კიევის საპატრიარქოს დელეგაცია ფანარში

politics-religion-e12892473528862017 წლის 12 იანვარს სტამბულში, მსოფლიო საპატრიარქოს რეზიდენციაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ჯერ არაღიარებული კიევის საპატრიარქოს იერარქები. დელეგაციის ხელმძღვანელს, პერიასლავ-ხმელიცის მიტროპოლიტი ეპიფანეს თან ახლდნენ დელეგაციის წევრები: ლვოვის მიტროპოლიტი დიმიტრი და ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ევსტათი.

მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან დელეგაცია მიიღეს უკრაინის საკითხზე შექმნილი სინოდალური კომისიის წევრებმა, წმ. სინოდის გენერალურმა მდივანმა მიტროპოლიტმა ბართლომემ და გალიის მიტროპოლიტმა ემანუელმა.

გულთბილი მისალმების შემდეგ, უკრაინულმა მხარემ გულისტკივილი გამოთქვა მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდი კრების საბოტაჟის მცდელობის გამო და აღნიშნა, რომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია წმინდა და დიდი კრების დოკუმენტებს სცნობს, რის დასტურადაც  უკრაინელმა დელეგატებმა მასპინძლებს საჩუქრად გადასცეს კიევის საპატრიარქოს 2017 წლის ოფიცილური საეკლესიო კალენდარი, რომელშიც კრების ყველა დოკუმენტია შესული.

სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ კონსტანტინოპოლის საყდარი, როგორც მსოფლიო საპატრიარქო და უკრაინის დედა ეკლესია რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტს უკრაინის ეკლესიაში განხეთქილების საკითხს. თავის მხრივ მიტროპოლიტებმა ბართლომემ და ემანუელმა ხაზი გაუსვეს, რომ საკითხი ძალიან კომპლექსურია, მსოფლიო საპატრიარქოს სინოდალური კომისია მთელი დატვირთვით მუშაობს და საპატრიარქოს ნება არის საეკლესიო კონფლიქტის უმტკივნეულოდ მოგვარება.

დასასრულს მასპინძლებმა უკრაინელ დელეგატებს აღუთქვეს, რომ შეხვედრის დეტალებს მოახსენებენ მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომესა და  კონსტანტინოპოლის წმ. სინოდს.

წყარო

Print Friendly

Comments are closed.