ერთი სამყარო ადამიანთა და ცხოველთათვის

tumblr_nfk5njy5wu1rci2r3o1_1280ადამიანი არ არსებობს „თავისი“ სამყაროს გარეშე, ეს უკანასკნელი კი არსებობს ღვთიური ნებით, როგორც ადგილი, სახლი, სამყოფელი ადამიანისა, ცხოველებისა და ყველა ქმნილებისა.

მნიშვნელოვანია სწორედ გავიაზროთ ის ბიბლიური ზმნები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის მანდატს ქმნილებაზე და რომლებიც, როგორც წესი, ითარგმნებიან როგორც: „იუფლეთ მასზე; იბატონეთ ზღვაში თევზებზე, ცაში ფრინველებზე, და ყოველ ცოცხალ არსებაზე, რაც კი მიწაზე იძვრის“ (დაბ. 1:28). ადამიანი უნდა იყოს ნაყოფიერი, იბრძოლოს სიკვდილის წინააღმდეგ და განამტკიცოს სიცოცხლე, თავი დაიმკვიდროს და იცხოვროს დედამიწაზე, მაგრამ ეს „ავსეთ დედამიწა“ შეუძლებელია ნიშნავდეს მის გათელვას. გავიხსენოთ ისრაელიანების მიმართება აღთქმულ მიწასთან: მათ უნდა დაესახლებინა ეს მიწა, ეცხოვრათ მასთან სავსე ურთიერთობით, ანუ ჰქონოდათ საკუთრებაში, დაემუშავებინათ და დაეცვათ. სწორედ ეს არის ებრაული ზმნა kavash-ის მნიშვნელობა – არა იმდენად „დაუფლება“, რამდენადაც მიწის პატრონობა სასიყვარულო, ჰარმონიულ და მოწესრიგებულ ურთიერთობაში.

რაც შეეხება მეორე ზმნას, თარგმნილს როგორც „ბატონობა“, გავიხსენოთ, რომ radah ნიშნავს წინამძღვრობას, მწყემსვას, ისეთ ქმედებას, რომელიც სახასიათოა მეფისა და მწყემსისათვის, რომელიც მმართველობს და იცავს shalom-ს, სიმშვიდით სავსე ცხოვრებას.

ადამიანს არ აქვს ბოძებული ძალაუფლება რომელიც შევიწროებას, თავნებობას, შურისმაძიებლობასა და აბსოლუტურობას გულისხმობს, ისევე როგორც არ აქვს ნება მიწისა და ცხოველთა ხმარებისა. ადამიანი არის სამყაროს უფალი (შდრ. ფს. 8), მაგრამ იმდენად, რამდენადაც წარმომადგენელია ღმერთისა, რომელმაც როდესაც დაინახა, ის ყველაფერი, რაც შექმნა, თქვა: „ლამაზი და კეთილია“ (დაბ. 1:25). მაშასადამე, ადამიანი უნდა ინარჩუნებდეს და აძლიერებდეს ამ სიკეთეს (tov). ამიტომ არის, რომ ბიბლიურ თხრობაში, თავდაპირველად მას არ აქვს ნებართვა იკვებოს ცხოველებით: იგი უნდა გამოივებოს თესლის მთესველი მცენარეებითა და ნაყოფის მომცემი ხეებით, ბალახეული კი უნდა იყოს ცხოველთა საძოვრადა და საკვებად (იხ. დაბ. 1:29).

ადამიანისათვის არ შეიძლებოდა საკვებად გამოყენებული ყოფილიყვნენ არსებები, რომლებსაც გააჩნიათ nefesh [სამშვინველი], რადგან ღვთიურ შექმომედებით ნებაში სამყარო ცხოვრობს სიცოცხლის აბსოლუტურ პატივისცემაზე დაყრდნობით. აქ ისაზღვრება რაობა ღვთისაგან მოსურვებული სამყაროსი, სამყაროსი, რომელსაც წინასწარმეტყველები მოიგონებენ და აღწერენ, მესიანურად, უკანასკნელი ჟამის სიტყვებით, სადაც „იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. ძროხა და დათვი ერთად იბალახებენ, ერთად წამოწვება მათი ნაშიერი და ხარივით ჩალას შეჭამს ლომი. ჩვილი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუს მოსხლეტილი გველგესლას ბუდეში შეყოფს ხელს“ (ის. 11:6-8).

დიახ, ეს არის ღვთისაგან მოსურვებული სამყარო, როგორც ამას გვაუწყებს შესაქმის სამღვდელო თხრობა (დაბ. 1), მაგრამ ამჟამად ჩვენ ვაწყდებით რეალობას რომელშიც ცხოვრობს ტკივილი, ტანჯვა, სიკვდილი, სიბოროტე და ამ სოფელში, სადაც ცოდვა აღესრულება, ადამიანს ეძლევა ცხოველებით კვების ნებაც (დაბ. 9:3-4), მაგრამ ეს ნებართვაა და არა განზრახვა, რადგანაც ღვთიური télos-ი [სასრული] გამოთქმულია მის მიერ კაცობრიობისათვის მიცემულ ბრძანებაში: „გაძლევთ საკვებად მცენარეებსა და ხეებს“ (შდრ. დაბ. 1:29).

ამასთანავე, ადამიანის ეს შესაძლებლობა ცხოველით კვებისა ჩანს ყოველთვის აღიქმებოდა როგორც გარდამავალი შესაძლებლობა, რომელიც შეწონასწორებული უნდა ყოფილიყო სხვა ჟესტით: სისხლის ჭამის აკრძალვით (დაბ. 9:4), რაც მიანიშნებს, რომ ადამიანი არ არის პატრონი ცხოველური სიცოცხლისა. ეს ჟესტი შევა კიდეც რჯულში, იმ მიზნით, რომ შეგვახსენოს – ყასბობა არ ნიშნავს ადამიანის ცხოველებზე სრულ პატრონობას, არამედ პასუხისმგებლობას მათ სიცოცხლეზე (დაბ. 9:4; ლევ. 1:1…; საქ. 15:20).

სისხლისაგან ეს თავშეკავება, რომელსაც ებრალები დღემდე აღასრულებენ (kosher), სიმართლე რომ ითქვას, ქრისტიანებისთვისაც ჯერ კიდევ ქმედითი ვალდებულებაა, იერუსალიმის კრების გადაწყვეტილების თანახმად (საქ. 15:20). ამ ცნების დარღვევა კი მეტყველებს ქრისტიანთა კულტურის სიცოცხლის ყოველი ფორმისადმი, მათ შორის ცხოველთა სიცოცხლისადმი „სიყრუეზე“.

შეიძლება მოიძებნოს სხვა სიტყვებიც, რომლებიც გადმოსცემდნენ ცხოველთა შესახებ ღვთიურ უწყებას, მაგრამ აქ საკმარისია გავიხსენოთ ნოესთან დადებული აღთქმა, რომელიც ჯერ კიდევ ქმედითია, სამარადისოა: „და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად: ‘აჰა, აღთქმას ვდებ თქვენთან და თქვენს შთამომავლობასთან, ყოველ სულდგმულთან, რომელიც თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან და მიწის ყოველ მხეცთან, რომელიც თქვენთანაა, ყველასთან, ვინც კიდობნიდან გამოვიდა. აღთქმას გიდებთ, რომ ამიერიდან წარღვნის წყლებით არცერთი ხორციელი აღარ მოისპობა და წარღვნა აღარასოდეს მოხდება დედამიწის დასაღუპად’“ (დაბ. 9:8-11).

ამ აღთქმის ნიშს ჩვენ, ადამიანები და ცხოველები დღემდე ვხვდებით და დღემდე აღგვაფრთოვანებს, ყოველი ავდრის შემდეგ: „გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ მიწიერ ხორციელ არსებას შორის, რაც კი არის დედამიწაზე“ (დაბ. 9:16).

მიდრაშ Rabbà IX,4-ის თანახმად შესაქმის წინაშე ღმერთს წამოუძახია: „სამყაროვ ჩემო, სამყაროვ ჩემო, ნეტავ ყოველ ჟამს გეპოვნოს მადლი ჩემს თვალში, როგორც ამ ჟამს იპოვე მადლი ჩემს თვალში“. დიახ, ღვთიურ ჩანაფიქრში მიწაზე იყო ჰარმონია, მშვიდობა და სოლიდარობა თანა-ქმნილებათა შორის, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა, რაც ეწინააღმდეგება ამ ყოველივეს… რა თქმა უნდა, კვლავ რჩება ღვთიური სურვილი, მისი აღთქმა ადამიანთან და ყველა ცოცხალ არსებასთან, ფრინველებთან, შინაურ და გარეულ ცხოველებთან (შდრ. დაბ. 9:9-11), და ზეციერი მამა ამ აღთქმას კვლავ ადასტურებს, როგორც ისტორიის მიზანსა და télos-ს: „აღთქმას დავუდებ იმ დღეს მათთვის ველის ცხოველებს, ცის ფრინველებსა და მიწის ქვეწარმავლებს; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილსა და ომებს“ (ოს. 2:18).

ამ დღის მოლოდინში, სანამ ვხედავთ რომელიმე ცხოველის ტანჯვას, ჩვენი ძაღლის სიკვდილს, ფანჯრის რაფაზე შემომსხდარ ჩიტებს, რომლებიც მიირთმევენ ჩვენი პურის ნამცეცებს, უნდა ვირწმუნით, რომ ღმერთი ზრუნავს ცხოველებზეც (შდრ. მთ. 6:26; 1კორ. 9:9), რომ ღმერთს ებრალებიან ცხოველები, ნინევიაში მყოფნი, რომელიც ეს სოფელია (შდრ. იონ. 4:10-11), რომ ღმერთი აძლევს მათ საკვებს, თავ-თავის ჟამს (შდრ. ფს. 103:27-28).

ჩვენ, ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ შევიცნოთ ცხოველებში „თამაგზავრები“. ტობიას ბიბლიური სახე, რომელიც შორეულ გზას ადგება, ანგელოზისა და თავისი ძაღლის თანამგზავრობით (ტობ. 6:1; 11:3), ნამდვილად არის იგავი დედამიწაზე ჩვენი მოგზაურობისა, რა დროსაც არა მხოლოდ მფარველი ანგელოზები, ან სხვა ადამიანები (ეს უკანასნკლნელი არა ყოველთვის), ცხოველებიც გვიწევენ თანამგზავრობას. ცხოველები წარმოადგენენ მყოფობას, ხშირად და განსაკუთრებით კი ყველაზე უბრალოებისა და ღარიბებისთვის იქცევიან დახმარებადა და ნუგეშად. მახსენდება სულისშმეძვრელი ისტორია ღარიბისა, რომელსაც თავისი გაზრდილი პატარა ცხვრის გარდა არაფერი გააჩნდა: „კვებავდა და თავის შვილებთან ერთად ზრდიდა, მისი ლუკმიდან ჭამდა, მისი თასიდან სვამდა და მის უბეში ეძინა. საკუთარი ასულივით ჰყავდა“ (2მფ. 12:3). მდიდარმა კაცმა კი წაართვა ღარიბს ეს ცხვარს, რათა დაეკლა და თავის სტუმარს გამასპინძლებოდა. რა თქმა უნდა, საუბარია იგავზე, რომელსაც წინასწარმეტყველი სამუელი გამოიყენებს, რათა შეგნებინოს დავითს მის მიერ ურია ხეთელის წინაშე ჩადენილი საქციელის რაობა, მაგრამ ამის მიღმა გამოსჭვივის ახლობლობის უთქმელი ფაქტი ადამიანსა და ცხოველს შორის, რომელსაც მრავალნი, შესაძლოა ყველანიც განიცდიან, ყოველ დროსა და ყოველ ადგილას, რადგან ზუსტადაც, ცხოველი ადამიანის ერთ-ერთი თანამგზავრია.

ენცო ბიანკი

ნაწყვეტი წიგნიდან „ადამიანები და ცხოველები ეკლესიის მამათა ხედვაში“,

თარგმნა მღვდელ-მონაზონმა ლეონიდე ებრალიძემ

Print Friendly

Tags: , , , , ,

Comments are closed.