ნათლის მისტერია და აღდგომის ლიტურგია

30/04/2016
By

agdgoma1-874x492

ავტორი: იეროდიაკვანი ლეონიდე ებრალიძე

  1. ნათლის თემა სადღეღამისოდან წლიურ ციკლამდე

ანტიკურ კულტმსახურებაში ნათლის თემა საკმაოდ ცნობილია, ზოგადად ღვთაებრივის კავშირი სინათლესთან სიბნელის ქვეცნობიერ შიშს უკავშირდება, მაგრამ ასევე სამოთხიესული ხსოვნის გამოხატულებაა, რომ ყოველივე ღვთაებრივი არის მსგავსი სინათლისა – აქ არ არის გაურკვევლობა, სიბნელე, შიში, იმის საშიშროება რომ შესაძლოა წინ უფსკრულია, რომელსაც ვერ ხედავ. ჯერ კიდევ რიგვედაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ სინათლის ულამაზესი ჰიმნები, ისევე როგორც  ნებისმიერ რელიგიასა თუ მითოლოგიაში შევხვდებით სინათლის თემასთან დაკავშირებულ ღვთაებასა თუ კულტმსახურებას[1].

რა თქმა უნდა გამონაკლისი არც იუდაური ტრადიციაა, აქ ყოველდღიურ (საყოფაცხოვრებო) ლიტურგიაში სინათლის მსახურება ყოველ პარასკევს აღესრულება. შაბათის დადგომამდე,  მზის ჩასვლამდე მინიმუმ თვრამეტი წუთით ადრე, სანთელი ინთება და წარმოითქმის კურთხევა: „კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო ჩვენო, სამყაროს მეუფეო, რომელმაც განგვწმინდე შენი მცნებებითა და წესად განგვიჩინე შაბათის სინათლეთა ანთება“. გარდა შაბათის სანთლების ანთებისა იუდაური ლიტურგია იცნობს სინათლის კულტმსახურების განსაკუთრებულ, სადღესასწაულო რიტუალსაც, რომელსაც ხანუქას დღესასწაული მოიცავს – შვიდსანთელას ანთებისას წარმოითქმება კურთხევა:  „კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო ჩვენო, სამყაროს მეუფეო, რომელმაც განგვწმინდე შენი მცნებებითა და წესად განგვიჩინე ხანუქას სინათლეთა ანთება[2].

ალბათ კაცობრიობის შორეული წინაპრების განსაკუთრებული დამოკიდებულება სინათლის კულტთან თანამედროვე ადამიანისთვის შედარებით რთულად გასაგებია, ჩვენთვის ხომ საკმარისია ხელის მარტივი მოძრაობა იმისთვის, რომ მთელი საცხოვრებელი თუ საკულტო სივრცე განათდეს.  ელექტრიფიკაციამდე კი საჭირო იყო თითოეული კანდელისა თუ სანთლის ანთება, რაც განსაზღვრულ დროსა და მოქმედებას ითხოვდა და მთელ პროცესს ერთგვარ რიტუალად აქცევდა. ამ მატერიალური და იმატერიალური ნათლის კულტმსახურებების ფონზე მართლაც ელვასავით გაისმა ქრისტეს სიტყვები: „მე ვარ ნათელი სოფლისა“ (იოან. 8:12), არა რამ აბსტრაქტული, არც რამ შემუსვრადი და წარმავალი, არამედ ეს საოცარი ძალის მქონე „მე ვარ“. ამ წამიდან ნათლის მსახურება იქცა ქრისტიანთა ლიტურგიული ცხოვრების თემად, რომელიც მსჭვალავს მათ ყოველდღიურ თუ სადღესასწაულო ლიტურგიულ ციკლებს. რაზედაც მინიშნებებს ჯერ კიდევ ტერტულიანესთან (აპოლოგია, 39,18) და მოციქულთა განწესებებში ვხედავთ.

წმ. გრიგოლ ნოსელი აღწერს რა თავისი დის, მაკრინეს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ნაშრომში „მაკრინეს ცხოვრება“, თავისდაუნებურად მოგვითხრობს ნათლის ყოველდღიური მსახურების შესახებაც. მაკრინეს გარდაცვალების წინა საღამოს, როდესაც ის უკვე ძალიან სუსტად გრძნობდა თავს, გრიგოლი გამოთქვამს მასთან დარჩენის სურვილს, მაგრამ მაკრინე მას აგზავნის ტაძარში რათა ფსალმუნებით მადლობა შესწიროს ღმერთს ნათლისათვის, ხოლო მომდევნო საღამოს, როდესაც შემოაქვთ ანთებული კანდელი, გრიგოლი აღწერს მაკრინეს სურვილს – ილოცოს და მადლობა შესწიროს ღმერთს, მაგრამ უძლური ამას უხმოდ აკეთებს[3].

არქიმანდრიტი რობერტ ტაფტის აზრით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „მაკრინეს ცხოვრებაში“ აღწერილი სინათლის ლოცვა მიგვანიშნებს კესარია-კაბადოკიაში ფართოდ გავრცელებულ უძველეს ქრისტოლოგიურ, სამწუხრო ჰიმნზე Φς λαρόν[4], რომელსაც ჯერ კიდევ ბასილი დიდი თავის ტრქატატში „სული წმიდის შესახებ“ (29,73) უძველეს ჰიმანდ მოიხსენიებს, იმდენად ძველად რომ მისი ავტორის დასახელებაც კი არ შეუძლია. ტრადიცია ამ საგალობელს კი მღვდელმოწამე ათენოგენს[5] მიაწერს[6]. Φς λαρόν  ქართულ თარგმანში ასე ჟღერს:

«ნათელო მხიარულო წმიდისა დიდებისა უკვდავისა მამისა ზეცათასა. წმიდისა ნეტარისაო იესო ქრისტე. მოსრულნი დასვლასა მზისასა მხილველნი ნათლისა სამწუხროსა ვაქებთ მამასა, და ძესა, და წმიდასა სულსა ღმერთსა. ღირსმცახარ ყოველსა ჟამსა გალობად შენდა ხმითა ტკბილითა ძეო ღმრთისაო ცხოვრების მომცემელო, რომლისათვისცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს»[7].

სულაც არ არის შემთხვევითი, რომ „ნათელო მხიარულო“ სამწუხრო მსახურებაშია ჩასმული – ის რომ საცისკრო მსახურებაში ჩაგვერთო, იქცეოდა მზის ჰიმნად, როგორც ერთ დროს უგალობდნენ მას პაგანები, მაგრამ როდესაც საყდარი მკრთალადაა განათებული კანდელთა მოციმციმე შუქით, როდესაც სამყაროში ნელნელა ეშვება საღამოს სიჩუმე და ღამის სიბნელე, „სამწუხრო ნათლის“ გალობით ჩვენ ვმოწმობთ, რომ მოწოდებულნი ვართ მარადის ვჭვრიტოთ ეს ნათელი, რამეთუ ჩვენთვის, ქრისტიანთათვის ნათელი ჭეშმარიტი და ნათელი დაუვალი იესო ქრისტეა: «საღამო დღის ვარდნაა, ჟამი სიბნელისა და ცოდვისა, ამიტომ საღამოს მსახურება უგალობს ქრისტეს როგორც სინათლეს სიბნელეში. „ნათელო მხიარულოს“ გალობაში ადამიანი ელის მიღმიერ ცხოვრებას, მაგრამ ამავე დროს ამავე ნათლისაგან იგი უკვე არის წარმართული მარადიული დღის განთიადისკენ»[8]. სახარებაში სიკვდილი შედარებულია ძილს (მთ. 9:24), ქრისტეს მიერ ამ ძილისაგან გამოღვიძებულთ მარადიული სიცოცხლე ელის (1თეს.4:14-17). მარადიული დღის ამ მოლოდინში ბიზანტიურმა ღვთისმსახურებამ დასახელებული სინათლის ჰიმნი ძილად გამზადებულ ქრისტიანთათვის აღდგომის ნათლის ყოველდღიურ ხსოვნად შეინახა.

იუდაური ლიტურგიის მსგავსად გარდა ნათლის ყოველდღიური მსახურებისა, რომელიც არის ყოველდღიური გახსენება მარადიული ნათლისა, ქრისტიანულმა ლიტურგიამაც დააკავშირა ის  განსაკუთრებულ, სადღესასწაულო მომენტებთან. უძველეს ქრისტიანულ წყაროებში იუსტინე მარტირიდან მოყოლებული (1 აპოლოგია 61,8) ნათლობის საიდუმლო, რომელიც აღდგომის ღამეს აღესრულებოდა მოხსენიებულია როგორც Φωτισμός (განათლება) და ეს ტერმინი ისეთივე მჭიდრო კავშირშია აღდგომის მისტერიასთან, როგორც თავად ნათლობა, ანუ Φωτισμός არის საკვანძო ნიში ნათლობასა და აღდგომასა შორის  პავლესეული კავშირისა (რომ.6:3-4), რაც რაღა თქმა უნდა იეროსალიმიტური ლიტურგიის სააღდგომო ჰიმნოგრაფიაშიც აისახა (რომლის დიდი ნაწილიც ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახა): «მოვედით უფლისა, მიიღეთ ნათელი და პირსა თქვენსა არა ჰრცხუენეს, რამეთუ რომელნი მის თანა დავეფლენით, მის თანაცა ავდგეთ განთლებულნი სულისაგან წმიდისა, რამეთუ მან უძლურებანი ჩვენნი იტვირთა და ცოდვანი ჩვენნი თავს-ისხნა…»[9].

როდესაც ვსაუბრობთ აღდგომის, როგორც ნათლის გამოცდილებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეს არის არა ლამაზი ალეგორია, არამედ რწმენაში რეალური გამოცდილება. თუ ფერისცვალების ნათლის ხილვა მხოლოდ რჩეულთათვის გახდა შესაძლებელი და შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ მათაც კი ვერ ჭვრიტეს ის, აღდგომასთან ერთად ამ ნათლის ხილვა ყოველი ქრისტიანისათვის არა მხოლოდ მისაღწევი შესაძლებლობა, არამედ თანადროულად ჯილდოც არის და დასახული მიზანიც, ამრიგად ცხადი ხდება სააღდგომო ჰიმნოგრაფიაში ასე ხშირად გაჟღერებული ნათლის თემის მნიშვნელობა. ერთის მხრივ აღდგომის ნათელი არის ზოგადი განათლება კაცობრიობისა, რომელიც  იყო აჩრდილთა შორის სიკვდილისათა (ეს.9:2): «ძელმან ჯვარისა შენისამან ქრისტე ღმერთო, ჯოჯოხეთი წარმოტყვენა. აღდგომამან შენმან უფალო განანათლა მყოფნი ბნელისანი, ყოვლადძლიერო მაცხოვარ, დიდება შენდა»[10], ქრისტეს აღდგომა იქცა ქმნილებისათვის ნათელთან დაბრუნების შესაძლებლობად: «რომელი დაეფალ გულსა ქვეყანისასა და მესამესა დღესა ასდეგ, განანათლენ დაბადებულნი თუისნი, ნათელო სოფლი[საო[11], ამასთანავე მთელის ეს მისტერია არ აღესრულება მხოლდ მესამე პირში, თავადაც ვართ  მისი მონაწილენი: «ნათელი გამოგვიბრწყინდა ჩუენ ცხოვრებისა – ჯვარი შენი, უფალო, რამეთუ ამით დასთრგუნე ამპარტავნება მტერისა და განგვანათლენ ჩვენ აღდგომითა შენითა»[12].

თუ ყოველდღიურ სამწუხრო მსახურებაში აღდგომის ნათლის გახსენება Φς λαρόν-ია საცისკრო მსახურებაში, ამ როლს დიდ დოქსოლოგიაში ჩართული ფსალმუნის სიტყვები ასრულებს: «ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი(ფს.35.10), მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა». ეს გალობა საცისკრო მსახურების კულმინაციაა და მიუხედავად იმისა, რომ წესით დღის ნათელი უკვე შემოსული უნდა იყოს, ტაძარში სანთლები მაინც ინთება, ნიშნად იმისა, რომ ამ ჰიმნით არა მხოლოდ განთიადისთვის, არა მხოლოდ მზის სინათლისთვის, არამედ იმ სინათლისთვის ვდიდებისმეტყველებთ, რომელსაც ადამიანის ტრანსფორმაცია, განახლება  შეუძლია: «ხოლო შენ ჯუარითა შეხუედ და წარმოსტყვენე ჯოჯოხეთი და განაახლე ადამი და მყოფთა ბნელისათა ნათელი გამოუბრწყინვე»[13].

ადამიანი სწორედ საღმრთო სინათლეში გარდაიქმნება და ეს სინათლე წმინდა წერილის ენაზე არის ცეცხლი – მკვეთრი ნიშანი თეოფანიისა[14], ნიშანი განწმენდისა[15], ღვთის რისხვისა[16] (ღვთის „რისხვა“ არის ტრანსფორმაციის, მტკივნეული ცვლილების დაწყების მანიშნებელი წინასწარმეტყველება), ღვთის დიდებული სამსჯავროსი[17]. აქვე ვხვდებით ცეცხლის საკულტო დანიშნულებასაც – ის არის იარაღი ადამიანის ღმერთთან ურთიერთობისა, რომელშიც საღმრთო დიდება შეიწირავს (წვავს) სამსხვერპლოზე მიძღვნილს[18].

ამრიგად კიდევ უფრო გასაგები ხდება ნათლის მისტერიაში ცეცხლის როლი გასაგები ხდება თუ რატომ ვერ ჩაანაცვლა საბოლოოდ ელექტრონათურამ კანდელი: «ცეცხლი არის სინათლე, ნიშანი ძველის დარღვევისა და სასიხარულო საწყისი ახალი ქმნილებისა, ის არის განწმენდა და ტრანსფიგურაცია»[19].

ზოგადად ეკლესია მოწოდებულია ქრისტეში სამყაროს განწმედისკენ, ის სხვადასხვა ლიტურგიკულ ქმედებებში აკურთხებს მატერიას მისი საწყისი ელემენტების სახით. გრიგოლ ნოსელის მიხედვით შეოქმედებით ჩანაფიქრში ოთხივე მატერიას არა დამარღვეველი, არამედ აღმაშენებელი ძალა ჰქონდა, სწორედ ოთხმა ელემენტმა საღმრთო კურთხევით მიიღო სამყაროს ფორმა, მაგრამ ცოდვის დაცემის შემდეგ ოთხი ელემენტი ოთხ სტიქიად იქცა. კიდევ გავიმეორებთ, რომ აღდგომის სადღესასწაულო განგებაში ცეცხლის, როგორც ნათლისა და ტრასნფიგურაციის ძალის მისტერია მჭიდრო კავშირშია იერუსალიმთან, პირველად სააღდგომო ნათლის აღმობრწყინება ხომ სწორედ იერუსალიმში მოხდა. ლეგენდის თანახმად, ესქატოლოგიური ნიშანი იქნება, როდესაც აღარ „გადმოვა“ ცეცხლი წინასააღდგომოდ – და მართლაც, ჭეშმარიტად ესქატოლოგიური ნიშანი იქნება, თუ ეკლესია ოდესმე შეწყვეტს აღდგომის ნათლის მახარებლობას. როგორც ვნახეთ ეს თემა აისახა კიდეც იერუსალიმურ ჰიმნოგრაფიაზეც, მაგრამ არა მხოლოდ მისტიური ნათლის სახით, არამედ ნათლის მატერიალური მნიშვნელობითაც, რომელშიც ხდება ცეცხლის სტიქიის განწმენდა (ამბობენ, რომ იერუსალიმში სააღდგომო ცეცხლი რამდენიმე წუთის განმავლობაში არ წვავს). ამრიგად იერუსალიმის ეკლესია სააღდგომო სიხარულში გალობდა: «განვაბრწყინნეთ ერნო ლამპარნი ჩვენნი»[20] და თუ ყოველდღიურობაში ლამპართა განბრწყინება რიტუალურ სახეს ღებულობდა, ცხადია ეს უფრო მეტად ლიტურგიკული წლის კულმინაციაზეც აისახებოდა.

  1. იეროსალიმიტური ლიტურგია

ნათლის სულიერი მნიშვნელობისა და ცეცხლის სიმბოლური დანიშნულების გამორკვევის მცდელობის კვალდაკვალ შეგვიძლია ნათელი მოვფინოთ სააღდგომო ლიტურგიაში ცეცხლის (ნათლის) მსახურებასაც. რა თქმა უნდა არ შევეხებით ე.წ. „წმინდა ცეცხლის“ წარმომავლობის საკითხს, რამდენადაც ისტორიული მოწმობები მისი წარმომავლობის შესახებ სამ ნაწილად ჯგუფდებიან: 1) მოწმობები, რომლებიც აღწერენ ცეცხლის კურთხევის რიტუალს ყოველგვარი სასწაულის გარეშე(მათ შორის უძველესი – ეგერიას დღიურები); 2) მოწმობები რომლებიც ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე აკავშირებენ ცეცხლს სასწაულთან; 3) მოწმობები, რომლებიც გადმოსცემენ ეგზალტირებული თვითმხილველების ან გაუთვითცნობიერებელი გარე პირების თვითწინააღმდეგობრივ, ორაზროვან და ბუნდოვან ცნობებს (ასეთი მოწმობები რაოდენობრივად სხვებს აჭარბებს).

ამდენად მიგვაჩნია რა, რომ ისტორიიდან სასწაულების გამორიცხვა შეუძლებელია, ისევე როგორც იმის წარმოდგენა, რომ ღმერთი სქოლასტიკური მონდომებით ყოველწლიურად აგზავნის ზეციდან ცეცხლის ალებს, შევეცდებით გვერდი ავუაროთ ამ საკითხს და შემოვიფარგლებით მხოლოდ უშუალოდ ლიტურგიკული წყაროებით, რომელნიც გადმოსცემენ სააღდგომოდ ცეცხლის კურთხევის წესს, რომელიც სხვადასხვა სახით დღემდე შემორჩა ზოგიერთ ბერძნულ (განსაკუთრებით იერუსალიმის საპატრიარქოში) და რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში.

1959 წელს მღვდელ მიხეილ თარხნიშვილის რედაქტორობით Corpus Scriptorum Christianorum Orientalum-ის,  Scriptores Iberici-ს სერიაში  გამოიცა იერუსალიმური ლექციონარი[21] ქართული ხელნაწერების მიხედვით[22]. ლექციონარის ტექსტებს თავად თარხნიშვილი V-VIII საუკუნეებით ათარიღებს და რამდენადაც უძველესი იეროსალიმიტური კანონარების კომპარატიული გამოცემაა მისით ვისარგებლებთ (ჩვენი თემა არ არის ტექსტებისს კრიტიკულ-ფილოლოგიური შესწავლა, ამიტომ წარმოვადგენთ სტრუქტურას).

დიდი შაბათის მწუხრი სტრუქტურულად ასეთ სახეს იღებს:

  • მზის დასვლისას ეპისკოპოსი მღვდლები და დიაკვნები შევლენ  წმიდასა ანასტასიას დაჰკრძალნენ კარნი და გაამზადებენ სამ საცეცხლურს.  ითქმის კვერექსი და ლოცვა. ეპისკოპოსმა დაასხას თვისითა ხელითა საკმეველი და დიაკვნებთან და მღვდლებთან ერთად იწყება პირველი პროცესია ფსალმუნის გალობით „შენდა შუენის გალობა ღმერთო“ (ფს.64). ეკლესიის გარშემო ლიტანიის შემდეგ მოვლენ აღსავალსა საკურთხევლისასა,  ეპისკოპოსი იტყვის ფსალმუნს, ხმა ბ: „აწ აღვდგე იტყვს უფალი“ (ფს. 11:6); დასდებელი:  „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა რამეთუ დასაბამი მისი მაღალ“ (ისა. 42:10). კვერექსი და ეპისკოპსი იწყებს ფსალმუნს: „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა“  (ფს.95:1).
  • იწყება მეორე პროცესია, რომელიც ისევ ბრუნდება წინაშე აღსავალსა საკურთხევლისასა, ეპისკოპოსი ამბობს ფსალმუნს, ხმა გ: „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ“ (ფს.112:2). დასდებელი: „აქებდით ყრმანი უფალსა, აქებდით სახელსა უფლისასა“ (ფს.112:1). კვერექსი და ეპისკოპოსი იწყებს ფსალმუნს: „უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველი ქმნა უფალმან“ (ფს.97:1)
  • იწყება მესამე პროცესია, რომელსაც წინა ორის მსგავსად დაასრულებენ აღსავალსა სკურთხევლისასა. კვერექსი და საეპისკოპოსო ლოცვა.
  • ეპისკოპოსისა და ძმების მშვიდობის ამბორი, რის შემდეგაც «ეპისკოპოსმან აკურთხოს სანთელი ახალი და აღანთნენ სანთელნი და კანდელნი და კარნი განახვენ»[23].

უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ხელნაწერებში არსებულ სხვაობათა მიუხედავად, მათ უმრავლესობას აერთიანებს მოცემული სტრუქტურა (სამგზის პროცესია ფსალმუნებითა და კვერექსით და სანთლის და კანდლის კურთხევა და ანთება), ანუ სააღდგომო იეროსალიმიტურ ლიტრგიაში წყაროთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ აღდგომის დადგომის წინ იკურთხება ცეცხლი.

  1. განგება აღდგომისა[24]

ნათლის (ცეცხლის) მისტერიის მნიშვნლობა არც ბიზანტიური განგებიდან გამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ მან სიმკვეთრე დაკარგა (დღევანდელ ქართულ პრაქტიკაში, სლავურის კვალდაკვალ ის სამწუხაროდ საერთოდ დაკარგულია). შევეცდებით ბიზანტიურ ანთოლოგიონებზე დაყრდნობით გადმოვაქართულოთ აღდგომის ღამის ეს ულამაზესი და გამომსახველობითი მსახურება, რომესლაც ბერძნული ეკლესიები დღემდე იყენებენ:

შუაღამიანის კითხვისას ტაძარში სანთლები და კანდელები (ყველა სინათლე) სრულიად ჩამქვრალია[25], მხოლოდ ტრაპეზზე ანთია ერთი კანდელი[26]. შუაღამიანის დასრულებისთანავე სრული შესამოსლით შემოსილი მღვდელი (თუ მწირველი ეპისკოპოსია, მაშინ მღვდლის ყველა სათქმელსა და ყველა მოქმედებას ასრულებს ეპისკოპოსი) აანთებს კერეონს ტრაპეზზე მდგარი კანდელიდან, გამოდის ამბიონზე და მოუწოდებს ძმებსა და დებს:

მოვედით მიიღეთ ნათელი ნათლისა დაუვალისა და ადიდეთ ქრისტე აღმდგარი მკვდრეთით![27]

ტაძარში მყოფნი გადაუკიდებენ საკუთარ კანდელებსა და სანთლებს წინამძღვრის მიერ ტრაპეზიდან გამობრძანებული კერეონიდან და გაემართებიან ტაძრის გასავლელისკენ, მას შემდეგ რაც ყველა აანთებს საკუთარ სანთელს, წინამძღვარი აიღებს სახარებას და თავის კერეონს, დიაკვანი კმევით მიუძღვის წინ და გადიან ტაძრიდან, გუნდთან ერთად, გალობით:

აღდგომასა შენსა ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა, და ჩვენცა ღირს გვყვენ ქვეყანასა ზედა, წმინდით გულითა დიდებად შენდა.

„აღდგომასა შენსა“ იგალობება, სანამ პროცესია მთლიანად არ გავა ტაძრიდან და ტაძრის კარი არ დაიხშვება. დაკეტილ ტაძარში რჩება მხოლოდ ერთი მსახურთაგანი, რომელსაც ევალება აანთოს ყველა სანთელი და კანდელი, ხოლო ტაძარის შუაში დადაგას ერთი დიდი ანთებული სასაკმევლე ბევრი საკმევლით. ტაძრის გარეთ, დაკეტილი კართან დგებიან მღვდელი და დიაკვანი, ხალხით გარშემორტყმულნი. მღვდელი სახარებას დაასვენებენ  წინასწარ გამზადებულ ანალოგიაზე.

დიაკვანი: ღირსყოფად ჩვენდა სმენად წმიდისა სახარებისა, უფალსა ღმერთსა ჩვენსა ვევედრნეთ.

გუნდი:  უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).

დიაკვანი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.

მღვდელი:  მშვიდობა ყოველთა.

გუნდი:  და სულისაცა შენისათანა.

მღვდელი:  მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.

დიაკვანი:  მოხედეთ.

მღვდელი:  ხოლო მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის. და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა ესერა გარქუ თქუენ. ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა. და ვითარ-იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ, წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე[28].

გუნდი: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.

აქედან იწყება სააღდგომო ცისკარი, მღვდელი უკმევს სამ გზის ანალოგიაზე დასვენებულ  სახარებას და ხმამაღლა ამბობს:

დიდება წმიდასა და თანაარსსა და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღვდელი: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი (1 გზის).

გუნდი: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი (2 გზის).

მღვდელი კითხულობს შემდეგ მუხლებს, რომლებსაც გუნდი ურთავს „ქრისტე აღდგა…“

მღვდელი: აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.

გუნდი: ქრისტე აღდგა მკვდრეთით…

მღვდელი: ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცილი რა დადნის წინაშე ცეცხლსა.

გუნდი: ქრისტე აღდგა მკვდრეთით…

მღვდელი: ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა და მართალნი იხარებდნენ.

გუნდი: ქრისტე აღდგა მკვდრეთით…

მღვდელი: ესე არს დღე უფლისა, რომელ ჰქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა.

გუნდი: ქრისტე აღდგა მკვდრეთით…

მღვდელი: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

გუნდი: ქრისტე აღდგა მკვდრეთით…

მღვდელი: აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

გუნდი: ქრისტე აღდგა მკვდრეთით…

მღვდელი: ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი,

გუნდი: და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

დიაკვანი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

გუნდი: უფალო შეგვიწყალენ.

დიაკვანი: ზე გარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღვთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

წმიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, სასოებითა და შიშითა ღვთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის,  პატიოსანთა მღდელთა, ქრისეტს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა, მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

სამეუფოსა ქალაქისა ამის ჩვენისა და ყოვლისა ქალაქებისა და სოფლებისათვის და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

კეთილშეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქუეყანისათა და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

ხსნად ჩვენთა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.

შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ, ღმერთო შენითა მადლითა.

ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

გუნდი: შენ უფალო.

მღვდელი: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნისთი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ.

მღვდელი მივა ტაძრის კართან და ხელის ჯვრით ძლიერედ დააკაკუნებს კარზე, თითოეული ამ მუხლის თქმისას[29]:

აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისა.

ტაძარში დარჩენილი მსახური შიგნიდან მიუგებს: ვინ არს ესე მეუფე დიდებისა?

მღვდელი კიდევ უფრო ძლიერად დააკაკუნებს კარზე: უფალი ძლიერი და მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისა.

ტაძარში დარჩენილი მსახური შიგნიდან მიუგებს: ვინ არს ესე მეუფე დიდებისა?

მღვდელი კიდევ უფრო ძლიერად დააკაკუნებს კარზე: უფალი ძლიერი ღა მტკიცე, უფალი, ძლიერი ბრძოლასა შინა. აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და აღეხუენით ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისა.

ტაძარში დარჩენილი მსახური შიგნიდან მიუგებს: ვინ არს ესე მეუფე დიდებისა?

მღვდელი შეხსნის ტაძრის კარებს და მაღალ ხმაზე იტყვის: უფალი ძალთა თავადი არს მეუფე დიდებისა!

ყველანი  შევლენ ტაძარში გალობით, აქედან კი სააღდგომი ცისკარი გაგრძელდება სააღდგომო კანონის „აღდგომისა დღე არს“ გალობით და შემდგომი…


[1] რიგვედაში ღვთაებრივი სინათლე Bhargo იწოდება როგორც „სინათლე სინათლიდან გადმოღვრილი (ემანირებული)… სული უმაღლესი და კურთხეული, სინათლე ინტელექტუალური, სავსე სიყვარულითნათელი ჭეშმარიტინათელი ცხოველი“(იხ. Puppati, L.D. Inni a Dio di tutti i tempi e delle principali nazioni antiche e moderne, Castelfranco 1862, გვ. 105).  სპარსულ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში მითრა  არის მზის, სინათლისა და სიკეთის ღმერთი, ხოლო ბერძნულ მითოლოგიაში მზის ღმერთი ჰელიოსი, რომელის მითიური ფიგურაც დაკავშირებულია ძველ კოლხეთთან – იგი მეფე აიეტის მამად მიიჩნეოდა, გარდა ამისა ბერძნულ მითოლოგიაში სინათლის კულტს უკავშირდებიან აგრეთვე აპოლონი, სელენე (მთვარის ღმერთი) და ეოსი (განთიადის ღმერთი). რომაულ და კელტურ კულტებში 25 დეკემბერს, როდესაც წელიწადის ყველაზე მოკლე დღე მატებას იწყებდა აღინიშნებოდა Natalis Solis Invicti – დაუმარცხებელი მზის შობის დღესასწაული, როგორც ზეიმი სინათლის სიბნელეზე, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა.

[2] Cf   Olitzky, K.M.,  Judson, D., The Rituals & Practices of a Jewish Life: A Handbook for Personal Spiritual Renewal, LongHill 2002, გვ. 73-74.

[3] Grégoire de Nysse, Vie de sainte Macrine, ed. Maraval, P., SC 178, Paris 1971.

[4] Taft, R.F., The Liturgy of the hours in East and West, The Origins of the Divine Office and its Meaning for Today, Collegville 19932, trad. Itaiana:  La liturgia delle ore in oriente e occidente, le origini dell’ufficio e il suo significato per oggi, Roma 2001, გვ. 60.

[5] რომაულ მარტიროლოგის ძველ გამოცემებში ორი ათენოგენია მოხსენებული, ერთი „მხცოვანი ღვთისმეტყველი“ და მეორე „სებასტიელი მოწამე“, რომლებიც მარტიროლოგის ბოლო გამოცემაში რატომღაც გაერთიანებულია, რის გამოც ხშირად ჰიმნის ავტორად სრულიად შეცდომით სწორედ სებასტიელ მოწამე ათენოგენს მიიჩნევენ, რომლის წამების სავარაუდო თარიღი 303-305 წწ. არა და ბასილი დიდი პოლემიკური ხასიათის ტრაქტატში „სული წმიდის შესახებ“ ჰიმნის ავტორის სიკვდილიდან დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ ვერ იტყოდა, რომ ეს ქრისტოლოგიური ჰიმნი უძველესია, ამრიგად ფედერიჩის მიერ ჰიმნის მიწერა ათენელ მოწამე ათენოგენისთვის, რომელიც მე-2 საუკუნეში მორვაწეობდა გაცილებით მართებულია.

[6] Federici, T., Resuscitò Cristo! Commento alle Letture Bibliche della Divina Liturgia bizantina, Palermo 1996, გვ. 299.

[7] ჰიმნი Φς λαρόν, ბიზანტიური ღვთისმსახურების გარდა, გვხვდება სომხურ ლიტურგიაში – კვირის სამწუხრო განგებაში, ეთიუპიური ლიტურგიის მწუხრში, ზოგიერთ რეფორმატულ და ანგლიკანურ ეკლესიაში.

[8] Ries., J., Simbolo. Le costanti del sacro, Milano 2008, გვ. 228;

[9] უძველესი იადგარი, ძველი ქართული მწერლობის ძეგლეგბი 2,  რედ. ე.მეტრეველი, ც.კანჭიევა, ლ.ხევსურიანი, თბილისი 1980, გვ. 383.

[10] იქვე გვ. 356.

[11] ჭილეტრატის იადგარი, რედ. ა.შანიძე, თბილისი 1977, გვ.125.

[12] უძველესი იადგარი გვ. 374.

[13] იქვე გვ. 381.

[14] Cf გამოს. 3:2; 19:18, 24:17; მსაჯ. 5:5;

[15] Cf ისა. 6:6-7;

[16] Cf იერ. 7:20; 15:14; 17:4; 17:27; ისა.29:6; 42;25; ფს. 7 7:21; 78:5; იობ. 20:26;  ეკლ. 16:17; ისა. 30:27;

[17] Cf  ისა. 66:15-16; მალაქ. 3:2;

[18] Cf  დაბ. 15:7-20; ლევ. 9:1-24; მსაჯ. 6:19-23; 13:19-23;

[19] Federici, T., Resuscitò Cristo!… გვ. 299.

[20] ჭილ-ეტრატის იადგარი… გვ. 122.

[21] Tarchnišvili., M., ed., Le Grand Lectionnaire de l’Eeglise de Jérusalem (Ve-VIIIe siècle), CSCO 188 / Iber. 9 / 1,  Louvain 1950, გვ. 134-145.

[22] გამოცემა აერთიანებს: თბილისში, კორნელი კეკელიძის გამოცემულ „Иерусалимский канонарь VII в.“ 1912 წ; ლატალის ( ხელნაწერს (X ს.); კალას ხელნაწრს (X ს.); პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის #3 ქართულ ხელნაწერს (X-XI ს.ს.); სინაის #37 ქართულ ხენაწერს (X ს.), გრაცის ხანმეტ ლექციონარსა (VII ს.) და ჰაემეტ ლექციონარს      (VIII ს.).

[23] Tarchnišvili., M., ed., Le Grand Lectionnaire de l’Eeglise de Jérusalem… გვ. 136.

[24] მივყვებით გამოცემას: Anthologhion di tutto l’anno, trad. Artioli, M.B., III , Roma 2000, გვ.  150-155, ვარიანტების ჩვენებით სხვა რედაქციებიდან.

[25] იხ. La Grande e Santa Settimana, a cura di S., Bouris, s.l. 2016, გვ. 371.

[26] ტრაპეზი არის სახე ქრისტეს საფლავისა, რომლიდანაც უნდა ამობრწყინდეს აღდგომის ნათელი, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით.

[27] ეს გალობა, რომელიც არის კიდეც ბიზანტიურ ლიტურგიაში ცეცხლის კურთხევის საგალობელი, შესაძლოა წინამძღვარმა მრავალგზსი გაიმეოროს, სანამ ყველა მოუკიდებდეს სანთელს, ასევე შესაძლოა ანტიფონურად იგალობებოდეს გუნდსა და წინამძღვარს შორის.

[28] მოცემულ ადგილას სხვადასხვა რედაქციები სხვადასხვა სახარებებს მიუთითებენ, ჩვენ ანთოლოგიონისა დავტოვეთ (მთ.28:1-10) იხ. Anthologhion di tutto l’anno… გვ.151;

ჩვენს ხელთ არსებული კონსტანტინოპოლის დიდი ტაძრის ტიპიკონი მიუთითებს მხოლოდ სახარების კითხვას, მაგრამ არ აკონკრეტებს თავად სახარებას (Ἀρχιδιάκ. ἐκφωνεῖ, Καὶ ὑπὲρ τοῦ καταξιωθῆναι ἡμᾶς, καὶ ο Πατριάρχ. ἀναγινώσκει τὸ Ἅγιον Εὐαγγέλιον) იხ. Τυπικόν εκκλησιαστικόν κατά την τάξιν της του Χριστού Μεγάλης Εκκλησίας, Κωνσταντινουπόλει 185, გვ. 262;  ხოლო Ἀποστολικῆ Διακονία -ას მიერ გამოცემული იერატიკონი მიუთითებს კვირის მე-2 საცისკრო სახარებას (მკ.16:1-8): Ὁ ἱερεὺς ἀναγινώσκει τὸ Β’ ἑωθινὸν Εὐαγγέλιον იხ. ΙΕΡΑΤΙΚΟΝ, ΑΘΗΝΑ 2009, გვ. 78; ისევე როგორც  ბურისის გამოცემა, სადაც დასძენს, რომ მარკოზის სახარების კითხვა ქრისტეს დიდი ეკლესიის განგებაშია მითითებული და სხვაგან არ გვხვდება. იხ. La Grande e Santa Settimana… გვ. 371-372.

[29] ეს გამომსახველობითი ნაწილი დიდი კვერექსის შემდეგ საცისკრო კანონამდე, ჩართულია ანთოლოგიონში, ხოლო ბურისის გამოცემა დასძენს, რომ ის არის მითითებული ქრისტეს დიდი ეკლესიის განგებაში და სხვაგან არ იპოვება. იხ. La Grande e Santa Settimana… გვ. 375.

Print Friendly

Tags: , ,

Comments are closed.