ქრისტეს სასამართლო პროცესი: იურიდიული ანალიზი

27/10/2016
By

cristo-ante-pilatos-duccio-di-buoninsegnaავტორი: ხრისტოს დერმოსიანიდისი (მოსამართლე)

ბერძნულიდან თარგმნა ათენის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა დავით ნებიერიძემ

ქრისტეს უდანაშაულობაში დარწმუნებულმა პილატემ მისი გათავისუფლება გადაწყვიტა, მაგრამ  იუდეველები ყვიროდნენ: „ჩუენ სჯული გუაქუს,და სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი,რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისა ყო.“ ეს არის  ებრაელების დღევანდელი პოზიციაც. ისინი ირწმუნებიან, რომ ქრისტემ ნამდვილად დაარღვია მოსეს რჯული და სამართლიანად დაისაჯა სიკვდილით. მაგრამ შესაძლოა  ადამიანურ მართლმსაჯულებას მიეღწია ისეთ წინააღმდეგობამდე საღვთო სამართალთან რომ სიკვდილის განაჩენი გამოეტანა თავად ღმერთისთვის სჯულის სახელით და სიკვდილით დაესაჯა შემოქმედი? მაშასადამე მთავარი შეკითხვა არის, იყო თუ არა ადამიანური საზომით ქრისტეს სასამართლო სამართლიანი, ანუ გასამართლდა თუ არა იგი  თანახმად კანონისა და სასამართლო პროცედურისა.

ქრისტეს ეპოქაში მართლმსაჯულება  საკმაოდ მაღალ საფეხურზე იმყოფებოდა. რომაული სამართალი მცირედით ჩამორჩებოდა დღევანდელ ევროპულ სამართალს, ხოლო ებრაული სამართალი იყო სამღვდელო და ეყრდნობოდა მოსეს რჯულს. ებრაული სასამართლო იყო მრავალწევრიანი, უმაღლეს სასამართლოს წარმოადგენდა დიდი სინედრიონი, რომელსაც ჰქონდა სხვა ძალაუფლებებიც. სინედრიონის რეზიდენცია მდებარეობდა იერუსალიმში და შედგებოდა 120 წევრისგან რომლის წინამძღვარი იყო მღვდელმთავარი, მის განკარგულებაში იყო სამხედრო ძალა და ბადრაგი. ებრაული სასამართლოს მიერ მიღებული სასიკვდილო განაჩენები საჭირო იყო რომ დამტკიცებულიყო რომაული ხელისუფლებისგან.

სასიკვდილო სასჯელს საკმაოდ ბევრი სამართალდარღვევა ითვალისწინებდა, მაგრამ ერის მხრიდან შეწყნარების გამო, იშვიათად თუ ვინმეს ეკისრებოდა. სასჯელის აღსრულება ხდებოდა სხვადასხვა ფორმით, რომელთაგან უფრო მტანჯველი და დამამცირებელი იყო ჯვარზე  სიკვდილი. ის ჩვეულებრივი მოვლენა იყო რომაული სასამართლოსთვისაც, რომელიც იყენებდა  სასიკვდილო განაჩენს, თუ არ არსებობდა რაიმე ეჭვი დანაშაულის არსებობაში. ებრაული სასამართლო პროცედურის მიხედვით წინასწარი გამოძიება უცხო იყო და არ არსებობდა სახელმწიფო ბრალმდებელი. გადაწყვეტილება არ შეიძლებოდა დაყრდნობოდა ბრალდებულის აღიარებას, არამედ მხოლოდ მოწმობებს. სასამართლო ტარდებოდა დღისით, ღია კარებში, ხალხის წინ. პროცესს იწყებდნენ დაცვის მხარის მოწმეები და მათ მოყვებოდნენ სულ მცირე ორი მბრალდებელი  მოწმე, რომელთაც საჭირო იყო რომ მიეცათ ნათელი და იდენტური ჩვენება, ჩვენების მიცემისას მოწმეებს მარჯვენა ხელი უნდა ჰქონოდათ აღმართული ზემოთ, ბრალდებულის თავზე და სასიკვდილო მსჯავრის შემთხვევაში აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ მონაწილეები ამ მსჯავრის აღსრულებაში; ჩაქოლვის შემთხვევაში პირველებს უნდა ესროლათ ქვები. ბრალდებული საბოლოო განაჩენის გამოტანამდე უდანაშაულოდ  მიიჩნეოდა, მას უკეთესი შედეგისათვის ეძლეოდა საუბრის და მოწმეების მოყვანის უფლება. მეცნიერთა  მოსაზრებით სასამართლო ოქმები არ ინახებოდა; თუმცა თავად განაჩენი  წერილობითი სახით გამოიცემოდა. (კონდოღონი: ებრაული არქეოლოგია, B′4). ყოველ შემთხვევაში ბრძანებულება ქრისტეს განაჩენის  შესახებ  არ არის აღმოჩენილი.

მოსამართლეები უნდა ყოფილიყვნენ მიუკერძოებლები, სამართლიანები და ზოგიერთ მათგანს უნდა დაეცვა კიდეც ბრალდებული. სასიკვდილო განაჩენის შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილება გადაიდებოდა ორი დღით და თუ დამტკიცდებოდა საბოლოოდ  სიკვდილით დასჯა მისი აღსრულება უნდა მომხდარიყო განაჩენის გამოტანის მომდევნო დღეს და არა იმავე დღეს. დაკითხვის დაწყებიდან განაჩენის აღსრულებამდე საჭირო იყო სულ მცირე 4 დღე. სიკვდილის დასჯის ადგილისაკენ ბრალდებულს მიაცილებდა ცხენოსანი მოსამართლე, რომელიც მოუწოდებდა ხალხს, რომ  სასამართლოსთვის, რომელიც იმ დროს იკრიბებოდა, ეცნობებინათ ნებისმიერი რამ ბრალდებულისათვის შემამსუბუქებელი, რათა სიკვდილით დასჯა შეჩერებულიყო.

ისრაელის მართლმსაჯულების შესახებ

მაგრამ უნდა შევეხოთ რომაული მართველობის წლებსაც, დიდი კორუფციისა და ზნეობრივი დაცემის პერიოდს, როცა თავად წინამძღვარნიც იმდენად გახრწნილნი იყვნენ, რომ თავიანთი ადგილების შენარჩუნებისათვის რომაელი მართველების მოსყიდვასაც კი ცდილობდნენ. მოსამართლეებს უკვე დაკარგული ჰქონდათ  პატიოსნება და ადამიანობა, რომელიც მათ წინამორბედებს გააჩნდათ. მთელი ერი იმყოფებოდა   ზნეობრივ დაცემასა და სიღარიბეში.

ლაზარეს აღდგინების  შემდეგ ბევრმა იუდეველმა იწამა ქრისტესი. „და შეკრბეს მღდელთმოძღუართა მათ და ფარისეველთა კრებული და იტყოდეს: რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს?…ერთმან ვინმე მათგანმან, კაიაფა, რომელი იყო მღდელთმოძღუარი მის წელიწადისაჲ, ჰრქუა მათ:… არცა განგიზრახავს, რამეთუ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს.“(ინ.XI,47-50).

„ხოლო ზრახვა-ყვეს მღდელთმოძღუართა მათ, რაჲთა  ლაზარეცა  მოკლან. რამეთუ მრავალნი ჰურიათაგანნი მისთჳს მოვიდოდეს და ირწმუნებდეს იესუჲსსა.“(ინ.XII,10-11). ჯარისკაცთა ბადრაგმა შეიარღებულ მსახურებთან ერთად როდესაც იესო შეიპყრო, სასამართლოს ნაცვლად, ის მღვდელმთავრის სიმამრ, ანასთან წაიყვანეს, რომელიც  მღვდელმთავარი იყო წარსულში. ანამ, რომელსაც არ ჰქონდა არავითარი ძალაუფლება, დაიწყო იესოს დაკითხვა, რათა  მის წინააღმდეგ რაიმე მიზეზი ეპოვნა. ქრისტემ კი უპასუხა: „ჰკითხეთ მათ, რომელთა ესმოდა“, „ხოლო ფარულად არარას ვეტყოდე“.(ინ.XVIII,20-21). პასუხი არ მოეწონათ და ერთმა მსახურთაგანმა სილა გააწნა იესოს და უთხრა: „ესრეთ სიტყუას- უგება მღდელთმოძღუარსა?“, მცირე დროის შემდეგ  ქრისტეს მღვდელმთავრ კაიაფას  სახლისკენ გაუძღვნენ, სადაც, დიდი სინედრიონის წევრების მისვლამდე, მას ურტყამდნენ, აგინებდნენ და დასცინოდნენ; თუმცა ებრაული სასამართლო კრძალავდა დაკითხვას და უკეთურ მოპყრობას მსჯავრდებულზე (Mishna, Sotah 1,4).

და დაიწყო უმაღლესი ებრაული სასამართლოს სხდომა სამი სხვა პროცედურული დარღვევით. დიდი სინედრიონი შეიკრიბა მღვდელმთავრის სახლში და არა სასამართლო შენობაში, ამასთანავე შეკრება მოხდა ღამით, რაც აკრძალული იყო (Mishna, Sanhedrin IV,1), და სულ მცირე ორი მოწმის ბრალდების გარეშე, როგორც ამას სასამართლო პროცედურა მოითხოვდა. სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ გამოჩნდა ორი ცრუ მოწმე; ისინი ამახინჯებდნენ უფლის სიტყვებს: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე“(ინ.II, 19), რომლებიც მან მისივე აღდგომისათვის თქვა  და არა სოლომონის ტაძრისათვის. ამასთანავე მოწმეთა ჩვენებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, მიუხედავად იმისა რომ ორივე მოწმემ ერთდროულად მიცა ჩვენება. აქედან გამომდინარე, ცრუ მოწმეები, სიკვდილით უნდა დასჯილიყვნენ  თანახმად მეორე რჯულისა (XIX, 18-21): „და თუ ის მოწმე ცრუმოწმე გამოდგა, ტყუილუბრალოდ დაუბრალებია თავისი მოძმისთვის, ისე მოექეცით მას, როგორც სურდა მოქცეოდა თავის ძმას… და დანარჩენებმა  გაიგონ ეს და შიში ჰქონდეთ…“. სინედრიონი ვერ დაეყრდნო ამ ორი მოწმის ჩვენებას  და მისმა თავჯდომარემ  მღვდელმთავარმა კაიაფამ ჰკითხა ქრისტეს: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ…მაშინ მღდელთმოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი თქუა, ვითარმედ: გმო; წა უკუე რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი?“(მთ.XXVI, 63-65). ბრალდებულის აღიარება, თუ ის პასუხად  მიიჩნეოდა, მოსეს რჯულის მიხედვით არ წარმოადგენდა მტკიცებულებას, რადგან საჭირო იყო მოწმეები „მხოლოდ ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვით შედგება საქმე“ (მეორ. რჯ. XIX, 15) ქრისტეს გასამართლებისას  არ არსებობდა საერთოდ დაცვის მხარე, რომელიც ითვლებოდა სასამართლო პროცესის აუცილებელ ნაწილად (Sanhedrin IV,5). ზოგადად ბრალდებულის დაცვას კისრულობდა სულ მცირე ერთი მოსამართლეთაგანი,  რათა არცერთი ბრალდებული არ დარჩენილიყო დაუცველი. მღვდელმთავარმა  „დაიპო სამოსელი თჳსი“, ფაქტი რომელიც იკრძალებოდა მღვდლებისთვის მოსეს რჯულის მიერ (ლევიტ. XXI, 10). სინედრიონის წევრთა პასუხი იყო რომ „თანამდებ არს სიკუდილისა“ (მთ.XXVI, 66). მოსამართლეთა შორის კენჭისყრა მოხდა ერთდროულად, მაშინ, როცა უნდა მომხდარიყო რიგითობით, ახალგაზრდიდან უხუცესებისაკენ, რათა ერთმანეთზე არ მოეხდინათ გავლენა. განაჩენის შემდეგ მათ სხვა განუკითხაობებიც დაიწყეს: „და იწყეს ვიეთმე ნერწყუად მისა და დაბურვად პირსა მისსა და ჴურთითა ცემად მისა და ეტყოდეს: გჳწინაჲსწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ? და მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის ცემად“ (მკ. XIV, 65). სიტუაცია, რომ შეენარჩუნებინათ,  მღვდელმთავრები და ფარისევლები გათენებას დაელოდნენ, რათა ისევ შეკრებილიყვნენ  დიდი სინედრიონის შენობაში, იერუსალიმის კედლის გვერდით, განაჩენის დამტკიცებისთვის: „და მეყსეულად ზრახვა-ყვეს მღდელთმოძღუართა მათ მოხცებულთა თანა და მწიგნობართა და ყოველმან კრებულმან. და შეკრეს იესუ და წარიყვანეს მისცეს იგი პილატეს“ (მკ.XV.15)

ქრისტე შეიპყრეს ხუთშაბათ საღამოს და ოფიციალური სასამართლო ჩატარდა, დასრულდა და სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა იმავე დღეს ანუ პარასკევს და ისიც კანონთა დარღვევით (Sanhedrin IV, I), მაშინ როცა ამ ყველა პროცესის შესრულებას ჭირდებოდა სულ მცირე 4 დღე. წმინდა ვნებების საკითხავში მეთორმეტე სახარების წინ ვკითხულობთ: ,,მსაჯულთა მიერ უღმრთოთა, განჩინებისა კალამი აღმოიწების და იესო დაისჯების, მსჯავრითა უმსჯავროითა ჯვრისა მიერ და ყოველთა არსთა მისთანა ევნების ბუნებითა ხორცთათა, სახიერო უფალო დიდება შენდა.“

მოსეს რჯულის მიხედვით ადამიანის გაღმერთება წარმოადგენდა მკრეხელობას და დანაშაულს. მაგრამ დამნაშავეს უფლება ჰქონდა დაცვისა. ქრისტემ  უამრავი სასწაული აღასრულა გაცხადებულად. იერუსალიმის მაცხოვრებლები  ქრისტეს მის სასამართლომდე, რამდენიმე დღით ადრე, გალობით შეეგებენ: „ოსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფე ისრაჱლისაჲ!“ (ინ.XII,13). ამასთანავე,  კაცობრიობა ელოდებოდა მხსნელს, „ხალხთა იმედს“, სოკრატეს „საყოველთაო მასწავლებელს“, პლატონის  „ლოგოსს“, ათენელების „უცნობ ღმერთს“, სამი მოგვის „ახალ ღმერთს“, კონფუცის „წმინდას“ და ყველა წინასწარმეტყველის მოლოდინს ისრაელის „მესიას“. განათლებულმა ებრაელებმა  მშვენივრად იცოდნენ  ყველა წინასწარმეტყველება, რომლებშიც ნათლად ჩანდა, რომ „დამნაშავე’’ იესო იყო იგივე მესია-ქრისტე, როგორც აღნიშნავს თავის წიგნში იოსებ ფლავიუსი (Contra Apionem Lib. II 17). ქრისტეს ცხოვრება, მისი სწავლება და უამრავი სასწაულები არ იწვევდნენ არავითარ ეჭვს, მაგრამ დიდმა სინედრიონმა ღირსად არ ჩათვალა გამოეძია საკითხი,                           იქნებ ადამიანის გაღმერთების ნაცვლად თავად ღმერთი იდგა მათ წინაშე განკაცებული. უფრო მეტიც, მათ იცოდნენ, მაგრამ მაინც განსაჯეს მესია, რაც კარგად ჩანს ლაზარეს აღდგინების შემდეგ მღვდელმთავარის სიტყვებში: „კაცი ესე მრავალსა სასწაულსა იქმს…“ მღვდელმთავრებმა და  მღვდლებმა სიკვდილი მიუსაჯეს თავიანთ ღმერთს  და შებორკილი წაიყვანეს რომაელ პილატესთან, რათა  სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოეყვანათ.

ახალი რომაული სასამართლო იწყება

პარასკევი დილა იყო, ებრაული პასექის წინა დღე, როდესაც ებრაელებმა მიიყვანეს იესო პრეტორიუმის გარეთ. ებრაელებს არ უნდოდათ რომ შესულიყვნენ კერპების სახლში, რათა პასექის წინ არ შებილწულიყვნენ  და მათი დაჟინებითი მოთხოვნის გამო რომაელმა მბრძანებელმა ბრძანა რომ განთავსებულიყვნენ ქვაფენილზე, პრეტორიუმის წინ, მის სასამართლო კათედრასთან, რათა იქ განესაჯა დამნაშავე. ტრადიციული რომაული სასამრთლოს მიხედვით სასამართლო ძალაუფლება სრულად იყო დაკავშირებული კათედრასთან, მანტიასთან და მოსამართლის ბეჭედთან და არა  მოსამართლის ინდივიდთან. სასამართლოს დაწყებისთანავე შეინიშნება პირველი სამართალდარღვევა, დამნაშავე იყო ბორკილდადებული პროცესის მიმდინარეობისას, მაშინ როცა ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლებოდა სასჯელის გამოცხადებამდე. სასამართლო იწყება პილატეს შეკითხვით: „რასა შესმენასა მოიღებთ კაცისა ამის ზედა?“. ამგვარად, ებრაელებს უნდა დაედანაშაულებინათ იესო, მაგრამ  მკრეხელობისთვის წაყენებული ბრალი არ აინტერესებდა რომაელ მართველს და ამ დანაშაულისათვის არ მიუსჯიდა სასიკვდილო განაჩენს. მღვდელმთავარმა კაიაფამ წარმოთქვა სრულიად ცრუ ბრალდება: „ესე ვპოეთ, რამეთუ გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკისაცა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ მეუფე ყოფად.“ (ლკ. XXIII, 2). კაიფას პასუხი იყო აბსოლუტური ტყუილი, რადგანაც დიდ სინედრიონს  იესო განსჯილი ჰყავდა სხვა ბრალდებით – მკრეხელობით. ასევე ტყუილი იყო ბრალდების შინაარსი, რადგან ქრისტეს სხვა პასუხი ჰქონდა გაცემული ფარისეველთა მოწაფეებისთვის, როდესაც მას შეეკითხნენ რომაული ბეგარის შესახებ „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა“ (მთ. XXII, 21). რომაული სასამართლოს საფუძვლის მიხედვით  უნდა მომხდარიყო წერილობითი თხოვნა სასამართლოს დაწყებისათვის. უნდა წარმოდგენილიყო  დამნაშავის სახელი და მონაცემები და გამოხატული უნდა ყოფილიყო ზუსტად  სასჯელი. უნდა შედგენილიყო ბრალდების აქტი.

უნდა განსაზღვრულიყო სასამართლოს დღე რომ იმ დღესვე  მოეწვიათ  და მოესმინათ მოწმეებისთვის. (დიმარა: რომაული სამართლის ისტორია, B 132)

მაგრამ თუ მიიჩნეოდა რომ საქმე არ ეხებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, არამედ ებრაული სასამართლოს მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს, მაშინ საქმის გადაცემა სასამართლოში უნდა მომხდარიყო წერილობითი თხოვნის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად. პილატემ არ დაიცვა ამ წესებიდან არცერთი. ის (პილატე) ჩამოდის კათედრიდან, ფაქტი, რომელიც რომაული სამართლის მიხედვით ნიშნავდა იმას რომ მას აღარ ჰქონდა სასამართლო ძალაუფლება, შედის  პრეტორიუმში და იქ ესაუბრება დამნაშავეს, შორს გამძვინვარებული ებრაელი ხალხის მასისაგან  და დაკითხავს მას  რაღაც ახალი ფორმით.

„შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ?“ (ლკ. XXIII, 3), ჰკითხა პილატემ იესოს რომელმაც უპასუხა:„მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს… მე…ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი“ (ინ. XVIII, 35-37). იესოს პასუხი გაიგო პილატემ. ქრისტე იყო სულიერი ლიდერი და არა ამა სოფლის მთავარი. მაშინვე მიხვდა, რომ ბრალდება არ იყო მტკიცე და იესო არ იყო დამნაშავე ძალაუფლების მიტაცებაში. პილატემ დაადასტურა თავისი პოზიცია როდესაც წარმოთქვა ფრაზა „რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ?“  შეკითხვა, რომელზეც არ დალოდებია პასუხს რადგან მისთვის ჭეშმარიტება იყო ფილოსოფიური უტოპია. პრაქტიკული რომაული სულით, რაც ახასიათებდა პილატეს, გამოვიდა პრეტორიუმიდან და უდანაშაულოდ ცნო დამნაშავე, წარმოსთქვა რა იუდეველებისადმი: „მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოებ ამის თანა.“(ინ. XVIII,38). ამის შემდეგ იესო უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ბრბომ დიდი ხმაური ატეხა  სასიკვდილო განაჩენის დაჟინებული მოთხოვნით. ამ ხმაურში პილატემ გამოარკვია რომ იესო გალილეველი იყო, ხოლო გალილეა პილატეს სამართლებრივი ძალაუფლების გარეთ იმყოფებოდა. იმ დროს გალილეას მართავდა ტეტრარქი მეფე ჰეროდე ანტიპა.

ამგვარად, ფაქტია ის, რომ პილატემ უდანაშაულოდ ცნო ქრისტე, მოიყვანა რა ჰეროდეს ადგილობრივი კომპეტენცია, იმისთვის რომ თავი დაეხსნა ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, იესო გაგზავნა ჰეროდესთან, რომელიც იმ დღეებში იმყოფებოდა იერუსალიმში (ლკ. XXIII, 6-7). იესომ არ გასცა პასუხი ჰეროდეს არცერთ შეკითხვას, ჰეროდესას რომელმაც წმიდა იოანე წინამორბედს თავი მოჰკვეთა. მზაკვარ ჰეროდეს არ სურდა კვლავ გაესვარა ხელები წმინდა სისხლით და მოიმიზეზა, რომ არ ჰქონდა უფლებამოსილება, რადგან იესოს დანაშაული და ებრაელების განაჩენი მოხდა გალილეის გარეთ ანუ მისი სამართლებრივი საზღვრების გარეთ. ამგვარად ქრისტე გამართლდა მეორედ რომაული ხელისუფლებისგან ჰეროდეს გადაწყვეტილებით. მაგრამ იმის ნაცვლად რომ გაეთავისუფლებინათ კვლავ შებორკილი წაიყვანეს პილატესთან, მას შემდეგ რაც ჰეროდემ და მისმა ჯარისკაცებმა დაამცირეს იესო, ჩააცვეს რა სამეფო მანტია (ლკ. XXIII, 11), ფაქტი, რომელიც  სრულიად მიუღებელი იყო ბრალდებულის გათავისუფლებისას, ადგილობრივი უფლებამოსილების არ არსებობის შემთხვევაშიც კი.

პილატე გამოვიდა პრეტორიუმის აივანზე და კიდევ ერთხელ გაამართლა იესო: „და მე წინაშე თქუენსა განვიკითხე და არარაჲ ვპოე ბრალი კაცისა ამის თანა, რასა-იგი შეასმენდით მას, და არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე მას, და აჰა არარაჲ ღირსი სიკუდილისაჲ საქმე არს მის თანა“ (ლკ. XXIII, 14-15). იუდეველები ყვიროდნენ უფრო მეტად, პილატეს დილემას დაემატა მისი ცოლის პროკლას ჩვენება: „არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის  კაცისაჲ, რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს“ (მთ. XXVII, 19).

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ პროკლა მოინათლა ქრისტიანულად და მისი ხსენება აღინიშნება როგორც წმინდანის 27 ოქტომბერს (ახ. სტილით).

პილატემ ხალხს წარუდგინა ქრისტე და ყაჩაღი ბარაბა და ჰკითხა მათ ვინ სურდათ ამ ორთაგან რომ გაეთავისუფლებინა პასექის დღესასწაულისათვის. უსმენდა პილატე ბრბოს გამძაფრებულ ყვირილს, რომელიც ითხოვდა ბარაბას გათავისუფლებას და იესოს სიკვდილს. მკაცრმა ტირანმა, რომელიც ამასთანავე იყო უნებისყოფო და გაუბედავი, ბრძანა იესოს გაშოლტვა.  გაშოლტვა იყო სასტიკი სასჯელი, რომელიც თან სდევდა ჯვარცმას. გაშოლტვა  შეიძლება  ყოფილიყო დამოუკიდებელი  სასჯელი, მაგრამ არავითარ  შემთხვევაში არ დაედებოდა გამართლებულ პიროვნებას ან ბრალდებულს საბოლოო განაჩენამდე.

ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელი იყო იულიუს კეისრის კანონმდებლობა (თავი I, თემა პირველი და თავი VI, თავი მეშვიდე) და პილატეს გადაწყვეტილება წარმოადგენდა  ამ კანონმდებლობის უხეშ დარღვევას. ეპიზოდები,  რომელიც არცხვენს კაცობრიობას და განსაკუთრებით ადამიანურ მართლმსაჯულებას: უხეში გამათრახების შემდეგ პრეტორიუმის ეზოში განკაცებული ღმერთის გასისხლიანებულ სხეულს შემოსეს სამეფო ქლამიდი, საუკუნო მეუფეს თავზე დაადგეს ეკლის გვირგვინი და ტანჯეს და შეურაცხყვეს საღვთო კრავი ამღებელი სოფლის ცოდვათა (ინ. XIX, 1-3).

პილატე, წარმომადგენელი ადამიანური მართლმსაჯულებისა, კვლავ გამოვიდა პრეტორიუმიდან და დაჯდა სასამართლო კათედრაზე ქვაფენილის შემაღლებულ ადგილზე და მიმართა მღვდელმთავრებს და ბრბოს: „აჰა კაცი იგი! და ვითარცა იხილეს იგი მღდელთმოძღუართა მათ და მსახურთა, ღაღატ-ყვეს და თქუეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე! ჰრქუა მათ პილატე: მიიყვანეთ ეგე  თქუენ და ჯუარს-აცუთ, რამეთუ მე მაგის თანა ბრალსა არარას ვჰპოებ. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: ჩუენ სჯული გუაქუს და სჯულისა ჩუენისაებრ თანა-აც სიკუდილი, რამეთუ თავი თჳსი ძედ ღმრთისად ყო“ (ინ. XIX, 5-7). პილატემ კიდევ ერთხელ ცნო ქრისტე უდანაშაულოდ მაგრამ კვლავ არ გაათავისუფლა. ხოლო იუდეველებმა აღიარეს რომ დიდი სინედრიონის მიერ ბრალდებული   თანამდები  იყო  სიკვდილისა თითქოსდა მოსეს რჯულის მიხედვით, რადგან თავის თავი ღმერთად გამოაცხადა, ფაქტი რომელიც დამალული იყო პილატესთვის  იმ წუთამდე. პილატემ დაარღვია   რომაული სამართლის პრინციპი  „non bis in idem“ (ერთი დანაშაულისთვის ორი სასჯელით არ ისჯება) და შევიდა პრეტორიუმში რათა იესო კვლავ   დაეკითხა. ახალმა მოულოდნელმა ბრალდებამ, რომ „თავი თვისი ღმერთად ყო“, უფლის დიდებულმა პიროვნებამ, სიმშვიდემ, რომელიც ასხივებდა ქრისტეს სახიდან, პილატეს ცოლის ჩვენებამ და იუდეველების რელიგიურმა  ფანატიზმმა შეაძრწუნა და ააღელვა პილატე. პილატე კვლავ ესაუბრა უფალს. ბრალდებული არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი და ესაუბრა პილატეს როგორც საღვთო ძალაუფლების მქონე, ბრალდებული იყო აღმატებული  თავის განმსჯელზე  და ”სურდა პილატეს მისი განტევება” (ინ. XIX,12).

კვლავ დაიკავა პილატემ თავის ადგილი სასამართლო კათედრაზე და წამოიწყო ახალი დისკუსია ბრბოსთან, ბოლო მცდელობა იესოს ჯვარცმისაგან გადარჩენისა, „ხოლო ჰურიანი  იგი ღაღადებდეს და იტყოდეს: უკუეთუ ეგე განუტეო, არა ხარ მოყუარე კეისრისაჲ, რამეთუ ყოველი, რომელი მეუფედ იტყჳნ თავსა თჳსსა, სიტყუას-უგებნ კეისარსა“ (ინ. XIX, 12). ებრაელების ბოლო ხრიკმა შეაძრწუნა პილატე, რადგან რაღაც უსიამოვნება ჰქონდა კეისარ ტიბერიუსთან (იოსებ ფლავიუსი Lib. XIII, Cap. III, p.1 ) და უმალვე გადაწყვიტა საკუთარი ტყავის შველა სამართლიანობის დაცვის ნაცვლად. იმისათვის რომ თავი შორს დაეჭირა ამ უსამართლო მძიმე განაჩენის დამტკიცებისაგან  არ გამოსცა  თავისი სამართლიანი გადაწყვეტილება, არამედ „მოითხოვა წყალი და დაიბანნა ჴელნი წინაშე ერისა მის და თქუა უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისისა, თქუენ იხილეთ. და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა.მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას“(მთ. XXVII, 24-26).

თუ ითვლება, რომ პილატეს საქციელი – ხელების დაბანა და ებრაელთათვის ქრისტეს ჯვარცმის ნების დართვა  შესაბამისი იყო სასიკვდილო განაჩენისა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ქრისტე სიკვდილით დასჯილა სამშობლოს ღალატისათვის, რადგან წარმოადგენდნენ მას როგორც მეფეს, რაც იყო საქმე საწინააღმდეგო Lex Julia Majestatis -სა და Crimina Imminutae Majestatis-სა.

და მოჰყვა ამას განაჩენის აღსრულება. ადამიანებმა ჯვარს აცვეს საკუთარი ღმერთი. ებრაელები იდგნენ  ჯვრის წინ და დასცინოდნენ და ლანძღავდნენ ქრისტეს (მკ. XV, 31). „ეგრეთვე მღდელთმოძღუარნი იგი იმღერდეს მწიგნობართა თანა და  იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად ქრისტესა, მეუფესა ისრაჱლისასა!“ ებრაელები აღიარებდნენ ჯვრის წინ რომ ქრისტემ სასწაულები მოახდინა და სხვები აცხონა. ამგვარად, ჯვარს ეცვა ქრისტე და მოკვდა და მესამესა დღესა აღდგა. მაგრამ რა დაემართათ ადამიანებს რომლებიც იყვნენ პასუხისმგებლები მისი (ქრისტეს) უსამართლო მსჯავრისთვის? გამცემელი იუდა დაბრუნდა ტაძარში, უკან მიუყარა 30 ვერცხლი მღვდელმთავრებს და ხეზე ჩამოეკიდა და თავი ჩამოიხრჩო იერუსალიმის გარეთ. წმიდა მარიამ მაგდალინელის ცხოვრებაში (დიდი სვინაქსარი, მე-5 გამოცემა, მე-7 ტომი, გვ. 425) ვკითხულობთ რომ წავიდა მარიამი რომში და უჩივლა კეისარ ტიბერიუსთან პონტოელ პილატესა და მღვდელმთავრებს. კეისარმა მოისმინა რა ქრისტეს სასწაულების შესახებ და გაიგო რომ მისი ჯვარცმის დროს დაბნელდა მთელი ქვეყანა, ბრძანა რომის სასამართლოში წარდგენა პილატესი, ანასი და კაიაფასი. კაიაფა რომისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა, ხოლო ანა სიკვდილით დაისაჯა რომში. პილატე დატყვევებული იქნა ციხეში რომის გარეთ და პატიმრობაში გარდაიცვალა. სხვა ცნობებს გვაწვდის თავის „ქრონიკებში“ ზონარა, მე-6 წიგნში ის წერს, რომ ტიბერიუსის  მემკვიდრე კალიგულამ  პილატე გადაასახლა საფრანგეთში, ხოლო ევსევი კესარიელის საეკლესიო ისტორიის მე-3 წიგნში წერია, რომ როდესაც პილატე იყო გადასახლებული საფრანგეთში სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და თავი მოიკლა.

ეს იყო ქრისტეს სასამართლოსა და მისი განმსჯელების შესახებ, რომლებიც კეისარმა გაასამართლა და დასაჯა, კეისრის გადაწყვეტილება წარმოადგენს მეშვიდე და საბოლოო უდანაშაულობის ფაქტს ქრისტესი.

ებრაული სასამართლოს დიდ სინედრიონზე აღვნიშნეთ 16 სერიოზული დარღვევა მოსეს რჯულიდან.

პილატეს სასამართლოზე აღვნიშნეთ სხვა 16 სერიოზული დარღვევა რომაული სასამართლოსი.

ყველა სასამართლო წარმოება, საღამოს დაკავებიდან შუადღის ჯვარცმამდე, ცრუ  და ცვალებადი ბრალდებები, განუწყვეტელი მონაცვლეობა დაკითხვებისა და სასამართლოსი, ქრისტეს გადაყვანა მღვდელმთავრის სახლიდან პრეტორიუმში, ქვაფენილზე, ჰეროდესთან, ბრალდებულის ტანჯვა და მისი ჯვარცმა  მაშინ როცა ექვსგზის აღმოჩნდა უდანაშაულო პილატესგან და ჰეროდესგან, არ შეიძლება რომ დახასიათდეს როგორც სასამართლო, არც როგორც სასამართლოს პაროდია,  არამედ როგორც კაცობრიობის უდიდესი დანაშაული და საუკუნო სირცხვილი, რომელიც ამძიმებს მთელ სამყაროს. არ შეეძლო უფრო დიდი  დანაშაულის ჩადენა ადამიანს.  მაგრამ უფალმა ჯვარი სიკვდილისა შემოაბრუნა ხედ ცხოვრებისად და დიდი დანაშაული შემოგვიბრუნა სახსნელად ჩვენდა, მისი მკვლელებისათვის. არაფერი ღირსეული არ გაგვაჩნია რომ მას (უფალს) ამ მსხვერპლის ნაცვლად მივართვათ და შემოვიფარგლებით (მხოლოდ) საღვთო ევქარისტიის საიდუმლოთი. სისხლი ქრისტესი არ არის „ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა“, მაგრამ მას მივეახლებით იმისთვის რომ გამოვიხსნათ ჩვენ და ჩვენი შვილები.

ვისურვოთ რომ უფლის ჯვარზე აღსრულებულმა მსხვერპლმა გამოგვიხსნას ჩვენ სამართლიანი მსჯავრისაგან.

Print Friendly

Comments are closed.