თანამედროვე ფასეულობები და ქრისტიანობა

06/10/2016
By

14555972_10154580884773594_1407020025_nავტორი: თეიმურაზ ბუაძე

სტატია ჟურნალ ”  გული გონიერიდან” (N15 ნომერი)

სტატიის ასეთი სათაური თავისთავად გულისხმობს, რომ ჩვენი აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში გაბატონებული ფასეულობების დიდი ნაწილი შეუთავსებელია ქრისტიანობასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ან არაქრისტიანული ბუნების მატარებელი არიან თავიდანვე, ან ქრისტიანული ფასეულობების რადიკალური დამახინჯების შედეგს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, ამ სტატიის მთავარი მიზანი სწორედ იმის გარკვევის მცდელობაა, თუ საიდან მოდის თანამედროვე საზოგადოების არაქრისტიანული და ფსევდოქრისტიანული ფასეულობები.

ადვილი მისახვედრია, რომ ფსევდოქრისტიანული ფასეულობები, ისევე როგორც ყველა უმართებულო ფენომენი, მხოლოდ ისეთ საზოგადოებაში იკიდებს ფეხს, რომელშიც ადამიანები ღმერთს შორდებიან. ასეთი ზოგადი დებულებების ჩამოსაყალიბებლად სულაც არაა საჭირო ქრისტიანული ფასეულობების არსში გარკვევა, მაგრამ თუ ამ უკანასკნელის განხილვით დავიწყებთ, ეს საშუალებას მოგვცემს ნათლად დავინახოთ, როგორ ყალიბდება არასწორი ღირებულებები ადამიანური ყოფის სხვადასხვა სფეროში.

ზოგადად, ფასეულობები ის ცხოვრებისეული მიზნები და ორიენტირებია, რომლებიც ჩვენს ყოფას ეგზისტენციალურ საზრისს სძენს, გვეხმარება ერთმანეთისგან გავარჩიოთ კარგი და ცუდი, კეთილი და ბოროტი ანუ გვეხმარება, გონივრულად ვუპასუხოთ კითხვას, თუ რატომ, რისთვის ვცხოვრობთ. ძალიან ცნობილი და, ამავე დროს, გავლენიანი რელიგიათმცოდნე, ეთნოგრაფი, ფილოსოფოსი და მწერალი მირჩა ელიადე აღნიშნავს, რომ მას არსად შეხვედრია თვით განვითარების ყველაზე პრიმიტიულ საფეხურზე მდგომი საზოგადოება, რომლის მსოფლმხედველობისა და ზოგადად კულტურის მაფორმირებელ ფაქტორად არ გვევლინებოდეს კითხვა: რატომ გაჩნდა ადამიანი და რა არის მისი დანიშნულება? მირჩა ელიადე იმასაც ამბობს, რომ რაკი ღმერთმა სამყარო ისეთი არსებისთვის შექმნა, რომელიც გამუდმებით კითხულობს – „რატომ?“ ან „რისთვის?“, ეს კითხვა არა მარტო ჩვენს ცხოვრებისეულ საზრისთან მიმართებით უნდა ისმოდეს, არამედ ყველა მოვლენასთან, ყველა ფენომენთან კავშირში. სწორედ ასეთი პოზიციის გამოხატულებაა არისტოტელეს ფილოსოფიის მკაცრად ტელეოლოგიური ხასიათი. ფიქრობდა რა არისტოტელე, რომ სამყარო ღმერთის ანუ „ბრძენი არქიტექტორის“ მიერ მოწესრიგებული კოსმოსი იყო, იგი აბსოლუტურად ყველაფერს მის „ტელოსს“ ანუ არსებობის მიზანს უკავშირებდა. ბერტრან რასელი თავის ცნობილ „დასავლური ფილოსოფიის ისტორიაში“ აღნიშნავს, რომ დასავლეთმა რწმენასთან ერთად თავისი მსოფლმხედველობის ეს ტელეოლოგიური განზომილება დაკარგა და რომ თანამედროვე მეცნიერება და ფილოსოფია, თუ არისტოტელესვე ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ, მოვლენებისა და საგნების მხოლოდ მატერიალურ, ეფექტურ და ფორმალურ მიზეზებს იკვლევს[1].

ბევრ ჩვენგანს სმენია, რომ ადამიანი აქსიოლოგიური არსებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ღირებულებათა სისტემის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს ამ ღირებულებათა სისტემის იერარქიულ სქემებში ვათავსებთ. სწორედ ამის გამოხატულებაა ჩვენში არსებული სინდისის ხმა და ეს განსაზღვრავს ჩვენს ემოციურ დამოკიდებულებას საგნებისა და მოვლენებისადმი. აბსტრაქციისა და მეტყველების უნარი და ასევე თანდაყოლილი მორალური გრძნობა (სინდისის ხმა) ადამიანს ბედნიერი და ღირსეული ცხოვრების კონცეფციის ქონის საშუალებას აძლევს. სწორედ ბედნიერების მიღწევაა ჩვენი ცხოვრების უმთავრესი მიზანი. ეს მიზანი ყველა ადამიანს ერთნაირად ამოძრავებს, არსებითად სწორედ სიტყვა „ბედნიერების“ არაერთგვაროვანი გაგება წარმოშობს მათ ცხოვრებისეულ და მსოფლმხედველობრივ განსხვავებებს; ეს გაგება კი ფასეულობათა სისტემას ეფუძნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფასეულობათა სისტემა უმაღლესი მიზნისკენ ანუ იდეალური ბედნიერებისკენ მიმავალი გზა ან საშუალებაა, რომლებიც იერარქიულ სისტემას ქმნის და ადამიანებისა და სამყაროსადმი ჩვენს დამოკიდებულებას განსაზღვრავს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ არაერთი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი (კირკეგორი, იუნგი, ფრომი და სხ.) ფსიქოპატიის, შიზოფრენიისა და სხვა სულიერი პათოლოგიის უტყუარ, არაოფციურ ნიშნად ღირებულებათა სისტემისა და სინდისის ხმისადმი გულგრილობას მიიჩნევს. განა ფსიქოპატი ზუსტად იმიტომ არ არის საშიში, რომ მას საყოველთაო ღირებულების – ადამიანური სიცოცხლისა და შინაგანი სამყაროს სათანადო დაფასება არ შეუძლია? ასევე შიზოფრენია არასტანდარტულ, გაორებულ, ურთიერთგამომრიცხავ ღირებულებათა სისტემას გულისხმობს (შიზოფრენიითა და ფსოქოპატიით დაავადებული ადამიანები სულაც არ ხასიათდებიან ინტელექტუალური უძლურებით. ჩეზარე ლამბროზოს თავის ცნობილ წიგნში „გენიალობა და შეშლილობა“ ამ დაავადებების სიმპტომების მატარებელი ბევრი აღიარებული გენიოსის მაგალითი მოჰყავს. არაერთი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ სულიერ დაავადებას ყოველთვის არ ახლავს თან ჰალუცინაციური ხმები, მოჩვენებები ან ალოგიკური აზროვნება, მაგრამ ის, რაც ასეთ შემთხვევებში აუცილებლად შეიმჩნევა, ეს არასტანდარტული ღირებულებათა სისტემა ან მისი სრული არქონაა. ალბათ აქ ზოგიერთს კირკეგორის ცნობილი იგავი გაახსენდება, რომელშიც საუბარია, თუ რა ადვილად შეიპყრობენ საგიჟეთიდან გამოპარულ პაციენტს, რომელიც სხვებისთვის თავის ნორმალურად მოჩვენების მიზნით მხოლოდ სიმართლეს ლაპარაკობს, ფაქტოლოგიური თვალსაზრისით, ყოველთვის სწორ ინფორმაციას იძლევა. მის ნორმალურობაში ეჭვი სწორედ იმიტომ შეეპარებათ, რომ საუბრისას ის მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო დეტალების ერთმანეთისგან გარჩევის უუნარობას ამჟღავნებს).

ტრადიციულ, წინამოდერნულ საზოგადოებებში ღირებულებათა სისტემას, როგორც წესი, რელიგია აყალიბებს. ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს, რადგან ცხოვრების საზრისის განსაზღვრა რელიგიური მსოფლმხედველობის ცენტრალური საკითხია, თუმცა, ცხადია, რომ რელიგია ფასეულობათა სისტემის ერთადერთი წყარო არაა. ღირებულებათა სამყარო ასევე ყალიბდება და გამოხატულებას პოულობს ფილოსოფიასა და ხელოვნებაში. რელიგიური ფასეულობები უმეტესწილად გამოცხადებებს ეფუძნება, ზენა სამყაროს რეალიებზეა ორიენტირებული და ხშირად სიმბოლური, იგავური ფორმით პოულობს გამოხატულებას. მახარებლებთან ჩვენ გვესმის უფლის სიტყვები: „რას ვამსგავსო სასუფეველი ცათაი?“, რომელსაც იგავები მოსდევს და, საზოგადოდ, უფალი უმაღლეს ჭეშმარიტებებს ხშირად იგავური ფორმით გვამცნობს; ისევე, როგორც რელიგიაში, ფილოსოფიასა და ხელოვნებაში, ფასეულობათა სისტემა ჭეშმარიტებაზე, პირად ბედნიერებასა და საზოგადო ჰარმონიაზეა ორიენტირებული; ფილოსოფია მას რაციონალური გონების ლოგიკურ პრინციპებზე, სოციოლოგიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა მეცნიერულ თეორიებზე აფუძნებს და ყველაზე სრულყოფილ ფორმას მორალურ სისტემებში იღებს; ცხადია, რომ ხელოვნებაში ეს ფასეულობები გამოხატულებას ჰპოვებს კონკრეტული სათნოებების სახით, რომლებიც თავის დამაჯერებლობას ღვთაებრივ ავტორიტეტსა და ლოგიკური მსჯელობის თანამიმდევრულობაში კი არ ჰპოვებს, არამედ მხატვრული ენის მიმზიდველობაში. როდესაც ადამიანი ღმერთს საბოლოოდ შორდება, თავს იტყუებს და დარწმუნებულია, რომ ფასეულობათა სისტემის ანუ კულტურის დაფუძნება ღმერთის გარეშეა შესაძლებელი.

ყოველი კონკრეტული კულტურა მისთვის დამახასიათებელი ფასეულობების ერთობლიობაა. აქედან გამომდინარე, კულტურა რელიგიურია ან არ არის იმდენად, რამდენადაც მასში დომინირებს ან ადგილს ვერ პოულობს წმინდად რელიგიური ფასეულობები. სიტყვა „კულტურა“ „კულტისგან“ მოდის. აქედანაც ჩანს, რომ ყოველი კულტურა რელიგიური კულტურის სეკულარიზაციის შედეგია, ისევე როგორც ნებისმიერი თანამედროვე სეკულარული საზოგადოება ოდესღაც ტრადიციული, რელიგიური საზოგადოების სეკულარიზაციამ წარმოშვა.

ცხადია, რომ ყველა რელიგიური კულტურა ვერ ეთავსება ქრისტიანობას. ამის მაგალითია ძველ დროში ნეოპლატონურ ფილოსოფიაზე დაფუძნებული ელინისტური და თანამედროვე ეპოქის აღმოსავლური სპირიტუალიზმით[2] გაჟღენთილი კულტურები. ქრისტიანულ და სხვა რელიგიურ კულტურებს შორის სხვაობა იმითაა გამოწვეული, რომ ისინი ეფუძნებიან განსხვავებულ შეხედულებებს ღმერთზე, ადამიანის საბოლოო მიზანზე, მის ინდივიდუალობაზე, ინდივიდსა და საზოგადოებას შორის ურთიერთმიმართებაზე და ა. შ.

არაქრისტიანული ფასეულობების ერთ–ერთი სახეა ფსევდოქრისტიანული ფასეულობები, რომლებიც ქრისტიანობის წიაღში წარმოიშობა. ახლა სწორედ ქრისტიანულ ფასეულობათა გადაგვარების მექანიზმს განვიხილავთ. ქრისტიანული ფასეულობები არის ღმერთისკენ მიმავალი გზა, მასთან უსასრულოდ მიახლოების საშუალებები ანუ ქრისტიანული სათნოებები. ეს უკანასკნელნი არსებითად განსხვავდება სხვა რელგიებისთვის დამახასიათებელი სათნოებებისგან. ეს იმის გამოა, რომ ქრისტიანული ასკეტიზმის, სულიერი ცხოვრების უნიკალური ხასიათი თავმდაბლობის სათნოების აუცილებლობის ხაზგასმაა. წმინდა მამები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ყველა სათნოებას მხოლოდ თავმდაბლობასთან ერთად შეუძლია არსებობა და მის გარეშე იგი ყოველგვარ აზრს კარგავს. თავმდაბლობის აუცილებლობა ადამიანური ბუნების დაცემულობის ქრისტიანულ სწავლების გამოვლინებაა. აუცილებელია აღინიშნოს, რომ არა მარტო თავმდაბლობის სათნოება ეფუძნება ჩვენი ბუნების დაცემულობის ქრისტიანულ სწავლებას, არამედ ყველა სხვა სათნოებაც. დიდი ასკეტი მამების ნაწერებში, – მეტ-ნაკლები სიცხადით, მაგრამ თითქმის ყველა მათგანთან, – სულიერი წარმატების შემდეგი სქემატური გზა იკვეთება: სწორი, ჯანსაღი სულიერი ცხოვრების დაწყების პირველი უტყუარი ნიშანი არის, ის რომ მოღვაწეს საკუთარი უწმინდურობის, უსამართლობის, უკეთურების, სიცრუის და ა. შ. განცდა უძლიერდება და ახსენდება უამრავი, თითქოსდა უკვე მივიწყებული ცოდვები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩაუდენია; რაც დრო გადის, ასეთი ადამიანი უფრო და უფრო ცხადად ხედავს, რომ მის ყველა მოქმედებას, თვით ისეთსაც კი, რომელიც სიკეთის გაკეთების სურვილით აღესრულება, ვნებების კვალი ამჩნევია და ფაქტობრივად იგი სიკეთის მაგივრად ცოდვას ცოდვაზე ამატებს; ეს მოღვაწეს ადამიანური ბუნების დაცემულობისა და უძლურების მწვავე განცდას უჩენს. გულის ასეთი შემუსვრილებისას მას უფლის რწმენა და სასოება შეეწევა; რწმენა ამხნევებს, რომ იქ, სადაც ადამიანური ძალა უძლურია, არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ღმერთი იწყებს მოქმედებას, სასოება კი მტერზე გამარჯვებას ჰპირდება. მამები ამბობენ, რომ როდესაც მოღვაწე საკუთარ ვნებებზე გამარჯვებას და სიწმინდეს გაუგებს გემოს, მის გულში ღმერთის მგზნებარე სიყვარული იღვიძებს, მთელი არსებით ესწრაფვის უფლის მცნებების მორჩილებას და ღმერთთან ახლოს ყოფნას; უფლის გარეშე ცხოვრება ჯოჯოხეთად წარმოუდგენია. თვით ქრისტიანობის გარეთ მდგომი პლატონიც კი აღნიშნავს თავის „ნადიმში“, რომ სიყვარულს საკუთარი ნაკლულევანების განცდა ბადებს; შეყვარებული იმას ესწრაფვის, რის ნაკლულევანებასაც განიცდის. პლატონის ანალოგიურად, დიდი ქრისტიანი მამები ამტკიცებენ, რომ ღვთისადმი სიყვარული ადამიანური ბუნების „დაუსრულებლობის“ გამოვლინებაა. ცხადია, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანი სრულყოფილ არსებად არ შექმნა ღმერთმა, არამედ იმას, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ „ადამიანობს“ ჭეშმარიტად, როცა მთელი არსებით ისწრაფვის ღმერთისკენ და ღმერთიც კი ხდება მადლისმიერად და არა ბუნებითად. წმინდა მამები ამ ჭეშმარიტებას სხვადასხვანაირად გამოხატავენ. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი და წმინდა გრიგოლ ნოსელი ამბობენ, რომ ადამიანი თავის თავზე მეტია და რომ მისი მოვალეობაა საკუთარ თავს აღემატოს. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ასწავლის, რომ ღმერთმა ადამიანში მის გაღმრთობამდე მიმყვანებელი ბუნებითი მისწრაფება ანუ ნება (thelima phisis) ჩადო. სწორედ  ღმერთისკენ ამ მისწრაფების, საკუთარ თავში ღმერთის „ნაკლულევანების“ განცდის გამოხატულებაა ყველა ქრისტიანული სათნოება, იქნება ეს სიყვარული, თავმდაბლობა, რწმენა, სასოება მორჩილება თუ სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ქრისტიანი სწორად ცხოვრობს, იგი ერთდროულად ფლობს ყველა სათნოებას, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს უკანასკნელნი ჩვენში ბუნებითად ჩანერგილი ღვთისაკენ მისწრაფების წმინდა გამოვლინებებია. ეს იმასაც ნიშნავს, რომ თუ ადამიანს ამ სათნოებათაგან ერთ–ერთი მათგანი აკლია, მაშინ სხვებიც გადაგვარებულია და ფსევდოქრისტიანულ სათნოებებადაა ქცეული.

ჩვენ ადრე აღვნიშნეთ, რომ ქრისტიანულ სპირიტუალიზმს (აქ მართლმადიდებელი ეკლესიის ასკეტური გამოცდილება იგულისხმება) უნიკალურ ხასიათს თავმდაბლობის აუცილებლობის განცდა და ადამიანური ბუნების დაცემულობის წარმოჩენა ანიჭებს. როგორც წესი, ფსევდოქრისტიანული სათნოებების წარმოშობა სწორედ ამ ორი ელემენტის გადაგვარებით იწყება. ასკეტი მამები ერთხმად აღნიშნავენ, რომ არასწორი სულიერი ცხოვრების არსი ყველაზე ადეკვატურად „ხიბლისა“ და „ამპარტავნების“ ტერმინებით გამოიხატება. ამპარტავნება და ხიბლი კი სწორედ ქრისტიანული სპირიტუალიზმის ზემოთ ნახსენები ორი უმნიშვნელოვანესი ელემენტის უარყოფაა. ამპარტავანი ადამიანი თავმდაბლობას უარყოფს, რადგან თავის თავს მიაწერს ღვთის მიერ ნაბოძებ ყველა უნარს და დარწმუნებულია, რომ თავისთავად, ღვთის გარეშე შეუძლია სიკეთის აღსრულება; ხიბლში მყოფ ადამიანს კი საკუთარი ბუნების დაცემულობის განცდა აღარ აქვს, რადგან სულიერ, მადლისმიერ რეალობად აღიქვამს საკუთარი ვნებიანი ფსიქოსომატური ძალების მოქმედებას.

ადვილი მისახვედრია, რომ იქ, სადაც ადამიანური ბუნების დაცემულობის ცოდნა და განცდა იჩრდილება, საფუძველი ეცლება თავმდაბლობის აუცილებლობის სწავლებასაც. ამიტომაცაა, რომ ფსევდოქრისტიანული ფასეულობების წარმოშობის მიზეზი პელაგიანისტური სულის მომძლავრებაა. შემთხვევითი არაა, რომ რენესანსის ეპოქაში და მოგვიანებით, ე. წ. „ჰუმანისტური ქრისტიანობის“, ჰუმანიზმის, პროგრესიზმისა და სხვადასხვა ტიპის სოციალური უტოპიის წარმოშობის საფუძვლად პელაგიანისტური ტიპის სწავლებები გვევლინება. მართლაც, ამ ერესის მამამთავრის, პელაგიუსის, სწავლებით, ადამისა და ევას პირველქმნილ ცოდვას ადამიანური ბუნების დაცემა არ მოჰყოლია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მხოლოდ მიმბაძველობის გამო სცოდავენ და არა მემკვიდრეობით გარდამავალი ცოდვისმიერი მისწრაფებების ანუ ვნებების გამო. ფიქრობდა რა ასე, პელაგიუსი დარწმუნებული იყო, რომ პრინციპში ადამიანს შეეძლო ყოველგვარი ცოდვა აეცილებინა თავიდან. ცხადია, პელაგიანიზმი შინაგანი ლოგიკით იმის რწმენასაც გულისხმობს, რომ სწორი გადაწყვეტილებების მიღების პირობებში ადამიანებს საკუთარი ძალებით ნებისმიერი გონივრული სოციალური პროექტის განხორციელება შეუძლიათ დედამიწაზე. მოგვიანებით, მეცნიერების შთამბეჭდავმა განვითარებამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა პელაგიანისტურად განწყობილ ადამიანებს ქრისტიანობის სახელით დედამიწაზე მიწიერი სამოთხის აშენების უტოპიური ოცნება გაუჩინა. ასევე ცხადია, რომ თუ ჩვენი ბუნების დაცემულობის ფაქტს უგულებელვყოფთ, მაშინ ადამიანის განღმრთობა სხვა არაფერი გამოდის, თუ არა ძველი ადამის ღმერთთან პირდაპირ გატოლება მისი ბუნების მადლისმიერი განახლების გარეშე. თანამედროვე ჰუმანიზმის პათოსი ხომ სწორედ ესაა. მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიზმი ადამიანს ფაქტობრივად ღმერთის ადგილზე აყენებს, ის საოცრად გულგრილია კონკრეტული ადამიანის ბედის მიმართ, რადგან მას მხოლოდ აბსტრაქტული ადამიანის დაფასება და სიყვარული შეუძლია. ჰუმანიზმი თავს მხოლოდ კაცობრიობის სამსახურში მოიაზრებს, მისი სტიქია ფილანტროპიაა და არა მოყვასის ქრისტიანული სიყვარული. კაცობრიობის ჰუმანისტური აბსტრაქტული მსახურება არცთუ იშვიათად კონკრეტული ადამიანების ცხოვრების, ბედნიერების ნანგრევებზე აღესრულება. განა სისხლიანი რევოლუციები და რეპრესიული ტოტალიტარული სახელმწიფოები ხალხის ბედნიერების სახელით არ ხდება და შენდება?

შემთხვევითი არაა, რომ ევროპაში ჰუმანიზმის დაბადებას მალევე მოჰყვა ღმერთის დეისტური კონცეფცია, რომელიც განმანათლებლური მსოფლმხედველობის არსებითი ელემენტია. დეისტები ამტკიცებენ, რომ სამყაროს შექმნისთანავე ღმერთი აღარ ინტერესდება ადამიანური საქმეებით, ისინი უარყოფენ ღმერთის წინაშე პასუხისმგებლობას, ღვთაებრივი განგებულების მოქმედებას კაცობრიობის ისტორიასა და კერძო ადამიანის ცხოვრებაზე, საიქიო ცხოვრების არსებობას და ა. შ. დეისტები დედამიწის, თვით სამყაროს ერთადერთ მეურვედ ადამიანს მიიჩნევენ. ჰუმანისტურ იდეალებზე აღზრდილ, თავის ღვთაებრივ სიბრძნესა და ძალაში დარწმუნებულ განმანათლებელს საერთოდ აღარ სჭირდება ღმერთი და მას დეისტურ იზოლაციაში ათავსებს.

საკმარისია ქრისტიანმა საკუთარი ბუნების დაცემულობა დაივიწყოს, რომ ის მაშინვე თავს ანებებს საკუთარ ვნებებთან, ეგოიზმთან ბრძოლას და ქრისტეს სახელით მიწიერი კერპების შენებას იწყებს. მაგალითისთვის გავიხსენოთ გვიანდელი რომის პაპების პოლიტიკური ამბიციები ან თუნდაც ჩვენთან ახლოს მყოფი ცარისტული რუსეთი. თვით არაერთი დიდი რუსი მწერალი და მოაზროვნე (დოსტოევსკი, ბერდიაევი და სხვ.) აცხადებს, რომ მათი ბევრი თანამედროვე ფაქტობრივად მართლმადიდებლობას რუსული იმპერიის, რუსი „ცარის“ მსახურებასთან აიგივებდა, თვლიდა, რომ მართლმადიდებლობის მომავალი თითოეული ქრისტიანის მადლისმიერ ცხოვრებაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ „მესამე რომის იმპერიის“ პოლიტიკურ ძალისხმევაზე. ამ პოლიტიკური მესიანიზმით შეპყრობილი რუსული ხელისუფლება ზემოდან უყურებდა სხვა მართლმადიდებელ ხალხებს; უნდოდათ, ძალით მიეტაცებინათ კონსტანტინეპოლის ეკლესიის პატივი, ჩვენ, ქართველებს, არც კი გვთვლიდნენ ნამდვილ ქრისტიანებად; გააუქმეს ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია, ქართული წირვა-ლოცვა და თეთრად გადაღებეს ქართული ფრესკები. იქ, სადაც აღარ არის ნამდვილი ქრისტიანობა, ქრისტეს ადგილს „ქრისტიანი ხალხი“, „წმინდა იმპერია“, ნაციონალური მესიანიზმი, ჰუმანისტური იდეალები, დეისტური მსოფლმხედველობა და ა. შ. იკავებს.

ადამიანური ბუნების დაცემულობის პელაგიანისტური უგულებელყოფის გამო, სათნოებების გადაგვარების შემთხვევებს, ცხადია, მხოლოდ თანამედროვე ეპოქა არ იძლევა, ამის მაგალითს თავად ძველი აღთქმის წმინდა წერილი გვაწვდის. ღმერთმა აბრაამის შთამომავლები სხვა ხალხებისგან გამოარჩია, უბოძა მათ სჯული, აღთქმული მიწა, ეროვნული სახელმწიფოებრიობა, რათა სჯულის, მოყვასისა და სამშობლოს მსახურებით ღმერთს მიახლოვებოდნენ, კაცობრიობის სახსნელად მოვლენილი მესია სიყვარულით მიეღოთ და მის მცნებებს დამორჩილებოდნენ. ძველმა ებრაელებმა კი ისრაელის სიყვარული პოლიტიკურ, მესიანისტურ ნაციონალიზმად აქციეს, ცოცხალ ღმერთზე მეტად შეიყვარეს შაბათის წესები, იერუსალიმის ტაძარი, წინ წამოსწიეს ეთნიკური გამორჩეულობა და აბრაამის შვილობის სახელით ყველა ხალხზე აპირებდნენ გაბატონებას; იუდეველებს სჯულის მორჩილება ფარისევლობად და ფანატიზმად ექცათ, მღვდელმთავარმა კაიაფამ კი მაცხოვრის ჯვარცმა მოყვასისა და ებრაელი ხალხის სიყვარულით გაამართლა, გამოაცხადა რა სინედრიონის კრებაზე, რომ უმჯობესი იყო იესო მომკვდარიყო, ვიდრე ებრაელ ერს რაიმე პოლიტიკური საფრთხე დამუქრებოდა. ფარისევლებმა ყველაფერი, რაც ღმერთის მსახურებისთვის მიეცათ, მესიის წინააღმდეგ გამოიყენეს, თუმცა გარეგნულად სჯულის ყველა წესს ზედმიწევნით იცავდნენ და სულ ღვთის სათნოებები ეკერათ ბაგეებზე. იუდაიზმის ფსევდორელიგიურ პოლიტიკურ ნაციონალიზმად გადაგვარება ფარისევლებში ადამიანური ბუნების დაცემულობის სწავლების უგულებელყოფამ გამოიწვია. პავლე მოციქული ამბობს, რომ სჯულმა სიკეთისა და ბოროტების გარჩევასთან ერთად წყევაც მოიტანა, რადგან მისი სრულად აღსრულება ვერავინ შეძლო განკაცებული ღმერთის გარდა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სჯულის ერთ-ერთი დანიშნულება ძველ ებრაელებში ადამიანური ბუნების დაცემულობის განცდის გაძლიერებაც იყო, რათა საკუთარ უძლურებაში დარწმუნებულ აღთქმის ხალხს მთელი იმედი მომავალ მესიაზე გადაეტანა. მაგრამ იუდეველები, როგორც აღვნიშნეთ, სჯულის საშუალებით განა საკუთარი ბუნების დაცემულობაში დარწმუნდნენ, არამედ, პირიქით, მასში თავიანთი ეთნიკური და ანთროპოლოგიური რჩეულობის გარანტი დაინახეს და მესიისგან, უპირველეს ყოვლისა, რომაელების დაქვემდებარებისგან განთავისუფლებას და სხვებზე პოლიტიკურად გაბატონებას მოითხოვდნენ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ფსევდო და არაქრისტიანული რელიგიური ფასეულობები თავის საფუძველს პელაგიანისტურ სულისკვეთებაში პოულობს[3].

თუ ფასეულობები უმაღლესი ცხოვრებისეული მიზნისკენ მიმავალი გზის მთავარი ორიენტირებია, მაშინ ცხადია, რომ ჭეშმარიტი ფასეულობები მხოლოდ ქრისტიანულ სათნოებებსა და მცნებებს შეიძლება ეფუძნებოდეს. თანამედროვე საზოგადოების უდიდესი ნაწილი არათუ არ ემორჩილება ამ მცნებებს და არ ცხოვრობს სათნოებების მიხედვით, არამედ მათ აუცილებლობასაც ვეღარ ხედავს ან პირდაპირ უარყოფს მათ. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე საზოგადოება თავისი ფასეულობებით უკვე პირდაპირ უპირისპირდება ქრისტიანულ ღირებულებებს. როგორც მოსალოდნელი იყო, თანამედროვე ეპოქაში არაფერს ისე არ უგულებელყოფენ, როგორც თავმდაბლობის ქრისტიანულ გაგებას. თავმდაბლობის უარყოფის ტენდენციას მრავალფეროვანი გამოვლინება აქვს, რომელთა შორის ერთ-ერთი არასწორი ეკლესიოლოგიური პოზიციაცაა. ე. წ. „ლიბერალური ქრისტიანებისგან“ ხშირად ისმის იერარქიული, საკრამენტალური ქრისტიანობის ანუ ეკლესიისა და სულიერი მოძღვრისადმი მონასტრული მორჩილების ასკეტური პრაქტიკის კრიტიკა. ისინი ამბობენ, რომ ქრისტიანი არ საჭიროებს შუამავალს მასა და ღმერთს შორის (აქ, ცხადია, სასულიერო პირებსა და ეკლესიას გულისხმობენ) და სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებაში ადამიანური ღირსების დამამცირებელ ფაქტს – გონების უარყოფას ხედავენ. ადვილი დასანახია, რომ ამ შეხედულებების უკან ადამიანური შესაძლებლობების გადაჭარბებული რწმენა იმალება. ქრისტიანს ნამდვილად არ სჭირდება მასა და ქრისტეს შორის შუამავალი, მაგრამ მას ნამდვილად ესაჭიროება ეკლესიის საიდუმლოებებისგან მიღებული მადლი, რათა უფლის მცნებების ჭეშმარიტად აღსრულება შეძლოს. არც გონების აუცილებლობის უარყოფაა, როცა ასკეტი ბერი თავის სულიერ მოძღვარს ემორჩილება. როცა ავადმყოფი ექიმთან მიდის და მის დანიშნულებებს წინასწარი განსჯის გარეშე იღებს, ამით საკუთარ გონებას კი არ უარყოფს, არამედ ექიმის კომპეტენციასა და გამოცდილებას ენდობა. სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებაც მისი სულიერი გამოცდილებისადმი ნდობაა და არა საკუთარი გონების გამოყენებაზე უარის თქმა. ისევე, როგორც ექიმისადმი დაუმორჩილებლობას შეიძლება მოჰყვეს ფატალური შედეგი, ასევე საფრთხილოა მთლიანად საკუთარ თავზე მინდობა, როცა საქმე სულიერ ცხოვრებას ეხება.

ჩვენს ეპოქაში ყველაზე სასურველი სიტყვებია: V.I.P., „მაღალი რეიტინგი“, ცნობილი „ექსპერტი“ ან „სპეციალისტი“, „ჩემპიონი“, „გამარჯვებული“, „ცნობილი“ და ა. შ. არავინ უარყოფს საკუთარ საქმეში კომპეტენციის, ერუდიციის, გაწაფულობის აუცილებლობას, მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით, არასწორია, როდესაც ადამიანური ყოფის ერთადერთ ფორმად გამუდმებული შეჯიბრი, კონკურენცია და სხვაზე საკუთარი უპირატესობის აფიშირება ხდება. ღმერთმა ადამიანი უაღრესად სოციალურ არსებად შექმნა, მას თვით სამოთხეშიც კი არ შეუძლია მარტო ყოფნა. ადამიანები ისეთი ბუნებით არიან დაჯილდოვებულნი, რომ ისინი გამუდმებით გრძნობენ ერთმანეთთან თანამშრომლობის, ურთიერთშეწევნის, თანაგრძნობის, საერთო იდეალებისადმი თანამსახურების აუცილებლობას. კრებსითი სულიერება პიროვნების ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა, მაშინ როდესაც გამუდმებულ შეჯიბრს და კონკურენციას უმეტესწილად სტრესები, ტრავმები, უკიდურესად გამძაფრებული ეგოიზმი, ამპარტავნება ან კომპლექსები მოაქვს. ამას გრძნობს და ეს გამოცდილებით იცის ყველამ – წარმატებულმა თუ წარუმატებელმა, ფსიქოლოგმა და არაფსიქოლოგმა, განსაკუთრებით კი იმან, ვინც ბავშვების აღზრდითაა დაკავებული, რადგან თუ „ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია“, როგორც ამას ზოგიერთი ძველი ავტორი ამტკიცებს, ეს ყველაზე მეტად ბავშვებზე ითქმის. თანამედროვე საზოგადოება განსაკუთრებული გულგრილობით ეკიდება მოკრძალების ქრისტიანულ სათნოებას, რომელიც, სხვა გამოვლინებებთან ერთად, კდემამოსილებასა და ბუნებრივ სიმორცხვეში იჩენს თავს. კინო, ტელევიზია და მასმედიის სხვა საშუალებები აქამდე არნახული სითამამით აშუქებენ ადამიანის სხეულისა და კერძო ცხოვრების ყველაზე ინტიმურ ადგილებსა და მხარეს. ფროიდის გავლენით, ბევრი თანამედროვე პედაგოგი და უბრალო ადამიანი თვლის, რომ რაც უფრო ნაკლები აკრძალვები ექნება მოზარდს მშობლებისგან ადრეულ ასაკში, ის მით უფრო თავისუფალი გახდება მომავალში ნევროზების, ფსიქოზებისა და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემებისგან. ცხადია, ქრისტიანული ტრადიციული პედაგოგიკა, ისევე როგორც ყველა პედაგოგიკა, რომელიც გონივრულ პრინციპებს ემყარება, მოზარდზე უხეშად მოპყრობასა და ძალადობას უარყოფს, მაგრამ აკრძალვების სიმცირე მოზარდში საკუთარი ვნებებისადმი წინააღმდეგობის არგაწევის ჩვევას აჩენს, ქრისტიანული ასკეტიკის თანახმად კი, ვნებებს აყოლილი, შინაგან დისციპლინას მოკლებული ადამიანი, ყველაზე ხშირად ხდება სულიერი და ფსიქოლოგიური პრობლემების მსხვერპლი.

ალბათ, არცერთ სხვა წინა ეპოქაში ასეთი მეთოდურობითა და სინდისის ქენჯნის გარეშე არ ირღვეოდა უფლის მცნებები, რომლებიც უკავშირდება კერპების არშექმნას, კაცის კვლის აკრძალვას, მშობელთა პატივისცემას და ა. შ. როგორც ეს ჩვენს დროში ხდება. არასოდეს ასეთი საყოველთაო, რეკლამირებული, საზოგადოებრივ ცნობიერებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გაბატონებული არ ყოფილა „ცხოვრების დონის“, მატერიალური წარმატებისა და მიწიერი კომფორტის კერპი, როგორც ის ჩვენს ეპოქაშია. თანამედროვე საზოგადოების უდიდეს ნაწილს სწამს, რომ მიწიერი სამოთხის დამყარება მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესით, გლობალიზაციით, ლიბერალური დემოკრატიით, თავისუფალი ბაზრითა და სხვა თანამედროვე კერპებითაა შესაძლებელი. ქრისტიანული ღმერთი და ცათა სასუფეველი ჩვენმა ეპოქამ თანამედროვე კერპებით და მიწიერი, უტოპიური სამოთხით ჩაანაცვლა (ცხადია, აქ არავინ აყენებს ეჭვის ქვეშ ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვის აუცილებლობას და ლიბერალური ეკონომიკისა და პოლიტიკის ინსტრუმენტების ეფექტურობას და საჭიროებას; საქმე ისაა, რომ რწმენას მოკლებულ თანამედროვე საზოგადოებას ლიბერალური პოლიტიკის და ეკონომიკის პრინციპები ყველა სოციალური პრობლემის გადაჭრის ერთადერთ პანაცეად მიაჩნია); ლეგალიზებული აბორტი უამრავ ადამიანს საკუთარი შვილების მკვლელად ხდის; ქრისტიანული ოჯახის ტრადიციული ღირებულებების გაუფასურება და ე. წ. „იუვენალური იუსტიციის“[4] ხშირად აბსურდამდე მისული პრინციპები პირდაპირ წინააღმდეგობაშია მშობლების პატივისცემის ბიბლიურ მცნებასთან.

ჩვენი ეპოქის ფასეულობითი კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული, ყველაზე მტკივნეული გამოხატულება უდაოდ ტერორიზმია, რომელიც XXI საუკუნეში ცალკეულ, იზოლირებულ გამოვლინებებს გასცდა და მანამდე არნახული, წარმოუდგენელი სტატუსით – ტერორისტული სახელმწიფოს სახით მოგვევლინა. აქ, ცხადია, ე. წ. ისლამური სახელმწიფო იგულისხმება. ძნელი დასანახი არაა, რომ რადიკალური ისლამური ტერორიზმი თანამედროვე ეპოქაში მოძალებული სეკულარისტული ტენდენციებისადმი დაპირისპირების პათოლოგიური გამოვლინებაა. მოდერნულ ეპოქაში გაბატონებული სეკულარული მსოფლმხედველობის გამო, შეცდომით მიიჩნევენ, რომ ადამიანები, არიან რა რაციონალური არსებები, რეალურად მხოლოდ ამქვეყნიურ კეთილდღეობას ესწრაფვიან და ამიტომ მათთვის რელიგიური პრობლემატიკა იმდენად გადაიწევს უკანა პლანზე, რამდენადაც საზოგადოებაში მაქსიმალურად გავრცელდება თავისუფალი ბაზარი, გლობალიზაცია, პარლამენტარული ლიბერალიზმი, დემოკრატია, საყოველთაო ჯანდაცვა, განათლება, სოციალური თანასწორობა და ა. შ. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რელიგიურ ფასეულობათა უგულვებელყოფის პოლიტიკას საზოგადოებაში რელიგიურობის უარყოფა კი არ მოსდევს, არამედ ფუნდამენტალიზმისა და რელიგიური ტერორიზმის დაბადება. ტერორისტები, არიან რა თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის მტრები, თავს ესხმიან ზუსტად იმას, რასაც თანამედროვე ადამიანები ყველაზე მეტად აფასებენ – ამქვეყნიურ კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და მიწიერ კომფორტს. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ნობელის პრემიის ლაურეატი დიდი ფრანგი მწერლის ანატოლ ფრანსის 1908 წელს გამოქვეყნებული ცნობილი მოთხრობა „პინგვინთა კუნძული“. XX საუკუნის დასაწყისში ათეისტი მწერალი მოთხრობაში, რომელიც საფრანგეთისა და, ზოგადად, ევროპის ისტორიის უაღრესად მახვილგონივრულ პაროდიას წარმოადგენს, საოცარი შორსმჭვრეტელობით აღნიშნავს, რომ ჩვენს ცივილიზაციას ბოლო ეტაპზე ტერორისტული კოშმარის პერსპექტივა ელოდება.

ჩვენ ადრე უკვე აღვნიშნეთ, რომ რელიგიის შემდეგ ფასეულობათა სისტემის მეორე წყარო ფილოსოფიაა. იმ ღირებულებათა შორის, რომელთა დაფუძნებას ფილოსოფია ღმერთის იდეის გამოყენების გარეშე ცდილობს, ცხადია, მორალური ფასეულობებია. სეკულარული მორალის დაფუძნების მსურველ ფილოსოფოსთა რაოდენობა დიდია. ისინი მეტ-ნაკლები სიხშირით ყველა ეპოქაში გვხვდებიან უძველესი ანტიკური დროიდან დღემდე. ახალი და უახლესი დროის ფილოსოფია ასეთი მოაზროვნეების განსაკუთრებული სიმრავლითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც უტყუარი ნიშანია იმისა, რომ მათ მორალურ ფასეულობებსა და სისტემებს არ შეიძლება უნივერსალური და აბსოლუტური ხასიათი ჰქონდეს, ყველა მათგანი რელატივისტური ბუნების მატარებელია. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტური ღვთაებრივი ავტორიტეტის უარყოფის შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანური შეხედულება განპირობებულია თავად მოაზროვნის კონკრეტული გამოცდილებით, შინაგანი კულტურით, ხასიათით, მორალური მოტივებით, ეპოქალური შეხედულებებით და ა. შ. რელატივიზმი ამბობს, რომ ყველას, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, საკუთარი ჭეშმარიტება და ფასეულობები აქვს, ისინი, ყველა, ერთნაირად კარგია ან ერთნაირად ცუდი. ამ დროს ნებისმიერი მორალური ფასეულობა, საყოველთაობის ანუ აუცილებლობის სტატუსსაა მოკლებული და არსებობის უფლება შეიძლება მოიპოვოს პრაგმატული მოსაზრებებით შენიღბულმა საოცრად ეგოისტურმა და კაცთმოძულე მორალურმა პოზიციამაც კი (აქ, ალბათ, ბევრს გაახსენდება დოსტოევსკის ცნობილი გამონათქვამი: „თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია“). ჩვენ სტატიაში ამის რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ. ეს გვაფიქრებინებს, რომ ათეისტურ კონტექსტში ძალიან პრობლემურია, თუ საერთოდ შესაძლებელია, ყველასთვის მისაღები ან ქრისტიანული თვალსაზრისით სასურველი მორალური ფასეულობების დაფუძნება.

ქრისტიანული, თვით წმინდა ადამიანური თვალსაზრისით მიუღებელი მორალური ფასეულობების განხილვა შეგვიძლია აინ რანდის ნააზრევით დავიწყოთ. რანდს ეკუთვნის სკანდალური განცხადება, რომლის მიხედვით, თანამედროვე ეპოქაში მდიდარი არის წმინდანი, ღარიბი კი – ცოდვილი. რელიგიური ტერმინოლოგიის მიუხედავად, იგი ამ დებულებას ათეისტურ კონტექსტში ასაბუთებს. რანდი ამბობს, რომ შუა საუკუნეებში, როცა ადამიანებს გულუბრყვილოდ სჯეროდათ ცათა სასუფევლისა და ჯოჯოხეთის არსებობა, ისინი წმინდანს უწოდებდნენ ისეთ ადამიანს, რომელიც თავადაც სამოთხეში ხვდებოდა და სამაგალითო ცხოვრებით სხვებსაც იქ მიუძღვებოდა იგი; იყო არაამსოფლიური ადამიანი, რომელიც არად დაგიდევდა მიწიერი ცხოვრების სიამეთ და მთელ ცხოვრებას უპოვარებაში, მორჩილებასა და თავშეკავებაში ატარებდა. ცოდვილს კი მატერიალურ სიმდიდრეს უზომოდ დახარბებულ, ეგოისტ, მხოლოდ მიწიერ კეთილდღეობაზე მზრუნველ ადამიანს უწოდებდნენ. რანდი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ათეისტურ და ინდუსტრიალურ ეპოქაში სიტყვების – „მდიდარი“ და „ღარიბი“ მორალური შეფასება რადიკალურად უნდა შეიცვალოს. წარმოვიდგინოთ, წერს იგი, ენერგიული, ეგოისტი, მთლიანად პირად კეთილდღეობაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელიც დღესა და ღამეს გამდიდრებისთვის შრომასა და ფიქრში ატარებს; ასეთი მდიდარი ქმნის სამუშაო ადგილებს, ქირაობს თანამშრომლებს და უხდის მათ ხელფასს. ეს უკანასკნელნი კი იხდიან გადასახადებს, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს ავსებს. სახელმწიფო ამ ფულით აშენებს უნივერსიტეტებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, აგებს გზებს, ქირაობს პოლიციას, ინახავს ჯარს და ა. შ. რაც უფრო ბევრი მდიდარია ქვეყანაში, მით უფრო მდიდარია სახელმწიფო და მით უფრო კომფორტაბელური, დაცული და საამურია მოქალაქეთა ცხოვრება. რანდი ფიქრობს, რომ საზოგადოებაში, სადაც ღმერთი არ სწამთ, ადამიანებმა სამოთხე ზეცაში კი არ უნდა ეძიონ, არამედ მიწაზე ააშენონ და ამას მდიდარი ხალხი აკეთებს, ამიტომაც არიან ისინი წმინდანები; ხოლო რაც შეეხება ღარიბებს, მათ სოციალური დახმარება ესაჭიროება, ეს კი სახელმწიფოს ფული უჯდება, რაც სხვა მოქალაქეების ცხოვრების დონეს დაბლა წევს. ამიტომ მიიჩნევს რანდი ღარიბებს ცოდვილებად. როგორც ვხედავთ, ათეისტურ კონტექსტში არა მარტო ტრადიციული ფასეულობები კარგავს ძველ შინაარს, არამედ თვით სიტყვებიც იღებენ ახალ მნიშვნელობას.

როგორც ვხედავთ, აინ რანდი მნიშვნელობას ანიჭებს არა ადამიანური ქმედებების მორალურ მოტივებს, არამედ შედეგებს. თვით ყველაზე ეგოისტური მოტივებით აღსრულებული აქტი სიკეთედ და „წმინდად“ ითვლება, თუ მას კარგი შედეგი მოაქვს, კერძოდ, უფრო კომფორტაბელურს ხდის საზოგადოების მიწიერ ცხოვრებას. ასეთ მორალურ პოზიციას, სიტყვა „შედეგის“ ინგლისური შესატყვისის შესაბამისად, „კონსიქვენციალისტური“ ეწოდება. ასეთი მორალური პოზიცია „ბუნებრივია“ ათეისტისთვის, რადგან ის უარყოფს „ღვთის წინაშე ყოფნას“ და მისთვის რეალური მნიშვნელობა მხოლოდ აქტის შედეგებს აქვს. არსებობს კონსიქვენციალისტური მორალის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც უტილიტარიზმის სახელითაა ცნობილი. არც უტილიტარიზმი საჭიროებს ღმერთის იდეას თავისი მორალური ფასეულობების დასაფუძნებლად, თუმცა მისი მთავარი პრინციპი უფრო ნაკლებად ეგოისტურად ჟღერს, ვიდრე აინ რანდის შემთხვევაში. უტილიტარისტული პრინციპის მიხედვით, ავტომატურად კარგია არა ისეთი ქმედებები, რომლებიც ვინმე კონკრეტულ ადამიანს კანონიერად ამდიდრებს, არამედ ისინი, რომლებსაც მაქსიმალური ბედნიერება მოაქვს მაქსიმალური რაოდენობის ადამიანებისთვის. უტილიტარისტები ბედნიერებას სიამოვნებებთან აიგივებენ. რაკი მდიდრული და კომფორტაბელური ცხოვრებაც სიამოვნებათა წყაროა, უტილიტარისტული თვალსაზრისით, სიკეთედ ითვლება ყველა ქმედება, რომელიც მაქსიმალურად აუმჯობესებს მაქსიმალური რაოდენობის ადამიანების მატერიალური ცხოვრების დონეს. ერთი შეხედვით, გარეგნულად როგორი მომხიბლავიც არ უნდა გვეჩვენებოდეს უტილიტარული პრინციპი, მას ბევრ დადებით თვისებასთან ერთად ასევე ბევრი სერიოზული ნაკლიც აქვს. ამ ნაკლთაგან ჩვენ მხოლოდ უმთავრესზე შევჩერდებით. რაკი უტილიტარიზმი აბსოლუტურად სეკულარული მორალური სისტემაა ანუ თავისი დაფუძნებისთვის ღმერთის იდეას არ ითვალისწინებს, მას კონკრეტული ადამიანის მართებული დაფასება არ შეუძლია. უტილიტარიზმი, ვერ ხედავს რა ადამიანში ღვთის ხატებას და შესაქმის გვირგვინს, მას მხოლოდ კოლექტივის ნაწილად და, აქედან გამომდინარე, მასზე უფრო დაბლა მდგომ რეალობად აღიქვამს. უტილიტარიზმისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია კოლექტივის კეთილდღეობა, ვიდრე კერძო პიროვნების ბედნიერება და, პრინციპში, უტილიტარისტული პრინციპი არ გამორიცხავს, რომ კოლექტიური კეთილდღეობა სწორედ კერძო პიროვნების ინტერესების ხარჯზე განხორციელდეს. შემთხვევითი არაა, რომ დიდი სოციალური კრიზისების, მაგალითად, ომების ან ტოტალიტარული რეჟიმების მძვინვარებისას უტილიტარული პრინციპი უაღრესად მახინჯ ფორმებს იღებს, როცა უმრავლესობის რეალურ ან მოჩვენებით კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას კერძო ადამიანების სიცოცხლე, ბედნიერება და უფლებები ეწირება. უტილიტარისტული პრინციპი განმარტებაშივე გულისხმობს, რომ კოლექტივი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდი, ამიტომ ის ფასეულობები, რომლებიც პიროვნებას უკავშირდება, ყოველთვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, როცა საზოგადოებას კრიზისული დრო უდგას, საზოგადოდ, ეს პრობლემა საერთოა ყველა იმ მსოფლმხედველობრივ და მორალურ ფასეულობათა სისტემებისთვის, რომლებიც პიროვნული ღმერთის იდეას არ ეფუძნებიან.

სეკულარული მორალური სისტემა სულაც არაა აუცილებელი საზოგადოების კეთილდღეობაზე იყოს ორიენტირებული, როგორც ამას რანდის ლიბერტარიანისტულ და ბენთამის უტილიტარისტულ სისტემებში ვხედავთ. ამის საუკეთესო მაგალითია ძალიან ძველი და უაღრესად გავრცელებული ჰედონისტური მსოფლმხედველობა. ჰედონიზმი ფილოსოფიურ სახელმძღვანელოებში ეპიკურეს სახელს უკავშირდება, მაგრამ ის უდავოდ უფრო ძველია, რადგან შეუძლებელია მანამდე არავის გაეიგივებინა ბედნიერება უბრალოდ პირადი სიამოვნებასა და ტკივილის არარსებობასთან. ჰედონიზმი არად დაგიდევთ არც ღმერთის იდეას და არც საზოგადოებრივ კეთილდღეობას; მისი ფილოსოფიის მთავარი პრინციპია – მაქსიმალურად გაიზარდოს პირადი სიამოვნება ისე, რომ მინიმუმამდე დავიდეს ტკივილი; შესაბამისად, ის პირველს სიკეთეს უწოდებს, მეორეს კი ბოროტებას. როცა ადამიანი არად აგდებს არც ღვთაებრივ ნებას და არც საზოგადოებას, ძალიან ადვილია, რომ მან საკუთარი თავი მხოლოდ ხორციელ სიამოვნებებთან გააიგივოს. როგორც მოსალოდნელია, ეს ხდება რეალურ ცხოვრებაში და სწორედ ამას ეფუძნება ჰედონისტების სკანდალური ისტორიული რეპუტაცია.

ჩვენ ზემოთ უკვე ვახსენეთ დოსტოევსკის ცნობილი ფრაზა: „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია“. ცხადია, დიდ მწერალს ამით იმის თქმა სურდა, რომ ღმერთის უარყოფის შემთხვევაში საერთოდ შეუძლებელია მორალის დაფუძნება. დოსტოევსკის მიხედვით, იგი ამ აზრს განსაკუთრებული სიცხადით „დანაშაულსა და სასჯელში“ გადმოსცემს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ მორალი კონვენციონალური ანუ მხოლოდ ადამიანების შეთანხმების პროდუქტი გამოდის და ამიტომ სულაც არაა აუცილებელი, რომ მას შინაგანად ყველა ეთანხმებოდეს ან ემორჩილებოდეს. „დანაშაულის და სასჯელის“ მთავარი პერსონაჟი რასკოლნიკოვი ფიქრობს, რომ კონვენციონალურ მორალს მხოლოდ სუსტი უმრავლესობა ემორჩილება, ძლიერი, გამოჩენილი პიროვნებები კი მას თამამად არღვევენ, როცა რევოლუციური სიახლე მოაქვთ და დიდ სასახელო საქმეებს აღასრულებენ. ძალიან ნიშანდობლივია ის სცენა, როდესაც რასკოლნიკოვი ზოგადსაკაცობრიო პროგრესის სახელით ორ მოხუც ქალს ნაჯახით მოკლავს და დასაწყისში ამ საზარელ მკვლელობას კი არ განიცდის, არამედ იმას, რომ ნაპოლეონივით „დიდი კაცი“ არ აღმოჩნდა, რადგან სინდისის ქენჯნა დაეწყო. რასკოლნიკოვი საკუთარ თავზე ბრაზდება, რომ არ შეუძლია, გულგრილად გადაიტანოს ისეთი წვრილმანი დეტალები, როგორც „პატარა ადამიანების“ მოკვლაა, როცა საქმე დიდი მიზნების აღსრულებას ეხება.

დოსტოევსკის ამ მოსაზრებამ სრული ფილოსოფიური განვითარება ნიცშეს იმორალისტურ ფილოსოფიაში ჰპოვა. პირად ცხოვრებაში ნიცშე სულაც არ ყოფილა ამორალური პიროვნება. მისი ფილოსოფიის იმორალიზმი იმაში მდგომარეობს, რომ იგი მორალს, განსაკუთრებით ქრისტიანულს, არა მარტო კონვენციონალურად მიიჩნევდა, არამედ უაღრესად ნეგატიურ ისტორიულ ფენომენადაც. ნიცშე თვლის, რომ იუდაიზმისა და ქრისტიანობის გაჩენამდე ადამიანებში სწორ ღირებულებათა სისტემა არსებობდა. მაშინ „კარგს“ ეძახდნენ იმას, რაც გამარჯვებულ, ძლიერ, ამაყ, სხვაზე დომინაციის სპონტანურად, შეუზღუდავად გამომხატველ ადამიანს უკავშირდებოდა, ცუდი კი დამარცხებულის, სუსტის, წარუმატებლობის გამო ბოღმით სავსე ადამიანის ხვედრი იყო. ნიცშე ამბობს, რომ დამარცხებულმა, დამცირებულმა ადამიანებმა ვერაგული განზრახვით გამოიგონეს ახალი სიტყვები – „კეთილი“ და „ბოროტი“, შექმნეს მორალი და რელიგია, რათა დაესუსტებინათ და შური ეძიათ ძლიერ ადამიანებზე. ნიცშე საკუთარი მოსაზრების სასარგებლოდ ამბობს, რომ თუ ჩვენ სხვადასხვა ენაში „კარგისა“ და „ცუდის“ სინონიმებს დავაკვირდებით (ქართულში ესენია: „კეთილშობილი“, „მდაბალი“, „დიდებული“, „უგვანო“ და ა. შ.), ვნახავთ, რომ ამ სიტყვებს ყველგან სოციალური მდგომარეობის კონოტაცია აქვს, ე. ი. „კარგი“ და „ცუდი“ მხოლოდ ძლიერს და სუსტს უკავშირდებოდა, მორალთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა და მათ მხოლოდ ებრაულმა რელიგიურობამ მისცა მორალური შინაარსი. ნიცშეს თავისი პოზიციის განსამტკიცებლად პატარა ბავშვებისა და სიცრუის არგუმენტებიც მოჰყავდა. ის ამბობს, რომ პატარა ბავშვები, რომლებიც დაუმახინჯებლად ავლენენ ადამიანურ ბუნებას, სამყაროს დასახასიათებლად მხოლოდ „კარგს“ და „ცუდს“ იყენებენ და მოგვიანებით არასწორი აღზრდით დამახინჯებულები, იძულებულნი ხდებიან „კეთილისა“ და „ბოროტის“ მორალურ დიქტატს დაემორჩილონ. ის იმასაც ამბობდა, რომ აბსოლუტურად შეუძლებელია გონივრულად დაასაბუთო, რატომაა სიმართლე სიცრუეზე კარგი, რადგან ყოველი ჩვენგანი ძალიან ხშირად მოხვედრილა ისეთ სიტუაციაში, როცა სიმართლის ან სრული სიმართლის თქმა არამიზანშეწონილია, რადგან ეს შეიძლება გარკვეული საფრთხის შემცველი იყოს ან ბოროტი შედეგი მოიტანოს. ცხადია, რომ ნიცშეს არგუმენტებს მხოლოდ ათეისტურ კონტექსტში ეძლევა აზრი, ეს კი, როგორც ადრე უკვე აღვნიშნეთ, ზოგადად პრობლემატურს ხდის ღმერთის რწმენის არარსებობის შემთხვევაში მორალის დაფუძნების შესაძლებლობას. ალბათ ამიტომაცაა, რომ თვით ისეთი არარელიგიური ტემპერამენტის მქონე ადამიანმაც კი, როგორიც ვოლტერი იყო განაცხადა, „ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ის უნდა გამოგვეგონა“.

ადრე არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ ღირებულებათა სისტემის მესამე წყარო ხელოვნებაა. ხელოვნება, ეს განსაკუთრებით წინა ეპოქებს ეხება, მხატვრული ხერხებით განადიდებს გარკვეულ სათნოებებს, იქნება ეს მეგობრობა, ერთგულება, სიყვარული, სამშობლოსადმი თავდადება და ა. შ. უძველეს ეპოქებში ხელოვნება უმეტესწილად საკულტო იყო. მისი სიუჟეტი, მოტივები, ემოციები რელიგიითაა შთაგონებული. ამის მაგალითებია ფსალმუნნი, წარმართული რელიგიური ჰიმნები, ძველი ბერძნული ტრაგედიების დიდი ნაწილი, ბიზანტიის და შუა საუკუნეების ევროპის ხელოვნება და ა. შ. მოგვიანებით, ხელოვნების მთავარი თემები გახდა მეფეები, გმირები, საგმირო, სასახელო საქმეები, ქალის სიყვარული და მეგობრობა; რეალიზმი დაინტერესდა ყოფითი ცხოვრებით და უბრალო ადამიანების პრობლემებით; ავანგარდულმა ხელოვნებამ წინ წამოსწია აბსტრაქტული სიუჟეტები და გამომსახველობითი ხერხები; პოსტმოდერნული ხელოვნება კი საერთოდ უარყოფს წინა ეპოქების ფასეულობებს, სიუჟეტს, ფრაგმენტებს შორის ლოგიკური და შინაარსობრივი კავშირების აუცილებლობას და ა. შ. ზოგიერთი ავტორი, მაგალითად, ტოლსტოი და რასკინი, ფიქრობენ, რომ ხელოვნების ისტორია მისი დეგრადაციის ისტორიაა და ზოგიერთი დიდი ხელოვანის ნაწარმოებებს მორალური და ღირებულებითი თვალსაზრისით საშიშადაც კი მიიჩნევენ. ზოგადად, რელიგიასა და ფილოსოფიაში ცოტა არაა ისეთი ავტორების რიცხვი, რომლებიც ხელოვნებას ეჭვის თვალით უყურებენ, ზოგი კი, პირიქით, მის დადებით მნიშვნელობას ენერგიულად წარმოაჩენს. ქრისტიან ავტორთაგან ხელოვნებას ყველაზე უფრო ასკეტი მამების გარკვეული ნაწილი აკრიტიკებს. მათ მიაჩნიათ, რომ საერო ხელოვნება მხოლოდ დაცემულ ადამიანს იცნობს, მისი ვნებების რაფინირებული აღწერა კი უფრო მიმზიდველს ხდის მკითხველში ამ უკანასკნელს და მის გულში გამოძახილს ჰპოვებს. მათი აზრით, საერო ხელოვნებას, ისევე როგორც ამ სოფელს და მის ცდუნებებს, ადამიანის მხოლოდ ღმერთისგან დაშორება შეუძლია. ხელოვნებაზე არასახარბიელო შეხედულება მხოლოდ ასკეტი მამების ნაწილს არ აქვს. მაგალითად, დიდი პროტესტანტი თეოლოგი კარლ ბართი რადიკალურად უარყოფდა ფილოსოფიის, ხელოვნებისა და საერთოდ, კულტურის როლს ღმერთის შემეცნების საქმეში და, აქედან გამომდინარე, ზოგადად თეოლოგიაში. ამის საპირისპიროდ, უდიდეს ღვთისმეტყველთა დიდი ნაწილი კლასიკურ ლიტერატურას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს პედაგოგიური თვალსაზრისით. ამ აზრის დასადასტურებლად კლიმენტი ალექსანდრიელის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, ნეტარი ავგუსტინეს და ა. შ. სახელები გამოდგება. თანამედროვე მამათაგან ამ თვალსაზრისით სერაფიმ როუზი გამოირჩევა. მაგალითად, ნეტარი ავგუსტინე წერს, რომ კლასიკურ ლიტერატურაში გადმოცემულ სათნოებებს ძლიერი მორალური იმპულსის მიცემა შეუძლია ქრისტიანებისთვის. როცა ქრისტიანი ახალგაზრდა ხედავს, როგორი თავგანწირვის, სამშობლოს სიყვარულის, სიმამაცისა და ერთგულების მაგალითებს იძლევიან წარმართები, ეს მას აფიქრებინებს, რომ ქრისტიანს კიდევ უფრო მეტი სათნოებების აღსრულება მოეთხოვება. სერაფიმ როუზი კი ფიქრობს, რომ სანამ ბავშვი სულიერად იმდენად გაიზრდება, რომ საეკლესიო ხელოვნებით ჭეშმარიტ სულიერ ტკბობას შეძლებს, სასურველია მას დიდი ხელოვნების ნიმუშები შევაყვაროთ. ის დაცული იქნება ამგვარად, მაგალითად, თუ ადამიანს ბავშვობიდან შევაყვარებთ ბახის ან მოცარტის მუსიკას ან დიკენსის ნაწარმოებებს, ეს მას ცუდი მუსიკისა და ლიტერატურის გავლენებისგან დაიცავს.

ისევე როგორც რელიგიური ავტორების შემთხვევაში, ფილოსოფოსთა შორისაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ხელოვნების მიმართ. კრიტიკულად განწყობილთაგან ყველაზე ცნობილი, რა თქმა უნდა, პლატონია. პლატონი ხელოვნებას იმას უწუნებდა, რომ ის, მისი აზრით, ღმერთისა და საგანთა იდეალური არსის შესახებ არასწორ შეხედულებებს აყალიბებს და ქვენა ადამიანური გრძნობების გაღვივებას უწყობს ხელს. მისი მოწაფე არისტოტელე კი ამის საპირისპიროდ ფიქრობს, რომ ხელოვნებას კათარსისის ანუ ადამიანის განწმენდის ფუნქცია აკისრია. მისი აზრით, ხელოვნებაში გაცილებით უფრო ნათლად იკვეთება, ვიდრე ისტორიულ ამბავში, რომ სიკეთეს საბოლოოდ ბედნიერება მოაქვს, ბოროტებას კი უბედურება და რომ ადამიანის ცხოვრებას შემთხვევითობები კი არ განსაზღვრავს, არამედ მისი ხასიათი ანუ ბუნებად ქცეული ჩვევები. ახალი ეპოქის არაერთი ფილოსოფოსი იმდენად მაღლა აყენებდა ხელოვნების დანიშნულებას, რომ ფაქტობრივად მისით ცდილობდა რელიგიის ჩანაცვლებას. ასეთები იყვნენ, მაგალითად, შოპენჰაუერი, ნიცშე, ფროიდი და ა. შ. ხელოვნებით რელიგიის სუბსტიტუციის არასწორ იდეას რომ თავი დავანებოთ, ცხადია, რომ ხელოვნების მიერ მხატვრულად გადმოცემულ სათნოებებს ანუ ფუნდამენტურ ცხოვრებისეულ ფასეულობებს დიდი დადებითი როლის შესრულება შეუძლია პედაგოგიური თვალსაზრისით. ამასთან, თავად ბევრი დიდი ხელოვანი ხედავდა, რომ ღმერთის რწმენის გარეშე, როცა რომელიმე სათნოება თვითმიზნად იქცევა, ამან შეიძლება ადამიანი სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდოს ან მისი დეგრადაციის ფაქტორად იქცეს. ამის თვალსაჩინო მაგალითებს იძლევა სერვანტესის „დონ კიხოტი“, აბატი პრევოს „მანონ ლესკო“ შექსპირის „მეფე ლირი“, ბალზაკის „მამა გორიო“ და ა. შ. (ამ სიის გაგრძელება, ცხადია, კიდევ შეიძლება). ისევე როგორც რელიგიასა და ფილოსოფიაში, ხელოვნებაშიც ღმერთის არასწორი რწმენის ან ურწმუნოების გამო ფასეულობებს ფსევდოფასეულობებად გადაქცევის დიდი საშიშროება ემუქრება.

დასასრულს გვსურს, ჩვენი სტატიის მთავარი იდეები შევაჯამოთ. ყოველი კულტურა მისთვის დამახასიათებელი ფასეულობების ერთობაა. ამ ფასეულობათა გენერაციის წყაროებია: რელიგია, ფილოსოფია და ხელოვნება. ჭეშმარიტი კულტურა ანუ ფასეულობათა სისტემა შეუძლებელია რელიგიურ ხასიათს არ ატარებდეს, რადგან მიზნები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების უმაღლეს საზრისს განსაზღვრავს, მხოლოდ რელიგიურ ტერმინებში პოულობს ადეკვატურ გამოხატულებას. ქრისტიანული ფასეულობების გადაგვარებას ორი მთავარი მიზეზი აქვს. ეს არის პელაგიანისტური შეხედულებების განმტკიცება ან კულტურული საფუძვლების სეკულარიზაცია. ღმერთის იდეის გარეშე შეუძლებელია უნივერსალურობის პრეტენზიის მქონე მორალური სისტემის თვით თეორიული დაფუძნებაც კი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ათეისტურ კონტექსტში კულტურა საზოგადოების მაფორმირებელ გავლენას მხოლოდ ტრადიციულ ფასეულობათა ინერციულ ერთგულებაზე აფუძნებს. თუკი ეს ინერცია საფრთხის ქვეშ დადგება, როგორც ეს პოსტმოდერნისტულ საზოგადოებაში ხდება, მაშინ ტრადიციულ ფასეულობათა საბოლოო დეგრადაცია თავად კულტურის არსებობას დააყენებს კითხვის ქვეშ.

________________________________________________

[1] არისტოტელე თვლის, რომ ყველა ფენომენი ოთხი მიზეზის მიხედვით უნდა იქნეს შესწავლილი. ესენია: მატერიალური, ეფექტური, ფორმალური და ტელეოლოგიური. თუ ამ მიზეზებს საცხოვრებელი სახლის კერძო მაგალითის კონტექსტში განვიხილავთ, მაშინ მისი მატერიალური მიზეზი სამშენებლო მასალა გამოვა, ეფექტური – მშენებლები, ფორმალური – არქიტექტურული ჩანაფიქრი, ტელეოლოგიური კი – მისი დანიშნულება ანუ საცხოვრებელი ადგილი. ბერტრან რასელს ჩვენ მიერ ზემოთ უკვე ნახსენები აზრის საილუსტრაციოდ, ანუ იმის საჩვენებლად, რომ თანამედროვე მეცნიერება და მასზე დაფუძნებული მსოფლმხედველობა ტელეოლოგიურ მიზეზს უგულებელყოფს და მხოლოდ წინა სამ მიზეზს იკვლევს, დარვინის თეორია და ნიუტონის ციური მექანიკა მოჰყავს. მაგალითად, არისტოტელე იმ ფაქტს, რომ ბევრ ძუძუმწოვარა ცხოველს წინა კბილები ბასრი აქვს, უკანა კი – ბლაგვი, ან იმას, რომ იხვს ფეხის თითები აპკით აქვს შეერთებული, ღმერთის იმ ტელეოლოგიური ჩანაფიქრით ხსნის, რომ ცხოველებმა წინა კბილები ლუკმის მოსაკბეჩად უნდა გამოიყენონ, უკანა კი – დასაღეჭად და რომ იხვს ეს აპკი წყალში მოხერხებულად საცურაოდ ჭირდება. ასევე, არისტოტელე ციური სხეულების მოწესრიგებული, ჰარმონიული მოძრაობის ტელეოლოგიურ მიზეზს თეოლოგიურ ტერმინებში გამოხატავს. თანამედროვე ბიოლოგია და ასტრონომია კი ყოველგვარ ტელეოლოგიურ წინარე ჩანაფიქრს უკუაგდებს და ზემოხსენებულ ფაქტებს ევოლუციის თეორიითა და ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონების საშუალებით ხსნის. არავინ უარყოფს სამყაროს და სიცოცხლის წარმოშობის ფიზიკური და ბიოლოგიური კანონებით ახსნას, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენს ეპოქაში ღმერთის იდეისა და ტელეოლოგიური მიზეზების უფრო და უფრო უგულებელყოფამ ძალიან გააღარიბა თანამედროვე ადამიანების მსოფლმხედველობრივი შეხედულებები.

[2] სპირიტუალიზმი ისეთი რელიგიურ–ფილოსოფიური მოძღვრებაა, რომელიც ბოროტების სათავედ მატერიას, კერძოდ, ადამიანის სხეულს მიიჩნევს. სპირიტუალიზმი ადამიანური ცხოვრების მიზანს სხეულისა და სხეულებრივი მოთხოვნილებებისგან განთავისუფლებაში ხედავს. ისევე როგორც ნეოპლატონიზმი, აღმოსავლური სპირიტუალიზმიც აცხადებს, რომ ადამიანის განღმრთობა მისი ინდივიდუალობის გაქრობას და ღვთაებრივ არსში შთანთქმას გულისხმობს.

[3] ცხადია, პელაგიანისტური სულისკვეთება  ყოველთვის არსებობდა ცალკეულ მორწმუნეებში, მაგრამ მან დოქტრინალური ფორმა V საუკუნის ავტორის – პელაგიუსის ერეტიკულ მოძღვრებაში შეიძინა.

[4]საზოგადოდ, ტერმინით „იუვენალური იუსტიცია“ აღინიშნება სამართლებრივი ნორმები და ინსტიტუციები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არასრულწლოვანთა უფლბების დაცვის, მათზე ზრუნვისა და დანაშაულის შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის იურიდიულ საფუძველს ქმნის. სხვადასხვა ქვეყანაში, განაკუთრებით რუსეთში, ხშირად იწერება და საუბრობენ იუვენალური იუსტიციის თანამედროვე პრაქტიკის წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებს აკრიტიკებენ. იუვენალური იუსტიციის მოწინააღმდეგენი ფიქრობენ, რომ ამ კანონმდებლობაზე დაყრდნობით სახელმწიფო ხშირად უხეშად, გაუმართლებლად  ერევა ცალკეული ოჯახების ცხოვრებაში და მშობლებს უფლებას ართმევს, შვილები ტრადიციული ფასეულობების მიხედვით აღზარდონ.

Print Friendly

Comments are closed.