მართლმადიდებლური ინდულგენციები

25/04/2017
By

12-14-3164_76284471550_592706550_2133059_2977409_nავტორი: არქიმანდრიტი კირილე ჰოვორუნი

თარგმნა იეროდიაკვანმა ლეონიდე ებრალიძემ

ითვლება, რომ ინდულგენციები – სპეციალური სიგელები ცოდვათაგან განტევების შესახებ – დასავლური ქრისტიანობის სახასიათო მოვლენაა. როგორც ცნობილია ინდულგენციებით ვაჭრობა იქცა კიდეც XVI საუკუნეში რეფორმაციის ერთერთ მიზეზად.

ის ფაქტი კი, რომ ინდულგენციები აღმოსავლეთშიც არსებობდნენ, გაცილებით ნაკლებად არის ცნობილი[1], უფრო მეტიც, რეფორმაციამ ვერ შეცვალა მათი პოპულარობა მართლმადიდებლობაში. მაგალითად, XVIII საუკუნის დასაწყისში იერუსალიმის პატრიარქი დოსითე ნოტარისი (1641-1707) წერდა ინდულგენციებზე, როგორც ყველასათვის ცნობილ უძველეს ტრადიციაზე: “აღამაღლა ძველი ტრადიცია, რომელიც ყველასათვის არის ცნობილი, რომ უწმიდესი პატრიარქნი აძლევდნენ ეკლესიის ერს სიგელს ცოდვათა განტევების შესახებ (συγχωροχάρτιον)[2]”.

დოსითე ინდულგენციას უწოდებს συγχωροχάρτιον-ს, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “მიტევების სიგელს”, კიდევ ერთი ცნობილი სახელწოდება მსგავსი სიგელებისა არის “Aphesis”, რაც მიტევებას ნიშნავს. საუბარია ნამდვილ ინდულგენციებზე, რომელთა მიღებაც ნებისმიერს შეეძლო, სხვათა შორის გარკვეული ფულადი გადასახადის ფასად.  ქრისტოს იანარასის მოწმობით ასეთი სიგელების გაცემა დაკავშირებულიც არ იყო მორწმუნის სინანულის ან ევქარისტიის საიდუმლოში მონაწილეობასთან[3].

დასაწყისში ინდულგენციათა გაცემის პრაქტიკა არაოფიციალურად არსებობდა, ოფიციალური დასტური კი 1727 წლის კონსტანტინოპოლის კრებაზე მიიღო. აღნიშნული კრება მოიწვიეს მესოპოტამიაში, სირიაში, პალესტინასა და ეგვიპტეში გაძლიერებული ლათინური პროპაგანდის საპასუხოდ და იქცა კონსტანტინოპოლის 1722 წლის კრების გაგრძელებად[4]. კრებამ გამოსცა “რწმენის აღსარება[5]”, რომლის ტექსტიც იერუსალიმის პატრიარქმა ქრისანთემ (+1731) შეადგინა და რომელსაც ხელს აწერენ პატრიარქები: კონსტანტინოპოლელი პაისი II, ანტიოქიელი სილვესტრი, იერუსალიმელი ქრისანთე და მღვდელმთავრები, რომლებიც კრების პერიოდში კონსტანტინოპოლში იმყოფებოდნენ. დოკუმენტის მე-13 პუნქტი გვამცნობს:

“ცოდვათა მიტევების ხელმწიფება, რომლის წერილობით ფორმასაც აღმოსავლეთის ეკლესიაში სიღხოროხარტია ეწოდება, ხოლო ლათინებთან ინდულგენცია… ქრისტეს მიერ ებოძება მის ეკლესიას. ეს მიტევების სიგელები მთელს საყოველთაო ეკლესიასში გაიცემა ოთხი უწმინდესი პატრიარქის, კონსტანტინოპოლელის, ალექსანდრიელის, ანტიოქიელის და იერუსალიმელის მიერ”[6].

როგორც ორი დამოწმებული წყაროდან ჩანს, აღმოსავლეთში ინდულგენციათა გაცემა დაკავშირებული იყო მართლმადიდებელ პატრიარქთა ხელმწიფებასთან, ისევე როგორც დასავლეთში რომის პატრიარქის ხელმწიფებასთან.

ლათინებთან პოლემიკაში ბერძნებს არა თუ ინდულგენციათა არსი აწუხებდათ, არამედ ის ფაქტი, რომ ლათინები ინდულგენციათა გაცემის უფლებას ექსკლუზიურად მიაწერდნენ პაპს, ციტირებული კრებსითი დადგენილების იმავე, მე-13 პუნქტში ვკითხულობთ:

“იმის თქმა, რომ ხელმწიფება (ინდულგენციათა) გაცემისა აქვს მხოლოდ პაპს, არის ცხადი ტყუილი”[7].

აღსანიშნავია, რომ ისეთი ღვთისმეტყველი და კანონიკური გარდამოცემის დიდი მცოდნე, როგორიც ღირსი ნიკოდიმოს აგიორიტია, არათუ უარყოფდა, არამედ მისდევდა კიდეც ინდულგენციათა პრაქტიკას. 1806 წლის აპრილით დათარიღებულ თავის წერილში სტაგონის ეპისკოპოს პაისისადმი, რომელიც მოცემული დროისათვის კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა, ის ითხოვს პატრიარქისაგან “მიტევების სიგელის” აღებასა და მისთვის გაგზავნას, ერთი “ცოცხალი მონოზონისათვის”, რომელსაც ასევე ნიკოდიმოსი ერქვა. ის პირობას დებს, რომ გადაიხდის მიტევების სიგელისათვის საჭირო თანხასაც, როგორც კი გაიგებს მის ფასს.[8]

ინდულგენციათა გაყიდვაში განსაკუთრებით იყო ჩართული იერუსალიმის საპატრიარქო, რომელიც ამ პრაქტიკას წმინდა ადგილების შენიხვისა და ოსმალური იმპერიისათვის გადასახადების გადახდის აუცილებლობით ამართლებდა.

ინდულგენცია, როგორც გამდიდრების საშუალება განსაჯეს კონსტანტინოპოლის 1838 წლის კრებაზე. 1727 წლის კრების მსგავსად ეს კრებაც ლათინთა სწავლების წინააღმდეგ იყო მიმართული, მისი მთავარი თემა კი “უნია” იყო. კრების მიერ გამოცემულ მრგვლივმოსავლელ ეპისტოლეს ხელს აწერენ კონსტანტინოპოლელი პატრიარქი გრიგორი VI, იერუსალიმელი პატრიარქი ათანასე და კონსტანტინოპოლის სინოდის მღვდელმთავრები, მისი ტექსტი გაეგზავნა ასევე კრებაზე არმყოფ პატრიარქებს, ალექსანდრიელ იეროთეოზს და ანტიოქილე მეთოდეს[9].

მრგვლივმოსავლელი ეპისტოლის მე-9 პუნქტში განსჯილია “კადნიერებისგან შობილი გაუგონარი და საშინელი ბოროტმოქმედება, რომლის თანახმადაც რომის უწმინდესი ეპისკოპოსები სარწმუნოების ყოვლადწმინდა და საშინელ ქრისტეს საიდუმლოებებს ფულის მოხვეჭის სასუალებებად იყენებენ”[10]. შემდეგ კრების ეპისტოლე განსჯის ცოდვათა მიტევების სანაცვლოდ ფულის გადახდის პრაქტიკას საიუბილეო წლებში, მაგრამ ინდულგენციათა მოვლენა თავისთავად ვერც ამ კრებაზე იქცა განსჯისა და საჭირო საღვთისმეტყველო  შეფასების საგნად, ისევე როგორც ეპისტოლეში არსად არ არის ნახსენები ბერძნული ეკლესიის იგივე პრაქტიკა, რომელსაც თავად კრება აკრიტიკებდა.

ისედაც, ხალხში უკვე ფესგამდგარი ტრადიციის აღმოფხვრას ხანდახან კრებათა დადგენილებებიც ვერ ახერხებენ. თუ რამდენად იყო ფესვგადგმული ეს პრაქტიკა, მოწმობს ის ფაქტიც, რომ მიტევების სიგლები საბერძნეთში XX საუკუნის მეორე ნახევრამდეც კი აგრძელებდნენ არსებობას[11].

[1] ამ საკითხზე არსებობს ფილიპ ილიოსის სპეციალური გამოკვლევაც: Sygchorochartia // Ta Istorika, Афины, т. 1 (1983), 35-84, т. 3 (1985), 3-44.

ასევე იხილეთ: Х. Яннарас, Orthodoxia kai Dysi sti Neoteri Ellada (Православие и Запад в новейшей Греции), Афины, 1996, 149-153.

[2] А. Пападопулос-Керамевс, Symbolai eis tin istorian tis archiepiskopis tou orous Sina (К истории Синайской архиепископии), Санкт-Петербург, 1908, 133.

[3] Х. Яннарас, Orthodoxia kai Dysi sti Neoteri Ellada (Православие и Запад в новейшей Греции), Афины, 1996, 150.

[4]მრგვლივმოსავლელი ეპისტოლის ტექსტი, კრების მიერ გამოცემული 1722 წელს, იხ. И. Кармирис, Ta Dogmatika kai Symbolika mnimeia tis Orthodoxou Katholikis Ekklisias (Догматические и символические памятники Православной Кафолической Церкви), т. 2, Graz-Austria, 1968, 822-859.

[5] გამოცემულია: И. Кармирис, Ta Dogmatika kai Symbolika mnimeia tis Orthodoxou Katholikis Ekklisias (Догматические и символические памятники Православной Кафолической Церкви), т. 2, Graz-Austria, 1968, 861-870.

[6] И. Кармирис, Ta Dogmatika kai Symbolika mnimeia tis Orthodoxou Katholikis Ekklisias (Догматические и символические памятники Православной Кафолической Церкви), т. 2, Graz-Austria, 1968, 867-868.

[7] И. Кармирис, Ta Dogmatika kai Symbolika mnimeia tis Orthodoxou Katholikis Ekklisias (Догматические и символические памятники Православной Кафолической Церкви), т. 2, Graz-Austria, 1968, 868.

[8] Филипп Илиос, Sygchorochartia // Ta istorika, Афины, т. 3 (1985), 22-23.

[9] ტექსტი გამოცემულია: И. Кармирис, Ta Dogmatika kai Symbolika mnimeia tis Orthodoxou Katholikis Ekklisias (Догматические и символические памятники Православной Кафолической Церкви), т. 2, Graz-Austria, 1968, 894-902.

[10] И. Кармирис, Ta Dogmatika kai Symbolika mnimeia tis Orthodoxou Katholikis Ekklisias (Догматические и символические памятники Православной Кафолической Церкви), т. 2, Graz-Austria, 1968, 898.

[11] მაგალითად ფილიპ ილიოსმა 1955 წლით დათარიღებული ბერძნული ინდულგენციაც კი აღმოაჩინა.

 

Print Friendly

Comments are closed.