“კატასტროფული დღეები”

14/03/2018
By

preghiera-contro-il-maleficioზურაბ კიკნაძე

ხშირად სახარებაში წინააღმდეგობათა მაძიებელ გონებას დაუყენებია ასეთ კითხვას: ერთგან ქრისტე მშვიდობის მომფენია, სხვაგან ამბობს, რომ ის მოვიდა არა “მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა”… როგორ გავიგოთ ეს?
არის მშვიდობა, რომელიც თხელ საფარველად აფენია წინააღმდეგობებს, შეურიგებლობებს, შეუთავსებლობებს, მტრობას…ასეთი მშვიდობა მოჩვენებითია, ის ნამდვილის სუროგატია.
არა ამგვარი მშვიდობის მომფენია ქრისტე – ასეთი “მშვიდობა” მუდამ არსებულა, ადამიანთა შორის, ერთა შორის, სახელმწიფოთა შორის, და დღესაც არსებობს. ასეთი მშვიდობა კბილით უჭირავთ ადამიანებს პირად ურთიერთობაში, ერთმანეთზე ისტორიულად გადაკიდებულ ხალხებს წარმავალი დაზავების ხანაში, პოლიტიკოსებს მოლაპარაკებათა შემდეგ…
“მშვიდობაა, მშვიდობა!” გაიძახიან, ამბობს იერემია წინასწარმეტყველი, “მაგრამ არ არის მშვიდობა”. წინასწარმეტყველმა იცის, რომ ის, რაც მშვიდობად მიაჩნიათ, მხოლოდ თხელი საფარველია, რომელიც ქაოსზეა გადაფენილი. მშვიდობა! თუ დასადგურებულა ოდესმე
ნამდვილი, ონტოლოგიური ძალის მშვიდობა ქვეყანაზე? ან იქნებ ის უნდა დამკვიდრდეს, როგორც საბოლოო მიზანი, და ამ (ამგვარ) წუთისოფელსაც გაუვიდეს ყავლი?
რა არის მშვიდობა?
ძველი აღთქმის სიტყვას “შალომ”, რომელიც პირველად ბერძნულად “მშვიდობად” (ეირენე) გადმოიტანეს და ასე დამკვიდრდა ქრისტიან ხალხთა ენებში, ნიშნავს “სისრულეს”, “სიმრთელეს”, მის სემანტიკას თითქმის სიცოცხლის საწყისამდე ჩავყავართ. “შალომ” ჯანმრთელობაც არის. ორი შემხვედრი, ნაცნობნი თუ უცნობნი, როცა ერთმანეთს ეტყოდა მშვიდობას, ამით უსურვებდნენ ერთმანეთს არა მხოლოდ უომობას, უშფოთველობას, არც მაინცდამაინც ზავს, ხელშეკრულებით დადებულს, არამედ სიმრთელეს, ჰარმონიას მის სულში და სახლში, და მის, თუ მწყემსია, ფარაში. მშვიდობა შინაგანი თანხმობაა, რომლის ფესვი ღმერთშია, ღმერთში ყველა ყველასთან შერიგებულია. მშვიდობა – შალომ “სიმრთელე” მაშინ არის, როცა ფარა მრთელია ანუ ის მეასე, დაკარგული, მოძიებულია.

მშვიდობა დასაბამიერი, რომელიც უნდა მსჭვალავდეს შიგნიდან ყველას და ყველაფერს… მშვიდობა სამყაროს წესრიგის დედაბოძია. მშვიდობა ესქატოლოგიური კატეგორიაც არის. ეს სიტყვა შეიცავს ნიშანს რომელიც ლაპარაკობს საბოლოო დასასრულზე, დანაკლისის, ყოველნაირი ხარვეზის შევსებაზე, გამთლიანებაზე, ყოველი ჭრილობის მოშუშებაზე, ადამს აქეთ დარღვეული სიცოცხლის აღდგენაზე.
რა არის მახვილი?
ეს მახვილი, რომელსაც ქრისტეს “მოაფენს”, არა მხოლოდ განკითხვის დროისათვის არის განკუთვნილი და შემონახული, როცა იფქლი და ღვარძლი საბოლოოდ გაირჩევა ერთმანეთისაგან, არამედ იმ დღეებისთვისაც, რომელნიც განკითხვის დღის სახეს წარმოგვიდგენენ ყველა ხალხში და მსოფლიოში, ეპოქიდან ეპოქამდე, როგორც აჩრდილნი
იმ უკანასკნელი დღისა. და თუ აჩრდილი და ხატი ასეთი თავზარდამცემია, რა უნდა იყოს სინამდვილე, რომელიც, ადრე თუ გვიან, უნდა დადგეს, და ეს საბოლოო იქნება.
ეს არის დღეები, რომელთაც “კატასტროფული დღეები” უწოდა თ-მა ევგენი ტრუბეცკოიმ (1863-1920) და შეეცადა გამოეცნო მათი აზრი. ნუთუ შეიძლება, რომ ამ ნგრევას, გაცამტვერებას, რაიმე აზრი და გამართლება ჰქონდეს? ჰქონია აზრი და ეს ითქვა დიდი ხნის წინათ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ნიშნებია და ისინი ისევ და ისევ ადამიანის მოსაქცევად არიან მოვლენილი. “ხელს მოვუღერებ მათ ყველას, – გასძახის საუკუნეებს უფალი ეზეკიელის პირით, – სადაც კი ცხოვრობენ… და გავატიალებ ქვეყანას, და მიხვდებიან, რომ უფალი
ვარ” (ეზეკ. 6:14).
კატასტროფული დღეები განუცდია ერებს, ხალხებს, სახელმწიფოებს, მცირე ტომებსაც კი, როცა დამდგარა მათი ყოფნა-არყოფნის ჟამი. როცა სადღაც, გამოუცნობში წყდება საკითხი
მათი არსებობისა: გამართლებულია თუ არა მათი ყოფა? – დასმულია კითხვა და გამოტანილია მსჯავრი უზენაესის საბჭოში. ეს კითხვა უკვე არის ნიშანი იმისა, რომ ეს ხალხი თავის ისტორიას იწყებს, ის უნდა ჩაერთოს საყოველთაო ისტორიაში. მაგრამ ეს კატასტროფული ზღურბლია: ამ დროს ყველას ეჩვენება და ეს მოჩვენება არ არის უსაფუძვლო, რომ მთავრდება წუთისოფელი და დგება ჟამი მეორედ მოსვლისა. ეს ყველაფერი ნიშნებია, ნიშნები არა სასეირო, არამედ ისინი ჩვენ გვეხება, თუნდაც ჩვენში არ ჩნდებოდნენ, არამედ სადღაც შორს და ოდესღაც, მაგრამ რაკი ჩვენ ისტორიაში ვართ, უნდა ვიგრძნოთ, რომ ისინი ჩვენთვისაც ჭკუისსასწავლი სასწაულებია. და მითუმეტეს, თუ
ეს ნიშნები შენს ცაზეც გამოჩნდება, შენი მიწისქვეშ, შენს საზღვრებში. ეს თავზარდამცემია, გულისგამტეხია შენს მომავალზე, დამაეჭვებელია შენს წარსულზე, მაგრამ მას მოაქვს შენთვის ახალი ამბავი, ღმერთი ლაპარაკობს ამ საშინელი სასწაულებით მათთვის, ვისაც აღარ ესმის ადამიანური ენა. ადამიანი, საზოგადოება, ერი, კაცობრიობა ვერ ირიდებს ამ
კატასტროფებს. თუ ნიშნავს ეს, რომ ჩვენ წილი არ გვიდევს მათ მომზადება-გამოწვევაში? თვით ათეისტსაც წამოსცდენია ამ დროს, რომ რაც ხდება, ღვთის რისხვაა. და თუ რისხვა – ისევ და ისევ ჩვენშია მისი მიზეზი. “ადამიანი ყოველთვის დამნაშავე ღვთის წინაშე”,
ამბობს ერთი წმიდა მამა. რისხვა, რომელიც კატასტროფებში, ხალხთა სისხლიან შეტაკებებშია განივთებული, ისევ და ისევ ადამიანის გაუკუღმართებული ნების გამოხატულებაა. მას ვცნობთ ჩვენ, თუკი ჯერ კიდევ ადამიანები ვართ.
ასეთ დღეებში რელიგიური ფანატიკოსი და ისიც, ვინც ესქატოლოგიურ თემებს უტრიალებს თავის გასართობად, ქვეყნის დასასრულზე ლაპარაკობს. ერთნი ნიშნის მოგებით, მეორენი –
პირველაღმომჩენის სიამაყით და ისე, თითქოს ესქატოლოგიური ჟამი (მეორედმოსვლა, საშინელი სამსჯავრო, უკანასკნელი დღე) მხოლოდ ერთ-ერთი საინტერესო ჰიპოთეზა იყოს. გულის სიღრმეში კი ისინი უსასრულო პროგრესის მორწმუნენი არიან, ამ რწმენამ კი საშუალებანი – პროგრესის საშენი მასალა, რომელთაც კაცობრიობა თითქოს უფრო
“მაღალ და მაღალ” საფეხურზე აჰყავდეს, ცხოვრების სამუდამო მიზნად აქცია. სიცოცხლის მიზანი დაიკარგა, საშუალება აბსოლუტურ ღირებულებად იქცა.
კატასტროფები, ჯანყი, ქაოსი – თუ ეს მდგომარეობა ქვეყნისა მისი დასასრულის ნიშანია, ამ მდგომარეობაში იჩენს თავს მეტი სიმწვავით ამ საშუალებათა წარმავალობა და უფრო მკაფიოდ დგება ჩვენს წინაშე სიცოცხლის საზრისის პრობლემა. ამ დროს უფრო გამოიკვეთება, თითქმის ხილული ხდება გამიჯვნა საშუალებასა და მიზანს შორის, ნივთიერსა და სულიერს შორის, რაოდენობასა და თვისებას შორის, წარმავალსა და წარუვალს შორის, დღევანდელსა და საბოლოოს შორის, ხილულსა და უხილავს შორის, და ვინ გამოჩნდება ჩვენში ისეთი, პირველთ მეორეთათვის რომ თმობდეს, ამის მაგალითი კი, რა ხანია, მიეცათ ადამიანებს. ეს მდგომარეობა განსაცდელია, რომელიც განცდის ყველას – ვინ საით გადაიხრება, ვინ რას გაჰყვება – ნივთს სიცოცხლისა თუ აზრს სიცოცხლისა? ვინ რომელ
თეზისს დაამტკიცებს თავისი პირადობით – თეზისს ყოფიერების პირველადობისა (ანუ “ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას”) თუ ცნობიერების პირველადობისა (ანუ “ცნობიერება განსაზღვრავს ყოფიერებას”)? ამ რომელიმე არჩევანის მიხედვით განვსაჯოთ ჩვენი თავი და განვსაზღვროთ ჩვენი ვინაობა, ვინა ვართ დღეს, თუ რამდენად
დავაღწიეთ თავი იმ განტევების ვაცად ქცეულ სამოცდაათწლეულს. ხშირად ვამბობთ, რომ ის სამოცდაათწლეული, თუ მას რაიმე გამართლება ჰქონდა, იყო განსაცდელის ჟამი: ამ პერიოდში უნდა განცდილიყო ადამიანი, როგორც იობი იქნა განცდილი ეშმაკისაგან. თუ
ასეა, ამ სახმილიდან უნდა გამოსულიყო საუკეთესო მოდგმა, ისეთივე განწმედილ-გამოწრთობილი, როგორც ქრისტიანული ეკლესია დევნილების ხანიდან. მოხდა ასე?
იმ სამოცდაათწლეულის ფენომენის ბოლომდე გაუაზრებლობის მიზეზია, რომ დღევანდელ “განთავისუფლებულ” ადამიანს თავის შეგნებაში სრულიად მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა თავის წარსულზე. ურწმუნოები ვართ? ეს სამოცდაათწლიანი დევნის ბრალია. კორუმპირებულები ვართ? ეს იმ გახრწნილი ნიადაგის ბრალია. მომხვეჭელები და ხარბები ვართ? ეს იმ ხანის სიდუხჭირის ბრალია. უწესონი და ურჩნი ვართ? ეს იმ ცუდი კანონების ბრალია. ჩვენ ყველანი იმ ხანის პროდუქტები ვართ – ეშმაკმა შეგვქმნა ასეთები,
ჩვენ არათუ ღვთის შვილები აღარა ვართ, ადამის ძენიც კი აღარა ვართ.
ხშირად ვამბობთ – რაც ახლა ხდება ჩვენს თავზე, ღვთის განსაცდელია, ღვთის რისხვაა. ეს შეცდომაა. ღვთის რისხვა ჯერ კიდევ წინ არის ყველაფრისათვის, რაც ახლა ხდება, და ხდება ისევ და ისევ ჩვენი ხელით. ნიშნები უკვე იყო, ახლა რისხვა იქნება. ჩვენი ძველი
ჟამთააღმწერელი სრულიად კანონზომიერად თვლიდა მონღოლების გამოჩენას და ყველაფერს, რაც მაშინ თავს დაატყდა ქვეყანას. მონღოლებს ის არ განიკითხავდა, რადგან მათ მოვლინებაში ღვთის განგებას და თავად მათში ღვთის იარაღს ხედავდა. ის თავის ხალხს
ამხილებდა და, საზოგადოდ, კაცობრიობაში ადამს აქეთ დაგროვილ ცოდვაზე ლაპარაკობდა, რამაც შესაძლებლად გახადა ყველაფერი, რაც მონღოლებმა მოიტანეს, და თავად ფაქტიც მონღოლობის არსებობისა; თუმცა მათ თავიანთი ისტორია და თავიანთი მუხტი ჰქონდათ, რომელიც უნდა დაეცალათ და დაცალეს კიდევ. რაიმე წინააღმდეგობა უშედეგო იქნებოდა. იყო იმ დღეებში ქვეყანაში იერემია, ვინც ეტყოდა ხელისუფალთ, ხალხს, წინააღმდეგობის უაზრობაზე? არ ჩანდა, მაგრამ ზოგიერთმა ერისმთავარმა ყური უგდო უჩინარ იერემიას და დათმო, შესაძლოა, საკუთარი სიამაყის გაწირვითაც. ნამდვილად ასე იქნებოდა. ასე მოიქცა კაენის ციხის პატრონი, პირველად ის და მერე სხვანიც მიყვნენ მას. მოთრგუნვა, შესაძლებელია, ცოდვების გამოსასყიდი გზა იყო იმ დღეებში (თუმცა როდის არ ყოფილა ასე?). ყველა, როგორც ერთი, პასუხისმგებელი იყო ღვთის წინაშე – მეფიდან დაწყებული
რიგით კაცამდე.
როცა რაღაც ხდება შენს გარშემო, რაღაც იცვლება, დარწმუნებული იყავი, რომ შენც წვლილი გაქვს ამ ყველაფერში, რადგან შენ ისტორიის სუბიექტი ხარ. მაგრამ ადამიანს სურს ასე ილაპარაკოს: მაშინ ისეთი დრო იყო, მაშინ ისე იყო საჭირო. ამ თქმით ის მთლიანად იხსნის
პასუხისმგებლობას. სად არის ის, ვინც ვერ გაბედავს ამის თქმას, თუ მას სურს ადამიანად დარჩეს? თითოეული ადამიანის წინაშე წამოიჭრება საკითხი – დროება ქმნის ადამიანს, თუ ადამიანი დროებას? ვინც იტყვის, “რომ დროება ქმნის ადამიანს”, სწორი იქნება, რადგან ის
თავის თავზე ამბობს და იცის, რას ამბობს. ისიც სწორი იქნება, ვინც იტყვის, რომ “ადამიანი ქმნის დროებას” და მანაც იცის, რას ამბობს. მაგრამ ისინი სხვადასხვა ჯურის ადამიანებს გულისხმობენ. ერთნი ამბობენ (საბჭოთა წყობილების დროსაც და ახლაც), რომ ახლა ისეთი
დროა, რომ პატიოსნება მომაკვდინებელი თუ არა, სამარცხვინოა. ერთნი გაწირავენ პატიოსნებას და იციან რას სწირავენ კეთილდღეობისათვის (სინდისის ქენჯნის წამალიც აქვეა: “დროა ასეთი”); სხვანი ვერ თმობენ პატიოსნებას და კვდებიან, მაგრამ ადამიანებად კვდებიან. თუმცა მათი სიკვდილი არავისთვის არ არის მაგალითი, რადგან ეს სიგლახეა საზოგადოების თვალში, რადგან ასეთია საზოგადოების თვალი. ადამიანი თავს იწვავს თავისი ნებით, და ესეც ამაოდ ჩაივლის. როცა ასეთი მაგალითიც კი ფუჭია, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომელიც შეძრავს ადამიანს, საზოგადოებას? ამიტომ ფიქრობს კაცი, რომ მოსალოდნელია რისხვა.
ჩვენი თავის ამარა დარჩენილნი, უწინასწარმეტყველოდ, ისტორიის ამ ორომტრიალში, ვერ ვხვდებით, ეს რისხვაა, განსაცდელი თუ ჩვენივე სივაგლახე. სანატრელია, იყოს რისხვა, რადგან ის სასიკეთოდ დასრულდება. და თუ ეს მხოლოდ ჩვენი სივაგლახეა – და არ მოხდა ღვთის ჩარევა, ამას დასასრული არ ექნება და განწირული ვართ. ვაი მას, ვისაც არ რისხავს ღმერთი. უარესი მას, ვინც ვერ გრძნობს რისხვას. თ-დი ევგ. ტრუბეცკოი, რომელიც თავის უკანასკნელ წიგნს “ცხოვრების სააზრისს” («Смысл жизни», 1918) მართლაც კატასტროფის დღეებში წერდა, მიუახლოვდა ისეთ საიდუმლოს, რომლის განცდას ისტორიის სადაგ დღეებში ვერ შეძლებდა. მას ეკუთვნის ეს სიტყვები: “სწორედ კატასტროფულ ეპოქებში აძლევს მსოფლიოს ადამიანის გული ყველაზე საუკეთესოს, რაც მასშია, ხოლო გონებას გაეცხადება ის უღრმესი საიდუმლოებანი, რომელთაც ისტორიის სადაგ პერიოდებში
უღიმღამო ყოველდღიურობის ბურუსი ფარავს. მსოფლიო ხანძრის ალში, რომელიც ნაცრად აქცევს სიცოცხლის დაძველებულ ფორმებს, იბადება ის უდიდესი გამოცხადებანი უფლისა ამ მიწაზე, რომლებიც ახალი მიწის მოვლენათა წინამორბედნი არიან. ეს ღვთიური მოვლენები, ადამიანში გაცხადებულნი, უსათუოდ წინასწარ იუწყებიან და ამზადებენ “უკანასკნელ დღეებს”, რადგან სწორედ მათშია ხილულად განხორციელებული მთელი შესაქმის აზრი – დასასრული და ზღვარი მთელი მსოფლიო განვითარებისა”.
თუ, მართლაც, დასასრულშია მიზანი და არა უსასრულო და, ამდენად, უმიზნო პროგრესში იგი უფრო დასასრულის მომასწავებელ “კატასტროფულ” დღეებში უნდა გამოჩნდეს, ვიდრე კეთილდღეობის ხანაში. ასეთი დღეები, როცა ადამიანი “შერისხული”, მაგრამ მართალი
იობივით ახლოს დგას ღვთის საიდუმლოს წინაშე, წუთისოფლის წინასწარი სასჯელია, როგორც ჩრდილი განკითხვის დღისა, რომელიც მომავლიდან ისვრის შხეფებს. და, თუ საბოლოო მიზანს უშუალოდ ვერ ვწვდებით ჩვენი დროჟამული დასაზღვრულობის გამო, ამ სასჯელის განცდა ხომ შეგვიძლია, რადგან ადამიანი – ასეთია კაცობრიობის ერთადერთი
ისტორიული გამოცდილება – არ შეიძლება არ იმსახურებდეს სასჯელს. ეს კი კვლავ უკანასკნელი დღის და საბოლოო, არა კაცთაგან მოგონილი, მიზნის რეალობაში გვარწმუნებს.

1996

წყარო

Print Friendly

Comments are closed.