მჭამელი – არამჭამელი: კიდევ ერთხელ მარხვის შესახებ

29/03/2017
By

 

tabgha_loaves-fishes-mosaic_fjenkins040208_168tავტორი: იეროდიაკონი ლეონიდე ებრალიძე

რომის წმ. პანტელეიმონის რუმინული მართლმადიდებლური სამრევლოს დიდი მარხვის საკვირაო-სამრევლო კატეხიზაციის სერიის შესავალი

თითქმის ბანალურად იქცა ფორმებში ჩაკეტილ ქრისტიანობაზე საუბარი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ქრისტიანები დაავადებულნი არიან რიტუალიზმით, ანუ ფორმათა გაარსებით. ერთის მხრივ მართალია, რომ თუ ფორმებს სრულიად გავაქრობთ, ხელიდან გამოგვეცლება, ადამიანური აღქმისათვის მიუწვდომელი გახდება არსიც, მაგრამ მეორეს მხრივ გვავიწყდება, რომ თუ თავად ფორმებს აღვიქვამთ არსად, მაინც ვკარგავთ მას. ფორმათა გაარსების პრობლემას ხშირად საღვთისმეტყველო წრეებში ფორმათა საკრალიზაციის სახელითაც მოიხსენებენ, მაგრამ ფორმათა საკრალიზაცია ლიტურგიის ნორმალური დინამიკაა, მაშინ, როდესაც რეფორმატიზმის ნამდვილი საფრთხე არა ფორმათა ცვალებადობაში, არამედ ფორმათა დესაკრალიზაციაში მდგომარეობს, რამდენადაც ნებისმიერი ფორმა, რომელიც არის საღმრთო მისტერიის სამსახურში და ცდილობს ადამიანისათვის ის რაც შეიძლება აღქმადი და შესაბამისად წვდომადი გახადოს, უნდა იყოს კიდეც Sacer (ἱερός) – საკრალური, წმინდა.

ფორმათა გაარსების ფენომენისათვის ალბათ ყველაზე უპრიანი ტერმინია  ლიტურგიზმი რამდენადაც იგი (ფორმა) ქვეცნობიერად იქცევა იდეოლოგიად და იკავებს ცოცხალი რწმენის ადგილს, ანუ ყალიბდება რელიგიად, კარგავს რა ინსტრუმენტის ფუნქციას, ხდება რწმენის ობიექტი.

XX საუკუნის დასაწყისში, ათონის მთაზე, რუსულ მონასტერში გაჩნდა სწავლება “სახელღმერთობისა”, რომლის მიმდევრებსაც მიაჩნდათ, რომ ღმერთის სახელი არის კიდეც ღმერთი, რაც ნიშნავს ჩაკეტო საღმრთო არსება ადამიანური მეტყველებისა თუ კალიგრაფიის ფორმებში. დაახლოებით ასეთი გაუკუღმართება გვხდება ქვეცნობიერი, არადოქტრინალური “ლიტურგიული ფორმაღმერთობის” სახით და არც არის გასაკვირი, რომ ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით მძაფრდება იმ პუნქტებში, სადაც ლიტურგია ასკეზას ეხება, რამდენადაც თითქმის ათასწლეულზე მეტია, მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგია მონასტრული ასკეზის უღელქვეშ ცხოვრობს. ასკეზისა და ლიტურგიის შეხების წერტილთაგან უპირველესი მარხვაა, რომელმაც ბიზანტიური ლიტურგიული კალენდრის მქონე ეკლესიებში მეორე ათასწლეულში დაასრულა ფორმაცია და დღემდე პრეტენდირებს დროსა და სივრცეზე თავის აღმატებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანობის სახელოვანი მამები პირველ ათასწლეულში გაცილებით “მოდერნულები” ან “ელასტიურები” იყვნენ, ვიდრე შემდეგი ათასწლეულისანი. რა თქმა უნდა “მოდერნულობაში”  ვგულისხმობთ იმ ფაქტს, რომ ეკლესია არ უბიძგებდა სამრევლოებს ეცხოვრათ მონასტრული ტიპიკონებით, და არ უარყოფდა სივრცის, დროის, კულტურისა თუ ცივილიზაციის გამოწვევებს, რომლებიც, ცხადია, სხვადასხვა საეკლესიო საზოგადოებებში ცვალებადობდნენ.

მეორეს მხრივ, თუ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი მორწმუნე საზოგადოება ფორმათა ტყვეობაშია, მაშინვე ჩნდება საეკლესიო რომანტიზმის საფრთხე: “უწინ ხომ ასე არ იყო, დღევანდელი ქრისტიანები კი როგორ დავბეჩავდით?!” – პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში სწორედ ჩვენთვის საინტერესო საკითხს ეხება: “ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ ჭამს; და ვინც არ ჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს”(რომ. 14:3). მოციქული მარხვის ამ კანონს, რომელსაც შემდეგ ქრისტიანები ხშირად ივიწყებდნენ, უმიზეზოდ არ ადგენს – რადგან პავლე მოციქული საკითხს ეხება, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენნაირი ქრისტიანები, რომელნიც ფორმებს პიროვნებებზე მაღლა აყენებდნენ,  იმ ეპოქაშიც არსებობდნენ, მაგრამ არსებობდნენ ჩვენზე უკეთესნიც, რომელნიც ხშირად განსაზღვრავდნენ კიდეც ღვთის კრებულის პოზიციას.

მარხვის საკითხი დასაწყისიდანვე აშფოთებდა ეკლესიას, რამდენადაც ლიტურგიზმის ფენომენს ახასიათებს სწრაფვა უნივერსალიზმისაკენ – ფორმათა გაარსება იმას ნიშნავს, რომ ჩემთან მიღებული, ჩემს კულტურულ თვალსაწიერში აპრობირებული ფორმა იქცევა ერთადერთ ჭეშმარიტებად, რადგანაც ის უკვე აღარ არის არსისათვის ფორმა, არამედ პრეტენდირებს თავად არსობაზე. ამ პერსპექტივაში იკითხება პირველი ეკლესიის ცნობილი კონფლიქტიც, II საუკუნის მიწურულს, რომის ეკლესიასა და მცირე აზიის ეკლესიათა შორის აღდგომის თარიღთან დაკავშირებით. კონფლიქტის პროტაგონისტებს, პაპ ვიქტორსა და პოლიკარტე ეფესელს შორის მშვიდობის აღსადგენად აღძრული წმ. ირინეოს ლიონელი მოუწოდებს პაპ ვიქტორს არ განკვეთოს ერთობიდან აზიის დიოცეზები და  შეახსენებს ეკლესიის პლურიკულტურალურ, პლურიტრადიციულ პროფილს: “რადგან არა მხოლოდ დღეების შესახებ არის უთანხმოება, არამედ თვით მარხვის წესის შესახებ. რადგან ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მათ ერთი დღე უნდა იმარხულონ, ზოგიერთები კი – ორი, ზოგი კი – მრავალი, ზოგიერთები კი მათ დღეს დღისა და ღამის ორმოცი საათით ანგარიშობენ. მარხვის დამცველთა ასეთი სიჭრელე ახლა არ წარმოქმნილა, არამედ ჩვენამდე დიდი ხნის წინათ, როდესაც, როგორც ჩანს, სიზუსტის დაუცველობით მარტივი და ლიტონი ჩვეულება ეპყრათ მომავალი თაობებისთვის გადასაცემად. და ყველა ისინი არანაკლებ მშვიდობაში ცხოვრობდნენ და ახლაც მშვიდობით ვცხოვრობთ ერთმანეთთან, მარხვაში უთანხმოება სარწმუნოების ერთსულოვნებას შეამტკიცებს” (Eusebius, Historia Ecclesiastica, V.24:12-13).

მართლმადიდებელ ეკლესიაში მარხვის პრობლემის მოგვარების ბოლო მცდელობას წარმოადგენს კრეტის კრების დოკუმენტი “მარხვის მნიშვნელობა და მისი დაცვა დღეს”, რომელიც თავდაპირველი პროექტის დეგრადაციას წარმოადგენს, ყველაზე ნაკლებად განხილვადი დოკუმენტია საეკლესიო წრეებში და შესაბამისად ყველაზე ნაკლებად მომზადებულიც. არადა, კრეტის კრების დოკუმენტთაგან იმ თითზე ჩამოსათვლელ საკითხებში, რომელნიც რეალურად ეხებიან თანამედროვე ქრისტიანის ცხოვრებისეულ გამოწვევებს, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მარხვაა, მაგრამ როგორც ჩანს,  კრების მამათა ნაწილი აღმოჩნდა ლიტურგიზმის ტყვეობაში, მეორე ნაწილმა კი ვერ გაბედა ფორმათა გაარსების წინააღმდეგ გალაშქრება, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ლიტურგიზმის ფენომენში ნებისმიერი შეხება ფორმასთან, აღიქმება არსზე შეხებად.

მიუხედავად იმისა, რომ კრეტის კრების დასახელებული დოკუმენტი უშვებს, რომ ადგილობრივმა ეპისკოპოსმა (პარაგარაფი 7) ან ადგილობრივმა ეკლესიამ (პარაგრაფი 8) ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე მოახდინოს მარხვათა იკონომირება, ის არ იძლევა ეკლესიის სამარხვო პრაქტიკაში რაიმე პლურალიზმის საშუალებას, რადგან მეორე ათსაწლეულის ბიზანტიურისაგან ნებისმიერი განსხვავებული პრაქტიკა, დაცული სხვა ადგილობრივ ეკლესიაში წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ იკონომირებულ აქტს და არა ადგილობრივ, ლეგიტიმურ ტრადიციას. ამრიგად ვდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომელსაც  ეკლესია გაურბოდა პირველი ათასწლეულის მანძილზე: მონოკულტურული აღქმა სხვადასხვა დროისა და სივრცის ტრადიციებთან დამოკიდებულებაში.

ის, რომ ნებისმიერი ადგილობრივი საკლესიო თემი უფლებამოსილია იქონიოს საკუთარი პრაქტიკა და ეს პრაქტიკა სხვა ყველასთან მიმართებაში იყოს ლეგიტიმური, თვინიერ ირინეოს ლიონელის მიერ მიღწეული შეთანხმებისა, შესანისნავად აქვს გადმოცემული ნეტარ ავგუსტინესაც: “როგორც ზემოთაც ვთქვი, სახარებასა და მოციქულთა ნაწერებში, რომელნიც წარმოადგენენ ახალი აღთქმის ნაწილს, არ არის გაწერილი თუ ზუსტად რომელ დღეებში ეგების მარხვა, რამდენადაც ეს პრაქტიკაც ჰპოვებს თავის ადგილს მეფის ასულის, ანუ ეკლესიის ფერადი სამოსლის მრავალსახეობაში, როგორც სხვა უამრავი [ტრადიცია, პრაქტიკა], რომელთა რიცხოვნების გამო ჩამოთვლა შეუძლებელია. ამიტომაც მსურს მოგითხრო, მილანის ეპისკოპოსის, უღირსეულესი ამბროსის, რომლის მიერაც მოვინათლე, პასუხი ჩემს მიმართ, როდესაც მას მივმართე ამ შეკითხვით[…] დედაჩემი შეწუხებული იყო და არ იცოდა, უნდა ემარხულა შაბათ დღეს, როგორც ჩვენს ქალაქშია მიღებული, თუ უნდა ეჭამა, როგორც მილანის ეკლესიაშია მიღებული, მისი მწუხარების გამო მივმართე ხსენებულ ღვთის კაცს, რომელმაც მომიგო: ‘რა შემიძლია ვასწავლო სხვებს, იმაზე მეტი, რასაც მე თავად ვიქმ? […] როდესაც ვარ აქ [მილანში], შაბათობით არ ვმარხულობ, ხოლო როდესაც ვარ რომში, შაბათობით ვმარხულობ. რომელ ეკლესიაშიც არ უნდა იყოთ, დაიცავით ადგილობრივი წესი, რომ არ იქცეთ დაბრკოლების მიზეზად” (Augustinus Hipponensis, Epistola 36, 14:32).

ტრადიციათა ლეგიტიმიზაციის პრობლემის ლოგიკური გაგრძელებაა მარხვის პასტორალური ასპექტი. ობიექტურად მრავალ ოჯახს არ შეუძლია იმარხულოს, რის გამოც თავს გარიყულად გრძნობს საეკლესიო საზოგადოებისგან და წყვეტს ეკლესიის საკრამენტალურ მონაწილეობას, იმის შეგნებით, რომ უმარხულობა მათ სძენს უღირსებას, იყვნენ საეკლესიო საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ამძაფრებს მოძღვართა მხრიდან დაწესებული უფრო მორალისტური, ვიდრე მორალური მოთხოვნები… ასე აღმოვჩნდით ფაქტის წინაშე: ჩვენ არ დავდივართ წირვაზე, რადგან ვერ ვმარხულობთ, აბა მარხვის გარეშე წირვაზე სიარულს რა აზრის აქვს? (აღარ ვსაუბრობთ ზიარების აკრძალვაზე).

სახეზე გვყავს არა ცალკეული პიროვნებები, არამედ მთელი რიგი ოჯახებისა, რომელნიც კრებულიდან თავს გარიყულად გრძნობენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ ძალუძთ იმარხულონ. მაგრამ რეალურად გარიყვის მიზეზი არის ლიტურგიზმით შეპყრობილი საზოგადოება, მოძღვრებიც და მრევლიც, რომელთაც არ ძალუძთ მთელი სისავსით გაიაზრონ, რას ნიშნავს პავლე მოციქულის სიტყვები არც მჭამელი და არც არამჭამელი – ისე როგორც იაზრებდა ამას ეკლესია მაშინ, როდესაც პლურიკულტურულ გარემოში ფორმები ვერ ახერხებდნენ არსის ფუნქციის ოკუპაციას, IV საუკუნის ცნობილი პელეგრინის, ეგერიას მოწმობის თანახმად, რომელმაც იერუსალიმის ეკლესიის ცხოვრების შესახებ უძვირფასესი ცნობები გვისახსოვრა: “ცხადია, ადგილობრივი ჩვევის თანახმად, ყველა მიძღვნილი – როგორც მათ აქ ეძახიან – ქალებიც და კაცებიც, არა მხოლოდ მარხვის პერიოდში, არამედ მთელი წლის მანძილზეც ჭამენ მხოლოდ დღეში ერთხელ. თუკი ვინმეა ისეთი, ვისაც არ ძალუძს მარხვა მთელი კვირის განმავლობაში ორმოცეულის მანძილზე, იმ წესით რომელიც აღვწერეთ, შუა კვირაში, ხუთშაბათობით ტეხს მარხვას. ვისაც ესეც არ შეუძლია მარხულობს ორ-ორი დღით ორმოცეულის მანძილზე, ხოლო ვისაც არც ეს ხელეწიფება, ჭამს ყოველ საღამოს. არავინ მოითხოვს იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს, არამედ თითოეული აკეთებს თავისი ძალის მიხედვით. არავინ არის ქებული მათგან, ვინც აკეთებს და არავინ არის დამცირებული მათგან, ვინც არ აკეთებს” (Itinerarium Egeriae, 28:3-4).

იმის შესახებ, თუ როგორ ჩნდებოდა ლიტურგიზმის საცდური და როგორ უკუაგდებდნენ მას ქრისტიანულ კულტურათა ფორმაციის სათავეებთან მყოფნი, დაუსრულებელი მაგალითების მოყვანა შეიძლება, მაგრამ ნებისმიერი მაგალითი ისტორიულ ფაქტად რჩება, თუ მის კონტექსტუალიზაციას არ ვახდენთ, თუ ისტორიული გამოცდილება არ ხდება საფუძველი დღევანდელი პრობლემების სწორედ აღსაქმელად, გაარსებულ ფორმათა ტყვეობიდან დასახსნელად.

რანდენადაც შეზღუდულნი ვართ გავაღრმავოთ ჩვენი საუბარი, ერთადერთი ლეგიტიმური რამ, რაც დღეს ერთად შეგვიძლია გავაკეთოთ, შეკითხვის დასმაა: მზად ვართ არამჭამელებმა არ შევჭამოთ მჭამელები? – შეკითხვა, რომელიც რიტორიკული ფორმით ბრუნდება არ ეხება მხოლოდ მარხვას, ეხება გაარსებულ ფორმათა  უხეშ და უნაყოფო არსებობასთან ეკლესიის ელასტიური გამოცდილების კონტრასტს, ქრისტიანთა ცხოვრების ნებისმიერ განზომილებაში. ანუ ჩვენ, ქრისტიანებს კვლავაც შეგვიძლია გამუდმებით განახლებადი გამოწვევების წინაშე განვახორციელოთ ქრისტეს მანდატი, არ დავახშოთ ეკლესიის მისია და პიროვნებებს არ ვანაცვალოთ ფორმები?

Print Friendly

Comments are closed.