მხოლოდ გარეგნული ნიშნით ხელზე და შუბლზე, ვერავინ შეძლებს იყოს მორწმუნე

11ავტორი – დეკანოზი თამაზ ლომიძე

ფოტოზე ჩანს იუდეველი კაცი, რომელიც ტეფილინებით ლოცულობს. ტეფილინი არის იუდეველთა ლოცვის ატრიბუტი. ესაა ტყავის ქამარი და მათზე დამაგრებული შავი, პატარა კოლოფი, რომელშიც დევს პერგამენტზე დაწერილი რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ციტატა თორიდან (მოსეს ხუთწიგნეულიდან). კოლოფებში თავისთავად შეუძლებელია იდოს მოსეს რჯულის 613-ვე მცნება, მაგრამ, იქაა უმთავრესი, იუდეველთა მრწამსი:
-“ისმინე ისრაელ, ერთია უფალი, უფალი ჩვენი ღმერთი…გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულით, სულით და მთელი შენი ძალით…” (2 რჯ. 6, 4-9)

ტეფილინებს ლოცვის დროს თავზე და ხელზე იკეთებენ იუდეველები, რადგან ესაა მითითება მოსეს რჯულიდან. უფალი ამბობს: “გულში და სულში ჩაიდეთ ჩემი სიტყვები, ხელზე შეიბით ნიშნად და შუბლზე დაიბეჭდეთ სამახსოვროდ.” (2 რჯ. 11,18)
– ხელზე შეიბით და შუბლზე დაიბეჭდეთ! –
ეს მითითება სიტყვა-სიტყვითაც გაიგეს იუდეველებმა და მართლაც დაწერეს რჯულის სიტყვები, კოლოფებში ჩააწყვეს და შუბლზე და ხელზე იმაგრებენ ლოცვისას. ადრე ბევრ ღრმად მორწმუნეს მუდმივად, მოუხსნელად ზედ ეკეთა. რა თქმა უნდა მორწმუნეებს ვერავინ დაუშლის ამ მცნების სიტყვა-სიტყვით გაგებას, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ გონიერ იუდეველებსაც და ყველა საღი გონების ადამიანსაც ესმის, რომ ტეფილინების მხოლოდ შუბლზე და ხელზე მიმაგრებით ვერავინ გახდება იუდეველი. ამიტომაც ბავშვობიდან კითხულობდნენ და სწავლობდნენ ებრაელები მოსეს წიგნებს. ასე იყო იესო ქრისტეს და მისი მოციქულების დროსაც. თორაზე გაზრდილმა მოწაფეებმა, სწორედ ამიტომ იცნეს იესო და ახარეს ერთმანეთს: – ვიპოვეთ მესია (ქრისტე), რომლის შესახებაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმაო. (ინ. 1,46) გულით და სულით იცოდნენ და სწამდათ მოსეს რჯული.

დასკვნა: მხოლოდ გარეგნული ნიშნით ხელზე და შუბლზე, ვერავინ შეძლებს იყოს მორწმუნე. შინაგანად, “გულში და სულში ჩაიდეთ ეს ჩემი სიტყვები” იქვე, უფრო წინ ამბობს უფალი. (2 რჯ. 11,18)

რა კავშირშია ეს ყოველივე ჩვენს პრობლემასთან? ყველა განსაცდელის დროს თავიდან ამოხეთქავს ხოლმე ჩვენს ხალხში პანიკური შიში ჩიპების, ბარათების, ანტიქრისტეს ბეჭდების, ამპულების და სხვა გარეგნული საფრთხეების გამო. ბევრი აიტანა შიშმა, ნერვიულობენ, სიზმარშიც კი ხედავენ ჩიპებს და ბეჭდებს, არ იციან საით გაიქცნენ, სად გადაირჩინონ თავი… სად არის პასუხი?

მართლაც ნახსენებია ახალ აღთქმაში, რომ ბოლო ჟამს, სატანის საბოლოოდ განადგურებამდე, ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, დედამიწის მრავალ მცხოვრებს აცდუნებს მხეცი (სატანა), ბევრი შეცდება და მის კერპს დაუწყებენ თაყვანისცემას და ბევრიც მიიღებს მის ნიშანს მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ვინც ამ ბეჭედს არ მიიღებს, ვერც გაყიდის და ვერც იყიდის რამეს. (გამ. 13, 14-17)
აი, ეს ბეჭედი დიდ შიშს იწვევს მორწმუნეებში, რადგან ჰგონიათ, რომ თვითონ გულხელდაკრეფილნი იქნებიან, მოვა ვიღაც და დაბეჭდავენ, ჩიპს ჩაუდგამენ სხეულში ან ბარათით ან რაიმე მსგავსით დაიმონებენ. ეჭვგარეშეა, რომ ამქვეყნიური სახელმწიფოები, სულ უფრო და უფრო მეტად ეცდებიან მაღალი ტექნოლოგიებით შესძლონ კონტროლი ადამიანებზე და ამის მომსწრენი უკვე ვართ. მაგრამ ეს მაინც გარეგნული კონტროლია, ეს მაინც გარეგნული ხელია და შუბლი, ამას გავლენა არა აქვს ჩემს შიგნით უხილავზე, ჩემს სულზე, გულზე და ჩემს პირად საქმეზე.

ქრისტიანებმა ასე უნდა ვიფიქროთ: თუ მთელი ჩემი ცხოვრება გულწრფელად ვეძებდი ჩემს ღმერთს, მთელი გულით ვლოცულობდი მის წინაშე, მწყუროდა ჭეშმარიტება და ვსწავლობდი მის სიტყვას – მის წმინდა წერილს, ვერიდებოდი ცოდვას და ვცდილობდი მეკეთებინა სიკეთე ანუ თუ ჩემს შინაგანში, “გულში და სულში” მედო მისი სიტყვები, მაშინ ჩემთან იქნება ღმერთი და რომც მოვესწრო იმ ბოლო, საშინელი განსაცდელის ჟამს, ვერ შეძლებს სატანა მაცდუნოს ისე, რომ ღმერთად ჩავთვალო იგი. და თუნდაც ჩემს სხეულზე ძალით “დამბეჭდოს” ვინმემ, რას დამაკლებს გარეგნული ბეჭედი თუ შინაგანად, ჩემი სული და გული უკვე დაბეჭდილი იქნება ქრისტეს ბეჭდით?! ტრაგედია ისაა, რომ ანტიქრისტეს ბეჭდის ეშინია ადამიანს, რომელმაც ისე გაატარა ცხოვრება, რომ არც კი უცდია, იესოს სახელი დაწერილიყო შუბლზე. ესეც იქვე წერია, აპოკალიფსში: “და გავიხედე, და აჰა, კრავი (იესო ქრისტე), სიონის მთაზე მდგომარე, და მასთან ასორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც შუბლზე ეწერათ მისი და მის მამის სახელი” (გამ. 14,1)

ასე რომ, არც კი დავკარგავ დროს ჩიპებზე და რაღაც ბარათებზე შიშისთვის, რადგან ამ სიცოცხლეში დრო არ მეყოფა ქრისტეს მოძღვრების ბოლომდე შესაცნობად.

მთელი ცხოვრება, მთელი ძალით ეცადეთ, რომ კრავის (იესოს) სახელი დაგეწეროთ შუბლზე, მაშინ ვერავინ დაგაწერთ იქ მხეცის სახელს.

დეკანოზი თამაზ ლომიძე

P.S. იუდეველთა ტეფილინები შინაგანის და გარეგნულის საუკეთესო და თვალსაჩინო მაგალითია. სახარებაშიც მრავლად ვიპოვნით ქრისტეს მოწოდებას, გარეგნულიდან დაუბრუნდნენ შინაგანს. ესაა მთავარი

Print Friendly

Comments are closed.