმწამებლურ შეურაცხყოფას, თითქოს ის ჩავარდნილიყოს პაპიზმის ერესში.

რა თქმა უნდა, არ ვიცით ამ ბრალდების ავტორნი თეოლოგიურად ბრმანი არიან თუ შეგნებულად ბოროტმოქმედნი. მაშინ, როდესაც მიჩვეულნი ვართ ასეთ ბრალდებებს გადავაწყდეთ ინტერნეტის ბნელ კუთხეებში, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მისი გავრცელება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ. გასულ კვირას, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი აცხადებს, რომ პატრიარქი ბართლომე “ღებულობს ცალმხრივ გადაწყვეტილებებს, რაც ეწინააღმდეგება ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ეს სხვა არაფერია, თუ არა პაპიზმის ერესი”.

ამ ყველაფერში, ალბათ, არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან განსხვავება შუასაუკუნეებში დაწყებული პაპის ექსპანსირებადი უფროსობის მართლმადიდებელთა მხრიდან კრიტიკასა და შედარებით გვიანდელი ფრაზის – “პაპიზმის ერესის” – მართლმადიდებელი ეპისკოპოსის დელიგიტიმიზაციის მიზნით, შიდამართლმადიდებლურ დაპირისპირებებში გამოყენებას შორის.

გამოთქმა “პაპიზმის ერესი” პირველად გამოიყენეს მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მეძველსტილე სქიზმატიკოსებმა, როგორც ნაწილი იმ ჩავარდნილი პროპაგანდისა, რომელიც ითვალისწინებდა მათი კანონიკური ეკლესიიდან წასვლის გამართლებას. მეძველსტილეებისა და მათი მხარდამჭერებისათვის “პაპიზმის ერესი” არ ყოფილა კრიტიკა პაპის რომელიმე სპეციალური სწავლებისა, არამედ ეს იყო ერთიანი, ბოროტი ცილისწამება იმ ყველაფერში, რასაც ისინი დასავლურ ქრისტიანობასა და თანამედროვეობაში მცდარად მიიჩნევდნენ. რა თქმა უნდა სქიზმატიკოსთა რეალური სამიზნე არც რომის კათოლიკე ეკლესია იყო და არც რომის ეპისკოპოსი, არამედ მართლმადიდებელი ეპისკოპოსი, კერძოდ მსოფლიო პატრიარქი ათენაგორა, რომელმაც, მათი აზრით, უკან დაიხია დასავლეთის წინაშე.

შესაძლოა ეს ნიშნავს მიტროპოლიტ ილარიონის იმ დონეზე დაშვებას, რომ იგი იყენებს გასული საუკუნის სექტანტური და სქიზმატური საეკლესიო დაჯგუფებების რიტორიკულ ტაქტს იმის შესაჩერებლად, რაც ამ მომენტში უკვე შეუქცევადია. ვილოცოთ, რათა მანაც და სხვებმაც მოსკოვის საპატრიარქოში უკეთესად გაიაზრონ, რომ გადაჭარბებულმა რიტორიკულმა ბრალდებებმა ვერაფრით უშველა მეძველსტილეებს თვით-მოწეული სქიზმის ლეგიტიმიზაციის საქმეში.

 

თარგმნა მღვდელ-მონოზონმა ლეონიდე ებრალიძემ

წყარო

Print Friendly

Tags: , , , , , , ,

Comments are closed.