ლიტურგია ჟამიანობისას

264557065_640 ლიტურგია ბერძნული ტერმინია და ნიშნავს სახალხო საქმეს[i]. ვიწრო გაგებით, ეკლესიის ლიტურგიას წარმოადგენენ საღვთისმსახურო განგებები, რომლებიც წმინდა წერილზე დაყრდნობით ჩამოყალიბდნენ და განვითარდნენ კონკრეტულ ეპოქასა და კულტურაში. ფართო გაგებით, ტერმინი ლიტურგია გულისხმობს ეკლესიის ნებისმიერ საქმიანობას, იქნება ეს კულტურული, სოციალური თუ სხვა. ეკლესიის ცხოვრების ყველა ასპექტი ლიტურგიულია, ანუ სახალხო, სადაც ყველას აქვს თავისი მსახურება, იგივე ლიტურგია, როგორც ამას წმ. კლიმენტი რომაელი წერს, ჯერ კიდევ I საუკუნის მიწურულს[ii].

თუ იმპერიასთან შერიგებამდე ეკლესია ამ თავის ლიტურგიულობას ღვთისმსახურების გარდა პიროვნულ ქველმოქმედებასა და კერძო კარიტატიულ ინიციატივებში გამოხატავდა, რომის იმპერიაში, ლეგალური რელიგიის სტატუსის მოპოვების შემდეგ, მას ინსტიტუციური ხასიათიც მისცა. ასეთი ინსტუტუტების სათავესთან ეკლესიის ისეთი დიდი ავტორიტეტები დგანან, როგორიც წმ. ბასილი დიდი (330-379) და წმ. იოანე ოქროპირია (349-407).

უკვე V საუკუნის დასაწყისიდან ჩნდებიან კონსტანტინოპოლში და სხვა მსხვილ ქალაქებში ეკლესიის მიერ ორგანიზებული სასტუმრო სახლები (xenones), რომლებიც საავადმყოფოების ფუნქციასაც ითავსებდნენ. ასევე, ეკლესიის ხელმძღვანელობის ქვეშ ყალიბდებიან სამედიცინო ცენტრები (nosokomeion), რომლებშიც მუშაობდნენ მღვდლები, ექიმები, მზარეულები, „ასეთ ცენტრებს სათავეში ედგნენ სასულიერო პირები, მაგრამ ისინი კომპლექტებოდნენ სხვადასვა სპეციალობის ექიმებითა და მკურნალებით“[iii].

მიუხედავად იმისა, რომ თავის ეპოქასთან შედარებით ბიზანტიის იმპერია ყველაზე მეტად იყო განვითარებული როგორც საზოგადოებრივი მოწყობის, ასევე იმ დროინდელი მეცნიერების გაგებით, მასაც მოუწია ეპიდემიისათვის ხარკის გადახდა. 542 წლის გაზაფხულზე ალექსანდრიის გავლით კონსტანტინოპოლში ჩააღწია ეპიდემიამ (loimos), რომელსაც ისტორია „იუსტინიანეს ჭირის“ სახელით იცნობს. იმპერიისათვის დამაგრეველი აღმოჩნდა ეს ეპიდემია. როგორც ცნობილი ბიზანტიოლოგი სირილ მანგო წერს, გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, „მაგრამ სავსებით შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ 542 წელს კონსტანტინოპოლის მოსახლეობის მინიმუმ ერთი მესამედი (1/3), თუ ნახევარი არა (1/2), გარდაიცვალა“ და რადგან ქალაქი სავსე იყო მიცვალებულებით, მესაფლავეები ვეღარ უმკლავდებოდნენ გვამების დამარხვას, ამიტომ ხშირად ზღვაში ყრიდნენ მათ. მხოლოდ VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერიის სხვადასხვა რეგიონში ეპიდემიური აფეთქება კიდევ ექვსჯერ დაფიქსირდა: 555, 558, 561, 573-74, 591  და 599 წლებში. მხოლოდ ქალაქი ანტიოქია ოთხჯერ იქცა ეპიდემიის ეპიცენტრად და გაუკაცურდა[iv].

სანიტარიულ გამოწვევებთან დაკავშირებით იმპერატორ იუსტინიანეს (482-565) მნიშვნელოვანი ზომების მიღება მოუწია. 549 წელს გამოსცა ბრძანება, რომელიც ითვალისწინებდა ეპიდემიური რეგიონებიდან მომავალი ადამიანების კარანტინში მოთავსებას[v]. რა თქმა უნდა, ბრძანება შეეხებოდა სასულიერო პირებსაც. გარდა კარანტინისა, იმპერატორი, რომელმაც თავადვე გადაიტანა მძიმე დაავადება, დიდ ყურადღებას უთმობდა საავადმყოფოების მოწყობას და სახელმწიფო ხაზინიდან უხდიდა ხელფასს სამედიცინო ცენტრების მუშაკებს[vi].

ასეთ პირობებში, ბუნებრივია, საეკლესიო ხელისუფლება, არათუ საფრთხეში აგდებდა, არამედ პირიქით, ზრუნავდა საკუთარ მოსახლეობაზე, ხშირად თავგანწირვის ხარჯზე. მაგ.: ცნობილია რომ „იუისტინიანეს ჭირისას“ სიონის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა თავისი ქალაქის მიმდებარედ მყოფ ფერმერებს აუკრძალა სავაჭროდ ქალაქში შესვლა, რათა შეენელებინა დაავადების გავრცელება. თავის მხრივ ამ აკრძალვამ ბაზარზე ფასების ზრდა და მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც ეპისკოპოსი დააპატიმრეს[vii].

ადრეულ შუასაუკუნეებში სასულიერო პირებს ესმოდათ, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენდა ეპიდემიის პერიოდში აქტიური მიმოსვლა და კავშირები: ეპისკოპოსი წმ. გრიგოლ ტურელი (538-593), რომელმაც თავისი ქალაქის მოსახლეობისათვის საკუთარი ხარჯებით დაიქირავა ექიმი, აღწერს გალიაში (დღევანდელი საფრანგეთი) ჭირის გავრცელებას ესპანელთა სავაჭრო გემის შემოსვლის გამო. ზღვისკენ მიმავალი გალიის გზებზე კარანტინის დაწესება კი დასტურდება კაროსის ეპისკოპოს წმ. დესიდერიუსუს (580-655) ეპისტოლარულ მემკვიდრეობაში, საიდანაც ვგებულობთ, რომ კლერმონის ეპისკოპოს გალუსისაგან ჭირის გავრცელების შესახებ მიღებული ცნობების შემდეგ, დესიდერიუსმა თავისი ქალაქის გადასარჩენად საკარანტინო ზომები მიიღო და თავისი ეპარქიისაკენ მიმავალ გზებზე სამხედროები ჩააყენა[viii].

ამდენად დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ:

„დასავლეთში, ისევე როგორც ბიზანტიაში, ეპისკოპოსებს ჟამიანობისას გადამწყვეტი როლი ჰქონდათ: მათი სამწყემსო მოვალეობები, სულებზე ზრუნვა (cura animarum), ასეთ დროს მეტ ენერგიას მოითხოვდა, მაგრამ რაც თანამედროვე აზროვნებისთვის ყველაზე გასაკვირია, ასევე თავიანთი სამწყსოს სხეულებზე ზრუნვაც (cura corporum)”[ix].

საინტერესოა ეკლესიის დამოკიდებულება კეთროვნების მიმართ. 549 წელს ორლეანის კრებამ 21-ე კანონით დაავალდებულა ეპისკოპოსები, რომ საეპარქიო ბიუჯეტიდან უზრუნველეყოთ მათ ეპარქიაში მყოფი კეთროვნების კვებისა და სხვა ძირითადი საჭიროებების ანაზღაურება. იგივეს იმეორებს ლიონის მესამე კრება 583 წელს, მე-6 კანონში, მაგრამ ამჯერად აზუსტებს, რომ დაავადების გავრცელებისაგან თავის არიდების მიზნით, კეთროვნებს ეკრძალებოდათ ერთი ეპარქიიდან მეორე ეპარქიაში გადასვლა[x].

ზოგადად, ადრეულ შუასაუკუნეებში დაავადება, განსაკუთრებით კი ქრონიკული ან ეპიდემიური, ხშირად ითვლებოდა ღვთის სასჯელად. ამის გამო, ხშირი იყო დაავადებული ადამიანების დისკრიმინაციის შემთხვევები. მაგ. VIII საუკუნეში ბიზანტიური კანონიკური წყარო „ეკლოგა“, იძლევა განქორწინების საშუალებას იმ შემთხვევაში, თუ წყვილიდან ერთ-ერთი კეთრით დაავადდა. 757 წელს პაპინ მოკლეს (714-768) მიერ მოწვეულმა საეკლესიო კრებამ კამპანიაში იგივე კანონი მიიღო. 643 წელს მიღებულ ედიქტში ლანგობრადების მეფე როტარი (606-652) ითხოვს კეთროვნების და სხვა გადამდები დაავადებების მქონე პირების საზოგადოებიდან განდევნას. ასეთი შემთხვევები ბიზანტიის იმპერიაშიც ხშირი იყო. შეხედულება, რომ ეპიდემიური დაავადებები ღვთის სასჯელია და საჭიროა დაავადებულთა საზოგადოებიდან მოკვეთა, მკაცრად არის გაკრიტიკებული წმინდა მამების, ბასილი დიდის, გრიგოლ ნოსელისა (335-395) და გრიგოლ ნაზიანზელის (329-390) ქადაგებებში, ისევე წმ. იოანე ოქროპირთანაც. ამასთანავე, ეკლესიის მამებს შესანიშნავად ესმოდათ სხვაობა დისკრიმინაციასა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას შორის, ამიტომ იყო რომ კესარიაში, ბასილი დიდის ეპარქიაში, კეთროვანთა სამკურნალო სახლი ქალაქ-გარეთ მდებარეობდა, ასე იყო კონსტანტინოპოლშიც, ცნობილი ზოტიკიოსის საკეთროვნო სახლი დასახლებული რაიონების მიღმა იყო განთავსებული[xi].

ეკლესიის მთელი ეს ზრუნვა ეპიდემიისას საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე, აისახებოდა კიდეც ლიტურგიულ პრაქტიკაში.

პაპი გრიგოლ II (669-731) გერმანელთა განმანათლებლის, წმ. ბონიფაციუსის (675-754) მიერ დასმულ შეკითხვს პასუხობს, რომ „კეთროვნებმა, თუ მორწმუნე ქრისტიანები არიან, უნდა მიიღონ უფლის სისხლი და ხორცი, მაგრამ არ უნდა ჭამონ ჯანსაღ ადამიანებთან ერთად“[xii]. მოგვიანებით კი, ინფექციის გავრცელებასთან ერთად წმ. ბონიფაციუსი კვლავ მიმართავს შეკითხვით რომს, ამჯერად მას პაპი ზაქარია (679-752) პასუხობს: „თუ კეთროვანი მოდის ეკლესიაში წმინდა ზიარებისათვის, არ აზიაროთ სანამ სხვა ჯანმრთელები არ ეზიარებიან“[xiii].

ეპიდემიისადმი განსაკუთრებით ფრთხილ დამოკიდებულებას ვხვდებით წმ. ნიკოდისმოს მთაწმინდელის (1749-1809) „პიდალიონშიც“. ბიზანტიაში გავრცელდა ჩვეულება ევქარისტიული ძღვენთან ერთად ყურძნის მარცვლების დარიგებისა, რასაც კრძალავს ტრულის კრების 28-ე კანონი[xiv]. ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამ კანონზე დართულ  სქოლიოში წერს:

„მღვდლებმაც და ეპისკოპოსმაც ჟამიანობისას უნდა გამოიყენონ ავადმყოფთა საზიარებლად (metalambanòun) ისეთი საშუალება, რომელიც არ შეეწინააღმდეგება ამ კანონს. მათ უნდა ჩადონ წმინდა პური არა ყურძენში, არამედ რაიმე წმინდა ჭურჭელში, რათა მომაკვდავებმა და ავადმყოფებმა შეძლონ მისი მიღება კოვზით. შემდეგ კოვზი და ჭურჭელი უნდა მოთავსდეს ძმარში, ძმარი კი უნდა გადიაღვაროს სუფთა ორმოში, ან სხვა ნებისმიერ ადგილას, უსაფრთხოდ და კანონიერად“[xv].

ნიკოდიმოს მთაწმინდელის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ სასულიერო პირებს მიჰქონდათ ზიარება გადამდები ავადმყოფობით დაავადებულ ადამიანებთან, ისინი კოვზით ღებულობდნენ წმინდა ძღვენს, ხოლო სასულიერო პირები კი ძმრით უტარებდა დეზინფექციას სამღვდელო ჭურჭელს.

მაღალი ჰიგიენის ნორმებსა და მრევლის ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე  მეტყველებენ ის ლიტურგიული მითითებებიც, რომლებიც თან ერთვოდნენ ძველ ბეჭდურ სამღვდელო კონდაკებს. მაგ. 1824 წელს გამოცემული სამღვდელო კონდაკის ბოლოში დართული „უწყება მღუდელთა და დიაკონთა-თჳის“, სხვა ლიტურგიულ შემთხვევებთან ერთად საუბრობს ბარძიმში შხამიანი რეპტილიის ჩავარდნის შემთხვევაზეც:

„უკეთუ უწინარეს განწმედისა წმიდასა სასმისსა შინა შთავარდეს […] დედაზარდლი, გინა სხუაჲ რომელიმე გესლიანი ქუჱმძრომელი ჰშთავარდნილ-იქმნას, აღმოიღონ და შეხჱული ქაღალდსა შინა დასწვან, ხოლო სასმელი იგი ბარძიმისა გარდაასხას სხუასა ჭურჭელსა შინა […] და გარდასხმული იგი მდინარესა შთაჰასხას. ხოლო თუ შემდგომად განწმედისა იქმნას ესე, და მისაღებელად საძაგელ იყოს მღდლისა, აღმოიღოს ფრიად სიფრხილით, რომელი წუჱლი სისხლისაგან არა სადა დაითხიოს […] ხოლო ღვინო იგი ანუ მდინარესა, ანუ ქვეშე წმიდისა ტრაპეზისა შთაჰსხას“[xvi].

ასეთივე სიფრთხილეს ავლენს, ქართველ სასულიერო პირებში დღემდე მეტად პოპულარული რუსი ავტორი სერგეი ბულგაკოვი (1859-1932), თავის ნაშრომში „ღვთისმსახურთა სამაგიდო წიგნი“. ბულგაკოვი, ბავშვთა ზიარების თავისებურებებზე საუბრისას ითხოვს, რომ სამრევლოში ბავშვების ყოველი ზიარების შემდეგ კარგად გაიწმინდოს კოვზი, ეპიდემიური დაავადების არსებობის შემთხვევაში კი ბავშვების სახლში დარჩენის რეკომენდაციას გასცემს. ეპიდემიური საფრთხისას ზიარების თავისებურებებზე საუბრობს ზრდასრულ ადამიანებთან მიმართებითაც: დაავადებული ადამიანები უნდა ეზიარონ ჯანსაღი ადამიანების შემდეგ. კოვზი კი საგანგებოდ უნდა გაიწმინოდს ყოველ ჯერზე. მისი აზრით ასეთ შემთხვევაში დასაშვებია ერთჯერადი პირსახოცების (ბაღდადების) გამოყენებაც, რომლებიც შემდეგ დაიწვება[xvii].

ბულგაკოვი დეტალურ სანიტარულ ინსტრუქციებს აძლევს სასულიერო პირებს გადამდებ დაავადებათა გავრცელების პირობებში, ავადმყოფებთან მისვლისა და მათი ზიარებისა თუ აღსარებისას აუცილებელი სამედიცინო ნორმების დაცვის შესახებ. ასევე ითხოვს, რომ ასეთი დაავადებით დასნეულებული ადამიანის ზიარების შემდეგ ის კოვზი და ჭურჭელი, რომლითაც ზიარება აღესრულა საგულდაგულოდ გაირეცხოს[xviii].

ყოველივე ზემოთ თქმულიდან ცხადი ხდება, ეკლესია თავისი სახარებისეული შეგნებით, ყოველთვის იდგა და დგას პიროვნების ღირსებისა და ადამიანის ჯანმრთელობის ავანგარდში, იქნება ეს მისი სოციალური მსახურება თუ ლიტურგიული ცხოვრება.

მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულება ამ სახარებისეული მცნებებისადმი, მისი ფართო გაგებით ლიტურგიული დამოკიდებულება სამყაროსადმი, გამოიხატება არა ცალკეული უპასუხისმგებლო განცხადებებითა და გადაწყვეტილებებით, არამედ კრებსითად, როგორც ეს კიდევ ერთხელ განცხადდა კრეტის წმინდა და დიდი კრების მამების მიერ:

„მართლმადიდებელი ეკლესია, სამყაროში თავისი მხსნელი მისიის აღსრულებისას, ზრუნავს გასაჭირში მყოფ ყველა პიროვნებაზე: მშივრებსა და ღარიბებზე, ავადმყოფებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონეებზე, მოხუცებზე, დევნილებზე, პატიმრებზე, უსახლკაროებზე, ობლებზე, ბუნებრივი კატასტროფების, კონფლიქტთა თუ ადამიანთა ტრეფიკინგისა და მონობის თანამედროვე ფორმების მსხვეპრლებზე“[xix].

 

მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე


[i] დაწვრილებით იხ. ლ. ებრალიძე, ტერმინისათვის „ლიტურგია“. 

[ii] იხ. კლიმენტი რომაელი, „პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ“, 41,1: ვ. ჯუღელი, მოციქულებრივ მამათა სწავლანი, თბილისი 2014, 56.

[iii] M. Rautman, Daily Life in the Byzantine Empire, London 2006, 300.

[iv] იხ. C. Mango, La civiltà bizantina, Roma-Bari 2004, 100-1001.

[v] P. Tyson, A short History of Quarantine.

[vi] იხ. W. Rosen, Justinian’s Flea: Plague, Empire, and the Birth of Europe, London 2007, 115.

[vii] იხ. იქვე, 114.

[viii] იხ. M. McKormick, “Toward a Molecular History of the Justinianic Pandemic”, in: Plague and the End of Antiquity. The Pandemic of 541–750, ed. L. k. Little, Cambridge 2006, 310-311.

[ix] A. J. Stoclet, “Consilia humana, ops divina, superstitio Seeking Succor and Solace in Times of Plague, with Particular Reference to Gaul in the Early Middle Ages”, in: Plague and the End of Antiquity, 145.

[x] იხ. G. M. “Lepers, Leprosi”, in: Encyclopaedic Dictionary Of Christian Antiquities, Vol. I, eds. W. Smith, S. Cheetham,  New Delhi 2005, 63.

[xi] იხ. T. S. Miller, J. W. Nesbitt, Walking Corpses: Leprosy in Byzantium and the Medieval West, Ithaca 2016, 106-110.

[xii] The letters of Saint Boniface, ed. E. Emerton, New York 1940, 55.

[xiii] იქვე, 161-162.

[xiv] იხ. დიდი სჯულისკანონი, რედ. ე. გაბიძაშვილი, თბილისი 1978, 383.

[xv] Νικοδήμου Αγιορείτου, Πηδάλιον, Θεσσαλονίκη 2003, 243, (1 სქოლიო).

[xvi] კონდაკი, მოსკოვი 1824, 350.

[xvii] იხ. С. В. Булгаков, Настольная книга для священно-церковнослужителей, Киев 1913, 1132 და 1139.

[xviii] იხ. იქვე, 1143 და 1148.

[xix] The Mission of the Orthodox Church in Today’s World, F:1.

ასევე იხილეთ: ლ. ებრალიძე, ზიარების მიღების ძველი ფორმები და თანამედროვე გამოვწვევები.

 

Print Friendly

Tags: , , , ,

Comments are closed.