მარადიული კითხვები ( ქართული თარგმანი)

10/10/2017
By

მენ

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე მენი

1989 წლის 6 ნოემბერს მამა ალექსანდრე მენი რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის პირველ არხზე გამოვიდა. მან წარმოთქვა წინამდებარე ტექსტი, რისთვისაც დათმობილი ჰქონდა ათი წუთი. ამ მცირე დროში მას უნდა მოესწრო ყველაზე მთავრის და არსებითის თქმა, ოღონდ ისე, რომ ღმერთი არ უნდა ეხსენებინა. დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს, რომ, მართლაც, ტექსტში არსად არ არის ნახსენები სიტყვა „ღმერთი“, მაგრამ ერთი რამ ცხადია: იგი მთლიანად ღმერთს ეძღვნება. მასში ღვთის შემეცნების გზასა და ადამიანის უმეცრებაზეა საუბარი. (მთარგმნელი)

ბმულზე იხილეთ ჩანაწერი რუსულ ენაზე

მარადიული კითხვები… რა ხშირად ვივიწყებთ ჩვენ მათ! კარგა ხანია, რაც ამ კითხვებმა უკანა პლანზე, სადღაც შორს გადაინაცვლეს. სახეზეა უაზრო ფაციფუცი, სრბოლა, ხმაური, ცხოვრების მომშთობი ამაოება, ხოლო მარადიული კითხვები მაინც რჩება. და აი, როდესაც ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება და სული გვეხუთება – მაშინ, იმწუთას ღირს იმაზე დაფიქრება, რომ ათასეული წლების განმავლობაში სხვადასხვა კულტურისა და ცივილიზაციის ადამიანები თავს მარადიული კითხვების წინაშე აყენებდნენ. სამყაროში შემთხვევით არაფერი არ ხდება და ის ფაქტი, რომ ცხოვრების საზრისის, ცხოვრების მიზნისა და ადამიანის დანიშნულების შესახებ კითხვებს ვეძლევით, მოწმობს სულიერ ნიჭზე – იმ განსაცვიფრებელ და უჩვეულო უნარზე, რომელიც მხოლოდ ადამიანისთვისაა ნიშანდობლივი. ამასთან ერთად ჩვენ ბუნების ნაწილი ვართ, ვსუნთქავთ და ვიკვებებით მისით. ჩვენ მთლიანად, ბოლომდე მასში ვართ ჩაძირული! ასე რომ, ბუნებას თუნდაც წამით მოწყვეტილი ადამიანი იღუპება.
ამასთან ჩვენში დიდი საიდუმლო სუფევს, რომლის მსგავსი სამყაროში, ბუნებაში არსად არ არის. მას ჩვენ აღვნიშნავთ სიტყვებით „სული“ „სულიერება“. ადამიანს ეს თვისება არა მხოლოდ ცხოვრებისეული კეთილდღეობის მოსაპოვებლად აღძრავს, არამედ აგრეთვე მოუწოდებს მას ცხოოვრების დანიშნულებაზე დაფიქრებისა და მასში საზრისული სიღრმეების ძიებისაკენ.
ეს თვისება შესაძლებელია ან სიკეთისკენ, ან ბოროტებისკენ იყოს მიმართული. საკუთარი სავალი გზის არჩევანში ადამიანი თავისუფალია. აქ მახსენდება, რასაც ჯერ კიდევ უძრაობის წლებში ევტუშენკო წერდა: „საუკუნის წყევლა – ეს სიჩქარეა’’. ეს უბრალო, მაგრამ საკმაოდ ბრძნული, უნივერსალური სიტყვებია. მართლაც, ჩვენ საკუთარი არსების პერიფერიაზე ვიმყოფებით; ჩვენ ჩვენთვის შეუფერებელი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ცხოვრება, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ, არ არის ჩვენი ღირსი.
სოკრატემ თავის დროზე ადამიანთა ყურადღება მიაპყრო ძველი ტაძრის ფრონტონზე ამოტვიფრულ სიტყვებს: „შეიცან თავი შენი“. დღეს, XXI საუკუნის მიჯნაზე, როდესაც ჩვენ საზარელი სისხლიანი ომები, დედამიწის შემძვრელი შეტაკებები და ქარიშხლები გადავიტანეთ, როდესაც თითქმის მსოფლიო კატასრტოფის ზღურბლზე ვიმყოფებით, ნუთუ არ დადგა დრო ამ ყველაფერზე დაფიქრებისა? ნუთუ არ დადგა დრო, რომ სოკრატეს მიერ მონიშნული ეს მარადიული სიტყვები ვაქციოთ ჩვენი ცხოვრების ქვაკუთხედად? ვინ ხარ შენ, ადამიანო? რისთვის, რატომ არსებობ ამ ცოდვილ მიწაზე? – აი კითხვები, რომლებზეც დაფიქრება გვმართებს!
მოდით, მცირე ექსპერიმენტი ჩავატაროთ: დაე, ყოველი ჩვენგანი დღე-ღამის განმავლობაში თუნდაც ერთხელ, სულ რამდენიმე წუთით საკუთარ აზრებთან, საკუთარ ცხოვრებასთან და მარადიულობასთან პირისპირ, მარტოდმარტო დარჩეს. ჩვენ შევამჩნევთ, თუ როგორ შემოვა და აირეკლება ჩვენს სულში მარადიულობა. ეს არის ჩვენი სიღრმე, ამაშია ადამიანის სიდიადე; ეს არის ის, რაც ადამიანს დაანახვებს არა მარტო მისი ცხოვრების საზრისს, არამედ აგრეთვე დაეხმარება საკუთარი მისიის პოვნაში; დაეხმარება, რომ მოიპოვოს უმთავრესი – საკუთარი ბედნიერება.
ადამიანები ხშირად უფიქრდებიან კითხვას: რა არის ბედნიერება? მაგრამ არც მატერიალურ კეთილდღეობას, არც კომფორტს და არც მშვიდ, უზრუნველ ცხოვრებას არ ძალუძს ადამიანის კმაყოფა. გავიხსენოთ ფაუსტი! ყველაფერი მიიღო მან დემონისაგან, რომელიც ცხოვრებისეულ ყველა სიამეს დაჰპირდა მას, მაგრამ ფაუსტი მზად არ იყო საბედისწერო სიტყვების – „შეჩერდი, წამო!“ – წარმოსათქმელად. რატომ? – იმიტომ რომ საბოლოო ჯამში სულიერების პატრონი – ადამიანი – არასოდეს არ დასჯერდება დროებითს, წარმავალს, მხოლოდ ეფემერულს.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანის სხეული მაშინაა ჯანმრთელი, როდესაც იგი ნორმალურ მდგომარეობაშია, ბუნებრივ ჰარმონიაში იმყოფება ბუნებასთან: როდესაც ფილტვები სუფთა ჰაერით სუნთქავს, როდესაც ნორმალური საკვები გვაქვს, როდესაც გამოძინებულნი ვართ. ეს არის ჩვენი კავშირი ბუნებასთან, გარე სამყაროსთან, იმასთან, რაც ჩვენ გარშემოა. თუკი ეს ასე არ არის, მაშინ ძნელბედობის ჟამი დგება – შიმშილი და ბევრი სხვა რამ, მაგრამ იმაზე რატომ არ ვფიქრობთ, თუ როგორ შიმშილობს ჩვენი სული? რითი ვასაზრდოებთ ჩვენ მას? არადა, ის არანაკლებ საზრდოს მოითხოვს, ვიდრე სხეული. დღეს ადამიანისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამოცანაა ჭეშმარიტად უზენაესი საზრდოს – მარადიული პურის მოპოვება, რომელიც იქნება არა ჩვენი სხეულის, არამედ გულის საზრდო. ისინი, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეიძლება თავდაპირველად მატერიალური პრობლემების მოგვარება, მხოლოდ ამის შემდეგ კი სულიერისა, ფაქტობრივად ადამიანს შუაზე ხლეჩენ; მათ ავიწყდებათ, რომ ჩვენში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. შინაგანი ფარმონიის მქონე ადამიანი სხვაგვარად მოქმედებს, ის ადამიანებთან ურთიერთობაშიც სხვაგვარია და ეს ყოველივე მასში მთელი მისი არსებობის მანძილზე აისახება.
ამგვარად, ჩვენს ცხოვრებაში ძნელია ყველაფრისაგან იზოლირება. ვეხებით რა მარადიულ კითხვებს, მივდივართ რა მათთან ყოველგვარი ზედაპირული განსჯის გარეშე, ჩვენ, ირონიულად მოამბე ზოგიერთი ადამიანისგან განსხვავებით, არ მივიჩნევთ, რომ ეს კითხვები ფუჭი გონების – „ფილოსოფოსების“ ხვედრია მხოლოდ. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის სულის საზრდო, პური, რომელიც ჩვენი წილია. სულიერება ის სფეროა, სადაც რწმენა, სიყვარული და მშვენიერების წვდომა იბადება. საზრისის ძიებისას უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენ მრავალ გზას გვთავაზობენ უძველესი სულიერი ტრადიციები, რომლებზეც ათასწლეულობით დგას და ვითარდება ადამიანური კულტურა. ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, ეს სახარებისეული გზაა; ესაა უნივერსალური გზა. იგი თეთრი ფერის მსგავსად, რომელიც ცისარტყელას ყველა ფერს მოიცავს, თავის თავში აერთიანებს ყველას და ყველაფერს. მე მგონია, ჩვენს დროში, როდესაც ადამიანები უფსრკულის პირას აღმოჩნდნენ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), მათ უნდა გააცნობიერონ, რომ უკვე კარგა ხანია, რაც გზასაცდენილები არიან. აი, მაშინ კი ისინი უეჭველად მობრუნდებიან და დაინახავენ, რომ კაცობრიობის წიაღში დიდი საუნჯე ინახება, რომელიც ჩვენ უგულებელვყავით და აბუჩად ავიგდეთ.
რომელ ჩვენგანს არ სურს ბედნიერება? ეს ყველა ადამიანს უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს ის, რაც ერთ ძველ ბრძენს უთქვამს: ბედნიერება საბოლოო ჯამში დამოკიდებულია არა იმაზე, რაც ჩვენ გარეთაა, არამედ იმაზე, რაც ჩვენშია. ასე რომ, დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვლამობდით შეგვეცვალა და გაგვეუმჯობესებინა ის, რაც ჩვენ გარეთაა, ამიტომ, ვფიქრობ, დღეს უკვე ჩვენ უნდა მივუბრუნდეთ ადამიანის გულისგულს – იმას, რაც ბუნებრივ, მატერიალურ სამყაროზე აღგვამაღლებს, რასაც ძალუძს ჩვენი ზეასვლა იმისაკენ, რაც ნამდვილი ადამიანური კულტურის ძარღვს, ჭეშმარიტ ადამიანურ სულიერებას შეადგენს და რომელიც მარადიულობის სახით ბუნებრივ სამყაროზე აღმატებულია.

1989 წლის 6 ნოემბერი.

თარგმნა კახა ქეცბაიამ.

გამომცემლობა „მერიდიანი“ თბილისი 2013 წ.

ტექსტის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით ოთარ მუშკუდიანს

წყარო

Print Friendly

Comments are closed.