რატომ არ მოითხოვს მთავრობა და რატომ არ თმობს საპატრიარქო

archil

ავტორი – არჩილ მეტრეველი

ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა ორი მნიშვნელოვანი საჯარო მიმართვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურისტებმა მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნით, დროებით შეზღუდოს კოლექტიური ღვთისმსახურებისა და მასში მონაწილეობის უფლება ყველა რელიგიური გაერთიანებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის მიმართ.

ამ მიმართვიდან მალევე სასულიერო პირები და თეოლოგები გამოეხმაურნენ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ზიარებისა („ვინც ერთი ბარძიმიდან ზიარებაზე ამბობს უარს, უარს ამბობს ქრისტეზე“) და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის („ტაძარში მსახურებაზე დასწრების აკრძალვა დანაშაულია ღვთის წინაშე“) სავალდებულოობასთან დაკავშირებით და მიმართეს, რომ წმინდა წერილისა და ეკლესიის წმინდა გარდამოცემის შესაბამისად, „ერთი ბარძიმის“ ბუკვალური გაგება დაუშვებელია, ხოლო ღვთისმსახურებაზე დასწრების შეზღუდვის „ღმერთის წინაშე დანაშაულად“ სახელდება ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა.

ამ მიმართვებს, პირველ რიგში, ვირუსის გავრცელების რეალური საფრთხის თავიდან არიდების გულწრფელი სურვილი აერთიანებს, მეორე მხრივ კი – ავტორთა კვალიფიციურობა და კომპეტენტურობა. მოკლედ რომ ვთქვათ, სათანადო პოლიტიკური ნებისა და სულიერი მზრუნველობის პირობებში, საქართველოს მთავრობასაც და საპატრიარქოსაც თავისუფლად შეუძლიათ, დროებით შეზღუდონ კოლექტიური ღვთისმსახურება და, შესაბამისად, მისგან მომდინარე კრიტიკულად მაღალი რისკი აარიდონ ქვეყანას. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამყარებული იქნება კონსტიტუციითაც და წმინდა წერილითაც. და მაინც, არც მთავრობა და არც საპატრიარქო ამ ნაბიჯს არ დგამს და საზოგადოების რწმენასა და თმენას სახიფათო უპასუხისმგებლობით ცდის.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბებზე უკვე ბევრი და თითქმის ყველაფერი ითქვა, ზედმეტი მაინც არ იქნება, კიდევ ერთხელ ვცადოთ საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს მოტივების გაანალიზება.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საქართველოს საპატრიარქო გველის ნაკბენივით გაურბის და ყველაფრის ფასად ეწინააღმდეგება ნებისმიერ სიტუაციას, რომელშიც ის სახელმწიფოსადმი დაქვემდებარებულის როლში შეიძლება აღმოჩნდეს. ასეა ახლაც, სახელმწიფო ებრძვის ეპიდემიას და თითოეული ადამიანისა და მთლიანად საზოგადოების დაცვის მიზნით ლეგიტიმურად ზღუდავს ჩვენს თავისუფლებას. ცალკეული უპასუხისმგებლო გამონაკლისების გარდა, ამ შეზღუდვებს ყველა შეგნებულად ვემორჩილებით, მაგრამ არა საპატრიარქო, რადგან უაღრესად ღირებული მიზნის მიუხედავად, სახელმწიფოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე დაყოლა მას მაინც ღირსების უკიდურეს შელახვად მიაჩნია. ამის საწყისი მიზეზი ის არის, რომ საქართველოს საპატრიარქო თავს სახელმწიფოს პარალელურ პოლიტიკურ ინსტიტუტად აღიქვამს.

ეს რომ სწორედ ასეა, ამას ყველაზე ცხადად საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება ადასტურებს. უპირველეს ყოვლისა, საკუთრივ დოკუმენტის არსია ისეთი, მხოლოდ ორ თანაბარ სუბიექტს შორის რომ შეიძლება დაიდოს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ შეთანხმებას თავიდანვე შეერქვა „კონკორდატი“, იმ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების მსგავსად, ვატიკანი რომ დებს სხვადასხვა ქვეყანასთან, ამ უკანასკნელში რომის კათოლიკე ეკლესიის სტატუსის მოწესრიგების მიზნით, თუმცა კონსტიტუციურ შეთანხმებასთან მისი მსგავსება იდენტური არაა. ჩვენი უფრო „მაგარია“, ორი მიზეზით: 1. ამა თუ იმ სახელმწიფოსთან კონკორდატის გაფორმებისას თანაბარ პოლიტიკურ ინსტიტუტებს წარმოადგენს, ერთი მხრივ, ხელმომწერი სახელმწიფო, ხოლო, მეორე მხრივ, ვატიკანის სახელმწიფო, მაგრამ არა რომის კათოლიკე ეკლესია. ჩვენს შემთხვევაში სახელმწიფოს თანაბარი პოლიტიკური ინსტიტუტი თავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა; 2. მიუხედავად იმისა, რომ კონკორდატი თანასწორ პოლიტიკურ ინსტიტუტებს – სახელმწიფოებს შორის იდება, მის საფუძველზე თავად რომის კათოლიკე ეკლესიას არ ენიჭება სახელმწიფოს თანაბარი პოლიტიკური სტატუსი. ჩვენს შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ კონსტიტუციური შეთანხმება აღიარებს სახელმწიფოს თანაბარ ინსტიტუტად.

თავის მხრივ, სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის პოლიტიკური პარალელიზმის განმტკიცების მიზნებისთვის კონსტიტუციური შეთანხმების არსს არც მისი შინაარსი ჩამოუვარდება. ამ შეთანხმების თანახმად,„ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს“, ანუ მასში ეკლესიის მიმართ გამოყენებულია ის ექსკლუზიური განსაზღვრება, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს შეესაბამება. საქმე ისაა, რომ ერთადერთი ისტორიულად ჩამოყალიბებული, ანუ თავისთავადი, საჯარო სამართლის სუბიექტი (გნებავთ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი) სახელმწიფო და მისი კონსტიტუციური ინსტიტუტებია. ეს ფუნდამენტური საკითხია. საჯაროობა აუცილებლად გულისხმობს „საყოველთაობასა“ და „სავალდებულოობას“, რაც შეესაბამება სახელმწიფოს და კანონს, მაგრამ არა რელიგიურ ინსტიტუტს ან მოძღვრებას. რამდენადაც რელიგიური რწმენა და იდენტობა თავისი არსით „სუბიექტური“ და „ნებაყოფლობითი“ ფენომენია. მათი საყოველთაო და სავალდებულო კატეგორიებად ქცევა პრინციპულად შეუძლებელია. შესაბამისად, პრინციპულად შეუძლებელია, რელიგიური ინსტიტუტი საჯარო სამართლის რეალური სუბიექტი იყოს, მაშინაც კი, თუ ქვეყნის მთელი მოსახლეობა ერთსა და იმავე რელიგიურ მრწამსს აღიარებს. ამ სტატუსის ნომინალური მინიჭება კი კვლავ იმ პოლიტიკურ შეთანხმებას უსვამს ხაზს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფოს პარალელურ ინსტიტუტად აქცევს.

საგულისხმოა, რომ ამ პილიტიკურ პარალელიზმს, თავის მხრივ, არც სახელმწიფო აპროტესტებს. მეტიც, კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებიდან დღემდე ხელისუფლებაში მყოფი ყველა პოლიტიკური ძალა სხვადასხვა ფორმითა და ზომით ამ წესრიგის მხარდამჭერი ან მსხვერპლია. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ თითოეული მათგანი ძალაუფლების მოპოვების საწყის ეტაპზე მისი მხარდამჭერია, რაც მოგვიანებით კანონზომიერად აქცევს მის მსხვერპლად. ამის მიზეზი ის არის, რომ პრაქტიკულად, უკლებლივ ყველა პოლიტიკური ლიდერი თუ პარტია ძალაუფლების მოპოვებისა და ლეგიტიმაციის გარანტიად საპატრიარქოსთან თანამშრომლობას მიიჩნევს.

მართლაც, მაცდურად მარტივია ამომრჩეველს ეროვნულ-რელიგიური სპეკულაციებით მოაწონო თავი, ვიდრე რთულ და მრავალგანზომილებიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ საკითხებზე ეწეოდე სეკულარულ პროპაგანდას იმ გულუბრყვილო რისკით, რომ არც ერთი კონკურენტი პარტია ან ლიდერი პირველ, მარტივ გზას არ აირჩევს და სისტემას მთელი თავისი აგრესიით არ აამუშავებს. სისტემა კი ასეთია: საპატრიარქო არც ღიად დაუჭერს რომელიმე ლიდერს ან ჯგუფს მხარს და ასე რომც მოიქცეს, ეს არჩევნებში გამარჯვების ერთმნიშვნელოვანი გარანტია სულაც არ იქნება, სამაგიეროდ, თუკი ვინმეს ღიად ან ფარულად, პირდაპირ ან ირიბად დაუპირისპირდა, მისი მარცხი გარანტირებულია. შესაბამისად, თანამშრომლობა გულისხმობს რევერანსს არა მხარდაჭერის სანაცვლოდ, არამედ, დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით. საბოლოოდ კი, მოპოვებული ძალაუფლება გამარჯვებულმა იმ სუბიექტს უნდა გაუყოს, რომელსაც პრინციპში თავად არაფერი გაუღია ამ ბრძოლაში. შედეგად, პოლიტიკური ძალაუფლების ნაწილით სარგებლობს რელიგიური ინსტიტუტი, რომლის სამოქალაქო კონტროლის ქმედითი ინსტრუმენტი, პრაქტიკულად, არ არსებობს. არადა, დემოკრატიული მართვის ფუნდამენტური პრინციპი სწორედ ისაა, რომ ხალხი სახელმწიფოს ძალაუფლებას კონტროლის გარკვეული მექანიზმების შენარჩუნების გარანტიით უთმობს.

თავის მხრივ, საპატრიარქოსაც აქვს საშინაო დავალება. შიდა ძალაუფლება უნდა გაიმყაროს და ყალბი ეროვნულ-რელიგიური ლოზუნგების მიმართ ამომრჩეველი მრევლის მოწყვლადობაც უზრუნველყოს. სწორედ ამას ემსახურება უკიდურესად დაბალი თეოლოგიური განათლების კულტურის ჩამოყალიბება და ხელშეწყობა, ცოცხალი რწმენის რიტუალიზმით ჩანაცვლება, ბიბლიური ჭეშმარიტების დედაბრულ ზღაპრებში გათქვეფა, ღმერთთან კავშირის სიხარულის ესქატოლოგიური შიშებით დათრგუნვა, ყოვლადმოწყალე ღმერთის შურისმაძიებელ ბატონად წარმოჩენა, ადამიანის გადასარჩენად განკაცებამდე დამდაბლებული ღმერთისთვის ამავე ადამიანისთვის განსაცდელების გამოგზავნის დაბრალება, პიროვნული რწმენის კოლექტიური იდენტობით გადაფარვა, თითოეული ადამიანის ღირსების ქადაგების ნაცვლად ერის რჩეულობის იდეის კულტივირება, მეცნიერების მარგინალიზება, საღი აზრის უგულებელყოფა, კრიტიკის მტრობად შერაცხვა, რწმენის ფენომენიდან გონიერების გამორიცხვა და სხვა მრავალი მსგავსი. მოკლედ, ყველაფერი საკრალურის საგულდაგულო პროფანაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი პროფანულის საკრალიზება მარტივად შესაძლებელი გახდეს.

პოლიტიკური ღირსების დაცვასთან ერთად ამ ფსევდორელიგიურობის დაცვა არის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ არ იხევს საპატრიარქო უკან და ყურად არ იღებს საღ თეოლოგიურ და მეცნიერულ აზრს. ცხადია, ეს არც ყველა სასულიერო პირს ეხება და არც ყველა მორწმუნეს, თუმცა იმათი წრე, ვისაც ეს ეხება, კრიტიკულად მრავალრიცხოვანია. ამ პირობებში უკან დახევა, სურვილის შემთხვევაშიც კი, უკიდურესად რთული ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა. იმ ყველაფრის ფონზე, რასაც საპატრიარქო წლების განმავლობაში ქადაგებს და საზოგადოებაში ნერგავს, ცხადია, შოკური ეფექტი ექნებოდა რაციონალურ და სულიერი მზრუნველობით ნაკარნახევ მოწოდებას, რომ მრევლი სახლში დარჩეს და არც ღმერთი გამოსცადოს და არც მოყვასის ჯანმრთელობა. გასაგებია მათი შიში, რომ თუ ადამიანს ერთხელ მაინც დაუდასტურდა ეშმაკის შთაგონებული ეჭვი, რომ განათლებული თეოლოგების აზრი შეიძლება მართალი იყოს, ამას მალევე მოჰყვება ახალი ეჭვი, რომ იქნებ, არც ღმერთია შურისმაძიებელი ბატონი, რომელიც ადამიანს განსაცდელებით განამტკიცებს მისადმი რწმენასა და მორჩილებაში; იქნებ, ღმერთმა თავი იმიტომ დაიმდაბლა და გახდა ადამიანი, რომ ჩვენ ცას კი არ უნდა ვაშტერდებოდეთ, არამედ ადამიანის თვალებს და ღმერთსაც რიტუალებში კი არ უნდა ვეძებდეთ, არამედ თითოეულ ადამიანში. ასეთი ამომრჩეველი მრევლი გინდ გყოლია და გინდ არა.

ხოდა, ამის ფონზე ვდგავართ იურისტები და თეოლოგები და აქეთ მთავრობას ვეხვეწებით, კონსტიტუცია წაიკითხოს, იქით საპატრიარქოს – სახარება.

ეს გულუბრყვილო იმედია!

აი, ეს ხდება დღეს. ამ ეპიდემიას მთავრობა, ადრე თუ გვიან, დიდი თუ მცირე დანაკარგით, საპატრიარქოს მხარდაჭერის გარეშეც დაამარცხებს. ბოლოს და ბოლოს, ღმერთმა არ გაგვწირა და საპატრიარქოს წინააღმდეგობის კომპენსირების მიზნით რამდენიმე პროფესიონალი წინასწარვე მოგვივლინა, ალბათ, ჩვენზე უკეთ რომ იცნობს საკუთარ კლასტერს, იმიტომ. ხოდა, როცა ეპიდემიის განსაცდელი დასრულდება, რომელთან გამკლავებაშიც მთავრობას ახლა ღმერთი ეხმარება, დადგება საარჩევნო განსაცდელი, რა დროსაც მთავრობა საპატრიარქოს პირისპირ მარტო აღმოჩნდება. ხოდა, შიშობს, არ წვავს ხიდებს და კვლავ თანამშრომლობის სისტემის იმედი აქვს. ტრაგედია კი ისაა, რომ ის უკვე ამ წესრიგის მსხვერპლია და არა მხარდამჭერი.

ამის გათვალისწინებით, ღმერთისგან მოვლენილ ამ იშვიათ შესაძლებლობას გონიერი ხელისუფლება სათანადოდ გამოიყენებდა, მაქსიმალურად თვალსაჩინოს გახდიდა, რომ საპატრიარქო შეგნებულად აგდებს საფრთხეში მოსახლეობას, რათა ამით ჯერ ის პოლიტიკური მდგომარეობა გაიმყაროს, რომელიც მას ამავე მოსახლეობის რელიგიური იდენტობით აქვს მინიჭებული, ხოლო შემდეგ გაძლიერებული პოზიციებით ეპაექროს სახელმწიფოს ახალი და უფრო მეტი პოლიტიკური თუ მატერიალური პრივილეგიების მისაღებად. ეს სისტემასაც დაანგრევდა, სახელმწიფოსაც გაათავისუფლებდა არასეკულარული ზეგავლენისგან და ეკლესიასაც მისთვის თვისობრივ სულიერ განზომილებაში დააბრუნებდა.

სამწუხაროდ, ესეც გულუბრყვილო მოლოდინია!

P.S. მე ვცადე არსებული მდგომარეობისთვის ლოგიკური ახსნა მომეძებნა, თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ ყველაფერი შემაძრწუნებლად უფრო ბანალური იყოს.

 

წყარო

Print Friendly

Comments are closed.