პატიოსანი ქურდი (უცნობის ჩანაწერებიდან)

0001-001-Tema-F.M.-Dostoevskij-Etapy-biografii-i-tvorchestvaავტორი: ფ.მ. დოსტოევსკი

თარგმნა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ

ერთ დილას, როცა სამსახურში წასასვლელად გავემზადე, ჩემი მზარეული, მრეცხავი და დიასახლისი აგრაფინა შემოვიდა და ჩემდა გასაკვირად საუბარი გამიმართა. ეს უბრალო დედაკაცი აქამდე ისეთი სიტყვაძუნწი ვინმე იყო, რომ გარდა ყოველდღიური, თითო-ოროლა კითხვისა იმაზე, თუ რა კერძი მოემზადებინა სადილად, სიტყვა არ დაუძრავს თითქმის მთელი ექვსი წლის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერი გამიგია მისგან.


-მე… ის მინდოდა…, ბატონო, – წამოიწყო მან,- საკუჭნაო ხომ არ გაგექირავებინათ?
-რომელი საკუჭნაო?
-აი, სამზარეულოს გვერდით რომ არის, იცით რომელიც.
-რისთვის?
-იმისთვის, რომ იქირავებდა ვინმე, იცით რისთვისაც.
_ ვინ იქირავებს?
-ვინ იქირავებს? ვინმე მდგმური იქირავებს. იცით ვინც.
-იქ დედილო, საწოლიც ვერ დატევა, ისეთი სივიწროვეა. იქ ვინ გაჩერდება?
-გაჩერება რად უნდა. მხოლოდ დასაძინებელი იყოს. ცხოვრებით კი ფანჯარაზე იცხოვრებს.
-რომელ ფანჯარაზე?
-იცით რომელზეც, ვითომ არ იცოდეთ. შემოსასვლელში რომ არის, იმ ფანჯარაზე. იქ იჯდება, შეკერავს ან სხვა რამ საქმეს გააკეთებს. თუმცა, სკამზეც შეუძლია დაჯდეს. აქვს სკამი, მაგიდაც აქვს, ყველაფერი აქვს.
– ვინ არის?
-ერთი კარგი, გამოცდილი ადამიანია. საჭმელს მე მოვუმზადებ. ოთახისთვის და მაგიდისთვის კი თვეში მხოლოდ სამ ვერცხლის მანეთს გამოვართმევ.
საბოლოოდ, დიდი მცდელობის შემდეგ შევიტყვე, რომ ვიღაც ხანშიშესულ ადამიანს დაუყოლიებია თუ როგორღაც დაუთანხმებია აგრაფინა, რომ თანამცხოვრებლად და მოზიარედ შემოეშვა სამზარეულოში. აგრაფინას კი თავში რაც მოუვიდოდა, უნდა აესრულებინა, თორემ ვიცოდი მოსვენებას არ მომცემდა. თუ რაიმე ისე არ ხდებოდა, როგორც მას უნდოდა, იმწუთშივე ჩაფიქრდებოდა, ღრმა მელანქოლიას მიეცემოდა და ასეთი მდგომარეობა ორ-სამ კვირას უგრძელდებოდა. ამ პერიოდში უგემურდებოდა საჭმელი, ქრებოდა სუფთა თეთრეული, აღარ იწმინდებოდა იატაკი და ერთი სიტყვით ბევრი უსიამოვნება ჩნდებოდა. დიდი ხანია შემჩნეული მქონდა, რომ ამ უსიტყვო ქალს უნარი არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიეღო, გამყარებულიყო რაიმე საკუთარ აზრზე. მაგრამ, თუ მის სუსტ გონებაში რაღაც შემთხვევის წყალობით რაიმე იდეის ან წამოწყების მსგავსი ჩამოყალიბდებოდა, უარი გეთქვა მის განხორციელებაზე იგივე იყო, რომ რაღაც დროით მორალურად გაგენადგურებინა იგი. ამიტომაც, რადგან საკუთარი სიმშვიდე ყველაზე მეტად მიყვარდა, იმავე წამს დავეთანხმე.
-რაიმე საბუთი მაინც აქვს, პასპორტი ან მსგავსი რამ?
-მაშ როგორ? ვიცი რომ აქვს. კარგი, სანდო კაცია. სამი მანეთის გადახდას შემპირდა.
მეორე დღესვე ჩემს მოკრძალებულ, მარტოხელა კაცის ბინაში ახალი მდგმური გამოცხადდა. მაგრამ, არ ვნანობდი. გულში მიხაროდა კიდევაც. საერთოდ მარტო, თითქმის კარჩაკეტილად ვცხოვრობ. ნაცნობები არ მყავს და გარეთაც იშვიათად გავდივარ. ათი წლის გამოყრუებული ცხოვრების შემდეგ მივეჩვიე კიდევაც მარტოობას. მაგრამ, ასეთივე მარტოობის კიდევ ათი, თხუთმეტი ან შეიძლება მეტი წელიც, იმავე აგრაფინასთან ერთად, იგივე ბინაში, დამეთანხმებით საკმაოდ უფერული პერსპექტივაა. ამიტომაც, ერთი ახალი, უბრალო ადამიანი ამ სიტუაციაში ღვთის წყალობად ჩავთვალე.
აგრაფინას არ მოუტყუვებივარ. ჩემი მდგმური მართლაც გამოცდილი კაცი გამოდგა. პასპორტის მიხედვით გადამდგარი ჯარისკაცი იყო. თუმცა, ამას მისი სახის გამომეტყველებით, უპასპორტოდაც მივხვდი. ძნელი არ არის ამის გამოცნობა. ჩემი მდგმური, ასტაფი ივანოვიჩი თავისნაირებში კარგ ადამიანად ითვლებოდა. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. მაგრამ, საუკეთესო ის იყო, რომ ასტაფი ივანოვიჩს საკუთარი ცხოვრებიდან ამბებისა და შემთხვევების მოყოლა ეხერხებოდა. ჩემი ყოფა-ცხოვრების მუდმივ მოწყენილობაში კი ასეთი კაცი ნამდვილი საუნჯე იყო. ერთხელ მან ერთ-ერთი ასეთი ამბავი მიამბო, რომელმაც ჩემზე გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ამბავი კი შემდეგმა შემთხვევამ გაახსენა.
ერთხელ ბინაში მარტო ვიყავი. ასტაფი და აგრაფინა საქმეებზე იყვნენ წასულ-წამოსული. უცებ მომესმა, რომ მეორე ოთახში ვიღაც შემოვიდა. მივხვდი, რომ ჩვენიანი არ უნდა ყოფილიყო. გამოვედი და მართლაც, შემოსასვლელში უცხო იდგა; დაბალი, პატარა ტანის ადამიანი. მიუხედავად შემოდგომის სიცივისა, ტანთ მხოლოდ სერთუკი ეცვა.
– რა გნებავს?
– მოხელე ალექსანდროვი აქ ცხოვრობს?
– აქ ეგეთი არავინაა, მშვიდობით!
– აბა, მეეზოვემ რომ მითხრა აქ ცხოვრობსო, – ჩაილაპარაკა უცხომ და თან ფრთხილად დაიხია კარისკენ.
– გასწი, გასწი, ძმაო; მარდად!
მეორე დღეს, ნასადილევს, როცა ასტაფი გადასაკეთებელ სერთუკს მაზომებდა, დერეფანში ისევ ვიღაც შემოვიდა. კარი გამოვაღე და რას ვხედავ: გუშინდელმა ვაჟბატონმა მშვიდად ჩამოხსნა საკიდიდან ჩემი ბეწვით გაწყობილი სერთუკი, იღლიაში ამოიჩარა და ოთახიდან გავარდა. აგრაფინა მთელი ეს დრო გაკვირვებისგან პირდაფჩენილი შეჰყურებდა მას და არაფერი გაუკეთებია სერთუკის გადასარჩენად. ასტაფი ივანოვიჩი კი უკან გამოუდგა არამზადას და ათი წუთის მერე აქოშინებული და ხელცარიელი მობრუნდა უკან. ქურდი ისე გაქრა, თითქოს მიწამ უყო პირიო.
– ეჰ, არ გაგვიმართლა, ასტაფი ივანოვიჩ. კიდევ კარგი, რომ შინელი მაინც დაგვიტოვა, თორემ სულ ცარიელზე დაგვსვამდა ეგ არამზადა!
მაგრამ ასტაფი ივანოვიჩი ამ ყველაფრისგან ისე იყო დათრგუნული, რომ მის შემხედვარეს ქურდობის ამბავი კიდეც გადამავიწყდა. გონს ვერ მოდიოდა. ერთ წუთს რომ წამოწყებულ ხელსაქმეს მიაგდებდა და თავიდან დაიწყებდა მოყოლას, თუ როგორ მოხდა ყოველივე, თუ სად იდგა თვითონ, თუ მის თვალწინ, ორ ნაბიჯზე როგორ ჩამოხსნეს ბეწვის სერთუკი და როგორ განვითარდა ყველაფერი, მეორე წუთს ისევ ხელსაქმეს მიუჯდებოდა. შემდეგ ისევ მიყრიდა ყველაფერს. ბოლოს დავინახე, თუ როგორ წავიდა, რომ მეეზოვე ენახა, იმისთვისაც მოეყოლა და საყვედური ეთქვა, რომ მის ეზოში ასეთი ამბები ხდებოდა. მერე მობრუნდა და აგრაფენას დაუწყო ლანძღვა. შემდეგ ისევ საქმეს მიუჯდა და დიდხანს თავისთვის ბუტბუტებდა ყველაფერს, როგორც მოხდა, თუ როგორ იდგა თვითონ აი აქ და მე იქ, და ა.შ. ერთი სიტყვით ასტაფი ივანოვიჩი საქმის კაცი კი იყო, მაგარამ დიდი კირკიტა და მოუსვენარიც გახლდათ.
– გაგვაბრიყვეს ორივენი, ასტაფი ივანოვიჩ! – ვუთხარი საღამოს, ჭიქა ჩაი მივაწოდე და მოწყენილობისაგან ვცადე, დაკარგული სერთუკის ამბავი თავიდან წამომეწყო. ეს ჩვენი ქურდობის ამბავი, წამდაუწუმ გამეორებისა და მთხრობელის გულწრფელი განცდების გამო უკვე ძალიან სასაცილო ხდებოდა.
– გაგვაბრიყვეს ბატონო ჩემო! უბრალოდ სხვისიც მენანება. ჩემი არ დაკარგულა, მაგრამ მაინც სიბრაზე მიპყრობს. მე თუ მკითხავთ, ქურდზე საძაგელი არსება არ დაიარება ამ ქვეყანაზე. ესენი შენს საკუთარს, შენი ოფლითა და შრომით ნაშოვნს გართმევენ. დანა პირს არ მიხსნის, ისე ვარ გაბრაზებული. მე ის მიკვირს, ბატონო ჩემო, თქვენ როგორ არ გენანებათ საკუთარი ქონება?
– მართალია, ასტაფი ივანოვიჩ; გირჩევნია წყალმა წაიღოს ქონება, მაგრამ ქურდისთვის დასათმობად დასანანია, არ გემეტება კაცს.
– ეგრეა, ბატონო. მაგრამ, ქურდიც არის და ქურდიც. ერთხელ ისეც მოხდა, რომ პატიოსან ქურდს გადავაწყდი.
– როგორ თუ პატიოსან ქურდს! პატიოსანი რომელი ქურდია, ასტაფი ივანოვიჩ?
– ეგეც მართალია, ბატონო ჩემო! რომელი ქურდია პატიოსანი, ეგეთები არ არსებობენ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ როგორც ეტყობა წესიერი იყო კაცი, მაგრამ იქურდა. უბრალოდ, საბრალო კაცი იყო.
– ეგ როგორ მოხდა, ასტაფი ივანოვიჩ?
– ეს ამბავი, ბატონო ჩემო, ორი წლის წინ მოხდა. თითქმის მთელი წელი უმუშევარი ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ მანამდე ერთი გაუბედურებულ კაცს შევხვდი. დუქანში გავიცანი. ლოთი იყო, მაწანწალა და უსაქმური. ადრე სადღაც უმუშავია, მაგრამ ლოთობის გამო დიდი ხანია სამსახურიდან გამოეშვათ. ერთი უღირსი ვინმე გახლდათ. ენით აუწერლად ეცვა. ეჭვი შეგეპარებოდა, ხანდახან, საერთოდ პალტოს ქვეშ ხალათი თუ აცვია რაიმეო. მთელ ფულს, რასაც მოიგდებდა სასმელში ხარჯავდა. ჩხუბისთავი არ იყო; მშვიდი ხასიათი ჰქონდა. კეთილი იყო და ალერსიანი. თვითონ სირცხვილის გამო არავის არაფერს სთხოვდა. ყველა ამჩნევდა, რომ საცოდავს სასმელისთვის სული მისდიოდა და სთავაზობდნენ. ჰოდა, ასე გავიცანით ერთმანეთი. უფრო სწორად ის ამეკიდა. მეც უარი არ მითქვამს. იცით, როგორი ადამიანი იყო! როგორც პატარა ფინია ისე აგეკიდებოდა. საითაც წავიდოდი იქით მომყვებოდა, თუმცა მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი. აი, ასეთი საცოდავი ვინმე იყო! თავიდან ვიფიქრე ერთ ღამეს გავათევინებ მეთქი. გავათევინე. ვნახე, პასპორტი წესრიგში აქვს, თვითონაც არა უშავს! შემდეგ, მეორე დღეს ისევ შემოვუშვი ღამის გასათევად. მერე, მესამე დღეს მოვიდა და მთელი დღე ფანჯარაზე იჯდა; ისევ დარჩა ღამის გასათევად. ვიფიქრე: მორჩა, ვეღარ მოვიშორებ; ახლა ამასაც აჭამე, ასვი და თან ღამე გაათევინე მეთქი; გაჭირვებულ კაცს კიდევ ერთი მოზიარე გამომიჩნდა. ჩემამდე, ერთ მოხელესთან დაიარებოდა ამგვარადვე, აკიდებული იყო მასზეც, ერთად სვამდნენ; ის კი მალე სმას გადაჰყვა. ამას კი ემელია ერქვა, ემელიან ილიჩი. ვფიქრობდი: რა მოვუხერხო მეთქი? რომ გამეგდო სინდისი არ მიშვებდა და თანაც მებრალებოდა, ისეთი საცოდავი და გაუბედურებული ვინმე იყო. ამასთან, უსიტყვოც იყო. იჯდა თავისთვის და როგორც ლეკვი ისე შემომყურებდა თვალებში. ზედ ეტყობოდა, თუ როგორ ღუპავს სასმელი ადამიანს. ვიფიქრე ჩემთვის, ვეტყვი: წადი აქედან, ემელიანუშკა, არ არის ჩემთან შენი ადგილი; მალე მე თვითონ ხმელი ლუკმა აღარ მექნება და შენ რიღათი უნდა გარჩინო? ვიჯექი და ვფიქრობდი, თუ რას იზამდა ჩემგან ამას რომ მოისმენდა? და ნათლად წარმოვიდგინე, თუ როგორ მომაჩერდებოდა ამ სიტყვების მოსმენისას, რამდენ ხანს იჯდებოდა და ვერ მიხვდებოდა ვერაფერს, ბოლოს, როცა მიხვდებოდა, როგორ ადგებოდა ფანჯრიდან, აიღებდა თავის ფუთას, ეხლაც თვალწინ მიდგას მისი უჯრედებიანი, წითელი, დაძენძილი ფუთა, რომელშიც ღმერთმა იცის რა ჰქონდა გამოკრული და ყველგან თან დაათრევდა, როგორ გაისწორებდა შინელს, ისე, რომ წესიერადაც ჰქონოდა, თბილადაც და თან ნახვრეტებიც არ გამოსჩენოდა – დელიკატური კაცი იყო! მერე კარს როგორ გამოაღებდა და ცრემლმორეული ჩავიდოდა კიბეზე. ეჰ, ვიფიქრე, მთლად ხომ არ დავღუპავ ადამიანს! შემეცოდა. მერე იქვე ჩემ თავზეც ვიფიქრე, მე რაღა მეშველება მეთქი! მაცალე ემელიან, ვიფიქრე, დიდხანს არ გაგირძელდება კარგი ცხოვრება. აი, შევიცვლი ბინას და მაშინ კი ვეღარ მომაგნებ. მართლაც, ბატონო ჩემო, გადავედი სხვაგან; აწ განსვენებული ალექსანდრ ფილიმონოვიჩი, ჩემი მაშინდელი ბატონი (ღმერთმა აცხონოს მისი სული) მეუბნება: ფრიად კმაყოფილი ვარ შენით, ასტაფი, როცა დავბრუნდებით სოფლიდან ისევ დაგასაქმებთო. მეეზოვედ ვმუშაობდი მათთან. კარგი კაცი იყო. მაგრამ მოკვდა იმ წელსვე. როგორც კი გავაცილეთ, მოვკიდე ჩემს ავლა-დიდებას, ცოტაოდენ ფულს ხელი და ერთ დედაბერს შევეკედლე. სადღაც ძიძად უმუშავია და ახლა პენსიით ცხოვრობდა თავისთვის. სახლის ერთი კუთხე ვიქირავე მისგან. ვიფიქრე, მშვიდობით ჩემო კარგო ემილიანუშკა, ეხლა კი ვეღარ მიპოვი მეთქი! რა გგონიათ, ბატონო, ვბრუნდები საღამოს (ახლობელის სანახავად ვიყავი) და რას ვხედავ: ზის ემელია ჩემს სკივრზე თავის შინელში, გვერდით ფუთა მოუდევია და მელოდება …. მოწყენილობისგან დედაბერისთვის საეკლესიო წიგნი გამოურთმევია და უკუღმა უჭირავს. მაინც მომაგნო. გავიფიქრე: ახლა რაღა უნდა ვქნა? რატომ თავიდანვე არ გავაგდე მეთქი. პირდაპირ ვეკითხები: აბა, ემელია, პასპორტი თუ მოიტანე? რაღა უნდა მექნა. ავდექი, ბატონო, და ასე განვსაჯე: რა დიდი ზარალი უნდა მომაყენოს ამ უსახლკარო კაცმა? დავითვალე და გამოვიდა, რომ დიდი არ იქნებოდა ხარჯი. ჭამა უნდა, გავიფიქრე. დილას ნაჭერი პური და მისაყოლებლად ხახვს ვუყიდი. შუადღისას ისევ პურს და ხახვს მივცემ. საღამოს ისევ ხახვს და ბურახს, შეიძლება პურიც თუ მოინდომა. რაიმე წვნიანი თუ გამოგვერია ხანდახან, მაშინ კი ორივენი ყელამდე მაძღრად ვიქნებით. მე თავად ბევრს არ გეახლებით და მსმელი კაცი კი როგორც ცნობილია, საერთოდ არ ჭამს. იმას მხოლოდ არაყი და ღვინო მიეცი. თავისი ლოთობით კი ბოლოს მომიღებს მეთქი, გავიფიქრე, ბატონო, და იქვე ერთმა სხვა აზრმა შემიპყრო ისეთი ძალით, რომ ემელიანეს, რომ მივეტოვებინე ჩემს სიცოცხლეს ხალისი აღარ ექნებოდა…მაშინ მე გადავწყვიტე მისი კეთილისმყოფელი და მხსნელი გავმხდარიყავი. მე გადავარჩენ მას დაღუპვისაგან და სმასაც გადავაჩვევ მეთქი, ვფიქრობდი. ახლა მაცალე, ემელია, დარჩი, მაგრამ მე დამემორჩილები და იმას გააკეთებ რასაც მე გეტყვი!
ვიფიქრე: თავიდან ვეცდები მუშაობას მივაჩვიო; მაგრამ, უცბად კი არა; ნელ-ნელა, მანამდე ცოტა კიდევ იხეტიალოს თავის ნებაზე. მე კი დაგაკვირდები, გიპოვნი ემელია, რისი ნიჭი გაქვს. ეს იმიტომ ბატონო, რომ ყველა საქმისთვის უპირველესად ნიჭი სჭირდება კაცს. ასე ჩუმ-ჩუმად დავუწყე დაკვირვება. ვხედავ, მთლად წყალწღებულია ემელიანუშკა. პირველად, ბატონო ჩემო, წყნარად ვუთხარი: აქეთ-იქით, ვეუბნები, ემელიან ილიჩ ცოტა უნდა დააკვირდე შენს თავს და გამოსწორდე. საკმარისია რაც დრო ატარე! აბა დაიხედე, როგორ დაძონძილი დადიხარ, შენი შინელი, უკაცრავად პასუხია და, საცრად თუ გამოდგება; არ ვარგა ასე! დროა მიხვდე, რომ აღარ შეგეფერება ასე სიარული. – ჩემი ემელიანუშკა კი ზის და მისმენს თავჩაქინდრული. როგორია, ბატონო ჩემო, იქამდე მივიდა სმისაგან, რომ ერთი ჭკვიანური სიტყვის თქმაც კი აღარ შეუძლია. შენ ალთას ეუბნები და ის კიდევ ბალთას არის! მისმენს, მისმენ და მერე ამოიოხრებს.
– რას ოხრავ, – ვეკითხები,- ემელიან ილიჩ?
– ეს ისე, არაფერია, ასტაფი ივანოვიჩ, დარდი ნუ გაქვთ. აი დღეს, ასტაფი ივანოვიჩ, ქუჩაში დედაკაცებმა იჩხუბეს, ერთმა მეორეს შემთხვევით მოცხარის კალათა გადაუყირავა.
– მერე?
– მეორემ კი სამაგიეროდ მისი მოცხარი განგებ დაუფანტა და თან ფეხით დაუწყო ჭყლეტა.
– მერე, მაგით რა, ემელიან ილიჩ?
– მერე, არაფერი, ასტაფი ივანიჩ, ისე მოგიყევით.
– „არაფერი, მხოლოდ ისე “. ეეჰ, – გავიფიქრე, – ემელია, ემელიუშკა, ლოთობას გადააყოლე ეგ თავი.
– კიდევ, ერთ ბატონს ქაღალდის კუპიურა დაუვარდა ტროტურზე გაროხოვაიაზე, არა, არა, სადოვაიაზე იყო. ერთმა გლეხმა დაინახა და ამბობს: ჩემიაო, იქვე მეორემაც დაინახა და იმანც: არა, ჩემიაო. შენზე ადრე დავინახეო…
– მერე, ემელიან ილიჩ.
– ჩხუბი ატეხეს, ასტაფი ივანოვიჩ. პოლიციელი კი მოვიდა, კუპიურა აიღო და იმ ბატონს დაუბრუნა. გლეხებს კი დაემუქრა – ჩაგსვამთო.
– მერე და რა არის მაგაში ეგეთი ღირსშესანიშნავი ემელიანუშკა?
– რა ვიცი, არაფერი. ხალხი იცინოდა, ასტაფი ივანოვიჩ.
– ე-ეჰ, ემელიანუშკა! გროშად გააჩუქე შენი ცხოვრება. იცი რას გეტყვი, ემელიან ილიჩ?
– რაო, ასტაფი ივანოვიჩ?
– რამე საქმით დაკავდი, მართალს გეუბნები, დაიწყე მუშაობა. მეასეჯერ გეუბნები, შეიბრალე საკუთარი თავი!
– აბა სად ვიმუშაო, ასტაფი ივანოვიჩ? არც კი ვიცი, რა შეიძლება რომ ვაკეთო. აღარც ამიყვანს არავინ, ასტაფი ივანიჩ.
– მაგიტომაც გამოგაგდეს, ემელია, რომ ლოთობ!
– აი დღეს ასტაფი ივანიჩ, მებუფეტე ვლასი კანტორაში დაიბარეს.
– რისთვის დაიბარეს, ემელიანუშკა?
– ეგ კი აღარ ვიცი, ასტაფი ივანიჩ. რახან დაიბარეს, ალბათ საჭირო იყო და დაიბარეს კიდევაც …
– „ეეჰ! გავიფიქრე, დავიღუპეთ ორივენი ემელიანუშკა! უფალი გვსჯის ჩვენი ცოდვების გამო.“ აბა, ამისთანა კაცს რა გინდა, რომ მოუხერხო, მითხარით, ბატონო ჩემო!
მაგრამ, დიდი ოხერი კი იყო! მისმენდა, მისმენდა და თუ მოსწყინდებოდა ან შეატყობდა, რომ აღარ ვჩერდები, აიღებდა თავის შინელს და ისე გაძვრებოდა თვალს ვერ შეასწრებდი. იბორიალებდა მთელ დღეს და საღამოს მთვრალი მომადგებოდა. ვინ ასმევდა ან ფულს სად შოულობდა სასმელისთვის ღმერთმა იცის მხოლოდ. მე მაგ სამეში ბრალი არა მაქვს.
– ნუ, ემელიან ილიჩ, ნუ იღუპავ თავს! შეეშვი სმას, გესმის, გეყოფა! თუ კიდევ მთვრალი მოსულხარ, კიბეზე მოგიწევს ძილი. სახლში არ შემოგიშვებ იცოდე! … ეს მუქარა რომ მოისმინა ერთი-ორი დღე იჯდა შინ; მესამე დღეს ისევ გაქრა. ველოდები და არ მოდის! სიმართლე გითხრათ შემეშინდა და თან შემეცოდა. ეს რა ვქენი! ვფიქრობ. შევაშინე. სად წავიდოდა ნეტა, საცოდავი? ღმერთო, არაფერი დაემართოს მეთქი? დაღამდა და კიდევ არ ჩანდა. დილას გამოვდივარ წინაკარში და რას ვხედავ: იქ გაუთევია ღამე. თავი ზღურბლზე მიუდია და ასე წევს. სულ გაშეშებულიყო სიცივისაგან.
– ღვთის გულისათვის, ემელია, რას ჩადიხარ?
– აი, თქვენ ამასწინათ გაბრაზებული იყავით და შემპირდით, რომ გარეთ დამტოვებდით დასაძინებლად. ვეღარ გავბედე შემოსვლა და აი აქ მივწექი…

სიბრაზემ და სიბრალულმა ერთდროულად შემიპყრო.

– კიბის დარაჯობას გირჩევნია სხვა რამ საქმე იშოვო, ემელია, ვეუბნები.
– აბა სხვა რა საქმე, ასტაფი ივანიჩ?
– შე სულწამხდარო (საოცარად ვიყავი გაცოფებული), თუნდაც მკერავის ხელობა გესწავლა. აბა, დაიხედე, რა შინელი გაცვია! სულ დახვრეტილი რომ არის არ გყოფნის, კიბეებიც რომ არ მოწმინდო მაგითი. აიღე ნემსი და ეგ ნახვრეტები მაინც ამოკერე, როგორც წესი და რიგია. ოჰ, შე ლოთო, შენა!
რა გგონიათ, ბატონო, მართლაც აიღო ნემსი; მე მხოლოდ დაცინვით ვუთხარი, მას კი შეეშინდა და ნემსს წამოავლო ხელი. გაიძრო შინელი და ძაფის გაყრა დაიწყო ნემსში. ვუყურებ და რა: თვალები დაუწითლდა, ხელები უკანკალებს! უყრის, უყრის ძაფს და არ გამოსდის; მოჭუტავს თავლებს, ძაფს ნერწყვით დაასველებს, დაგრიხავს თითებით, მაგრამ რა გინდა, მაინც არ გამოსდის! ბოლოს მიაწყო ყველაფერი და მიყურებს…
– ჩემი გულის მოსაგებად რად ირჯები, ემელია? შე საწყალო, მე ხომ ისე, ხუმრობით, სარყვედურად გითხარი… მოეშვი და იჯექი შენთვის, ღვთის გულისათვის! ოღონდ სამარცხვინოს ნურაფერს ჩაიდენ და კიბეზე ღამის თევასაც თავი დაანებე, თავს ნუ მჭრი!
– აბა, რა ვიღონო, ასტაფი ივანიჩ; თავად ვიცი, რომ ლოთი ვარ და უვარგისი! … თქვენი კი, .. ჩემს კეთ.. კეთილისმყოფელს ტყუილად გაჯავრებთ … და ამ დროს უეცრად თავისი ლურჯი ტუჩები აუკანკალდა, გაფითრებულ ლოყაზე ცრემლი ჩამოუვარდა და მის გაუპარსავ წვერზე აცახცახებული ჩამოუგორდა. ღმერთო ჩემო! თითქოს, დანა გამიყარეს გულში. „ამას კი ვერ ვიფიქრებდი, ეჰ, შე გულჩვილო ადამიანო? არა, ემელია, გავიფიქრე, მე ხელი დამიბანია შენზე და თუ გინდა, წყალსაც წაუღიხარ!..“
აბა, რაღა დიდხანს გავაგრძელო, ბატონო ჩემო! მთელი ეს ამბავი ჩირადაც არა ღირს. აი თქვენთვის, მაგალითად კაპიკია ამის ფასი. მე კი, რომ შემეძლოს ყველაფერს მივცემდი, ოღონდ კი ეს არ მომხდარიყო! ერთი საცხენოსნო შარვალი მქონდა, ბატონო ჩემო, ეშმაკმა წაიღოს იმის თავი. ძვირფასი, კარგი შარვალი იყო, ლურჯი უჯრედებით. ერთმა ჩვენსკენ ჩამოსულმა მემამულემ შემიკვეთა და აღარ წაიღო, ვიწროაო. ასე შემრჩა ხელში. ვიფიქრე: ძვირფასი რამეა! ბაზარზე შეიძლება ხუთი მანეთიც ავიღო. თუ არა და აქედან პეტერბურგელი ბატონებისითვის ორ პანტოლონს გამოვიყვან და პატარა ნაჭერი, მეც დამრჩება ჟილეტისთვის მეთქი. მოგეხსენებათ, ჩვენისთანა გაჭირვებულებისთვის ყველაფერი კარგია. ემელიანუშკას კი იმ დროს მძიმე დღეები ჰქონდა. ვუყურებ: ერთ დღეს არ სვამს, არც მეორეს, მესამე დღესაც არ ეკარება სასმელს. შეგებრალებოდა ხანდახან, ისე საცოდავად იჯდა დამწუხრებული. აჰა,- ვიფიქრე, -ან ფული გამოგელია ძმაკაც, ან როგორღაც საღ ჭკუაზე მოხვედი თავად და თქვი უარი სასმელზე. აი, ასე იყო ბატონო ჩემო: დიდი დღესასწაული დაემთხვა იმ დღეეებს. ღამისთევის ლოცვაზე ვიყავი. დავბრუნდი სახლში და ვხედავ: ეს ჩვენი ემელინე ზის ფანჯარის რაფაზე, მთვრალია და აქეთ იქით ირწევა. აჰა, გავიფიქრე, ესე იგი ასე, არა, ძმაკაც? რატომღაც სკივრში ჩავიხედე. ვხედავ, შარვალი აღარ არის! იქით ვეცი აქეთ ვეცი, არ არის, გაქრა! გადავქექე ყველაფერი, ვხედავ, რომ ნამდვილად არ არის – გულმა გვარიანად რეჩხი მიყო! ჯერ დედაბერს ვეცი, მასზე ავიღე ეჭვი და ტყუილად ცილი დავწამე. ემელიაში კი რატომღაც, თუმცა საბაბიც მქონდა, გალეშილი რომ იჯდა, არ დავეჭვებულვარ. „არა,- მეუბნება დედაბერი,- ღვთის გულისათვის, ბატონო ჩემო, რა თავში ვიხლი შარვალს, ჩავიცვამ თუ რა? მე თვითონაც ამას წინათ კაბა დამეკარაგა, ისევ ვინმე თქვენი ნაცნობებიდან თუ წაიღებდა, .. არ ვიცი, დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით“ -მეუბნება. „ვინმე იყო აქ, – ვეკითხები, ვინმე იყო მოსული?“ –„არავინ, არავინ არ მოსულა, მე ვიყავი მხოლოდ. ემელიან ილიჩი იყო გასული და მოვიდა; აგერ, იქა ზის! იმას ჰკითხეთ.“ – „ შენ ხომ არ აგიღია, ემელია, რაიმე საჭიროებისთვის ჩემი ახალი შარვალი, ხომ გახსოვს, მემამულისთვის რომ ვაკეთებდი?“ – „ არა, მეუბნება, ასტაფი ივანიჩ, მე, ისა რომ, მე არ ამიღია“. სულელური ამბავი თუ გინდა, ეს არის! ისევ ძებნა დავიწყე, ვეძებ, ვეძებ-არ არის! ემელია კი ზის და ირწევა აქით-იქეთ. აი ბატონო, აქ ვიჯექი მის პირდაპირ, სკივრზე და უცებ ცალი თვალით გადავხედე…ეჰე! გავფიქრე და მკერში გული ისე გამიხურდა, რომ სულ გავწითლდი. უცებ ემელიამაც შემომხედა.
– არა, ასტაფი ივანიჩ, მე თქვენი შარვალი, ისა…, თქვენ, შეიძლება, გგონიათ, რომ მე ვიყავი, მაგრამ მე არ ამიღია.
– მაშ სად გაქრა, ემელიან ილიჩ?
– არა, ასტაფი ივანიჩ, თვალითაც არ მინახავს, – მეუბნება ისევ.
– ესეიგი რა გამოდის, ემელიან ილიჩ, ადგა შარვალი და თავისით გაქრა?
– შეიძლება თავისით გაქრა კიდეც, ასტაფი ივანიჩ.
ეს რომ მოვისმინე, როგორც ვიჯექი ავდექი, ლამპა ავანთე და საქმეს მივუჯექი. მოხელისთვის, ჩვენს ზემოთ რომ ცხოვრობდა, ჟილეტი უნდა გადამეკეთებინა. მკერდში კი მწველ მხურვალებას და ყრუ ტკივილს ვგრძნობდი. იმ წუთში მთელი ჩემი გარდირობისთვის ცეცხლი რომ წამეკიდებინა, ის უფრო ადვილი გადასატანი იქნებოდა ჩემთვის. ემელიამაც იგრძნო, რომ ბრაზმა შემიპყრო. როცა კაცი დამნაშავეა, ბატონო, შორიდანვე გრძნობს საშიშროებას, ისე როგორც ფრინველი ავდარს.
– აი, ასტაფი ივანოვიჩ, ის მინდოდა მეთქვა, რომ, – დაიწყო ემელიუშკამ (თან ხმა უკანკალებს) – დღეს ანტიპ პროხორიჩი, ექიმი, მეეტლის ცოლზე დაქორწინდა. აი ამასწინათ, რომ მოკვდა იმ მეეტლის…
შევხედე, მაგრამ ვაი იმ შეხედვას. გაცოფებული ვიყავი… მიხვდა ემელია. ვხედავ, ადგა, მივიდა საწოლთან და მის ახლოს რაღაც ფაცი-ფუცი დაიწყო. ველოდები და არ ჩერდება. თან ბუტბუტებს გაუთავებლად: „არ არის და არ არის. სად ჯანდაბაში გაქრა ნეტავ, ეს ოხერი?“ ველოდები, რით დამთავრდება ეს ამბავი; ვხედავ: მუხლებზე დაიჩოქა ემელიამ და საწოლის ქვეშ ძვრება. აქ კი ვეღარ მოვითმინე.
– მუხებზე რას დაბობღავთ, ემელიან ილიჩ?- ვეუბნები;
– შარვალს ვეძებ, ასტაფი ივანიჩ. ვნახავ, იქნებ აქ გდია სადმე;
– თავს ნუ შეიწუხებთ, ბატონო ჩემო, ჩემებრ უბრალო კაცის დასაცავად, – სიბრაზისაგან ბატონობით დავუწყე საუბარი, – მუხლებს ტყუილა ნუ იტყავებთ!
– არა უშავს, ასტაფი ივანიჩ, მოვძებნი, იქნებ გამოჩნდეს სადმე.
– ჰმ, .. ვეუბნები: ერთი აქ მომხედე, ემელიან ილიჩ!
– რაო, მეუბნება, ასტაფი ივანიჩ!
– შენ ხომ არ აიღე და უბრალოდ მომპარე, როგორც ქურდმა და არამზადამ, და ასე გადამიხადე მადლობა მასპინძლობისთვის? – აი, ზუსტად ასე ვუთხარი, ბატონო, ისე ვიყავი გააფთრებული ჩემს წინაშე მისი ხოხვის შემხედვარე.
– არა…ასტაფი ივანოვიჩ…
თვითონ კი, როგორც იყო ისევე დარჩა საწოლის ქვეშ პირქვე მწოლიარე. დიდხანს იწვა ასე; ბოლოს გამოძვრა. ვხედავ: გაფითრებულია სულ, როგორც მიტკალი. წამოდგა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა რაფაზე. ასე იჯდა დაახლოებით ათი წუთი.
-არა, ასტაფი ივანიჩ, – მეუბნება, უცბად წამოდგა და მომიახლოვდა. ახლაც თვალწინ მიდგას. საშინელი იყო დასანახად როგორც ხორცშესხმული ცოდვა.
-არა, მეუბნება, ასტაფი ივანიჩ, არ ამიღია მე თქვენი შარვალი…
სულ კანკალებს, მკერდში აცახცახებულ თითს ირტყავს და ხმა ისე უკანკალებს, რომ თვითონ მე შევკრთი და გაქვავებული ფანჯრიდან ვეღარ წამოვდექი.
– ჰო, კარგი, ეგრე იყოს. ემელიან ილიჩ, – ვეუბნები,- მაპატიეთ, თუ მე, ჩემი სიბრიყვით უმიზეზოდ დაგწამეთ ცილი. ჯანდაბასაც წაუღია ის შარვალი; არ დავიკარგები უიმისოდ. მადლობა ღმერთს, ხელები მაბია, სხვისას არაფერს მოვინდომებ…არც სამათხოვროდ დავუდგები ვინმეს. ჩემს ლუკმას ყოველთვის ვიშოვი მე თვითონ…
ეს რომ მოისმინა, ცოტა ხანს იდგა ჩემს წინაშე, მერე ვხედავ – ჩამოჯდა. ასე გაუტოკებლად იჯდა მთელი საღამო; დასაძინებლად რომ წავედი ისევ იმ ადგილას იჯდა. დილას ვხედავ, თავის შინელში გახვეულა და ასე მოკუნტული მიწოლილა შიშველ იატაკზე; დამცირებისაგან საწოლშიც არ დაწვა. ასე იყო, ბატონო, აღარ მიყვარდა იმ წუთებში, უფრო სწორედ თითქმის მეზიზღებოდა პირველ დღეებში იმ ამბიდან. ისე ვიყავი, თითქოს საკუთარ შვილს გავექურდე და საშინელი წყენა მოეყენებინოს ჩემთვის. ეჰ, ვფიქრობ: ემელია, ემელია! ემელია კი ორი კვირა გამოუფხიზლებლად სვამდა. ალბათ მასაც დარდი სჭამდა და თავდავიწყებას იყო მიცემული. დილას გადიოდა, გვიან ღამე შემოვიდოდა და ორ კვირაში ერთი სიტყვაც არ გამიგია მისგან. ბოლოს მორჩა, მოათავა. ალბათ, დასალევი აღარაფერი ჰქონდა და ისევ ფანჯარაზე შემოჯდა. მახსოვს, სამი დღე და ღამე იჯდა ასე და ხმას არ იღებდა. ერთხელაც ვხედავ, რომ ტირის. აი ასე, ბატონო ჩემო, იჯდა და ტიროდა. თვითონ ვერც კი გრძნობდა, როგორ ნაკადულივით სდიოდა ცრემლები. ძნელი საყურებელია, ბატონო ჩემო, როცა მოზრდილი ადამიანი ტირის. მითუმეტეს, ისეთი მოხუცი, როგორიც ემელია იყო.
-რა მოგივიდა, ემელია? -ვეუბნები. ერთი შეკრთა და სულ ააკანკალა. ეს პირველი შემთხვევა იყო იმ ამბის შემდეგ, ხმა რომ გავეცი.
– არაფერი, ასტაფი ივანიჩ.
-ღვთის გულისთვის, ემელია, ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი. ასე გაბუსუნებული რას უზიხარ? – შემეცოდა.
-ისე, ასტაფი ივანიჩ, მაგიტომ კი არა. რაიმე საქმეს მინდა მოვკიდო ხელი, ასტაფი ივანიჩ.
– აბა, რა საქმეს, ემელიან ილიჩ?
– ისე, რაიმეს. იქნებ რაიმე სამსახური ვიშოვო, როგორც ადრე მქონდა; სათხოვნელად უკვე ვიყავი ფედოსეი ივანიჩთან … ცუდია, რომ გულს გტკენთ, ასტაფი ივანიჩ. მე, ასტაფი ივანიჩ, როგორც კი სამუშაოს ვიშოვი, მაშინვე ყველაფერს უკან დაგიბრუნებთ და ხარჯებსაც აგინაზღაურებთ.
-კარგი, ემელია, გეყოფა. რაც იყო, იყო. ეშმაკსაც წაუღია. მოდი ისევ ძველებურად ვიცხოვროთ.
– არა, ასტაფი ივანიჩ, თქვენ იქნებ ისევ გგონიათ, ისა… მე კი თქვენი შარვალი არ ამიღია.
-კარგი, როგორც ინებებ; ღმერთი იყოს შენსკენ, ემელიანუშკა!
-არა, ასტაფი ივანიჩ. როგორც ჩანს, მე თქვენთან აღარ დამედგომება. მაპატიეთ კი, ასტაფი ივანიჩ.
– ღმერთმანი, ვეუბნები, ემელიან ილიჩ, ვინ გავიწროვებს ან ვინ გაგდებს ბინიდან, მე ხომ არა?
-არა, მაგრამ წესი არ არის, რომ ასე ვიცხოვრო თქვენთან, ასტაფი ივანიჩ… უმჯობესია თუ წავალ. ჩანდა, რომ ნაწყენი იყო და ერთი და იგივეს იმეორებდა. ვხედავ, მართლაც ადგა და შინელის ჩაცმა დაიწყო.
-სად მიდიხარ, ემელიან ილიჩ? აბა ცოტა ჭკუას მოუხმე; რა მოგივიდა? სად უნდა წახვიდე?
– არა, მშვიდობით იყავით, ასტაფი ივანიჩ, ნუ დამაკავებთ (თან ისევ ამოისლუკუნა); უნდა მოვშორდე ამ ადგილს, ასტაფი ივანიჩ. თქვენც აღარა ხართ ისეთი, როგორიც ადრე იყავით.
-როგორი ისეთი? პატარა უჭკუო ბალღივით ნუ იქცევი, ემელიან ილიჩ, მარტო რა გეშველება!
– არა, ასტაფი ივანიჩ, აი, თქვენ ახლა, სახლიდან როცა გადიხართ სკივრს კეტავთ, მე კი ვხედავ ამას და ვტირი…. არა, ჯობია გამიშვათ, ასტაფი ივანიჩ და შემინდეთ ყველაფერი რაც ერთად ცხოვრებისას გაწყენინეთ.
აბა, რაღა გითხრათ, ბატონო ჩემო? მართლა წავიდა. ველოდე ერთი დღე, ვფიქრობდი მობრუნდება მეთქი საღამოსკენ – არ მოვიდა! არც მეორე და არც მესამე დღეს არ გამოჩნდა. შემეშინდა და დავდარდიანდი. აღარც ჭამა-სმა შემეძლო და აღარც ძილი. მთლიანად დამაყრევინა ფარ-ხმალი ამ კაცმა. მეოთხე დღეს ავდექი და მთელი დუქნები შემოვიარე, ყველგან ვიკითხე, მაგრამ, თითქოს გაქრა ემელიანუშკა! ვფიქრობდი : „სადმე, ღობის ძირში ხომ არ ამოგხდა მთვრალს სული და წევხარ ახლა დამპალი კუნძივით“. ცოცხალ-მკვდარი დავბრუნდი შინ. მეორე დღესაც ვაპირებდი ძებნის გაგრძელებას. ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რომ ასე თავის ნებაზე გავუშვი სახლიდან. მაგრამ, მეხუთე დღეს, გამთენიისას (დღესასწაული იყო) მესმის, კარმა გაიჭრიალა. ვხედავ შემოდის ემელია: სულ მთლად გალურჯებულიყო და თმები ჭუჭყში ამოგანგლოდა, თითქოს ქუჩაში ეძინაო; ისე ჩამომხმარიყო, რომ ლამის ლანდი გასდიოდა; შინელი გაიხადა, სკივრზე ჩამოჯდა და მომაჩერდა. კი გამიხარდა, მაგრამ გული უწინდელზე უფრო მეტად დამიმძიმდა. საქმე იცით რაშია ბატონო: მე რომ შემთხვვეოდა ასეთი ამბავი, მართალს გეუბნებით, მერჩივნებოდა, ძაღლვით ამომხდომოდა სადმე სული, უკან კი არაფრის დიდებით არ მოვბრუნდებოდი. ემელია კი მობრუნდა! ძნელია ადამიანის ამ მდგომარეობაში ნახვა. დავუწყე ალერსი, მოფერება და გამხნევება. „აი, ვეუბნები, ემელიანუშკა, როგორ გამახარე, რომ დაბრუნდი. ცოტაც რომ დაგეგვიანებინა, დღესაც დუქნ-დუქან მომიწვდა შენი ძებნა. ჭამე რამე?“
– ვჭამე, ასტაფი ივანიჩ.
– მართლა? კარგად ჭამე? აი, ძმაო, ცოტა გუშინდელი ბორშჩია დარჩენილი, ხორციანია, უბრალო არ გეგონოს; აჰა, ხახვიც და პური. ჭამე, ვეუბნები, ჯანზე მოგიხდება.
წინ დავულაგე ეს ყველაფერი და ისე მადიანად შეუდგა ჭამას, ალბათ სამი დღე არაფერი უჭამია. ესეიგი შიმშილმა მოიყვანა ჩემთან. გული სულ მომილბა ამის შემხედვარეს. ვიფიქრე, გავიქცევი, ცოტა დასალევს მოვუტან და მოვრჩეთ რაც იყო, საკმარისია მეთქი! აღარ გიბრაზდები, ემელიანუშკა! მოვარბენინე არაყი. აი, ვეუბნები, ემელიან ილიჩ, დავლიოთ დღსასწაულისა. დალევ? კარგი არაყია. მან კი ხელი გაიწვდინა, ხარბად დასწვდა ჭიქას, მაგრამ გაჩერდა. ვხედავ: აიღო ჭიქა და პირისკენ წაიღო, თან სულ ხელზე ეღვრება სასმელი. პირთან მიიტანა, მაგრამ იმ წამს უკანვე დადგა მაგიდაზე.
– რაო, ემელიანუშკა?
– არაფერი, მე მხოლოდ… ასტაფი ივანიჩ.
– არ დალევ?
– არა, ასტაფი ივანიჩ, აღარ დავლევ, ასტაფი ივანიჩ.
– რა მოგივიდა, ავად ხომ არა ხარ, ემელია?
– ჰო, რაღაც ვერა ვარ კარგად, ასტაფი ივანიჩ?
ავიყვანე და საწოლზე დავაწვინე. ვხედავ, მართლა ცუდად აქვს საქმე: თავი უხურს და ციებიანივით კანკალებს. ერთი დღე ვეჯექი სასთუმალთან; ღამით უარესად გახდა. ბურახში კარაქი და ხახვი ავურიე და პურიც ჩავუფშვენი. ვეუბნები: აჰა, შეჭამე, იქნებ უკეთესად გახდე! „ არა, დღეს არ ვისადილებ, ასტაფი ივანიჩ“. მეუბნება. ჩაი მოვუმზადე და დედაბერიც დავატრიალე. ეჰ, ვფიქრობ, ვერ არის საქმე კარგად! მესამე დღეს ექიმთან წავედი. ერთი ნაცნობი ექიმი კოსტოპრავოვი ცხოვრობდა იქვე. ჯერ კიდევ ბოსომიაგინებთან მუშაობისას გავიცანი: მიმკურნალა მაშინ. ექიმი მოვიდა, დახედა და თქვა: „ამას აღარაფერი ეშველება. ტყუილად დამიძახეთ. წამალს კი თუ გინდათ მაინც მივცემ“. წამალი არ გამოვართვი. ვიფიქრე, ექიმის ტყული ხრიკებია მეთქი. ამასობაში მეხუთე დღე დადგა.
იწვა ასე, ბატონო და, თვალსა და ხელს შუა თავდებოდა კაცი. მე ფანჯარაზე ვიჯექი და ხელსაქმე მეჭირა. დედაბერი ღუმელს ახურებდა. ჩუმად ვისხედით ყველანი. გული მეგლიჯებოდა, ბატონო ჩემო, ამ უთვისტომო კაცის გამო: თითქოს ღვიძლ შვილს ვკარგავდი. ვგრძნობდი, რომ ემელია იმ წუთში მე მიცქეროდა. დილიდან ვატყობდი, რომ ემზადებოდა, ძალას იკრებდა, რაღაცის თქმა უნდოდა თითქოს და ვერ მიბედავდა. ბოლოს შევხედე და ვხედავ, რაღაც დარდი ჩასდგომია საწყალს თვალებში. თვალს არ მაშორებს; როგორც კი დაინახავს, რომ ვუყურებ, იმ წუთში თვალებს მომარიდებს.
– ასტაფი ივანოვიჩ!
– რაო, ემელია?
– აი, მაგალითად ჩემი შინელი ბაზარზე რომ გაგვეტანა, რამდენს მოგვცემდნენ, ასტაფი ივანიჩ?
– აბა რა ვიცი, რამდენს მოგცემდნენ. შეიძლება სამი მანეთიც მოეცათ, ემელიან ილიჩ.
სინამდვილეში, გასაყიდად რომ გაეტანა არაფერსაც არ მისცემდნენ. თან სიცილსაც დააყრიდნენ, რომ ასეთი საცოდავი ნივთით ვაჭრობს. ეს ისე, გასამხნევებლად ვუთხარი.
– მე კი ვფიქრობდი, ასტაფი ივანიჩ, რომ სამი ვერცხლის მანეთი კი უნდა მოგვცენ; მაუდისაა, ასტაფი ივანიჩ. როგორ მაუდის შინელში, მხოლოდ სამი მანეთი?
– არ ვიცი, ვეუბნები, ემელიან ილიჩ; გასაყიდად თუ გაიტან, რაღა თქმა უნდა, ჯერ სამი მანეთი უნდა დააფასო.
ცოტა ხანს დადუმდა ემელია და მერე მეუბნება:
– ასტაფი ივანიჩ!
– რა იყო, ემელიანუშკა?
– გაყიდეთ ჩემი შინელი, როცა მოვკვდები და უმაგისოდ დამმარხეთ. ისედაც შემიძლია წოლა; ეგ კი ძვირფასი ნივთია; გამოგადგებათ.
აქ, ჩემო ბატონო, ისე შემეკუმშა გული სიტყვით ვერ აგიწერთ. ვხედავ, რომ ადამიანს სიკვდილის შიში შეპარვია უკვე. ისევ დავდუმდით. ასე ერთი საათი გავიდა. ისევ შევხედე. სულ მე მიყურებს. როგორც კი ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდება, თვალს მარიდებს.
– წყალს ხომ არ მოსვამ, ემელიან ილიჩ?
– მომეცით, ღვთის გულისათვის, ასტაფი ივანიჩ?
მივაწოდე წყალი და დალია.
– მადლობელი ვარ, მეუბნება, ასტაფი ივანიჩ.
– კიდევ რამე ხომ არ გინდა, ემელიანუშკა?
– არა, ასტაფი ივანიჩ, არაფერი. მე, მხოლოდ ის მინდოდა…
– რაო?
– ის…
– რა ის, ემელიანუშკა?
– ის შარვალი .. ის.. მე მოგპარეთ მაშინ… ასტაფი ივანიჩ…
– ღმერთმა შეგინდოს, ვეუბნები, ემელიანუშკა, შე საწყალო! განისვენე მშვიდობით… მე თვითონ კი, ბატონო ჩემო, სული შემეხუთა, თვალებიდან ცრემლები წამსკდა და ერთი წუთით იქით შევბრუნდი.
– ასტაფი ივანიჩ…
ვხედავ, ემელიას კიდევ რაღაც უნდა მითხრას; წამოჯდომას ცდილობს, ტუჩებს ამოძრავებს… უცებ სულ გაწითლდა, მიყურებს… შემდეგ ვხედავ: სულ უფრო და უფრო გაფითრდა, ერთ წამში მოეშვა, თავი უკან გადააგდო, ერთი ამოიოხრა და მიაბარა სული უფალს.

წყარო: Честный вор

 

Print Friendly

Comments are closed.