პაპი ფრანცისკე კვლავაც სიყვარულით იხსენებს საქართველოში ვიზიტს

14517656_1176833899048684_7818869072901542129_n

გულმოწყალების საიუბილეო წლის დასასრულს, 17 ნოემბერს პაპმა ფრანცისკემ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ სტეფანია ფლასკას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა მედიასაშუალება avvenire-ში. სასიამოვნოა, რომ პაპი ფრანცისკე, რომელმაც არაერთხელ ისაუბრა საქართველოში ვიზიტსა და მის უწმინდესობა პატრიარქ ილიასთან შეხვედრასა და მისი უწმინდესობის პიროვნებაზე, კვლავ აგრძელებს საქართველოში ვიზიტის გახსენებას და უწმინდეს ილიაზე, როგორც ღვთის კაცზე საუბარს.

 

გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან.

 

პაპმა ფრანცისკემ საუბრის დასაწყისში გულმოწყალების წელიწადის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 

„ვინც აღმოაჩენს, რომ ის უყვართ, იწყებს ბოროტი სიმარტოვიდან გამოსვლას, გამოსვლას განდგომილებისაგან, რომელსაც მოაქვს სხვათა და საკუთარი თავის სიძულვილი. ვიმედოვნებ, რომ მრავალმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ისინი ძალიან უყვარს იესოს… გულმოწყალება ღვთის სახელია და მისი ‘სუსტი წერტილიც’ – მის გულმოწყალებას ყოველთვის პატიებამდე მივყევართ, ჩვენს ცოდვათა დავიწყებამდე. მე მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რომ ყოვლისშემძლეს აქვს ‘სუსტი მახსოვრობა’, მას შემდეგ, რაც ერთხელ გპატიობს – ივიწყებს, რადგან ბედნიერია აპატიოს“.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნიშნავს პაპის სიტყვები, რომ ერთობა აღესრულება სიარულით (წინსვლით), პაპმა უპასუხა:

 

„ერთობა იქმნება არა იმიტომ, რომ ერთმანეთში ვთანხმდებით, არამედ იმიტომ, რომ ვმოძრაობთ ქრისტეს მიდევნებულნი, და ამ სიარულში, მისი ხელთ, ვისაც მივდევთ, შეგვიძლია აღმოვჩნდეთ ერთმანეთთან ერთობაში,

ქრისტეს მიდევნება არის ის რაც აერთიანებს. მოქცევა ნიშნავს მივცეთ უფალს საშუალება იცხოვროს და იმუშაკოს ჩვენში. ასე აღმოვაჩენთ, რომ ერთიანნი ვართ ჩვენს საერთო მისიაში – ღვთის სიტყვის ხარებაში. ერთად სიარულსა და ერთად შრომაში აღმოვაჩენთ, რომ ღვთის სახელით უკვე ერთიანნი ვართ და შესაბამისად ერთობას ჩვენ არ ვქმნით, ვხვდებით, რომ სულიწმინდას, რომელიც გვიბიძგებს, წინ მივყევართ… შეუძლებელია ქრისტეს კვალს მიდევნება თუ არ მიყევხარ, თუ არ გიბიძგებს სული წმინდა და ამიტომ არის სულიწმინდა ქრისტიანთა შორის ერთობის ხელოვანი“.

 

„ქრისტიანთაშორისი პროზელიტიზმი თავისთავად უდიდესი ცოდვაა, რამდენადაც თავის თავში ეწინააღმდეგება ქრისტიანად ქცევისა და ქრისტიანად დარჩენის რაობის დინამიკას. ეკლესია არ არის რომელიმე ფეხბურთის გუნდი, რომელსაც მხარდამჭერთა მოგროვება სჭირდება, ეკლესია არასდროს იზრდება პროზელიტიზმით“ – დასძინა პაპმა.

ჟურნალისტის მორიგ კითხვას, რომელიც მართლმადიდებელ პატრიარქებთან ურთიერთობას ეხებოდა, პაპმა ფრანცსიკემ სიყვარულით სავსე სიტყვები მიაგება:

 

„[მათთან ურთიერთობაში] განვიცდი ძმობას. ჩემთვის ისინი, ყველანი ძმები არიან. ერთმანეთს ვლოცავთ, ერთი ძმა ლოცავს მეორეს, როდესაც პატრიარქ ბართლომესა და იერონიმესთან ერთად ვიყავით საბერძნეთში, კუნძულ ლესბოზე, დევნილებთან შესახვედრად, ჩვენ ერთიანად ვგრძნობდით თავს. ნამდვილად ერთიანად. როდესაც ვიყავი ფანარში, პატრიარქ ბართლომესთან, წმინდა ანდრიას დღესასწაულის აღსანიშნავად, ჩემთვის უდიდესი სიხარული იყო. საქართველოში შევხვდი პატრიარქ ილიას… სულიერი სიმფონია, რაც მე მასთან განვიცადე ძალიან ღრმა იყო. თავი ვიგრძენი წმინდანის, ღვთისკაცის წინაშე, ხელი ჩამკიდა, მითხრა ულამაზესი რაღაცეები, უფრო ლამაზი ჟესტებით ვიდრე სიტყვებით. პატრიარქები არიან მონოზვნები, მათთან საუბარში ხედავ, რომ ისინი მლოცველი ადამიანები არიან… რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა ერთი წლის წინ ესპანურენოვანი წიგნი მაჩუქა, წმინდა სილუანე ათონელზე, ამ უდიდესი წმინდა მონოზვნის ცხოვრებას ჯერ კიდევ ბუენოს აირესში ვკითხულობდი: „ლოცვა ადამიანებისათვის საკუთარი სისხლის დათხევამდე“. წმინდანები თავიაანთი მისტერიით გვაერთიანებენ ეკლესიაში. მართლმადიდებელ ძმებთან ერთად გზას ვადგავართ, ერთმანეთი გვიყვარს, ერთად განვიცდით, ერთად ვსწავლობთ, ჩვენთანაც მოდიან სასწავლად, პატრიარქმა ბართლომემაც აქ [რომში] ისწავლა…

ლესბოზე, სანამ ერთად ვესალმებოდით ყველას, ერთი ბავშვისაკენ დავიხარე, მაგრამ ბავშვს არ ვაინტერესებდი, ჩემს უკან იცქირებოდა, მეც გავიხედე და დავინახე რატომაც: ბართლომეს ჯიბეები კამფეტებით ჰქონდა სავსე და ბავშვებს ურიგებდა. ეს არის ბართლომე, ადამიანი, რომელსაც შეუძლია დიდი ძალისხმევისა და სირთულეების მიუხედავად იმუშაოს მართლმადიდებელთა წმინდა და დიდი კრების წარმატებისათვის, ისაუბროს მაღალი დონის თეოლოგიაზე და ამავე დროს მარტივად იდგეს ბავშვებს შორის“.

დასასრულს, ჟურნალისტმა პაპს შეახსენა პატრიარქ ბართლომეს სიტყვები, რომ ეკლესიის გაყოფა მასში ამქვეყნიური სულის შეჭრამ გამოიწვია, რაზედაც პაპი ისევ ერთობის თემას მიუბრუნდა:

 

„ხშირად უნდა ვიყუროთ პირველი ათასწლეულისაკენ, ეს არ უნდა იყოს მექანიკური უკუქცევა: იქ ინახება თანამედროვეობისათვის საჭირო საგანძური. უკვე ვახსენე თვითკმაყოფილება, როგორც ეკლესიას შემოჩვეული ცოდვა, თითქოს ის საკუთარ თავს უცქერს, თითქოს მას საკუთარი ნათელი ჰქონდეს. პატრიარქმა ბართლომემაც იგივე თქვა ეკლესიის ინტრავერსიულობაზე საუბრისას. პირველი საუკუნეების მამებს მკაფიოდ ესმოდათ, რომ ეკლესია ყოველ წამს სუნთქავს ქრისტეს მადლით, ამიტომ ამბობდნენ რომ ეკლესიას არ გააჩნია საკუთარი ნათელი და მას მთავარის მისტერიას ეძახდნენ, რადგან ეკლესია ასხივებს შუქს, მაგრამ არა საკუთარს და როდესაც ეკლესია ქრისტეს ჭვრეტის ნაცვლად იწყებს საკუთარი თავის ჭვრეტას, ჩნდებიან განყოფები. ეს არის ის, რაც მოხდ აპირველი ათასწლეულის შემდეგ. ქრისტეს ჭვრეტა გვათავისუფლებს ამ ჩვევისაგან, ტრიუმფალიზმის საცდურისაგან და გვაძლევს საშუალებას ურთიერთგაგების გზაზე ერთად სიარულისა, სულიწმინდაში, რომელსაც ერთობისაკენ მივყევართ.

მოამზადა იეროდიაკვანმა ლეონიდე ებრალიძემ

Print Friendly

Comments are closed.