სპეციალური ბერძნული გადაცემა კრების შესახებ (ქართული თარგმანით)

21/06/2016
By

ertgrგთავაზობთ ბერძნული ტელევიზია ERT-ის მიერ მომზადებულ საინტერესო გადაცემას დიდი და წმიდა კრების შესახებ. გადაცემაში მონაწილეობენ გალიის მიტროპოლიტი ემანუელი, მესინიის მიტროპოლიტი ემანუელი, მილეტის მიტროპოლიტი აპოსტოლოსი, არქიმანდრიტი ეგნატიოს სოტიარიდისი, პროფესორი სპიროს ლიცასი, ნიკო პაპახრისტო, ანდრეა ლუდარუსი (Orthodoxia.Info).

 

სრული ვიდეო იხილეთ ლინკზე

გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს ამ გადაცემიდან (თავისუფალი ქართული თარგმანი)

შესავალი სიტყვის შემდეგ საუბრობს გალიის მიტროპოლიტი. იგი აკრიტიკებს ოთხ ეკლესიას (რომლებიც არ ესწრებიან კრებას) და ამბობს, რომ არსებული კრიტიკული შეხედულებები მათ კრებაზე უნდა წარმოედგინათ. საუბრისას გამოითქვა აზრი, რომ ეს არის დარტყმა (რუსეთის მხრდიდან) მართლმადიდებლობის რუკაზე, რაც აღიქმება სლავური სამყაროს ბრძოლად უძველესი ეკლესიების წინააღმდეგ. კრებაზე დასწრებაზე უარს კი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ათონზე ვიზიტს უკავშირებს.

მესინიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი აკრიტიკებს სერბეთის ეკლესიას და მის მუქარას (თუ არ განიხილავთ არჩამოსული ეკლესიების მოთხოვნებს, დავტოვებთ კრებას) და აღნიშნავს, რომ ეს არ შეესაბამება სინოდურ ტრადიციას. მისი თქმით, თითოეულმა ეკლესიამ მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომ კრებაზე მიღებული დოკუმენტები ყველასთვის სავალდებულო იქნებოდა. მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თემასთან დაკავშირებით ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოსმა გარკვევით უთხრა რუსეთის პატრიარქს, რომ კონსტანტინოპოლი არ ჩაერეოდა ამ პროცესში; თუმცა ის, რომ მსოფლიო პატრიარქი თავმჯდომარეობს მართლმადიდებლების კრების, არ მოსწონს არც მოსკოვს და არც სხვებს.
მილიტის მიტროპოლიტმა ემანუელმა გაიხსენა, რომ ათონზე ვიზიტისას, რუსეთის პატრიარქ კირილესთან საუბრისას, მან გამოთქვა იმედი, რომ აუცილებლად იხილავენ მის უწმინდესობას კრეტაზე, რაზეც პატრიარქმა კირილემ უპასუხა, რომ გულითადად მოელის იმ დღეს, როცა კრეტაზე შეხვდება მსოფლიო პატრიარქს. ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში ყველა მოსკოვს ადანაშაულებს. საქართველოს განიხილავენ რუსეთის თანამგზავრად. გამოითქვა მოსაზრება, რომ პუტინი მხარს უჭერს ასადის რეჟმს, ასადი კი – ანტიოქიის ეკლესიას.

მესინიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი აღნიშნავს, რომ რუსეთის ეკლესიის მორწმუნეთა რაოდენობას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ერთი მორწმუნე რუსი ერთ მორწმუნე ბერძენს არაფრით სჯობს, რითაა მასზე უპირატესი, მხოლოდ რაოდენობით?!
აქ საქმე გვაქვს ორი სამყაროს –  დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებასთან. ის ეკლესიები, რომლებიც რუსეთის მხარეს დგანან, მარტო დარჩებიან თავიანთ ქვეყნებშიც და მართლმადიდებლურ სამყაროშიც. მართლმადიდებელი ეკლესია მათ არასოდეს გარიყავს, მაგრამ მათი ქმედებები გარკვეულწილად შეიზღუდება.
პროფესორი სპიროს ლიცასი სვამს კითხვას: „როგორ დაელაპარაკება ბულგარეთის ეკლესია ბულგარეთის მთავრობას, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანაა? რაც შეეხება
რუსეთს, რუსეთის ეკლესიამ სინოდის სხდომაზე დაადგინა, რომ სუროგატი დედისგან დაბადებული ბავშვი არ მოინათლება, თუ მშობლები არ აღიარებენ ამ ცოდვას. თუმცა სხვა ეკლესიები არ ეთანხმებიან მის გადაწყვეტილებას.

კრებაზე არმყოფი ოთხი ეკლესია აცხადებს, რომ ისინი არიან ყველაზე ერთგულნი ტრადიციისა, მაგრამ რეალურად ისინი ჩაკეტილი ეკლესიები უფრო არიან, განსაკუთრებით – საქართველოს ეკლესია“.

მილიტის მიტროპოლიტ ემანუელის თქმით, ვოლოკალამსკის მიტროპოლიტი საგანგებოდ ჩადიოდა ბალკანეთის ქვეყნებში და აგვარებდა საქმეებს, რათა საბოლოოდ ასეთი შედეგი მიგვეღო. ამ კრებას დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობისთვის, რადგან ის  დააფუძნებს ამგვარი კრებებისა და შეხვედრების გამართვის კარგ ტრადიციას. ასეთ შეხვედრებზე ერთობლივი ძალისხმევით გადაწყდება საერთო პრობლემები.

ნიკო პაპახრისტო: „გუშინ რომში საქართველოსა და რუმინეთის საელჩოების ეგიდით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც  სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ერისკაცებმა საგანგებოდ აღნიშნეს, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, ყველა ვალდებულია საკუთარი პოზიციები დააფიქსიროს დიდ კრებაზე დასწრებით და არა შინ ჯდომით. შეხვედრის დროს წარმოჩნდა საკუთარი ეკლესიისგან განსხვავებული პოზიცია, რომელიც კრებაზე არმყოფი ეკლესიების წევრ ერისკაცებს აქვთ“.
ანდრეა ლუდაროსი: „რუსეთი ყოველთვის გამოკვეთდა საკუთარი მრევლის რაოდენობრივი სიმრავლის საკითხს, რაც უმართებულია. მახსოვს, ერთხელ, ევროკავშირისადმი მისალმებისას, ვოლოკალამსკის მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ ის იყო რომის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკლესიის წარმომადგენელი. ეს განცხადება აბსოლუტურად მოკლებულია ეკლესიოლოგიას, რადგან მართლმადიდებელი ეკლესია არის ჭეშმარიტების დამმოწმებელი. შეუძლებელია ეკლესიის რაოდენობა მის უპირატესობაზე მეტყველებდეს“.

მესინიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი: „რუსეთის ტაქტიკა მცდარია, როცა ის თავის პრობლემატოლოგიას მუდამ რაოდენობრიობის პრიზმაში განიხილავს. ამგვარი კრიტერიუმები და პრინციპები არ მოქმედებენ მართლმადიდებლობაში. ერთიანობის საფუძველი ვერ იქნება პრინციპი, თუ რომელი ეკლესია უფრო დიდია რაოდენობრივად.
მსოფლიო პატრიარქის კრების ჩასატარებლად გაწეული ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია. აქამდე იყო ხანგრძლივი მოსამზადებელი გზა: იმართებოდა შეხვედრები, დიალოგები, არსებობდა პიროვნული ურთიერთობები, ხელი ეწერებოდა სხვადასხვა დოკუმენტს,  მაგრამ რუსეთმა ბოლო წამს ყველაფერი შეცვალა. რუსეთს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ეს გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო წამს აამოქმედა და ყველაფერი წყალში ჩაყარა“.

არქიმანდრიტი ეგნატიოს სოტიარიდისი: „მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, ჩვენ ისინი გვიყვარს და ველოდებით მათ ჩამოსვლას კრეტაზე“.

მესინიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი: „საქმე ის კი არაა, თუ რა მინდა მე ან რა უნდა სხვას, ეს არაა მართლმადიდებლობა, არამედ ის, თუ რა არის ეკლესიის ტრადიცია, რომელიც აგერ 20 საუკუნეა მოქმედებს ეკლესიაში. ამ წესითაა ეკლესია ერთიანი მთელი სამყაროს წინაშე. თუ ეს წესი შეიცვლება, მაშინ დაირღვევა ეკლესიის ერთობა.

მოსკოვი არ ამბობს სიმართლეს, თითქოს არ იქნა გათვალისწინებული მისი შენიშვნები. ყველას შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და ყველამ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტებს. საქართველოს ეკლესიაშიც არსებობს სხვადასხვა აზრი კრებასთან დაკავშირებით“.

Print Friendly

Comments are closed.