ქარისაგან რხეული ლერწამი

15/08/2020
By

~

ავტორი: იოანე კაზარიანი

ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა (ლუკა. 7, 24)

მაცხოვრის ეს სახარებისეული სიტყვები, რომლითაც ჩვენი მოკლე სტატიაა დასათაურებული, ახალი აღთქმის მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი. ამ მუხლის მრავალი განმარტება არსებობს წმინდა მამებისგან. თუმცა, ის, რასაც ახალი არქეოლოგიური მონაცემების ფონზე თანამედროვე ბიბლეისტიკა გვთავაზობს, ქრისტეს ამ სიტყვების უფრო ღრმად გაგებაში გვეხმარება. ცნობილი გერმანელი ბიბლეისტები მარტინ ჰენგელი (Martin Hengel) და ანა მარია შვემერი (Anna Maria Schwemer), არანაკლებ ცნობილი ასევე გერმანელი ბიბლეისტის გერდ ტაისენის (Gerd Theißen), ქრისტეს ხსენებული გამონათქვამის ფრიად საინტერესო განმარტებას გვთავაზობენ, განიხილავენ რა მას  კონტექსტში. ეს არის ქრისტეს ხატოვანი გამოთქმა იოანე ნათლისმცემლის შესახებ (ლუკა. 7, 24 და შემდ. = მათე. 11, 7 და შემდ) და ხსენებული ბიბლეისტები მას შემდეგნაირად განიხილავენ:

რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? … ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი … მეფეთა დარბაზებში არიან

გერდ ტაისენი ყურადღებას აქცევს იმას, რომ ქალაქ ტიბერიადის (ჰეროდე ანტიპას მიერ დაარსებული ქალაქი, ახალი დედაქალაქი, რომელიც ხალხს არ უყვარდა) პირველ მონეტებზე ლერწამი და ტეტრარქოსის სახელია გამოსახული. ცნობილია, რომ ჰეროდემ თავისი მონეტის მოჭრა ქალაქის დაარსების შემდეგ დაიწყო. მონეტაზე გამოსახული იყო მისი სახელი, წოდება და ლერწამი: „ηρωδόύ τετράρχόύ“, ანუ ჰეროდე ტეტრარქის მონეტა. ამგვარად, მ. ჰენგელისა და ა.მ. შვემერის თქმით, ფრაზა – „ქარისაგან რხეული ლერწამი“, ყველაზე უკეთ იხსნება, როგორც ალუზია „ოპორტუნისტ“ მმართველზე, რომლის ბრძანებით იოანე ნათლისმცემელი სიკვდილით დასაჯეს. როგორც ჩანს, ეს იყო ჰეროდეს ზედმეტსახელი, რომელიც მას ხალხმა ამ მონეტის გამო დაუკავშირა. ასეთი განმარტება ლოგიკურს ხდის პარალელს, რომელსაც იესო ავლებს ლერწამსა და რბილ სამოსში ჩაცმულ ხალხს შორის, რომლების მეფის კარზე ცხოვრობენ. ასეთი მმართველისა ხალხს არ სჯეროდა – მას ვერ დაეყრდნობოდი, როგორც ვერ დაეყრდნობოდი ლერწამს მისის სისუსტისა და მერყეობის გამო, რადგან თუ ლერწამი გადატყდებოდა, სხეულს უჩხვლეტდა (ესაია. 36, 6; 4 მეფეთა. 18, 21). თავად ჰეროდესათვის ლერწამი, როგორც ჩანს, სიმტკიცის ნიშანი იყო, როგორც აღმოსავლეთშია მიღებული. ამ ალუზიას სმკვლევარები ადარებენ ლუკა მახარებლის სხვა მუხლსაც (13, 32), სადაც ქრისტე ანტიპას მელიას უწოდებს: „მელსა მას“. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ: „ჩვენს წინაშეა ის იშვიათი მაგალითი, როდესაც იესოს სიტყვები გასაგები ხდება არქეოლოგიური აღმოჩენის – ტიბერიადის პირველი მონეტების – წყალობით. იესო ერთმანეთს უპირისპირებს ბოლო და უდიდეს წინასწარმეტყველს, იოანეს და მის მკვლელს – „მერყევ ლერწამს“ – ჰეროდე ანტიპას. მსმენელი კარგად ხვდებოდა, თუ ვიზე იყო საუბარი“ [1].

ჰეროდე ანტიპას დროს გამოცემულ მონეტებს არ გააჩნდა იუდეველთა კანონის საწინააღმდეგო გამოსახულებანი. ქრისტეშობიდან 19-20 წლების შემდეგ ჰეროდე ანტიპამ ხუთი ტიპის მოენტა გამოუშვა. ტიბერიადის დაარსებისადმი მიძღვნილ მონეტებს წინა მხარეზე ლერწმის გამოსახულება ჰქონდა, რაც შესაძლოა წყალს, ნაყოფიერებისა და აღდგენისადმი უნარს, ანუ ჰეროდეს ძალაუფლებისა და ხასიათის სიმტკიცესა და მოქნილობას განასახიერებდა. სხვა ტიპის მონეტებზე ლერწმის გამოსახულებას პალმის ტოტი ცვლის (ეს სიმბოლო ხასმონეველთა და ჰეროდეველთა მონეტებზე გვხვდება). ბოლოს სერიის მონეტებზე (რომლებიც 39 წელს გამოვიდა, როდესაც აგრიპასთან ძალაუფლებისთვის ბრძოლის ყველაზე კრიტიკული მომენტი დადგა და სავარაუდოდ იმპერატორის კეთილგანწყობის მოპოვებისკენ იყო მიმართული) ჰეროდეს სახელი იმპერატორის სახელთან ერთად არის დატანილი. მონეტების ბეჭდვისას გამოსახულების აკრძალვის დაცვა ჰეროდეს პირად კეთილმსახურებას კი არ ავლენდა, არამედ მის ქვეშევრდომებზე ზრუნვას; პირად ცხოვრებაში ჰეროდე ანტიპას შეეძლო დაერღვია ეს წესი. ასევე, ამით ის ავლენდა, თუ რამდენად არ იყო მტკიცე და მერყეობდა იუდეველთა ტრადიციების დაცვაში, მაგალითად, როდესაც თავისი ტიბერიადის სასახლე ქანდაკებებით მორთო.

_____
[1] Хенгель М., Швемер А.М. Иисус и иудаизм / (Серия «Современная библеистика»). – М.: Издательство ББИ (2016). – С. 283.

გამოყენებული ლიტერატურა:

Хенгель М., Швемер А.М. Иисус и иудаизм / (Серия «Современная библеистика»). – М.: Издательство ББИ (2016). – С. 282-283; ПравославнаяЭнциклопедия. – Т. 26. – С. 638-640; Gerd Theissen. Lokalkolorit und Zeitgeschichte in den Evangelien. Studienausgabe: Ein Beitragzur Geschichte der synoptischen Tradition / (GottingischeGelehrteAnzeigen). – Vandenhoeck & Ruprecht (1992). – P. 26-43;

 

გამოყენებული წყარო:

 

Flavius Josephus. Antiquities of the Jews. Book 20. 9, 4.

 

Print Friendly

Comments are closed.