დიდი კრება – დოკუმენტები, პატრიარქ კირილეს მიმართვა

18/06/2016
By

Monogram_Patriarchy_Moskiewskiego_i_całej_Rusi,_Cyryla..svgუწმიდესი პატრიარქის – კირილეს გზავნილი, კუნძულ კრეტაზე შეკრებილ მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვრებს და წარმომადგენლებს.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, უწმიდესმა კირილემ გაუგზავნა წერილი კუნძულ კრეტაზე შეკრებილ მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიების წინამძღვრებსა და წარმომადგენლებს.

მის უწმიდესობას, უწმიდეს ბართლომეოსს, მთავარეპისკოპოსს კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქს, უფლის წმიდა ეკლესიის უწმიდეს და უნეტარეს წინამძღვრებს, მთავარეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებს, მონოზვნებს და ერისკაცებს, შეკრებილთ კუნძულ კრეტაზე:

თქვენო უწმიდესობავ, უწმიდესო პატრიარქო ბართლომეოს! უწმიდესნო და უნეტარესნო! ყოვლადსამღვდელონო მთავარეპისკოპოსნო, მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიების უხუცესო წარმომადგენლებო!

გულითადად მოგესალმებით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, ასევე რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში მცხოვრები მართლმადიდებელი მორწმუნეების სახით, რომელნიც შეადგენენ მოსკოვის საპატრიარქოს ფართო სამწყსოს.

ჩვენ ყოველნი, ძმანი, წარმოვადგენთ ქრისტეს ერთიან სხეულს (1კორ. 12,27). ერთიანობის ფასდაუდებელი მადლი, ჩვენ თავად უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესაგან მივიღეთ. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, ამ მადლის შენარჩუნებაა, ეს გახლავთ მაცხოვრის პირდაპირი მცნება (ინ. 17,21).

დაე ნუ დაგვაბნევს ჩვენ ის ფაქტი, რომ და-ეკლესიების შეხედულებები გაიყო წმიდა და დიდი კრების მოწვევასთან დაკავშირებით. წმ. პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, „რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქვენ შორის, რაითა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდნენ“ (1კორ. 11,19), კრების მოსამზადებელ დღეებში, ასეთმა სხვადასხვაგვარმა შეხედულებებმა სრულად გამოავლინეს თავი, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ დაასუსტონ ერთობა, რომელიც საერთოეკლესიურ კონფლიქტში გადაიზრდება და არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ შემოიტანაონ განყოფა და განხეთქილება ჩვენს შორის. ჩვენ ვრჩებით ერთ მართლმადიდებლურ ოჯახად და ჩვენ ყოველნი, ერთად ვართ პასუხისმგებელნი მართლმადიდებლობის ბედზე.

ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ იმ ეკლესიებმაც, რომელთაც გადაწყვიტეს კრეტაზე გამომგზავრება და იმათაც, რომელთაც თავი შეიკავეს ამისაგან – თავისი გადაწყვეტილება კეთილსინდისიერად მიიღეს, ამიტომ მათ პოზიციას ჩვენ პატივისცემით უნდა მიუდგეთ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იქიდან გამოდიოდა, რომ არ შეიძლება უგულებელყოფა ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის პოზიციციისა, მცირესი თუ დიდის, უძველესის თუ ახლის. ანტიოქიის ეკლესიის კრებაზე არ დასწრება იმას ნიშნავს, რომ საერთომართლმადიდებლურ კონსესუსს ჩვენ ვერ მივაღწიეთ. ჩვენ არ შეგვიძლია საქართველოს, სერბეთის და ბულგარეთის ეკლესიების პოზიციების იგნორირება, რომელთაც მხარი დაუჭირეს კრების გარკვეული ვადით გადადების იდეას.

მწამს, რომ კეთილი ნების შედეგად, კრეტაზე შემდგარ შეხვედრას შეუძლია იქცეს მნიშვნელოვან ნაბიჯად, რათა გაქარწყლდეს წარმოქმნილი უთანხმოებანი. მას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს, იმ წმიდა და დიდი კრების მომზადებაში, რომელიც გააერთიანებს ყველა ადგილობრივ ავტოკეფალურ ეკლესიებს და გახდება ხილული გამოხატულება, ქრისტეს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა, რაზეც ლოცულობდნენ და რასაც მოელოდნენ ჩვენი ღვთივგანსვენებული წინაპრები.

გარწმუნებთ, რომ ჩვენი ლოცვები იქნება თქვენთან მომავალი სამუშაო დღეების განმავლობაში.

ქრისტეში სიყვარულით

+ კირილე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი.

რუსულიდან თარგმნა იოანე შოშიაშვილმა.

წყარო: http://www.patriarchia.ru/db/text/4541211.html

Print Friendly

Comments are closed.