ფსევდო-ეპიფანე – დიდი შაბათის ჰომილია

ib_home_0_21-2-Copy-720x320 2ქადაგება, რომელიც  ეპიფანე კვიპრელს (430) მიეწერება, პატრისტიკულ და ლიტურგიულ ლიტერატურაში ცნობილია „დიდი შაბათის ჰომილიის“ სახელით (Homilia in sabbato magno / Homilia in divini corporis sepulturam, CPG 3768). ტექსტის ზუსტი წარმომავლობა უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ის ნამდვილად კვიპროსელ ეპისკოპოს ეპიფანეს უნდა წარმოექთვა, მაგრამ არა ცნობილ სალამინელ მოღვაწეს, არამედ VII საუკუნის თეოლოგს. ჰომილიის ნაწილი დღემდე გამოიყენება რომაულ ლიტურგიულ ტრადიციაში დიდი შაბათის პატრისტიკულ საკითხავად, ძველი და ახალი აღთქმის საკითხავების გვერდით. გთავაზობთ ცნობილი ქადაგების ერთი მონაკვეთის ქართულ თარგმანს (ტექსტისათვის იხ. PG 43:440-464).


რა მოხდა? დღეს დედამიწაზედ დიდი სიჩუმეა, დიდი სიჩუმე და გარინდულობა (ἠρεμία). დიდი სიჩუმეა, რადგანაც მეფეს სძინავს: მიწა გაოგნებულია და დუმს, რამეთუ ღმერთმა ხორცში მიიძინა (ὕπνωσε) და გამოაფხიზლა საუკუნითგან მიძინებულნი. ღმერთი მოკვდა (τέθνηκε ) ხორცში და შეაძრწუნა ჯოჯოხეთი. ღმერთმა მცირე ხნით მიიძინა, და ჯოჯოხეთისანი გამოაღვიძა (ἐξήγειρε). […]

როგორ და რისთვის დაეშვა ის ჯოჯოხეთში? იქნებ იმისთვის, რომ გამოიხსნას ადამი, დამნაშავე და ჩვენი თანამონა (σύνδουλον)? რა თქმა უნდა, ის მიემართება პირველმშობელის (πρωτόπλαστον) მოსაძებნად, როგორც დაკარგული ცხვარისა (შდრ. მთ. 18:12-13) იგი ჩადის მათ მოსახილად, რომელნიც სხედან ბნელში, სიკვდილის აჩრდილის ქვეშ (შდრ. ლკ. 1:79). უეჭველია ის მიემართება რათა გაათავისუფლოს ტყვე ადამი ტყვე და ევა მისი თანა-ტყვე (συναιχμάλωτον), რადგან ის მათი ღმერთია და მათი შვილიც. […]

ამასობაში, ადამი მიუბრუნდა წარსულითგან თავის თანა-ტყვეებს და უთხრა: „მესმის ფეხის ხმა ჩვენსკენ მომავალისა (εἰσερχομένου), და თუ იკადრა ამ ადგილას მოსვლა, გავთავისუფლდებით საკვრელებისგან; საკმარისია ჩვენს შორის გამოცხადდეს და დავიხსნებით ჯოჯოხეთისაგან“.

სანამ ადამი ეუბნებოდა თავის თანა-ტყვეთ ამ და მსგავს სიტყვებს, უფალი ჩავიდა მათთან ჯვრის ძლევამოსილი მხედრობით. როგორც კი პირველმშობელმა ადამმა  დაინახა ის, განკვირვებისგან გულში იცემდა ყვირილით: „უფალი ჩემი ყოველთა-თანა! (Ὁ Κύριός μου μετὰ πάντων). მიუგო ქრისტემ და უთხრა ადამს: „და სულისაცა შენისა-თანა”, გაუწოდა ხელი და წამოაყენა მეტყველმა:

„გაიღვიძე მიძინებულო და აღსდეგ მკვდრეთით (καὶ ἀνάστα ἐκ τῶν νεκρῶν) და ქრისტე განგანათლებს!

მე, ღმერთი შენი, შენთვის შენს ძედ ვიქეცი, რათა შენთვის და მათთვის რომელნიც შენგან შობილან ახლა ვთქვა და ვბრძანო საპყრობილეში მყოფთადმი -გამოდით! ბნელში მსხდომთადმი – განათლდით! მიცვალებულთადმი – აღდექით!

შენ გიბრძანებ, მიძინებულო: გაიღვიძე! არ შემიქმნიხარ ჯოჯოხეთის ტყვეობისათვის. აღდექი მკვდრეთით, მე ვარ სიცოცხლე მკვდართა და ცოცხალთა! აღდექი ქმნილებავ ჩემო,  მსგავსებავ და ჩემს ხატებად შექმნილო. წამოდექი, გავიდეთ აქედან! რამეთუ ვართ მე შენში და შენ ჩემში, რადგან განუყოფელი გვაქვს  სახება (ἀδιαίρετον ὑπάρχομεν πρόσωπον).

შენთვის, შენი ღმერთი შენს ძედ ვიქეც, შენთვის შენმა უფალმა მსახურის სახე შევიმოსე.

შენთვის, რომელიც ვარ ცათა მიღმა, ჩამოვედ მიწაზედ და მიწის ქვემოთაც შთამოვხდი.

შენთვის, ჰოი კაცო, ‘შევიქენი, სამარეში რომ ჩადიან, ვითარცა კაცი უძალ-ღონო’ (ფს.87:5).

შენთვის, რომელიც გამოხვედ [ედემის] ბაღიდან, ბაღში გავიყიდე და მივეცი იუდეველთა ხელში და ერთ ბაღშიც ჯვარზე ვეცვი.

შეხედე ჩემს სახეზე ნანერწყვს, რომელიც შენთვის მივიღე, რათა განმეახლებინა (ἀποκαταστήσω) შენთვის იმ პირველი სულის შთაბერვა (დაბ. 2:7).

შეხედე ჩემს ნაგვემ ყვრიმალებს, რომელნიც მივიღე, რათა აღმდეგინა შენში დაკარგული მშვენიერება ჩემი ხატებისა.

შეხედე ჩემს ცემით ნატანჯ ზურგს – რომელიც მივიღე, შენი ბეჭების ცოდვის სიმძიმისგან გათავისუფლებისთვის.

შეხედე ჩემს ხელებს, ხეზე მილურსმნულთ, რადგან, შენ ერთ დროს ავად გაიწოდე ხელი ხისაკენ.

შეხედე ჩემს ფეხებს, ნაიარევთ და ხეზე მილურსმნულთ, რადგან შენი ფეხები მეექვსე დღეს ავად მირბოდნენ ურჩობის ხისაკენ, იმ დღეს, როდესაც განაჩენი (ἀπόφασις) დადგა და განვახორციელე შენი განახლება  (ἀνάπλασιν) და გაგიღე სამოთხის კარი.

შენი სიყვარულით ვიხმიე ნაღველი, რათა განმეკურნა შენი მწარე ტკბობა იმ ნაყოფით [რომელიც იხმიე]. შევსვი ძმარი, რათა გამექარწყლებინა სასმისი, შენი ბუნების საწინააღმდეგო სიკვდილის სიმწარე. მივიღე ღრუბელი, რათა წამეშალა ხელწერილი  (χειρόγραφόν) შენი ცოდვისა. ლერწმით ვიგვემე, რათა დამემტკიცებინა (ὐπογράψω) ადამიანთა მოდგმის თავისუფლება.

ჯვარზე მივიძინე (ὕπνωσα) და ლახვარმა განაღო გვერდი ჩემი, შენთვის, რომელიც ოდესღაც სამოთხეში მიძინებულხარ, რათა ევა შენი გვერდიდან გამოსულიყო. ჩემი გვერდის ჭრილობამ შენი გვერდის ტკივილი განკურნა. ჩემი მიძინება დაგიხსნის სიკვდილის ძილისაგან. ჩემმა გვერდმა შეაჩერა მახვილი, რომელიც შენს წინააღმდეგ იყო მომართული.

წამოდექი, განვეშოროთ აქაურობას. მტერმა მიწიერი სამოთხიდან  (ἀπὸ γῆς παραδείσου) გამოგიტყუა, მაგრამ მე არ მიგაბრუნებ იმ სამოთხეში, არამედ დაგსვამ ზეციურ ტახტზე.

მე აგიკრძალე ხე, რომელიც იყო სიმბოლო (τυπικοῦ) სიცოცხლისა, მაგრამ ახლა მე, თავად სიცოცხლე ვარ შენთან.

მე დავადგინე ქერუბიმი, შენს ზედამხედველად, როგორც მსახურისა, ახლა კი ის მოგემსახურება მსგავსად ღმერთისა (θεοπρεπῶς προσκυνῆσαί σε).

შენ დაემალე ღმერთს როგორც შიშველი, ახლა კი შენში იმალება შიშველი ღმერთი. სირცხვილეულმა შენ შეიმოსე ტყავის სამოსი, ახლა კი ღმერთმა შეიმოსა შენი სხეული.

წამოდექი, წავიდეთ აქედან, სიკვდილიდან სიცოცხლეში, ხრწნილებიდან უხრწნელებაში, სიბნელიდან საუკუნო სინათლეში.

წამოდექი, წავიდეთ აქედან მწუხარებიდან სიხარულში, მონობიდან თავისუფლებაში, საპყრობილიდან ზეციურ იერუსალიმში, ბორკილებიდან განსვენებაში, მიწიდან ზეცაში. ამისთვის მოვკვდი და აღვსდექი, რათა ვიუფლო (κυριεύσω) მკვდრებზე და ცოცხლებზე.

წამოდექი, წავიდეთ აქედან, ჩემი ზეციერი მამა ელის დაკარგულ ცხვრებს. ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი, ანგელოზები, ელოდებიან მეასეს – ადამს; როდის წამოდგება, როდის ამაღლდება იგი ღმერთამდე.

ქერუბიმთა ტახტი (Χερουβικὸς θρόνος) მზად არის შენთვის, მისი მტვირთველნი კი მოგელიან. საქორწილო დარბაზი მორთულია, ტრაპეზი გაშლილია, საუკუნო განსასვენებელი მოკაზმულია, ხაზინები გახსნილი. გამზადებულია შენთვის დაუსრულებელ საუკუნეთა სამეფო ზეციერი, რომელიც თვალით არავის უხილავს და ყურით არავის სმენია. ეს ყოველივე ელოდება კაცობრიობას.

თარგმნა და შენიშვნები დაურთო მღვდელ-მონაზონმა ლეონიდე ებრალიძემ

Print Friendly

Tags: , , , , , ,

Comments are closed.