წმინდა გრიგოლ პალამა და მამათა ტრადიციები ნაწილი 1

18/10/2016
By

12303931_920117508066742_3019152735810456920_oავტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი (ორიგინალი)

გიორგი გველესიანის თარგმანი (ჟურნალი “გული გონიერი”)

შინაარსი:

მამათა კვალდაკვალ,

მამათა სულისკვეთება,

პატრისტიკული თეოლოგიის ეგზისტენციალური ხასიათი,

მამათა ეპოქის მნიშვნელობა

 

მამათა კვალდაკვალ

`მივსდიოთ წმინდა მამებს~… ჩვეულებრივ, ამ ფრაზით იწყებოდა უძველეს ეკლესიაში სხვადასხვა დოგმატური განმარტება. ეს სიტყვები უძღოდა წინ ქალკედონის კრების დოგმას. VII მსოფლიო საეკლესიო კრებამ უფრო დეტალურად განმარტა თავისი სწავლება: `მივსდიოთ ღვთივგანბრძნობილ წმინდა მამათა სწავლებებსა და კათოლიკე ეკლესიის ტრადიციას~. მამათა სწავლებებზე მითითება ჩვეულებრივი მოვლენაა საეკლესიო პრაქტიკაში.

ეს იყო იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ `აპელირება სიძველისადმი~. ნამდვილად, ეკლესია დასაბამიდან ხაზს უსვამს სარწმუნოების უცვალებლობას თაობიდან თაობაში. ჩვენ გვწამს ის, რაც სწამდათ მოციქულებს, ეს არის ჭეშმარიტი რწმენის უტყუარი ნიშანი, რომელიც მარადიულად უცვლელია, თავისთავად სიძველე არ წარმოადგენს ჭეშმარიტების გარანტს. უფრო მეტიც, ქრისტიანობა იყო აშკარად გასაოცარი სიახლე `ანტიკური სამყაროსათვის~ და მოწოდება რადიკალური `განახლებისკენ.~ ძველი დასრულდა და ყველაფერი  `განახლდა~. ამას გარდა, ერესებიც აპელირებდნენ წარსულზე და მოუხმობდნენ თავიანთი `გადმოცემის~ ავტორიტეტულობას.  ერეტიკოსები ხშირად ეფუძნებოდნენ წარსულს. ძველებურ ფორმულირებებს ხშირად შეეძლო ცდომილება გამოეწვია. თავად ბიკენტ ლირინელი კარგად აცნობიერებდა ამ საფრთხეს: `რა საოცარია, ავტორთა მოსაზრებები აღიარებულია მართლმადიდებლურად, ხოლო მათი მიმდევრები _ ერეტიკოსებად. მასწავლებლები გამართლდნენ, ხოლო მოწაფეები განკითხულნი არიან. თხზულებათა ავტორები დაიმკვიდრებენ ცათა სასუფევლს, ხოლო მათი მიმდევრები _ გეჰენიას~ (Commonitorium, cap. 6). ბიკენტის უდავოდ მხედველობაში ჰქონდა წმინდა კვიპრიანე და დონატისტები. თავად წმინდა კვიპრიანეც ჩავარდნილა იდენტურ მდგომარეობაში. `სიძველე~, როგორც ასეთი, შეიძლება აღმოჩნდეს გამოუსწორებელი შეცდომა: `რადგან სიძველე ჭეშმარიტების გარეშე არის ძველი შეცდომა~[nam antiquitas sine veritate vetustas erroris est] (Epist. 74). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, `სიძველე~ და `ჩვეულება~ არ არის ჭეშმარიტების გარანტი. `ჭეშმარიტება~ არ არის ჩვეულება.

ჭეშმარიტი ტრადიცია ჭეშმარიტების გადაცემას გულისხმობს [traditio veritatis]. .ეს გადმოცემა, წმინდა ირინეოსის თანახმად, წარმოდგება და დამტკიცდება ჭეშმარიტების უტყუარი მადლით, რომელიც ეკლესიაშია დასაბამიდანვე და დაიცვება საეპისკოპოსო მსახურების უწყვეტელობით. საეკლესიო ტრადიცია არ არის ადამიანური გონების ნაყოფი. ადათებისა და წესებისადმი ერთგულება, ეს არის ცოცხალი ტრადიცია, რომელსაც არ შეიძლება, მივუსადაგოთ მკვდარი წესების ენა [inter mortuas regulas]. საბოლოო ანალიზით, ტრადიცია სულიწმინდის გამუდმებული მყოფობაა ეკლესიაში, განუწყვეტელი საღვთო წინამძღოლობა და განათლება. ეკლესია არ არის შემოსაზღვრული `წერილით~, არამედ მას წინ მიუძღვის სულიწმიდა, რომელიც მეტყველებდა წინასწარმეტყველთა მიერ და  მიუძღოდა მოციქულებს. იგივე სულიწმიდა კვლავ უწყვეტად მიუძღვის ეკლესიას დიდებიდან დიდებისაკენ, ღვთაებრივი ჭეშმარიტების სრული შეცნობისაკენ.

`წმინდა მამათა მიდევნება~ – ეს არ არის ფორმულირებებისა და თეორიების აბსტრაქტული ტრადიცია. უპირველესად, ეს არის წმინდა დამოწმებები (holy witnesses). ჩვენ ხომ მივმართავთ მოციქულებს და არა აბსტრაქტულ `აპოსტოლურობას~. მსგავსი მოქმედების წესს მივმართავთ მამებთან დაკავშირებითაც. წმინდა მამათა დამოწმება სიღრმისეულად და არსებითად განეკუთვნება მართლმადიდებლურ რწმენას. ეკლესიაში დაცულია როგორც მოციქულთა ქადაგებები, ასევე მამათა სწავლებები. ამის დასადასტურებლად ჩვენ შეგვიძლია მოვიხმოთ, სავარაუდოდ, რომანოზ მელოდოსის სახელით ცნობილი კონდაკი: `მოციქულთა ქადაგებაი და მღდელთმთავართა მოძღვრებაი სწორად ბეჭდად სარწმუნოებისა და კვართად  საღმრთოდ ღმრთისმსახურებისა ქრისტეს ეკლესიასა ბრწყინვალედ ჰმოსიეს და  მართმადიდებლობით ადიდებს დიდსა და უბიწოსა ღმრთისმსახურებისა საიდუმლოსა~.

 

მამათა სულისკვეთება

ეკლესია არის სამოციქულო, მაგრამ ეკლესია ასევე არის  `პატერიკულიც~. ის არის `მამათა ეკლესია~. ეს ორი განსაზღვრება განუყოფლადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. წმინდა მამების გარეშე ეკლესია ვერ იქნება ჭეშმარიტად `სამოციქულო~. მამათა დამოწმება არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა, არც რაიმე წარსულის გამოძახილი. გადასვლა ქადაგებიდან დოგმაზე შინაგანი მოთხოვნილებაა. რა თქმა უნდა, მამათა სწავლება და ეკლესიის დოგმა არის ისევ ის `მარტივი გზავნილი~, რაც  დააფუძნეს და დაგვიტოვეს მოციქულებმა. სამოციქულო ქადაგება არამხოლოდ დაცულია ეკლესიაში, არამედ ეს ქადაგება ცხოვრობს კიდეც. ამიტომაც მამათა სწავლება არის ქრისტიანობის მარადიული კატეგორია, მართალი სარწმუნოების უცვლელი საზომი და კრიტერიუმი. მამები არა მხოლოდ ძველი რწმენის მოწმენი არიან [testes antiquitatis]. , არამედ ჭეშმარიტი რწმენისაც [testes veritatis].  `მამათა სულისკვეთება~ არის ისევე ავტორიტეტი მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისათვის, როგორც წმინდა წერილის სიტყვები და ერთი მეორისაგან არ არის განყოფილი.

პატრისტიკული თეოლოგიის ეგზისტენციალური ხასიათი

მთავარი განმასხვავებელი ნიშანი წმინდა მამათა ღვთისმეტყველებისა _ ეს არის `ეგზისტენციალური ხასიათი~, თუკი საერთოდ შესაძლებელია იქნას გამოყენებული ეს ნეოლოგიზმი. წმინდა მამები ღვთისმეტყველებდნენ, როგორც გადმოგვცა წმინდა გრიგოლ ნაზიანზელმა, `აპოსტოლურად და არა არისტოტელურად~ [αλιευτικως, ουκ αριστοτελικως] (Hom. 23. 12). მათი ღვთისმეტყველება იყო ლოგიკურად წარმოთქმული და გამყარებული მტკიცებულებით, რაც რჩება `მქადაგებლურ თეოლოგიად~. მისი საბოლოო მიზანი იყო ყოველთვის სარწმუნოების განჭვრეტა ქრისტესთან ცხოვრებაში. ღვთისმეტყველება, რომელიც მოწყვეტილია ცხოველ რწმენას, გადაგვარდება ამაოდ მეტყველებაში, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ სულიერებას. წმინდა მამათა ღვთისმეტყველების ეგზისტენციალური ფესვი სარწმუნოების მტკიცე აღიარებაშია. თეოლოგიური ხედვა უმაღლეს სულიერ რეალობასთან მიმართების გარეშე იქნებოდა არისტოტელური [αριστοτελικως]. თეოლოგიური კამათების ხანაში დიდი კაპადოკიელი მამები აპროტესტებდნენ `არისტოტელეს სილოგიზმების~ დიალექტიკის გამოყენებას და ცდილობდნენ, ღვთისმეტყველება სარწმუნოების ჩარჩოებში დაებრუნებინათ. წმინდა მამათა ღვთისმეტყველება შეიძლება იქადაგოს და წარმოითქვას – იქადაგოს ამბიონიდან, წარმოითქვას ლოცვით, წმინდა რიტუალით და, საბოლოოდ, მთელი ცხოვრებითა და ზნეობრიობაში მოღვაწეობით. `სიწმინდის მწვერვალი არის დასაბამი ღვთისმეტყველებისა~, – ბრძანა წმინდა იოანე კიბისაღმწერელმა (Scala Paradisi, gradus 30).

სხვა მხრივ, ამ ტიპის თეოლოგია ყოველთვის არის `მოსამზადებელი~.       მისი მთავარი მიზანი და ამოცანაა, დაადგინოს და გაამტკიცოს ცოცხალი ღმერთის საიდუმლო და, რა თქმა უნდა, დაამოწმოს ეს სიტყვითა და საქმით. ის არის ყოველთვის გზა. ღვთისმეტყველება და დოგმატები გაცხადებული ჭეშმარიტების `ინტელექტუალური კონტური~ და მასზე `ნოეტური~ დამოწმებებია. ამ `კონტურის~ შევსება რწმენითაა შესაძლებელი. ქრისტიანული აღმსარებლობის ფორმულირებები გასაგებია მხოლოდ მათთვის, რომელთაც   შეიცნეს ცოცხალი ქრისტე და აღიარეს ის ღმერთად და მხსნელად, და რომელნიც ცხოვრობენ მისა და ეკლესიისადმი რწმენით. ამრიგად, ღვთისმეტყველება არ არის მეცნიერება, ის რწმენით მჭვრეტელობასთან არის კავშირში. `იმას, რაც ჩვენ ვიხილეთ და მოვისმინეთ, მოგანიჭებთ თქვენ~. ამ მინიჭების გარეშე ყველა თეოლოგიური განსაზღვრება ცარიელი და აზრსმოკლებულია. ამიტომაც არ შეიძლება მათი განხილვა აბსტრაქტულად, რწმენის მთლიანი კონტექსტის გარეშე. მცდელობას იმისა, რომ გამოყენებულ იქნას წმინდა მამათა ცალკეული სწავლებები, ამ სწავლებების წარმოშობის ადგილისა და დროის გაუთვალისწინებლად, მივყავართ ჩიხში, ისევე როგორც წმინდა წერილის ამოგლეჯილი ციტატებით მანიპულირებას. `მამების მიდევნება~ არ გულისხმობს მხოლოდ მათ `ციტირებას~. წმინდა მამათა `მიდევნება~ მათი აზროვნებისა და სულისკვეთების გათავისებას ნიშნავს.

მამათა ეპოქის მნიშვნელობა

`ეკლესიის მამები~ – ეს დასახელება, ჩვეულებრივ, მიემართება ძველი ეკლესიის მოძღვრებს. ჩვეულებრივ იგულისხმება, რომ მამათა ავტორიტეტი ეფუძნება `სიძველეს~, მათ შედარებით სიახლოვეს `თავდაპირველ ეკლესიასთან~, მის თავდაპირველ პერიოდთან. ამ იდეასთან ჭიდილი მოუხდა წმინდა იერონიმეს. რა თქმა უნდა, ქრისტიანული სარწმუნოების ისტორიის მანძილზე, არ დაკნინებულა ეკლესიის `ავტორიტეტი~, სულიერი გამოცდილება და ცოდნა. თუმცა ამ `დაკნინების~ იდეამ მძლავრად იმოქმედა ჩვენს თეოლოგიურ აზროვნებაზე. ხშირად შეგნებულად ან შეუგნებლად ვეთანხმებით იმას, რომ ძველი ეკლესია იყო უფრო მეტად ახლოს ჭეშმარიტებასთან. ჩვენი დაცემულობისა და არასრულყოფილებიდან გამომდინარე, თავმდაბლური აღიარება საკუთარი ნაკლისა, საღია და სასარგებლო, მაგრამ ასეთი აზროვნება სახიფათოა, როცა მისგან იწყება და მასზე შენდება ჩვენი `ეკლესიის ისტორიის ღვთისმეტყველება~, ანდა ეკლესიის თეოლოგიაც. იგულისხმება ის, რომ მოციქულთა ეპოქა უნდა დარჩეს თავის განუმეორებელ ადგილზე, თუმცაღა ეს იყო დასაწყისი. გავრცელებულია ვარაუდი, რომ `მამათა ეპოქა~ უკვე დამთავრდა, რომ ეს რაღაც არქაულია.  `წმინდა მამათა ეპოქის~ დასასრული განისაზღვრება სხვადასხვანაირად. როგორც წესი, წმინდა იოანე დამასკელს თვლიან `უკანასკნელ მამად~ აღმოსავლეთში, ხოლო წმინდა გრიგოლ დიოლოღოსსა და ისიდორე სევილიელს _ დასავლეთში. ჩვენთვის ეს კონცეფცია სადავოა. განა წმინდა თეოდორე სტუდიელი არ ითვლება მამათა შორის? ჟან მაბილიონი მიიჩნევს, რომ ბერნარდ კლერვოელი იყო უკანასკნელი, სწორუპოვარი და შეუდარებელი უწინდელებთან. ფაქტობრივად, ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე პერიოდიზაციის საკითხი. დასავლური თვალთახედვით, `მამათა ეპოქას მოსდევს~ `სქოლასტიკოსთა ხანა~. ამ უკანასკნელებმა კი გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი წინ და აღემატნენ თავიანთ წინამორბედებს. სქოლასტიკის აღმავლობასთან ერთად წმინდა მამათა ღვთისმეტყველება წარსულს ჩაბარდა და გადაიქცა არქაულობად. ეს მოსაზრება დასავლეთში დოგმატამდეა აყვანილი, სამწუხაროდ, აღმოსავლეთშიც მრავალთათვის ბრმად და კრიტიკის გარეშე მიიღება. რჩება ერთგვარი დილემა: ან უნდა ვაღიაროთ აღმოსავლეთის ჩამორჩენილობა, რომელმაც საკუთარი სქოლასტიციზმი ვერ შექმნა, ან მიბრუნება სიძველისადმი და არქეოლოგიით მოღვაწეობა, რომელსაც სხვაგვარად `გამეორების ღვთისმეტყველებას~ უწოდებებნ.

ხშირად გვესმის, რომ `მამათა ეპოქა~ დასრულდა წმინდა იოანე დამასკელამდე ბევრად ადრეც. ძალიან ხშირად მას იუსტინიანესა და ქალკედონის კრებით შემოსაზღვრავენ. სავარაუდოდ, ლეონტი ბიზანტიელიც `პირველ სქოლასტიკოსად~ მიიჩნევა, რაც ფსიქოლოგიურად გასაგებია, მაგრამ არა თეოლოგიურად. მართლაც, IV ასწლეულის მამები ახდენენ უდიდეს შთაბეჭდილებას და არ უნდა ვუარყოთ მათი განუმეორებელი სიდიადე, მაგრამ ეკლესია სავსე ცხოვრებით ცხოვრობდა ნიკეისა და ქალკედონიის შემდეგაც. ჩვეულებრივ, `პირველი ხუთი საუკუნის~ მნიშვნელობის გადაჭარბება სახიფათოდ ამახინჯებს თეოლოგიურ ხედვას, რაც ხელს უშლის ქალკედონის დოგმატის მართებულ გაგებას. VI მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას ხშირად განიხილავენ როგორც `ქალკედონის~ დამატებას, ხოლო უდიდეს მოღვაწეს, წმინდა მაქსიმე აღმსარებელს, თითქმის არ ამჩნევენ. VII მსოფლიო საეკლესიო კრების თეოლოგია საერთოდ გაუგებარია და გაოცებას იწვევს, თუ რატომაა დაფუძნებული მართლმადიდებლობის ზეიმი ეკლესიის მიერ ხატმებრძოლებზე გამარჯვების ხსენებისას. განა ეს არ იყო დავა წეს_ჩვეულებების შესახებ? ჩვენ ხშირად ვივიწყებთ ცნობილ ფორმულას: ხუთი საუკუნის თანხმობა [Consensus quinquesaecularis] არის პროტესტანტული ფორმულირება და დამახასიათებელია სპეციფიკური პროტესტანტული `ღვთისმეტყველების  ისტორიისთვის~. საქმე ისაა, რომ აღმოსავლური `შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების~ ფორმულირება ბევრად არ არის უკეთესი, თუკი ის, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, მიისწრაფვის ეკლესიის სულიერი ავტორიტეტის პირველი რვა საუკუნის შემოსაზღვრით, რომ თითქოს ეკლესიის ოქროს ხანა წარსულს ჩაბარდა და ჩვენ ამჟამად ვცხოვრობთ რკინის ხანაში, რომელიც სულიერი მოღვაწეობით უფრო დაბალ საფეხურზე დგას. ჩვენი თეოლოგიური აზროვნება არასასიამოვნო გავლენას განიცდის დასავლური რეფორმაციის ეპოქიდან მოყოლებული. იგი დასნეულებულია დაკნინების იდეით  და ამ სულისკვეთებით განმარტავს ქრისტეანობის მთელ ისტორიას. ეკლესიის სისავსე გაიგება სტატიკურად, ჩვენი მიმართება სიძველისადმი დამახინჯებულად და მცდარად. ბოლოს და ბოლოს, სულაც არ არის მნიშვნელოვანი, თუ რომელი საუკუნით შემოვსაზღვრავთ ეკლესიის ავტორიტეტს – პირველით, მეხუთეთი თუ მერვეთი. არ შეიძლება არავითარი შემოსაზღვრულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს `განმეორების ღვთისმეტყველება~. ეკლესიას არც ახლა აქვს ნაკლები ავტორიტეტი, ვიდრე წარსულ ასწლეულებში და სულიწმიდა დღესაც ისევ ისე მკვიდრობს, როგორც წარსულში.

 

Print Friendly

Tags: ,

Comments are closed.