სული წმინდის მაცხოვნებელი და მაკურთხეველი მოქმედება ღვთისმსახურებასა და საიდუმლოებებში

msoflio_eklesia_თარგმნა მღვდელმონოზონმა ლეონიდე ებრალიძემ

მორწმუნე ადამიანისათვის, დამოუკიდებლად მისი რელიგიური შეგნებისა და წარმოდგენებისა, არსებითია ლოცვა, რომელშიც ის სულიერად მაღლდება მიწიერი ყოფის საზღვრებს მიღმა მის მიმართ, ვისაც ის ატარებს გულით და ვისაც ის უწოდებს ღმერთს. ამიტომ ყველა რელიგიისთვის არის დამახასიათებელი ღვთისმსახურება, რომელიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ზეცად მიმართული გონებითა და სუფთა გულით გაერთიანებული სიმრავლის სოლიდური მიმართვა ღვთისადმი. ეს ყოველივე შეიძლება ითქვას როგორც მონოთეისტურ, ასევე პოლითეისტურ რელიგიებზე, მაგრამ საკმარისი არა არის ქრისტიანული ღვთისმსახურების დასახასიათებლად.

ქრისტიანული ღვთისმსახურება არ წარმოადგენს მხოლოდ ამაღლებული გონებითა და გულით გაერთიანებული ხალხის მიმართვას ღვთისადმი. რადგან ამასთან ერთად ის არის ქრისტიანის მადლისმიერი კურთხევის აქტიც, რომელიც დაიწყო ეკლესიის დაარსებიდან და გრძელდება დღემდე.

ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ. ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.“ (საქ. 2:1-4) – ასე აღწერს საქმე მოციქულთა ეკლესიის წარმოშობის წუთებს. ეს იყო ხილული მომენტი სული წმინდის მადლის დავლათიანი გადმოღვრისა, რომლის შესახებაც იესო ქრისტე საუბრობდა ჯვარცმის წინ: „ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, – ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას“ (ინ. 14:16-17). იგივე აუწყა ქრისტემ მოწაფეებს ზეცად ამაღლების წინ: „შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან, ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით“ (საქ. 1:4-5).

ეს იყო მოვლენა, რომელიც გარეგნულად აღიქმებოდა როგორც „გრგვინვა ზეცით, თითქოს გრიგალის გუგუნი,“ როგორც მოციქულთა თავზე დამდგარი ცეცხლის ალები. შინაგანად ეს იყო აღუწერელი სულიერი მდგომარეობა, ექსტაზი, რომლიც მშობლიური ენასავით ესმოდათ მათ, ვინც „იერუსალიმში იყვნენ […], ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, რომლებიც არიან ცის ქვეშ“ (საქ. 2:5), ამათ საპირისპიროდ კი გაუგებრობისა და სიცილის საგნად იქცა ეს მოვლენა არაღვთისმოსავთათვის, რომელთა ჯგუფებიც დადიოდნენ სადღესასწაულოდ განწყობილ საკუთარ ქალაქში.

სული წმინდის გარდამოსვლა მოციქულებზე იყო აქტი ეკლესიის დაფუძნებისა და ამასთანავე პირველი ქრისტიანული ღვთისმსახურებაც, რადგან სწორედ იმ წუთს აღსრულდა მოციქულებზე „ნათლობა სული წმინდით“. ეკლესიამ სწორედ ამ სახით განუცხადა სამყაროს თავი, სული წმინდის მადლისმომცემი ღვთისმსახურებით. ეს არსობრივი მოცემულობაა და წარმოადგენს მნიშვნელოვან კრიტერიუმს თავად ეკლესიის განსაზღვრებისათვის: ეკლესია იქაა, სადაც არის სული წმინდის მადლისმიერი ღვთისმსახურება და ამ უკანასკნელის გარეშე პირველი არ არსებობს.

სული წმინდის მადლისმომცემი ღვთისმსახურბა წარმოადგენს თავად ეკლესიის ცხოვრებას. სწორედ ასე ესმოდათ ეკლესია თავად მოციქულებს. სული წმინდით მონათლული „პეტრე, დადგა თერთმეტთან ერთად“ (საქ. 2:14) და მიმართა ხალხს: „მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.“(საქ. 2:38). ამ მოწოდების შემდეგ „ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული. ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ“ (საქ. 2:41-42).

სამყაროში პირველი ეკლესიის ცხოვრებას ავსებდა ქადაგება, მაშინ ჯერ კიდევ ჩაუწერელი და ზეპირასიტყვიერად გავრცელებული სახარებისა, თანაზიარება პურის განტეხვაში, ანუ იგივე ევქარისტია და ლოცვა, ანუ ის ელემენტები, რომელნიც წარმოადგენენ ქრისტიანული ღვთისმსახურების ძირითად ელემენტებს. და ამ რეალობაში „უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას გამოხსნილთ“(საქ. 2:47).

მოციქულ ლუკას მოწმობის წყალობით ეკლესიის არსებობის პირველ დღეებზე ვიცით, რომ იგი წარმოდგებოდა როგორც სამყაროში ერგასის დღეს გადმოღვრილი სინამდვილე. პავლე მოციქული კი გვიხსნის თავად ეკლესიის არსს, იგი წარმოადგენს სხეულს, რომლის თავიც ქრისტეა (ეფ. 1:22-23). ეკლესია არის უბიწო სძალი, რომლის ქმარიც იგივე ქრისტეა (ეფ. 5:23-27).

“სხეულისა” და “სასძლოს” ეკლესიასთან მიმართებით გამოყენება პავლე მოციქულის მხრიდან, არ არის მხოლოდ ეკლესიის არსზე მსჯელობისას სპეკულატიურად გამოსადეგი ანალოგია ეკლესია რეალურია, ისევე როგორც რეალურია აღდგომილი ქრისტე და ის ცხოვრობს ქრისტეში, მასში ღვთის სულის არსებობის წყალობით.

ეკლესიაში სული წმინდის მუდმივი მყოფობის აღთქმა თავად ქრისტესეულია: „ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე“ (ინ. 14:16); „ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმინდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით“ (ინ. 14:26); „ხოლო როდესაც მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ; ვინაიდან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ რასაც მოისმენს, იმას იტყვის, და მომავალს გაუწყებთ თქვენ. ის განმადიდებს, რადგანაც ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ. ყველაფერი, რაც აქვს მამას, ჩემია; ამიტომაც ვთქვი, ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთმეთქი“ (ინ. 16:13-15). ამრიგად ქრისტე ეკლესიაში მყოფობს მასში მუდმივად მოქმედი სული წმინდით. ამიტომ ერგასის დღეს სული წმინდით აღვსებული მოციქული პეტრე ქადაგებს არა სული წმინდას, არამედ ქრისტეს, მოუწოდებს ქრისტეს სახელით ნათლობისაკენ (საქ. 2:38), ხოლო ნათლობის მიმღებთ ჰპირდება „სულიწმინდის ნიჭს“ (საქ. 2:38). ამავე მიზეზით სინედრიონის წინაშე მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს რწმენის აღსარებისას მოციქული პეტრე და სხვა მოციქულნი თავს უწოდებენ სული წმინდით მოწმეებს: „ამ სიტყვების მოწმენი ჩვენ ვართ და სული წმიდა, ღმერთმა რომ მისცა მის მორჩილთ“ (საქ. 5:32). ამავე მიზეზით მოციქული პავლე სულიწმინდას ზოგჯერ მოიხსენიებს ქრისტეს სულად, ან ძის სულად: „ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი“ (რომ. 8:9); „ღმერთმა მოავლინა თქვენს გულებში თავისი ძის სული“ (გალ. 4:6).

შევნიშნავთ, რომ წმინდა წერილის ციტირებული ტექსტები კათოლიკე ღვთისმეტყველთა მიერ ხანდახან გამოიყენება ფილიოკვეს დასაცავად. ვფიქრობთ, ეს ტექსტები არ გვიხსნიან წმინდა სამების პირთა იპოსტასურ მდგომარეობას, არამედ მიგვითითებს საწყის ურთიერთმიმართებაზე მამას, როგორც განცხადებად იპოსტასსა და ძესა და სული წმინდას, როგორც განმცახდებელ იპოსტასთა შორის, ეს განცხადება მოდის სიტყვიდან, სულით. ამ განცხადებაზე მამისა, ძით, სულის მიერ საუბრობს მოციქული პავლე: „მოგცეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად“ (ეფ. 1:17).

*  * *

მართალია მოციქულთა საქმეებში ერგასის დღეს სული წმინდის გარდამოსვლა მოციქულებზე აღწერილია როგორც ფაქტი მომხდარი დროსა და სივრცეში, მაგრამ ეს მოცემულობა სულაც არ ნიშნავს მის დასრულებულობას. თუ სული წმინდის გადმოსვლას მივიჩნევთ დასრულებულ აქტად, ეს ტოლფარდი იქნება ღვთის დიადი საქმის – ქრისტეს ეკლესიის შექმნის უარყოფისა. მოციქული პავლე ამბობს რომ „ქრისტე დროულად მოკვდა უღვთოთათვის“ (რომ. 5:6), მაგრამ „ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმედილნი“ (ებრ. 10:14). იგი ერთჯერადად აღდგა მკვდრეთით, მაგრამ „ქრისტეში იცოცხლებს ყველა. თვითეული თავისი წესით: ჯერ პირმშოქრისტე, შემდეგ კიქრისტესნი, მისი მოსვლისას“ (1კორ. 15:22-23). იგივე შეიძლება ითქვას სული წმინდის გარდამოსვლაზეც. ერგასი არ დასრულებულა და გაგრძელდება იმ დრომდე, როდესაც ქრისტე „მეორედ გამოჩნდება არა ცოდვათაგან განსაწმენდად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად“ (ებრ. 9:28). ერგასის ასეთ ესქატოლოგიურ ხასიათზე მიუთითებს თავად მოციქული პეტრე როდესაც იოელ წინასწარმეტყველის სიტყვებით ესაუბრება იმ სახლის ახლოს შეკრებილთ, სადაც მოხდა სული წმინდის გარდამოსვლა: „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს, ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებსდაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს. მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული. და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს უფლის სახელს, ცხონდება“ (საქ. 2:17-21).
საჭიროა კი იოელ წინასწარმეტყველის ამ სიტყვების ესქატოლოგიური მნიშვნელობის დამტკიცება?

ხმაური და ცეცხლოვანი ენები მხოლოდ დასაწყისი იყო ახალი ცხოვრებისა, რომელიც იმ დიდებული წუთიდან გამუდმებით ახლდება და იკურთხება ეკლესიაში უხილავად დავანებული სული წმინდისაგან. როგორც მოციქულთა დღეებში, ახლაც ღვთისმსახრება გველინება იმ სფეროდ, რომლშიც ყოველი ნათელღებული უფალ იესო ქრისტეს სახელით, ივსება სული წმინდის მადლით, მისადმი სწრაფვის საზომისაებრ. ყოველი საეკლესიო ღვთისმსახურება იწყება მიმართვით სული წმინდისამდი: „მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მონიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნე სახიერო სულნი ჩვენნი.“ ყოველ ღვთისმსახურებაზე არა ერთხელ, არამედ მრავალგზის აღესრულება დიდებისმეტყველება ყოვლადწმინდა სამებისადმი – მამისა და ძისა და სულისა წმინდისა. ცხადია, რომ ეს მოკლე დიდებისმეტყველება გამოხატავს ჩვენს ღვთისმსახურებაში სულიწმინდის მონაწილეობას რადგან „ვერავინ უწოდებს უფალს იესოს, თუ არა სულით წმიდით“(1კორ. 12:3).

ჩვენ დროში, ისევე როგორც მოციქულთა დროს, ეკლესიის ლიტურგიული ცხოვრების უმაღლეს, კულმინაციურ პუნქტს წარმოადგენს ლოცვასთან შეერთებული პურის განტეხვა, ანუ ევქარისტია. აქ მთელი მღვდელმოქმედება დაკავშირებულია სულიწმინდის მოხმობასთან. მას შემდეგ, რაც ევქარიტიისთვის განკუთვნილ ტაბლაზე დაასვენებენ პურსა და ღვინოს, ეკლესია ლოცულობს რათა ეს ძღვენი სათნო ეყოს ღმერთს და რათა მადლი ღვთის სულისა გადმოვიდეს ჩვენზე და განისვენოს წინადაგებულ პურსა და ღვინოზე: „უფალო, ყოვლის მყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, ქების მსხვეპრლის შემწირველო მათგან, ვინც გევედრება მთელი გულითღირს გვყავი ვიპოვოთ მადლი შენს წინაშე, ჩვენი მსხვერპლის სიკეთით მითვლისათვის, და ჩვენზე, ამ გამზადებულ ძღვენზე და მთელს შენს ერზე შენი სახიერი სული წმინდის მადლის დამკვიდრებისათვის“ (წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიიდან). „უფალო, ღმერთო ჩვენო, დამბადებელო ჩვენო, და ცხოვრებად მომყვანებელო, ჩვენთვის ცხოვრების გზის მაჩვენებელო, ზეციურ საიდუმლოთა განცხადების მომნიჭებელო: შენ ხარ ჩვენი დამდგენელი ამ მსახურებაზე, შენი სული წმინდის ძალითგარდამოგვივლინე ჩვენ მადლი სულისა შენისა წმინდისა“ (წმ. ბასილი დიდის ლიტურგიიდან).

სანამ დაიწყებდეს ანაფორის კითხვას, წინამძღვარი მიმართავს კრებულს: „მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა.“ მოციქული პავლეს ამ სიტყვებზე (2კორ. 13:13) ეკლესია მიუგებს: „და სულისაცა შენისათანა“. ერთმანეთისადმი მსგავსი მისალმებითა და სურვილებით, მომპოვებელნი სული წმინდის მადლისა, ჩვენ მივეახლებით უდიდეს საიდუმლოს – ევქარისტიას. ევქარისტიული შეკრების თავმჯდომარე კითხულობს ანაფორას და მთელი ეკლესიის სახელით კვლავაც სთხოვს ღმერთს გარდამოავლინოს სული წმინდა ყველა დამსწრესა და შეწირულ ძღვენზე: “შემოგწირავთ შენ უსისხლო და სიტყვიერ მსხვერპლს და ვითხოვთ და გევედრებით, გარდამოავლინე შენი სული წმინდა ჩვენზე და წინამდებარე ძღვენზე, და ჰყავი ეს პური შენი ქრისტეს პატიოსან ხორცად, ხოლო ამ ბარძიმში შენი ქრისტეს პატიოსან სისხლად. შესცვალე შენი წმინდა სულით, რათა ექმნეს მიმღებლებს სულის უბრალოებად, ცოდვათა მოტევებად, ცათა სასუფევლის დამკვიდრებად” (წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიიდან); “გევედრებით წმინდათა წმინდაო, შენი კეთილი ნებით მოვიდეს შენი სული წმინდა ჩვენზე და წინამდებარე ძღვენზე, აკურთხე, განსწმინდე და განამრავლე და გამოაჩინე და ჰყავი ეს პური ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს პატიოსან ხორცად, ასევე ამ ბარძიმში ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს პატიოსან სისხლად… ხოლო ჩვენ ყველანი, ერთი პურისა და სასმლის მიმღებნი, შეგვაერთე ერთადერთი სული წმინდის ზიარებაში” (წმ. ბასილი დიდის ლიტურგია).

ანაფორის დასასრულს კიდევ ერთხელ წარმოითქმის ლოცვა მთელი ეკლესიისა: “ამ შეწირული და განწმენდილი ძღვენისათვის ვილოცოთ უფლისადმი. რათა კაცთმოყვარე ღმერთმა, ამ ძღვენის თავის წმინდა, ზეციურ და უხილავ საკურთხეველზე შემწრველმა, კეთილსურნელებად შეიწიროს და სანაცვლოდ მოგვივლინოს სული წმინდის მადლი, ვილოცოთ” (კვერექსი ლიტურგიიდან); ახლოვდება წმინდა საიდუმლოთა ზიარების მიღების მომენტი და ეკლესია კვლავაც ლოცულობს, რათა ეს ზიარება იქცეს სული წმინდასთან ურთიერთობად, რათა მაზიარებლებს გულში ცოცხლად გვყავდეს ქრისტე და ვიქცეთ სული წმინდის ტაძრად: “კაცთმოყვარეო მეუფეო… ღირსი გაგვხადე ამ ზეციური და შესაძრწუნებელი საიდუმლოს მიღებისა, წმინდა და სულიერი ტრაპეზისა… სული წმინდის ზიარებისა” (წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია); „ღმერთო ჩვენოგვასწავლე სიწმინდის შენი კრძალვით აღსრულება, რათა ჩვენი სინდისის წმინდა მოწმობით, შენი სიწმინდის ნაწილთა შეწყნარებით, შევუერთდეთ ქრისტეს წმინდა ხორცსა და სისხლს, და ამის ღირსებით მიმღებლებს, გვყავდეს დამკვიდრებული ქრისტე ჩვენს გულებში, და ვიქცეთ სული წმინდის ტაძრად“ (წმ. ბასილი დიდის ლიტურგიიდან); “მეუფეო და უფალო, მოწყალების მამაო და ნუგეშინისცემის ღმერთო… [თავის მოდმრეკელნი] ღირსად გამოაჩინე დაუსჯელად ამ უხრწნელი და მაცოცხლებელი საიდუმლოს მიღებისა, ცოდვათა მიტევებისა და სული წმინდის ზიარებისათვის” (წმ. ბასილი დიდის ლიტურგიიდან).

* * *

ზემოთ ითქვა, რომ მოციქულებზე სული წმინდის გადმოსვლა, მომხდარი განსაზღვრულ დროსა და სივრცეში, არსით ესქატოლოგიური აქტია, რომელიც დღემდე გრძელდება ეკლესიის ცხოვრებაში. ერგასის ეს ესქატოლოგიურობა მსჭვალავს ევქარისტიის მთელს მღვდელმოქედებას. როდესაც ეკლესია აღასრულებს ანაფორას ღვთის წყალობისათვის „ჯვარისა, სამი დღე დაფვლის, აღდგომისა, ზეცად ამაღლებისა და მარჯვენით დაჯდომისა“ გვერდით იხსენებს „მეორე, დიდებულ მოსვლას“ (წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია); „დიდებით და საშინელად მეორედ მოსვლას“ (წმ. ბასილი დიდის ლიტურგია).
ამას მოსდევს ეპიკლეზისი, რომელიც გრძელდება შემდეგ ლოცვაში: „სარწმუნოებით შესვენებულთათვის, პირველ მამათა, პატრიარქთა, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მქადაგებელთა, მახარებელთა, მოწამეთა, აღმსარებელთა, მმარხველთა, და სარწმუნოებით აღსრულებული ყოველი სულისათვის, უპირველესად კი ყოვლად-წმინდისა, უხრწნელისა, უმეტესად კურთხეულისა, ჩვენი დიდებული დედოფლისა, ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათვის“ (წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია).

ევქარისტიაში სულიერი ერთობა, წმ. საიდუმლოს თანაზიართა და გარდაცვლილ მართალთა შორის განსაკუთრებით შთამბეჭდავადაა გადმოცემული წმ. ბასილი დიდის ლოცვაში. მოიწვევს რა სული წმინდას ევქარისტიის მონაწლეებსა და გამზადებულ ძღვენზე, წმ. ბასილი ამბობს: „ჩვენ ყველანი კი ერთი პურისა და სასმელისაგან მიმღებელნი, შეგვაერთე ერთმანეთთან, ერთი სული წმინდის ზიარებისათვის, და ნუ იქმნება რომელიმე ჩვენგანის სასჯელად ან დასასჯელად ზიარება შენი ქრისტეს წმინდა ხორცისა და სისხლისა, არამედ იყოს წყალობისა და მადლის საპოვნელად ყველა წმინდანთან ერთად, ვინც ოდითგანვე გესათნოვენენ შენ: პირველ მამებთან, პატრიარქებთან, წინასწარმეტყველებთან, მოციქულებთან, მქადაგებელებთან, მახარებელებთან, მოწამეებთან, აღმსარებელებთან, მოძღვრებთან და მართლი სარწმუნოებით აღსრულებულ ყოვლ სულთა“ (წმ. ბასილი დიდის ლიტურგია).

ბოლოს, წმ. საიდუმლოსთან ზიარების შემდეგ წასაკითხ ლოცვათა რიცხვში გვხვდება ლოცვა, რომელსაც ჩვენი სულიერი ხედვა გადააქვს ახლახანს აღსრულებული საიდუმლოდან იმ აღსრულებად ტრაპეზზე, რომლის შესახებაც უფალი აუწყებს მოციქულებს, საიდუმლო სერობისას: „აღარ დავლევ ყურძნის ნაყოფისაგან, ვიდრე არ მოიწევა ღმრთის სასუფეველი“ (ლკ. 22:18): “ქრისტევ, დიდო და წმინდა პასექო, ღვთის სიბრძნევ, სიტყვავ და ძალო, შენს მზიარებლებს გვიბოძე სრულყოფილი სერობა შენი სუფევის დღეს” (წმ. იოანე ოქროპირისა და წმ. ბასილი დიდის ლიტურგია).

* * *

ვისაუბრეთ რა ევქარისტიის მადლიანობაზე და მის ესქატოლოგიურობაზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მასში ე.ი. ევქარისტიაში წარმოჩნდება ეკლესიის პლირომა (სავსება), როგორც ღვთის რჩეული ერისა, პირველი მღვდელის, იესო ქრისტეს მეთაურობით, რომელიც თავად წარმოადგენს აღსავლენ მსხვერპლს მამის წინაშე „ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი“ (1ინ. 2:2).

მორწმუნეთა შორის ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომლის მიხედვითაც ევქარისტიის მონაწილენი იყოფიან ორ ნაწილად – სამღვდელოდ და საეროდ, მიაწერენ რა პირველს ევქარისტიაში აქტიურ მონაწილეობას, ხოლო უკანასკნელთ, ანუ საეროთ – პასიურს. ეს წარმოდგენა ემყარება იმ ისტორიულად შექმნილ გარემოებებს, რომელშიც აღესრულება ევქარისტია: განსაკუთრებულ სამოსში შემოსილი მღვდელმსახური; კანკელით გამოყოფილი საკურთხეველი ტაძრის იმ ნაწილისგან, სადაც ლოცულობს ერი, ისე, რომ მღვდელი ხშირად მიმართავს დახურული კარის შიგნიდან; ასევე ევქარისტიის ლოცვათა უმრავლესობა, რომელსაც მღვდელი საიდუმლოდ კითხულობს.

არადა ევქარისტიას აღასრულებს თავად უფალი იესო ქრისტე „რადგანაც ქრისტე ხელთქმნილ საწმინდარში, ანუ ჭეშმარიტის ხატებაში კი არ შევიდა“, როგორც შედიოდნენ ძველი აღთქმის მღვდემსახურები, „არამედ თვით ცაში, რათა აწ ჩვენთვის წარუდგეს ღმერთს“ (ებრ. 9:24). და ჩვენ მისი სახით გვყავს „დიდი მღვდელმთავარი ღვთის სახლში“ (ებრ. 10:21). ლოცვა, რომელსაც მღვდელმსახური კითხულობს ევქარისტიული ძღვენის ტრაპეზზე გადატანის წინ და რომელიც მიმართულია ყოვლადწმინდა სამების მეორე პირის, იესო ქრისტესადმი, გვახსენებს რომ: „შენ ხარ შემწირველი და შეწირული, და შემწყნარებელი და მიმცემელი“. ევქარისტია მოაქვს უფალ იესო ქრისტეს, მთელ საღმრთო ერთან ერთად, რომელიც შეიყვარა და განბანა ცოდვათაგან საკუთარი სისხლით, და აქცია აზნაურებად და მღვდელმსახურებად უფლი მამისა (გამოცხ. 1:5-6).

ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებაში მთელი ეკლესიის ერთიანი მონაწილეობა განსაკუთრებულად კარგადაა გამოხატული ანაფორაში. როდესაც ევქარისტიის თავმჯდომარე, კრებულის წინამძღოლი მიმართავს ერს: „მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა, იყავნ თქვენ ყოველთა თანა,“ ერი ამ კურთხევას ღებულობს არა პასიურ მდუმარებაში, არამედ პასუხობს: „და სულისაცა შენისათანა“. ამ სახით ეკლესიამ მიიღო რა კურთხევა წინამძღოლის მიერ, მას თავადვე უბრუნებს უკან. ამის შემდეგ, როდესაც წინამძღოლი მოუწოდებს ერს ევქარისტიული ლოცვის აღსრულებისაკენ და ღაღადებს: „ვმადლობდეთ უფალსა“, ერი პასუხად გალობს სამადლობელ სიტყვებს: „ღირსეული და სამართლიანია.“ წინამძღოლი წაიკითხავს რა სამადლობელთა ნაწილს, მიდის სერაბიმთა გალობამდე, უერთებს მას ერის გალობასაც და ღაღადებს: „ძლევის გალობის, მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი“ – ერი კი უერთდება ამ საგალობელს „წმინდაო, წმინდაო, წმიდაუფალო საბაოთ ცანი და ქვეყანა სავსე არიან შენი დიდებით: ოსანა მაღალთა შინა. კურთხეული არის უფლის სახელით მომავალი: ოსანა მაღალთა შინა“. შემდეგ წინამძღოლი წარმოთქვამს უფლის სიტყვებს: „მიიღეთ და ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი, თქვენთვის განტეხილი, ცოდვათა მიტევებისათვის… ყველამ სვით ამისაგან, ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, თქვენთვის და მრავალთათვის დანთხეული, ცოდვათა მიტევებისათვის“, ერი კი ყოველ ჯერზე მიუგებს „ამინ“. წინამძღოლი იწყებს რა სული წმინდის მოხმობას, აღამაღლებს პურს და სასმისს და წარმოსთქვამს: „შენსას შენვე შემოგწირავთ, ყოველივესა და ყველასათვის“ ერი კი ასრულებს ამ ფრაზას: „შენ გიგალობთ, შენ გაკურთხებთ, შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით შენ, ღმერთო ჩვენო.“

როდესაც წინამძღოლი ძღვენის კურთხევის შემდეგ მოიხსენიებს ყველა სარწმუნოებით გარდაცვლს, წარმოთქვამს: „უპირველესად კი ყოვლად-წმინდისა, უხრწნელისა, უმეტესად კურთხეულისა, ჩვენი დიდებული დედოფლისა, ღვთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისათვის “, ერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ამ მორიგ მოხსენიებას ეხმიანება მისდამი მიძღვნილი ამა თუ იმ ჰიმნით. როდესაც წინამძღოლი ლოცულობს ეკლესიის ცოცხალი წევრებისათვის, იერარქიიდან დაწყებული, ერი ამ ლოცვას აგრძელებს გალობით: „ ყოველივესა და ყველასათვის,“ ე.ი. ლოცვა აღვლენილია ყველა ქრისტიანი მამაკაცისა და დედაკაცისათვის.

წინამძღოლი ანაფორას ასრულებს ლოცვით, რომელშიც ითხოვს, რომ ყოველთვის იდიდებოდეს უფლის სახელი ყველასაგან, როგორც ერთი ადამიანის მიერ: „გვიბოძე ჩვენ უფალო, ერთი პირითა და ერთი გულით შენი დიდება, და გალობა ყოვლად პატიოსანისა დაშვენიერისა შენი სახელისა, მამისა და ძისა, და წმინდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“, ხალხი კი ამ ლოცვას ამოწმებს: „ამინ“. წინამძღოლი მიმართავს ერს სიტყვებით: „ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს წყალობა იყოს ყოველ თქვენგანთან”, ერი ღებულობს რა წინამძღოლის მიერ ღვთის კურთხევას, პასუხობს: „და სულისაცა შენისათანა“, ანუ იქცევა ისევე, როგორც მოიქცა ევქარისტიული ლოცვის აღსრულებამდე: უბრუნებს წინამძღოლს მის მიერ მიღებულ ღვთის კურთხევას.

ევქარისტიის აღსრულებაში მღვდელმსახურისა და ეკლესიის ასეთ ორმხრივ მონაწილეობაზე საუბრობს წმ. იოანე ოქროპირი: „არის წუთები, როდესაც მღვდელმსახური არაფრით განსხვავდება სხვებისგან, მაგალითად მაშინ, როდესაც უნდა ეზიაროს საშინელ საიდუმლოს… და ლოცვებშიც, როგორც ყველას შეუძლია დაინახოს, დიდ წილად თანამშრომლობს ერიც, რამეთუ ყველასთვის აღესრულება მღვდელმსახურისა და ერის საერთო ლოცვები… და ევქარისტიის ლოცვებიც ასევე საერთოა, რადგანაც არა კერძო მღვდელმსახური წარმოთქვამს სამადლობელს, არამედ მთელი ერი, ვინაიდან მხოლოდ ერის პასუხის და თანხმობის მიღების შემდეგ, რომ ღირსეული და სამართლიანია აღსრულებადი, იწყებს მღვდელმსახური ევქარისტიას და რა გასაკვირია, თუ მღვდელმსახურთან ერთად ერიც ლოცულობს როდესაც ის აღავლენს სხვადასხვა საგალობელს, ქერუბიმებთან და ზეციურ ძალთებთან ერთად?“ (Беседа 18 на Второе послание к Коринфянам. Русск. перевод. M., I851, стр. 237—238. Срав. беседа 21 на Деяния свв. апостолов. Русск. перевод. СПб., 1856, стр. 390).

ევქარისტიის აღსრულებაში მთელი ეკლესიის მონაწილეობა არცერთ შემთხვევაში აკნინებს იერარქიის, როგორც მადლისმიერი განწესების როლს. პირიქით, ევქარისტია არის მადლისმიერი მჭიდრო კავშირით ხალხის შეერთება მათ მაცხოვართან, სული წმიდის მოქმედებით, და აღამაღლებს იერარქიულ მსახურებას. არც ქადაგებამ და არც ნათლობამ, რომელნიც მოციქულთა დროს დიაკონთა მიერაც აღესრულებოდა (საქ. 8:5-13; 29-40), არამედ ევქარისტიამ, რომელის აღსრულებაც იყო წინასწარმეტყველების ნიჭით დაჯილდოებულთა პრივილეგია (დიდაქე), შექმნა იერარქია. შემთხვევითი არ არის, რომ ყველა სხვა საეკლესიო საიდუმლოსაგან განსხვავებით მღვდლად კურთხევა დღემდე ევქარისტიასთან კავშირში აღესრულება.

* * *

დრო საშუალებას არ გვაძლევს ასევე დეტალურად განვიხილოთ სული წმინდის მაცხონებელი და განმწმედელი ქმედებანი სხვა საეკლესიო საიდუმლოებებში: ნათლობაში, მირონცხებაში, სინანულში, მღვდლობაში, ქორწინებასა და ზეთის კურთხევაში.

ნათლისღებისას ჩვენ განვიწმიდებით პირველქმნილი ცოდვისა და საკუთარი ცოდვებისაგან და ვხდებით ქრისტეს სხეულის წევრები; მირონცხებაში ვღებულობთ მადლისმიერ შეწევნას ცოდვებთან ბრძოლისთვის; სინანულში დაცემული ცოდვითი მდგომარეობიდან ვდგებით, ღვთის შეწევნით; ქორწინებაში ვღებულობთ ოჯახის კურთხევას, რომელიც არის საშინაო ეკლესია; მღვდლობაში, ამ საიდუმლოს მიმღები, ღებულობს სული წმიდის მადლს, ღვთის ერის მსახურებისთვის; ზეთისკურთხევით ქრისტიანი ღებულობს ტანჯვის შემსუბუქებას, სნეულებათაგან კურნებას და ცოდვათა მიტევებას.

შვიდი საიდუმლოს არსებობა არ ზღუდავს სული წმიდის მაცხონებელ და განმწმედელ მოქმედებას ეკლესიაში. წმინდა წერილში მრავალგზის ვხვებით რიცხვ შვიდს. იესო ქრისტე ადამიანის სულზე ეშმაკის მოქმედებაზე ამბობს: „როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისაგან, უწყალო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, და ვერ ჰპოვებს მას. და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; და როცა მივა, ჰპოვებს მას ცარიელს, დაგვილსა და დამშვენებულს. მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევა და დაემკვიდრება იქ“ (მთ. 12:43-45 შედ. ლკ. 11:24-26). მაჭირვებელთა პატიების მცნბების მოცემიასა ქრისტე საუბრობს: „დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრასვნანობო, მიუტევე“ (ლკ. 17:4). სახარებაში საუბარია, რომ იესო ქრისტემ განდევნა მარიამ მაგდალინელისგან „შვიდი ეშმაკი“ (მკ. 16:9 შედ. ლკ. 8:2). განსაკუთრებით ხშირად იხმარება რიცხვი შვიდი იოანეს გამოცხადებაში, რომელიც მიმართულია „ასიის შვიდი ეკლესიისადმი“ (გამოც. 1:4) და იუწყება ამ ეკლესიათა მომავალს. საიდუმლოთა მჭვრეტელი ასახელებს შვიდ სასანთლეს (გამოც. 1.12), კაცის ძის ხელში შვიდ ვარსკვლავს (გამოც. 1.16), ღვთის შვიდ სულს (გამოც. 4.5), ღვთის კრავის წიგნში შვიდ ბეჭედს (გამოც. 5.5), ღვთის კრავის შვიდ რქასა და შვიდ თვალს (გამოც. 5.6), შვიდ ანგელოზს შვიდი საყვირით (გამოც. 8.2), შვიდ ქუხილს (გამოც. 10.3), შვიდ ანგელოზს, უკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლითაც მთავრდებოდა ღვთის რისხვა (გამოც. 15.1), ღვთის რისხვის შვიდ თასს (გამოც. 15.7) და ბოლოს შვიდ გვირგვინს, დრაკონის თავზე (გამოც. 12.3). ყველა ამ შემთხვევაში ცხადია რიცხვ შვიდის სიმბოლური მნიშვნელობა. როდესაც ქრისტე საუბრობს მაჭირვებელის დღეში შვიდგზის მიტევებაზე, გულისხმობს ყოველმხრივ და სრულად მიტევებას. როდესაც ის საუბრობს ბოროტ სულზე, რომელიც ადამიანთან ბრუნდება შვიდ უბოროტეს სულთან ერთად, ის გვაფრთხილებს სულის მძიმე მდგომარეობაზე, რომელშიც ადამიანი ვარდება თუ ერთხელ მიღებულ ღვთის მადლს, აღარ განამრავლებს. მარიამ მაგდალინელისგან შვიდი ეშმაკის განდევნით მახარებლებს სურთ დაგვანახონ ის განსაკუთრებული სულის სიბნელე, რომლითაც მოცული იყო ეს დედა, ვიდრე მაცხოვარმა არ მიუტევა. ასევე, იოანე ღვთისმეტყველი საუბრობს რა კრავის შვიდ სასანთლეზე, შვიდ ვარსკვლავზე მის ხელში, შვიდ რქაზე და შვიდ თვალზე – მოწმობს იესო ქრისტეს ღვთიურ ღირსებას. შვიდი ბეჭედი კრავის წიგნზე, მიგვითითებს ეკლესიათა ბედის განსაკუთრებულ საიდუმლოებრიობზე, ხოლო შვიდი ანგელოზი შვიდი საყვირით, შვიდი წყლულება, და ღვთის რისხვის შვიდი თასი – მართალ სასყიდელგებას, რომელიც მოელით ცოდვილებს საშინელი სამსჯავროს დღეს. მოკლედ რომ ვთქვათ, რიცხვ შვიდს მაცხოვრისა და მოციქულთა ბაგეებზედ აქვს სიმბოლური მნიშვნელობა და გამოხატავს აბოსლუტურ სისავსეს, რომელიც არ ექვედებარება არანაირ ზუსტ აღწერილობას, აღნუსხვასა და აღრიცხვას, რის შესახებაც სულიწმიდასთან მიმართებაში ამბობს იოანე ღვთისმეტყველი: „ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს“ (ინ. 3:34).
ამიტომ ეკლესია არ ზღუდავს ღვთის მადლის მიღების შესაძლებლობას მხოლოდ იმ მღვდელმოქმედებებით, რომელიც დაკავშირებულია შვიდ საიდუმლოსთან. ყველა საეკლესიო ღვთიმსახურება მადლის მომცემია და ყოველ მათგანში მონაწილეობს სული წმინდა, რადგანაც როგორც ზემოთ ითქვა: „და ვერც უფალს უწოდებს იესოს, თუ არა სულით წმიდით.“ (1კორ.12.3).

შეიძლება კი უარვყოთ მადლის მომცემი მნიშვნელობა დიდი აიაზმისა, რომელიც შეიცავს მთელ რიგ საკრამენტალურ ლოცვებს: „რათა განიწმინდოს ეს წყალი, სული წმინდის ძალით, და შეწევნითა და დამკვიდრებით… რათა დაემკვიდროს ამ წყლებში წმიდამყოფელი ძალი ერთარსი სამებისა… რათა მოენიჭოს ამა წყალს გამოხსნის მადლი და იორდანის კურთხევა, სული წმინდის ძალით, შეწევნითა და დამკვიდრებით… რათა უფალმა ღმერთმა გარდამოავლინოს იორდანის კურთხევა და განსწმიდოს წყალი… რათა იქცეს ეს წყალი სიწმინდის მომნიჭებელად, ცოდვათაგან გამომხსნელად და სულთა და ხორცთა საკურნებელად და ყოველგვარი კეთილდღეობისათვის სასარგებლო… რათა იქცეს ეს წყალი საუკუნო ცხოვრებაში შემყვანებელად… რათა სარწმუნოებით მიმღებელთათვის იყოს განსაწმედელად სულისა და ხორცის ყოველგვარი ბიწიერებისა… რათა ავივსოთ სიწმიდით, ამ წყლის მიღებითა და სული წმინდის უხილავად გამოცხადებით…”

უნდა აღინიშნოს, რომ თავად წყლის კურთხევის ლოცვა შედგენილია ევქარისტიული ანაფორის მსგავსად – აქვს იგივე ტრადიციული ელემენტები: praefatio (შესავალი), anamnesis (გახსენება), epiclesis (სული წმინდის მოხმობა), intercession (მეოხება). ბოლო, epiclesis-ის ლოცვა არ გვაძლევს არანაირი ორაზროვანი განმარტების საშუალებას, ამ ღვთისმსახურობის მადლისმომნიჭებელ დანიშნულებაზე: „შენ კაცთმოყვარეო მეუფეო, მოდი შენი წმინდა სულის დამკვიდრებით და განსწმინდე ეს წყალი, და მოანიჭე ამას გამოხსნის მადლი და იორდანის კურთხევა, აქციე უხრწნელების წყაროდ, სიწმიდისა მონიჭებელად, ცოდვათაგან გამომხსნელად, სენთა განსაკურნებლად, ეშმაკთა შემმუსვრელად, ბოროტი ძალებისათვის მიუღებლად, ანგელოსთა ძალებით სავსედ. რათა ყველა, ვინც მიიღებს ამას, შეერგოს სულისა და ხორცის განსაწმენდელად, ვნებათა საკურნებლად, სახლთა განსაწმენდელად და და ყოველგვარი კეთილდღეობისათვის სასარგებლოდ… შენ მეუფეო, განსწმინდე წყალი ესე შენი სული წმინდით... და ყველას, ვინც იცხებს, მიიღებს ან შევამს ამას, მიეცი სიწმინდე, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კურთხევა.“

თავად საცეცხლურის კვამლიდანაც კი ვღებულობთ სული წმინდის მადლს, რაც ჩანს სასაკმევლის სპეციალური ლოცვიდან, რომელსაც მღვდელმსახური კითხულობს კმევის წინ: „საკმეველსა შემოგწირავთ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, როგორც სულიერ სურნელებას, შეიწირე შენს ზეციურ საკურთხეველზე, და ნაცვლად გარდამოგვივლინე ჩვენ მადლი შენი წმინდა სულისა.“ შევნიშნავთ, რომ მადლმოსილი ეფექტი ღვთისმსახურების მატერიალური მხარისა – იგივე საკმევლის კმევა – მითითებულია წმიდა წერილში, მაგალითად: „მაშინ მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელიც დადგა საკურთხეველთან, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმინდის ლოცვასთან ერთად ტახტის წინ, საკურთხეველზე დაედო იგი. და ავიდა საკმევლის კვამლი წმინდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე“ (გამოც. 8:3-4).
მოხსენების დასასრულს უპრიანია გავიხსენოთ ღირსი სერაფიმე საროველის სიტყვები, რომ ადამიანის მთელი ცხოვრება მიმართული უნდა იყოს სული წმინდის მოხვეჭისაკენ. ამ აზრით მთელი ქრისტიანული ღვთიმსახურება წარმოდგენს ერგასის გაგრძელებას.

ნიკოლაი უსპენსკი

მოხსენება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და გერმანიის ევანგელისტურ ეკლესიას შორის 1963 წელს გამართული საღვთისმეტყველო ფორუმზე. ჟურნ. Богословские труды 5(1970), 196-204.

Print Friendly

Tags: ,

Comments are closed.