რჩეული ამონარიდები – 2

25/08/2014
By

6b593b1397a3 დღევანდელი ამონარიდების ავტორია : იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი

 1. ასეთია ნიმუში ანტიქადაგებისა
2. 
ხშირად ადამიანურ კეთილგონიერებას ვკარგავთ
 3. მისტიფიკატორული მორჩილება

 

ასეთია ნიმუში ანტიქადაგებისა

ისევე, როგორც ყოველი ადამიანი ერთმანეთისაგან განსხვავდება და ყველას თავისი შესაძლებლობა აქვს, გარეგნული ეკლესიურობისა და ეკლესიის დისციპლინარული ნორმებიც თითოეულისათვის ინდივიდუალური უნდა იყოს. ეკლესიის არსი იმაში კი არ არის, რომ ყველასათვის საერთო „ჩარჩოებში“ მოათავსოს ადამიანი, არამედ მან გონივრულად და ინდივიდუალურად ისარგებლოს იმ საშუალებებით, რაც ეკლესიას აქვს და იპოვოს თავისი გზა ქრისტესაკენ. ამაში ვლინდება ეკლესიისათვის დამახასიათებელი უდიდესი პატივისცემა პიროვნებისადმი, მისი თავისუფლებისადმი და მისდამი ნდობა. ჩვენთან, სამწუხაროდ, სწორედაც პიროვნებისადმი პატივისცემა მოისუსტებს. ითვლება, რომ ეკლესიაში ყველა ერთნაირი უნდა იყოს, რომ ყოველი ადამიანისთვის მხოლოდ ერთი და იგივე ხსნის რეცეპტია გამოწერილი; მაგრამ ეკლესია, სრულიადაც არაა ყაზარმა, სადაც ყველა ვალდებულია „იცხოვროს მწყობრში“.

ერთხელ, ამ თემაზე ვესაუბრებოდი ჩემი სასწავლებლის ხნიერ პროფესორს. ამ ჭკვიან, კეთილ და ზნეობრივ ადამიანს ჰქონდა ღვთის რწმენა, მაგრამ ეკლესიაში მისვლა არ უნდოდა. ის ამბობდა: „საკმარისი იყო ჩემს ცხოვრებაში საბჭოთა კოლექტივიზმი, აღარ მინდა სხვა იმდაგვარი. გარდა ამისა, მე ვიწყებდი ეკლესიაში სიარულს, როდესაც ეს შესაძლებელი გახდა; იქ მითხრეს, რომ ვალდებული ვარ ვაკეთო რაღაც, მაგრამ არავინ ამიხსნა, თუ რატომ ვიყავი ვალდებული. მე, მაგალითად, არ შემიძლია მარხვა, ჩემი ორგანიზმი ვერ ეგუება სამარხვო საჭმელს; ახალგაზრდა მღვდელმა ამის პასუხად მითხრა, რომ ეს ყველაფერი მიზეზები, პატივმოყვარეობა და ქედმაღლობაა, რომ მარხვა არავისთვის საზიანო არაა და, საერთოდაც, ის ყველა ავადმყოფობის საუკეთესო წამალია, ხოლო ექიმებს, რომლებიც არ არიან მორწმუნენი, არც უნდა მოვუსმინოთ; მარხვის გარეშე ეკლესია ზიარების უფლებას არ იძლევა და რადგანაც ეს ასეა, მე იქ არც დავდივარ“.

ასეთია ნიმუში ანტიქადაგებისა.
ხშირად ადამიანურ კეთილგონიერებას ვკარგავთ
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ყველაზე ძნელია იყო უბრალოდ ნორმალური, წესიერი, საღად მოაზროვნე და ზნეობრივი ადამიანი. სწორედ ამისათვისაა ასკეტური გმირობა და ღვაწლი. ასეთად უნდათ, რომ გვხედავდნენ ქრისტიანებს გარეშე ადამიანები, განსაკუთრებით ახლა, როდესაც თანამედროვე საზოგადოება ამგვარი თვისებების უდიდეს დეფიციტს განიცდის. ჩვენ კი, როცა ვხდებით მართლმადიდებლები და ვიბნევით ასკეტური დამწერლობის გაუვალ ტევრში, შეძენის მაგივრად ვკარგავთ ამ თვისებებს. ჩვენ გვაინტერესებს იესოს ლოცვის სიღრმეები, აბსოლუტური მორჩილება, მისტიკური სულიერება, ტიბიკონური მარხვა და ა.შ. მაგრამ ცაში ამ ფრინველების დევნაში გართულები, ხშირად ჩვეულებრივ ადამიანურ კეთილგონიერებას ვკარგავთ და გვემართება ის, რაც წმიდა ბასილი დიდმა მრავალი წიგნის წაკითხვის შემდეგ მონასტერში წასულ ერთ მაღალჩინოსანს უთხრა – შენ სენატორობაც დაკარგე და ვერც ბერი გახდიო.

მისტიფიკატორული მორჩილება

მისტიფიკატორული მორჩილება, სარწმუნოებაში ნეოფიტური “შემოვარდნის“ შემდეგ, იმით მთავრდება, რომ ადამიანი კარგავს ქრისტიანულ ცხოვრებაში დამოუკიდებელი ზნეობრივი პასუხისმგებლობის უნარს და ამავე დროს ფიზიკურ და ხშირად სულიერ ჯანმრთელობასაც. უფრო მეტიც, პარადოქსული ფაქტია, რომ: მისტიფიკატორული მორჩილების მსხვერპლნი კარგავენ „ნორმალური“, დისციპლინარულ-იერარქიული მორჩილების უნარს. იმის ნაცვლად, რომ ჩვეულებრივი მორჩილების მიმართ ადეკვატური დამოკიდებულება ჰქონდეთ და მისგან ბუნებრივი ნაყოფი მიიღონ – წესიერება, უფროსებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მიწიერი ცხოვრების მოწესრიგება – არარსებული „საკუთარი თავისაგან განთავისუფლების“ ძიებაში, ადამიანები განსაცდელების და იმედგაცრუებების ტყვეები ხდებიან.

მორჩილების მისტიფიკაცია, მისი „საიდუმლოებად“ გადაქცევა, თითქოს ის მოქმედებდეს თავისთავად, რასაც მხოლოდ მოძღვრისადმი ბრმა რწმენას უნდა ვუმადლოდეთ, ქრისტიანული, თანამედროვე ბერ-მონაზვნური (და საერთოდ საეკლესიო) ცხოვრებისათვის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი იდეოლოგიაა. მისი მთავარი საფრთხე ქრისტიანის დეზორიენტაციაშია.

მორჩილება ბერ-მონაზვნური ცხოვრების ნაწილია და ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ერთადერთი ჭეშმარიტი სახარებისეული კრიტერიუმით უნდა შემოწმდეს: არის თუ არა მისი ნაყოფი ღმერთთან ერთობა, აახლოვებს თუ არა ის ადამიანს ქრისტესთან, განამტკიცებს თუ არა მის ცხოვრებას ქრისტეში და ქრისტესთან.

გავრცელებულია აზრი, თითქოსდა: „თვითონ მორჩილება უნდა იყოს რწმენის ჭეშმარიტების შეფასების კრიტერიუმი. თუ ქრისტიანს, მონაზონს აბსოლუტური ნდობა აქვს „მასთან ახლოს მდგომ სულიერ მოძღვართან“, ესე იგი მას აქვს რწმენა. თუ არა აქვს – რწმენაც არა აქვს და ის, რასაც შენ რწმენას უწოდებ, დაცემული, ცოდვილი ინდივიდუალობის გამოვლინებაა, რომელიც აუცილებლად უნდა უარყო“. მაგრამ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ბერ-მონაზვნურ ცხოვრებაში ღმერთსა და მასთან ცოცხალ ურთიერთობას ეძიებს, მითოლოგიურ, არაჯანსაღ, არაადეკვატურ, არაეკლესიურ, არასახარებისეულ, თავისი არსით სექტანტურ პირობებში ჩააყენო. ადამიანი ვალდებული ხდება ქრისტეში კი არ ეძიოს რწმენა, არამედ მოძღვარში. ადრე თუ გვიან ასეთი რწმენა ფიასკოს განიცდის და მაშინ მონაზონს ფეხქვეშ ნიადაგი ეცლება.

მაგრამ თუ მონაზონმა უკვე მტკიცედ გაითავისა, რომ ღმერთთან ცხოვრება მხოლოდ მოძღვრისადმი ბრმა რწმენითაა შესაძლებელი და ფაქტიურად უფალი მოძღვრით ჩაანაცვლა, ასეთ დროს ხდება სწორედ ბერ-მონაზვნური ტრაგედიები, რომელთა მოწმე მეც ვყოფილვარ.

მორჩილების მისტიფიკაცია, ქრისტიანულ და ბერ-მონაზვნურ ცხოვრებაში მისთვის განსაკუთრებული ადგილის მინიჭება, მისით ქრისტეს ჩანაცვლება, მისი გადაქცევა ღმერთთან ცხოვრებისათვის საჭირო „საშვად“, „აუცილებელ პირობად“ – უზარმაზარი ცდომილებაა, ხოლო იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენ გვენდობიან და ჩვენზე დამოკიდებულები არიან, უმძიმესი სამოძღვრო შეცდომა. ადამიანს, რომელიც ეკლესიაში, განსაკუთრებით კი მონასტერში მოდის, ჩვენ, ვისაც იერარქიული ხარისხები და თანამდებობები გვაქვს, უნდა ვასწავლოთ, რომ ეკლესიაში მთავარი ქრისტეა, რომ ადამიანი, გამომდინარე სწორედ თავისი ინდივიდუალობიდან, რაღაც ყაზარმულ უჯრედში კი არ უნდა მოთავსდეს, არამედ საშუალება მისცეს სულიწმინდას მასში იმოქმედოს; ყველაფერი, რაც ეკლესიაშია, მორჩილებაც, ღვაწლიც, დისციპლინაც, მხოლოდ საშუალებებია ამის მისაღწევად. ჩვენი სამოძღვრო ამოცანაა დავეხმაროთ თითოეულ ადამიანს ამ საშუალებების თავისთვის გამოყენებაში და არა მათი ყოველმხრივ შეზღუდვა და ჩვენთვის ან სხვისთვის დამონება.

 

წყარო

Print Friendly

Comments are closed.