საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ე. წ. “ახალი სტილი” (შესწორებული იულიუსის კალენდარი)

Cm.Ambrosiავტორი: ისტორიის დოქტორანტი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე

წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება მეტად საინტერესო საკითხს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ისტორიიდან, კერძოდ კი ჩვენი ეკლესიის შესწორებულ იულიუსის კალენდართან დამოკიდებულებას. როგორც ცნობილია იულიუსის კალენდარმა განიცადა ორი რეფორმა: პირველი რეფორმა ჩატარდა რომის პაპის გრიგორ XIII-ის მიერ XVI საუკუნეში (გრიგორიუსის კალენდარი), ხოლო მეორე რეფორმა (მართლმადიდებლებისათვის კი პირველი) – 1923 წელს, როდესაც შემოღებული იყო სერბი ასტრონომის მილუტინ მილანკოვიჩის მიერ შემოთავაზებული შესწორებული იულიუსის კალენდარი. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ხშირად არაზუსტად ”ახალ სტილადაც” მოიხსენებენ და საქართველოს ეკლესიის დოკუმენტებშიც ის ასეთი სახელწოდებით გვხდება ხოლმე, მაშინ როდესაც საუბარია შესწორებულ იულიუსის კალენდარზე. მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილი (კერძოდ: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, ელადის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის, ამერიკის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები) ამჟამად იყენებს შესწორებულ იულიუსის კალენდარს. უფრო სწორედ კი, ეს კალენდარი გამოიყენება საეკლესიო უძრავი დღესასწაულების აღნიშვნისათვის, მაშინ როდესაც აღდგომა და მასთან მიბმული მოძრავი დღესასწაულები აღინიშნება იულიუსის ანუ ძველი კალენდრის და ალექსანდრიის პასქალიის გამოყენებით. სხვა ტერმინი რომ ვიხმაროთ, ხსენებული ეკლესიები ”შერეულ სტილზე” არიან.

წარმოდგენილი ნაშრომი შედგება სამი ნაწილისაგან; პირველში გადმოცემულია  1920-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესწორებული იულიუსის კალენდართან დამოკიდებულების მოკლე ისტორიულ ნარკვევი, მას მოყვება საქართველოს ეკლესიის კალენდრის (სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდის გამოცემა) 1928 წლის გამოცემიდან გადმობეჭდილი სამი მნიშვნელოვანი წერილი, რასაც მოებმის ამ ისტორიულ–კანონიკური დოკუმენტაციის ფოტოასლები. სტატიის წერისას გაწეული რჩევებისათვის მადლობას ვუხდი დიაკონ ირაკლი წაქაძეს.

———————————————————-

აქვე წარმოგიდგენთ კალენდრულ თემაზე ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნებულ ნაშრომთა ნუსხა

1) ქრისტიანული აღდგომისა და ებრაელთა პასექის თანხვედრის შესახებ
2) მილუტინ მილანკოვიჩი – შესწორებული იულიუსის კალენდარი
3) საეკლესიო კალენდრის თემაზე არსებული ფსევდოშემოქმედების შესახებ
4) ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება – პასქალიის საკითხი
5) ორი სტილი – ერთი კალენდარი
6) “შესწორებული იულიუსის” კალენდარი
7) კალენდრული საკითხის შესახებ
8) ადამიანი შეიქმნა კალენდრისთვის, თუ კალენდარი ადამიანისთვის?
9) კალენდრული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა

 ———————————————————-

 

კალენდრის შესწორების საკითხი მართლმადიდებელ ეკლესიაში აქტიურად წამოიჭრა მეოცე საუკუნის დასაწყისში, თვით რუსეთის ეკლესიაშიც კი მიმდინარეობდა სერიოზული მსჯელობა ამ საკითხზე, მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერიაში თვითმპყრობელობა დაემხო 1917 წელს და ეკლესია აღმოჩნდა მარტო, სახელმწიფოს არათუ მფარველობის, არამედ აშკარა აგრესიის წინაშე, შეცვლილმა ვითარებამ და ეკლესიის წინაშე დასმულმა  ახალი გამოწვევებმა ბუნებრივია მოითხოვა ახალი მიდგომები ეკლესიისაგან, როგორც საზოგადოებრივი და რელიგიური ინსტიტუციისაგან, რათა იგი ყოფილიყო  არსებულ გამოწვევების მიმართ მზად მყოფი, ახალ  პოლიტიკურ ვითარებაში, იგი ყოფილიყო ქრისტეს დამოწმების მისიის სათანადოდ აღმსრულებელი. სწორედ ამ საკითვების განხილვას მიეძღვნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 1917-1918 წლების  და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1917 წლის სექტემბრის ცნობილი და სახელგანთქმული კრებები, რომელთაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად (და გასაგები მიზეზით ერთმანეთთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში მყოფებმა)  სცადეს ეკლესიის მართვაში კრებითობის პრინციპის უძველესი წესის აღდგენა და ასევე განახორციელეს რიგი სხვა რეფორმები ეკლესიის ადმინისტრირების და მოწყობის საკითხებში, ეკლესიური  დემოკრატიზმის  ტრადიციის საფუძველზე. როგორც ცნობილია, ამ პერიოდში აღიდგინა რა, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია, 1917 წლის სექტემბერში თბილისში მიმდინარე პირველ საეკლესიო კრებაზე განხილულ იქნა საქართველოს ეკლესიაში მმართველობისა და ლიტურგიკულ  წესჩვეულებით საკითხებში ცვლილებების პროექტი, რომელიც ნაწილობრივ განხორციელდა.  ერთერთი ასეთი საკითხი რომელიც იმ პერიოდისათვის განიხილებოდა მსოფლიო  მართლმადიდებელ ეკლესიაში  იყო  იულიულის კალენდრის შესწორება ახალი ასტრონომული  გამოთვლების მიხედვით (ე.წ. “ახალი სტილი”, ამ შესწორებულ იულიუსის კალენდარს, ხშირად არასწორად უთანაბრებენ “გრიგორისეული კალენდარს”, რაც შეცდომაა, შესწორებული იულიუსისეული კალენდარი კიდევ უფრო გაუმჯობესებული ვარიანტია, ვიდრე “გრიგოლისეული კალენდარი”) რაც განხორციელდა კონსტანტინოპოლის და რუმინეთის საპატრიარქოებში  და ელადის საარქიეპისკოპოსოში 1923-1924 წლებში.  1923 წლის 15 ოქტომბერს რუსეთის საპატრიარქო პატრიარქ წმ. ტიხონ აღმსარებლის (ბელავინი) ლოცვა-კურთხევით გადავიდა ახალ სტილზე [1], მაგრამ ამ მიზეზით წარმოშობილი შიდა უთანხმოების განსამუხტავად, 24 დღის შემდეგ პატრიარქმა ტიხონმა დროებით შეაჩერა კალენდრის რეფორმა. ანალოგიური დადგენილება  გატარდა  საქართველოს ეკლესიაში,  სრულიად საქართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის, წმ. ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) ლოცვა-კურთხევით  1923  წლის 1 ნოემბრიდან  1925 წლის  11 მარტამდე  და  კათოლიკოს-პატრიარქ  ქრისტეფორე III-ის  ლოცვა-კურთხევით  1927 წლის  27 ნოემბრიდან  1928 წლის  1 ოქტომბრამდე, კერძოდ,   უძრავ  საეკლესიო დღესასწაულთა აღნიშვნა აღესრულებოდა ახალი სტილით,  ანუ ახალიულიუსისეული კალენდრით. უნდა ითქვას, რომ 1920-იანი წლებისათვის საქართველოს ეკლესიის ყველა მღვდელმთავარი, მათ შორის, კათოლიკოს-პატრიარქები ამბროსი და ქრისტეფორე III, ასევე მიტროპოლიტი კალისტრატე ცინცაძე (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) ემხრობოდნენ იულიუსის კალენდრის (ე.წ. ”ძველი სტილის”) შესწორებას. თუ რატომ ვერ განხორციელდა საბოლოოდ ეს მცდელობანი იმ ეტაპზე, ამას ჩვენს წერილში ქვემოთ შევეხებით.

1923  წლის დასაწყისში  საქართველოს საპატრიარქოში მოვიდა კონსტანტინოპოლის მთავარეპიკოპოსის და მსოფლიო პატრიარქის, მელეტი IV -ის (კონსტანტინოპოლის პატრიარქი  8.12.1921-20.09.1923) (და არა ბასილი მესამისა,რომელიც პატრიარქობდა 1925-1929 წლებში, როგორც ერთ  მონოგრაფიაშია მითითებული)  ეპისტოლე კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისადმი, სადაც მისი ყოვლადუწმინდესობა ატყობინებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს მმართველობას, რომ წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო საპატრიარქო გადადიოდა ახალ სტილზე, და ურჩევდა მათ, რომ საქართველოს ეკლესიასაც მიებაძა მათთვის [2].  1923 წლის  24 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის (რომელიც ამ დროს უკვე საპატიმროში იმყოფებოდა) ლოცვა-კურთხევით გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმადაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში 1923 წლის 1 ნოემბრიდან  უძრავი დღესასწაულები აღინიშნებოდა ახალი სტილით (მოძრავნი-აღდგომა და მასზე დამოკიდებულნი რჩებოდა ძველი სტილზე), ამ განჩინებას ხელს აწერდა საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველობის თავმჯდომარე, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე (ციცქიშვილი, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი), დეკ.გიორგი გამრეკელი, გერასიმე იმნაიშვილი და ივანე რატიშვილი [3]. ეს განჩინება სრული სისავთ სრულდებოდა 1925 წლის გაზაფხულამდე, ე.ი. 1923 წლის 1 ნოემბრიდან 1925 წლის 11 მარტამდე  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უძრავ დღესასწაულებს აღნიშნავდა ახალი სტილით [4], ზუსტად ისე როგორც ამჟამად 11 ავტოკეფალური ეკლესია დღესასწაულობს, თუ რა მოხდა 1925 წლის გაზაფხულზე და რატომ ჩაიშალა ეს წამოწყება, ამის შესახებ დეტალურად მოგვითხრობს დიდი საეკლესიო მოღვაწე და სწავლული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე)  თავის უნიკალური მნიშვნელობის  მემუარისტულ-ისტორიოგრაფიულ ნაშრომში ”მწარე მოგონებანი საქართველოს ეკლესიის ახლო წარსულიდან”, (ეს ნაშრომი მან დაწერა 1927 წელს  მიტროპოლიტის ხარისხში მყოფმა, გამოქვეყნდა მხოლოდ ამ ბოლო წლებში, იხ.:”ქართული მწიგნობრობა”, ტ.9, ტომის შემდგენელ-რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ქავთარია, რედაქტორ-გამომცემელი აკაკი ბრეგაძე, გამომცემლობა ”ციცინათელა”, თბ. 2010) . ამ ნაშრომში  მისი უწმინდესობა  მოგვითხრობს, რომ ულტრარეფორმისტულად განწყობილმა ჯგუფმა ეპისკოპოსების ქრისტეფორე ციცქიშვილისა და დავით კაჭახიძის მეთაურობით 1925 წლის დასაწყისში მოინდომეს აღდგომის დღესასწაულის ახალი სტილით აღნიშვნა, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს 1923 წლის 24 ოქტომბრის განჩინებას, ასევე კონსტანტინოპოლის და ზოგიერთი სხვა  ადგილობრივი (ავტოკეფალური) მართლმადიდებელ ეკლესიების განჩინებებს, რომლებიც მხოლოდ უძრავ დღესასწაულთა შესწორებას ითვალიწინებდნენ და არა აღდგომის პასქალიისას, გასაგები მიზეზით: ”დიდი რჯულისკანონის” კანონიკური განწესებით, კერძოდ  ნიკეის პირველი მსოფლიო კრებაზე მიღწეული შეთანხმებით, (რაც დაფიქსირებულია ანტიოქიის კრების პირველ კანონში [5]) ყველა მართლმადიდებელი, ადგილობრივი, წმინდა ეკლესია ვალდებულია აღდგომა იზეიმოს ერთდროულად, ამ კანონით დაიძლია მეორე საუკუნიდან მომდინარე დავა სხვადასვა ადგილობრივ ეკლესიათა შორის აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის გამო და მიღწეულ იქნა შეთანხმება აღდგომის ერთსულოვანი დღესასწაულის, სხვა დღესასწაულებზე , როგორც მეორეხარისხოვანთზე ასეთი დიდი დავა-კამათები არ წარმოშობილა, მიუხედავად იმისა, რომ თვით  ქრისტეს შობის დღესასწაული V საუკუნის ჩათვლით განსხვავებულად აღინიშნებოდა  რიგ ეკლესიებში, ამ და სხვა დღესასწაულებზე ეს აკრძალვა არ არსებობს, შესაბამისად აღდგომის პასქალიის გასწორება უნდა მოხდეს ყველა ავტოკეფალური ეკლესიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ხოლო რადგანაც ეს კანონიკური აკრძალვა არ ეხება სხვა დღესასწაულებს (ანუ უძრავთ), რიგმა ავტოკეფალურმა ეკლესიებმა შეასწორეს ისინი ინდივიდუალურად, ხოლო საქართველოს ეკლესიის დროებითმა მმართველობამ, ეპისკოპოს ქრისტეფორე ციცქიშვილის თავმჯდომარეობით, მოინდომა, რა ამ კანონიკური ნორმის  დარღვევა, გამოიწვია სამართლიანი არეულობა ეკლესიაში, სამღვდელოების და მრევლის უმრავლესობა უარყოფითად შეხვდა აღდგომის  პასქალიონის თვითნებურ შესწორებას. მისი უწმინდესობა, კალისტრატე  წერს: ”საკათალიკოსო № 2  საბჭოს (მეორეს იგი უწოდებს, ქრისტეფორე ციცქიშვილის თავმჯდომარეობით მოქმედ საბჭოს, განსასხვავებლად წინა საბჭოსაგან, რომლის წევრები 1923 წლიდან დაპატიმრებული ყავდა საბჭოთა ხელისუფლებასმღ...) კი მოესურვა გადაეჭარბებია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს პრაქტიკისა და შრომის კომისარიატისთვისაც: 1924 წლის პრაქტიკას თავი დაანებეს (.. უძრავ დღესასწაულთა აღნიშვნა ახალი სტილით, ხოლო ძველი სტილით აღდგომისა მასზე დამოკიდებულ მოძრავ დღესასწაულთამღ. ..)  და გადაწყვიტეს პასექის დღესასწაულობა პაპის გრიგოლ XIII კალენდრის მიხედვით. როდესაც №2  საბჭოს გადაწყვეტილება გამომჟღავნდა, მან მიიღო პროტესტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან” [6] და საპატიმროდან ახლად გამოსულმა კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ ეკლესიაში შექმნილ რთულ ვითარების გამო განაცხადა:მე ნება დავრთე ჩვენი ეკლესია გადასულიყო ახალ სტილზე იმ პირობით, რომ წინასწარ მოემზადებინათ და გაეფრთხილებინათ ხალხი. დამარწმუნეს (კათოლიკოზი იმ დროს შინაურ პატიმრობაში ბრძანდებოდა) საჭირო ზომები მიღებულია და ხალხი მზად არისო [7], შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო პატრიარქმა გადაწყვიტა, დროებით შეეჩერებინა  კალენდრის შესწორება და მისი ლოცვა-კურთხევით 1925 წლის 11 მარტს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება ძველ სტილზე დაბრუნებისა. ამ ფაქტით გულდაწყვეტილი კალისტრატე ცინცაძე შენიშნავს, რომ კალენდრის შესწორების ცდა ჩაშალა: ”მოუსაზრებლობამ და აჩქარებამ. ”რეფორმებისშემოღებისათვის საეკლესიო სფეროში, სადაც დღეს ყველაფერი დამოკიდებულია  ”ნებაყოფლობით თანხმობაზე”, საჭიროა ფრთხილი ნაბიჯები, იმდენად ფრთხილი, რომ ერთის შემდეგ მაშინვე არ შეიძლება მეორის გადადგმა, უნდა გამოკვლეულ იქნას ნიადაგი. ამის შემდეგ უნდა გადაიდგას მეორე, უკან დახევა კი შეუძლებლად უნდა იყოს ცნობილი. აჩქარებული ნაბიჯების გადაუდგმელობისათვის საკმაო იყო მოქალაქე .ბახტაძის წერილისაქართველოს პატრიარქკათალიკოსის დროებითი მოადგილე ქრისტეფორე ციცქიშვილი და ქრისტეს აღდგომა 1924 წელს” (კომუნისტი,1924,IV,27, №96), რომელიც მოგვითხრობს 1924 წლის აღდგომის დღესასწაულობას (ჯერ გამოცხადებული იყო ახალი პასქალიონით, შემდეგ ძველით) ისტორიას და თავდება ასე:”საჭირო დასკვნის გაკეთება მიგვინდია მათთვის, რომელთაც კიდევ სწამთ ქრისტეფორე ციცქიშვილის ეკლესია”. Sapient sat!“ [7]. წარმოდგენილი ისტორიული ექსკურსის შესაჯამებლად კი ისევ დიდ მღვდელმთავარ კალისტრატეს შეფასებას მოვიხმობთ:”დარწმუნებული ვარ, საკათალიკოსო №2 საბჭოს პასექისა და მასზედ დამოკიდებულის  მოძრავ დღესასწაულების უქმობა რომ დაევალებია კონსტანტინეპოლის სინოდის ცირკულიარის მიხედვით ძველი პასქალიონით, დღეს ჩვენ უძრავი დღესასწაულები მაინც გვექნებოდა ახალ სტილზე” [9].

 1927 წლის  21-27 ივნისს  მოწვეულ იქნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  IV საეკლესიო კრება, რომელმაც 24 ივნისს მიიღო განჩინება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემორებისა. ამ საკრებო გადაწყვეტილების საფუძველზე იმავე წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა (ასე ეწოდებოდა საქართველოს ეკლესიის უმაღლეს მუდმივმოქმედ მმართველ ორგანოს (ხოლო არამუდმივი, მაგრამ უმაღლესი მმართველო ორგანო ეკლესიისა, არის საეკლესიო კრება, ანუ გაფრათოებული კრება), საქართველოს ეკლესიაში 1927-1945 წლებში, რომელშიც პატრიარქთან და ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრებთან ერთად, შედიოდნენ საეკლესიო კრების მიერ არჩეული 6 მღვდელი) გამოსცა დადგენილება ”სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა მიმართ”, სადაც აღნიშნულიამოგვყვავს მისი ტექსტი სრულად: ”ჩვენ, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ  ეკლესიის მღვდელმთავანი, აღსასრულებლად სრულიად საქართველოს ეკლესიის მეოთხე კრების ამა 1927 წლის ივნისის 24 დადგენილებისა,–საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ, – ვაცხადებთ სამღვდელოებისა და მორწმუნე ერის სახელმძღვანელოდ: ახალი სტილის კალენდარი შემოღებულ იქმნას საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამა 1927 წლის ნოემბრის 27-დან (ძველი სტილით ნოემბრის 14-იდან). ყველა   უძრავი დღესასწაულები და წმიდათა ხსენებანი გადახდილ იქმნას ხსენებულ რიცხვებიდან, ახალი სტილის კალენდრით, სწორედ იმ რიცხვებში როგორც უჩვენებენ საეკლესიო  წიგნები. რაც შეეხება პასექის (აღდგომის) დღესასწაულს რომელიც თვის რიცხვს არ მისდევს, მისი და მასზე დამოკიდებულ მოძრავ უქმეთა და დიდმარხვის გადახდა დატოვებულია სრულიად საქართველოს ეკლესიის სინოდის მიერ მთვარის მოქცევასთან შეფარდებით, სწორედ ისე, როგორც აქამდე დღესასწაულობდა მართლმადიდებელი ეკლესიასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სასულიერო პირთ ევალება განკარგულება ესე, დაფუძნებული სრულიად საქართველოს ეკლესიის მეოთხე კრების დადგენილებაზე, მტკიცედ და უცვლელად შეასრულონ.  ამასთანავე უტყუარ ცნობათა თანახმად, ვამოწმებთ, რომ მსოფლიო ( კონსტანტინრპოლის) საპატრიარქო ეკლესიადა მასთან ერთად საბერძნეთისა (ელლადის)  და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიებიგადასულნი არიან ახალ სტილის კალენდარზე. ჩვენ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი მღვდელმთავარნი, მოუწოდებთ ჩვენს სამწყსოთა და სულიერ შვილთა, გულდამშვიდებით მიიღონ ეს განკარგულება ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ, რადგან ახალი სტილის კალენდარი უფრო შეუმცდარად აღნიშნავს დღესასწაულებისათვის მიჩენილ დროს, ვიდრე ძველი კალენდარი, რომელიც მეცნიერთა გამოკვლევით, ჩამორჩენილია ნამდვილს წელიწადს ცამეტის დღით. ზემოხსენებულს დავსძენთ მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) პატრიარქის ბასილის სიტყვებს: ”მართლმადიდებელთათვის დიდად გამოსადეგი, სასარგებლო და აუცილებელია შეთანხმება საეკლესიო კალენდრისა ახალ კალენდართან, რომელიც უკვე ხმარებაშია სამოქალაქო საჭიროებისათვის, მხოლოდ ხელუხლებლად უნდა დარჩეს კანონიური დადგენილებანი წმ. პასექის დღესასწაულობის შესახებ” ( ეპისტოლე მსოფლიო  კონსტანტინეპოლის  პატრიარქის ბასილისა  და კონსტანტინეპოლისავე სინოდისა  1927 წ. თებერვლის 17 –დან) .  1927 წლის  ოქტომბრის 12   ” [10].  ამ სინოდალურ განჩინება-ეპისტოლეს ხელს აწერენ:  სრულიად საქართველო კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის  მთავარეპისკოპოსი  ქრისტეფორე III (ციცქიშვილი), ქუთათელ-გენათელი მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე),   მანგლელი მიტროპოლიტი კალისტრატე ( ცინცაძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი),  ურბნელი ეპისკოპოსი სიმეონი (ჭელიძე), წილკნელი ეპისკოპოსი პავლე (ჯაფარიძე), ალავერდელი ეპისკოპოსი მელქისედეკი (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი), ბოდბელი ეპისკოპოსი წმ. სტეფანე აღმსარებელი (კარბელაშვილი), მარგველი ეპისკოპოსი ვარლამი (მახარაძე, შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს, გარდაიცვალა გადასახლებაში, ე.ი. ფაქტობრივად აღმსარებელი), ნინოწმინდელი ეპისკოპოსი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) . მიუხედავად განჩინების კატეგორიული ტონისა, ეპარქიებში (თბილისისაგან განსხვავებით)  სამღვდელოებისა და მრევლის ნაწილის  წინააღმდეგობისა შესწორებული კალენდრისადმი  ( ე.წ. ახალი სტილისადმი)   და ძველი კალენდრის (ე.წ. ძველი სტილის) მომხრეობის გამო შექმნილი არეულობის გამო მომდევნო 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა მიიღო განჩინება ახალი სტილის დროებით (!) შეჩერებისა   და კვლავ ძველ სტილზე დაბრუნებისა: ” ეპარქიებში შეუძლებელი გამოდგა ახალი სტილის კალენდრის გატარება, რის მიზეზიცაა მორწმუნეთა მოუმზადებლობა და შეუგნებლობა ამ საკითხში. მათის აზრით ახალი კალენდრით დღესასწაულების და მარხვების შესრულება არის სარწმუნოების შელახვა, ასე მსჯელობს არა მარტო გაუნათლებელი, არამედ განათლებული მორწმუნენიც და სამღვდელოების ნაწილიც. ახალი კალენდრის შემოღება უაღრესდ ძნელია იქ, სადაც საეკლესიო დღესასწაულები სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებებს არ მიაჩნიათ დასასვენებელ დღეებად. ამიტომ სრულიად საქართველოს საკათალიკოზო სინოდმა განაჩინა: 1928 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეკლესიაში დღესასწაულნი, უძრავნი და მოძრავნი სრულდებოდეს იულიუსის კალენდრით”.  საკათალიკოსო სინოდი მღვდელმთავრებს ავალებდა მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ [11].

აგვარად, 1928 წელს კალენდრის შესწორების საკითხი უვადოდ გადაიდო, 1930-იან წლებში  ეკლესიის განადგურების პროცესი თითქმის დასასრულს უახლოვდებოდა, 1940 წლისთვის საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში მხოლოდ 15 ტაძარიღა რჩებოდა მთელი  საქართველოს მასშტაბით, სამღვდელოების რიცხვი ასევე კატასტროფულად მცირდებოდა დახვრეტების, რუსეთის შორეულ პროვინციებში გადასახლების  და საკუთარი ნებით სამღვდელო ხარისხიდან განდგომების, ასევე ბუნებრივი სიკვდილიანობის ხარჯზე, ახალი თაობა აღარ მოდიოდა  სამღვდელო დასში, ეკლესიის დევნის კულმინაცია იყო თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დახურვა 1940-1941 წლების მიჯნაზე  და  საქართველოს  დედატაძრის, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის დალუქვა  1941 წლის  13 ივლისს (სიმბოლურია, თორმეტი  მოციქულთის ხსენების დღეს, რომელიც არის სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაული)  შეწერილი გადასახედების გადაუხდელობის გამო. 1940 წლის 19 მარტს პატრიარქმა კალისტრატემ საპროტესტო მიმართვა გაუგზავნა საქართველოს სსრ-ს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის მდივანს, კ. ჩარკვიანს, საიდანაც წარმოგიდგენთ ამონარიდს: ”სანამ საბჭოთა კონსტიტუციიდან არ არის ამოშლილი 124- მუხლი ნუ იქნება ხელოვნურად მიჩქმალული და ადმინისტრაციული წესით განადგურებული საქართველოს ეკლესია, აღგვილი პირისაგან ქვეყნისა ქართველი ერის უძველესი კულტურის ცოცხალი ნაშთი” [12] . ეს მოკლე მიმოხილვა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი ვითარებისა, იმისთვის წარმოვადგინეთ, რომ გავიაზროთ ნათლად: ეკლესიის ტოტალური ნგრევის პირობებში, კალენდრის ცვლილების საკითხის დასმა სრულიად წარმოუდგენელი იყო, ხოლო 1942-1943 წლებიდან, როდესაც ომის შედეგად კრიზისში შესულმა სტალინურმა რეჟიმმა დაიწყო ეკლესიისადმი მცირე შეღავათების მინიჭება პოლიტიკური მოსაზრებით  და პარალელურად ეკლესიის ”დაგეგმვის” პოლიტიკის განხორციელება, კალენდრის რეფორმის საკითხს საბოლოოდ დაესვა წერტილი. დღეს, ზოგიერთნი ცდილობენ კალენდრის რეფორმირების საკითხი საბჭოთა ხელისუფლების ინიციატივად გაასაღონ, რაც უდიდესი მორალული დანაშაულია განსვენებული პატრიარქების წმ. ამბროსის, ქრისტეფორეს და კალისტრატეს და იმ პერიოდის ქართველი მღვდელმთავრების წინაშე, ამ ლოგიკით მათ ღვთისმოსაობას, მრწამს და ეკლესიურ მოღვაწოებას ( და საერთოდ ადამიანურ პრინციპებს) დიდი შეურაცხყოფა ადგება. მავანთ  უნდა ახსოვდეთ, რომ სარწმუნოებრივ საკითხში კონფორმიზმი მიუტევებელი დანაშაულია, ხოლო კალენდრის ცვლილების საკითხი ზოგადმართლმადიდებლური საკითხი იყო და ძირითადად, სწორედ საბჭოთა კავშირში ვერ განხორციელდა, სწორედ მთავრობის პოლიტიკის გამოისობით, განსხვავებით საზღვარგარეთული მართლმადიდებელი ეკლესიებისა, სადაც მხოლოდ იერუსალიმის და სერბეთის საპატრიარქოები რჩებიან “ძველ სტილზე”, ხოლო უკლებლივ ყველა სხვა, 11 ავტოკეფალური ეკლესია, გადასულია შესწორებულ იულიუსის კალენდარზე (ე.წ. ახალი სტილი). საბჭოთა ხელისუფლებას რომ მოენდომებინა “ახალი სტილის” დანერგვა მართლმადიდებელ ეკლესიაში 1940–იან წლებში და შემდგომ პერიოდში, ეს საკითხი უპობლემოდ გადაწყდებოდა, რადგან ამ პერიოდიდან ეკლესია სრულიად დაქვემდებარებული აღმოჩნდა ხელისუფლებაზე. კალენდრის შესწორების მცდელობის ჩაშლა საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებში უნდა აიხსნას ორი ძირითადი მიზეზით: 1. კონსტანტინოპოლის  პატრიარქ  ბასილი III-ის  ზემოთმოყვანილი  სიტყვებით: ”მართლმადიდებელთათვის დიდად გამოსადეგი, სასარგებლო და აუცილებელია შეთანხმება საეკლესიო კალენდრისა ახალ კალენდართან, რომელიც უკვე ხმარებაშია სამოქალაქო საჭიროებისათვის” [13]  (აქ იგულისხმება პირეველ რიგში ახალწლის დამთხვევის აცილება  საშობაო მარხვაში, ორი კალენდრის ზედმეტობა, ძველი სტილის აშკარა ასტონომიული ცდომილება),  ხოლო თანახმად უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა: ”საკავშირო მთავრობის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ ასეთი იყო:  რაც უფრო ცუდად იქნება საქმე ეკლესიაში, მით უკეთესი”  [14] ; 2. საბჭოთა ხელისუფლების მიზანდასახულობა კავშირში მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესია გაეუცხოებინა საზღვარგარეთის მართლმადიდებელ მოძმე ეკლესიებთან, რა პოლიტიკასაც ზოგადად ატარებდა საბჭოთა ხელისუფლება საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან მიმართებაში. ამდენად 1940-იან წლებში ეს საკითხი საბოლოოდ დაიხურა და გადაიდო ხანგრძლივი ვადით მომავლის პერსპექტივაში[15], ხოლო დიდი კათოლიკოს-პატრიარქის, კალისტრატეს  მიერ ციტირებული ზემოთმოყვანილი  სიტყვების  პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ : საჭირო დასკვნის გაკეთება მოგვინდია   თქვენთვის…

________________________________________

შენიშვნები:

[1] http://www.pravoslavie.ru/arhiv/57504.htm
[2]  ს.ვარდოსანიძე, ”საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში”, თბ., 2001 წ., გვ.79.
[3]  იქვე, გვ.79.
[4]  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) ,  ”მწარე მოგონებანი საქართველოს ეკლესიის ახლო წარსულიდან”, ”ქართული მწიგნობრობა”, ტ.9, ტომის შემდგენელ-რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ქავთარია, რედაქტორ-გამომცემელი აკაკი ბრეგაძე, გამომცემლობა ”ციცინათელა”, თბ. 2010,  გვ. 333
[5] დიდი სჯულისკანონი, თბ.1975, გვ.247.
[6] სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატე (ცინცაძე) ,  ”მწარე მოგონებანი საქართველოს ეკლესიის ახლო წარსულიდან”, ”ქართული მწიგნობრობა”, ტ.9, ტომის შემდგენელ-რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ქავთარია, რედაქტორ-გამომცემელი აკაკი ბრეგაძე, გამომცემლობა ”ციცინათელა”, თბ. 2010, გვ.333-334.
[7] იქვე.
[8] იქვე,გვ.337.
[9]  იქვე,გვ.335.
[10] საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1928 წლისათვის, გამოცემა სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდისა, ტფილისი, გვ.32–33.
[11]  ს.ვარდოსანიძე, ”საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 1917-1952 წლებში”,გვ. 82.
[12] იქვე,  გვ.: 183-186.
[13]  საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1928 წლისათვის, გამოცემა სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდისა, ტფილისი, გვ.32.
[14]გაზეთი „მადლი“, საქართველოს საპატრიარქო, N9 (104), 30.09.1995, გვ. 2.

[15]საქართველოს ეკლესიის კალენდრი 1976 წლისათვის (რედაქტორ-გამომცემელი ეპისკოპოსი გაიოზი (კერატიშვილი), თბ, 1976 წ.), გვ.143, რედაქტორ-გამომცემლის შემდეგი საყურადღებო შენიშვნაა: ”1927-29 წლებში, ქართველი იერარქები აქტიურ მეცადინეობას ეწეოდნენ საეკლესიო კალენდრის ახალ სტილზე გადასვლისათვის, მაგრამ ეს ფრიად სერიოზული, უდავო და მოსაწესრიგებელი საკითხი დღევანდლამდე ღიად დარჩა. ახალ სტილზე გადასვლისათვის იხილეთ ეპისტოლე  მსოფლიო, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბასილისა და კონსტანტინოპოლისავე სინოდისა, საქ. ეკლესიის კალენდარი, 1928 წ. გვ 33-36)  და ეპისტოლე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ქრისტეფორესი და ქართველ იერარქთა (იგივე, გვ.32-33) ________________________________________

გამოცემა სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდისა, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1928 წლისათვის (გვ.33–36)

პატრიარქული და სინოდალური ეპისტოლე

ბასილი, წყალობითა ღვთისათა, მთავარეპისკოპოზი კონსტანტინეპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი.
კეთილმორწმუნეთა ეკლესიის შვილთა მიმართ.
მადლი და მშვიდობა ღვთისა მიერ იყავნ თქვენზედა.
ნუცა ვინ გაცთუნებს თქვენ ცუდითა სიტყვითა (ეფეს. 5, 6).

დიდისა მწუხარებით ჰგებულობს დედა ეკლესია, რომ ადგილ-ადგილ გამოჩნდენ ვიეთნიმე, რომელნიცა, თუმცაღა არა იციან, არცა რასა იტყვიან, არცა ვიეთთათვის დაამტკიცებენ (1. ტიმ. 1, 7), შეაშფოთებენ მშვიდობასა თქვენსა.

ვგულისხმობთ მათ, ვინც აყენებს ხმაურობას კალენდრისა გამო, რის გამოც მრავალგან ცთუნებაში შედის კეთილმორწმუნე ერი და წარმოსდგება თქვენს შორის მავნებელი განყოფილება.

რომ აცილებული ყოფილიყო განსხვავება საეკლესიო და სამოქალაქო კალენდართა შორის შემდეგ იმისა, რაც შემოღებულ იქმნა ყველა მართლმადიდებელ სახელმწიფოთაგან ახალი კალენდარი, ამის საჭიროება დაუყონებლივ დაინახეს ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა და სცნეს აუცილებლობა, რომ ხელი შეწყობოდა საზოგადოებრივ ცხოვრებას საეკლესიო კალენდრის შეფარდებულად მოწესრიგებითაც ამ გეზით, რომ მორწმუნენი სარგებლობდნენ ერთი და იგივე კალენდრით, როგორც საერო, ისე საეკლესიო ცხოვრებაში რადგანაც ეკლესიები ხედავდენ, რომ საეკლესიო პრაქტიკის განზე გადგომა ამ საგანში მრავალმხრივ საზარალო იქნებოდა.

ამისათვის ყოველ მხრიდან გამოითქმოდა სურვილი და ცხადდებოდა თხოვნა, რომ ეკლესიის მხრივაც შესაძლებელ სიჩქარით ყოფილიყო გადადგმული შესაფერისი ნაბიჯი.

ამ რიგად, თანახმად საერთო სურვილისა და საქმის აუცილებლობისა, ჩვენის დიდის საქრისტიანო ეკლესიის მიერ წესისამებრ იქმნა მოწვეული და შესდგა საპატრიარქო სახლის დიდს სატახტო დარბაზში, ეგრედ წოდებულ სინოდიკონში, 1923 ჭელში ყოვლად მართლმადიდებლური კრება, რომელზედაც მოწვეულ იყვნენ ყველა მართლმადიდებელნი ეკლესიანი.

ამ კრებაზე მიღებული იქმნაა საყურადღებოდ, რომ არ არის არავითარი კანონიური დაბრკოლება მოქმედ საეკლესიო კალენდრის გასწორებისათვის, ასტრონომიულ მეცნიერების გამოკვლევათა თანახმად და ერთხმად იქმნა გადაწყვეტილი იულიუსის კალენდრის გასწორება, რის შედეგადაც ხდებოდა მართლმადიდებელთა ერისათვის დიდად ხელის შემწყობი და სასარგებლო აუცილებელი შეთანხმება საეკლესიო კალენდრისა სამოქალაქოსთან, რომელიც უკვე ხმარებაშია საერო საჭიროებათათვის; ამასთან არ მოხდენილა არავითარი ცვლილება ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიის ეორთოლოღიის წესში და სრულიად არ ყოფილა ხელშეხებული კანონიკური დადგენილებანი წმ. პასექის დღესასწაულობისა.

და ვერავინ, ვისაც-კი გააჩნია გაწმენდილი ცოდნა და სინდისი, ვერ უარჰყოფს, რომ ასეთი მოქმედება ეკლესიისა, და შემდეგ ამისა, შემოღება 1924 წელში შესწორებულ კალენდრისა უძრავ დღესასწაულებისათვის იყო ყოველფრივ კანონიური.

არაოდეს არც ერთ კრებას, მსოფლიოს თუ ადგილობრივს, არ მიუჩნევია კალენდარი დოღმატიურ და ძირითად საეკლესიო კანონიურ დადგენილებათა ხასიათის და მნიშვნელობის საკითხად, რომელიც მოითხოვს რაიმე ცვლილებისათვის სავალდებულო კვლევას მსოფლიო კრების მიერ.

წმიდა პირველ მსოფლიო კრებას არ გამოუტანია გადაწყვეტილება კალენდრის ხელშეუხლებლობისა. მისი კანონი მიეკუთვნება მხოლოდ წმ. პასექის დღესასწაულობას, და დადგენილება, რომელიც ამას შეეხება, ემყარება არა რომელიმე კალენდარს, არამედ ასტრონომიულ გაზაფხულის დღე და ღამის თანასწორობას, რომლის უფრო სისწორით განსაზღვრის კომპეტენცია ეკუთვნის მეცნიერებას. ეს დადგენილება წმიდა კრების სულ მცირედაც არ ეხებოდა კალენდრის რეფორმას.

და თუ ოდესმე ჩვენმა ეკლესიამ გაჭირვების ჟამს, როგორიც იყო მე-XVI საუკუნე, როდესაც ხდებოდა კალენდრის რეფორმა ევროპაში, თავი შეიკავა და თვითონაც არ შეუდგა იულიუსის კალენდრის შეცთომის გასწორებას და საერთოდ ნაწილობრივად დაჰგმო კალენდრის რეფორმა, რომელიც ხდებოდა მაშინ, ჩვენის ეკლესიის ამ მდგომარეობას, რომელიც წარმოსდგებოდა სამწყსოზე მზრუნველობის მიზეზთა გამო, არას გზით არ ჰქონია და არც შეიძლებოდა რომ ჰქონოდა მნიშვნელობა კალენდრის ცვლილების სამუდამოდ აკრძალვისა, ვითომც ასეთი ცვლილება აკრძალული ყოფილიყოს წმიდა კანონებით, რადგანაც, როგორც ნათქვამი იყო, ასეთი კანონიური აკრძალვა არ არსებობს, აკრძალვა შეეხება არა თვით კალენდარს, არამედ ჰგულისხმობს დაცვას იმ კანონიურ დადგენილებათა, რომელნიც შეეხებიან პასექს.

და ჭეშმარიტი გარდმოცემა ჩვენის წმიდის მართლმადიდებელ ეკლესიისა კალენდრის ცვლილების მოხდენის დროს სისწორით იქმნა დაცული და არაფერი თვითნებური და პირადული აქ არა ყოფილა, რადგანაც გარემოებათა მიხედვით, თუმცა ეს ცვლილება მოხდა არა საეკლესიო კრებაზე, არამედ დიდ კანონიკურ შეკრებილებაზე, რომელიც მხოლოდ სახელით განირჩევა საეკლესიო კრებისაგან, შეკრებილ წარმომადგენელთა ერთხმობრივ გადაწყვეტილებით.

და თუ ზოგიერთმა მოძმე ეკლესიებმა, რომელთაც არა აქვთ მზგავსი საჭიროება, გადასწყვიტეს თავის შეკავება, მიეღოთ მონაწილეობა ჭესისამებრ მოწვეულ თათბირში, – ეს ვერ შეარყევს მნიშვნელობას და ავტორიტეტს უმრავლესობის მონაწილეობით ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებისას და არ არღვევს ჩვენი წმიდა ეკლესიის ერთიანობას, რადგანაც ყველა ეკლესიები სცნობენ და შეთანხმებული არიან, რომ კალენდრის საკითხი, უბრალოდ რომ ვსთქვათ, როგორც გარეგნული დისციპლინის საკითხი, ვერაოდეს ვერ შეიქმნება ძმურ ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად.

ამავე გვარად, თუ ზოგიერთმა ეკლესიებმა, იმათაც-კი, რომელნიც რეფორმაში პირველობას ჩემულობდენ, დააგვიანეს მერე მისი შემოღება, ამ დაგვიანებასაც არა აქვს მიზეზად რაიმე ეკლესიური საფუძვლები, არამედ სხვაგვარნი – კერძო დროებითი იძულებითი საჭიროებისანი, ასევე, მეორე მხრით, კერძო იძულებით საჭიროების მიზეზებმა შემოაღებინეს დანარჩენ ეკლესიებს მოწონებული რეფორმა.

ყოველშემთხვევაში ეჭვს გარეშეა, რომ იმ მოძმე ეკლესიებსაც, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა სხვებთან ერთად საკითხის გადაწყვეტილებაში, მაგრამ ჯერ კიდევ იგვიანებენ და თავს იკავებენ, ჰსურთ ახლო მომავალში შემოიღონ ეს უდავო და სრულიად გადაუდებელი რეფორმა, რომელსაც არა აქვს, როგორც ნათქვამი იყო, არც არსებითად, არც ფორმით არავითარი არაკანონიურობა, ან შეუსაბამობა, არამედ, წინააღმდეგ, მოაქვს დიდი სარგებლობა და პატივი ჩვენის წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიისათვის, რომელიც დღე და ღამ მზრუნველობს სამწყსოსათვის და ღირსეულად ხელმძღვანელობს მას მშვენიერებისა, და პატიოსნებისა, და ყოველგვარ შეძინების მისაღწევად ქრისტე ღვთისა ჩვენისა თანა.

ვცანითრა სიყვარულით გვეუწყებია თქვენთვის ესა გასაფრთხილებლად, გვჯერა, რომ თქვენ შვილებრივის ყურადღებით ისმენთ და გამოიჩენთ ამისადმი მორჩილებას, როგორც სიტყვებისადმი, რომელნიც გამოვლენ კანონიურ საეკლესიო ხელისუფლებისაგან, რომელიც “მღვიძარებს სულთა თქვენთათვის, ვითარცა სიტყვისგებად უძს” თქვენზედა წინაშე ღვთისა (ებრ. XIII, 17).

ნუცა ვინ გაცთუნებს თქვენ ცუდითა სიტყვითა (ეფეს. 5, 6).

ხოლო მათ, რომელნიცა ანუ უმეცრებითა ჭეშმარიტებისათა, ანუ შეგნებულად ურევენ საქმეს და არღვევენ მშვიდობიანობას თქვენს შორის, მოელის დიდი პასუხისგება წინაშე ღვთისა და ეკლესიისა. დიდია დანაშაული მათი, ვინაიდან იგინი უგუნურად ჰგლეჯენ სხეულსა დედისა თვისისა ეკლესიისასა და არღვევენ თავს ძმათა ერთიანობას.

გარე მიაქციეთ, საყვარელნო, პირი თქვენი მათგან და “წინასწარ რა უწყით ესა, ვითარცა გვირჩევს მოციქული, ეკრძალენით, რათა არა უჯეროა მას საცთურსა თანა აღერინეთ, და განსცვივნეთ სიმტკიცისა მის ან თვიტიტა, არამედ აღორძინდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრის ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა ჰშვენის დიდება აწ და დღესა მას საუკუნისასა. ამინ” (2 პეტრ. 3, 17).

1927 წლის თებერვლის 17.

კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბასილი.
კესარიის მიტროპოლიტი  ნიკოლოზი.
კიზიკის მიტროპოლიტი კალინიკე.
ნიკიის მიტროპოლიტი ბენიამენი.
დერკონის მიტროპოლიტი ფოტი.
პრუსის მიტროპოლიტი ნიკოდიმოსი.
პრინკიპონის მიტროპოლიტი აღათანგელი.
ნეოკესარიის მიტროპოლიტი ამბროსი.
სარდისა და პისიდის მიტროპოლიტი გერმანე.
როდოპოლის მიტროპოლიტი კირილე.
ანეონის მიტროპოლიტი თომა.
ილიოპოლის და თირას მიტროპოლიტი გენადი.
იმბროსისა და ტენედოსის მიტროპოლიტი იაკობი.

________________________________________

გამოცემა სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდისა, საქართველოს ეკლესიის კალენდარი  1928 წლისათვის (გვ.36–39)

ძველი და ახალი სტილის შესახებ

წელიწადი, დაახლოვებით, უდრის იმ ხანს, რომლის განმავლობაში დედამიწა უვლის გარშემო მზეს. წელიწადს აქვს 365 დღე, 5 საათი, 48 წამი და 46 წუთი. მაგრამ ასეთი რიცხვით სარგებლობა ჩვეულებრივს ცხოვრებაში შეუძლებელია, რადგანაც მაშინ მოგვიხდებდა წელიწადის დაწყება დღე-ღამის სხვა და სხვა საათზე: მაგ, თუ 1928 წელი დაიწყო შუაღამისას, 1929 წელი დაიწყებოდა შუაღამისას კი არა, არამედ დილის 5 საათზე და 48 წამ. და 46 წუთზე, 1930 წელი 5 საათით, 48 წამ. და 46 წუთით კიდევ უფრო გვიან, და ასე მიყოლებით, ხოლო უკეთუ წელიწადს ჩამოეცლება 5 ს. 48 წ. და 46 წუთი და წელიწადათ ჩავთვლით სწორედ 365 დღესა და ღამეს, მაშინ ყოველუი წელიწადი შემოკლებული იქნებოდა ნამდვილთან შედარებით, თითქმის დღე-ღამის მეოთხედით. ამისათვის, სისწორით რო იქნეს დროის აღრიცხვა და მომართებულად მისი ხმარება, რჩება ერთი საშუალება – ჩათვლილ იქნას წელიწადი დღე-ღამეთა მრთელის რიცხვიდან შემდგარად, ხოლო დროგამოშვებით შესწორებულ იქმნას ხოლმე დაგროვილი შეცთომა.

ქრისტეს დაბადების წინ მე-46 წელში იულიუს კეისარმა, ალექსანდრიელ ვარსკვლავთმრიცხველის სოზიგენის გამოკვლევათა თანახმად, დააწესა წელიწადად 365 დღე, მხოლოდ ყოველ მეოთხე წელიწადს უნდა მიმატებოდა წლის დანაკლისის, ექვსი საათის შესავსებად 4X6 საათი, ე.ი. ერთი დღე-ღამე და, ამგვარად ყოველი მეოთხე წელიწადი მიღებული ყოფილიყო 366 დღე-ღამისაგან შემდგარად. 365 დღიან წლებს დაერქვა მარტივნი, ხოლო 366 დღიანს-ნაკიანი. ის ზედმეტი დღე-ღამე ემატება თებერვალს ოთხ წელიწადში ერთხელ, ე.ი. თებერვალი შესდგება სამს წელიწადს მიყოლებით ოც-ოცდა რვა დღისაგან, ხოლო მეოთხე წელიწადს ოცდაცრისაგან. ეს იულიუსისაგან მიღებული წელიწადი მეტია ნამდვილ წელიწადზე 11 წამით და 14 წუთით, ე.ი. როდესაც იულიუსის კალენდარის წელიწადი ითვლება გათავებულად, ნამდვილად მაშინ უკვე გასულია ახალი წლის 11 წამი და 14 წუთი; ყოველი წელიწადი იულიუსუს კალენდრისა რჩება უკან ასტრონომიულ წელიწადს 11 წამით და თოთხმეტი წუთით. ეს ყოველწლიური შეცთომა 128.5 წელიწადში იზრდება ერთ დღე-ღამემდე.

პირველი მსოფლიო კრებაზე, რომელიც მოხდა ნიკიას 325 წელში, საქრისტიანო ეკლესიამ მიიღო იულიუსის კალენდარი და შეუფარდა იგი ქრისტეს შობიდან წელთა აღიცხვას, თანვე გაასწორა შეცდომა კალენდრისა, რომელიც დაგროვდა 371 წლის განმავლობაში და შეადგენდა მაშინ სამს დღე-ღამეს. მაგრამ კრებამ მაინც ვერ აიცილა თავიდან მიზეზი შეცთომისა მომავლისათვის: შეცთომა ისევ გრძელდებოდა ყოველ წლივ 11 წამით და 14 წუთით და გაზაფხულის ბუნიობა (დღე-ღამის გასწორება), რომელსაც 325 წ. ადგილი ჰქონდა მარტის 21, თანდათან იხევდა უკან. მეთექვსმეტე საუკუნის გასულს, ამ ყოველწლიურ შეცდომების გამო, ბუნიობამ დაიხია მარტის 11-მდე. ამის გამო 1582 წელში რომის მღვდელთ-მთავარმა გრიგოლ XIII-მ, მაშინდელ მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად, პირველ მსოფლიო კრების მაგალითისამებრ, გაასწორა კალენდარი და 1582 წლის ხუთ ოქტომბერს მიუმატა ათი დღე და ჩასთვალა იგი 15 ოქტომბრად. ამისტვის ამ შესწორებულ იულიუსის კალენდარს დაერქვა გრიგოლის კალენდარი. თუ მე-XVI საუკუნის გასულს განსხვავება იულიუსისა და გრიგოლის კალენდრებს შორის იყო ათი დღე, 1900 წლიდან განსხვავება გამოიხატება 13 დღით, ასე რომ, ახლა, როდესაც იულიუსის კალენდრით თვის პირველი რიცხვია, გრიგოლისიტ 14-ა. ამის გამო, გაზაფხულის ბუნიობამ, რომლის უადრეს არ შეიძლება მოციქულთა და ანტიოქიის კრების კანონთა მიხედვით აღდგომის დღესასწაულობა, ამჟამად ჩამოიწია მარტის რვამდე; 1285 წლის იქით (იულიუსის კალენდრით) ბუნიობა იქმნება თებერვლის 26-27, მეორე 1285 წლის შემდეგ-თებერვლის 16-17 და სხ. ახალი კალენდარი, როგორც უფრო სწორი, თანდათანობით მიღებულ იქმნა როგორც სამოქალაქო ისე საეკლესიო ცხოვრებაში სახმარებლად იმ ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია კატოლიცმიზმი და პროტენსტატიზმი.

მართლმადიდებელ ქვეყნებში, გარდა რუსეთის ყოფილ იმპერიისა, ახალი კალენდარი შემოღებული იყო მხოლოდ სამოქალაქო ცხოვრებაში, რაც იწვევდა დიდ უხერხულობას: ორი კალენდრით სარგებლობის დროს ფრიად ძნელია დაიხსომო, თუ რომელი რიცხვია დღეს ძველისა და ახალის კალენდრით. ამ გარემოებას მიაქცია ყურადღება მართლმადიდებლობის და ქრისტეანობის დიდმა და ფხიზელმა დარაჯმა, კონსტანტინეპოლის ცნობილმა პატრიარქმ იოაკიმე მესამემ: კათედრაზე ასვილს თანავე (1902 წელს), მან დაუგზავნა ყველა მართლმადიდებელ ეკლესიების მეთაურთ, სხვთა შორის რუსეთის უწმიდეს სინოდსაც, ეპისტოლე, რომელშიდაც ხაზგასმით აღნიშნავდა ახალი სტილის შემოღების აუცილებლობას. უწმიდესმა სინოდმა, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ახალ სტილზე ლაპარაკი უკვე 1830 წელში მოსპო ნიკოლოზ პირველმა, პრინციპიალურად მაინც გაიზიარა იოაკიმე პატრიარქის მოსაზრებანი, მაგრამ “მართლმადიდებელ ქრისტეანეთა საეკლესიო ცხოვრების შერყევის (потрясение) თავდიან ასაშორებლად” შესაძლოდ სცნო მხოლოდ რიხცვთა სახელის გამოცვლა (переименование чисел) და ახალი წლის წმ. მოწამის ბონიფანტეს დღიდან დაწყება (ძველი სტილით ქრისტეშობისთვის 19), და არა წმ. ბასილის დღიდან (იანვრის 1). სინამდვილეში კი უწმიდესი სინოდის ეს სურვილიც ვერ განხორციელდა: ხელი შეუშალეს იმათ, ვინც 1830 წ. მოსპეს ამ საგანზე ლაპარაკი.

1917 წ. მოხდა რევოლუცია. საკანონმდებლო ორგანოებში დაისვა კალენდრის საკითხიც. 1918 წლის აპრილის 14 კათოლიკოზ პატრიარქს კუირიონს მოუვიდა ამიერ-კავკასიის სეიმიდან ტელეფონოგრამმა: “აპრილის 13 მიღებულ იქმნა კანონი ამიერ-კავკასიის რესპუბლიკებში ახალი დროთა აღრიცხვის შესახებ; აპრილის 18 უნდა ცნობილ იქმნას მაისის პირველად. აღდგომა იდღესასწაულება მაისი 5 (ძველი სტილით, აპრილის 22). ამის მიხედვით მოძრავი დღესასწაულები წაიწევიან წინ 13 დღით. ინებეთ სათანადპ განკარგულება”. ტელეფონოგრამმა მოსმენილ იქმნა საკათოლიკო საბჭოში. უკანასკნელმა სეიმის კანონს დაურთო თავისი ლოცვა-კურთხევა და დაგზავნა ეპარქიებში სახელმძღვანელოდ.

ამ სახით 1918 წლის აპრილის 18-დან ძველი სტილით, ანუ მაისი პირველიდან ახალი სტილით, ჩვენ სამოქალაქო ცხოვრებაში შემოღებული იქმნა ახალი კალენდარი, ხოლო საეკლესიოში კი დარჩა ძველი, რიცხვთა სახელის გამოცვლით. ამ გარემოებამ გამოიწვია ერთგვარი არევ-დარევა: წლის უკანასკნელ თვეს ჩვენმა ხალხმა და ეკლესიამ უქოდა ქრისტეშობისთვე იმიტომ, რომ ამ თვის 25-ს ვდღესასწაულობთ ქრისტეს შობას. ორმაგი კალენდრის ხმარების დროს კი ქრისტეს შობას ვდღესასწაულობდით იანვრის 7, იმ თვეში, რომელსაც რომაელებმა უწოდეს ეს სახელი ფლიდობისა და ორპირობის კერპის იანუსის მოსაგონებლად. ახალი წელიწადი, ჩვენი ხალხის შეგნებაში დაკავშირებულია მაცხოვრის წინადაცვეთის დღესთან, ხალხში ფრიად ცნობილ წმ. ბასილი დიდის ხსენებასთან და შობის შემდეგ ხსნილ დღესთან; ორმაგი კალენდრის შემოღების შემდეგ კი შეუერთდა ხალხისათვის თითქმის უცნობ წმ. ბონიფანტეს სახელს და აღმოჩნდა შობის წინა მარხვაში.

მარხვაში ახალწელიწადს და იანვარში შობას ხალხი ვერ ურიგდებოდა; ხალხის დიდი ნაწილი ახალწელიწადს ძველებურად დღესასწაულობდა, შობის სწორზე.

ამ არევ-დარევას ბოლო მოუღო საქართველოს ეკლესიის მეოთხე კრებამ, რომელმაც 1927 წლის ივნისის 24 გამოიტანა განჩინება საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ.

ახალი სტილი ეხება მხოლოდ უძრავ დღესასწაულებს, აღდგომა და მასზედ დამოკიდებული დღესასწაულები კი დატოვებულია ძველი პასხალიის მიხედვით, თანახმად მოციქულთა მეშვიდე და ანტიოქიის კრების პირველი კანონებისა.

ახალი სტილის შემოღება ფრიად უდგება იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს. 377 წლამდე მართლმადიდებელი ეკლესია შობას დღესასწაულობდა იანვრის ექვსს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე, როგორც დარჩა ეს შეერთებული დღესასწაული სომეხ-გრიგორიანთა ეკლესიაში. კონსტანტინეპოლის სახელგანთქმულის მთავარეპისკოპოზის წმიდა იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოყოფილ იქმნა შეერთებულ შობა-ნათლისღების დღესასწაულიდან და გადატანილ დეკემბრის 25-ზე. რამ აიძულა წმ. მამა მოქცეულიყო ამგვარად? იმ დროინდელ სწაულულთა გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის – მოქცევის (солнцестояние) დღეს, დეკემბრის 25, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას, მზე მეტს სინათლესა და სითბოს უგზავნის დედამიწას, დღის სიგრძე მატულობს, ღამისა კლებულობს და ქვეყანას ეფინება სიცოცხლე და სიხარული. აკი შობის ტროპარშიაც არის ნათქვამი; “შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა”-ო, ხოლო თვით მაცხოვარი წოდებულია “მზედ სინათლისა”-დ. ამ ჟამად კი, ზემო აღნიშნული 11 წუთისა და 14 წამის ცხრამეტი საუკუნის განმავლობაში დაგროვებით, მზის მოქცევას ადგილი აქვს არა დეკემბრის 25 (იულიუსის კალენდრით), არამედდეკემბრის 9. მაშასადამე თუ გვინდა, რომ ქრისტეს შობა ვიდღესასწაულოთ სწორედ იმ დღეს, რა დღესაც იშვა მაცხოვარი ქვეყნისა, მზის მოქცევის დღეს, – იულიუსის დეკემბრის 25 უნდა გამოვაკლოთ 16 დღე ( სამი – პირველ მსოფლიო კრებამდე გასული და 13 – მის შემდეგ) და ახალი სტილის კალენდრის დეკემბრის 25 ვიდღესასწაულოთ შობა სიმართლის მზისა, რომელმან არამც თუ აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა და წინსვლისა, არამედ განათავისუფლა კიდევაც იგი ბნელისაგან ღამისა და ერთწერტილზედ შეჩერება-გაყინვისაგან.

იესო ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, იოანე წინამორბედის, იმ სიმართლის მზის მთიების (ცისკრის ვარსკვლავის) დაბადების დღეთ დანიშნული იყო ზაფხულის მზის მოქცევის (ანუ უკუქცევის) დღე – ივნისის 24, რომელსაც ზემო აღნიშნულ მიზეზების გამო, ამ ჟამად ადგილი აქვს იულიუსის კალენდრით ივნისის 9.

მაშასადამე ამ დღესასწაულის ახალი სტილის კალენდრით უქმობა უფრო შეეფერება სინამდვილეს, ვინემ ძველზე დატოვება.

________________________________________

გამოცემა სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო სინოდისა, საქართველოს ეკლესიის კალენდარი   1928 წლისათვის

ფოტოასლები

01240152_161790717350455_1769513361_n

 1         23                                     4                   5                   6                   7

Print Friendly

Tags: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , ,

Comments are closed.