Covid-19 და ქრისტიანული (?) დუალიზმი

generico-2018-789585.610x431

ავტორი:  – არქიმანდრიტი კირილე ჰოვორუნი

ამ პატარა ჩანაწერში შევეცდები ავხსნა, თუ რას ეყრდნობა ფართოდ გავრცელებული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ კორონავირუსის გადადება ზიარების გზით შეუძლებელია.

ეს რწმენა ეფუძნება იმას, რომ იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი წარმოადგენს აბსოლუტურ სიკეთეს, მაშინ, როდესაც ვირუსი არის ბოროტი ინფექცია. სიკეთემ, მაშასადამე, შეუძლებელია გადასდოს ბოროტება.

თუმცაღა, ვირუსი ინფექციაა მხოლოდ ჩვენთვის; მეტიც, არა ყოველი ჩვენთაგანისთვის, რადგან მრავალი ადამიანი გადაიტანს მას, ისე რომ ვერც მიხვდება. თავისთავად ეს ვირუსიც, ისევე როგორც ნებისმიერი მიკრო ან მაკრო ორგანიზმი, წარმოადგენს ღვთის შესაქმის ნაწილს. როგორც ფიზიკური მოცემულობა და ბუნების ნაწილი, ვირუსი ონტოლოგიურად „კეთილია“, სხვა ნებისმიერი ქმნილების მსგავსად. ჩვენ ბოროტებად მიგვაჩნია წყალდიდობები, ტაიფუნები, ვულკანები, მაგრამ ისინი ბუნებრივი პროცესების ნაწილნი არიან, ანუ არ წარმოადგენენ ონტოლოგიურ ბოროტებას.

სხვა ყველა ვირუსისა და ბაქტერიის დარად, Covid-19-იც არის ღვთისაგან შექმნილი ეკოსისტემის ნაწილი. ამჟამად არ განვიხილავ იმას, თუ როგორ შეიქმნა ეს ეკოსისტემა, უშუალოდ ღვთისაგან, თუ ღვთისაგან დადგენილი კანონების მიხედვით, ევოლუციის შედეგად. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ ეკოსისტემის ნაწილი სასარგებლოა ჩვენთვის, ნაწილი კი მავნე. თუმცაღა, ყველა მათგანი ღვთის ქმნილებაა. მეტიც, Covid-19 სხვა ყველა ქმნილების მსგავსად ჩართულია იმ „თავ-მოყრაში“, რომლის შესახებაც პავლე მოციქული წერს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში: „ქრისტეში მოიყრის თავს (ἀνακεφαλαιώσασθαι) ყოველივე რაც ცაშია და რაც დედამიწაზე“ (1:10). ამას წმ. მაქსიმე ამღსარებელი ხსნის თავის „ამბიგუაში“ (7): „იგი თავს მოუყრის ყოველივეს თავის თავში, რადგანაც სწორედ მისი წყალობით არსებობს და აგრძელებს არსებობას ყოველივე, და სწორედ მისგან შეიქმნა ყველაფერი, განსაზღვრული გზითა და განსაზღვრული მიზეზით“. საგნები, რამაც ქრისტეში უნდა მოიყაროს თავი, ჯერ კიდევ არ იმყოფებიან ერთმანეთთან მშვიდობიან თანაცხოვრებაში. ზოგიერთი მათგანი კლავს ერთმანეთს: ადამიანები ხოცავენ სხვა ორგანიზმებს, მათ შორის – ადამიანურსაც; მაშინ როდესაც ორივე, როგორც მიკრო, ასევე მაკრო ორგანიზმები, Covid-19-ის ჩათვლით, კლავენ ადამიანს.

ქრისტეს აღმდგარი სხეული, ონტოლოგიურად იგივე სხეული იყო, როგორიც ჩვენი.  წმ. ათანასე ალექსანდრიელის თანახმად „სიტყვამ, რამდენადაც შეუძლებელი იყო მისთვის სიკვდილი, რამეთუ უკვდავია, მიიღე სხეული, რომელსაც შეუძლია სიკვდილი, რათა მას შეეწირა ის, როგორც საკუთარი და ვნებულიყო ყველასათვის“ (განკაცების შესახებ 20). რამდენადაც ჩვენი სხეულები, იესო ქრისტეს სხეულთან ერთად თანაზიარია ერთი ადამიანური ბუნებისა, იგივე მიკრო ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს სხეულში, ცხოვრობდნენ იესო ქრისტეს სხეულშიც. არ გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ ისინი გაქრნენ, მისი აღდგომის შემდეგ. მის სხეულსა და ჩვენს სხეულებს შორის სხვაობა იმაშია, რომ ამ მიკროორგანიზმებს არ შეუძლიათ იესოს მოკვლა.

თუმცაღა, მათ შეუძლიათ ჩვენი სხეულების მოკვლა, რადგან ჯერ არ ვართ აღმდგარნი. უფრო მეტიც, შესაძლებელია ისინი გავრცელდნენ იესო ქრისტეს ევქარისტიული სხეულით, რადგან არ არიან ონტოლოგიურად ბოროტნი და წარმოადგენენ ღვთიური შესაქმის ნაწილს. მაგალითად, იგივე ითქმის პენიცილინზეც. მღვდლებმა შესანიშნავად იციან, რომ იესო ქრისტეს ევქარისტიული სხეული შესაძლოა დაობდეს. მაგრამ ეს ობი არ არის ხრწნადობა, რომელიც შეუსაბამოა იესო ქრისტეს ადამიანურობისათვის, ანუ ხრწნადობა ცოდვისა და სიკვდილისა. პენიცილინი არც ცოდვაა და არც სიკვდილი, არამედ ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც სხვათაშორის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი აღმოჩნდა. ერთ დროს „ხრწნილებად“ მიჩნეული ობი, გამოდგა ანტიბიოტიკი, რომელმაც სიცოცხლე შეგვინარჩუნა. მისი ონტოლოგიური სტატუსი კი ყოველთვის იგივე იყო – კეთლი, როგორც ღვთის ქმნილების ნაწილი.

ახლა კი დავუბრუნდეთ მათ, ვისაც სწამს, რომ ევქარისტიით ვირუსის გადადება შეუძლებელია. ეს რწმენა, უპირველეს ყოვლისა დოკეტისტურია, რადგან ძველი დოკეტისტების მსგავსად, მათაც სწამთ, რომ ქრისტეს სხეული არ ემორჩილება ბუნების კანონებს. დოკეტისტური ტექსტი, ნაგ ჰამადის კოლექციიდან, იესო ქრისტეს სხეულის შესახებ ამბობს: „იესო… ჭამდა და სვამდა სპეციაულური სახით ისე, რომ არ გამოყოფდა გადამუშავებულ მასას. მას შეკავების ისეთი დიდი უნარი ჰქონდა, რომ საკვები მასში არ განიცდიდა ხრწნილებას, რადგან მისთვის უცხოა ხწრნადობა“ (Valentinus, fr. 3).

დოკესტისტებს, მოგვიანებით  კი ევტიქიანელებსაც, სწამდათ, რომ იესო ქრისტეს ადამოანობა ონტოლოგიურად სხვაობდა ჩვენი ადამიანობისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ის გვეჩვენებოდა ჩვენს მსგავსად. რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჰქონდა არა ჩვენი ადამიანური ბუნება, არამედ რაღაც სხვა. მეორეს მხრივ, ისინი ვინც ასე ფიქრობენ ევქარსტიულ სხეულზე, ვარდებიან მანიქეველთა ცდომილებაში. მანიქევლობა დუალიტური დოქტრინა იყო, რომელიც ყოფდა სამყაროს კეთილ და ბოროტ ნაწილებად. მანიქეური ფსალმუნი, შემორჩენილი მედინეთ მადის კოპტურ კოდექსში, ამბობს: „როდესაც სული წმინდა მოვიდა, მან გაგვიცხადა ჭეშმარიტების გზები და გვასწავლა, რომ ორია ბუნება, ერთი ნათლისა და მეორე ბნელისა, ერთმანეთისაგან დასაბამიდან განყოფილნი“ (ფს. 223).

დუალისტები მიიჩნევდნენ, რომ ჩვენს გარშემო სამყაროს რაღაცა ნაწილი არსით  (ონტოლოგიურად) ბოროტებაა. ასეთივე ბოროტებად მიიჩნევა Covid-19-იც, ამიტომაც სწამთ, რომ შეუძლებელია მისი გადაცემა საღმრთო ძღვენით, ლიტურგიისას. ეს კი ცნობიერი თუ არაცნობიერი დუალისტური აზროვნების ნაყოფია.

ბოროტება არ არის და შეუძლებელიცაა იყოს ჩაქსოვილი ბუნებაში, რომელიც ონტოლოგიურად კეთილია. როგორც დიონისე არეოპაგელი წერს: „ბოროტებას არ აქვს ადგილი, არც არსის მქონეთა და არც არასის არმქონეთა შორის… რადგან ბოროტებას არ აქვს არსი და არც გასცემს მას… ბოროტება არარსებულია. არც იმემკვიდრევება არსებულ ქმნილებებში“ (საღმრთო სახელთათვის, 4).

ბოროტება ფესვგადგმულია ადამიანურ თავისუფლებაში: სიბოროტე ხდება, როდესაც ადამიანი აკეთებს მცდარ არჩევანს. ასეთ არჩევანთა შორის კი არის ინფექციის საფრთხის იგნორირება. ეგებ ნამდვილი ბოროტება არ არის ვირუსი, არამედ შემთხვევა, როცა ადამიანი, იმის ნაცვლად რომ გამოავლინოს მოყვასის სიყვარული, ირჩევს ბუნების კანონების უგულვებელყოფის გზას, და იმის ნაცვლად რომ დარჩეს სახლში, მოდის შესაკრებელში და აინფიცირებს სხვა ადამიანებს.

 

თარგმნა მღვდელ-მონაზონმა ლეონიდე ებრალიძემ
წყარო

Print Friendly

Tags: , , ,

Comments are closed.