წმ. კირიონ II ის წერილი რომის პაპს

25/09/2016
By

kirioni„გპირდები, რომ ქართველი ხალხი არ შეავიწროვებს შენი ტახტის მიმდევრებს“ – საქართველოს პატრიარქი რომის პაპს

წერილი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ არ ეკუთვნის საერო ან საქმეში ჩაუხედავ პირს. პირიქით, მისი ავტორია კირიონ II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1918). უფრო მეტიც ამ წერილის ავტორი წმინდანადაა შერაცხული საქართველოს ეკლესიის მიერ.

წმ. კირიონმა წინამდებარე წერილი 1917 წელს გაუგზავნა რომის პაპ ბენედიქტე XV-ს. პატრიარქი პირდება პაპს, რომ მისი ქვეშევროდმი კათოლიკენი არ იქნებიან შევიწროვებულნი არც მისგან და არც ქართველი ერისგან.

ტექსტი გამოქვეყნებულია საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალში „სვეტიცხოველი“ (1917, №4).

 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ მეორის ეპისტოლე რომის პაპის მიმართ

უწმინდესო და უნეტარესო მამაო,

საქართველოს უძველეს საკათალიკოსო ტახტზე, რომელსაც 1811 წლიდან დღმდე რუსეთის ეკლესიის ეგზარხოსნი განაგებდნენ, მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, მორწმუნე ერისა და სამღვდელო დასის მიერ არჩევით, აღყვანილ იქნა ჩემი უღირსება. აღსრული ამ ტახტზე „ვიხსენებ ადრინდელ დღეებს და ვფიქრობ ყოველ ნამოქმედარზე“ (ფსალ. 14,25) რომის უნეტარეს მწყემსმთავართა.

ღვთის განგებით დიდი რომისგან არ გაუცხოვებულა ჩვენი ეკლესია. პირველწოდებულმა ქრისტეს მოწაფეებმა პეტრემ და ანდრიამ, მოაბნიეს რა მართალი სარწმუნოების უბიწო თესლი რომაელთა და ქართველთა გულთა ნახნავში, საკუთარი ძმობით წინასწარ მოასწავეს ამ ორი ეკლესიის სიყვარული და თვისება. მოციქულთა სწორ ნინოს და მეფე მირიანის დროს წმინდა სილიბისტრო რომაელის წერილმა, ვარდივით ააყვავა საქართველოში ნაყოფი მართლმორწმუნეობისა, ხოლო ურჯულო ნესტორის ერესით შეწუხებულმა ქრისტეს ამ ახალნერგმა შვება ჰპოვა გრიგოლ დიოლოღოსის ეპისტოლეში, რომელიც მან რომიდან გამოუგზავნა უწმინდეს და უნეტარეს ჩემს სეხნიას – კირიონს, მცხეთის კათოლიკოსს. შემდგომ წმინდა ილარიონ ქართველის მოღვაწეობამ, რომელიც ორი წელი იმყოფებოდა შენი უწმინდესობის ქალაქში, კვლავ აუწყა რომის მკვიდრთ საქართველოს ეკლესიის დიდება და განამტკიცა რომაელთა და ქართველთა ერთობა.

გავიდა მრავალი წელი და ეშმაკის შურით გაიხლიჩა ერთმორწმუნეობის მშვენიერი ძოწეული, რომელიც ემოსა ქრისტეს უბიწო რძალს – აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიას.

მაგრამ, ამ საქმით არ გაბოროტებულა ჩვენი ეკლესია: რომის ტახტიდან ჩვენს ქვეყანაში მე-13 საუკუნეში მოსული მოციქულნი და ქადაგნი, ქართველთა მეფის საფარველ ქვეშ ერთგულად იღწვოდნენ, როგორც კეთილი მწყემსნი, ხორცის მკურნალნი და ჩვენდა სწავლა-განათლების მომფენელნი. ჩვენს ქვეყანაში მათ ააშენეს თვისი ეკლესიანი და შენს ტახტს დაუმოწაფეს არა მცირედი ქართველნი, რომელნიც დღემდე ღმერთს ადიდებენ რომაული ეკლესიის წესით და პატივს სცემენ შენი უწმინდესობის სახელს.

ქართველთა ეკლესიის და სიხარულის აღდგენის ამ დღეს, ვიაზრებ რა წარსულს ჩვენსას, სიყვარულით მოვიკითხავ შენს უნეტარესობას და გპირდები, რომ შენი ტახტის მიმდევარნი „არა შევიწროვებულ იქნებიან გულსა შინა“ ჩემსა და ქართველთა ერისასა.

იმედი მაქვს, რომ შენი უწმინდესობა არ უგულვებელჰყოფს ქართველ კათოლიკეებს და მათ მრავალგვარ სარწმუნოებრივ-ეროვნულ საჭიროებებს.

„მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღმრთისა მამისა და ზიარებაი სულისა წმიდისა იყოს ჩვენ შორის“

უმდაბლესი და უღირსი
კირიონ მეორე
მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
2 ნოემბერი 1917 წ.“

თანამედროვე ქართულად თარგმნა
დეკანოზმა თამაზ ლომიძემ

ორიგინალი და კვლევა იხილეთ აქ (რედაქცია)

წყარო

Print Friendly

Comments are closed.