საქართველო უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი – პატრიარქი

Ilia IIსაქართველო უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი – ეს აუცილებელია ჩვენთვის.

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 26 აპრილს, საპატრიარქოში მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯორჯ ველას სტუმრობისას განაცხადა.

პატრიარქთან შეხვედრის ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრას სხვა პირებთან ერთად საქართველოს ელჩი იტალიაში კახა სიხარულიძე ესწრებოდა. მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა უწმინდესს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია იმყოფებოდეს პატრიარქთან შეხვედრაზე. მინისტრის თქმით, მისთვის ცნობილია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია უწმინდესის როლი საქართველოს ბოლო წლების პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ჯორჯ ველამ ხაზი გაუსვა, რომ იგი პირველად იმყოფება საქართველოში და გაოცებულია ქვეყნის უდიდესი კულტურის სიმდიდრით, ისტორიით და აღნიშნა, რომ ძალიან შესამჩნევია მოსახლეობის რელიგიურობა. თავის მხრივ, მან აღნიშნა, რომ მალტა კათოლიკურია.

მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უმთავრესი, რის გამოც იმყოფება პატრიარქთან შეხვედრაზე, არის პოლიტიკა. მისი თქმით, საქართველო რაც შეიძლება უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს. “ჩამოვედი საქართველოში იმისთვის, რომ ჩემი ევროპელი კოლეგების მსგავსად მხარი დავუჭირო საქართველოს ამ გზაზე”, – აღნიშნა ჯორჯ ველამ.

თავის მხრივ, პატრიარქმა დასძინა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროსტრუქტურების წევრი, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელია. “მოგეხსენებათ, დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ეს არის უძველესი ქართული ტერიტორიები. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთში მიტროპოლიტი. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია დღეს აფხაზეთი, საქართველო უნდა გამთლიანდეს, გახდეს ერთიანი. თქვენი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მას დიდად ვაფასებ. ეს არის მტკიცე ხიდი საქართველოსა და მალტას სამომავლო ურთიერთობებში”, – განაცხადა შეხვედრაზე კათოლიკოს-პატრიარქმა.

უწმინდესმა საპატიო სტუმარს მის მიერ შექმნილი საგალობლები და მუსიკალური ნაწარმოებები მოასმენინა.

წყარო  http://www.ambebi.ge

ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ იანვარში უწმიდესმა იგივე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკთან ბრძანა, საპასუხოდ ევროკავშირმა ოფიციალურ დოკუმენტში განაცხადა, ღრმა პატივისცემით არის განმსჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს ეროვნულ ცხოვრებაში მისი მნიშვნელოვანი როლისადმი

Print Friendly

Comments are closed.