საერო ახალი წლის, 2016 წლის აღდგომისა და 2100 წლის პრობლემის შესახებ

21/01/2016
By

12565494_952251421520075_7745802833881198472_nწინამდებარე სტატია (რომელიც არის ძველი ჩანაწერის შევსებული ვარიანტი) არის რამოდენიმე საკითხის შესახებ; ის ეხება საერო და საეკლესიო ახალი წლის საკითხს, პრობლემატიკას 2016 წლის აღდგომის გამოთვლის სახესხვაობის შესახებ და 2100 წლის 1-ლი მარტიდან მოყოლებული შობის დღის ახ.სტ. 8 იანვარს (და სხვა უძრავი დღესასწაულების ერთი დღით) გადაწევის შესახებ  საკითხს.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საეკლესიო ახალი წელი, ანუ ინდიქტიონის აღრიცხვა არის ახალი სტილით 14 (1 ძვ.სტ) სექტემბერი და იწოდება „გვირგვინი წელიწადისა და დაწყება ინდიქტისა „ ხოლო რაც შეეხება საერო ახალ წელს 1 იანვარს, ის სრულიად საერო დღესასწაულია, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა დროს სხვადასხვა თარიღი იყო, ქრისტიანულ ქვეყნებშიც, ის ხან მარტში , ხან შემოდგომას და მოგვიანებით 1 იანვარს დაწესდა,  ამ თარიღს, როგორც აღვნიშნეთ არანაირი კავშირი არა აქვს საეკლესიო კალენდართან.

ხშირად საუბრობენ, რომ 1 იანვარს იმიტომ არ შეიძლება ახალი წლის აღნიშვნა , რომ ის ძველი  წარმართული ღვთაების იანუსის დღესასწაულია. ცხადია , რომ ამ (მცდარი) ლოგიკით  არათუ ახალი სტილით, ძველი სტილით ახალი წლის (ანუ 14 იანვარის) აღნიშვნაც სერიოზული ცდომილებაა.

მიუხედავად მისი მთლიანად საერო მნიშვნელობისა, მიღებულია  1 იანვრის (როგორც ადრე 1 მარტის, რაც შემორჩენილია , როგორც თვეთა სახელებში , ასევე საღვთიმსახურო წიგნებში, მაგ.”ჟამნში”), როგორც საერო ახალი წლის მილოცვა ეკლესიის მიერ,   ან განსაკუთრებული „საახალწლო ლოცვის“ აღვლენა, როგორც ეს ხდება ყოველი წლის 1 იანვარს რუსეთში,  საბერძნეთში, ბულგარეთში თუ რუმინეთში.

14 იანვარს ეკლესია, არა რაიმე „ახალ წელს“ არამედ დიდ დღესასწაულს უფლის წინადაცვეთას აღნიშნავს.

რუსულად ამ თემაზე იხილეთ:

http://www.mk.ru/social/article/2014/01/13/969110-kogda-russkaya-tserkov-otmechaet-novyiy-god.html

დისკუსიები საეკლესიო კალენდრის ირგვლივ – რა რჩება ხშირად ყურადღების მიღმა?

როგორც წესი, ჩვენს რეალობაში საეკლესიო კალენდრის ირგვლივ საუბრები უფრო ხშირად საშობაო პერიოდში წარიმართება. საუბრობენ ამ თემის სხვადასხვა, უფრო მეორეხარისხოვან ასპექტებზე, მაშინ როდესაც მთავარი საკითხები ხშირად განხილვის მიღმა რჩება. ასეთი ბევრია, და ისინი შეძლებისდაგვარად დეტალურად (თეოლოგიურად, ისტორიულად, მეცნიერულად) იყო განხილული არაერთ ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა ჩვენი ცენტრის ვებ-ბლოგზე.

აქ მხოლოდ რამოდენიმე საკითხზე მსურს გავამახვილოთ ყურადღება:

1) საეკლესიო კალენდრის საკითხი პირდაპირ კავშირშია აღდგომის დღის გამოთვლასთან.

აღდგომის დღის გამოთვლასთან დაკავშირებით ჩვენამდე მოაღწია შემდეგმა ფორმულამ:

პირველი კვირადღე, რომელიც მოსდევს გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველ სავსემთვარეობას.
(ყოველგვარი ისტორიულად გვიანდელი დანამატის გარეშე).

ფაქტი ისაა, რომ ეს ფორმულა ყოველთვის არ სრულდება. ამ კუთხით საინტერესოა 2016 წელი, კერძოდ:

2016 წლის ასტრონომიული თარიღები:

ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობა – ახალი სტილით 20 მარტი.
ასტრონომიული პირველი სავსემთვარეობა ბუნიობის შემდეგ – ახალი სტილით 23 მარტი.
პირველი კვირადღე ამ სავსემთვარეობის შემდეგ – ახალი სტილით 27 მარტი.

2016 წელს აღდგომის დღეებია:

კათოლიკურ/პროტესტანტული სამყარო – ახალი სტილით 27 მარტი, კვირადღე.
მართლმადიდებლური სამყარო – ახალი სტილით 1 მაისი, კვირადღე.

როგორც ვხედავთ “დასავლურ” და “აღმოსავლურ” აღდგომის დღეებს შორის განსხვავება 2016 წელს 5 კვირაა. მართლმადიდებლურ სამყაროში ალექსანდრიის პასქალიაში გაზაფხულის ბუნიობად მიჩნეულია უცვლელი თარიღი – 21 მარტი, დღე რომელიც აითვლება იულიუსის კალენდრით, ანუ ძველი სტილით. ახალი სტილით ეს არის 3 აპრილი, ანუ ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობა უკვე მომხდარია. 2016 წელს, ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ პირველი სავსემთვარეობა კი ახალი სტილით 20 მარტსა და 3 აპრილს შორისაა (23 მარტი), ანუ ჩვენთვის – მართლმადიდებლებისათვის (მცირე გამონაკლისის გარდა) ეს რეალური პირველი სავსემთვარეობა ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ არ იქნება. ჩვენთვის პირველი სავსემთვარეობა დადგება ახალი სტილით 3 აპრილის შემდეგ – 22 აპრილს (ახალი სტილით), რაც რეალურად მეორე სავსემთვარეობაა ასტრონომიული გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ. ამას კიდევ ემატება დამატებითი ცდომილება, რაც პასქალური სავსემთვარეობის გამოთვლაშია და შედეგად აღდგომის დღედ ვღებულობთ 1 მიასს, კვირადღეს.

2) ”2100 წლის პრობლემა”
2100 წელს გრიგორიუსის ანდა შესწორებული იულიუსის კალენდარსა და თვით იულიუსის კალენდარს შორის განსხვავება გახდება 14 დღე. შესაბამისად, ის ვინც ძველი სტილით შობას 2100 წლამდე ახალი სტილით 7 იანვარს (ძველი სტილით 25 დეკემბერი) აღნიშნავს, დაწყებული 2100 წლის 1-ლი მარტიდან იძულებული იქნება აღნიშნოს ქრისტეშობა 8 იანვარს. იმიტომ, რომ სწორედ ძველი სტილით 25 დეკემბერი იქნება ახალი სტილით 8 იანვარი. თითქოსდა პრობლემა არ უნდა იყოს, თუმცა მორწმუნეთა ნაწილისათვის შობა ასოცირდება არა უფრო 25 დეკემბერთან, არამედ 7 იანვართან. ამიტომ, მორწმუნეებს უნდა მიეწოდოს სათანადო ინფორმაცია, რომ ეს გადასვლა ეკლესიისთვის მოხდეს უმტკივნეულოდ და ეს უნდა გაკეთდეს ადრევე.

ალბათ მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ 1928 წელს საკათალიკოსო სინოდი, როდესაც გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო ახალი სტილიდან ძველზე, მღვდელმთავრებს დაავალა მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ. ეს მოწოდება არავის არ გაუუქმებია და ის დღემდე ძალაშია. თუ რამდენად სრულდება ის – ცალკე საკითხია. და თუ არ სრულდება, 2100 წლის პრობლემაზე მაინც ხომ უნდა ვიფიქროთ?

მაღალი ინტერესის გამო კიდევ ერთხელ გთავაზობთ საეკლესიო კალენდართან დაკავშირებით სტატიებს:

1) ქრისტიანული აღდგომისა და ებრაელთა პასექის თანხვედრის შესახებ
2) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ე. წ. “ახალი სტილი” (შესწორებული იულიუსის კალენდარი)
3) მილუტინ მილანკოვიჩი – შესწორებული იულიუსის კალენდარი
4) საეკლესიო კალენდრის თემაზე არსებული ფსევდოშემოქმედების შესახებ
5) ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება – პასქალიის საკითხი
6) ორი სტილი – ერთი კალენდარი
7) “შესწორებული იულიუსის” კალენდარი
8) კალენდრული საკითხის შესახებ
9) ადამიანი შეიქმნა კალენდრისთვის, თუ კალენდარი ადამიანისთვის?
10) კალენდრული და პასქალური რეფორმა: ისტორია და თანამედროვეობა
11) 1948 წელს მოსკოვში გამართული მართლმადიდებელ ეკლესიათა თათბირი და კალენდრული საკითხი
12) ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებული სასწაულები

 

 

Print Friendly

Tags:

Comments are closed.