მილოცვები პატრიარქს

26/12/2017
By

სრ777740ულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს სასულიერო და საერო ხელისუფლების ლიდერები ულოცავენ.

მსოფლიო პატრიარქის მილოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. „ქრისტე ღმერთში ფრიად საყვარელო და სასურველო ძმაო. თქვენს პატივცემულ უნეტარესობას უფალში ძმურად ვეხვევით და განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმებით. ფრიად საყვარელო თქვენო უნეტარესობავ დიდი სიხარულით მოგმართავთ და ჩვენ მიერ დაწერილი საპატრიარქო წერილით მსოფლიო საპატრიარქო და პირადად მე, გულითადად მოგილოცავთ საქართველოს უწმინდესი ეკლესიის საჭეტმპყრობლად თქვენი არჩევის 40 წლის აღვსებას და ბედნიერი დაბადების დღის 85 წლისთავს. დღემდე ბრწყინვალედ მსხმოიარეს სიბრძნით, რწმენით, პასუხისმგებლობით და სიყვარულით სავსე მსახურებით, რომელიც თქვენს უწმინდეს ეკლესიასა და თქვენდამი რწმუნებულ ღვთის ბრძენ ერს სიყვარულით მიუძღვენით. ასევე ვლოცულობთ, რათა ეკლესიის ზეციურმა შემოქმედმა მის სადიდებლად მოგანიჭოთ დარჩენილი ცხოვრების ხანგრძლივი ჟამი მწუხარების გარეშე, ჯანმრთელი და სიკეთით სავსე. ამ განწყობით და წმინდა ამბორით სავსე გეხვევით თქვენო უნეტარესობავ და ქრისტესმიერი სიყვარულითა და განსაკუთრებული პატივისცემით ვრჩებით”, – აღნიშნულია მილოცვაში.

პატრიარქს მიულოცა რომის პაპმა ფრანცისკემ

მოხარული ვარ, ძმური სიყვარულით გადმოგცეთ ჩემი მხურვალე მოლოცვა. ვუერთდები თქვენს უწმინდესობას, თქვენს ეკლესიასა და ძვირფას ქართველ ხალხს. ბიბლიის მიხედვით, 40 წელი ის დროა, რომლის განმავლობაშიც, რჩეული ერი, ღმერთმა უდაბნოში ატარა, აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად. თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ამ 40 წლის მანძილზე უდაბნოში ვლიდით და წინ მიუძღოდით თქვენს ერს, ათეიზმის ხრიოკ ტრამალზე, სანამ კვლავ არ აღმოცენდა და გაიფურჩქნა, რწმენა უფლისა, საქართველოს ოდითგანვე ღვთისკურთხეულ და ურიცხვწამებულთა სისხლით გაჯერებულ, ათას ჭირვარამ გამოვლილ, ჯვრის ნიშით აღბეჭდილ და ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი თამამი იმედებით გაცისკროვნებულ მიწაზე.

ძვირფასო ძმაო! გულში ცოცხლად ვინახავ ხსოვნას, თქვენი ქვეყნის სულიერების, ქრისტიანობისა და კულტურისა, რომლის გაცნობის და დაფასების საშუალება მომეცა, ჩემი შარშანდელი ვიზიტის დროს. მადლობას ვუძღვნი უფალს, რომ მომმადლა წყალობა, პირადად გამეცანით და წმინდა ძმური ამბორით გადაგხვეოდით. მადლიერი ვარ უფლის, იმ მღელვარებისა და სიხარულისთვის, რომელსაც ის შეხვედრა და თქვენი პიროვნება დღესაც აღძრავს ჩემში. შობის წინა დღეებში, თქვენს 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსურს ჩვენს საერთო მამას, ვთხოვო მოგმადლოთ ჯანმრთელობა, ნუგეში, სულიერი სიხარული და შინაგანი ძალა, არ მოაკლოს თავისი უხვი წყალობა, თქვენს ძვირფას მსახურებას და თქვენს სიცოცხლეს. განსაკუთრებით კი მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად, გამუდმებით ვილოცებ თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობისთვის. ვთხოვ უფალს, რომ თქვენს გულში მეც მიმიჩინოს ადგილი და ვიმედოვნებ, რომ როგორც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაუვიწყარი ვიზიტისას ითქვა, ლოცვა და სიყვარული შეგვაძლებინებს, აღვასრულოთ ის, რაც უფალმა თავის მორწმუნეებს უსურვა, მოციქულთა სიტყვის მეშვეობით – რათა ყოველი ერთ იყვნენ“ – ნათქვამია რომის პაპის მილოცვაში.

ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი პრეზიდენტმა გიორგი მარგევლაშვილმა, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯომარემ ირაკლი კობახიძემ, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ , რუსეთის პატრიარქმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმაც მიულოცეს.

წმინდა პავლე მოციქულის სახელობის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ცენტრი ულოცავს მის უწმიდესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს დაბადებიდან 85-ე და აღსაყდრებიდან 40-ე წლისთავს, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებთ მის უწმიდესობას!

Print Friendly

Comments are closed.