ჩემი მრწამსი

11/09/2017
By

n70n-s24დეკანოზი ალექსანდრე მენი

თქვენ მთხოვეთ, ჩამოგიყალიბოთ ჩემი მრწამსი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ქრისტიანისა და, რაღა თქმა უნდა, თითოეული მღვდლის მრწამსი სარწმუნოების სიმბოლოშია გამოთქმული, თქვენი შეკითხვა მაინც სრულიად კანონზომიერია, რადგანაც ქრისტიანობა ამოუწურავია. ჯერ კიდევ მოციქულთა ეპიქაში ჩვენს წინაშეა ქრისტიანობის ურთიერთშემავსებელი ტიპების მთელი სპექტრი. მაშ, ასე: მოკლედ რომ ვთქვათ, მე ვაღიარებ ქრისტიანობას, როგორც დინამიურ ძალას, რომელიც სიცოცხლის ყველა სფეროს მოიცავს და ღიაა ყოველივე იმისათვის, რაც ღმერთმა ადამიანსა და ბუნებაში შექმნა. მას იმდენად ოცი საუკუნის მანძილზე არსებულ რელიგიად კი არ აღვიქვამ, რამდენადაც მომავლისაკენ მისწრაფულ გზად.

– ქრისტიანული რწმენის დვრიტაა ქრისტე, მისით ზომავს და აფასებს ნებისმიერ მოვლენას (გამოცხ., 1:8).

– ქრისტიანობამ იცის, რომ ღვთის განკაცება არ ყოფილა ცალმხრივი ღვთიური აქტი: ეს იყო მოწოდება ადამიანებისადმი, ღვთიურ სიყვარულს თავიანთი სიყვარული შეაგებონ (გამოცხ., 3:20).

– ის შეიცნობს ქრისტეს მონაწილეობასა და ქმედებას ეკლესიასა და ზოგადად, ცხოვრებაში, მის ყველაზე უბრალო, ყოველდღიურ მოვლენებშიც კი (იხ. უფლის იგავები, კერძოდ: მათე 6:28-29).

– მან იცის, რომ პიროვნების ღირსება, სიცოცხლისა და შემოქმედების ფასეულობა იმითაა გამართლებული, რომ ადამიანი ღვთის ქმნილებაა (ფს., 8).

– რწმენაში ხედავს არა თეორიულ მოსაზრებას, არამედ ღვთისადმი ნდობას (რომ.,4:3).

– არ ითხოვს თვალშისაცემ ნიშნებს (მარკ., 8:11-12), რადგანაც ახსოვს, რომ თავად შესაქმეა უდიდესი სასწაული (ფს., 18:2).

– ისმენს უფლის სიტყვას, აღბეჭდილს წმინდა წერილში, მაგრამ სიფრთხილით ეპყრობა თითოეულ სტრიქონსა და სიტყვასიტყვით არ განმარტავს მის აზრს, განსაკუთრებით – ძველ აღთქმაში (რომ., 7:6).

– სწამს, რომ ორივე აღთქმაში ერთი და იგივე ღმერთი გვეცხადება, მაგრამ გვეცხადება თანდათანობით, ადამიანის ცნობიერების განვითარების დონის შესაბამისად (ებრ., 1:1).

– ავლებს ზღვარს წმინდა გადმოცემას (რწმენისა და სწავლების ჭეშმარიტ სულს) და სხვადასხვა „გადმოცემებს“ შორის, რადგან ეს უკანასკნელნი მეტწილად რელიგიური ცხოვრების თანმხლები ფოლკლორული და დროებითი დაშრევებებია (მარკ, 7:8; კოლ., 2:8).

– სწამს, რომ ეკლესია ქრისტეს ძალით ცოცხლობს და საზრდოობს (მათ, 16:18, 28:20).

– სწამს, რომ ქრისტე თავს იჩენს სეკლესიო საიდუმლოებებში, ეკლესიის მიერ სამყაროს კურთხევაში, საეკლესიო სწავლებასა და მსახურებაში (კორ., 11:26; მათ, 18:20; რომ., 6:11; მათ, 18:18; ლიკ, 10:16). ამავე დროს იცის, რომ ეკლესიური ცხოვრების არცერთი სფერო არ არის თვითკმარი, რადგანაც ქრისტე მხსნელადაც მოგვევლინა, მკურნალადაც და მოძღვრადაც.

– პატივს მიაგებს ღვთისმსმოსაობის რიტუალურ ფორმებს, თუმცა წუთითაც არ ივიწყებს, რომ ისინი ღვთისა და ადამიანების სიყვარულის გვერდით მეორეხარისხოვანია (მათ., 23:23-24; მარკ., 12:28-31).

– ესმის ეკლესიის შიგნით იერარქიული და კანონიკური პრინციპის აუცილებლობა, ხედავს რა მათში ისეთი ქმედითი ორგანიზმის სტრუქტურის თვისებებს, რომელიც დედამიწაზე თავის პრაქტიკულ მოწოდებას აღასრულებს (1კორ., 11:27-30).

– იცის, რომ ღვთისმსახურების კანონიკური წესები საუკუნეთა მანძილზე იცვლიდა სახეს, არც მომავალში შეძლებს აბსოლუტურად უცვლელად დარჩენას და არც უნდა დარჩეს უცვლელი (იოანე, 3:8; 2 კორ., 3:6,17). იგივე შეიძლება ითქვას რწმენის საფუძვლების ღვთისმეტყველურ განმარტებებზე, რომელმაც ხანგრძლივი ისტორია განვლო და გაშლისა და გაღრმავების ფაზები გამოიარა (ეკლესიის მამებისა და საეკლესიო კრებების მიერ ასე მკვიდრდებოდა ახალი ცნებები, რომლებიც წმინდა წერილში არ გვხვდება).

– ის არ უფრთხის ეკლესიის წარსულის კრიტიკულად შეფასებას და ამით ძველი აღთქმის მოძღვართა და წმინდა მამათა მაგალითს მისდევს.

– წარსულისა (და თანამედროვეობის) ქრისტიანობის ყველა არაადამიანურ ექსცესს – ერეტიკოსთა დასჯას და ა.შ. – განიხილავს, როგორც სახარებისეული სულისკვეთების ღალატს და ეკლესიისაგან ფაქტობრივ განდგომას (ლუკა, 9:51-55).

– იცის, რომ ქრისტეს მოწინააღმდეგენი (უზნეო მმართველი, ძალაუფლებისმოყვარული მღვდელთმთავარი, ძველ ადათთა დამცველი ფანატიკოსი) მხოლოდ სახარებისეულ ეპოქას როდი ეკუთვნიან, არამედ განსხვავებული სახით ჩნდებიან ნებისმიერ დროში (მათე, 16:6).

– ერიდება ავტორიტარიზმსა და პატერნალიზმს, რომელთაც ფესვი რწმენის სულისკვეთებაში კი არა – ადამიანის დაცემული ბუნების თვისებებში უდგას (მათე, 20:25-27; 23:8-12).

– აღიარებს თავისუფლებას, როგორც სულის ერთ-ერთ უმნიშველოვანეს კანონს, და ცოდვას მონობის ერთგვარ მონობად მიიჩნევს (2 კორ., 3:17; იოან, 8:32; რომ., 6:17).

– სწამს, რომ ადამიანი შეიძლება საკუთარი ძალისხმევის ფასად ეზიაროს ღვთის სულს, მაგრამ რათა ეს ზიარება აღტკინებული ეგზალტაციისაგან („ცდუნებისაგან“) იქნას გამიჯნული, „სულისმიერი ნაყოფით“ განსჯის მას (გალ.,5:11).

– მოციქულ პავლეს მსგავსად, ადამიანის სხეულს სულის ტაძრად მიიჩნევს (1 კორ., 6:19), თუმცა ხედავს ბუნების დაცემით გამოწვეულ ამ ტაძრის არასრულყოფილებას; აღიარებს მასზე ზრუნვის აუცილებლობას (1 ტიმ., 5:13), თუკი ის არ გადადის „ხორცის კულტში“.

– საეკლესიო კრებათა დადგენილების თანახმად ქორწინებასა და ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას „თანაბრად საპატიოდ“ მიიჩნებს, თუკი ბერად აღკვეცა პატივმოყვარეობით ან სხვა ცოდვის მოტივით არ არის ნაკარნახები.

– უარს ამბობს, ახსნას ადამიანში არსებული ბოროტება მხოლოდ და მხოლოდ მისი ნაკულოვანებითა და „ცხოველური ბუნების გადმონაშთებით“ და სწამს მეტაფიზიკური ბოროტების არსებობისა (იოანე, 8:44).

– ქრისტიანთა გაყოფას განიცდის, როგორც საერთო ცოდვისა და ქრისტეს ნების დარღვევას (იოანე, 10:16) და სწამს, რომ მომავალში ეს ცოდვა დაძლეულ იქნება არა თვითგანდიდებით, ქედმაღლობითა და სიძულვილით, არამედ ძმური სიყვარულის სულისკვეთებით, რომლის გარეშეცქრისტიანთა ჭეშმარიტი მოწოდება ვერ განხორციელდება (მათე, 5:23-24).

– გახსნილია ყოველივე ფასეულის მისაღებად, რასაც შეიცავს ქრისტიანული კონფესიები და არაქრისტიანული სარწმუნოებები (იოანე, 3:8; 4:23-24).

– არასოდეს უარყოფს სიკეთეს, თუნდაც ის არარელიგიური ადამიანებისაგან მოდიოდეს, და, მეორე მხრივ, უარყოფს ძალადობას, დიქტატს, სიძულვილს, მაშინაც კი, როდესაც მას ქრისტიანობის ნიღაბი აქვთ ჩამოფარებული (მათე, 7:23; მარკ., 9:40; მათე, 21:28-31).

– ყოველივე მშვენიერს, შემოქმედებითს, კეთილს ღვთის მიერ ნაბოძებ მოვლენად, ქრისტეს მადლის გამოხატულებად მიიჩნევს.

– თვლის, რომ, თუკი არსებობის ამა თუ იმ სფეროს ცოდვის სენი აქვს შეყრილი, ეს მაინც არ გვაძლევს მისი საბოლოოდ უარყოფის საბაბს. პირიქით: ბრძოლა ღვთის სასუფევლის დასამკვიდრებლად მიწიერი ცხოვრების შუაგულში უნდა მიმდინარეობდეს.

– ქრისტიანობა „ასკეტურია“ არა იმდენად ამქვეყნიურობისაგან გაქცევის ტენტენციით, რამდენადაც თავგანწირვის სულისკვეთებით, „ხორციელ მონობასთან“ ბრძოლით, მარადიულ ფასეულობათა უპირატესობის აღიარებით (მათე, 16:24).

– მიაჩნია, რომ ადამიანის ქრისტიანული მოწოდების განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერი ქმედებით: ლოცვით, შრომით, შენებით, მსახურებითა და ზნეობრივი დისციპლინით.

– სწამს ადამიანური სიყვარულის სიწმინდისა, თუკი ეს სიყვარული განუყოფელია პასუხისმგებლობის შეგრძნებისაგან. სწამს, რომ ოჯახი და ქორწინება წმინდაა (დაბ.,1:18-23-24; მათე,19:5).

– ბუნებრივად მიაჩნია სამშობლოსა და მშობლიური კულტურისადმი სიყვარული, თუმცა ეროვნულს არასოდეს აყენებს სულიერზე მაღლა (ებრ., 13:14; გალ., 3:28; კოლ., 3:11).

– აფასებს ეკლესიათა ეროვნულ სახეებს, როგორც ადამიანური სულის კონკრეტულ, ინდივიდუალურ ხორცშესხმასა და ღვთიურ-ადამიანური საიდუმლოების გამოვლინებას. თუმცა ეს თავისი მნიშვნელობით ვერასოდეს გადაწონის ეკლესიის მსოფლიო ხასიათს.

– ეკლესიის მრავალსაუკუნოვან კულტურულ შემოქმედებას შეცდომად კი არ მიიჩნევს, არამედ აღიქვამს მას, როგორც ღვთის მიერ მომადლებული ნიჭის რეალიზაციას.

– გონებასა და მეცნიერებას რწმენის მტრებად არ აცხადებს. რწმენის სულისკვეთებით განათებული ცოდნა გვიღრმავებს წარმოდგენას შემოქმედის სიდიადეზე (ფსალ.,103:3, მეფ., 4:33; ფსალ., 88:6).

– უმართებულოდ მიაჩნია მცდელობები წმინდა წერილში ან წმინდა მამათა თხზულებებში ყველა დროისათვის გამოსადეგი საბუნებისმეტყველო თუ, ზოგადად, სამეცნიერო მონაცემების ამოკითხვისა.

– ბიბლიისა და ეკლესიის ისტორიის მეცნიერული შესწავლა ღვთიური გამოცხადებისა და წმინდა ისტორიის საზრისის წვდომის მნიშვნელოვან საშუალებად მიაჩნია.

– გახსნილია სამყაროს ნებისმიერი პრობლემისათვის და თვლის, რომ თითოეული მათგანი შეიძლება რწმენის პრიზმაში იქნას დანახული.

– მოციქულის კვალდაკვალ ამტკიცებს იმას, რომ ამ სამყაროში რწმენის არსებობაზე, უპირველეს ყოვლისა, მსახურება და ქმედითი სიყვარული მოწმობს (1კორ.,13).

– საზოგადოებრივ ცხოვრებას აღიქვამს, როგორც სახარებისეული პრინციპების რეალური გამოვლინების ერთ-ერთ სფეროს.

– ანგარიშს უწევს ადამიანის მოქალაქეობრივ ვალს (რომ.,13:1) იმდენად, რამდენადაც ის არ ეწინააღმდეგება რწმენის მოთხოვნებს (საქ., 4:19).

– არ აცხადებს ხელისუფლების რომელიმე სისტემას სპეციფიკურად ქრისტიანულად. ამა თუ იმ სისტემის ვარგისობის საზომია ის, რასაც ის ადამიანს ანიჭებს: მისი მიზანშეწონილობა და ჰუმანურობა.

– ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამიჯვნას რწმენისათვის ოპტიმალურ მდგომარეობად მიიჩნევს და თვით „სახელმწიფო რელიგიის“ იდეაშიც კი გარკვეულ საშიშროებას ხედავს.

– სწამს, რომ ისტორია საფეხურებრივი პროცესია, რომელიც გამოცდების, კატასტროფებისა და ჭიდილის ზეაღმავალ გზაზე ადამიანის მომავლის ზეისტორიულ სინამდვილესთან, ღვთის სასუფეველთან მიიყვანს.

– თავშეკავებულად უყურებს „ხელმოცარული ისტორიის“ კონცეფციას, ანუ იმ მოსაზრებას, თითქოს ღვთის ჭეშმარიტებამ დედამიწაზე სრული მარცხი განიცადა (გამოცხ., 20:1-6).

– სწამს, რომ ადამიანმა უნდა იღვაწოს სხვათა კეთილდღეობისათვის და აშენოს სიკეთის სასუფეველი, ზეციური ქალაქი იმისგან დამოუკიდებლად, თუ როდის დადგება სამყაროს აღსასრული.

– სწამს, რომ უზენაესი სამსჯავრო იმ წუთიდან მიმდინარეობს როდესაც ქრისტემ ქადაგება დაიწყო (იოანე, 3:19, 12:31).

– სიკვდილის შემდეგ ადამიანის სულის მდგომარეობა დროებითად და არასრულყოფილად მიაჩნია, მომავალში ის საყოველთაო აღდგომითა და ფერისცვალებით შეიცვლება (დან., 7:13; იოან., 5:28; რომ., 8:11; გამოცხ.,20,11-15).

– სწამს, რომ მომავალი ღვთის სასუფეველი დღესვე შეიძლება დამკვიდრდეს „ჩვენს შიგნით“ (მარკ.,17:21,9:27).

ვფიქრობ, ამაში ვერაფერს ნახავთ ახალს, ეს მხოლოდ ერთ-ერთი წახნაგია დასაბამიერი, უძველესი და იოანე ოქროპირის სიტყვებით, „მარად განახლებადი“ ქრისტიანობისა.

ალექსანდრე მენიშეკითხვები და პასუხები. მთარგმნელი თამარ კოტრიკაძე.

თბ., კავკასიური სახლი 2010, გვ. 521-529. წიგნის ელვერსიის შეძენა შესაძლებელიაhttp://lit.ge/book/759-shekitxvebi-da-pasuxebi-aleqsandre-meni/

(“მრწამსისტექსტი თარგმნილია წიგნიდან: Зоя масленикова. Александр Мень. Жизнь. Москва, 2001).

წყარო

მადლობა ოთარ მუშკუდიანს ტექსტის მოწოდებისთვის.

 

Print Friendly

Comments are closed.