იღუმენი ანდრია (უეიდი)

mama Endrew

წმ. პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრის საპატიო წევრი

იღუმენი ანდრია (Andrew Wade) მსახურობს იტალიის ქ. პისტოას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში (მოსკოვის საპატრიარქო) და ამავე დროს ის გახლავთ ამავე ქალაქში არსებული წმ. მამასის სახელობის მონასტრის წინამძღვარი. მამა ანდრია 1970–1971 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა არაბულ და ევროპულ ენებს, ხოლო 1971–1974 წლებში ამავე უნივერსიტეტში სწავლა გააგრძელა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე კლასიკური არაბულის, ბიბლიური და რაბინული  ებრაულის, უგარიტულის და სხვა ენების განხრით. 1974 წლიდან სწავლას აგრძელებს რომის პონტიფიკალურ უნივერსიტეტში – გრეგორიანა, სადაც 1976 წელს ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხს იღებს, ხოლო 1976 წლიდან ამავე უნივერსიტეტში ეუფლება თეოლოგიას და 1979 წელს ენიჭება თეოლოგიის ბაკალავრის ხარისხი. 1980 წლიდან აღმოსავლურ ლიტურგიკას სწავლობს პონტიფიკალურ ინსტიტუტში – ორიენტალე, რომელსაც ამთავრებს 1984 წელს აღმოსავლური ლიტურგიკის მაგისტრის წოდებით.

1985 წელს მამა ანდრია გახდა მართლმადიდებელი და უკვე  1990 წელს ცნობილი ლიტურგისტის არქიეპისკოპოსის გიორგი ვაგნერის მიერ საფრანგეთის ქ. ტულუზას წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარში იკურთხა მორჩილად, ხოლო 4 წლის შემდეგ პარიზის წმ. სერგის სახელობის ინსტიტუტის წმ. სერგის სახელობის ტაძარში აღიკვეცა ბერად (მცირე სქემა) არქიეპისკოპოსი სერგის (კონოვალოვი) მიერ. სხვადასხვა დროს მსახურობდა სირიაში, იტალიასა და საფრანგეთში, ხოლო 2008 წლიდან მსახურობს იტალიის ქ. პისტოაში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში და წინამძღვარია ამავე ქალაქში არსებული წმ. მამასის სახელობის მონასტრისა.

გამორჩეულია მისი პედაგოგიური მოღვაწეობაც: 1982–1983 წლებში რომის პონტიფიკალურ ინსტიტუტში – ორიენტალე, ასწავლიდა არაბულს. 1990–1997 წლებში ტულუზას (საფრანგეთი) ორ ინსტიტუტში (Institut Catholique; Institut des Sciences et de la Théologie des Religions (I.S.T.R.)) ლექციებს კითხულობდა მართლმადიდებლობაში, ხოლო 1991–1996 წლებში რუსეთის, უკრაინის და რუმინეთის სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში უძღვებოდა ლექციათა კურსს ლიტურგიკასა და აპოლოგეტიკაში. ინგლისურის (მშობლიური) გარდა თავისუფლად ფლობს გერმანულ, რუსულ, ფრანგულ, იტალიურ, არაბულ, ბერძნულ, რუმინულ და სერბულ ენებს. აგრეთვე თავისუფლად კითხულობს ძველ სლავურ, ლათინურ, ძველ ქართულ, სირიულ, ესპანურ კასტილურ და კატალონიურ, ბიბლიურ და რაბინულ ებრაულ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ, პორტუგალიურ, თურქულ, გაგაუზურ და ბულგარულ ენებზე.

მამა ანდრია არის მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, სადაც ერთერთი მთავარი ადგილი უკავია ქართულ წყაროებში დაცულ წერილობით ლიტურგიკულ ძეგლთა კვლევას. ის გახლავთ უძველესი იადგარის სპეციალისტი და ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო საღვთისმეტყველო კონფერენციებზე, მათ შორის საქართველოში.

Print Friendly

Comments are closed.