ღმერთი, ნიჰილიზმი და ღირსეული ცხოვრება

26/04/2016
By

54859679-600x450

ცნობილმა ღვთისმეტყველმა მიროსლავ ვოლფმა “მართლმადიდებლობა და მსოფლიო”-ს ოფიციალურ არხზე pravmir.ru წაიკითხა ლექცია „ღმერთი, ნიჰილიზმი და ღირსეული ცხოვრება.“

https://www.youtube.com/watch?v=qyDi-kfy94U#t=1382

გთავაზობთ მის სრულ ტექსტს.
მთარგმნელი  – ეკა ვეკუა

მიროსლავ ვოლფი – ღვთისმეტყველი, პროტესტანტი მღვდელი. სისტემური თეოლოგიის პროფესორი იელის უნივერსიტეტში. დირექტორი და დამფუძნებელი Yale Center for Faith and Culture. იელის საღვთისმეტყველო სკოლაში, ჰენრი რაიტის სახელობის საპროფესორო კათედრა.

იელის უნივერსიტეტი ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტი, დაარსდა 1701 აივი-ლიგის წევრია და სიძველით მესამე უმაღლესი განათლების კერაა აშშ-ში. განსაკუთრებით ცნობილია მისი საბაკალავრო სკოლა, იელის კოლეჯი და იელის იურიდიული ფაკულტეტი, ორივე მათგანს აღზრდილი ჰყავს რამდენიმე აშშ-ის პრეზიდენტი დჯერალდ ფორდი, უილიამ კლინტონი, ჯორჯ ბუში, დღეს მოქმედი მთავრობის სახელმწიფო მინისტრი ჯონ კერი და სხვა სახელმწიფოების მეთაურები. ფიზიკოსი ერნესტ ლურენსი. 1861 წელს იელის ხელოვნებათა და მეცნიერებათა პოსტსაბაკალავრო სკოლამ პირველი ფილოსოფიის დოქტორის დიპლომი გასცა აშშ-ში. აქ სწავლობდა ცნობილი ფილოსოფოსი და თეოლოგი რობერტ ნევილი. ასევე გამოირჩევა იელის დრამატული სკოლა, რომელმაც მრავალი ჰოლივუდის და ბროდვეის გამოჩენილი მსახიობი აღზარდა მაგ. მერი სტრიპი, სიუზენ უივერი. იელის ხელოვნების, მუსიკის, სამედიცინო და არქიტექტურის სკოლები ამ სფეროებში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა ქვეყანაში.

 ღმერთი, ნიჰილიზმი და ღირსეული ცხოვრება

 

ნიჰილიზმისა და რწმენის ურთიერთდამოკიდებულება დღევანდელი აზროვნების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. მინდა ორი მოვლენის ხსენებით დავიწყო, რომლებმაც ჩემზე გავლენა მოახდინეს. ისინი იმ საკითხების ილუსტრაციებად წარმოგვიდგებიან, რომლებსაც დღეს ვხვდებით, იმის ხაზგასასმელად თუ რას ვგულისხმობ ნიჰილიზმზე საუბრისას.

ამის შემდეგ, გადავალ ნიცშეს ფიგურაზე და მისი დახმარებით ნიჰილიზმის ცალკეულ მხარეებს გავაანალიზებ. მოგვიანებით განვიხილავ ერთ-ერთს იმ აქტუალური საკითხებიდან, როგორადაც საზრისისა და სიამოვნების დაპირისპირებას მივიჩნევ და შევეცდები დავამტკიცო, რომ ეს წინააღმდეგობა, მინიმუმ ქრისტიანული თვალსაზრისით, მცდარია. შემდეგ გარკვეულწილად ისევ ღმერთის საკითხს დავუბრუნდებით, იმის სანახავად, რომ შეგვიძლია ნიცშეს დასკვნებს შევეკამათოთ.

მაშ ასე, ორი მოვლენა. 2001 წლის 11 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგნიზაციის ერთერთ საუზმეზე, გაეროს 56-ე ასსამბლეის გახსნასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვდიოდი. ერთ-ერთი მოსაზრება, რომლის გადმოცემასაც ამ მოკლე მოხსენებაში ვცდილობდი, რაც უმთავრესად ღვთის სიტყვაზე ფიქრებს წარმოადგენდა ის იყო, რომ ქრისტიანობასა და რელიგიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს სამყაროში მშვიდობის დასამკვიდრებლად.

დღემდე ვთვლი, რომ ჩემი დასკვნები დამაჯერებელი იყო, მაგრამ სწორედ იმ მომენტში, როდესაც სიტყვას წარმოვთქვამდი, მისი დასასრულისას, სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ კოშკს პირველი თვითმფრინავი დაეჯახა და გაეროს შენობიდან საკმაოდ სწრაფად მოახდინეს ყველა ჩვენგანის ევაკუირება. ნიუ-იორკი დაცარიელდა და ქალაქის ცენტრი ჯოჯოხეთურ ფერფლად გადაიქცა.

რასაკვირველია, ისეთი სახის მოვლენებს, როგორიც 11 სექტემბერს მოხდა, საკმარისად რთული სარჩული უდევს საფუძვლად. შეგვიძლია ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიზეზებსა და რესენტიმენტებზე ვისაუბროთ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ილექებოდა და ასეთი სახით გამოვლინდა. მაგრამ ეს მოვლენა აშკარად რწმენასა და ღვთის თაყვანისცემას უკავშირდება. ტერორისტების ჯგუფმა უდიდესი დარტყმა მიაყენა, კოლოსალური უბედურება მოუტანა უამრავ ადამიანს სწორედ რწმენის, რელიგიის სახელით. 11 სექტემბრის გახსენება მინდოდა არა იმიტომ, რომ ეს ყველაზე საშინელი ტერაქტია კაცობრიობის ისტორიაში, არამედ იმიტომ, რომ მან პირადად შემძრა.

მეორე მოვლენა 2008 წელს მოხდა, როდესაც გლობალურ საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ საბჭოზე მიმიწვიეს. ეს ღონისძიება ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მიერ. ფორუმები, როგორც ცნობილია დაოსში ტარდება, ხოლო საბჭოები დუბაიში. საბჭო, რომელშიც მაშინ ვმონაწილეობდი, უშუალოდ ფინანსური კრიზისის შემდეგ იყო ორგანიზებული, რომელიც 2008 წელს წარმოიქმნა.

ფინანსურმა სისტემამ დიდწილად კრახი განიცადა და საბჭოს ძირითადი მიზანიც ეკონომიკის გადააზრებისა და გლობალური გარდაქმნის ინიციატივაში მონაწილეობა იყო. კლაუს შვაბი, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, რომელიც გადაჭარბებულად აფასებს ხოლმე მოვლენებს, ამ კრებას ყველაზე მსხვილი ექსპერტული ქსელი უწოდა, ხოლო უშუალოდ ამ ღონისძიებას – უმსხვილესი ექსპერტული საბჭო, უდიდესი მენტალური შტურმი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე.

მე საბჭოს იმ ჯგუფში ვმონაწილეობდი, რომელიც რელიგიისა და ღირებულებების საკითხებს განიხილავდა. სულ 66 ექსპერტული ჯგუფი გახლდით, განვიხილავდით საკითხთა უდიდეს სპექტრს, როგორიცაა ფინანსური რეგულირება, ეკონომიკური ზრდის თემა, უსაფრთხოების მზარდი საფრთხე, ღირებულების საკითხები. მაგრამ ძალიან საინტერესოა აღვნიშნოთ, თვით რელიგიისა და ღირებულებების საკითხთა ექსპერტულ საბჭოში არ განგვიხილავს ერთი თემა, რომელიც როგორც მაშინ მეჩვენებოდა და განსაკუთრებით თუ რეტროსპექტიულად შევხედავთ, ძირეული მნიშვნელობის იყო – ჩვენ არ გვისაუბრია ადამიანური ვნებებისა და გულისთქმების პრობლემაზე.

უდიდესი ფილოსოფოსები, პლატონიდან დაწყებული, ადამიანური აზროვნების მთელი ისტორიის მანძილზე იკვლევდნენ  ადამიანის სურვილის, მისწრაფების, გულისთქმის საკითხს, იმას, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი და ღირსეულად ცხოვრობდე. უცნაურია, რომ მაშინ საერთოდ არ შევხებივართ ამ საკითხებს, რადგან შეიძლება საკმარისად დამაჯერებლად დავამტკიცოთ, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის საფუძველი სწორედ ვნებებისა და გულისთქმების აღვირახსნილობა იყო, რომლებმაც ადამიანები სულელური გზით წაიყვანა.

ვნებების  აღვირახსნილობა ადამიანების ორ ჯგუფში შეიმჩნეოდა, ერთი მხრივ კრედიტორების გაუმაძღრობას ვხვდებოდით, მეორე მხრივ კი მსესხებლების. როგორც ხშირად აღვნიშნავ, კრედიტორებს სურდათ მობეზრებული BMW Bentley-ზე გაეცვალათ, შესაძლოა მოსკოვში ეს უკვე Mayback-ია. ხოლო მსესხებლებს სურდათ თავიანთი დაჟანგული „ჰონდები“ რაღაც უკეთესით შეეცვალათ. ორივენი  ვნებებმა და გულისთქმებმა ჩაითრია.

ჩვენ განხილვის გარეშე დავტოვეთ საკითხი, რა ადგილს იკავებს სურვილი, გულისთქმა ღირსეული ცხოვრების მთელს ეკოლოგიაში. რა ადგილი უნდა დაიკავონ იმ საგნებმა, რომლებსაც ვქმნით, ვაწარმოებთ, რომლითაც ვსარგებლობთ, მთელს ჩვენს ცხოვრებისეულ წყობაში, იმაში თუ როგორ უნდა განვვლოთ ცხოვრება? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვნება ეს არის რაღაც, რაც თავისთავადი მიცემულობაა.

მაშ ასე, აი ის ორი მოვლენა, რომლებიც ჩვენთვის ათვლის წერტილია: ერთი – როდესაც რელიგიას მივყავართ მკვლელობამდე და თვითგანადგურებამდე, ხოლო მეორე – როდესაც ეკონომიკური სისტემა იგება იმის გათვალისწინების გარეშე, თუ როგორ გვმართავენ სურვილები და რა როლს თამაშობენ ისინი ჩვენს ცხოვრებაში. ორივე მოვლენა დავინახე, როგორც ნიჰილიზმის განსაზღვრული ფორმა. შევეცდები განვმარტო თუ რას ვგულისხმობ. ლექციის ამ ნაწილს დავიწყებ სიტყვებით, რომლებიც კავშირშია „კომუნისტურ მანიფესტთან“: „აჩრდილი დახეტიალობს ევროპაში.“ – მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ეს არა კომუნიზმის, არამედ ნიჰილიზმის აჩრდილია.

მგონია, რომ ჩვენი საუკეთესო მეგზური ნიჰილიზმისაკენ – ფრიდრიხ ნიცშეა. ის წარმოშობით მღვდელი-ლუთერანების ოჯახიდან იყო, მამაც და ბაბუაც მღვდლები იყვნენ. ერთი სემესტრი მან ღვთისმეტყველების შესწავლას დაუთმო და რწმენაც დაკარგა. მავანნი ამბობენ, რომ სწორედ ეს არის თეოლოგიის პრობლემა – იწყებ თეოლოგიის შესწავლას და კარგავ რწმენას. მე ღვთისმეტყველებას ვასწავლი და ამიტომ, რასაკვირველია, ამას ვერ გავიზიარებ. მე ვამბობ – არა! პრობლემა წარმოიშვება მაშინ, თუ თქვენ მხოლოდ ერთ სემესტრს სწავლობთ ღვთისმეტყველებას.

მის ცალკეულ წიგნებში, განსაკუთრებით ნაშრომში “მორალის გენეალოგია“, ნიცშე ირწმუნება, რომ მსოფლიო რელიგიები, განსაკუთრებით იუდაიზმი და ქრისტიანობა – განსაზღვრული, კულტურულად საკმაოდ რთული ფორმებია,  სადაც სუსტები ძლიერთა წინააღმდეგ ჯანყდებიან.

ნიცშეს არ აღუნიშნავს რელიგიისა და ძალადობის, რელიგიისა და სასიკვდილო საფრთხის კავშირი, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეგვიძლია მარტივად დავაკვირდეთ და გავიგოთ, რომ კუთხეში მიმწყვდეული სუსტი ადამიანი თუ როგორღაც რამე სახის ზემოქმედების ძლიერ საშუალებებს ჩაიგდებს ხელში, მაშინ, რასაკვირველია, ამ ძალას, მათ წინააღმდეგ მიმართავს, ვისადმიც დიდი ხნის განმავლობაში უგროვდებოდა წყენა. იმათ მიმართ ვისაც  ზნეობრივად ნაკლულებად  მიიჩნევს თავის თავთან და ზნეობრივ მტრებთან შედარებით.

მაგრამ ნიცშე არა იმდენად აგრესიულ, რამდენადაც  ფარულ ძალადობაზე საუბრობდა, რომელსაც ყველა რელიგიისათვის განუყოფელ მახასიათებლად მიიჩნევდა. ის თვლიდა, რომ რელიგიის საფუძველში ჩადებული მორალური წესრიგი მავნეა ცხოვრებისთვის. სხვები კი, რომლებიც ნიცშეს იდეების გაგრძელებას შეეცადნენ, აცხადებდნენ, რომ რელიგია, ასე თუ ისე, აუფასურებს ცხოვრებას. ზოგიერთი კრიტიკოსი, როგორიცაა მაგალითად, ჰუბერტ დრეიფუსი და შონ კერი, მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთ მაგალითს დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ წარმოადგენს.

„ღვთაებრივი კომედია“ ლიტერატურის შედევრია. ეს წიგნი უმეტესად იმ სიყვარულით იყო  შთაგონებული და განპირობებული, რომელიც დაიბადა დანტეში, როდესაც ცხრა წლისამ რვა წლის ბეატრიჩე იხილა. თუ ჩავფიქრდებით, ეს აზრი განგვაცვიფრებს, რომ ლიტერატურის ასეთი დიდებული მონუმენტური შედევრი შეიქმნა, როგორც გამოძახილი, ბავშვობის სიყვარულის  სახსოვარი.

„ღვთაებრივი კომედიის“ მესამე ნაწილში ბეატრიჩე დანტეს სამოთხის მკვიდრებისკენ მიუძღვის. მაგრამ რა მოხდება, როდესაც ის მას ღმერთთან მიიყვანს? მაშინვე, ბეატრიჩე უკანა პლანზე გადადის და ფაქტობრივად უჩინარდება. ღვთაებრივი დიდებულების შუქში, ბეატრიჩე ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს. რასაკვირველია, მზად ვარ სამოთხის ამგვარ აღქმასა და აღწერაზე ვიკამათო, მაგრამ აქ შეიძლება დავინახოთ ის, რაც კრიტიკოსებს საფუძველს აძლევს ივარაუდონ, რომ როგორც კი ადამიანი იხილავს ღმერთს, როგორც კი იწყებს მის შეყვარებას, სიყვარული სხვა დანარჩენისადმი უკანა პლანზე ინაცვლებს.

ეს ილუსტრაციაა იმისა, რასაც ნიცშე პასიურ ნიჰილიზმს უწოდებდა. სამყარო გარდამავალია, ის კარგავს ყოველგვარ ღირებულებას. რასაკვირველია, ამგვარი ნიჰილიზმის ფორმებზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, დესტრუქციულ ფორმებზე, როდესაც სამყარო არა უბრალოდ უფასურდება, არამედ მზად არიან სამყარო გაანადგურონ ღმერთის სახელით. მაგრამ ნიცშე თვლიდა, რომ რელიგიის ნებისმიერი ფორმა ამ თვალსაზრისით ნიჰილიზმის გამოვლინებად ითვლება. თუმცა ის კრიტიკას უქვემდებარებდა არა მხოლოდ ძირითად დიდ რელიგიებს, არამედ კულტურასაც, რომელსაც ეს რელიგიები ქმნიდნენ.

ეს შეიძლება ვნახოთ წიგნში „ასე იტყოდა ზარატუსტრა,“ როდესაც ნიცშე საუბრობს უკანასკნელ ადამიანზე, ადამიანებზე. ეს ისაა, რითაც უნდა დამთავრდეს დასავლური ცივილიზაციის სამყარო და ალბათ შეგვიძლია განვავრცოთ და ვთქვათ – ნებისმიერი ცივილიზაცია, რომელიც მსოფლიო რელიგიებს ეყრდნობა. ნიცშეს აზრით, ეს ის არის, რისკენაც საბოლოოდ ყოველ მათგანს მივყავართ.

„მაშინ დედამიწა უმცროს იქმნება და მასზედ დაჰხტის უკანასკნელი ადამიანი, რომელი ყოველს ამცირებს, …„ვპოვეთ ბედნიერება“ – იტყვიან უკანასკნელნი ადამიანნი და თვალებს ახამხამებენ. …დროგამოშვებით მცირე საწამლავი: იგი ტკბილ სიზმრებს მოგვრის და ბევრი საწამლავი – სიამით სიკვდილისათვის. კვლავ საქმიანობენ, საქმე გართობაა, ხოლო ზრუნვენ, რათა გართობა არ ღალვიდეს. აღარა მდიდრდებიან, არც ღატაკდებიან: ორივე ფრიად სამძიმოა. არაა მწყემსი და მხოლოდ ნახირი! ყოველს თანასწორი ჰსურს,  ყოველი თანასწორია. …“ოდესღაც მთელი ქვეყანა მცდარი იყო“- იტყვიან უწარჩინებულესნი და თვალებს ახამხამებენ. …აქვთ მცირე სიამოვნება სადღეისოდ და მცირე სიამოვნება საღამოდ: ხოლო პატივსა სცემენ ჯანმრთელობას. „ვპოვეთ ბედნიერება“ – იტყვიან უკანასკნელნი ადამიანნი და თვალებს ახამხამებენ.“ (ერეკლე ტატიშვილის თარგმანი)

როდესაც მთელს მსოფლიოში, თვით სადღაც ყველაზე შორეულ აფრიკაში ვხედავ ბავშვებს  ბეისბოლის ფორმებში, მაშინათვე ეს სურათი წარმომიდგება: არაა მწყემსი, არის მხოლოდ ფარა – ყველა ერთნაირია, ყველას ერთნაირი სურვილები აქვთ. ეს, ერთი მხრივ, გვიჩვენებს, რომ ყოველი ჩვენგანი რამდენადმე გავს ნიცშეს უკანასკნელ ადამიანს. ნამდვილად, ჩვენ მოგვბეზრდა, რომ ყველაფერი ძალიან პრობლემურია. დაკავებულები ვართ კომფორტისა და უსაფრთხოების მოპოვებით, მწირია ჩვენი იმედები და დაუხვეწელია ჩვენი გემოვნება, ჩვენ ვერთობით უკიდურეს უგუნურებამდე, სრული იდიოტიზმის მიღწევამდე, ამ დროს კი თავს კაცობრიობის საზომად ვთვლით.

ნიცშემ ორი სახის ნიჰილიზმი გააანალიზა – რელიგიური და კულტურული. მაგრამ, ორივე მათგანს ის პასიურ ნიჰილიზმს უწოდებდა. ამასთან, ის აღწერდა იმასაც, რასაც აქტიურ ნიჰილიზმს არქმევდა. –  ეს მათი მოქმედი ნიჰილიზმია, ვინც თვლის, რომ სამყაროში არ არსებობს ღირებულებები. აქტური ნიჰილისტია ის ვინც ამ სამყაროში თვითდამკვიდრებას ცდილობს, თავის ნებას და უფლებას საკუთარი მოქმედებებით ამკვიდრებს.  სწორედ ასეთი ნიჰილისტი იყო თავად ნიცშეც.

ვფიქრობ, თუ თქვენ გინახავთ ფილმი „უოლ-სთრითი,“ დამეთანხმებით, რომ დღეს ძალიან ბევრი ჰგავს ასეთ აქტიურ ნიჰილისტს – ისინი ბევრს მუშაობენ, კარგად ისვენებენ, ადამიანებს ისე გადააბიჯებენ, თვალსაც არ დაახამხამებენ და თუ თქვენ მათ გადაეყრებით, მაგალითად, მაშინ როდესაც სვამენ ვისკის სადმე კლუბში ან ბორდელში, ისინი გეტყვიან სწორედ იმასვე, რასაც ნიცშეს უკანასკნელი ადამიანები: „ვპოვეთ ბედნიერება.“ მაგრამ აქტიური ნიჰილიზმის პრობლემა ის არის, რომ თუ თქვენ თავს უფლებას აძლევთ თავად აქციოთ ღირებულებად, ასევე იძენთ უფლებას რაიმე ჩათვალოთ არაღირებულად. თუ ნებისმიერი საგნის თუ მოვლენის ღირებულება შეიძლება დადებითად ან უარყოფითად განისაზღვროს, მაშინ საბოლოო ჯამში დიდ აბსურდამდე მივალთ.

თუ ოდნავ გვერდიდან შევხედავთ ნიცშეს მიერ აღწერილი ნიჰილიზმის სახეებს, მაშინ ვნახავთ თუ როგორია მათი ნიჰილიზმი, ვინც უარყოფს სამყაროს და მზად არის მის დასანგრევად და როგორია მათი ნიჰილიზმი, ვინც თავად ქმნის საკუთარ ღირებულებებს. ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან. რადგან ჩვეულებრივ, ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ფასეულობების დამკვიდრებას იწყებენ, არარელიგიურები არიან და ყოველგვარ რელიგიას ეწინააღმდეგებიან, ყოველ შემთხვევაში ჭეშმარიტ რელიგიას, რადგან თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ღირებულებები და რელიგია თქვენივე მიზნებისთვის გამოიყენოთ, როგორც ინსტრუმენტი. მეორე მხრივ, ისინი, ვინც უარყოფენ სამყაროს ან მზად არიან გაანადგურონ, ეწინააღმდეგებიან ღირებულებებს, შემქმნელებთან ერთად.

ნიჰილისტების ამ ორ ფრთას შორის მუდმივად მიმდინარეობს კონფლიქტი: ერთი მხრივ, რელიგიური ფუნდამენტალიზმი, რომელიც უიმედოდ ეპოტინება საზრისს, ხოლო მეორე მხრივ, აბსოლუტურად არარელიგიური თვითნებურად მოაზროვნეები, რომლებიც თავად ქმნიან საკუთარ ფასეულობებს და არა მხოლოდ ეწინააღმდეგებიან, არამედ გარკვეულწილად განაპირობებენ ერთმანეთს. წიგნში „ასე იტყოდა ზარატუსტრა,“ ნიცშე აღწერდა სამ გარდასახვას, რომელსაც გაივლის თავისუფალი სული. საუბრობდა იმაზე, თუ როგორ გარდაიქმნება აქლემი ლომად, ლომი კი ბავშვად.

აქლემი სწორედ რელიგიური ფუნდამენტალიზმია, რომელიც კანონის ტვირთს, ღვთის ბრძანებებს საკუთარ თავზე იღებს და თავისი არსებობის არსს ამ ტვირთის ზიდვაში ხედავს. ლომი მეამბოხე მოაზროვნეა. ისინი ღირებულებათა წინააღმდეგ მხედრდებიან და თვითდამკვიდრებას ცდილობენ. მაგრამ, ამ გარდაქმნათა შორის საუკეთესო, ნიცშეს აზრით, ბავშვია, რომელიც საკუთარი ნებით ცხოვრობს, ჰარმონიაშია თავის თავთან და სურვილებთან. მაგრამ ნიცშეს არ ესმოდა ერთი რამ. ბავშვი, ადრე თუ გვიან, აქლემად გადაიქცევა, რადგან საზრისს მოკლებულ სამყაროში ცხოვრება გარდაისახება სწორედ იმად, რაზეც ნიცშე საუბრობდა, შემდეგ ეს აზრი განავითარეს როგორც – „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე“. მაშ ასე, აქლემი გარდაიქმნება ლომად, ლომი ბავშვად, ბავშვი აქლემად – წრე შეიკრა. ვფიქრობ, ნიჰილიზმის ამ ორ სახეს შორის განუწყვეტელი წინააღმდეგობა, ჩვენი დროის ერთ-ერთი ძირითადი დაპირისპირებაა.

მაგრამ თუ შევეცდებით  არჩევანი გავაკეთოთ საზრისსა, მნიშვნელობასა და სიამოვნებას შორის, ყოველთვის არასწორად ვირჩევთ. სიამოვნება საზრისის გარეშე უჩინარდება, საზრისი სიამოვნების გარეშე მძიმეა. თუ ერთი მოწყვეტილია მეორეს, შეიძლება ორივე მათგანი ნიჰილიზმად ჩაითვალოს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ქრისტიანები, ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან გამომდინარე არ ვსაჭიროებთ ერთს ან მეორეს შორის არჩევანის გაკეთებას, საზრისისა და სიამოვნების ერთიანობა, ვფიქრობ, იმ რეალობის გამო მოგვეცა, რომ ღმერთი სიყვარულია. მაგრამ როგორ ერთიანდება ღმერთში საზრისი და სიამოვნება?

პირველ რიგში, მოკლედ აღვნიშნავ, თუ როგორ აღმოცენდება ღმერთში საზრისი, შემდეგ ვისაუბრებ სიამოვნებაზე. ეს ბოლო უფრო საკამათოა, ვიდრე პირველი საკითხი. მაშ ასე, საზრისი ღმერთში: ვაცნობიერებთ ამას თუ არა, ყოველი ჩვენგანი,  ასე თუ ისე, ღვთისკენ მიისწრაფვის. ჩვენი ცხოვრება  უსასრულო ღვთაებისკენ მიილტვის და სწორედ მასში იძენს თავის არსსა და მნიშვნელობას.  ჩვენ, ჩვენი არსით მივემართებით მისკენ. აქ საუბარია არა ჩვენი ნების გამოვლენაზე არამედ იმაზე, თუ როგორ ვართ შექმნილები, რა ბუნებისანი ვართ.

თანამედროვე სოციოლოგები ძალიან ხშირად სვამენ კითხვას თუ რატომ ხდებიან ადამიანები რელიგიურები ცალკეულ საზოგადოებებსა და კულტურებში, ასეთ რა მოთხოვნილებებს პასუხობს რელიგია, რაც დაგვეხმარებოდა გაგვეგო, თუ რატომ ხდებიან ან არ ხდებიან ადამიანები რელიგიურები. მაგრამ ამასთან იგულისხმება, რომ ადამიანი, თუ ლოგიკურად შევხედავთ, ბუნებით რელიგიურია, შესაბამისად არსებობს ერთგვარი ფუნქცია, რომელიც რაღაც სახით უნდა შეივსოს.

სოციოლოგია გულისხმობს, რომ რელიგიურობის ფენომენი უნდა აიხსნას. ხოლო თუ ჩვენ დავიწყებთ მოსაზრებით, რომ ადამიანი არსით რელიგიურია მაშინ, სოციოლოგებს მოუწევთ ახსნან, თუ რატომ არიან ზოგიერთნი არარელიგიურები, რატომ არსებობს ფენომენი, როგორიცაა არარელიგიურობა, რელიგიური გრძნობის არარსებობა. მე ვვარაუდიბ რომ ჩვენ არსით, ბუნებით ღმერთისკენ მივისწრაფვით და მის გარეშე ვერ შევიძენთ საზრისს. მაშინ უღმერთოდ ვიწყებთ საზრისის ძიებას რაღაც ყოველდღიურ საგნებში – ჩვენი სხეულის კუნთოვან ტონუსში, ფულში, შემგროვებლობაში, სამსახურში, წარმატებულობაში, დიდებაში, ოჯახში ან საკუთარ ერში – ყველაფერში. ჩვენ ამ საგნებს მივაკუთვნებთ შესაძლებლობას უზრუნველყოს ჩვენი ცხოვრება საზრისით.

სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა: საზრისის წყარო ღმერთია. მაგრამ როდესაც ის ავსებს ჩვენს ცხოვრებას საზრისით, განა არ აკეთებს ამას  სიამოვნების ხარჯზე? სწორედ ეს გახლავთ რელიგიური ფუნდამენტალიზმის პრობლემა, ასე არ არის? როდესაც ღმერთს ვსასოებთ, ნუთუ არ გვიხდება ბეატრიჩეს უკან დატოვება? ან თუ პერიფრაზს მოვიშველიებთ, თუ ნამდვილად გადავწყვეტთ თავი მივუძღვნათ ღმერთს, არ ვიქნებით კი ჩვენ, როგორც აბრაამი, რომელიც დაექვემდებარა გამოცდას  – გაეწირა თავისი ვაჟი?

როგორ პასუხს გვცემს ქრისტიანობა? მე ვფიქრობ, თუ ღმერთმა შექმნა ეს მატერიალური სამყარო და განხორციელდა მასში, თუ ჩვენი სხეულები – სულიწმინდის ტაძარია, როგორც ამტკიცებს პავლე მოციქული, მაშინ გამოდის, რომ ღვთისადმი რწმენისა და მიწიერი საგნებისაგან სიამოვნების მიმღებლობის დაპირისპირება მცდარია. მაგრამ მსურს უფრო შორს წავიდე და გავბედავ დავადასტურო, რომ ღვთის რწმენა ამძაფრებს ამ სამყაროსგან სიამოვნების მიღებას. როგორ შემიძლია ასეთი თამამი განცხადების გამყარება? სამ ნაბიჯს შემოგთავაზებთ. პირველ რიგში, სავსებით ჩვეულებრივ საგნებზე ვისაუბრებ, შემდეგ განვიხილავთ იმას, თუ როგორ მოქმედებს სიამოვნება. ბოლოს კი, ვისაუბრებთ სამყაროზე, როგორც  ძღვენზე.

ავიღოთ ნებისმიერი საგანი, მაგალითად საწერი. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს უბრალოდ ნივთია, მეტი არაფერი. თუმცა, ფენომენოლოგები საკმაოდ სამართლიანად მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი საგანი, რომელსაც ვაწყდებით არამხოლოდ საგანია, არამედ ადამიანური შემოქმედების ნიმუში. შესაბამისად, მათ გარშემო ადამიანობის ერთგვარი აურა ტრიალებს.  თუ ავიღებთ იმავე საწერს – როდესაც გავიგე, რომ ჩემთან სწორედ ასეთებს იყენებენ  (ეს კომპანია Pilot-ის გელიანი საწერია, G 4 მარკის) მაშინ, პირდაპირ რაღაც კავშირი წარმოიშვა ჩვენს შორის. რასაკვირველია, ეს სისულელეა, ზედაპირულია, მაგრამ მომეჩვენა, რომ მასთან სწორედ ამ საწერის გამო დავახლოვდი.

ავიღოთ სხვა მაგალითი, ალბათ, შედარებით შესაფერისი. ერთხელ მამამ მაჩუქა საწერი ოქროს ბუმბულით, Pelikan-ის ფირმის, ძალიან კარგი. მართალია, მინახავს 10 ათას დოლარიანი საწერებიც, მაგრამ ჩემს Pelikan-ს  არც ერთ მათგანზე არ  გავცვლი. რატომ? იმიტომ, რომ ჩემთვის ეს არა უბრალოდ ნივთი, არამედ კავშირია საკუთარ მამასთან. ამგვარად, თვით ჩვეულებრივ საგნებში შეიძლება დავინახოთ არა მხოლოდ ნივთები, არამედ სხვა ადამიანებთან დამოკიდებულება. ჩემი მეგობარი – დირექტორი იელის ცენტრში – ეს რელიგიისა და რწმენის საკითხთა კვლევის ცენტრია, რომელსაც მე ვმართავ. როდესაც ჩემს კაბინეტში შევდივარ, მის მიღმა გავდივარ. იქ ყოველთვის ღიაა კარი, მას უდევს ჭიქა, რომელშიც საწერებია მოთავსებული – მას ისეთი საწერები აქვს, მსუბუქი დაბოლოებებით, როგორც ფლომასტერები და ამ საწერების ათეული ყოველთვის ჭიქაშია. ანუ ის ბიჭია, რომელიც საწერ-ფლომასტერებს იყენებს, ხოლო მე – Pilot-ის ფირმის გელიანი საწერების მომხმარებელი. ამგვარად, ნებისმიერი ნივთი ურთიერთდამოკიდებულებაა, ურთიერთობაა.

ახლა კი, სიამოვნების ფსიქოლოგიაზე გადავიდეთ. იელის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა კოლეგამ პოლ ბუნმა დაწერა წიგნი სახელწოდებით „როგორ მოქმედებს სიამოვნება.“ ის მას იწყებს ისტორიით იმის შესახებ, თუ როგორ  შეიძინა გებელსმა ვერმეერის ტილო ერთი ჰოლანდიელი ვაჭრისგან. ომის შემდეგ ეს ვაჭარი მოძებნეს და ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო უნდოდათ გაესამართლებინათ – იმისათვის, რომ ტილო გებელსს მიჰყიდა. მან თქვა, რომ ასლი მიჰყიდა და არა ორიგინალი. მას მოუწია ეს დაედასტურებინა და კიდევ ერთი ასეთი ვერმეერი დაეხატა. წარმოიდგინეთ გებელსს რომ შეეტყო ნახატის ნაყალბევობა. სულ რაღაც წუთის წინ ის ტკბებოდა დიდი ფერმწერის მშვენიერი ტილოთი, ხოლო მომდევნო წუთში ის უყურებს იმავე ნახატს და ვერ განიცდის ვერავითარ სიამოვნებას. რასაკვირველია, სიამოვნების ნაწილი, რომელსაც საგნებისგან ვიღებთ, თავად საგანში დევს, მაგრამ უდიდესი ნაწილი  ამ დამოკიდებულებაშია – ჩვენ საგნის საშუალებით ვამყარებთ ურთიერთობას სხვა ადამიანთან.

მან კიდევ ერთი მაგალითი მოიყვანა – როგორ იყიდა კაცმა აუქციონზე მეტრიანი (საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ნივთი) და მასში 48 ათას დოლარზე მეტი გადაიხადა, რადგან ის ჯონ კენედის ეკუთვნოდა. არსია გასაგებია, არა? სიამოვნებას ადამიანი იმ კავშირისგან იღებს, რომელსაც სხვა ადამიანებთან ამყარებს ნივთის საშუალებით და არა იმდენად საკუთრივ ნივთისგან. თუ ამის შესახებ საღვთისმეტყველო ენით ვისაუბრებთ, შეიძლება ასეთი ფორმულირების გაკეთება: ყველაზე დიდ სიამოვნებას ვიღებთ საგნებისგან მაშინ, როდესაც ის გვევლინება როგორც საიდუმლო, როდესაც ის საკუთარ თავში სხვის მყოფობას გულისხმობს.

ახლა კი მესამე აზრი, რომელიც მინდა გამოვხატო: იფიქრეთ სამყაროზე, როგორც საჩუქარზე. ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, როგორც საჩუქარი ყოველი ჩვენგანისთვის. მთელი ეს სამყარო, მისი ყოველი  ცალკეული ნაწილი – საჩუქარია ჩვენთვის. მაგრამ თუ მასზე ვისაუბრებთ, როგორც საჩუქარზე, მაშინ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, ვინც გვიბოძა ის. ამგვარად, ჩვენ გვყავს ღმერთი, რომელიც გვევლინება, როგორც შემოქმედი და მბოძებელი;  სამყარო, რომელიც გვევლინება, როგორც საჩუქარი; შესაბამისად ჩვენ ყველანი მიმღები მხარე ვართ. ნებისმიერ საჩუქარში განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ პირველ რიგში ეს ურთიერთობაა. საჩუქარი არ არის საგანი, საჩუქრის სახით ხშირად საგანი გვევლინება, მაგრამ საგანი თავად არ წარმოადგენს საჩუქარს. ის იქცევა საჩუქრად, როდესაც  იძენენ სხვისთვის და ჩუქნიან სხვას.

წარმოიდგინეთ, რომ დამოკიდებული ხართ მასზე, ვინც ეს სამყარო გაჩუქათ, რომ თქვენ მართლმორწმუნე ქრისტიანი ხართ ან მართლმორწმუნე მუსლიმი ან იუდეველი და ჭეშმარიტად გიყვართ ღმერთი მთელი თქვენი სულით, გონებით, მთელი თქვენი ძალებით. წარმოიდგინეთ, რომ მოყვასიც ისევე გიყვართ, როგორც საკუთარი თავი – ეს ხომ არის კიდეც ორი უდიდესი მცნება. ამიტომ, თუ რელიგიურები ვართ, თუ ღვთისმოსავები ვართ, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ჩვენ პირველ რიგში ამ ორ მცნებას ვიცავთ.

ახლა კი დაე, ჩვენმა წარმოსახვამ გაშალოს ფრთები და წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ გარშემო ყველა სწორედ ამგვარად იქცევა. სინამდვილეში მომავალი სამყარო, ღვთის სასუფეველი ქრისტიანებს სწორედ ასე წარმოედგინათ მრავალი საუკუნის განმავლობაში – ეს სრულყოფილი სიყვარულის სამყაროა, რომელშიც გვიყვარს ღმერთი და ერთმანეთი ღვთიური სიყვარულით. ამგვარად, ეს არის რელიგიურობა მისი საუკეთესო სახით. შეუძლებელია ღვთისმოსაობისა და რელიგიურობის უკეთესი სურათი წარმოვიდგინოთ.

თუ ნამდვილად წარმოვისახავთ ასეთ სამყაროს, მაშინ მასში ყოველი საგანი სიყვარულით იქნება ნიშანდებული. ყოველი შორეული ვარსკვლავი, მსუბუქი შეხება, ახლადდამუშავებული მიწის სურნელი – ყველაფერი ეს აივსება და განიმსჭვალება სიყვარულით. ყველაფერი ეს შეიძენს ერთგვარ აურას, რომელიც ერთი მხრივ, სავსებით რეალური იქნება, მეორე მხრივ კი – გრძნობებისთვის მიუწვდომელი. ამ სამყაროში ყოველი საგანი უფრო მეტი იქნება, ვიდრე თავად არის – სწორედ ამიტომაც იქცევა ის სიამოვნების წყაროდ.

ამგვარად, ჩვენ შევძლებთ მთელი სამყარო და ყველაფერი, რაც მასში არსებობს, შევიგრძნოთ, როგორც საიდუმლოება. მაშინ ყოველი საგანი თავისებური მედიუმი გახდება – ის გაატარებს საკუთარ თავში სხვის არსებობას. მგონია, რომ თუ ასეთი სახით შევიგრძნობთ გარშემომყოფ სამყაროს, მაშინ ღვთის ქმნილება თავის დანიშნულებას შეასრულებს. შესაქმე არ სრულდება მაშინ, როდესაც ღმერთი უკანასკნელ შტრიხს დასვამს, არამედ როდესაც მართებული დამოკიდებულება გვექნება ამ ქმნილებისადმი, მაშინ კი ყველაფერი შესაძლებელი გახდება, მაშინ ჩვენც შექმნილ სამყაროსთან მიმართებით ვიქნებით ისეთები, როგორებიც უნდა ვიყოთ. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ შესაქმე მეშვიდე დღეს დასრულდა.

როგორია მეშვიდე, უქმე, სიწმინდის დღის, შაბათის მნიშვნელობა? ამ წლის თებერვალში მე ისრაელს ვესტუმრე. არაჩვეულებრივი ებრაელი რაბინი მეგობარი მყავს და ხუთშაბათ საღამოს მივედი მასთან სტუმრად. ჩვენ ერთობლივი ვახშამი გვქონდა – შაბათი და მან ყველას წაგვიკითხა ტექსტი – თანამედროვე ხასიდთა მოძღვრის სიტყვა იერუსალიმიდან, რომელიც შაბათის მნიშვნელობაზე საუბრობდა, შაბათის უქმობის მნიშვნელობაზე.

აქამდე მე ასე მესმოდა: შაბათის უქმე ნიშნავს, რომ ამ დღეს არ მუშაობ იმისათვის, რომ მთელი შენი დრო და ძალა ღვთიურ საგნებზე მიმართო. ნაწილობრივ ეს სწორია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ სხვა დანარჩენებიც არ მუშაობენ – მსახურმა არ უნდა იმუშაოს. ამიტომ შაბათს სოციალური განზომილებაც აქვს.

მაგრამ ამ ხასიდმა მოძღვარმა თქვა, რომ შაბათს დასვენების უმთავრესი მიზანი საკუთარი შინაგანი ბრძოლების შეწყვეტაა. შენ წყვეტ შრომას იმისთვის, რომ რამეს მიაღწიო. ანუ შენ არა უბრალოდ უნდა შეწყვიტო მოქმედება, არამედ თავად ეს სწრაფვა წარმატებისკენ, ის უნდა შეწყდეს. იმის ნაცვლად, რომ მუდმივად რაიმეს გამო ზუნავდე და ფიქრობდე, შენ ტკბები ამ სამყაროთი იმ სახით, როგორიც არის. ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, შეხედა და თქვა, რომ ყველაფერი კარგია.

სწორედ ეს არის შაბათი – ყველაფერი კარგია იმ სახით, როგორითაც ღმერთმა გვიბოძა. კვირის ამ დღეს ყველა ჩვენი საზრუნავი წყდება და პირველ ადგილს იკავებს ბედნიერება, რომელსაც ვიღებთ ამ სამყაროსგან და ღმერთთან ურთიერთობით. შესაქმის მეშვიდე დღეს – თუ ბერდიაევის მიხედვით ვიტყვით, მაშინ მერვე დღეს, ანუ აღდგომის დღეს  – მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მეშვიდე თუ მერვე დღეს, ჩვენთვის ამ დღეს  ყველაზე უბრალო ნივთები არაჩვეულებრივები ხდებიან. ისინი ჩვენთვის სატრფოს საჩუქრებად იქცევიან, ამიტომაც უდიდეს ბედნიერებას გვანიჭებენ.

აი, ასე მესმის საზრისისა და სიამოვნების ერთიანობა. მგონია, რომ სწორედ ეს არის დღეისათვის ორ ნიჰილიზმს შორის არსებული დაპირისპირების გადაწყვეტის გზა. ერთი მხრივ დამამძიმებელი საზრისის ნიჰილიზმი, მეორე მხრივ მსუბუქი სიამოვნების ნიჰილიზმი. ჩვენ შეგვიძლია ეს წინააღმდეგობა გადავწყვიტოთ, თუ სამყაროს საჩუქრად მივიჩნევთ ყოველი ჩვენგანისათვის.

კითხვა აუდიტორიიდან:

  • მაშინ როგორ უნდა უპასუხონ პროტესტანტულმა და მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა თანამედროვეობის გამოწვევებს?
  • ვფიქრობ, რომ ქრისტიანული ფუნდამენტალიზმისა და კონსერვატიზმის პრობლემა არა იმდენად ისაა, თუ უკვე პირდაპირ თქვენს კითხვაზე გადავალთ, რომ ქრისტიან კონსერვატორებს არ უნდათ ერთგვარად შეეწყონ თანამედროვე საზოგადოებას, არამედ ის, რომ მათ სურთ თანამედროვე საზოგადოება მოერგოს გუშინდელ დღეს. პოლიტიკაში არც მემერცხენეების მხარეს ვარ და არც მემარჯვენეების, მაგრამ ყოველთვის ვსვამ კითხვას, რა იქნება ზნეობრივად სწორი მოცემულ სიტუაციაში. მგონია, რომ იგივე ეხება ქრისტიანობასაც.

პროტესტანტები, მართლმადიდებლები, კონსერვატორები, ლიბერალები – თავისთავად არ წარმოადგენენ ღირებულებებს. ვფიქრობ, რომ ზოგჯერ  კონსერვატორები უნდა ვიყოთ, ზოგჯერ ლიბერალები. ნებისმიერ შემთხვევაში, საზოგადოება არ განსაზღვრავს იმას, თუ რა შეხედულება უნდა გვქონდეს. მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ თუ ჩვენი ცხოვრება რეალურად ჭეშმარიტ სახარებისეულ ღირებულებებზე აიგება, მაშინ ეს ადამიანს განაწყობს სიმპათიით ქრისტიანობისადმი. იქნებ ჩვენი ნახვისას მათ შეიძლება არ ირწმუნონ, არ მიიღონ ქრისტიანობა, რადგან რიგ მიზეზთა გამო ეს მათთვის რთულია, მაგრამ პატივისცემით მოეკიდონ ამ ღირებულებებს.

ჩვენი უდიდესი პრობლემა ყოველთვის პირმოთნეობა იყო. პირველი პრობლემა სწორედ ეს იყო, ხოლო მეორე ის, რომ ვღებულობთ რომელიღაც გუშინდელ ღირებულებებს და მათ ქრისტიანულ ფასეულობებად ვაცხადებთ დანარჩენი სამყაროსთვის. ჩვენ უნდა გვეყოს გამბედაობა ვიცხოვროთ ქრისტიანობის არსისამებრ, ხოლო ქრისტიანობის არსს მე ღმერთის ურწმუნოთადმი სიყვარულში ვხედავ. მისი სიყვარულის არსი იმაშია, რომ უპირობოდ ღებულობს ყოველ ჩვენგანს. ეს თავისთავად განსაცვიფრებელი გზავნილია, განსაკუთრებით თუ იმ კონტექსტს გავითვალისწინებთ, რომელშიც ვცხოვრობთ – ის, რომ დილით ადრე გაღვიძებისას სარკის წინ  ვდგებით და პირველ რიგში ვსაჭიროებთ საკუთარ თავს, საკუთარი თავი მივყიდოთ და ვაიძულოთ საკუთარი თავი მიიღოს საკუთარივე თავი, შემდეგ შევქმნათ ერთგვარი სახე, რომელსაც სხვას მივყიდით და მივდივართ რაღაც შეხვედრაზე და ვიწყებთ იქ წარმოვადგინოთ რაღაც საკუთარი თავიდან. ჩვენ განსჯას, კრიტიკას ვექვემდებარებით და მისგან გასაქცევად სხვადასხვა პიროვნულ როლში შევდივართ.

– აქ განსაცვიფრებელ გზავნილს ვაწყდებით, რომელიც ამბობს, რომ თქვენ ძვირფასი ხართ ამითაც, რომ თქვენ უყვარხართ, უყვარხართ უპირობოდ.

კიდევ ერთი კომენტარი, რომელიც პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული. მე ბევრს ვმოგზაურობ აღმოსავლეთშიც, დასავლეთშიც. თვითონ ყოფილი იუგოსლავიიდან ვარ. არ ვიცი რამდენად მიესადაგება ეს რუსეთს, მაგრამ, მიუხედავად ამისა ვფიქრობ, რომ ჩვენ როგორც მღვდლები, რამდენადაც მე თვითონაც ხელდასხმული ვარ, არ ვენდობით სახარებას. ჩვენ ყოველთვის გვეჩვენება, თითქოს იმისათვის, რომ ადამიანთათვის მოსაწონო გავხადოთ სახარება, მას რაღაც უნდა დავამატოთ. სინამდვილეში ეს მშვენიერი საგანძურის. მოდით, ნუ გვააფუჭებთ იმას, რაც უკვე ისედაც კარგია.

Print Friendly

Comments are closed.