ქართულ-უკრაინული ავტოკეფალია: პარალელები ასი წლის შემდეგ

16/11/2018
By

1542325259ავტორი: მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე
წინამდებარე ნაშრომის მიზანს არ წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიის დეტალებში შესვლა, რამდენადაც ამ თემაზე გასული წლების განმავლობაში, საზოგადოებისთვის დიდწილად ხელმისაწვდომი,უამრავი ლიტერატურა შეიქმნა. გვსურს მკითხველს შევახსენოთ ზოგიერთი პარალელი, ასი წლის წინანდელ საქართველოს ისტორიასა და უკრაინის თანამედროვეობას შორის.

რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს, დროსა და სივრცეში დაშორებულ ამ ორ ისტორიას ერთი ისეთი რეალობა აერთიანებს, რომელიც ევოლუციას არ ექვემდებარება არც დროში და არც სივრცეში –  საუბარი გვაქვს რუსულ ლოგიკაზე. დღემდე, ეს ლოგიკა, რუსულ რელიგიურ და სახელმწიფოებრივ აზროვნებასა და მისი გამოვლენის ყველა ფორმაში, ზუსტად ისეთი პრიმიტიული და ძალმომრეობითია, როგორიც იყო დაახლოებით ხუთასი წლის წინ, როდესაც, კირიონ მეორის სიტყვებით, „უსაქმური მჯღაბნელები“[i] ქმნიდნენ ნოვგოროდულ ლეგენდას თეთრი ბარტყულის შესახებ, რომელსაც ვერ გაუფრთხილდა რომი, რომელიც დაკარგა ახალმა რომმა და მთელმა ამ სიწმინდემ რუსეთში დაივანა.

დაახლოებით ასი წლის წინ, 1906 წელს მღვდელი კორნელი კეკელიძე წერდა: „ბოლო დროს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის თემა ღვარძლიანი განხილვის საგნად იქცა. საკითხის პრაქტიკული გადაწყვეტის აუცილებლობამ გამოიწვია მისი ყოველმხრივი სამეცნიერო შესწავლის მოთხოვნა, რისი წყალობითაც შეიქმნა მთელი ლიტერატურა ამ მიმართულებით“.[ii] თუ  მოყვანილ ციტატაში სიტყვა „საქართველო“ ჩანაცვლდება „უკრაინით“, საუკუნის წინანდელი ისტორია ჩვენს თვალწინ იქცევა რეალობად: ჩვენს დროშიც სოციალური აქტოვობის სივრცე სავსეა უკრაინის თემაზე შექმნილი ლიტერატურით, რომელიც ხშირად სწორედ ღვარძლით არის გაჯერებული. მაგრამ ის, რომ ასი წლის წინანდელ ქართულ ისტორიასა და თანამედროვე უკრაინულ რეალობას ბევრი საერთო აქვთ, მხოლოდ კეკელიძისეული ციტატით არ გამოიხატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პუბლიკაციით არ გვსურს შევქმნათ ილუზია, თითქოს ორი ისტორია აბსოლუტურად იდენტურია, მხოლოდ გვსურს, გავიხსენოთ რამდენიმე პარალელური ფაქტი, საქართველოს ეკლესიის ისტორიიდანXX საუკუნის დასაწყისში და უკრაინის ეკლესიის ისტორიიდან XXI საუკუნის დასაწყისში, იმის საჩვენებლად, რომ რუსული ლოგიკა მართლაც იდენტურია ამ ორ ისტორიაში (შემოკლებისთვის: ქართული – XX, უკრაინული – XXI).

 

  1. საკითხის გადავადება

 

XX: 1905 წელს ქართველი საეკლესიო და სამოქალაქო მოღვაწეთა მნიშვნელოვანი ნაწილი თხოვნით მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას, განიხილონ საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობის საკითხი. 1906 წელს რუსეთში შეიქმნა მღვდელმთავრებისა და სწავლულებისაგან შემდგარი კომისია, რომელსაც საქართველოს ეკლესიის საკითხი უნდა გადაეწყვიტა.[iii] კომისიამ დაიწყო მუშაობა, მართავდა შეხვედრებსა და დისკუსიებს. მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიას ჰქონდა ერთგვარი აკადემიური ხასიათი და მასში მოხსენებებით გამოდიოდნენ ისეთი ავტორიტეტული მეცნიერები, როგორებიც იყვნენ პროფესორები: ნიკო მარი, ალექსანდრე ცაგარელი და ალექსანდრე ხახანაშვილი, და საქართველოს პოზიციას მხარს უჭერდნენ კომისიის წევრი რუსი პროფესორები სოკოლოვი და ზაოზერსკი, ამ კომისიამ არაფერი გადაწყვიტა. ეს საქმე საიმპერატორო კარს გადაეცა. იმპერატორმა კი 1906 წლის 11 აგვისტოს ბრძანებით ეს საქმე გადასცა სამომავლოდ დაგეგმილ რუსეთის საეკლესიო კრებას,[iv] რომლის გამართვის სავარაუდო თარიღიც კი არ იყო განსაზღვრული.

XXI: ცხადია, კომისიების შექმნა და დისკუსიების გამართვა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში სხვა არაფერს ემსახურებოდა, თუ არა დროის გაწელვასა და საკუთარი პოზიციების გამყარების მცდელობას. ჩანს, სწორედ იგივე ლოგიკით, 2018 წლის 31 აგვისტოს, ფანარში გამართული შეხვედრისას, რუსეთის პატრიარქმა კირილემ რამდენჯერმე შესთავაზა მსოფლიო პატრიარქს სამეცნიერო კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზება, უკრაინის ავტოკეფალიისა და საეკლესიო მდგომარეობის საფუძვლიანად შესწავლის მიზეზით. მსოფლიო პატრიარქმა ამ სვლაზე უარი განაცხადა;[v]რთულია თქმა − მოსკოვთან დიალოგის გამოცდილებასა თუ მღვდელმთავრულ ინტუიციაზე დაყრდნობით.

XX: რუსეთის შემოთავაზებული კომისიები და კონფერენციები, სხვას რომ არაფერს ემსახურება, გარდა დროის გაყვანისა, იქიდანაც ჩანს, რომ 1906 წელს იმპერატორმა საქართველოს ეკლესიის საკითხი განსახილველად გადასცა იმ საეკლესიო კრებას, რომლის მოწვევაც მხოლოდ 1917 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც საქართველოს ეკლესიას უკვე ჰქონდა ავტოკეფალია გამოცხადებული (1917 წლის მარტში). შემთხვევითი არ არის, რომ 1981 წელს რუსეთში წმინდანად შერაცხილი პატრიარქი ტიხონი, 1917 წლის 29 დეკემბრით დათარიღებულ საყვედურებით სავსე წერილში, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს ამუნათებს, რადგან მათ არ მიართვეს შენდობის თხოვნა მოსკოვის კრებას, არ დაელოდნენ და არ სთხოვეს მოსკოვს საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი განეხილა.[vi]

XXI: ცნობილია, რომ 1992 წელს მოსკოვში მიმდინარე სამღვდელმთავრო კრებას ავტოკეფალიის თხოვნით მიმართა მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციაში მოღვაწე უკრაინული ეპისკოპატის უმრავლესობამ (მათ შორის მიტროპოლიტმა ონუფრემ). [vii] მაშინ პატრიარქმა ალექსი II-მ, ისევ და ისევ დროის მოგების მიზნით, უკრაინელებს სთხოვა მოეცადათ, სანამ გაფართოებულ კრებას მოიწვევდნენ, რადგან ასეთი მნიშვნელობის საკითხი სწორედ გაფართოებულ კრებაზე უნდა გადაწყვეტილიყო. ამასობაში, უცნობია რა ბერკეტებით, უკრაინელ ეპისკოპოსთა ნაწილს უკან გააწვევინეს თავისი ხელმოწერა. მოსკოვს გაფართოებული კრება 2009 წლამდე აღარ მოუწვევია. 2009 წელს კი კრების დღის წესრიგში ერთადერთი საკითხი იდგა − გარდაცვლილი ალექსი რიდიგერის მემკვიდრის არჩევა.

 

  1. გადაბირება

 

XX: ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოწინააღმდეგეთა რიცხვში მხოლოდ რუსი პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწეები არ შედიოდნენ. განსაკუთრებული ენთუზიაზმით ებრძოდნენ ავტოკეფალიის იდეას თავად ქართველი მღვდელმთავრები, ეპისკოპოსები: ექვთიმე ელიაშვილი და დიმიტრი აბაშიძე (ორივე მათგანმა მოღვაწეობა მოსკოვის ეკლესიის იურისდიქციაში დასრულა). ცნობილია ეპისკოპოს აბაშიძის ერთი ფრაზა, რომელიც ერთ-ერთი საეკლესიო კრებისას წამოიძახა:„დაიჭირეთ ეპისკოპოსები კირიონი და ლეონიდე და საქართველოში ავტოკეფალია აღარავის გაახსენდება“. ბუნებრივია ის ფაქტი, რომ ქართველი იერარქები ავტოკეფალიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, მოსკოვისათვის მნიშვნელოვან არგუმენტს წარმოადგენდა.

XXI: იგივე არგუმენტს იყენებს მოსკოვი დღესაც: ასი წლის წინანდელი საქართველოს მსგავსად, თანამედროვე უკრაინაშიც არიან ეროვნებით უკრაინელი მღვდელმთავრები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ავტოკეფალიის იდეას. 2018 წლის 13 ნოემბერს კიევში გაიმართა მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში მყოფ უკრაინელ მღვდელმთავართა კრება, რომლებმაც „ერთხმად“ დაგმეს ავტოკეფალიის მინიჭების იდეა და პროცესი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება არც ისეთი ერთსულოვანი ყოფილა, როგორც ამას კრების მეთაურები იტყობინებოდნენ.[viii] როგორც ჩანს, მოსკოვის საპატრიარქოს სამიტროპოლიტოს ყველა მღვდელმთავარი არ არის რუსული პოლიტიკის იარაღი და მათი ნაწილი დიდი იმედებით ელოდება 2018 წლის ნოემბრის ბოლოს დანიშნულ საერთო კრებას.

 

  1. იურისდიქცია

 

XX:      მოსკოვი, პატრიარქ ტიხონით სათავეში, არა თუ არ სცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, არამედ ქართველთა ქმედებას ანტისაეკლესიოდ და ანტიკანონიკურად აფასებდა: „თქვენ გამოუცხადეთ საქართველოს ეგზარქოსს, ქართლ-კახეთის მთავარეპისკოპოს პლატონს, რომ ის იურიდიულად და ფაქტობრივად აღარ არის საქართველოს ეგზარქოსი და ქართლ-კახეთის მთავარეპისკოპოსი და რომ მას უფლება აღარ აქვს განკარგოს ქართული ეპარქიები“.[ix]

XXI: საინტერესოა, რომ 2018 წლის ნოემბრის დასაწყისში BBC-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, მთავარეპისკოპოსმა იობ გეჩამ გაიმეორა ასი წლის წინ ქართველი მღვდელმთავრების მიერ ეგზარქოს პლატონისათვის გამოცხადებული სიტყვები: მას შემდეგ რაც კონსტანტინოპოლის უწმინდესმა სინოდმა გააუქმა კიევის სამიტროპოლიტოს მოსკოვისათვის დროებით გადაცემის აქტი, უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქო იურიდიულად და ფაქტობრივად აღარ არსებობს.[x]

XX: რუსეთისათვის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება არ ნიშნავდა საქართველოდან მათი იერარქიის გაწვევას. 1917 წლის 10 ივლისს საქართველოს საეგზარქოსო გადაკეთდა კავკასიის საეგზარქოსოდ და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე არსებობა გააგრძელა რუსეთის ეკლესიის პარალელურმა იურისდიქციამ,[xi]რომელიც შემდგომ ამიერკავკასიის საეგზარქოსოდ გარდაქმნეს (1917-1920).

XXI: დღესაც, როგორც ასი წლის წინ საქართველოში, მოსკოვის საპატრიარქო ყველა ღონეს ხმარობს უკრაინაში საკუთარი პარალელური იურისდიქციის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. ხელს უშლის უკრაინის ტერიტორიაზე თვითმყოფადი ეკლესიის გაერთიანებას და არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, წარმოადგინოს საკუთარი პარალელური იურისდიქცია, როგორც ერთადერთი კანონიკური, უკრაინის მიწებზე.[xii]

 

  1. ქონება

 

XX: 1917 წლის მოსკოვის კრებაზე მიდის ხმები, ქართველი სამღვდელოების მიერ საქართველო-იმერეთის სასინოდო კანტორის მიტაცებისა და მონასტრებიდან რუსული სამღვდელოების დათხოვნის შესახებ. ცხადია, რუსეთის იერარქებს ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არ გამოჰპარვიათ მხედველობიდან  − ზემოთ ხსენებულ წერილში, პატრიარქი ტიხონი ქართველ მღვდელმთავრებს ადანაშაულებს საეგზარქოსოს ქონების მითვისებაში. პატრიარქი ტიხონისა და მოსკოვური იერარქიისათვის ის მონასტრები და ტაძრები, რომლებსაც ქართველთა წინაპრები აშენებდნენ, როგორც ქართული სულიერი კულტურის ნიშებს, რუსული ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენდნენ.[xiii]

XXI: მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლები მუდმივად ადანაშაულებენ უკრაინის მოსახლეობას მოსკოვის საპატრიარქოს ქონების მიტაცებაში. საეკლესიო ქონების გაყოფასთან დაკავშირებით რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები სისხლისღვრასაც კი აანონსებენ − როგორც ასი წლის წინ, საქათველოს შემთხვევაში, დღესაც რუსეთს სწამს, რომ უკრაინელი ერის სულიერი კულტურის ძეგლები მათი საკუთრებაა.[xiv]

 

  1. კანონიკური სამართალი

 

XX: პატრიარქი ტიხონი საქართველოს კათოლიკოს კირიონსა და ავტოკეფალისტ მღვდელმთავრებს ადანაშაულებს რუსეთის ეკლესიაში განხეთქილების შეტანაში, კანონიკური იერარქიის დაუმორჩილებლობასა და ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისაგან გამოყოფაში და განსჯის მათ მეორე მსოფლო კრების მე-2, ანტიოქიის კრების მე-9, მე-13 და მე-16, მოციქულთა 35-ე და კონსტანტინოპოლის ორმაგი კრების მე-14 კანონთა საფუძველზე. საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოთხოვნასა და გამოცხადებას კი, კირიარქარული (მმართველი) ეკლესიის (მოსკოვის) თანხმობის გარეშე სრულიად ანტიკანონიკურად აცხადებს.[xv]

XXI: ზუსტად იგივე პრეტენზიით გამოდის დღეს მოსკოვის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის წინააღმდეგ: ავტოკეფალისტ მღვდელმთავრებს აცხადებს მადლისაგან განძარცვულად და ერთი, წმინდა, სამოციქულო ეკლესიისაგან გამოყოფილად. აპელირებს იმაზე, რომ კირიარქალური ეკლესიის თანხმობის გარეშე დაუშვებელია ავტოკეფალიაზე ფიქრიც კი, და განსჯის ავტოკეფალისტების ქმედებებს დასახელებული კანონებისა (და სხვა ზოგიერთის) მოსკოვური ინტერპრეტაციის საფუძველზე. მოსკოვის ასეთი პოზიციისა და საეკლესიო კანონების უკონტექსტო ინტერპრეტაციის საუკეთესო მაგალითი მოსკოვის სინოდის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერსა [xvi] და 15 ოქტომბერს[xvii] უკრაინის თემაზე მიღებული დადგენილებებია, რომლებშიც ზუსტად მეორდება ის ლოგიკა, რომლითაც პატრიარქი ტიხონი უდგებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს.

 

დასკვნის სანაცვლოდ

 

ქართულ-უკრაინული ავტოკეფალისტური მოძრაობის ისტორიის პარალელების ჩამოთვლას კიდევ მრავალი გვერდი დასჭირდება, მაგრამ წესით დასახელებულმა ფაქტებმაც უნდა მიგვახვედროს, რომ თუ საქართველოს ეკლესია გაიზიარებს მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციებს, ის უარს იტყვის თავის ისტორიაზე და მორალური დარტყმის ქვეშ დააყენებს საკუთარი ავტოკეფალიის აღდგენის კანონიკურობას. არ უნდა დაგვავწიყდეს, რომ ეს ისტორიები მხოლოდ ჩვენ არ ვიცით, მას სხვებიც შესანიშნავად იცნობენ. როგორც უკრაინულიავტოკეფალისტური მოძრაობის ლიდერმა, მღვდელმთავარმა ფილარეტმა ერთ-ერთინტერვიუში შენიშნა: საქართველოს ეკლესიას უნდა ახსოვდეს ისტორია. ასეთივე ისტორიასგადის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.[xviii]

 

[i] საძაგლიშვილი კ., ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში (თბილისი, 2009), 34.

[ii]კეკელიძე კ., Литургическая справка по вопросу об автокефалии Грузинской церкви,ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან VII (თბილისი, 1961), 253.

[iii] ბურდული გვ., საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერების რუსეთის საეკლესიო კრების წინარე თათბირე (1906 წელი) (თბილისი, 2012).

[iv]საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მოძრაობის მოკლე ისტორიისათვის, იხ. ჯაფარიძე ა., საქართველოს დედა ეკლესია (თბილისი, 2006), 114-117.

[v]https://orthodoxia.info/news/%D1%8D%D0%BA%D1%81%D0%BA%D0%BB%D1%8E%D0%B7%D0%B8%D0%B2%D0%B4%D0%B8%D0%B0%D0%BB%D0%BE%D0%B3%D0%B2%D0%B0%D1%80%D1%84%D0%BE%D0%BB%D0%BE%D0%BC%D0%B5%D1%8F%D0%BA%D0%B8%D1%80%D0%B8%D0%BB%D0%BB%D0%B0/

[vi] Послание Святейшаго Патриарха, Церковныя ведомости, издаваемыя при СвятейшемПравительствующем Синоде. Еженедельное издание с прибавлениями № 3-4 (1918), 1-2.

[vii]https://censor.net.ua/photo_news/3085503/predstoyatel_upts_mp_onufriyi_v_1992_godu_vystupal_za_avtokefaliyu_ukrainskoyi_tserkvi_upts_kp_opublikovala

[viii] https://www.kommersant.ru/doc/3799299

[ix] Послание Святейшаго Патриарха, Церковныя ведомости, издаваемыя при СвятейшемПравительствующем Синоде. Еженедельное издание с прибавлениями № 3-4 (1918), 1-2.

[x] https://www.bbc.com/russian/features-46067226

[xi] Православная Энциклопедия, XIII, 219-220.

[xii] https://ria.ru/religion/20181002/1529846223.html

[xiii] Православная Энциклопедия, XIII, 219-220.

[xiv] https://ukraina.ru/news/20180915/1021146343.html

[xv]Послание Святейшаго Патриарха, Церковныя ведомости, издаваемыя при СвятейшемПравительствующем Синоде. Еженедельное издание с прибавлениями № 3-4 (1918), 1-2.

[xvi] http://www.patriarchia.ru/db/text/5268282.html

[xvii] http://www.patriarchia.ru/db/text/5283708.html

[xviii] https://www.radiotavisupleba.ge/a/29575075.html

 

Connect to Facebook

Print Friendly

Comments are closed.