პანთეიზმი ინტელიგენციისთვის

H2Oქრისტოფერ სეჩვილდი

დრ. ემოტო მასარუ – იაპონელი ფსევდო-მეცნიერი, რომელმაც მსოფლიოში სახელი გაითქვა მტკიცებულებებით იმის შესახებ, რომ თითქოსდა წყალს გარეშე სამყაროდან ინფორმაციის მიღება ძალუძს. ამის დასამტკიცებლად მას მაგალითის სახით მოყავს მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგები, რომლის მიხედვითაც სიტყვებით, მუსიკით თუ ლოცვით შესაძლებელია წყლის ყინულის კრისტალის ფორმის ცვლილება. ამ რამოდენიმე წლის წინ დრ. ემოტოს ეს მტკიცებულებები გარკვეული პოპულარობით სარგებლობდა საქართველოშიც, თუმცა რთული დასანახი არ იყო თუ რაოდენ ფსევდო-მეცნიერებასთან გვქონდა საქმე და ამ კუთხით გეგმაში არც გვქონია რაიმე სტატიის შემოთავაზება მკითხველისათვის. თუმცა, როგორც ჩანს, ამ საკითხის მიმართ დღემდე მაინც არის გარკვეული დაინტერესება, რის გამოც გთავაზობთ კასტლეტონის სახელმწიფო კოლეჯის (ვერმონტის შტატი, აშშ) საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრის – ქრისტოფერ სეჩვილდის კრიტიკულ ანალიზს.

ნაშრომი ბლოგისათვის ინგლისურიდან თარგმნა დიაკვანმა ირაკლი წაქაძემ.
წყარო

შეესაბამება თუ არა დოქტორ მასარო ემოტოს ფანტასტიკური მტკიცებულებები სინამდვილეს?

როდესაც პირველად გავეცანი დოქტორ ემოტო მასარუს გასაოცარ ნაშრომს წყლის კრისტალებთან დაკავშირებით მისი წიგნიდან “წყალში დაფარული გზავნილები“ განცვიფრებული დავრჩი.  მოგვიანებით ვიხილე ფილმი “ფიქრის ძალა: რა ვიცით ამის შესახებ?“ (“What the Bleep do we Know”), რამაც ძალზედ დამაინტრიგა. გადავწყვიტე კასტლეტონის კოლეჯის (ვერმონტის შტატი, აშშ), ქიმიის ფაკულტეტზე განმეხორციელებინა პროექტი, რათა უფრო დეტალური კვლევით შემეცადა მისი შედეგები გამემეორებინა და მენახა თუ შევძლებდი საკმარისი ფაქტების მონახვას დრ. ემოტოს მტკიცებულებების გასამყარებლად. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ გამომეაშკარავებინა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მის მეთოდებისა და პროცედურების თაობაზე, რომ განმესაზღვრა თუ საერთოდ  შესაძლებელი იქნებოდა განკურნების ენერგიის, როგორიცაა მაგალითად რეიკი, წყლის კრისტალების ფორმირებაზე გავლენის ეფექტის შესწავლა. მარტო ის აზრი, რომ მე შესაძლებელია პირველი პიროვნება ვყოფილიყავი მთელს მსოფლიოში რომელიც მის შედეგებს დაადასტურებდა, დიდ აღტაცებას იწვევდა ჩემში.

შედეგად მივიღე კვლევითი ნაშრომი, რომელიც დრ. ემოტოს გამოქვეყნებული ნაშრომების ჩემს მიერ თვეების განმავლობაში ჩატარებული დაუღალავი განხილვების შემდეგ მიღებულ ყველა ჩემს რეზულტატს და გადაწყვეტილებას  შეიცავს. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მოგცემთ სიმართლის უფრო ღრმა გააზრებასა და დაფასებას.

პატივისცემით,
ქრისტოფერ სეჩვილდი, ბაკალავრი,
საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი,
კასტლეტონის სახელმწიფო კოლეჯი, ვერმონტი

———————-

20 დეკემბერი, 2005

დრ. მასარუ ემოტოს ნაშრომის განხილვა და ანალიზი

წარმოდგენილი ნაშრომი განიხილავს იმ მდიდარ ინფორმაციას, რომელიც მიღებული იყო დრ. მასარუ ემოტოს იმ მტკიცებულების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად, რომლის მიხედვითაც ადამიანის აზროვნებას წყლის კრისტალების სტრუქტურულ ფორმირებაზე პირდაპირი დამზერადი ეფექტი გააჩნია. დრ. ემოტოს მიერ გამოქვეყნებული შედეგების განხილვის პირველივე ეტაპზე საკმაოდ დაინტერესებული ვიყავი მისი კვლევიდან გამომდინარე დასკვნებით და განვავითარე ამ კვლევითი პროექტის საწყისი კონცეფცია. ეს წარმოადგენდა ემოტოს ლაბორატორიული მეთოდოლოგიის განხილვას, რომ შემესწავლა რამდენად შესაძლებელი იყო მისი ჰიპოთეზის ტესტირება და მისი შედეგების განმეორებითი მიღება კასტლეტონის სახელმწიფო კოლეჯში. ვინაიდან ადამიანის სხეული შეიცავს 50% დან 80%-მდე წყალს, ბუნებრივია დაინტერესებული ვიყავი იმით, რომ “თუ ფიქრი გავლენას ახდენს წყლის მოლეკულურ სტრუქტურაზე, მაშინ რა ეფექტი უნდა ჰქონდეს ფიქრს ადამიანის სხეულზე?”

მრავალი საათის კვლევის შემდეგ საკმაოდ ნათელი იყო, რომ ამ პროექტის მთავარი დანიშნულება გახდა ბ-ნ ემოტოს პროცედურების და შედეგების მეცნიერული დასაბუთების გადამოწმება. სწორედ ეს გადამოწმება იყო ჩემთვის საკმაოდ ჭკუის მასწავლებელი და ამის შემდეგ მიღებულმა შედეგებმა დრ. ემოტოს ნაშრომის მიმართ ჩამომიყალიბა შეხედულება მეცნიერული სიმკაცრისა და სკეპტიციზმის ჭრილში.

დრ. ემოტოს ალტერნატიული მედიცინის დოქტორობა მიენიჭა ალტერნატიული მედიცინის ღია საერთაშორისო უნივერსიტეტში, ინდოეთი, 1992 წელს. მას მსოფლიო პოპულარობა ალტერნატიულ მედიცინაში  მოუტანა 1999 წელს მის მიერ გამოქვეყნებულმა წიგნმა – “წყლის გზავნილები”. იმდროიდან მოყოლებული მისი მოთხრობები და წყლის კრისტალების ფოტო-კოლექცია გამოყენებული იქნა სხვადასხვა დამოუკიდებელი გამომცემლობის მიერ, რაც თანდათანობით გადაიზარდა მის მომდევნო ნაშრომებში, როგორიცაა “წყალში დაფარული გზავნილები” (“The hidden messages in water”). ცოტა ხნის წინ, მისი ნაშრომი წარმოდგენილი იყო საკმაოდ საკამათო ფილმში “ფიქრის ძალა: რა ვიცით ამის შესახებ?“ (“What the Bleep do we Know”!?) და გამოქვეყნდა ჟურნალში – ალტერნატიული და დამატებითი მედიცინა (ადმ).  ამის საფუძველზე მოხდა საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა მისი ნაშრომის მიერ, რომელსაც უკვე მიეცა მეცნიერულად დამტკიცებული კვლევის სახე. სწორედ მისი წიგნებისა და ფილმის პოპულარობის გამო პირველად გავეცანი ემოტოს ფანტასტიკურ მტკიცებულებებს, რომ ადამიანის ფიქრს ყინულის კრისტალების ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია და რომ ყინულის კრისტალების სტრუქტურა წყლის ხარისხის ინდიკატორია.

ყინულის კრისტალი წარმოადგენს გაყინული წყლის მოლეკულების კრისტალურ მესერს, რაც თვალისთვის ხშირად შესამჩნევია, როდესაც მაგალითად ვაკვირდებით თოვლის ფიფქს. კრისტალის მესერს ჰექსაგონალური სტრუქტურა აქვს, რაც გამყარებული წყლისთვისაა დამახასიათებელი და როგორც სურათზეა (სურ. 1) ნაჩვენები ერთი და იმავე ყინულის კრისტალის ორი სხვადასხვა ხედი – წითელი სფეროები წარმოადგენენ ჟანგბადის ატომებს, ხოლო ნაცრისფერი დამაკავშირებელი ხაზები – წყალბადურ ბმებს.

figure1

 

 

 

სურათი 1. ყინულის კრისტალური მესრის სტრუქტურა (ლიბრეხტი)

figure2

 

 

 

 

სურათი 2. ყინულის კრისტალის წახნაგები

კენეტ ლიბრეხტის (კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ფიზიკის კათედრის გამგე და ყინულის კრისტალების წამყვანი მკვლევარი) მიხედვით ყინულის კრისტალები წახნაგებზე ქმნიან წიბოებს. ორი ჰექსაგონალური წახნაგი ცნობილია როგორც ბაზური წახნაგი, ხოლო ექვსი მართლკუთხა წახნაგი – პრიზმული წახნაგი (სურ. 2). კრისტალის საბოლოო ფორმა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი წახნაგის წიბოა უფრო გაზრდილი. თუ პრიზმული წახნაგები იზრდებიან, მაშინ პრიზმული კრისტალი ფორმირდება, ხოლო თუ ბაზური წახნაგები იზრდებიან – მაშინ ფირფიტისებრი ვითარდება.

აქ წარმოდგენილი ლიბრეხტის მორფოლოგიური დიაგრამა გვიჩვენებს, რომ ყინულის კრისტალის ფორმა დამოკიდებულია როგორც ტენიანობაზე, ასევე ტემპერატურაზე. ტემპერატურა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, და ფირფიტების ჩამოყალიბების ტენდენცია დაიმზირება 0°C დან -3°C მდე და -10°C და -22°C შუალედში  (სურ. 3, წითლად მონიშნული ფარგლები). დაბალი ტენიანობა უფრო მეტად იწვევს მარტივი კრისტალური ფორმის ჩამოყალიბებას, მაშინ როდესაც მაღალი ტენიანობა ხელს უწყობს უფრო რთული ფორმის კრისტალების შექმნას. დღემდე უცნობია თუ რატომ არის ყინულის კრისტალების ფორმები განსხვავებული სხვადასხვა ტემპერატურაზე, ვინაიდან ფიზიკა იმის შესახებ თუ როგორია წყლის მოლეკულების კავშირები ყინულის კრისტალის ზრდისას საკმაოდ კომპლექსურია და არაა კარგად ახსნილი (ლიბრეხტი).

figure3

 

 

 

 

 

 

სურათი 3. ყინულის კრისტალის ფორმირების მორფოლოგიური დიაგრამა (ლიბრეხტი)

წლების განმავლობაში ემოტომ კვლევების საფუძველზე განავითარა თავისი ჰიპოტეზა. თავდაპირველად, დრ. ემოტო ამტკიცებდა, რომ მაღალ-ხარისხიანი წყალი ქმნის ლამაზ და რთულ კრისტალებს, მაშინ როდესაც დაბალ-ხარისხიან წყალს უჭირს კრისტალების ფორმირება. მის მიხედვით, დისტილირებული წყლის ყინულის კრისტალი ამჟღავნებს ძირითად ჰექსაგონალურ სტრუქტურას ყოველგვარი კომპლექსური განშტოტების გარეშე, ისე როგორც სურათზეა წარმოდგენილი (სურ. 4, აღებულია დრ. ემოტოს ვებ-გვერდიდან www.hado.net (Hado)). ეს ძირითადი ჰექსაგონალური კრისტალი წარმოადგენს ყინულის კრისტალის უმარტივეს ფორმას.

figure4

 

 

სურათი 4. დისტილირებული წყლის კრისტალის ფოტოსურათი (ემოტო, გზავნილები)

მომდევნო სურათი (სურ. 5, ემოტო, გზავნილი 119) წარმოადგენს პარიზის, ლონდონის და ტოკიოს ჩვეულებრივი ონკანიდან აღებული წყლის ყინულის კრისტალების ემოტოს მიერ შერჩეულ ფოტოსურათებს, ხოლო მომდევნო სურათზე (სურ. 6) – იაპონიის ორი წყაროდან აღებული წყლის ყინულის კრისტალების ფოტოსურათებს.

figure5

 

 

 

 

სურათი 5. წყლის ონკანიდან აღებული წყლის კრისტალები (ემოტო, გზავნილები)

figure6

 

 

 

 

სურათი 6. წყაროს წყლის კრისტალები (ემოტო, გზავნილები)

მაშინ როდესაც დრ. ემოტოს ეს მტკიცებულება შეიძლება აზრს მოკლებული არ იყოს, მისი შემდგომი მტკიცებულებები უფრო და უფრო საკამათო ხდება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აღებული წყლიდან მიღებული კრისტალების სხვადასხვაობის შესწავლის შემდეგ, ემოტომ გადაწყვიტა შეესწავლა თუ რა ეფექტი ექნებოდა დისტილირებული წყლიდან მიღებული ყინულის კრისტალის ფორმირებაზე მუსიკას.

დრ. ემოტო აცხადებს, რომ განსაცვიფრებელი კორელაცია აღმოაჩინა მუსიკის ტიპის და ყინულის კრისტალების ხარისხსა და სილამაზეს შორის, რომელიც ამ მუსიკის დაკვრის დროს გაყინვით მიიღებოდა. მაგალითად, ქვემოთ მოყვანილ მარცხენა სურათზე (სურ. 7) ნაჩვენებია დისტილირებული წყლიდან მიღებული კრისტალი ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიის დაკვრისას, ხოლო მარჯვენა სურათზე ვხედავთ იგივე ტიპის კრისტალს, რომელიც მიღებული იყო ე.წ. “მძიმე როკის” ფონზე (ემოტო, გზავნილი 17). აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მოყვანილი რეზულტატი ძალიან წააგავს საკმაოდ ცნობილ ფსევდო-მეცნიერულ და დღემდე დაუსაბუთებელ მტკიცებულებას იმაზე, რომ კლასიკურ მუსიკას დადებითი გავლენა აქვს მცენარის ზრდაზე, მაშინ როდესაც როკი – ხელს უშლი ზრდის პროცესს.

figure7

 

 

 

 

 

სურათი 7. დისტილირებული წყლის კრისტალი მუსიკის დაკვრის შემდეგ (ემოტო, გზავნილები)

მუსიკის დისტილირებული წყლის ყინულის კრისტალებზე ზემოქმედების გამოკვლევის შემდეგ დრ. ემოტომ გადაწყვიტა გამოეკვლია თუ რამდენად მოახდენდა წყლის კრისტალების სტრუქტურაზე ზემოქმედებას ისეთი გარეშე მოჩვენებითი არალოგიკური რამ, როგორიც, მაგალითად, არის ქაღალდზე დაწერილი სიტყვები. თავის “წყალში დაფარული გზავნილები” -ს შესავალში ის აცხადებს – “ლოგიკურად არ გამოიყურებოდა ის, რომ წყალს ‘წაეკითხა’ დაწერილი სიტყვები, გაეგო მათი არსი და შესაბამისად შეეცვალა თავისი ფორმა. მაგრამ მუსიკასთან დაკავშირებული ექსპერიმენტებიდან უკვე ვიცოდი, რომ უცნაური რამეები შეიძლება მომხდარიყო” [*].

მან დაიწყო ქაღალდზე სხვადასხვა ენაზე ისეთი ფრაზების წერა, როგორიცაა ”მადლობა” და ”სულელი ხარ”, ნაწერ ქაღალდებს კი დისტილირებული წყლის ჭურჭლის ქვეშ ათავსებდა. მისი გამოქვეყნებული ფოტოსურათები (სურ. 8, ემოტო, გზავნილი 7) გვიჩვენებს გასაოცარ შედეგს. იმ ნიმუშებმა, რომლის ქვეშაც მოთავსებული იყო წარწერა “მადლობა”, გამოამჟღავნა ლამაზი კრისტალები, მაშინ როდესაც წარწერამ “სულელი ხარ” საერთოდ არანაირი კრისტალის ფორმირება არ მოახდინა.

figure8

 

 

 

სურათი 8. დისტილირებული წყლის კრისტალები როგორც სხვადასხვა ფრაზის შედეგი (ემოტო, გზავნილები)

ამ შედეგებით წახალისებულმა ემოტომ დაიწყო ლოცვის [**], დალოცვისა და სიტყვების ეფექტის შესწავლაც. არცაა გასაკვირი, რომ, მისი რეზულტატების მიხედვით წყლის კრისტალების ფორმირება აგრეთვე მგრძნობიარე აღმოჩნდა ყოველივე ამის მიმართ, და სწორედ აქედან მისი ჰიპოტეზაც; “ჩვენი ფიქრები, სიტყვები და გრძნობები ზეგავლენას ახდენენ წყლის მოლეკულებზე ” (ემოტო, გზავნილი)

დრ. ემოტოს მიერ გამოქვეყნებული კრისტალების გადაღების სურათის მეთოდი წარმოადგენს საკმაოდ მარტივ და არა ძვირადღირებულ პროცესს. თხევადი წყლის 0.5 მლ სპეციალური ნიმუში მოთავსებულია პეტრის 100 ფინჯანში, რომლებიც გაყინულ მდგომარეობაში სამი საათის განმავლობაში ინახება საყინულეში -25°C ტემპერატურაზე. ამის შემდეგ, ფინჯანი საყინულიდან გადმოაქვთ ოთახში მუდმივი -5°C ტემპერატურით, სადაც ნიმუშს იკვლევენ კამერით აღჭურვილი მიკროსკოპით. მიკროსკოპის შუქი თანდათანობით ადნობს ნიმუშს და ასე შესაძლებელი ხდება ნიმუშების დამზერა და მათი დასურათება (ემოტო, კურნება 2).

ჯონ ვუდჰაუსთან ინტერვიუში, რომელიც მაური ნიუს-ში (Mauri News) დაიბეჭდა ემოტომ განაცხადა შემდეგი: “მე არ დამიწყია თანამედროვე მეცნიერული გამოცდილებით. მე არც კი ვიცოდი მეცნიერების საზღვრები რასაც შეეძლო გავეჩერებინე”. ემოტო, რომელსაც არა აქვს მიღებული განათლება სამეცნიერო საზოგადოებაში, ბედნიერია აწარმოოს თავისი “კვლევა” სამეცნიერო მეთოდების ზუსტად გამოყენების გარეშე. მართალია ის კვლევის პროცესში სამეცნიერო მეთოდიკის სულისკვეთებით არის აღჭურვილი, მაგრამ ამ მეთოდიკის სიმკაცრეში კრიტიკულ შეცდომებს უშვებს. მაგალითად, ემოტოს კვლევა ითვალისწინებს ფიზიკური მოვლენის დაკვირვებას, ჰიპოტეზების ფორმულირებას მოვლენის ასახსნელად, და ჰიპოტეზების ექსპერიმენტალურ შემოწმებას და გადახედვას, მაგრამ ის კრიტიკულ შეცდომას უშვებს, როდესაც ვერ ახერხებს კვლევის შედეგებზე ექსპერიმენტატორის მიკერძოების ზეგავლენის შემცირებას.

კრისტალების გადაღების დრ. ემოტოსეულ პროცედურას არ გააჩნია არანაირი კონტროლი იმისა, რომ ის დაცული იყოს ექსპერიმენტატორის მიკერძოებულობისაგან ანდა ეს მიკერძოებულობა დაყვანილი იყოს მინიმუმამდე. მაგალითად, მისი მეთოდოლოგია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მიღებული შედეგები ფოტოგრაფის მიერ არ იყო შერჩეული შეგნებულად ან ქვეცნობიერად. ფაქტიურად, Mauri News-ში მიცემულ ინტერვიუში დრ. ემოტო აცხადებს, რომ  “მე არ მჭირდება არანაირი ბრმა მეთოდის [***] გამოყენება ნებისმიერ ნიმუშზე”, მაგრამ მას სჯერა, რომ “მკვლევარის ესთეტიკური გრძნობა და ხასიათი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია კრისტალის ფოტოსურათების გადაღებისას”. ემოტოს რწმენამ, რომ ყინულის კრისტალების ფორმირება მგრძნობიარეა ადამიანის ფიქრების მიმართ, იქამდე მიიყვანა იგი, რომ შერჩევისას ის უპირატესობას ანიჭებს იმ ტექნიკოსებს ვინც ნეგატიური ფიქრებით არ იმოქმედებენ კრისტალების ფორმირებაზე და არა იმათ, ვისაც კვლევის ფორმალური გამოცდილება გააჩნიათ.

მაშინ, როდესაც შესაძლებელია, რომ მან მართლაც აღმოაჩინა წყლის დამზერადი მგრძნობელობა გარეშე ფაქტორებზე, როგორიცაა მაგალითად ლოცვა და სიტყვები, დრ. ემოტოს ექსპერიმენტალური მოდელი და კლინიკური პროცედურები არ ადასტურებენ მის ამ მტკიცებულებას. ორმაგი ბრმა მეთოდი [****], რომელშიც ფოტოგრაფს არ ეცოდინებოდა წყლის რომელ ნიმუშს უღებდა სურათს, მის ამ მტკიცებულებას უფრო გაამყარებდა.

ემოტოს პროცედურა, რომელიც მარტივი და პირდაპირია, არ გამორიცხავს ცდომილების შესაძლო მრავალრიცხოვან წყაროს. ყინულის კრისტალების სტრუქტურის ფორმირება დამოკიდებულია მრავალ გარეშე ფაქტორზე, რომლიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტემპერატურა და ტენიანობა. მაშინ როდესაც ემოტომ შეამცირა ცდომილების რამოდენიმე წყარო (მაგალითად ექსპერიმენტის ჩატარება ერთდაიმავე ოთახში, ერთნაირი ზომის ნიმუშების გამოყენება, ერთდაიგივე საყინულის, მიკროსკოპის გამოყენება), სხვა შესაძლო წყაროები არ იყო განხილული. ასე მაგალითად პეტრის ფინჯაჯნები არ იყო დახურული, რის გამოც ის არ იყო დაცული ოპერატორის ანდა გარემოდან მომდინარე შესაძლო გაჭუჭყიანებისაგან; ჩვეულებრივ ფაქტორს, როგორიცაა ფოტოგრაფის სუნთქვა მიკროსკოპის გამოყენებისას შეუძლია იმოქმედოს გაყინულ ნიმუშზე და კრისტალის ფორმირების ტემპერატურაზე, რაც გამოიწვევს მიღებული კრისტალის სტრუქტურაზე ზეგავლენას.

დრ. ემოტოს არ გამოუქვეყნებია თავისი ყველა ფოტოსურათი, და არაა ცნობილი რამდენად უკუაგდო და იგნორირება გაუკეთა თუ არა იმ სურათებს, რომლებიც ვერ ამყარებდა მის ჰიპოტეზას. “წყალში დაფარული გზავნილები” და ალტერნატიული და დამატებითი მედიცინის ჟურნალში დაბეჭდილი სტატია შეიცავს მხოლოდ შერჩეულ სურათებს, იმათ რომლებიც ადასტურებენ მის მტკიცებულებას, და ინფორმაცია მის დანარჩენ სურათებზე ჩვენთვის ცნობილი არაა. მის მიერ გამოყენებული პროცედურის მიხედვით ნებისმიერი ექსპერიმენტის დროს მას უნდა გადაეღო პეტრის 100 ფინჯანში მოთავსებული ნიმუშები, მაგრამ მოცემული ექსპერიმენტიდან მკითხველისათვის მხოლოდ ერთი სურათია მოცემული. ემოტო არ ახსენებს არც ერთ შედეგს, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მის მტკიცებულებას. არანარი შეცდომა, რომელიც კვლევის შედეგად შეიძლება მიღებულ იქნას, არ იყო ნახსენები არც მის ზემოთ ხსენებულ სტატიაში, მის ვებ-გვერდებზე ანდა მის წიგნში.

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ დრ. ემოტოს პროცედურები მიგვითითებს იმაზე, რომ ნიმუშები გაყინული იყო -25°C-ზე, და რომ ყინულის კრისტალების ფორმირება ხდებოდა -5°C-ზე. ზემოთ მოყვანილი სურათის (სურ. 3) მიხედვით, ამ ტემპერატურების შუალედში ფორმირდება უფრო პრიზმული ვიდრე ფირფიტისებრი ტიპის კრისტალები, და ეს მაშინ, როდესაც ემოტოს არც ერთი სურათი არ გვიჩვენებს პრიზმულ კრისტალს. ეს კი დრ. ემოტოს მონაცემებს საეჭვოს ხდის (ვინაიდან ისინი აშკარა წინააღმდეგობაშია საკმაოდ ცნობილი და დაფასებული მკვლევარის შედეგებთან) და ეს მიგვანიშნებს, რომ ემოტომ პუბლიკაციიდან შესაძლოა გამორიცხა ის შედეგები, რომლებიც მის მტკიცებულებას ვერ ამყარებდა.

თავისი მტკიცებულება ემოტომ გამოაქვეყნა მხოლოდ ერთ რეფერირებად ჟურნალში, მაგრამ ის არასდროს არც დასაბუთებული და არც უარყოფილი არ ყოფილა მეცნიერების მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ მისი საჟურნალო სტატია არაა სამეცნიერო მოხსენება, არამედ სამგვერდიანი “ფოტო ესე“. დრ. ემოტომ განაცხადა ადრე, რომ “მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წიგნი “წყლის გზავნილები” პირველად გამოიცა 1999 წელს და თარგმნილია 20-ზე მეტ ენაზე, ჯერ არ მსმენია, რომ ვინმეს ჩაეტარებინოს ანალოგიური კვლევა” (Woodhouse). მისი მტკიცებულება რეზონირებს “ალტერნატიულ თერაპევტებთან, რელიგიურ ლიდერებთან, სპირიტუალისტებთან, მსახიობებთან და მუსიკოსებთან” (ემოტო, კურნება 3), მაგრამ როგორც ჩანს მისი შრომა ფართოდ უგულებელყოფილი იყო ტრადიციული მეცნიერების მიერ როგორც ფსევდო-მეცნიერება, რომელის არ იმსახურებს შემდგომ შემოწმებას.

ბ-ნ დამიან ნაშის (დურანგოს გიმნაზია, კოლორადოს შტატი, აშშ), ფსიქოლოგიის კლასმა ანალოგიური ექსპერიმენტები ჩაატარა და გამოქვეყნებული შედეგები წარმოადგენენ ემოტოს ნაშრომის ერთადერთ გამოქვეყნებულ რეპროდუქციას. მიუხედავად მრავალი სირთულისა, რათა ზუსტად განმეორებულიყო ემოტოს პროცედურა, ტემპერატურის, ნიმუშის გაყინვისა და დნობის სიჩქარის კონტროლის გარდა, ამ კლასმა გამოიყენა ბრმა ექსპერიმენტალური მოდელი რათა გამორიცხულიყო ექსპერიმენტატორის შესაძლო მიკერძოებულობა წყლის ნიმუშების ფოტოგრაფირების დროს. ნოეტური მეცნიერების ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული (25 მაისი, 2004) ინფორმაციის მიხედვით, ნაშმა განაცხადა, რომ მისმა ჯგუფმა “ვერ მონახა საკმარისი მტკიცებულება რომ გაექარწყლებინა ან მიეღო ემოტოს ჰიპოტეზა იმის თაობაზე, რომ ადამიანის ფიქრს შეუძლია წყლის კრისტალების ფორმირებაზე ზეგავლენა მოახდინოს”.

დღესდღეისობით მრავლადაა კომპანიები, რომლებიც იმით არსებობენ, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის სავარაუდოდ სასარგებლო სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას თუ პროდუქტს ყიდიან. ისინი უკეთეს შემთხვევაში დასაბუთებულ იდეებზე არიან დაფუძნებული და უარეს შემთხვევაში კი – სრულ სიცრუეზე. დრ. ემოტო, სამეცნიერო საზოგადოებასთან თავისი ცნობილი  დამოკიდებულებით, ყიდის პროდუქტებს, რომლებიც მხოლოდ მის მტკიცებულებაზეა დაფუძნებული. ასე მაგალითად, ემოტოს Hado ვებ-გვერდი მყიდველს სთავაზობს “გეომეტრიულად სრულყოფილ” “ინდიგო წყალს”, რომელიც წარმოადგენს “უაღრესად დამუხტულ ჰექსაგონალურ სტრუქტურულ კონცენტრატს” და სავარაუდოდ ქმნის “სტრუქტურულ წყალს”, რომელიც უფრო ადვილად ითვისება უჯრედულ დონეზე. ამ პროდუქტის ღირებულებაა $35 დაახლოებით 224 მლ ბოთლისათვის. ემოტოს კომერციული წამოწყება, მაშინ როდესაც არაა წარმოდგენილი არც ერთი სამეცნიერო კვლევის შედეგი რომელიც გაამყარებდა მის ინდიგო წყლის ვითომდა განსაცვიფრებელ თვისებებს, ბადებს ეთიკურ შეშფოთებას მისი წამოწყებისა და მოტივაციის თაობაზე – შეშფოთებას რომელიც არც იქნებოდა, თუ მაგალითად მოიყვანდა თუნდაც ერთი მეცნიერის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას რომელიც მის იდეას გაამყარებდა.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დრ. ემოტოს განცხადებები საინტერესო იდეების სტიმულატორია. თუ ისინი მათლაც სინამდვილეს შეესაბამებიან, მაშინ მათ მთელი რიგი საინტერესო გამოყენება ექნებათ მსოფლიოსთვის და ფილმში – “ფიქრის ძალა: რა ვიცით ამის შესახებ?“ (“What the Bleep do we Know”) დასმული შეკითხვა დიდ მნიშვნელობას შეიძენს; “თუ ფიქრს ასე შეუძლია იმოქმედოს წყალზე, მაშინ რაღას გაგვიკეთებს ის ჩვენ?” ჩვენს თანამედროვე ეპოქაში ბევრ ადამიანს ძალზედ სურს სჯეროდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ჩვენს რეალობაზე მხოლოდ ფიქრით – იდეა, რომელსაც ემოტოს განცხადებები აძლიერებს. მაგრამ თუ მისი განცხადებები არასწორია, მაშინ მას ისინი შეცდომაში შეჰყავს და მათი იმედებით და სამყაროს მათისეული შეხედულებებით მანიპულირებს.

ვინაიდან დრ. ემოტო მარტოა ამ წამოწყებაში, ის იმსახურებს კრიტიციზმს როგორც თაღლითი, რომელიც ყიდის შარლატანობას. მაგალითად, ჯეიმს რანდის საგანმანათლებლო ფონდი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც “ერთ მილიონიან პრიზს გადასცემს იმას, ვისაც შესაბამის დამზერად პირობებში შეუძლია დაამტკიცოს, დაადასტუროს ნებისმიერი პარანორმალური, ზებუნებრივი, ანდა ოკულტური ძალა ანდა მოვლენა” (რანდი, გამოწვევა). სწორედ ამ ფონდმა შესთავაზა დრ. ემოტოს ეს პრიზი, თუ იგი თანახმა იქნებოდა “ჩაეტარებინა ექსპერიმენტი ორმაგ-ბრმა გარემოში” (რანდი, წყალი). დრ. ემოტომ დღემდე არ გასცა პასუხი ამ შემოთავაზებას.

სწორედ ამ სამეცნიერო ბაზის არქონა დრ. ემოტოს ნაშრომს ხელს უშლის იყოს მიმზიდველი ფართოდ აღიარებული და დაფასებული მეცნიერებისათვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებიდან. ესაა სამწუხარო ფაქტი, ვინაიდან, თუ მის მტკიცებულებაში სინამდვილე მართლაც მოიძებნება – მისი შედეგების განმეორება ნებისმიერი სხვა მეცნიერის მიერ მის ნაშრომს უფრო სანდოს გახდიდა. ემოტოს ექსპერიმენტალურ მოდელში თუნდაც პატარა ცვლილების შეტანა მის მტკიცებულების სანდოობაზე დიდ გავლენას მოახდენდა. იმისათვის, რომ მისი ნაშრომი უფრო მყარ მეცნიერულ ბაზას ეყრდნობოდეს, შევთავაზებდი შემდეგს:

* ორმაგი ბრმა მეთოდის გამოყენება, რომ თავიდან აცილებული იყოს მეცნიერის მიკერძოებულობის შესაძლო გავლენა ექსპერიმენტის შედეგზე.

* გამოქვეყნებულ იქნეს წყლის ნიმუშების ყველა გადაღებული სურათი და არა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მის მტკიცებულებას მხარს უჭერს.

* მის პროცედურებში მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ცდომილების წყარო, ისეთი როგორიცაა ტემპერატურის და ტენიანობის ცვლილება ნიმუშებს შორის.

* ყურადღება მიექცეს სამეცნიერო საზოგადოების მიერ დროში გამოცდილ მეთოდებს და არ მოხდეს მათი იგნორირება. ემოტოს კვლევა გაცილებით შორს წავიდოდა, თუ ის დააინტერესებდა მეცნიერებს მსოფლიოში, რომლებსაც შეეძლებოდათ მისი ჰიპოტეზის ექსპერიმენტალური შემოწმება.

ემოტოს კვლევის მეთოდებისა და შედეგების ხანგრძლივი ანალიზის შემდეგ, მე დავრწმუნდი, რომ ემოტო გვთავაზობს ფსევდო-მეცნიერებას. მხოლოდ დრო და სხვების მიერ ჩატარებული ანალიზი დაგვანახებს რამენად სიმართლეა ემოტოს მტკიცებულებებში, ვინაიდან ის დარმწუნებულია თავის შედეგებში, მაგრამ არ აფასებს სამეცნიერო მეთოდებს ანდა სამეცნიერო საზოგადოებას. საგანგაშო სწორედ ისაა, რომ ემოტოს სიტყვებს საკმაოდ ბევრი ღებულობს როგორც დამტკიცებულ ფაქტს და არც ცდილობს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს ამ საკითხში, რომ მონახოს რამდენად მისი განცხადებები მართლაც დასაბუთებულია. მაშინ როდესაც მე პირადად პატივს ვცემ დრ. ემოტოს მისწრაფებას გადაარჩინოს დედამიწის წყალი დაბინძურებისაგან, მანამ სანამ ის ვერ წარმოგვიდგენს სამეცნიერო სტატიას, რომელიც სამეცნიერო ჟურნალში იქნება დაბეჭდილი, დარწმუნებული ვარ, რომ სამეცნიერო საზოგადოების მიერ ის კვლავ იგნორირებული იქნება, და მისი განცხადებები არასდროს არ იქნება სერიოზულად დასაბუთებული ანდა უკუგდებული.

გამოყენებული ლიტერატურა

Emoto, Masaru. “Healing with Water.” The Journal of Alternative and Complementary Medicine. Volume 10, Number 1, 2004, pp. 19-21

The Hidden Messages in Water. Oregon: Beyond Words Publishing, 2004.

Libbrecht, Kenneth. “A Snow Crystal Primer: The basic facts about snowflakes and snow crystals.” Feb 1999. California Institute of Technology. Dec 2005. http://www.its.caltech.edu/~atomic/snowcrystals/primer/primer.htm

Nash, Damian. “Replicating the Water/Thought Experiment of Dr. Masaru Emoto.” May 2004. Institute of the Noetic Sciences. Dec. 2005. http://66.201.42.16/viewitem.php3?id=910&catid=510&kbid=ionsikc

Randi James. “Chiropractic Crackup, Talking to Water, Sylvia Emerges, Bidlack’s Lumps, An MS Miracle, and a Korean Magic Stone.” May 2003. James Randi Educational Foundation. Nov. 2005.

“One Million Dollar Paranormal Challenge.” 2005. James Randi Educational Foundation. Nov. 2005.

Woodhouse, Jon. “Crystal Clear.” Maui News 13 February 2005.

———–

შენიშვნები მთარგმნელისაგან

[*] ინმფორმაციისათვის: ცნობილია, რომ მაშინ როდესაც ერთი და იგივე სიტყვას ზოგიერთ ენაში დადებითი მნიშვნელობა აქვს, სხვა ენაში შეიძლება სრულებით უცენზურო მნიშვნელობა ჰქონდეს. ამ მხრივ საინტერესო იქნებოდა ექსპერიმენტის ჩატარება ასეთი სიტყვების გამოყენებით.

[**] ერთ-ერთი მოკლემეტრაჟიანი ვიდეოფილმის მიხედვით, ქრისტიანული, ბუდისტური და მუსულმანური ლოცვების დროს ბ-ნ ემოტო მასარუმ მიიღო წყლის კრისტალების ლამაზი სტრუქტურა. ქრისტიანებისათვის რთული მისახვედრი არ უნდა იყოს თუ რასთან გვაქვს საქმე.

[***] ბრმა მეთოდი წარმოადგენს რაიმე გარეშე ზეგავლენაზე ადამიანთა რეაქციის კვლევის პროცედურას, რომლის დროსაც ადამიანებმა, რომლებზეც ხორციელდება ექსპერიმენტი, არ იციან ექსპერიმენტის მნიშვნელოვანი დეტალები. ეს მეთოდი გამორიცხავს სუბიექტურ ფაქტორებს, რომლებსაც ექსპერიმენტის შედეგებზე გავლენის მოხდენა ძალუძთ.

[****] ორმაგი ბრმა მეთოდის მიხედვით არა მარტო იმათ, ვისზეც ექსპერიმენტი ხორციელდება, არამედ თვით ექსპერიმენტატორებმაც არ იციან  ექსპერიმენტის მნიშვნელოვანი დეტალები მის დასრულებამდე. ეს მეთოდი გამორიცხავს როგორც ექსპერიმენტატორის უნებლიე გავლენას მათზე, ვისზეც ხორციელდება ექსპერიმენტი, ასევე გამომცდელის სუბიექტივიზმს ცდის შედეგების ანალიზის დროს.

 

Print Friendly

Tags: , ,

Comments are closed.