„საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა. საქართველოს სურს, გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი. ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და აუცილებლად მივაღწევთ ამას. რაც შეეხება ეკლესიებს შორის ურთიერთობას, რთული ურთიერთობაა”, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ავსტრიის პრეზიდენტ ჰაინს ფიშერის შეკითხვის საპასუხოდ.

ავსტრიის პრეზიდენტი დაინტერესდა, როგორ უყურებს კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს ხელისუფლების ევროპულ არჩევანს და როგორ წარმოუდგენია თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა, კერძოდ, რა უნდა გაკეთდეს ამ თვალსაზრისით. ფიშერმა განმარტა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გულისხმობდა როგორც სახელმწიფოთა შორის, ასევე ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობას.

პატრიარქმა ავსტრიის პრეზიდენტს, მის მეუღლესა და ავსტრიის დელეგაციის წევრებს საპატრიარქოში უმასპინძლა. შეხვედრის დასაწყისში კათოლიკოს-პატრიარქი ავსტრიის პრეზიდენტის საქართველოში სტუმრობას მიესალმა და ამ ვიზიტს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უწოდა.

პატრიარქმა პრეზიდენტს მიმართა: „ჩვენ მოხარული ვართ, რომ შედგა თქვენი ვიზიტი საქართველოში. დიდად ვაფასებთ თქვენს ისტორიას, კულტურას ვიცნობთ კარგად. თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და იქიდან ამირჩიეს საქართველოს პატრიარქად. ამიტომ ჩემთვის მტკივნეული საკითხია აფხაზეთი და ცხინვალი. ეს არის ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და ვფიქრობთ, რომ ვიზიტი იქნება დასაწყისი ახალი ურთიერთობისა საქართველოსა და ავსტრიას შორის”.

ავსტრიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პატრიარქს მიღებისათვის და აღნიშნა, რომ ეს მისთვის, მისი მეუღლისა და დელეგაციის წევრებისათვის დიდი პატივია.

წყარო