თეოლოგთა, ანუ იმ ადამიანთა სამი კატეგორია, რომელნიც დგანან ღვთის შემეცნების გზაზე

deuscaritasestწმ. დიადოხოს ფოტიკელი (დაახ. 400-474), თავის უმნიშვნელოვანეს ნაშრომში „ასი გნოსტიკური თავი“ (რომელიც „ფილოკალიაშიც“ არის შესული) საუბრობს სულის მიერ ღმერთის შემეცნების გზაზე მდგარ გამოწვევებზე: „თავად მეცნიერების სიტყვა გვასწავლის, რომ როდესაც სული იწყებს ღვთის სიტყვასთან გაშინაურებას, მასზე შეტევას იწყებს ვნებათა სიმრავლე, განსაკუთრებით კი მრისხანება და სიძულვილი“. სწორედ ამ, ერთი შეხედვით უცნაურ პრეამბულაზე დაყრდნობით წმინდა მამა გამოყოფს თეოლოგიურ გნოზისს დაწაფებული, ანუ ღვთის შემეცნების გზაზე მდგომი სულის ძირითად, სამსაფეხურებრივ მდგომარეობას:

1. სული რომელიც ამა სოფლის სიკეთეებით არის შეპყრობილი ინდიფერენტულია უსამართლობისადმი და შემეცნების ყველაზე დაბალ საფეხურზე დგას:

„სანამ სული მინდობილია ამა სოფლის საცდურებს, მიუხედავად იმისა, რომ ხვდება კიდეც, რომ სამართლიანობა ზოგიერთთაგან ფეხით ითელება, ის რჩება გულგრილი და არაფერი აშფოთებს მას, რადგანაც საკუთარი მადით აღძრული აღარად აგდებს ღმერთის უფლებას“.

2. სული, რომელიც იწყებს ღმერთის სიტყვასთან მიახლოებას, ერთვება სამართლიანობისათვის ბრძოლაში, მაგრამ ეს პროცესი ძალიან სახიფათო, „უმკრთალესი საცდურია“:

„როგორც კი სული იწყებს საკუთარ ვნებებზე გაბატონებას, სიზმარშიც კი ვეღარ იტანს უსამართლობის წარმოდგენას, რადგან უარყოფს ამა სოფლის სიკეთეებს და იწყებს ზეციერის შეყვარებას. მეტიც, გააფთრებული იბრძვის ავის მოქმედთან წინააღმდეგ და ვერ პოულობს განსვენებას, სანამ არ ნახავს გასწორებულ სამართალს, წესისამებრ, მათ მიერ, ვინც ეს სამართალი გაამრუდა. მაშასადამე ასეთ სულს, ერთი მხრივ სძულს უსამართლონი და მეორე მხრივ უყვარს სამართლიანნი“.

3. მხოლოდ ის სული, რომელიც გადალახავს სიძულვილის გზით უსამართლობასთან ბრძოლის ვნებას, მიეახლება ღვთის ჭეშმარიტ შემეცნებას:

„იმის ნაცვლად, რომ გვძულდეს უსამართლონი, უნდა ვტიროდეთ მათ უგრძნობლობაზედ. თუნდაც ესენი იმსახურებდნენ სიძულვილს, სიმართლეს არ სურს, რომ ღვთის მეგობარი სული დაემორჩილოს სიძულვილის საკვრელს, რადგანაც მანამ, სანამ სულში სიძულვილია, მასში არ შეუძლია იმოქმედოს ღვთის შემეცნების გნოზისმა“.

= = =

ტექსტისათვის იხ: Diadoque de Photicé, Œuvres spirituelles, ed. É. des Places, SC 5, Paris 1966, 130-131.

დიადოხოს ფოტიკელის ნაშრომების ქართული თარგმანების შესახებ მოკლედ იხ. ლინკი

მოამზადა მღვდელ-მონაზონმა ლეონიდე ებრალიძემ

Print Friendly

Tags: , ,

Comments are closed.