შესავალი კანონიკურ სამართალში

 0219_canonავტორი: კანონიკური სამართლის მაგისტრი – ვლადიმერ ნარსია

კანონიკური სამართალი თეოლოგიისა და სამართლის მეცნიერებათა საყრდენებზე დგას. მისი შინაარსი წმინდად თეოლოგიურია, მაგრამ გამოხატვის ფორმები სამართლებრივი. ამიტომ, კანონიკური სამართლის საკითხების შესწავლა და მათში გარკვევა მხოლოდ სამართლის მეცნიერებათა თეორიებითა და ორიენტაციებით შეუძლებელია. თეოლოგიური განათლება აუცილებელი წინაპირობაა ამ მეცნიერების შესწავლისათვის.
წინამდებარე სტატიაში მოკლედ არის გადმოცემული კანონიკური სამართლის შინაარსი და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი არსებითი ცნება. თავდაპირველად ხაზგასმულია ეკლესიის სამართლის ორი მიმართულებით განსხვავება: ა) „საეკლესიო სამართალი“ და ბ) „კანონიკური სამართალი“ და დახასიათებულია ისინი საკუთარი ნიშნის მიხედვით.

ა) საეკლესიო სამართალი ეკლესიის გარე სამართალია. ძველ რომში საეკლესიო სამართლი მხოლოდ იმ ნორმატიული დადგენილებების ერთობლიობა იყო რომლის წყაროსაც ეკლესიასთან დაკავშირებული რომის სახელმწიფო კანონები წარმოადგენდა. შესაბამისად, მათი ავტორები იმპერატორები, ან სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხეელები უნდა ყოფილიყვნენ, და არა საეკლესიო იერარქები. ამან განაპირობა ეკლესიასთან დაკავშირებული სამართლის ორი განსხვავებული ნიშნით გარჩევა. ერთ ნაწილს ეწოდა საეკლესიო სამართალი, ხოლო მერეს კანონიკური სამართალი. საეკლესიო სამართალი ყალიბდებოდა იმ სამართლებრივ-ნორმატიული ბაზის საფუძველზე რომელიც მიღებული იყო სახელმწიფოს მიერ ეკლესიისათვის და უკავშირდებოდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის მარეგულირებელ წესებს. მაშინ როცა, კანონიკური სამართალი მიიღებოდა ეკლესიის ოფიციალური საკანონმდებლო ორგანოს მიერ და მიზნად ისახავდა მხოლოდ შიდასაეკლესიო ცხოვრების ორგანიზებას, მის ადმინისტრირიებას და სულიერ-დისიპლინარული ქცევის წესების განსაზღვრას. მაშასადამე, საეკლესიო სამართალის დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ იგი ყალიბდება სახელმწიფოს მიერ საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებით და მის რეგულირების სფეროს მოიცავს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. თუმცა, აქვე უნდა დაზუსტდეს, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები კანონიკური სამართლის დაინტერესების საგანიცაა, ვინაიდან იგი იქმნება ეკლესიის მონაწილეობით. მაგრამ, საეკლესიო სამართალი და კანონიკური სამართალი სხვადასხვა კუთხით სწავლობს სახელმწიფოს მიერ ეკლესიისათვის მიღებული კანონების მნიშვნელობას. კერძოდ, საეკლესიო სამართალს აინტერესებს ნორმათა იურიდიული ბუნება, მასში მონაწილე სუბიექტების სამართლებრივი სტატუსი და უფლება-მოვალეობები. მაშინ როცა, კანონიკური სამართალი აქცენტებს სვამს უფრო თეოლოგიურ და ეთიკურ-ზნეობრივ ასპექტებზე.

ბ) როგორც უკვე აღვნიშნეთ კანონიკურ სამართალს საეკლესიო სამართლისაგან განასხვავებს რეგულირების სფერო, ამოცანები და მიზნები. იგი შიდასაეკლესიო სამართალია, რომელიც აწესრიგებს ეკლესიაში დოგმატური სწავლებების; დისიპლინარული ქცევის ნორმების; და ადმინისტრაციული მმართველობის საკითხებს. კანონიკური სამართალი იქმნება ეკლესიის ოფიციაულრი საკანონმდებლო ორგანოს მიერ და ეყრდნობა საუფლო (საღვთო) და წმ. მამათა სწავლებებს. მისი მიზანია ეკლესიაში დოგმატური სწავლებების უცვლელად შენარჩუნება და მორწმუნე საზოგადოების სამოძღვრო მეგზურობა სულის ცხონების გზაზე. კანონიკური სამართალი რთული მეცნიერებაა. იგი გზაშესაერთია ღვთაებრივისა და ადამიანურის, სასრულისა და მარადიულის, ამიტომ კანონიკური სამართალი ცალსახად არც იურიდიული მეცნიერების დარგია და არც საღვთისმეტყველო მეცნიერების, არამედ მათი გარკვეული სინთეზია.
კანონიკური ეწოდა ამ სამართალს სიტყვა კანონის საფუძველზე. ამ სიტყვას ბერძნული ძირი აქვს და მიუთითებს ხელჯოხზე ან ლერწამზე, როგორც გაუმრუდებელ საგანზე, რომელსაც საზომი (სისწორის დამდგენი) ინსტრუმენტის ფუნქცია აკისრია. ამის გამო დამკვიდრდა ეს ტერმინი საეკლესიო ტრადიციაშიც, მიიჩნევდნენ რა, რომ იგი ნათლად გამოხატავდა ქრისტიანული სწავლების მიზანსა და დანიშნულებას, რომელიც მდგომარეობს ადამიანთა სულის ცხონების ხელშეწყობაში. პირველი პერიოდის ეკლესიებში სიტყვა ‘’კანონი’’-თ მხოლოდ წმ. მამათა სამოძღვრო ეპისტოლეები და საეკლესიო გადმოცემები აღინიშნებოდა. მოგვიანებით, როდესაც ეკლესიის საკანონმდებლო ბაზა მეტად დაიხვეწა კანონებად გამოცხადდა ყველა ის დოგმატურ-სამართლებრივი დადგენილება, რომელიც მიღებული იყო ეკლესიის კრებსითი (საეკლესიო კრებები) გადაწყვეტილებით და მათ შესასრულებლად სავალდებულო მნიშვნელობა მიენიჭათ. კანონიკური სამართალის მეცნიერების დაარსებასაც სწორედ ამ პერიოდს უკავშირებენ. თუმცა, მისი არსებობის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ ახალაღთქმისეულ ეპოქაშია, როცა პირველქრისტიანულ თემებში წესრიგის დაცვის სავალდებულო მოთხოვნებს თავად მაცხოვარი და მოციქულები აწესებდნენ, რაც მკაფიოდ მიუთითებს საეკლესიო დისიპლინის შექმნის პირველსაფუძვლებზე. მართალია მათი დახვეწა, სისტემატიზაცია და კანონიკური სამართლის მეცნიერების სტატუსამდე აყვანა მოგვიანებით მოხდა, მაგრამ ამ მეცნიერების ფესვები უდაოდ ახალ აღთქმაშია.

ეკლესია და კანონიკური სამართალი
ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია. მასში განუყოფლად და შეურწყმელად თანაარსებობს მაცხოვრის ორი ბუნება – კაცობრივი (ადამიანური) და ღვთაებრივი. კანონიკური სამართალიც ამ ორი ბუნების გათვალისწინებით აყალიბებს მის ძირითად პრინციპებს ეკლესიასთან მიმართებაში და განიხილავს მას როგორც კაცობრივ (ადამიანურ) ასევე, ღვთაებრივი თვისებების მქონე ორგანიზაციას. მაგალითად, როცა ვამბობთ, რომ ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია, ან ვამბობთ, რომ ეკლესია დედამიწაზე ღვთის უხილავი მადლის წიაღია, ამით ვანსხვავებთ მას სამყაროში არსებული ხილული მატერიებისაგან და ვახასიათებთ როგორც არაამქვეყნიურ სინამდვილეს. ეს ეკლესიის ბუნების რელიგიურ-საკრამენტალური (ღვთაებრივი) ნიშნით დახასითებაა და ამ აღწერილობით იგი რწმენის ობიექტია. მაგრამ, გარდა ამისა ეკლესია არის საზოგადოებრივი ინსტიტუტიც, რომელიც შედგება მორწმუნე ადამიანების ერთობისაგან. ასეთ შემთხვევაში ეკლესია განიხილება როგორც ემპირიული გამოცდილების მქონე მორწმუნე საზოგადოების ერთობად (სოციუმი), რომელსაც გააჩნია დაარსების დრო და ამქვეყნიური მოღვაწეობის ისტორია. სწორედ ეს განაპირობებს მისი კაცობრივი ბუნების ნიშან-თვისებებს და გვაძლევს საშვალებას განვიხილოთ იგი როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ე.ი. სოციალური სტრუქტურის მქონე ერთეული. მეტიც, წმ. წერილში “ეკლესიის” ერთ-ერთ სინონიმად გამოიყენება სიტყვა “კრებული”. ამ ტერმინში იგულისხმება განსაზღვრული მიზნებისათვის გაერთიანებული მორწმუნე ადამიანთა საზოგადოება, რომელსაც გააჩნია მოქმედების საერთო წესები და კანონები. მსჯელობის ასეთი ლოგიკით განვითარება, რომელიც წმ. წერილს ეყრდნობა, ასევე გვაძლევს საშვალებას დავასკვნათ, რომ ეკლესია, გარდა ღვთივდადგენილი დაწესებულებისა დედამიწაზე, ადამიანებისაგან შემდგარი საზოგადოებრივი ინსტიტუტიც არის, და როგორც ასეთი იგი კანონიკური სამართლის მეცნიერების დაინტერესების საგანია.

საეკლესიო ცხოვრების რეგულირებისათვის კანონიკური სამართალი იყენებს: 1. თეოლოგიის მეცნიერების პრინციპებს და 2. იურიდიულ ტექნიკას.
პირველ შემთხვევაში კანონიკური სამართალი არეგულირებს ეკლესიის, როგორც ღვთივდადგენილი ინსტიტუტის მიზნებსა და ამოცანებს. იგი უწესებს ადამიანს გარკვეულ მოთხოვნებს იმისათვის, რომ გახადოს სახარებისეული სიკეთის წილმქონე და დაეხმაროს ცათა სასუფეველის დამკვიდრებაში. ამ მიზნის მისაღწევად ეკლესიას გააჩნია მადლისმიერი საშუალებები, რომლის გამოყენებითაც ადამიანი ამყარებს ურთიერთობას ღმერთთან და ახდენს საკუთარი ნების სინერგიას (თანხვედრას) ღვთის ნებასთან.
მეორე შემთხვევაში კანონიკური სამართალის მიზანია მოაწესრიგოს ეკლესიის მმართველობითი და დისიპლინარული ცხოვრების მხარეები. ამ შემთხვევაში კანონიკური სამართლის საკითხების შესწავლა და გადმოცემა ხდება მეცნიერული მეთოდების გამოყენებით. კანონიკური სამართლის თეოლოგიურ და იურიდიულ მხარეებს შორის განსხვავება შეგვიძლია ვაჩვენოთ ნათლისღების (ნათლობა) საეკლესიო საიდუმლოს მაგალითზე, კერძოდ: ნათლისღება, ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ადამიანს ათავისუფლებს პირველქმნილი ცოდვისაგან და გზას უხსნის ზეციური სასუფევლის დამკვიდრებისათვის. ეს ნათლისღების თეოლოგიური მხარეა, რომელიც შესაბამისად თეოლოგიური მეცნიერების დაინტერესების საგანია. ხოლო მისი იურიდიული მხარე არის ის, რომ ნათლისღების საშუალებით ადამიანი ხდება ეკლესიის წევრი და ღებულობს საეკლესიო სამართლებრივ სტატუსს, რის შედეგად მასზე ვრცელდება ეკლესიის წევრობისათვის დადგენილი უფლებები და ვალდებულებები.

საეკლესიო კანონების სწორი გამოყენება დიდწილად განსაზღვრავს ეკლესიის, როგორც ღმერთკაცობრივი ინსტიტუტის რეგულირებას და მმართველობას. აქ გასათვალისწინებელია ის, რომ საეკლესიო კანონები არ არის ერთგვაროვანი დანიშნულებისა და მიზნის მქონე. მათი ნაწილი ეხება ეკლესიის დოგმატურ-სამოძღვრო დადგენილებებს, რომლებსაც წმ. კანონები, იგივე კანონიკური დოგმები, ეწოდებათ და წინდაწინვე არიან აღბეჭდილნი მარადიულობისა და უცვლელობის ნიშნით. ხოლო, მეორე ნაწილი ეხება ეკლესიის: ა) ადმინისტრაციული მმართველობის, და ბ) სულიერ-დისიპლინარული წესებს, რომლებიც ექვემდებარებიან ფორმობრივ (და არა შინაარსობირივ!) ცვლილებებს. ადმინისტრაციული მმართველობისა და სულიერ-დისიპლინარული წესების შეცვლა ეკლესიაში ხელეწიფება მხოლოდ ავტორიტეტულ საკანონემდებლო ორგანოს, წმ. სინოდს.

იკონომია
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი რომელსაც ეყრდნობა კანონიკური სამართალი საკუთარი ამოცანების განხორციელების პროცესში არის იკონომია. დღეს სასულიერო თუ საერო პირთაგან ეს სიტყვა ყველაზე ხშირად გამოიყენება კანონიკური სამართლის კონტექსტში. იკონიმია ნიშნავს კანონით დადგენილი წესებიდან გადახვევას, ისე, რომ კანონის დანიშნულება არ უქმდება, არამედ რჩება ძალაში, მაგრამ მისი სამიზნე პირები თავისუფლდებიან კანონის მოთხოვნების სკრუპულოზური (ზედმიწევნითი) აღსრულებისაგან. იკონომია დაიშვება ადამიანის უძლურებისადმი თანაგრძნობის მიზნით და გამართლებულია მხოლოდ მაშინ თუ მას შეუძლია მეტი სულიერი კეთილდღეობის მოტანა ვიდრე კანონის სიზუსტით აღსრულებას. იკონომიის გამოყენების უფლება ეკლესიაში უმაღლეს იერარქიულ ხელისუფლებას გააჩნია. იგი არ გამოიყენება ისეთ დადგენილებებზე რომლებიც საეკლესიო-დოგმატური მნიშნვნელობისაა. იკონომია ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი მოქმედებაა და მისი პრეცენდენტად გამოყენება დაუშვებელია. იკონომია დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როცა მიიღწევა ამ სამართლებრივი მოქმედებით გათვალისწინებული შედეგი, ამიტომ მისი მოქმედბა დროში განსაზღვრული და შეზღუდულია.
იკონომიაზე საუბრის შემდეგ აუცილებელია ცოტა რამ ვთქვათ საეკლესიო სასჯელის შესახებაც. საეკლესიო სასჯელს ეპიტემია ეწოდება და გულისხმობს არა იმდენას სასჯელს რამდენადაც გარკვეულ აკრძალვის დაწესებას. საეკლესიო დისიპლინარული სასჯელები სულიერ-თერაპიული დანიშნულებისაა და ისინი არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც შემცოდველისათვის სანაცვლო მისაგებელი ჩადენილი დანაშაულისათვის (ცოდვისათვის), ან ღვთის სამართლიანობის აღდგენის მცდელობა (რადგან ღვთის სამართლის წინაშე ადამიანი ყოველთვის დამნაშავეა). ეპიტიმიად ეკლესიაში იყენებენ შემდეგ ფორმებს: მეტანიების შესრულება; დამატებითი ლოცვების შესრულება; განსაზღვრული დროით ზიარებისაგან თავშეკავება და სხვა. ეპიტიმიის დადგენის დროს მოძღვარმა უნდა გაითვალისწინოს:
1. ეპიტიმიის მიზანი, რაც მდგომარეობს სამოძღვრო-პედაგოგიურ შეგონებაში.
2. ეპიტიმიის შედეგი უნდა იყოს სულის კურნება.
3. ეპიტიმიის თერაპიული თვისება ვლინდება სასჯელისა და ცოდვის სიმძიმის თანაზომიერებაში.
4. ეპიტიმიის დადგენის დროს გათვალისწინეული უნდა იქნას მცოდველის შეგნებული და გულწრფელი სინანული, როგორც სასჯელის შემამსუბუქებელი გარემოება.
დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონიკური სამართლის ძირითად ცნებებში გარკვეულობა ერთმნიშვნელოვნად აუცილებელი და სავალდებულოა ეკლესიის წევრებისათვის, მიუხედავად მათი სტატუსისა და იერარქიული მდგომარეობისა. იგი გვიცავს უნებლიე თუ ნებითი შეცოდებებისაგან და ქრისტეს მცნებების შეგნებული აღსრულებით გვიხსნის გზას პიროვნული სრულყოფისაკენ. ამ წერილის მიზანიც სწორედ ის გახლდათ, რომ მკითხველი დაგვერწმუნებინა კანონიკური სამართლის საკითხების ცოდნის აუცილებლობაში და იმაში თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ქრისტეს მცნებათა შეგნებულ აღსრულებას, განსხვავებით კანონთა ბრმა მორჩილებისაგან.

Print Friendly

Comments are closed.