მარხვების შესახებ

01/07/2016
By

13555573_1158991137454971_1919596718_oავტორი:  ვლასი ფიდასი  “საეკლესიო ისტორია” I ტ, გვ. 949-969, ათენი 2000.

ბერძნულიდან თარგმნა გოჩა ბარნოვმა

ჭეშმარიტი მარხვის თვისება არ განისაზღვრება მხოლოდ მათი სულიერი შინაარსის მიხედვით, არამედ ამ მარხვების გვარით და მათი აღსრულების ქრონოლოგიით. ამიტომაც, ეკლესიამ შემთხვევით არ განსაზღვრა და დაადგინა დრო მარხვებისათვის.

წლის მარხვები იყოფა შემდეგ მარხვებად: ა) კათოლიკე (საყოველთაო), და ბ) სპეციფიკური (ειδικές νηστείες) მარხვები.

კათოლიკე მარხვებს განეკუთვნება 1) ოთხშაბათის და პარასკევის მარხვები; 2) წინასააღდგომო ორმოცდღიანი მარხვა და ვნების კვირის მარხვა. სპეციფიკურ მარხვებს განეკუთვნება: 1) ქრისტეშობის მარხვა, 2) წმიდა მოციქულთა მარხვა, 3) ღვთისმშობლის მიძინების მარხვა და 4) სამი ერთდღიანი მარხვა: ნათლისღების წინა დღე, ჯვართამაღლების და ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე.


დადგენილი კათოლიკე (საყოველთაო) მარხვები

ა) ოთხშაბათი – პარასკევის მარხვა:

როგორც ცნობილია ეს მარხვები დაკავშირებულია მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრებასთან (დიდაქე 8.1). ამ მარხვების შესახებ ცნობებს ვხვდებით ეპიფანესთან (Έκθεσις πίστεως 22), რომელიც განმარტავს ამ მარხვების თვისებას, „რომ ამ მარხვებით ჩვენ ვაღიარებთ უფლის ვნებებს და ჩვენზედ აღსრულებულ გამოხსნას….“. ამ მარხვების შესახებ საუბრობს პალადიოს ჰელენოპოლელი: „ოთხშაბათს უფალი გაცემულ იქნა, ხოლო პარასკევს ჯვარცმული“. მოციქულთა 69–ე კანონი განსაზღვრავს, რომ კლერიკოსი, რომელიც არ იმარხულებს „დიდ მარხვასა და ოთხსაბათ და პარასკევს განკვეთილ იქნეს“1*. იოანე ზონარა ერთ სიბრტყეში განათავსებს დიდ მარხვასა და ოთხშაბათ–პარასკევის მარხვებს. თეოდორე ბალსამონი: „მსგავსად ორმოცდღიანი მარხვისა ოთხშაბათ–პარასკევის მარხვაც განსაზღვრულია, ვითარცა მშრალი მარხვა“ ( Σύνταγμα, 2, 89).

ბ) წინასააღდგომო მარხვა:

1) ვნების კვირის მარხვა: დასაწყისში არსებობდა ერთგვარი განსხვავება ამ მარხვის ხანგრძლივობის შესახებ. ირინეოსის ცნობით (რომის ვიქტორისადმი, ევსებიოსი. საეკლესიო ისტორია, 5, 24) „რადგან არა მხოლოდ დღეების შესახებ არის უთანხმოება, არამედ თვით მარხვის წესის შესახებაც. ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მათ ერთი დღე უნდა იმარხულონ, ზოგიერთები კი – ორი, ზოგი მრავალი, ზოგიერთები კი მათ დღეს დღისა და ღამის ორმოცი საათით ანგარიშობენ. მარხვის დამცველთა ასეთი სიჭრელე ახლა არ წარმოქმნილა, არამედ ჩვენამდე დიდი ხნის წინათ, როდესაც როგორც ჩანს, სიზუსტის დაუცველობით მარტივი და ლიტონი ჩვეულება ეპყრათ მომავალი თაობებისათვის გადასაცემად და ყველა ისინი არა ნაკლებ მშვიდობაში ცხოვრობდნენ და ახლაც მშვიდობით ვცხოვრობთ ერთმანეთთან და მარხვაში უთანხმოება სარწმუნოების ერთსულოვნებას შეამტკიცებს“. მაგრამ მოგვიანებით დგინდება ერთი კვირა, რაც ჩანს დიონისე ალექსანდრიელის ეპისტოლეში ეპისკოპოს ბასილიდესადმი: „ვინაიდან მარხვის ექვს დღესაც ყველა თანასწორად და ერთგვარად ვერ გაატარებს, არამედ ზოგნი საზრდოს გარეშე ატარებენ მას, ზოგნი მარხულობენ მხოლოდ ორ დღეს, ზოგნი – სამსა და ზოგნი – ოთხს, ხოლო ზოგნი არც ერთს…“ ეს მარხვა გამოხატავს მორწმუნეთა ახალი ადამის მორჩილებაში თანამონაწილეობას, ანუ ძველი ადამის მიერ ცოდვით დაცემით გამოწვეული შედეგებისაგან განწმენდაში.

2) ორმოცდღიანი მარხვა  საბოლოოდ ჩამოყალიბდა მე–3 საუკუნის შუა ათწლეულებში, აღმოსავლეთში, სავარაუდოდ მცირე აზიასა და სირიაში. ამ მარხვის სწრაფ გავრცელებას ადასტურებს I მს. კრების მე–5 კანონი: „….ხოლო კრებები იყოს ერთი მარხვამდე, რათა ყოველგვარი სულმოკლეობის აღკვეთით განწმენდილი მსხვერპლი შეეწიროს ღმერთს…“. ამ მარხვის საფუძველს წარმოადგენს მაცხოვრის ორმოცდღიანი მარხვა, ასევე მოსეს და ილიას მარხვები. ორმოცდღიანი მარხვისა და ვნების კვირის მარხვის შეერთების გამო არ არსებობდა მისი ხანგრძლივობის მიმართ ერთგვაროვნება. სოკრატე გვამცნობს, რომ „რომში აღდგომამდე სამი კვირა მარხულობდნენ შაბათ–კვირის გარდა. ილირიასა და ელადაში, ასევე ალექსანდრიაში – ექვსი კვირა აღდგომამდე, ზოგნი აღდგომამდე შვიდი კვირა.“ (ისტ. 5, 22, სოზომენე, ისტ. 7, 19). თავდაპირველად ორმოცდღიანი მარხვა მიიჩნეოდა როგორც წინასამოღვაწეო მარხვა აღდგომის დღესასწაულისათვის. ანასტასი სინელი გამოარჩევს ამ ორ მარხვას ერთმანეთისაგან, რომ ორმოცდღიანი მარხვა მთავრდებოდა ბზობის დღესასწაულზე, ხოლო ვნების კვირას მაცხოვრის ვნების საპატივსაცემოდ ვმარხულობთო (Ερώτησις 64, PG 89, 664). ეპიფანე ბრძანებს, რომ აღდგომამდე ექვს დღეს უზეთოდ ვმარხულობთო (Έκθεσις πίστεως 22). მოგვიანებით ეს გამორჩეულობა ქრება და ხდება ამ ორი მარხვის შეერთება. დასაწყისში დიდმარხვის მიმართ არსებობდა ერთგვარი სირბილე, როგორც ხანგრძლივობის მიხედვით, ასევე ფორმის მიხედვით (სოკრატე, ისტ. 5, 22).

სპეციფიკური მარხვები

ამ მარხვებს ეწოდებათ სპეციფიკური (ან განსაკუთრებული, ან არჩევითი-προαιρετικές νηστείες). მათი განსხვავებულობის გამო დიდმარხვის შინაარსისაგან, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ეს მარხვები მოგვიანებით გამოჩნდა და იმთავითვე სადავო მოსაზრებები არსებობდა მათი სავალდებულოობის შესახებ უბრალო მორწმუნეებისათვის (თუმცა ის მაშინვე სავალდებულოდ მიიჩნიეს მონაზვნებისათვის).

ა) ქრისტეშობის ორმოცდღიანი მარხვა, ან წმინდა ფილიპეს მარხვა – სავარაუდოდ დაარსდა სირიისა და პალესტინის მონასტრებში მე–6 საუკუნისათვის. ის ამ მხარეებში მონოფიზიტი ბერების გამოჩენას უკავშირდება (Corpus Scriptorum Christianorum Orientalum, II, 304…).
მათ შესახებ ცნობებს გვაწვდის ანასტასი სინელიც (მე–7 ს.), როგორც სადავო და არამდგრადი მარხვა, თუმცა მისაღები სამონაზვნო წრეებისათვის და ისიც მსუბუქი ფორმით (იხ.სიტყვა 4, PG 89, 1396 – 1397), ხოლო თეოდორე სტუდიელი მას მიიჩნევს როგორც არამდგრად მარხვას, განკუთვნილს სამონაზვნო წრეებისთვის, და ანასტასი სინელის მსგავსად, მსუბუქ მარხვად ( იხ. Διδασκαλία χρονική Β΄, 6, PG 99,1696).

ბ) წმინდა მოციქულთა მარხვა – ცვალებადი, თავისი ხანგრძლივობით. გამოჩნდა მე –6 საუკუნეში. არსებობდა ადრეული ხანის ცნობა, რომ იყო ერთკვირიანი მარხვა სულთმოფენობის შემდეგ (Αποστολικαί Διαταγαί V, 20, 14). მე–6 საუკუნის მონოფიზიტურ სირიულ წრეებში ეს მარხვა უკვე იწოდებოდა მოციქულთა მარხვად (Corpus Scriptorum Christianorum Orientalum, Scriptores Syri, II, 91, გვ. 51; Assemani, Biblioteca Orientalis, II, 304).
ამ მარხვის შესახებ ანასტასი სინელი საუბრობს, როგორც არამდგრადი და სადავო (Λόγος 4, PG 89, 1396 – 1397). თეოდორე სტუდიელი ამბობს, რომ ეს მარხვა სამონასტრო წრეებისთვისააო ( მსუბუქი ფორმით) (იხ. Διδασκαλία χρονική Δ΄, 6, PG 99, 1696 – 1697).

გ) მიძინების მარხვა გამოჩნდა მოგვიანებით, დაახლოებით მე–8 საუკუნეში; და არა ამგვარი სახელწოდებით, არამედ როგორც გაგრძელება მოციქულთა მარხვისა, რომელიც უკვე არსებობდა მონოფიზიტურ სამონაზვნო წრეებში. ანასტასი სინელი ამბობს, რომ მართლმადიდებელი მონაზვნებიც მარხულობდნენო (მოციქულთა მარხვას) ვიდრე ღვთისმშობლის მიძინებამდე. მაგრამ წმიდა მამების მიერ შემოკლდაო (იხ. სიტყვა 4, PG 89, 1397). თეოდორე სტუდიელი ამბობს, რომ იყო მსუბუქი მარხვა მონაზვნებისთვის (Διδασκαλία χρονική Δ΄, 6 PG 99, 1697).

დ) ერთდღიანი მარხვები (ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე, ნათლისღების წინა დღე და ჯვართამაღლება) არის მოგვიანებითი ხანის: თეოდორე სტუდიელი არ იცნობს ნათლისმცემლის თავისკვეთის მარხვას (Διδασκαλία χρονική ΙΑ, 6 PG 99, 1701), თუმცა დანარჩენ ორს ახსენებს (Διδασκαλία χρονική ΣΤ΄, Ζ΄, PG 99, 1696–1697). თეოდორე სტუდიელი გვამცნობს, რომ „მონაზვნები ჯვრის სადიდებლად იმარხვიდნენ თოთხმეტ დღეს, ერის ნაწილი თორმეტ დღეს, მაგრამ თვით ჯვართამაღლებას ყველა მარხულობდა“ (14 სექტემბერს) (Διδασκαλία χρονική ΣΤ΄, PG 99, 1696).

განსხვავება საყოველთაო და სპეციფიკურ მარხვებს შორის

განსხვავება, რომელიც არსებობს კათოლიკე (საყოველთაო) მარხვებსა და სპეციფიკურ მარხვებს (ქრისტეშობას, მოციქულთა და მიძინების) შორის, ადასტურებს მათ განსხვავებულ თეოლოგიურ შეფასებას და ეკლესიის საკრამენტულ ცხოვრებაში. ეს წარმოჩინდება შემდეგი დამოწმებებით:

პირველი: დიდი მარხვის განმავლობაში მკაცრადაა აკრძალული საღვთო ევქარისტიის შესრულება, გარდა შაბათ–კვირისა. ამგვარი აკრძალვა არ არსებობს სპეციფიკური მარხვების შემთხვევაში (ქრისტეშობის, მოციქულთა და მიძინების). მართლაც, ლაოდიკიის კრების 49–ე კანონი: „არა ჯერ არს მსხვერპლშეწირვა ორმოცდღიანი მარხვის დროს“. ეს მეორდება ტრულის 52–ე კანონითაც. იოანე ზონარა ამბობს, რომ სამარხვო დღეები გლოვის დღეებია… და დადგენილ იქნა ცოდვების გამოსყიდვისათვის. მსხვერპლშეწირვა კი სადღესასწაულო და სასიხარულო დღეა, ხოლო გლოვის დღეებში როგორღა იქნება ეს შესაძლებელი (Σύνταγμα, 2, 427). საპირისპიროდ, სპეციფიკური მარხვების დროს ამგვარი შეზღუდვა არ არსებობს. თეოდორე ბალსამონი ამ აკრძალვის შესახებ საუბრისას მხოლოდ დიდ (სააღდგომო) მარხვას ახსენებს (Σύνταγμα 2, 428).

მეორე: წინასააღდგომო მარხვის განმავლობაში არ აღინიშნება წმინდანთა ხსენების დღეები მათი სადღესასწაულო თვისების გამო. ლაოდიკიის 51–ე კანონი: „ მარხვაში არ უნდა გადავიხადოთ წმინდა მოწამეთა დღესასწაულები, მათი მოსახსენებელი უნდა იყოს შაბათსა და კვირას“. თეოდორე ბალსამონი ამბობს, რომ მამების განგებით მოწამეთა არც ხსოვნის, არც დაბადების დღის აღნიშვნა დიდი ორმოცდღიანი მარხვის დროს არ შეიძლება (Σύνταγμα 2, 219). იოანე ზონარაც იმეორებს, რომ მოწამეთა დღეები სადღესასწაულო განწყობილებისააო, და გლოვის დღეებში მათი აღსრულება არ შეიძლება. (იხ.Σύνταγμα 2, 427 ). სპეციფიკური მარხვების შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი აკრძალვა.

მესამე: საღვთო ევქარისტიის აკრძალვიდან გამომდინარე იკრძალება ხელდასხმა (ნებისმიერი ხარისხში). თეოდორე ბალსამონი: „დადგენილია…ნუ შესრულდება საღვთო მსახურება ორმოცდღიანი მარხვის დღეებში, გარდა შაბათისა და კვირის, და ხარების დღესასწაულისა. მხოლოდ ამ დღეებში, როდესაც აღესრულება საღვთო ევქარისტია, შესრულდება ხელდასხმაც…“ (იხ. Ερωτήσεις-Αποκρίσεις, νστ΄, PG 138, 1004), საპირისპიროდ, სპეციფიკური მარხვების პერიოდში ამგვარი წესები არ მოქმედებს და დაუბრკოლებლად აღესრულება როგორც საღვთო ევქარისტია, ისე ქიროტონიაც ნებისმიერ ხარისხში.

მეოთხე: დიდმარხვის დღეებში ნათლობის საიდუმლო ნებადართულია მხოლოდ იკონომიით და საგანგებო შემთხვევებისათვის. ლაოდიკიის კრების 45–ე კანონი: „ორმოცდღიანი მარხვის ორი კვირის შემდეგ არ შეიძლება მოსანათლად მიღება“. თეოდორ ბალსამონი აღნიშნავს, რომ „წმინდა ნათლობა უფლის დაფლვისა და აღდგომის სახეა, ამიტომაც დაკანონებულია მისი აღსრულება დიდ შაბათს.“ (იხ.Σύνταγμα 3, 212). ამგვარი მკაცრი განწესებანი არა მხოლოდ უცნობია, არამედ უცხოა სხვა სპეციფიკური მარხვების შემთხვევაში.

მეხუთე: საეკლესიო პანაშვიდები იკრძალება დიდი მარხვის განმავლობაში. თეოდორე ბალსამონი ლაოდიკიის 51–ე კანონის განმარტებისას ამბობს, რომ არც მოსახსენებლები არ სრულდება გარდა შაბათისა (იხ. Σύνταγμα, 3, 219).

მეექვსე: იკრძალება ქორწინების საიდუმლოს შესრულება ლაოდიკიის 52–ე კანონის თანახმად („მარხვაში არ უნდა გადავიხადოთ დაბადების დღე და ქორწილი“). ამგვარი აკრძალვა არ ვრცელდება სპეციფიკურ მარხვებზე (იხ. თეოდორე ბალსამონი, Ερωτήσεις-Αποκρίσεις, νε΄, PG 138, 1004). საზოგადოდ, ქორწინების აკრძალვა დაკავშირებულია მარხვის დროს მორწმუნეთა თავშეკავებულობასთან (Ερωτήσεις-Αποκρίσεις, ν΄, PG 138, 997).

ეს განსხვავებები, რომლებსაც საეკლესიო ცნობიერება ანიჭებდა ამ მარხვებს მიემართება არა მხოლოდ ამ მარხვების სიმკაცრეს, არამედ მათ გავრცელებასაც მთელს საეკლესიო ცხოვრებაზე. საყოველთაო მარხვები დადგინდა ყველა მორწმუნისათვის, როგორც სავალდებულო მსოფლიო კრებების მიერ ( I მს. კრ. მე–5 კანონი, ტრულის 29, 52, 89 კანონები, მოციქ. 69–ე, ლაოდ. 49, 50, 51, 52, დიონისე ალექსანდრიელის 1, პეტრე ალექს. მე–15, ტიმ. ალექს. 8, 10), რაც დასტურდება ასევე წმინდა მამათა თხზულებებით და ჰიმნოგრაფიით. სპეციფიკური მარხვები კი მიუხედავად იმისა, რომ გამოჩნდა მე–6 – მე–8 საუკუნეებში მონოზონთა წრეებში, მაშინვე იწყებს გავრცელებას; მოგვიანებით ეს მარხვები თანდათანობით დაწესდა ეკლესიაში, მაგრამ არ დაკანონდა მთელი საეკლესიო სავსებისათვის საყოველთაო მარხვების დონეზე. მათი სავალდებულო ხასიათი დროდადრო სადავო ხდებოდა საეკლესიო სავსებისათვის.

სპეციფიკური მარხვების საეკლესიო სადავოობა

მე–7 საუკუნეში სინას მთის იღუმენი და მოგვიანებით ანტიოქიის პატრიარქი ანასტასიოს სინელი აღწერს და ამავე დროს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ზოგიერთი იერარქის, არამედ მონაზვნების საწინააღმდეგო მოსაზრებას შობისა და მოციქულთა ორმოცდღიანი მარხვების დაწესების შესახებ; „რომ გამოჩნდნენ ზოგიერთნი არა მხოლოდ ერისკაცთაგან, არამედ ეპისკოსებისაგანაც, რომელნიც ამბობენ რომ მხოლოდ ერთია დიდი მარხვა (აღდგომის), ხოლო ქრისტეშობის, ფილიპეს მარხვად წოდებულს და მოციქულთა ხსენების წინა მარხვა – არა, თუმცა ზოგი მათგანი შობამდე 18 დღე თავს იკავებდაო ხორცის ჭამისგან, ასევე ყველის და კვერცხის, ზოგნიც მხოლოდ ხორცისგანო, ზოგნიც 12 დღე იმარხვიდნენ და სხვებსაც თან წაიყოლებდნენო“. (იხ. Λόγος Δ΄, PG 89, 1392). ანასტასიოს სინელის ეს მოსაზრება არ არის მტკიცე და სანდო, რადგან ქრისტეშობის მარხვისათვის იმოწმებს აპოკრიფულ ძეგლს: „Περίοδοι Φιλίππου“, (PG 89, 1396–1397), ხოლო მოციქულთა მარხვისათვის კი – „სამოციქულო განწესებანს“,რომელშიც ანასტასიოსი უცნაურად წყვეტს ტექსტის შინაარსს მარხვის ხანგრძლივობასთან მიმართებაში, სადაც საუბარია მხოლოდ ერთკვირიან მარხვაზე. „სამოციქულო განწესებანში“ წერია, რომ: „სულთმოფენობის შემდეგ იმარხულეთ ერთი კვირა“. როგორც ზემოთ ვთქვით, ანასტასიოსი უცნაურად წყვეტს ტექსტის მსვლელობას („და ამის შემდეგ იმარხულეთ“) და წარმოაჩენს მოციქულთა მარხვას განუსაზღვრელი დროით; სავარაუდოდ იმისთვის, რათა დაემტკიცებინა მას თავისი მოსაზრება მოციქულთა მარხვის ორმოცდღიანობისა. ანასტასიოს სინელმა მშვენივრად იცოდა, რომ ამ პერიოდისათვის ხდებოდა თანხვედრა მართლმადიდებელი მონაზვნების მარხვისა მწვალებელ მონაზონთა (მონოფიზიტები, სომხები, ნესტორიანელები) მარხვასთან, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, და ანასტასიოსი იქვე დაამატებს, რომ „წმინდა მამების მიერ იქნაო შეკვეცილი ეს მარხვა ამ დამთხვევის გამო“. ეს სიფრთხილე ამ მარხვასთან მიმართებაში ეკლესიის მიერ დაცულ იქნა ვიდრე მე–12 საუკუნემდე. ეს დამოწმდება ეკლესიის ოფიციალური პოზიციით.

მე–12 საუკუნეში თეოდორე ბალსამონი მოც. 69–ე კანონის განმარტებისას წერს: „ჭეშმარიტად ერთია მარხვა, ორმოცდღიანი აღდგომისა, თუმცა იყო სხვა მარხვებიც – შობის, მოციქულთა და მიძინების – რომელთა დაცვაც არ იყო საყვედრებელი“ (სიტყვა–სიტყვით „არა გვრცხუენის“-οὐκ αἰσχυνθησόμεθα). ცნობილი კანონოლოგის ეს დამოწმება აშკარად წარმოაჩენს და ნათელს ხდის ამ მარხვების (ქრისტეშობის, მოციქულთა, მიძინების) საეკლესიო პრობლემატიზმს მათ კანონიკურ დამკვიდრებასთან მიმართებაში.

ეს სიფრთხილეები ეკლესიის მხრიდან დაფიქსირებულია ოფიციალურ სინოდურ დადგენილებებში:

1) კონსტანტინოპოლის ენდიმუსა კრება პატრიარქ ნიკოლოზ მე–3 დროს (1084–1111) შეეხო ამ მარხვების კანონიკურობის თემას. მონაზონთა შეკითხვაზე, რომელნიც კონსტანტინოპოლის გარეუბნებში მოღვაწეობდნენ, საჭირო იყო თუ არა აგვისტოში მარხვის დაცვა. ამ ენდიმუსა კრების პასუხი იყო უარყოფითი: „ეს მარხვა, ადრე ამ დროს აღინიშნებოდა, ხოლო შემდეგ გადატანილ იქნა სხვა მწვალებლურ მარხვასთან დამთხვევის გამო, თუმცა ბევრნი ერისკაცთაგანნიც იცავდნენ ამ მარხვას“ (PG 138, 940). მაშასადამე, ჯერ კიდევ მე–12 საუკუნეში მიძინების მარხვა არ იყო სავალდებულო ხასიათის, არამედ არჩევითი (προαιρετική) ყოველ შემთხვევაში ერისკაცებისთვის. თუმცა ეს კრება ამ მარხვას წინა პერიოდისათვის მიიჩნევს როგორც დადგენილ მარხვას, მაგრამ მონაზვნებისათვის („ეს მარხვა ადრე ამ დროს აღინიშნებოდა“). მოგვიანებით ის გადატანილ იქნა საეკლესიო განწესებით სხვა დროს ან შეეთვისა სხვა თხუთმეტდღიან მარხვას (სავარაუდოდ პატიოსანი ჯვრის ამაღლების) ერეტიკოსების მარხვასთან დამთხვევის გამო. ამ ენდიმუსა კრების „პასუხი“ ნათელს ხდის რომ დადგენილი სპეციფიკური მარხვა შესაძლებელი იყო საეკლესიო გადაწყვეტილებით ერთის მხრივ, გადატანილ ყოფილიყო სხვა დროს, და მეორეს მხრივ, მას დაეკარგა სავალდებულო ხასიათი არა მხოლოდ უბრალო მორწმუნეებისთვის, არამედ მონაზვნებისათვისაც, და დარჩენილიყო როგორც არჩევითი ტიპის მარხვა, რაც ყოვლად დაუშვებელი და წარმოუდგენელია საყოველთაო მარხვებთან მიმართებაში (წინასააღდგომო ორმოცდღიანი მარხვა, ოთხშაბათ–პარასკევის მარხვა).

2) სპეციფიკური მარხვების თემა განხილულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის ლუკა ქრისოვერგის (1156–1180) დროს ადგ. კრებაზე. კრებას ესწრებოდა იმპერატორი მანუილ I კომნენი (1143–1184). კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ამ მარხვების შესახებ, სადაც ვკითხულობთ, რომ „სამგზის ქორწინებულებს ეძლევათ ნება ეზიარონ აღდგომას, შობას და მიძინებას და ანალოგიურად იმარხულონ“. იქვე ვკითხულობთ, რომ შობის მარხვის დასაწყისად მიიჩნიეს 14 ნოემბერი, ხოლო მიძინებისა 1 აგვისტო. გარდა ამისა, საუბარია, რომ ეს არის გადმოცემული ზეპირი ფორმით, და რომ მანამდე არ ყოფილა წერილობითი განჩინება (იხ. Θεοδώρου Βαλσαμῶνος, Ἐρώτησις Γ΄, PG 138,941). კრება არაფერს ამბობს მოციქულთა მარხვის შესახებ.

3) თუმცა ამ კრებამ დაადგინა ეს მარხვები (ქრისტეშობის და მიძინების) – არა სავალდებულოდ ერისკაცებისთვის, მაგრამ სავალდებულოდ მონოზვნებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ სტუდიის მონასტერში ეს მარხვები დადგენილი იყო და იცავდნენ, ამ ენდიმუსა კრებამ მაინც არ ცნო სავალდებულო მარხვებად ერისკაცებისათვის. მაგრამ, იქვე სინოდური განჩინებით, ადგილების მიხედვით ეპისკოპოსს ჰქონდა იკონომიის გამოყენების უფლება ამ მარხვებთან მიმართებაში როგორც შერბილებული, ისე გამკაცრებული ფორმით. (ხანგრძლივობის საკითხში). (იხ. PG 138,941).

4) იგივე საკითხი აინტერესებთ სხვა სამონაზვნო წრეებსაც, კერძოდ, ქალკედონის ახლოს ავქსენტიოსის მთის სამონასტრო ცენტრის ერთ–ერთ განათლებულ და სწავლულ მონაზონს – თეოდოსიოსს, რომელიც კითხვით მიმართავს ანტიოქიის პატრიარქს თეოდორე ბალსამონს. ანტიოქიის პატრიარქმა ეპისტოლეთი გააცნო თეოდოსიოსს ეკლესიის კანონიკური პოზიცია ამ თემასთან მიმართებაში.

5) ალექსანდრიის პატრიარქი მარკოზი (; – 1174) თავის „კანონიკურ შეკითხვებში“ ეკითხება ანტიოქიის პატრიარქს თეოდორე ბალსამონს, თუ რამდენად საჭიროა ამ სპეციფიკური მარხვების დაცვა, რაზეც თეოდორე ბალსამონი პასუხობს, რომ მათ ღებულობს აუცილებელ მარხვებად მონაზვნებისთვის, და არა უბრალო მორწმუნეებისთვის, რომელთათვის განისაზღვრა შვიდი დღე ამ დღესასწაულებამდე. ალექსანდრიის პატრიარქის ეს შეკითხვა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იმ დროისათვის ქრისტეშობისა და მიძინების მარხვები ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი როგორც აუცილებელი ან სავალდებულო მარხვები ერისკაცებისთვის.(PG 138, 1001).

6) ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი, რომელიც იყო ამ და მსგავსი მსჯელობების ეპიცენტრი, გარკვეული ძიებებისა და გამოკვლევების საფუძველზე დაასკვნის, რომ სპეციფიკური მარხვები (ქრისტეშობის, მოციქულთა და მიძინების) არის აუცილებელი (სავალდებულო) მარხვები მონაზვნებისათვის, და არა უბრალო მორწმუნეებისათვის, რომელთათვისაც სავალდებულოდ განისაზღვრა ერთკვირიანი მარხვები ამ დღესასწაულებამდე (იხ. PG 138–941). 7) თეოდორე ბალსამონმა თავისი პოზიცია დააფიქსირა ამ მარხვების (ქრისტეშობის, მოციქულთა და მიძინების) შესახებ თავის ცირკულარში, სადაც წერია, რომ ეს მარხვები სავალდებულოდ უნდა დაიცვას ყველა მორწმუნემ (კლერიკოსები, მონაზვნები, და ერისკაცები), რომელთაც იმავდროულად საკუთარი არჩევანით (ἑκοντί) შეეძლებათ განსაზღვრონ მათი ხანგრძლივობა. ეს რეგულაცია არ აუქმებდა სამონასტრო წრეებში ამ მარხვების ინსტიტუტს, სადაც მათივე ტიპიკონებით განისაზღვრებოდა ამ მარხვების ხასიათი. ეს კანონიკური პოზიცია დააფიქსირა თეოდორ ბალსამონმა ალექსანდრიის პატრიარქ მარკოზისადმი (PG 138,1001).

დ ა ს კ ვ ნ ა

1) მარხვა ორგანულადაა შერწყმული ქრისტეში საღვთო გამოცხადების მთლიან სულისკვეთებასთან. მარხვა მიემართება ერთი მხრივ, ძველი ადამის ურჩობის განკურნებას ახალი ადამის მორჩილებაში თანამონაწილეობით, მეორე მხრივ, თითოეული მორწმუნის ქრისტეში მორჩილების მოღვაწეობას. მარხვაში მონაწილეობით მორწმუნე „თანაევნება“ ქრისტესთან, ხდება „თანამონაწილე ქრისტეს აღდგომისა“, „ქრისტეში ცხოვრების მემკვიდრე“. მარხვის ქრისტეცენტრული გაგება წარმოადგენს დადგენილი კათოლიკე მარხვების თეოლოგიურ საფუძველს (ვნების კვირა, ორმოცდღიანი მარხვა, ოთხშაბათის და პარასკევის მარხვები). მარხვა მხოლოდ მორწმუნეების სულიერი ღვაწლი როდია, არამედ ის მორწმუნეთა ქრისტეში ცხოვრების არსებითი ფაქტორიცაა; ხოლო, რაც შეეხება სპეციფიკურ მარხვებს, ისინი დაწესდა უპირატესად მონოზონთა „ანგელოზებრივი მოქალაქეობის“ სულიერი ღვაწლისათვის, თუმცა გარკვეულწილად ზეგავლენა მოახდინა უბრალო მორწმუნეთა ცხოვრებაზეც. განსხვავებულად, კათოლიკე მარხვები დადგინდა როგორც სავალდებულო ქრისტიანებისთვის მსოფლიო კრებების მიერ.

2) სპეციფიკური მარხვები ძირითადად მონაზონთა სამოღვაწეო მიზანს ემსახურება, ხორციელი ვნებების მოკვდინებისათვის. ამიტომაც, ეს მარხვები სავალდებულოდ ითვლებოდა (VI-XII სს) მხოლოდ მონაზონთათვის, ხოლო უბრალო მორწმუნეებისთვის არჩევითად.

3) საკვებისა და სასმელის საკითხი, როგორც დადგენილი წესი პირველ ათასწლეულში შეეხებოდა მხოლოდ კათოლიკე მარხვებს. ხოლო, რაც შეეხება სპეციფიკურ მარხვებს, მათი საკვებისა და სასმელის საკითხი განისაზღვრებოდა თითოეული მონასტრის საკუთარი ტიპიკონის მიხედვით. იოანე დამასკელის ეპოქამდე კათოლიკე მარხვების საკვების საკითხი განისაზღვრებოდა შემდეგი პირობებით: ა) გარკვეული დღეები, როცა მოითხოვებოდა სრული უარი საკვებზე (ორი ან სამი დღე ვნების კვირაში); ბ) მშრალი საკვებით (უზეთო) მეცხრე ჟამის შემდეგ ანუ შუადღის სამი საათის შემდეგ, თუმცა თავდაპირველად ზეთით და ღვინით, მეგრამ მე–8 საუკუნიდან, ყოველ შემთხვევაში მონასტრებში, ზეთისა და ღვინის გარეშე. გ) სრული უარი საკვებზე მეცხრე ჟამამდე, ყოველდღე, განსაკუთრებით დიდ პარასკევს და დ) შაბათსა და კვირას წყდებოდა ქსიროფაგია, მაგრამ მარხვა არ წყდებოდა. ამ გზით უნდა მიმსგავსებოდნენ პირველქმნილებს ანუ არ უნდა ეჭამათ ის საკვები, რაც არ იყო სამოთხეში.

4) აკრძალული საკვების კვალიფიკაცია შეიძლება ჩამოვთვალოთ წყაროების მიხედვით მძიმიდან მსუბუქისაკენ: ა) ხორცი (პირუტყვის და ფრინველის); ბ) ცხოველთა და ფრინველთა ნაყოფი (რძე, კვერცხი); გ) თევზი; დ) ზეთი; ე) უსისხლონი (ზღვის ცხოველები – ე.წ. See Food). (Θεοδώρου Στουδίτου, Διδασκαλία Χρονική, ε΄-θ΄, PG 99, 1696–1701).
იოანე დამასკელის ეპოქამდე დიდ მარხვაში ამ საკვებიდან იკრძალებოდა – ხორცი (ცხოველის და ფრინველის), ცხოველის და ფრინველის ნაყოფი – გარდა ყველიერისა, ყველიერის კვირაში ნებადართული იყო თევზიც.
თევზი ნებადართული იყო მონასტრებშიც ხარების, ლაზარეს შაბათის და ბზობის დღესასწაულებზე. (PG 99,1700-1701), თუმცა ამ დღეებში იკრძალებოდა ყველი და კვერცხი. იოანე დამასკელი წერს, რომ უბრალო მორწმუნეებისათვის ნებადართული იყო თევზი დიდი მარხვის განმავლობაში არასამარხვო დღეებში (შაბათ–კვირას). გარდა ამისა,  ა) დიდ მარხვაში მთელი დღე ვიდრე საღამომდე სრული განშორება საკვებისაგან,  ბ) ექვსი კვირის განმავლობაში, ყველიერის შემდეგ იკრძალებოდა კვერცხი, ყველი და თევზი (Περὶ τῶν ἁγίων νηστείων, PG 95,69), რაც დასტურდება ტრულის 56–ე კანონით. მართლაც, თეოდორე ბალსამონი ამბობს, რომ მიუღებელია დიდ მარხვაში ზოგიერთების მიერ ოთხშაბათ – პარასკევს თევზის მიღებაო, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ არასამარხვო დღეებში (შაბათ–კვირას) თევზი ნებადართული იყო. იოანე დამასკელის მიხედვით თევზის ჭამა აშკარად უფრო მსუბუქი გახსნილებაა ვიდრე რძითა და კვერცხით, რომელიც ნებადართული იყო ყველიერის კვირაში. აქედან გამომდინარეობს ის მომენტიც, რომ თევზი ნებადართული იყო ხარების, ლაზარეს შაბათს და ბზობის კვირას (Θεοδώρου Στουδίτου, Διδασκαλία Χρονική, θ΄, PG 99, 1700–1701), მაშინ, როცა ამ დღესასწაულებზე არ იყო ნებადართული რძე და კვერცხი.
იოანე დამასკელი მიანიშნებს, რომ თევზი არ იკრძალებოდა ერისკაცებისთვის, ყოველ შემთხვევაში არასამარხვო დღეებში (შაბათი, კვირა), იგი ამბობს, რომ: ა) ეს მარხვა იყო სრული უჭმელობა დილიდან საღამომდე და თავის შეკავება „ღვინისაგან და ხორცისაგან“, და ბ) ექვსი კვირის განმავლობაში, ყველიერის შემდეგ, განისაზღვრებოდა „კვერცხის და ყველის, ხორცის აკრძალვა“ და არა თევზის (Περὶ τῶν ἁγίων νηστείων, PG 95, 96). ე. ი. დასტურდება როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტრულის 56–ე კანონის დადგენილება. მართლაც, თეოდორე ბალსამონი არ იწონებს ზოგიერთთა წესს, რომლებიც დიდი მარხვის განმავლობაში ჭამდნენ თევზს „ოთხშაბათ–პარასკევს“ (ΡΠ III, 217), ანუ მთელი ეს ფაქტები ადასტურებენ, რომ თევზი იჭმეოდა დიდი მარხვის მხოლოდ არასამარხვო დღეებში. ამავე ფაქტს ადასტურებს ლაზარეს შაბათის და ბზობის თევზით გახსნილება, რითაც საბოლოოდ იხურებოდა თევზის ნებართვა დიდ მარხვაში. დედოფალ ირინეს დუკენას (1120) ტიპიკონში ზოგიერთ მონაზონ ქალს თხოვნის საფუძველზე თევზის მიღების ნებას აძლევდნენ შაბათ–კვირას (PG 127, 1065–1068). უბრალო მორწმუნეებისათვის თევზის აკრძალვა დიდმარხვის შაბათ–კვირას არის მოგვიანებითი ხანის დადგენილება.

5) სპეციფიკური მარხვების ხანგრძლივობის მთავარი კრიტერიუმი უეჭველად იყო სამოძღვრო პასუხისმგებლობა ეპისკოპოსისა, რაც დასტურდება მე–12 საუკუნის კრებების დადგენილებებით. ახალი მარხვების დადგენის საეკლესიო კრიტერიუმი იყო სამოძღვრო დიფერენციაცია, რომელიც განისაზღვრებოდა არა მხოლოდ მორწმუნეების „არაგულმოდგინეობით“ ან „უძლურებით“, არამედ მარხვის თეოლოგიური კონცეპტისაგანაც. ლუკა ქრისოვერგის დროს ენდიმუსა კრებამ ქრისტეშობისა და მიძინების მარხვების დადგენისას ადგილობრივ ეპისკოპოსებს მიანიჭა ფართო უფლებები არა მხოლოდ ამ მარხვების დროს საკვებსა და სასმელზე, არამედ მათი ხანგრძლივობის დარეგულირებაზეც. იოანე დამასკელი ეწინააღმდეგება დიდი მარხვის შემდეგ მარხვის ერთი კვირით დამატებას (Περὶ τῶν ἁγίων νηστείων 6, PG 95, 72).

6) ეკლესის არ დაუდგენია რაიმე მკაცრი წესი სპეციფიკური მარხვების არჩევასთან დაკავშირებით, პირიქით, მან სამოძღვრო წესით განსაზღვრა ამ მარხვების შინაარსი ნებისმიერი საგანგებო სულიერი მდგომარეობისათვის (Θεοδώρου Βαλσαμῶνος, Ἐρωτήσεις-‘Αποκκρίσεις νγ΄, PG 138, 1001).

_______________________________________________

1* – “უკეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან, ანუ კერძო დიაკონმან, ანუ წიგნის მკითხველმან ანუ მგალობელმან წმინდანი ორმეოცნი არა იმარხნეს, ანუ ოთხშაბათი და პარასკევი, განიკუეთენ, არა თუ ხორციელისა უძლურებისაგან დაიხსნებოდის, ხოლო ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმენინ“.

Print Friendly

Comments are closed.