არავინ დარჩებოდა წარმართად, რომ ვყოფილიყავით ღირსეული ქრისტიანები

25/07/2014
By

24ddea02e111bfd8e13f17fe798 წმ. იოანე ოქროპირი

ვიცხოვროთ ისე, რომ ღვთის სახელს შეურაცხყოფა არავინ მივაყენოთ. ნუ გამოვეკიდებით ნურც კაცობრივ დიდებას, ნურც ისე მოვიქცევით, რომ სახელი გავიტეხოთ. ორივე შემთხვევაში ზომიერება დავიცვათ. ნათქვამია: „შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა“ (ფლპ. 2:15).
უფალმა იმიტომაც დაგვადგინა ჩვენ ახალი ცომი ქრისტიანები, რომ დავემსგავსოთ მნათობებს, ვასწავლოთ სხვებს, ვიყოთ ადამიანებთან ანგელოზები, ყრმებთან მამები, მშვინვიერებთან სულიერნი, რათა მათაც სარგებელი ჰპოვონ და ჩვენც უხვმოსავლიან თესლს დავემსგავსოთ. ჩვენი ცხოვრება ესოდენ ნათელი და გასაგები რომ იყოს, სიტყვები საჭირო აღარ იქნებოდა; არ მივმართავდით მასწავლებლებს, თავად რომ კეთილ საქმეებს აღვასრულებდეთ; არავინ დარჩებოდა წარმართად, რომ ვყოფილიყავით ღირსეული ქრისტიანები, დაგვეცვა ქრისტეს მცნებები, დიდსულოვნად დაგვეთმინა წყენა და ძარცვა; დაგველოცა მაყვედრებელნი, ჩვენ ჩაგვრაზე სიკეთით გვეპასუხა. ყველა რომ ასე იქცეოდეს, ვინ იქნება ისეთი ველური, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე არ მოიქცეს.
 
ეს რომ გააცნობიეროთ, დავიმოწმებ მაგალითს: პავლემ მარტომ შეძლო ამდენი ადამიანის მოზიდვა. ყველა რომ ასეთნი ვიყოთ, რამდენ ქვეყანას მოვაქცევდით?! ახლა ქრისტიანები წარმართებზე მრავალრიცხოვანნი არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათთან ერთი კაცი ასწავლის ხელოვნებას ას ყმაწვილს, ჩვენთან კი, მიუხედავად მასწავლებლების სიმრავლისა, ისინი კი მოწაფეებზე მრავლად არიან, არავინ გვიერთდება. ეს იმიტომ ხდება, რომ მოწაფეები აკვირდებიან მოძღვართა სათნოებებს და თუკი შენიშნავენ, რომ ჩვენც იგივე გვსურს, იმავე სახელსა და დიდებას დავეძებთ, რა პატივისცემას იგრძნობენ ქრისტიანობის მიმართ?! როცა ისინი ხედავენ ჩვენ მიწიერ სულთა მანკიერ ცხოვრებას; ხვდებიან, რომ მათ მსგავსად გვიყვარს ფული, გვაკრთობს და გვაშინებს სიღარიბე, ვდრტვინავთ სნეულების დროს, ვესწრაფით ძალაუფლებას, არ გვასვენებს ვერცხლისმოყვარება და ხელსაყრელ შემთხვევას ვეძებთ გამდიდრებისთვის.
მაშ, რატომ უნდა ირწმუნონ ასეთი მოძღვრებისა? სასწაულების გამო? ისინი უკვე აღარ არსებობენ. მართალი ცხოვრებისათვის? ის უკვე განადგურდა. სიყვარულისთვის? მისი კვალიც აღარსად ჩანს.
აქედან გამომდინარე, პასუხს ვაგებთ არა ოდენ ჩვენი ცოდვების, არამედ სხვათა წარწყმედის გამოც. ახლა მაინც წამოვდგეთ, გავიმართოთ, ვიფხიზლოთ, ზეციური ცხოვრების მაგალითი ამქვეყნადვე ვაჩვენოთ, დედამიწაზე ვიღვაწოთ და თანაც ვიმეოროთ: „ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს“ (ფლპ. 3:20).
მაგრამ დიდი ადამიანებიც ხომ გვყავდა  იტყვის მავანი, რაზედაც წარმართი შეეპასუხება: როგორ უნდა ვერწმუნო მას? მე ვერ ვხედავ, რომ თქვენც იმავეს იქმოდეთ, რასაც ისინი. თუ საჭიროა ამაზე მსჯელობა, ჩვენ გვყავს დიდი ფილოსოფოსები, რომელთა ცხოვრება გაოცებას იმსახურებს. შენ კი მაჩვენე სხვა პავლე ან იოანე!..
მაგრამ შენ ამას ვერ შეძლებ და ამის მერე არ გაგიკვირდეს, როგორ დასცინებს ჩვენს ასეთ საუბრებს წარმართი. როგორ არ დარჩება იგი თავის უმეცრებაში, როცა ხედავს, რომ ჩვენ ოდენ სიტყვით ვართ ბრძენნი და არა საქმით.
Print Friendly

Comments are closed.