მსოფლიო პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე (ქართულ ენაზე)

 † ბართლომეოსი,Ecumenical Patriarch Bartholomew I atten

წყალობითა ღმრთისაითა

მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა

და მსოფლიო პატრიარქი

ეკლესიის სისავსეს

მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებასა შინა აღდგომილი ქრისტესგან

ქრისტე აღდგა!

მოვედით, ძმანო და შვილნო უფლის მიერ, მიიღეთ ნათელი მართლმადიდებლობის წმიდა გულის – ფანარიონის მოუკლებელი ნათლისგან, და ერთობით და შეერთებით განვადიდოთ „ქრისტე, რომელი აღდგა მკვდრეთით“.

საზარელი იყო უფლის მოწაფეთა ემოციური მდგომარეობა მისი ჯვარცმის შემდეგ, ვინაიდან უფლის ჯვარზე სიკვდილით მისი მოწაფეების იმედები განქარდა, რომ ერთ დღეს იგი და ისინი მიიღებდნენ პოლიტიკურ ძალაუფლებას. იესუ ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლა, რომელიც მოყვა ლაზარეს აღდგინებას და ხუთი ათასი მამაკაცის, ქალების და ბავშვების დამატებით, ხუთი პურით და ორი თევზით დაპურება, მათ აღიქვეს მათ მიერ საერო ხელისუფლების მოპოვების შესავლად. მათგან ორის დედამ უფრო მეტიც თხოვა მას, რომ მისი შვილები უფლის გვერდით დამსხდარიყვნენ, როდესაც ისინი ძალაუფლებაში მოვიდოდნენ. ყოველივე ეს გაიფანტა, როგორც ბავშვური წარმოდგენები იესუ ქრისტეს სასტიკი დასჯის შემდეგ.

მაგრამ ერთშაბათის დილას, მენელსაცხებლეებმა ნახეს ცარიელი აკლდამა და ანგელოზისგან ესმათ, რომ იესუ აღდგა მკვდრეთით. მცირე ხნის შემდეგ, მათ ნახეს ის სხვა მდგომარეობაში, არ რთავდა რა მენელსაცხებლეთ, რომ შეხებოდნენ მას. სიტუაციის ამ მოულოდნელმა განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ადამიანები უფრო დაუახლოვდნენ იესუს, რომ შეეტყოთ, რა მოხდებოდა შემდგომში. მათ არ მიუღიათ პასუხი მაშინვე. მათ ეუწყათ, რომ მოეცადათ მოთმინებით და სიმტკიცით, სანამ ისინი მაღლიდან ძალით არ შეიმოსებოდნენ. დაემორჩილნენ რა ბრძანებულს, მათ მოიცადეს ერგასამდე, როდესაც წმიდა სული ჩამოვიდა და გამოუაშკარავა მათ, სრულად, მათი ახალი მისია. ეს მისია არ მოუწოდებდა ერთი ერის მეორე ერის მონობის ბორკილებისგან გათავისუფლებისკენ; არამედ მოუწოდებდა მთელი კაცობრიობის ბოროტის ოსტატობის მონობის და თავად ბოროტისაგან გათავისუფლებისკენ. ეს იყო სხვა დიდი მისია და განსხვავებული იმისგან, რაზეც ისინი ერთ დროს ოცნებობდნენ.

დაუჯერებელმა მცნებამ, რომელიც მოუწოდებდა მათ ადამიანის სიკვდილის მონობისაგან გამოხსნის უწყების საქადაგებლად, განაცვიფრა ისინი; თუმცა მათ ის მიიღეს გულმოდგინებით და იქადაგეს კიდევაც ეს უწყება ყველგან და იხსნეს და ახლაც აგრძელებენ მრავალთა ხსნას სიკვდილისგან. არის პირველი მკვდართა შორის, აღდგომილი იესუ, რომელიც ყველას სთავაზობს აღდგომის  და მარადიული ცხოვრების ძღვენს, ცხოვრებისა, რომელიც აღარ არის აღბეჭდილი ხრწნადობით, ვინაიდან ადამიანი, აღდგომილ მდგომარეობაში, მიემსგავსება ღმრთის ანგელოზს ცათა შინა, რომელსაც არ აქვს ხორციელი სხეული, არამედ სულიერი.

ჩვენ უკვე განვიცდით წინასწარ ამ კურთხეულ აღდგომილ მდგომარეობას, როდესაც ჩვენ ვატარებთ ჩვენს ხორციელ სამოსს იმგვარად, რომლითაც ჩვენ არ შევიგრძნობთ სიკვდილის არსებობას, რაც არის განშორება ღმრთის სიყვარულისგან, მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ხორციელი სხეულის ბუნებრივი სიკვდილიდან გარდასვლას სულიერი სხეულის უმაღლეს ცხოვრებაში, უფლის პიროვნების სიყვარულით შეცნობის მეშვეობით, შეცნობისა, რომელსაც მივყავართ მარადიული ცხოვრებისკენ.

შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ კი არ ველოდებით წინასწარ ჩვენს აღდგომას მკვდრეთით, როგორც მოვლენას, რომელიც შორეულ მომავალში განხორციელდება, არამედ ჩვენ მასში ვმონაწილეობთ ახლაც, და ვზეიმობთ და ვღაღადებთ წმიდა იოანე ოქროპირთან ერთად:სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი? ჯოჯოხეთო, სად არის შენი ძლევა? ჩვენ აღვდექით იესუ ქრისტესთან ერთად და ჩვენ აღვიქვამთ დროის აღსასრულს თანამედროვეობად და თანამედროვეობას – დროის აღსასრულად. აღდგომა აღწევს ჩვენს არსებაში და აღგვავსებს სიხარულით. ზუსტად იმ სიხარულთ, რასაც გრძნობდნენ მოწაფენი, როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ უფალი აღდგა.

ჩვენ ვაგრძელებთ მოციქულთა ღვაწლს. ჩვენ მიგვაქვს აღდგომის უწყება მთელ მსოფლიოში. ჩვენ ცნობიერად ვქადაგებთ, რომ სიკვდილს არ უნდა ჰქონდეს ადგილი ჩვენ შორის, ვინაიდან ის არავითარ სარგებელს არ სთავაზობს კაცობრიობას. ისინი, რომლებიც ეძიებენ, რომ გაიუმჯობესონ სოციალური ცხოვრება მოყვასის სიკვდილით, არ უწევენ კარგ სამსახურს ცოცხლებს. ისინი უმეტესად ემსახურებიან სიკვდილის გაბატონებას სიცოცხლეზე და ამზადებენ საკუთარ თავს საიმისოდ, რომ შთანთქას სიკვდილმა.

ჩვენს დროში, სიკვდილისა და სიბნელის დაფდაფის ხმა მკაფიოდ ისმის. ზოგ მოყვასთაგანს სჯერა, რომ სხვა მოყვასის აღმოფხვრა არის საქები და კეთილი საქმე, მაგრამ ისინი მწარედ სცდებიან. სამწუხაროდ, დამცირება და დაჯაბნა სუსტისა ძლიერის მიერ მძლავრობს დღევანდელი რეალობის ერისკაცულ პირამიდაში. ხშირად ჩვენ შეძრწუნებული ვართ იმ სისასტიკით და თანაგრძნობის უქონლობით, რომლებსაც ავლენენ ძალაუფლების მქონენი, ვისაც უპყრია მსოფლიოს სადავეები და ვისაც სჯერა, რომ ისინი რეალურად მართავენ მას.

თუმცა, ქრისტემ, თავისი სიკვდილით ჯვარზე, ამოაყირავა ეს ერისკაცული პირამიდა და მოათავსა იგი თავისი ჯვრის მწვერვალზე. ის ზის მაღლა, რამეთუ მან გადაიტანა ის, რაც არცერთ ადამიანს გადაუტანია. არ ყოფილა დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც გადაიტანა ის, რაც ღმერთკაცმა ქრისტემ გადაიტანა: თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა, რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც (ფილიპელთა, 2:7-10).

კაცობრიობის ისტორიაში ჩვენ ხშირად ვხედავთ, როგორ მძლავრობს სიკვდილის სიბნელე, უსამართლო სამართლიანზე, სიძულვილი და შური სიყვარულზე, და ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი ირჩევს ჯოჯოხეთურ სიძულვილს აღდგომის ნათლის წილ. მიუხედავად ადამიანთა საზოგადოებების უდავო ტექნოლოგიური პროგრესისა, მიუხედავად ადამიანის უფლებებისა თუ რელიგიური თავისუფლების დეკლარაციებისა, რასობრივი და რელიგიური სიძულვილი ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით და იწვევს სახიფათო ტენდენციებს, რაც აძლიერებს სიკვდილის, ჯოჯოხეთისა და ბოროტების მეუფებას. სამწუხაროდ, ადამიანებს არ ძალუძთ შეიწყნარონ თავიანთი მოყვასის განსხვავებები. მათ არ ძალუძთ შეიწყნარონ სხვა ადამიანის სხვა რასობრივი წარმოშობა, მათი განსხვავებული მოსაზრებები და რწმენა, იქნება იგი პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური.

ისტორიამ მაინც დაამტკიცა, რომ შეუძლებელია ნამდვილი პროგრესი ღმრთის არსებობის გარეშე. არცერთ საზოგადოებას არ შეუძლია იყოს პროგრესული და ბედნიერი, თუ არ იქნება თავისუფლება. ჭეშმარიტი თავისუფლება მიიღწევა ღმერთთან ჩვენი ახლო მყოფობით. მე-20 საუკუნის ისტორია ტრაგიკულად გვიმოწმებს ამის ჭეშმარიტებას. კაცობრიობამ გადაიტანა ის საშინელება, რაც წარმოიშვა ცენტრალურ ევროპაში და შვა მილიონობით მსხვერპლი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში და რასობრივი დევნა. ამავე დროს, გადატანილ იქნა ის საშინელებაც, რაც დათესილ იქნა ეგრეთ წოდებული პროგრესული ძალების მიერ, რომლებმაც თავისუფლების სახელით ჩაიდინეს იმავე სიმძლავრის და სისასტიკის დანაშაულები აღმოსავლეთ ევროპაში. ამდენად, ტოტალიტარიზმი, როგორც გამოვლინება კაცობრიობისა ქრისტეს გარეშე, არ ცნობს პოლიტიკურ პარტიებს და და მის ბუნებრივ შედეგებს, იქცევა ნგრევად და სიკვდილად. ყოველივე ზემოთთქმული ადასტურებს, რომ ყოველი მცდელობა მიღწეულ იქნეს თავისუფლება ღმრთის გარეშე, განწირულია ტრაგედიისათვის.

სიბნელის ძალთა ამ მეუფებას ეკლესია უპასუხებს აღდგომილი ქრისტეს მადლითა და ძალით. იგი, რომელმაც აიღო საკუთარ თავზე ყოველი ადამიანის ნაკლულევანება და უძლურება, სთავაზობს მსოფლიოს მისი აღდგომით უეჭველობას იმისა, რომ სიკვდილი დაითრგუნა.

აღდგომა და ცხოვრება არის ძღვენი და ნათელი იესუ ქრისტეს, რომელიც „განანათლებს ყოველთა“. მოდით, პატივი მივაგოთ ამ ძღვენს. მოდით ვმადლობდეთ ამის მომცემელს, რომელიც თავისი ხორცით ანათებს ამქვეყნად, როგორც სარკე და მიუძღვნა მსოფლიოს ნათელი აღდგომისა. მოდით მივიღოთ ნათელი სიცოცხლის მოუკლებელი ნათლისგან. მოდით მივიღოთ და მივეგებოთ აღდგომის ძღვენს და ვუღაღადოთ გულის სიღრმიდან:

ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!

იხარებდით ერნო და მხიარულ იყვენით!

წმიდა პასექი 2014

† ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი

მარად მლოცველი თქვენი წინაშე ღმრთისა

 

© თარგმანი: დავით ჩიკვაიძის

 

Print Friendly

Comments are closed.