ინტერვიუ მსოფლიო პატრიარქთან

28/01/2017
By

8e16c75337ინტერვიუ მსოფლიო პატრიარქთან : მართლმადიდებელი ეკლესიის იდენტობას არა დიალოგი, არამედ მისი უარყოფა და იზოლაციის არჩევა უქმნის საფრთხეს

პატრიარქი ბართლომე ოც წელიწადზე მეტია ჩართულია გარემოს დაცვის საქმიანობაში, სწორედ ამიტომ მას ხშირად როგორც „მწვანე პატრიარქი“ ისე მოიხსენიებენ. 2008 წელს  ჟურნალმა „Time“ -მა იგი მსოფლიოს 100 გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა, ვინაიდან მან „გარემოს და ბუნების დაცვა  თანამედროვე მსოფლიოში სულიერ პასუხისმგებლობად აქცია“.  

განსაკუთრებით ბოლო დროს მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I – ისადმი ინტერესი საერთაშორისო დონეზე მუდმივ ზრდას ექვემდებარება. მან წარმოუდგენელი მონდომება ჩადო, რათა გასული წლის ზაფხულში კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება მოეწვია. გარდა ამისა ის მუდამ გამოდის რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად, გამოირჩევა ნოვატორული ინიციატივებით რაც მიმართულია მსოფლიო რელიგიებს შორის  ტოლერანტობის ზრდისადმი, აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სამშვიდობო და გარემოს დაცვით საქმიანობაში.

კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა   ბართლომემ  ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საინფორმაციო ჯგუფს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.  ნაწილი ინტერვიუსი ჩაწერილია დეკემბრის დასაწყისში კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში, სტამბოლში. როდესაც პატრიარქი  ემს-ს გენერალურ მდივანს პასტორ დოქტორ ოლავ  თვეითს შეხვდა.

ჩვენ პატრიარქს თავის კაბინეტში შევხვდით, თბილ გარემოში, წიგნებით  მოფენილი ოთახი ძლიერ ფერებშია გადაწყვეტილი,  კედელს კი ლამაზი ხატები ამშვენებს. მის კაბინეტში შეიძლება ამოიკითხო პატრიარქის ცხოვრების ისტორია. ის მე მეგობრულად მომესალმა, შემდგომ  ყავაზე და ნამცხვარზე მიმიწვია, მე  მალე ვიგრძენი თავი სასიამოვნო გარემოში.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე (დიმიტრიოს არქონდონისი) 1940 წელს კუნძულ იმბროსზე დაიბადა (დღეს თურქეთის კუნძული გოქსეადა). 1991 წელს ბართლომე არჩეულ იქნა უძველესი ეკლესიის 270-ე მწყემსთავრად, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიარქი, საეკლესიო კათედრა რომელიც წმინდა ანდრია მოციქულმა დააფუძნა.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ დიდი ხანია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში აქტიურად ხართ წარმოდგენილი, როგორც  რწმენა და საეკლესიო მოწყობის კომისიის წევრი, ასევე ხართ ბოსეს ეკუმენური ინსტიტუტის კურსდამთავრებული.ეკუმენური მოძრაობიდან რამ დატოვა თქვენში წარუშლელიდა ძლიერი შთაბეჭდილება?  

პატრიარქი ბართლომე: მართალია, ჩვენი ეკლესია დასაწყისიდანვე იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში აქტიურად წარმოდგენილი, პირველი თხუთმეტი წელიწადი მე ცენტრალური და აღმასრულებელი კომისიის წევრი, ხოლო რვა წელიწადი რწმენა და საეკლესიო მოწყობის კომისიის  (1975-1983)  თავჯდომარის მოადგილე ვიყავი. სწორედ ამ დროს შედგა დოკუმენტი ნათლობა, ევქარისტია და საეკლესიო იერარქია. ამ დოკუმენტზე დიდი იყო მართლმადიდებლების გავლენა.  გარდა ამისა  მე მონაწილეობა მივიღე ემს-ს სამ  მნიშვნელოვან გენერალურ ასამბლეაში: უფსალა (1968), ვანკუვერი (1983) და კანბერა (1991).

გაცვლითმა სასწავო სემესტრებმა თავდაპირველად რომში და მიუნხენში, მაპოვნინა რომის კათოლიკე ეკლესიასთან კონტაქტები, შემდეგ ბოსეში პროტესტანტულ ეკლესიებთან და ზოგადად ეკუმენურ მოძრაობასთან. მაგალითად ამ უკანაკსნელმა დამაკავშირა ისეთ ძლიერ მართლმადიდებელ თეოლოგთან, როგორიც იყო გარდაცვლილი ნიკოს ნიზიოტისი. მე მადლობელი ვარ ჩემი პატივსაცემი წინამორბედის  მსოფლიო პატრიარქი ათენაგორასი,  მან ფანარში სემინარისტებისა თუ სასულიერო პირების გულები და თავები ინტერკონფესიური ურთიერთობებისა და დიალოგისათვის გახსნა.

ჩვენი სამყარო ძალიან სწრაფი ტემპით იცვლება.   მძიმე დროში გვიწევს ცხოვრება, მაგრამ მორწმუნეებმა იციან, რომ უფალი მათთან არის და იქნება. რა არის დღეს უდიდესი გამოწვევა რელიგიური ცხოვრების და სახარების ქადაგებისათვის?

პატრიარქი ბართლომე:  დიახ, არა მარტო მძიმე, უფრო სწორი იქნება ვთქვათ ბნელი პერიოდია და სულაც არ არის მარტივი ამოიცნო ამ არეულობაში ქრისტიანის აწყმო. ჩვენ გარშემო, ყოველმხრივ მოწმენი ვხდებით უფრო და უფრო მეტი ტანჯვისა და ტკივილების, ხშირად დაუცველობის და მტრული განწყობილებების. ქრისტიანის ცდუნება იმაში მდგომარეობს,რომ სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება,რათა საჯაროდ გაკიცხოს ბოროტება მსოფლიოსა თუ კონკრეტულ საზოგადოებაში. თუმცა ეს იქნებოდა ძალიან მარტივი და არაპროდუქტიული რეაქცია. ჩვენთვის ქრისტიანებისათვის მთავარი გამოწვევა არის მოვახდინოთ კონცენტრირება ქრისტეზე, რათა სიბნელე გადაიქცეს სინათლედ, ეჭვი იმედად, ტანჯვა შერიგებად.

მე მახსენდება გარდაცვლილი მიტროპოლიტი მელიტონ ქალკედონელის ქადაგება ჩემი დიაკვნად კურთხევის დღეს, 55 წლის წინ: „ არასოდეს მოწყვიტო თვალი უფლის ფერისცვალებას“, ამბობდა იგი: „ გადაეცი ყველა ადამიანს ეს სინათლე, რომელიც არასოდეს დაგტოვებს“. დღეს ეს არის ჩვენი ამოცანა სახარების ქადაგებისას. ტკივილისა და შფოთისაგან თუკი ჩვენ გადავუხვევთ ისე რომ შეშინებულები სულიერ ფოკუსს დავკარგავთ? ამოვიცნობთ  კი ქრისტეს სახეს ჩვენ და-ძმებში, როდესაც ვხედავთ ასიათასობით დევნილს ჩვენთან მოსულებს  თავშესაფრის საძიებლად? თუ სჯობს ავაშენოთ დამცველი ნაგებობები, კედლები, რომელიც ადამიანებს არ შემოუშვებს, კედლები რომელიც ადამიანს როგორც საფრთხეს ისე ხედავს?

დევნილების კრიზისმა დაამწუხრა და დააფიქრა ევროპა. ასევე ეკლესიებს შორის გაჩნდა ნაპრალი, ნაწილი ლტოლვილების ნაკადს თავიანთი იდენტობისათვის როგორც საფრთხისშემცველს ხედავენ, ხოლო მეორე ნაწილი გამოირჩევა სტუმრათმოყვარეობით. როგორ განვითარებას ელოდებით ამ საერთო მოცემულობიდან? ხედავთ თქვენ იმედისმომცემ ნიშნებს?

პატრიარქი ბართლომე: მართლმადიდებელი ეკლესიის ღმერთის საღვთისმეტყველო გაგება შემდეგში მდგომარეობს:  ღმერთი – როგორც შეხვედრა და ერთობა, სტუმრათმოყვარეობა და ურთიერთობა. სწორედ ამიტომაა ღმერთის ტრადიციული ხატი გამოსახული, როგორც ყოვლადწმინდა სამება,  სამ ანგელოზში შექმნილია უცხოს სახე, რომელიც  აბრაამმა მამრეს მუხის ქვეშ მიიღო. როგორც ეს მოსეს პირველი წიგნის მეჩვიდმეტე თავში არის აღწერილი. მოსე მოსულ სტუმრებს არ აღიქვამდა საფრთხედ და საშიშროებად პირადი ცხოვრების და ქონებასთან მიმართებაში. ნაცვლად უსაფუძვლო შიშების იგი მასთან მისულებს სიამოვნებით იღებს და საკვებით უმასპინძლდება. ამ უანგარო მასპინძლობის შედეგად აბრაამმა წარმოუდგენელი წყალობა  მიიღო, კერძოდ მემკვიდრეობა – წყვილის უშვილობის მიუხედავად- აქედან დაიბადა სიყვარულის ჩანასახი მრავალი თაობებისათვის. მზად ვართ კი ჩვენ სხვადასხვა რელიგიური წარმოდგენის ადამიანებთან გავერთიანდეთ  და მათთან ერთად შევძლოთ გაძღოლა რისი შედეგიც კაცობრიობისათვის მშვიდობიანი მსოფლიო იქნება? რამდენი უცხო ადამიანი შეგვიძლია მივიწვიოთ ჩვენ მაგიდასთან?  2016 წელს კუნძულ კრეტაზე ჩატარებული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრება ოფიციალურ დოკუმენტში  მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში აცხადებს: „ამავდროულად, მართლმადიდებელი ეკლესია თავს მოვალედ მიიჩნევს მოიწონოს ყველაფერი, რაც ნამდვილად ემსახურება მშვიდობას (რომ. 14,19), და ხსნის გზას სამართლიანობის, ძმობის, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ურთიერთსიყვარულისკენ ერთი ზეციური მამის ყველა შვილს შორის, ასევე, ყველა ხალხს შორის, რომლებიც წარმოადგენენ ერთ ადამიანურ ოჯახს. იგი თანაუგრძნობს ყველა ხალხის სატკივარს, რომლებიც დედამიწის სხადასხვა კუთხეში მოკლებულნი არიან მშვიდობისა და სამართლიანობის სიკეთეს“.[1]

თქვენო უწმინდესობა, ივლისში თქვენ მოიწვიეთ წმინდა და დიდი კრება. კრების დასრულების შემდეგ რას თვლით აღნიშვნის ღირსად  მართლმადიდებელი ეკლესიის და ქრისტიანთაშორისი ურთიერთობისათვის?

პატრიარქი ბართლომე: ეს ნამდვილად უფლის დიდი წყალობა იყო, რომ ჩვენ გავხდით ღირსნი სხვადასხვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა თანხმობით, 2016 წლის ივნისში კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმინდა კრება  მოგვეწვია. ამ მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტში მოხდა დემონსტრიტება მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი იდენტობის. ეს ყოველივე წარმოუდგენელი შრომა დაჯდა, რათა ეკლესიის იდენტობა სხვადასხვა ნაციონალისტური ინტერესებისაგან დაგვეცვა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ წმინდა და დიდმა კრებამ გადაწყვიტა, დარჩეს მართლმადიდებელი ეკლესია ეკუმენურად ღია და აქტიურად ჩართული ორმხრივ საღვთისმეტყველო დიალოგის პროცესში. მართლმადიდებელი ეკლესიის იდენტობას არა დიალოგი, არამედ მისი უარყოფა და იზოლაციის არჩევა უქმნის საფრთხეს. აქედან გამომდინარე ჩვენ კვლავაც დავკავდებით რელიგიათაშორისი დიალოგით იუდეველებთან და მუსლიმებთან. ეს კი  შეგვაძლებინებს ხელშესახებ წარმატებებთან მიყვანას: მსოფლიოს შერიგებასა და  მშვიდობის დამყარებას. კრეტაზე მყოფი მრავალი ეკლესიის შეკრებამ გახსნა უფრო ფართოდ ჩვენი ჰორიზონტი დღევანდელ მრავალგვარ და მრავალფეროვან მსოფლიოსთან მიმართებაში… და გაუსვა ხაზი ჩვენ პასუხიმგებლობას დროსა და სივრცეში, ყოველთვის ერთიანობის პერსპექტივიდან, როგორც ამას წმინდა და დიდი კრების ოფიციალური მიმართვა ადგენს. [2]

თქვენც ფიქრობთ რომ, ყველაზე დიდი საშიშროება რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ არის ბუნების სრული განადგურება?

პატრიარქი ბართლომე:  დღევანდელი  კლიმატის ცვლილების სწრაფი ტემპი უნდა გახდეს საფუძველი, შევცვალოთ ჩვენი ქცევა და დამოკიდებულება  ბუნებრივ გარემოსთან. შევიცნოთ კოსმიური ჰარმონია და ქმნილების თავდაპირველი სილამაზე. ჩვენ უნდა გავხდეთ მეტად მგძნობიარენი და მეტი პატივისცემით მოვექცეთ ბუნებას. მოვალენი ვართ  საკუთარ გულებში თანაგრძნობა განვავითაროთ,  მეშვიდე საუკუნის წმინდანი ისააკ სირიელი ამას უწოდებდა: „გული, რომელიც მთელი შესაქმისათვის სიყვარულით იღწვის: ადამიანებისათვის, ჩიტებისათვის, ცხოველებისათვის და ღმერთის ყოველი ქმნილებისათვის“.

მსოფლიო პატრიარქის ორგანიზირებით ჩატარდა რვა საერთაშორისო და რელიგიათაშორისი სიმპოზიული, მრავალი სემინარი მიეძღვნა გარემოს პრობლემების საკითხს. ჩატარების ადგილიც გამორჩეული იყო: ზღვები, მდინარეები, ტბები და კუნძულები. ამ ინიციატივების შედეგია მისი ზედწოდება „მწვანე პატრიარქი“, ასევე პატრიარქს მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო ჯილდო ბუნების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის.

როგორია თქვენი სამომავლო ხედვა გარემოს დაცვასთან დაკავშირებით ეკუმენურ მოძრაობაში? რა არის თქვენი გზავნილი ქრისტიანობისათვის რათა იგი იქცეს ხმად ცვლილებებისათვის, რომელიც ასე საჭიროა დედამიწის ხანგრძლივი მომავლისათვის?

პატრიარქი ბართლომე:  ჩვენ  მოხარულები ვართ, რომ პარიზის ხელშეკრულებამ ასეთი ფართო მხარდაჭერა მოიპოვა. საფრანგეთის ხელისუფლების სურვილითა და მოწვევით ჩვენ  ამ შეხვედრის მოსამზადებელ დასაწყის ეტაპზე ვიღებდით მონაწილეობას. ამ მიზნით თან ვახლდით საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს ფილიპინებზე   და 2015 წლის დეკემბერში, პარიზში კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ  საერთაშორისო კონფერენციაში   მონაწილეობა მივიღეთ. გაეროს XXII კლიმატის კონფერენცია ერთის მხრივ იყო სიხარულის საფუძველი, მეორეს მხრივ ასევე მტკივნეული მოგონება იმაზე, რომ 197-მა  პარტიამ დღეს მოახდინა კონვენციის რატიფიცირება,  რომელიც 1992 წელს იქნა რიოს კონფერენციაზე მიღებული.  მაგრამ ოცდაორი წელიწადი არ არის საკმარისი დრო,  რათა ეკოლოგიურ კრიზისზე მოვახდინოთ რეაგირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც  ჩვენთვის პირდაპირი ზეგავლენა ცნობილია? ესაა გლობალური სიღარიბე, მიგრაცია და ქაოსი. რა ფასის გადახდისათვის ვართ ჩვენ მზად პირადი სარგებლისათვის? რამდენ სიცოცხლეს შევწირავთ მატერიალურ თუ ფინანსურ მოგებას? და რის ფასად დავკარგავთ ღვთის შესაქმის გადარჩენის შესაძლებლობას? ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ყველანი ერთ ნავში ვზივართ. კლიმატის ცვლილება არ არის ცალკეული ქვეყნების, ხალხების ან კონკრეტული რელიგიების პრობლემა. ჩვენ შეგვიძლია  კლიმატური ცვლილების გამოწვევა და მასშტაბი  მაშინ გავიაზროთ, თუკი მორწმუნეები და მოქალაქეები ერთად ვაღიარებთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას.

კვლავ გადავიკითხეთ 1952 წლის კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიმართვა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიებისადმი ეკლესიათა მსოფლიოს საბჭოს შესახებ. რას ნიშნავს ეს წერილი დღეს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის?

1952 წელს გამოცემული  ენციკლიკა ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიებისადმი -ეს იყო ეკლესიათა მსოფლიოს საბჭოს დაარსების პერიოდი, ენციკლიკის სურვილი  იყო  მართლმადიდებელი ეკლესიები გაემხნევებინა, რათა ჩართულიყვნენ იმ დროის ემს-ში, მაშინ როცა დიდი დოზით სუფევდა სკეპტიციზმი და წინააღმდეგობები.  მართლმადიდებელი ეკლესია არ უსვამს ხაზს საკუთარი სარწმუნოების არსს სხვისი რწმენის ხარჯზე. ის  ყოველთვის იღწვის სიწმინდის შენარჩუნებისათვის, მაშინაც კი როცა ძნელი დასაცავია წონასწორობა რწმენასა და საეკლესიო მოწყობას, დოქტრინასა და დისციპლინას, სარწმუნოებასა და საქმეს შორის. ამას კი აძლიერებს წმინდა და დიდი კრება თავისი გადაწყვეტილებით, დოკუმენტი  მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი.[3] მართლმადიდებელმა ეკლესიამ საკუთარი ღრმა ეკლესიოლოგიური ჭეშმარიტებით გადაწყვიტა- ქრისტიანული ერთობის საქმე დღევანდელ მსოფლიოში კვლავაც იკავებს ცენტრალურ ადგილს. კრებაზე შეკრებილმა ეკლესიებმა და ეპისკოპოსებმა ერთსულოვნად მხარი დაუჭირეს, რომ ქრისტიანული ერთობის მოვალეობა შექმნის პასუხისმგებლობის შეგნებას და რწმენას, რომ ორმხრივი ურთიერთგაგებას და ერთობლივ მუშაობას უმნიშვნელოვანესი ადგილი ენიჭება, თუკი ჩვენ  არ გვსურს  ქრისტეს სახარებისეულ გზის შეფერხება.

თქვენი  აზრით რა არის უმთავრესი გამოწვევა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთვის? როგორ შეუძლია დაარწმუნოს ემს-მ თავისი წევრი ეკლესიები და მთლიანიად ეკუმენური მოძრაობა ფართო გაგებით, რომ ის დღეს  ღირებული და საკუთარი მნიშვნელობით კვლავაც საჭიროა?

პატრიარქი ბართლომე: ეკლესიათა მსოფლიოს საბჭო,  ქრისტიანული კონფესიების ერთობლივი განცხადების საფუძველზე – სამპიროვანი ღმერთის რწმენაზე დაფუძნდა, სადაც წევრმა ეკლესიებმა აღიარეს მათ შორის არსებული განსხვავებები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რათა ერთად დავაბალანსოთ ეს პოლუსი: ერთი მხრივ შევინარჩუნოთ ქრისტიანული რწმენის არსებითი პრინციპები, მეორე მხრივ პატივი ვცეთ თითოეული იქ წარმოდგენილი კონფესიის ფუნდამენტურ სწავლებებს და კონკრეტულ ტრადიციებს. წმინდა და დიდ კრებაზე იყო დისკუსია ეკლესიებისა და მათი წარმომადგენლების მხრიდან – ზოგჯერ მტკივნეული, მაგრამ ყოველთვის პოზიტიურად შეფასდა –    ემს-ს საქმიანობა და კონკრეტულად  რწმენა და საეკლესიო მოწყობის კომისიის მიერ გაწეული სამუშაო. კრების დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი“  ხაზს უსვამს მართლმადიდებელი ეკლესიის ვალდებულებას,  თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მისდიოს მშვიდობიან რიტმში და  იმუშაოს ქრისტიანებთან ყველა მნიშვნელოვანი სოციოპოლიტიკურ გამოწვევაში თავისი კეთილი ნაყოფის შეტანისათვის. ეკუმენური მოძრაობა არ არის „ინტერკონფესიონალური კომპრომისი“, არამედ ის ქრისტიანული ერთობისათვის  ჩვენი მოვალეობის და  ამოცანის მკაცრად დაცვაა, ეს ყოველივე კი ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი სწავლების გადახვევის გარეშე ხდება.

შეგიძლიათ თქვენ ისე დაახასიათოთ ეკუმენური მოძრაობა, რომ ის ახალგაზრდა თაობებისათვის კვლავაც ღირებული და საინტერესო დარჩეს?

პატრიარქი ბართლომე: ეკუმენური მოძრაობა არ არის იდეოლოგია ან რაიმე სოციალური სახი აქტივობა, ის არ არის პოლიტიკური რწმენა ან გლობალური აქტივიზმი. ის არის მოძრაობა და მოძრაობად უნდა დარჩეს. ეს ნიშნავს, რომ მართული და მხარდაჭერილი უნდა იყოს საღვთო სულისაგან. ეს სულისკვეთება კავშირშია საეკლესიო ცხოვრების ყველა საფეხურთან და ანიჭებს მას გარკვეული სახის საზრისს.  მე არ  მსურს ახალგაზრდა თაობა დარიგებით ან გაფრთხილებით გადავღალო. მრავალი საშუალებით შეიძლება უფროსმა თაობამ ახალგაზრდებს თუნდაც გახსნილობა და სიკეთე,   პატიება და დიდსულოვნება ასწავლონ. რათა  ისინი დარჩნენ ერთგული სახარებისეული ღირებულებების, მიუხედავად ფართოდ გავრცელებული ბოროტი ენერგიების და მცდელობისა, იქნება ეს ადამიანების დისკრიმინაცია თუ მათი ერთმანეთისგან გათიშვა.   ეკუმენური მოძრაობა შეიძლება ჩვენ მსოფლიოში მისაღები დარჩეს, თუკი ჩვენ კვლავ მოგვაგონდება სახარების ფუნდამენტური საფუძვლები: მოყვასის სიყვარული, მშიერის დაპურება და სტუმართმოყვარეობა.

ინტერვიუ შედგა 22.12.16 იოანე ხრისავგისის მხარდაჭერით. იოანე ხრისავგისი- მსოფლიო საპატრიარქოს არქიდიაკონი, მწერალი და თეოლოგი, მსოფლიო საპატრიარქოს მრჩეველი ეკოლოგიური საკითხებში.

[1] იხ: მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში,გ 3,  კრეტის კრების დოკუმენტი. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური თარგმანი. http://patriarchate.ge/geo/

[2] იხ. წმინდა და დიდი კრების მიმართვა მართლმადიდებლებისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი, კრეტის კრების დოკუმენტი.  საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური თარგმანი: http://patriarchate.ge/geo/

[3] იხ. მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი, კრეტის კრების დოკუმენტი. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური თარგმანი: http://patriarchate.ge/geo/

წყარო: http://www.oikoumene.org/de

თავისუფალი თარგმანი გერმანულიდან (c) შოთა კინწურაშვილი

Print Friendly

Comments are closed.