არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ, წმ. სოფრონი სახაროვის სულიერი შვილი, თეოლოგიის დოქტორი, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სტავროპიგიალური მონასტერი, ესექსი, ინგლისი

მრავალი ადამიანი დაბნეულია, მრავალი კი პანიკაშია კორონავირუსის პანდემიის საფრთხის გამო, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო. ვფიქრობ, ეს არასწორია, რადგან რასაც ღმერთი ჩვენზე მოავლენს, მოავლენს ჩვენი სიყვარულით.  ღმერთი ქრისტიანთა კეთილი, მოწყალე და კაცთმოყვარეა. ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა განპირობებული იყო მისი სიკეთით, რათა ჩვენთვის გაეზიარებინა მისი სიცოცხლე და თვით თავისი დიდებაც კი. როდესაც ცოდვაში ჩავვარდით, ღმერთმა კვლავ თავისი უსაზღვრო სიკეთით, საკუთარი ნებით დაუშვა სიკდილის შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში, რათა  არ ვყოფილიყავით უკვდავნი ჩვენს უძლურებაში, არამედ გვეპოვა გზა ხსნისა.

მიუხედავად იმისა, რომ დავეცით, ღმერთს არასოდეს შეუწყვეტია ჩვენთვის არა მარტო მატერიალური სიკეთის მონიჭება ადამიანის მოდგმის საარსებოდ, არამედ, ასევე, მოავლინა წინასწარმეტყველნი და მართალნი მისთვის გზის გასამზადებლად, რათა გაექარწყლებინა ჩვენი ტრაგედია და მოეტანა მარადიული ხსნა ჯვრითა და აღდგომით მისი შეუცნობელი სიყვარულის გამო. მოვიდა და საკუთარ თავზე აიღო ცოდვის წყევლა და აჩვენა თავისი სიყვარული აღსასრულამდე:  „ვინაიდან შეიყვარა თავისიანები, რომლებიც იყვნენ ამ ქვეყნად, და შეიყვარა ისინი აღსასრულამდე“ (იოანე 13:1). ყოველივე – რაც მან ჰყო, როდესაც შეგვქმნა, როდესაც მოგვცა ყველა პირობა, რომ სამყაროს ეარსება, როდესაც შეამზადა თავისი გზა, რათა მოსულიყო ქვეყნად, როდესაც განკაცდა და მოგვიტანა ხსნა ასეთი გასაოცარი გზით – ღმერთის სიკეთითაა განპირობებული. ღმერთის მოწყალება უსაზღვროა. ის ჩვენი მხსნელია და, ამავდროულად, იმდენად სულგრძელი, რომ მოთმინებით ელის იმ დროს, როდესაც „ვეზიარებით ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4) და გამოვიღებთ სინანულის ნაყოფს, რათა მარადიულად ვიყოთ მასთან ერთად. ამიტომაც, უფლის ადამიანთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე ღმერთი ამჟღავნებს მხოლოდ სიკეთესა და მოწყალებას, „რამეთუ უმჯობეს არს  უფროის საცხორებელთასა“ (ფსალმუნი 62:3). ის ბუნებით კეთილია და ყოველივეს აღასრულებს ადამიანის სასიკეთოდ და ხსნისათვის.

შესაბამისად, როდესაც ის – ქრისტე – კვლავ მოვა სამყაროს განსჯისთვის, განა სხვა ღმერთი იქნება? განა იგივე კეთილი ღმერთი არ იქნება, რომელსაც უყვარს კაცობრიობა? დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არავითარი სხვა ღმერთის წინაშე არ წარვდგებით, გარდა იმისა, რომელმაც შეგვქმნა  და გვიხსნა ჩვენ. შესაბამისად,  იმავე მოწყალებით და სიყვარულით განგვსჯის. ამიტომაც,  არ უნდა მოგვიცვას პანიკამ და შიშმა, რადგან ეს იგივე ღმერთი იქნება, რომელიც  იმქვეყნად მიგვიღებს და  იმავე სიკეთითა და თანაგრძნობით განგვსჯის. ზოგს ეშინია, რომ  მისი აღსასრული დადგა, მაგრამ ამ უბედურების ჟამს, რასაც  კორონავირუსი ჰქვია, ასე ვთქვათ, ერთ დადებით მხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ თუკი ის შეგვეყრება,  წინ რამდენიმე კვირაა ჩვენს შესაძლო აღსასრულამდე.  დროის ამ მონაკვეთში  შეგვიძლია, საკუთარი თავი  ღმერთთან შესახვედრად ისე მოვამზადოთ, რომ ჩვენი  წუთისოფლიდან გასვლა მოულოდნელად და მოუმზადებლად არ მოხდეს, არამედ ლოცვისას მთელი ჩვენი სიცოცხლის მოხსენებით, ერთი მხრივ, მადლიერება შევწიროთ ღმერთს ყველაფრისათვის, მეორე მხრივ, გამოვხატოთ სინანული და ვითხოვოთ ჩვენი ცოდვებისათვის შენდობა. არაფერი გვემუქრება ასეთი ღმერთის გვერდით, რომელიც ყოველივეს თავისი სიკეთიდან გამომდინარე უშვებს.

ჩემთვის ეს განსაცდელი არის შეწევნა. ვნატრობდი, მეპოვა ის ლოცვები, რაც აქამდე მქონდა, რომლის მეშვეობით შემიძლია გავიხსენო მთელი ჩემი ცხოვრება დაბადებიდან დღემდე და ვმადლობდე ღმერთს ყველა იმ მოვლენილი სიკეთისათვის, რომელსაც ვხედავ და რომელსაც ვერ ვხედავ; რომლის მეშვეობითაც შემიძლია, გავიხსენო მთელი ჩემი ცხოვრება და შევინანო მთელი ჩემი ცოდვანი და თანანადებნი. სასწაულებრივია, იყო შემძლე, მოიგონო მთელი ცხოვრება ლოცვით და მიიტანო ყოველივე უფლის წინაშე დაჟინებული ვედრებით. ამის შემდეგ გრძნობ, რომ შენი ცხოვრება გამოხსნილია. დღეს არსებული ვითარება სწორედ ასეთი ლოცვის მიღწევაში მეხმარება. მე არ მომიცვა შიშმა, მაგრამ „ჩემს ბრალს განვაცხადებ, ვიდარდებ ჩემს ცოდვაზე“ (ფსალმუნი 37:19).

ჩვენ უნდა დავინახოთ ღვთის სიკეთე ყველაფერში, რაც ხდება დღეს. წმინდა მამები ხედავდნენ ღმერთის კაცთმოყვარებას. მსგავსმა ეპიდემიამ IV საუკუნეშიც იჩინა თავი ეგვიპტის უდაბნოში, რომელმაც ბერთა მესამედზე მეტი შეიწირა. მამები კი აღფრთოვანებით ამბობდნენ, რომ ღმერთმა მოიმუშაკა წმინდანთა სულები თავისი სასუფევლისთვის და წამითაც არ შედრეკილან. სახარებაში უფალი თავად საუბრობს უკანასკნელ დღეებზე, სამსჯავროზე და განსაცდელებზე, რომელიც სამყარომ უნდა განვლოს მის მეორედ მოსვლამდე, მაგრამ ამის გამო ჩვენ არაჯანსაღ მწუხარებასა და  სასოწარკვეთილებაში არ ვვარდებით. უფალი, რომელიც გეთსამანიის ბაღში სისხლის ოფლით ლოცულობდა მთელი სამყაროს ხსნისათვის, ამბობს, რომ, როდესაც ჩვენ გავხდებით იმ საზარელი მოვლენების მომსწრენი, რომლებიც წინ უსწრებენ უფლის კვალად მოსვლას, აღვიმართოთ და მაღლა ავწიოთ თავი, ვინაიდან ახლოვდება ჩვენი გამოხსნა (ლუკა 21:28). ზოგი მეუბნება, რომ შეიძლება, ღმერთმა მოიღოს მოწყალების ხელი, მაგრამ ეს უკვე ისედაც არის ჭეშმარიტად ღვთის ხელი. მას სწადია და მოიმუშაკებს ჩვენს გამოხსნას „მრავალგზის და მრავალგვარად“ (ებრაელთა 1:1): „მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი“ (იოანე 5:17). ეს ვირუსი, შესაძლოა, არის საშუალება, რომელსაც ღმერთი იყენებს იმისათვის, რომ მრავალი დააბრუნოს საკუთარ თავთან და მიიყვანოს სინანულამდე და, ამავდროულად, მოიმუშაკოს მრავალი მზად მყოფი სული თავის მარადიულ სასუფეველში. ამიტომაც, ისინი, ვინც ნებდებიან და მიანდობენ საკუთარ თავს ღვთის განგებულებას, ყოველივე მათდა სასიკეთოდ წარიმართება: „ღვთის მოყვარეთ, რომელნიც მისი განზრახვით არიან ხმობილნი, ყველაფერი შეეწევათ სასიკეთოდ“ (რომაელთა 8:28).

ამიტომაც, დღეს არ არის არაჯანსაღი შფოთის დრო და არც წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ იმ ზომებს, რომელსაც მთავრობა მიმართავს იმ უბედურების აღსაკვეთად, რომლის მომსწრენიც გავხდით. არ არის გონივრული საქციელი მთავრობის საწინააღმდეგოდ მოქმედება. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, რადგანაც სახელმწიფო გვთხოვს არა რწმენის უარყოფას, არამედ მხოლოდ რამდენიმე ზომის მიღებას ადამიანთა საერთო კეთილდღეობისათვის, რათა ამ განსაცდელმა ჩაიაროს. ეს კი სულაც არ არის არაგონივრული. ზოგმა ეს მიიღო აღმსარებლობის შეზღუდვად, დროშები ააფრიალეს და თამაშობენ მოწამეობანას და აღმსარებლობანას. ჩვენთვის კი სადავო  არ არის, რომ  ამ საკითხთან მიმართებით  მთავრობისადმი მორჩილება უნდა გამოვხატოთ. უსამართლობა იქნება, არ დავემორჩილოთ მთავრობას,  რამეთუ, როდესაც  ავად ვხდებით, მათ საავადმყოფოებში მივდივართ და ისინი ჩვენზე ზრუნავენ.

ეს არის ეთოსი ქრისტესი, რომელიც ღმერთმა აჩვენა მის მიწიერ სიცოცხლეში და ეს არის სამოციქულო მცნებაც, რომელიც ჩვენ მივიღეთ: „დაემორჩილონ მთავართა და ხელისუფალთ; მორჩილნი იყვნენ და ყოველგვარი კეთილი საქმისათვის მზადმყოფნი. ნურავის ჰგმობენ, არამედ უშფოთველნი იყვნენ, შემწყნარებელნი და კეთილმოსურნენი ყოველი კაცის მიმართ“ (ტიტე 3:1-2); და კვალად: „დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს, გინდაც მთავრებს…“ (1 პეტრე 2:13). თუკი ჩვენ არ დავემორჩილებით ჩვენს საერო მმართველებს, რომლებიც არც ისე ბევრს ითხოვენ, როგორღა დავემორჩილებით ღმერთს, რომელიც საღვთო კანონებს გვიწესებს, რომელიც ბევრად უფრო ამაღლებულია, ვიდრე ნებისმიერი, ადამიანის ხელით შექმნილი კანონი. თუ ჩვენ ღვთის კანონებს ვიცავთ, ჩვენ ადამიანურ კანონებზე მაღლა ვდგებით, როგორც ეს II საუკუნის ერთმა აპოლოგეტმა თქვა რომის იმპერიის მიერ ქრისტიანების დევნის პერიოდში.

თუკი ისინი გვთხოვენ, რომ შევაჩეროთ საეკლესიო მსახურებები, მოდით, უბრალოდ, დავემორჩილოთ და ვაკურთხოთ ღვთის განგება. გარდა ამისა, ეს შეგვახსენებს ძველ ტრადიციასაც, რომელიც მამებს ჰქონდათ პალესტინაში. დიდი მარხვის პერიოდში, ყველიერის კვირას, მიცემდნენ რა ერთმანეთს შენდობას, ორმოცი დღით გადიოდნენ უდაბნოში ლიტურგიის გარეშე. ისინი განაგრძობდნენ მხოლოდ მარხვასა და ლოცვას, რათა მომზადებულიყვნენ და დაბრუნებულიყვნენ ბზობის დღესასწაულზე და აღენიშნათ ღვთაებრივად ვნება და აღდგომა უფლისა. ჩვენი დღევანდელი გარემოება გვაიძულებს, კვლავინდებურად ვიმოქმედოთ იმ გზით, რომელიც ძველთაგან არსებობდა ეკლესიის წიაღში. ჩავთვალოთ, რომ შექმნილი ვითარება გვიბიძგებს, ვიცხოვროთ უფრო მეტი ისიხასტური ცხოვრებით, მეტი ლოცვით, რაც, საღვთო ლიტურგიათა დაკლების მიუხედავად, შეგვამზადებს, უფრო მეტი წყურვილით და სულიერი შემართებით ვიდღესასწულოთ ვნება და აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამიტომაც, ჩვენ ვაქცევთ ამ ჭირს ისიხაზმის ტრიუმფად. ყოველი შემთხვევისთვის, ყოველივე, რასაც ღმერთი დაუშვებს ჩვენს ცხოვრებაში, მისი სიკეთითაა განპირობებული და ადამიანთა სასიკეთოდ მიმართული, ვინაიდან უფალს არასდროს სწადია, მის ქმნილებას რაიმე ევნოს.

რა თქმა უნდა, თუკი საღვთო ლიტურგიას დიდი დროით მოვაკლდებით, ჩვენ გავუძლებთ ამას. რას ვიღებთ ჩვენ ლიტურგიიდან? ჩვენ თანაზიარნი ვხდებით მაცხოვრის სისხლისა და ხორცის, რომელიც აღსავსეა მისი მადლით. ეს დიდი პატივი და სარგებელია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ  ღვთის მადლს ასევე მრავალი სხვა გზით ვიღებთ. როდესაც ისიხასტურ ლოცვას აღვასრულებთ, ვხდებით საღვთო განგების მკვიდრნი, მოვუხმობთ  რა გონებით გულში ქრისტეს წმინდა სახელს. საღვთო სახელი გვანიჭებს ქრისტეს მადლს, რამდენადაც ის განუყოფელია მისი პიროვნებისაგან და მიგვიძღვის ჩვენც მის მყოფობაში. ქრისტეს ეს განმწმენდელი მყოფობა აღხოცავს ჩვენგან უსჯულოებებს და ცოდვებს, განაახლებს და განანათლებს ჩვენს გულებს ისე, რომ ხატება უფლისა, ღვთისა, იესო ქრისტესი იშვას მათში.

თუკი აღდგომა არ გვექნება ტაძარში, გვახსოვდეს, რომ ყოველი შეხვედრა ქრისტესთან აღდგომაა. ჩვენ ვიღებთ მადლს საღვთო ლიტურგიიდან, რადგან უფალი იესო ქრისტე მყოფობს მასში. იგი აღასრულებს საიდუმლოს და იგი თავად არის მიცემული მორწმუნეებისთვის. თუმცა, როცა წარმოვთქვამთ მის სახელს, ჩვენ შევაბიჯებთ ქრისტეს მყოფობაში და ვიღებთ იმავე მადლს. ამიტომაც, თუ მოკლებულნი ვართ ლიტურგიას, ჩვენ ყოველთვის გვაქვს მისი სახელი და არ ვართ მოკლებული უფალს. უფრო მეტიც, ჩვენ გვაქვს მისი სიტყვა, განსაკუთრებით კი მისი სახარება. თუკი მისი სიტყვა განუწყვეტლივ დაიმკვიდრებს ჩვენს გულებში, თუკი შევიმეცნებთ მას და ვილოცებთ, თუკი ის გახდება ჩვენი სამეტყველო ენა, რომლითაც ვისაუბრებთ ღმერთთან ისე, როგორც ის საუბრობდა ჩვენთან, ჩვენ კვლავინდებურად გვექნება მადლი უფლისა, რადგანაც მისი სიტყვები მარადიული სიცოცხლის სიტყვებია (იოანე 6:68) და იგივე საიდუმლო აღესრულება, ვიღებთ მის მადლს და ვიკურთხევით.

ამასთან, რამდენჯერაც სიკეთეს გამოვიჩენთ მოყვასისადმი, უფალი განიხარებს. იგი ჩათვლის, რომ ჩვენ ეს მისი სახელით აღვასრულეთ და ჯილდოს მოგვივლენს. ჩვენ სიკეთეს ვაკეთებთ მოყვასისადმი და უფალი გვაჯილდოვებს მისი მადლით. ეს სხვა გზაა, რომლითაც შეგვიძლია ღმერთთან მყოფობაში ვიცხოვროთ. ჩვენ შეგვიძლია, მოვიხვეჭოთ უფლის მადლი მარხვით, მოწყალების გაცემით და ყოველი კეთილი საქმით. ასე რომ, თუკი ჩვენ იძულებულნი ვართ, თავი შევიკავოთ ეკლესიაში შეკრებისაგან, ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ერთნი იმ წმინდა სათნოებებში, რომელიც განცხადებულია ქრისტეს სხეულში, წმინდა ეკლესიაში და რომელიც იცავს მორწმუნეთა ერთობას ქრისტესთან და მისი სხეულის სხვა წევრებთან. ყოველივე, რასაც ღვთისათვის აღვასრულებთ, არის ლიტურგია, რამეთუ ეს ემსახურება ჩვენს ცხონებას. ლიტურგია არის უდიდესი მოვლენა ეკლესიის სიცოცხლისა, რაშიც მორწმუნეს აქვს საშუალება, მისი პატარა სიცოცხლე განაახლოს ღვთის უსაზღვრო სიცოცხლით. თუმცა, ძალა ამ მოვლენისა დამოკიდებულია სამზადისზე, რომელსაც ჩვენ აღვასრულებთ ყველა იმ ზემოაღნიშნულის მეშვეობით, ლოცვით, კეთილი საქმეებით, მარხვით, მოყვასის სიყვარულით, სინანულით.

ამიტომაც, ჩემო ძვირფასნო, არ არის აუცილებელი, რომ გმირული აღმსარებლობა გამოვავლინოთ მთავრობის მიმართ მისი პროფილაქტიკური ზომების გამო, რაც მიღებული იქნა ხალხის კეთილდღეობისათვის. ნუ მივეცემით სასოწარკვეთას, არამედ ბრძნულად წარვმართოთ გზები, რომ არ დავკარგოთ ცოცხალი ურთიერთობა ქრისტესთან. არაფერი გვავნებს ჩვენ, უბრალოდ, უნდა ვიყოთ მომთმენნი კონკრეტული ვადით და ღმერთი დაინახავს ჩვენ მოთმინებას, განგვაშორებს ყველა დაბრკოლებას, ყოველ განსაცდელს და კვლავ ვიხილავთ ბედნიერ დღეთა აისს და ვიდღესასწაულებთ საერთო იმედსა და სიყვარულს, რომელიც გვაქვს იესო ქრისტეში.

მთარგმნელი მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი

რედაქტორი რუსუდან მიქენაია

წყარო