ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის შესახებ

10/05/2018
By

qriste-agsdga_3ავტორი: ოთარ მუშკუდიანი

დასაწყისშივე უნდა ითქვას, რომ “წილხვდომილობა” არ არის მისტიკური მნიშვნელობის მქონე სიტყვა, არამედ, სრულიად პრაგმატული შინაარსის მატარებელია და აღნიშნავს იმას, თუ კენჭისყრის შედეგად ვის, რომელ ქვეყანაში უნდა ექადაგა (ეხარებინა). სწორედ ეს იყო მოციქულების უშუალო მოწოდება. წმ. წერილიდან ჩანს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოწოდება არ იყო სახარების სიტყვიერი ქადაგება, რა თქმა უნდა, იგი თავისი უწმინდესი ცხოვრებით, ხორცს ასხამდა სახარებისეულ იდეალს. ასევე აუცილებელია ითქვას, რომ წმ. წერილის გარდა, ეკლესიაში არსებობს წმ. გარდამოცემა. მაგალითად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ, წმ. გარდამოცემიდან ვიცით მისი “მიძინება”, “ტაძრად მიყვანება”, “შობა”, რომელიც საყოველთაო, მსოფლიო სწავლებაა ეკლესიაში და ეს საყოველთაოობა ასახულია ხატწერაში. მთელს მსოფლიოში არსებობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების, ტაძრად მიყვანების და შობის ფრესკები, ხატები. მაგალითად, ხარების დღესასწაულის შესახებ ცნობები წმ. წერილშია. ხოლო, რაც შეეხება “ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილების” საკითხს, იგი არაა საყოველთაო გარდამოცემის ნაწილი, არამედ მის შესახებ ცნობები (ერთმანეთისაგან განსხვავებული), ძირითადად, ეყრდნობა ქართლის ცხოვრებას და წმ. სტეფანე ათონელის წიგნს “გონითი სამოთხე”. აი, რას ვკითხულობთ ამ წიგნში: “მოციქულებმა წილი ყარეს, თუ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყვნენ საქადაგებლად, ყოვლადწმიდამ თქვა: “მნებავს მეც ვიყარო წილი თქვენთან ერთად, რომ არც მე დავრჩე ჩემი წილხვედრი ქვეყნის გარეშე, რომელიც უფლის ნებით მეუწყება მე. “ამ წილისყრის შემდეგ მარიამს წილად ხვდა იბერიის ქვეყანა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მზად იყო სულიწმინდის გარდამოსვლისთანავე წასულიყო იბერიის ქვეყანაში, მაგრამ ღვთის ანგელოზმა უთხრამას, არ განშორებოდა იერუსალიმს”. ქართლის ცხოვრება ასე აღწერს ამ ამბავს: “უფლის ამაღლების შემდეგ, როცა მოციქულებმა წილი-იგდეს, მაშინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს წილად ხვდა “მოქცევაი ქვეყანისა საქართველოისა” ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ჩვენებით ეჩვენა მისი ძე, რომელმაც უთხრა, რომ იგი არ უგულებელსყოფდა ერსა მას საზეპუროსა “უფროის ყოველთა ნათესავთა” მისითა მეოხებითა. “ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა და თანა წარატანე ხატი იგი ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკუნისამდე ჟამთა”. ეს ორი თხრობა ეწინააღმდეგება ერთმანეთს. პირველის მიხედვით, თითქოს ანგელოზმა უთხრა ღვთისმშობელს, რომ დარჩენილიყო იერუსალიმში, მეორის მიხედვით კი, უფალმა იესო ქრისტემ. ამ საკითხზე თუ რაიმე მსჯელობას ვაწარმოებთ, ძირითადად ზემოთ მოყვანილი წყაროების მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. ვინც ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის აპოლოგეტია, ყველა ამ წყაროებს იხმობს, მაგრამ უცნაურია, რომ სწორედ ამ თხრობებშივე, ღმერთი აუქმებს ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობას ( უშუალოდ თვითონ ან ანგელოზის მეშვეობით). აბსურდთან გვაქვს საქმე. ორი ვერსია უნდა განვიხილოთ, სხვა ვერსია არ რჩება. წმ. სტეფანე ათონელის წიგნის „გონითი სამოთხის“ მიხედვით, ღვთისმშობელმა თვითონვე მოისურვა წილხვდომილობა, რაზეც ანგელოზმა, უფლის სახელით უარი განუცხადა, თუმცა ტექსტში ნათქვამი იყო, თითქოს ღვთისმშობელმა თქვა, რომ „უფლის ნებით“ ეუწყებოდა თუ რომელ ქვეყანაში ხვდებოდა წილად ქადაგება, ამის მერე შეხვდა იბერიის ქვეყანა, შემდგომ, ისევ „უფლის ნებით“ შეჩერდა წილხვდომილობის განხორციელება. როგორი აბსურდი გამოვიდა, ერთის მხრივ, თითქოს ღვთისმშობელს ღმერთმა მოუწოდა საქადაგებლად (საწილხვედროდ) და ამის შემდეგ, თვითონ ღმერთმავე გააუქმა თავისი ბრძანება. „გონით სამოთხეში“ ამით ამოიწურება ეს ამბავი და ჩვენთვის ნაცნობი გაგრძელება აღარ აქვს. ეპისკოპოსმა პორფირი უსპენსკიმ ეს მონათხრობი შეადარა 11 ძველ წყაროს, რომლებიც დედა ღვთისმშობელზე მოგვითხრობენ (მათ შორის ევსევის, სოკრატეს, სოზომენის, ევაგრეს, წმიდა ანდრია კრიტელის, წმიდა სვიმეონ მეტაფრასტისა და სხვების ნაშრომებს) და დაასკვნა, რომ “ათონის მთაზე დედა ღვთისას მოგზაურობა სანდო წყარო არ იყო. არცერთ მათგანში ნახსენები არ არის, რომ ყოვლადწმიდა ქალწული ათონზე იმყოფებოდა; პირიქით, თითოეული მათგანი დანამდვილებით ადასტურებს, რომ მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ის მიძინებამდე სიონში იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა და მხოლოდ მისი მიძინების შემდგომ წავიდა მოციქული ეფესოში…” ხოლო „ქართლის ცხოვრებაში“ გაგრძელება ასეთია, რომ თითქოს ანდრიამ მოციქულმა გადაიბარა ქადაგების ფუნქცია, მაგრამ ერთი პირობით, როგორც თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ბატონი ედიშერ ჭელიძე ამბობს, იმის მიუხედავად, რომ ანდრია მოციქულმა შეითავსა ღვთისმშობლის ეს ფუნქცია, ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილება მაინც რჩება და არ გაუქმებულა. კითხვაზე, თუ რას ნიშნავს წილხვდომილობა მაინც რჩება, როცა ის რაღაც აბსტრაქტული კატეგორია კი არა, კონკრეტული პიროვნების მიერ, კონკრეტულ ქვეყანაში მახარებლობისკენ მოწოდებაა, ბატონი ედიშერი ამბობს, რომ ეს საიდუმლოებაა და ადამიანური მსჯელობით ვერ ჩავწვდებით.
ეკლესიის მამათაგან, ვინც ოდესმე შეხებია სახარების გავრცელების და მოციქულთა ქადაგების საკითხებს, არც ერთს უხსენებია ღვთისმშობლის წილი ამ მისიაში. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი: ევსები კესარიელი III -IV სს მოღვაწეა, იგი აღიარებულია საეკლესიო ისტორიის მამად, მის ნაშრომს უდიდესი ავტორიტეტი აქვს. ნეტარი თეოდორიტე კვირელი (V ს) თავის ” საეკლესიო ისტორიის” წინასიტყვაობაში მის შესახებ წერს: ,,ევსები პალესტინელმა ეკლესიებში მომხდარი მოვლენები აღწერა წმინდა მოციქულთა ისტორიიდან მოყოლებული ღვთივსათნო კონსტანტინეს ზეობამდე, მე კი ამ აღწერის დასასრულს (ჩემი) ისტორიის დასაწყისად გავხდი.“
“ასეთი იყო იუდეველთა მდგომარეობა; მაგრამ როდესაც ჩვენი მაცხოვრის წმინდა მოციქულები და მოწაფეები მთელ მსოფლიოში გაიფანტნენ, როგორც გადმოცემა გვამცნობს, თომას წილად ხვდა პართია, ანდრიას კი – სკვითია, იოანეს – ასია, სადაც გაატარა მთელი ცხოვრება და აღესრულა ეფესოში, პეტრემ კი, უქადაგა გაფანტულობაში მყოფ იუდეველებსპონტოსა და გალატიაში, კაბადოკიის ბითვინიასა და ასიაში; ბოლოს კი ჩავიდა რომში, სადაც თავდაყირა ჯვარს აცვეს, რადგან ითხოვა ამ სახით ვნების ღირსი გამხდარიყო. რა უნდა ითქვას პავლეს შესახებ, რომელმაც აღასრულა ქრისტეს სახარება იერუსალიმიდან ილირიკიამდე და ბოლოს, ნერონის დროს რომში ეწამა. ამას სიტყვასიტყვით გადმოსცემს ორიგენე “შესაქმის” განმარტების მესამე ტომში”. ( ევსები კესარიელი, საეკლესიო ისტორია, წიგნი III თავი I. ძველი ბერძნულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ზურაბ ჯაშმა. გამომცემლობა “ახალი ივირონი” 2007 წელი)
ღვთისმშობელს საქართველოში ქადაგება რომ ხვდომოდა წილად, ეს ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა, რომ ევსები კესარიელი აუცილებლად ახსენებდა წიგნის ამ ნაწილში, მით უმეტეს, ეხება იმ საკითხს თუ ანდრია მოციქულმა სად იქადაგა და რა თქმა უნდა, სწორედ აქ უნდა ეთქვა, რომ ანდრიამ საქართველოში ღვთისმშობლის მაგივრად იქადაგა.
ამბობენ, რომ ეს საქართველოს ეკლესიის ტრადიციაა და არა ქართველ ავტორებთან ამიტომ არ არის ცნობები. კახეთის დედოფალ წმინდა დიდმოწამე ქეთევანის შესახებ ცნობებმა თითქმის მთელი ევროპა მოიცვა და “ყოველთა დედუფლის” შესახებ ასეთი მნიშვნელოვანი ცნობა მარტო საქართველოში როგორ მოიპოვება? დავუშვათ, რომ საქართველოს ტრადიციაა. რუის-ურბნისის ძეგლისწერა ხომ ქართულია? მასში ვკითხულობთ, “…მოციქულები, როგორც იმ სიმართლის მზის შარავანდედნი მოეფინენ ქვეყნის კიდით კიდეს და უღმრთო კერპთაყვანისმცემლობის გონებაარეულობის ყველა ნაყოფი სულიერი მახვილით მოჭრეს… მოციქულთაგან ერთი – პირველწოდებული ანდრია, მოციქულთა თავის, პეტრეს ძმა ჩვენამდე მოვიდა, სახარების საცხოვნებელი ქადაგება მთელ საქართველოში იქადაგა, ერის ურიცხვი სიმრავლე ორმაგი ეშმაკეულობის საცთურისგან განაშორა და ასწავლა ერთი ღმერთის, ქრისტეს და მათი თანაარსის სულიწმიდის თაყვანისცემა. ქართლის უმრავლესმა ერმა დიდი დროის შემდეგ დაივიწყა მოციქულის ქადაგება და კერპთა საცთურს დაუბრუნდა.
….. ვინმე ტყვე დედაკაცმა, რომელსაც ნუნნა კაპპადუკიელს უწოდებენ ჩვენში არსებული საეკლესიო მოთხრობები, თავისი სარწმუნოების მიმართ ნიშებშემოსილი სასწაულების საკვირველთმოქმედებით მიიზიდა ქართველთა სრული მოდგმა”. (რუის – ურბნისის ძეგლისწერა) სად უნდა ეხსენებინა ძეგლისწერის ავტორს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა თუ არა აქ, მაგრამ….
წყაროებთან დაკავშირებით კითხვა ჩნდება, მაგალითად, წმინდა გიორგის და წმინდა ნიკოლოზის შესახებ არცერთი ისტორიული წყარო არაფერს ამბობს და ამიტომ მათი არსებობაც უნდა უარვყოთ? ამაზე უნდა ითქვას, რომ ეკლესიაში ისტორიული წყარო არც არასდროს ყოფილა გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი რაიმეს არსებობის ან არ არსებობის დასადასტურებლად, ეკლესიაში უმთავრესია თავად მსოფლიო ეკლესიისვე მოწმობა, წმ. გიორგის და წმ. ნიკოლოზის ამბავი იმიტომაც არის ჩვენთვის სარწმუნო, რომ მას მსოფლიო ეკლესია აღიარებს, რაც დასტურდება იმით, რომ მათი ხსენების დღეს მსოფლიო ეკლესია ზეიმობს, მთელს მსოფლიოშია მათი ფრესკები და გადმოცემები მათი ცხოვრები შესახებ.
ასევე დაისვა კითხვა, უამრავი ისტორიული ფაქტია, რომლის შესახებაც ერთადერთი „ქართლის ცხოვრება“ გვაწვდის ცნობებს.
რა ვქნათ, ყველაფერი გამონაგონად და ლეგენდად გამოვაცხადოთ? მაგალითად, ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისა“. შეიძლება მასში აღწერილი მოვლენები უცხოურ ისტორიულ წყაროებში არ გვხვდებოდეს ( ბუნებრივია ამის მოლოდინი არც გვაქვს) და ეს ცნობა სანდოდ ჩავთვალოთ, მაგრამ სახარების პირველადი ქადაგების მისია არ არის რომელიმე ერის ვიწრო ნაციონალისტური ინტერესის საგანი. ამ ლოგიკით, რომსა და ანტიოქიაში პეტრე მოციქულის მისიონერული ღვაწლის შესახებ საქართველოში არაფერი უნდა დაწერილიყო და პეტრე მოციქულზე ცნობები მხოლოდ ანტიოქიურ და რომაულ წყაროებში უნდა გვხვდებოდეს.
ვიცით, რომ ნამდვილი ოთხი სახარებაა, ხოლო უმეტესი ე.წ. სახარებებისა აპოკრიფულია, უმთავრეს ქრისტიანულ წმინდა წიგნებს თუ შეიძლება რომ აფოკრიფები მიეტმასნოს, მით უმეტეს შეიძლება იგივე მოხდეს წმინდანთა ცხოვრებასთან და ადგილობრივ გარდამოცემებთან დაკავშირებითაც. სავარაუდოდ აქაც მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
ასევე, მნიშვნელოვანია, თუ როდის იწერებოდა ქართლის ცხოვრება. მაშინ, როდესაც მუსულმან დამპყრობელთა გამო, რელიგიურად და პოლიტიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო საქართველოში.საფიქრებელია, რომ მსგავსი ამბები სულიერი სიმტკიცისა და გამხნევებისთვის იწერებოდა.
ასე, რომ ჩვენთან ღვთისმშობელს არ უქადაგია (არც სხვაგან უქადაგია, ეს არ იყო მისი მოწოდება) და შესაბამისად საქართველო არაა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და რომც ყოფილიყო რას ცვლის ეს ქრისტიანის სულიერ ცხოვრებაში?! ჩვენთან კი, ვიცით რაც შეცვალა, რა განწყობები წარმოშვა, ქრისტიანთა ცხოვრებაში ამ ლეგენდარულმა, ადგილობრივმა გადმოცემამ. „ჩვენ გვწამს ის, რაც, ყველგან, ყოფელთვის და ყველას (ქრისტიანებს) სწამდა“. წმ. ბიკენტი ლირიკიელი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისადმი სწორი დამოკიდებულება დაგვეხმარება სულიერ ცხოვრებაში, ქრისტიანად ყოფნაში.

 

წყარო

Print Friendly

Comments are closed.