უხერხულია წინა საუკუნეებში ჩარჩენა: პასუხი ედიშერ ჭელიძეს

1დავით თინიკაშვილი

უხერხულია წინა საუკუნეებში ჩარჩენა: პასუხი ედიშერ ჭელიძეს

არ მეგონა პატივცემული მეცნიერი თუ ღია კარის მტვრევას დაიწყებდა და ასეთი აღტკინებით დაესხმებოდა თავს სამი წლის წინანდელ (2015 აგვისტო) ჩემს ფეისბუქ რეპლიკას ჰუმანიტარიაში სიტყვის scientific არამართებული გამოყენების შესახებ. თანამედროვე სამყაროში ეს საკითხი იმდენად ტრუიზმია, რომ სასაცილოა მის წინააღმდეგ ასეთი გააფთრებული ბრძოლა და საპირისპიროს მტკიცება. უფრო მეტი უხერხულობა კი პროფ. ედიშერ ჭელიძემ საკმაოდ ტლანქი მოძრაობით შექმნა: საკუთარი პოზიციის გამყარებას უსაშველოდ მოძველებული, მე-18-19 საუკუნეებში შექმნილი ტექსტების საფუძველზე ეცადა.

მაშ ასე, წვრილად განვჩხრიკოთ მისი საპასუხო წერილი, თუმცა ჯერ მცირე შესავალი წარმოვადგინოთ საქმეში ჩაუხედავთათვის. სასულიერო აკადემიის პატროლოგიისა და დოგმატიკის კათედრის გამგემ, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ ვრცელი სტატია დაწერა სათაურით „საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სამოციქულო დაფუძნებულობის მეცნიერული მტკიცებულებანი“, რომელიც გამოქვეყნდა კრებულში: საღვთისმეტყველო-სამეცნიერო შრომები. მეექვსე ტომი. 2015 წელი. ხსენებულ ფეისბუქ პოსტში სტატიის შინაარსს არ შევხებივარ. მხოლოდ სტატიის ინგლისურენოვანმა დასათაურებამ მომჭრა თვალი: “The Scientific Evidences of the Apostolic Foundation of the Orthodox Church in Georgia”, კერძოდ მასში უადგილოდ გამოყენებულმა სიტყვებმა scientific evidences. აღვნიშნავდი, რომ ამ სიტყვებს დღეს არავინ იყენებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ფბ პოსტის ყველა ის კომენტატორი, ვინც ინგლისური ენა კარგად იცის, იზიარებდა აღნიშნული შენიშვნის არსობრივ სისწორეს. დავიწუნე ასევე თავად კრებულის ინგლისური სათაურიც: Theological-Scientific works, თითქოს ის ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო კვლევების კრებული ყოფილიყოს.

ამის შემდეგ ჩაიარა თითქმის სამმა წელმა. რამდენიმე დღის წინ მატყობინებენ, რომ 2018 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ სასულიერო აკადემიის კრებულში (სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები ტ. VIII-IX, 2018, გვ. 612-631) ბატონ ედიშერს არც მეტი, არც ნაკლები, ოც გვერდიანი „მამხილებელი“ სტატია დაუბეჭდავს. ცხადი იყო, რომ აღნიშნული ფბ-რეპლიკა მას ერთ-ერთმა ჩემმა „ფბ-ფრენდმა“ მიართვა. დავით ბრეგვაძემ თავად აღიარა ეს ფაქტი. ხსენებული „განმაქიქებელი“ ოპუსი ამავე თვის 26 რიცხვში განთავსდა ვებ-საიტზე (ბეჭდურ კრებულში გამოქვეყნებული სტატიის ფოტოფირებით): edisherchelidze.blogpost.com. სწორედ ამ გზით გაავრცელა ბატონმა დავითმა სოციალურ ქსელში ეს წერილი, რითაც საშუალება მომეცა მას გავცნობოდი.

არ ვაპირებდი საპასუხო გამოხმაურებას, რადგან დასავლურ ჰუმანიტარულ აკადემიურ წრეებში ეს იმდენად მიღებული, აღიარებული, გაცვეთილი და ბანალური ლინგვისტური ჭეშმარიტებაა, რომ ჩემი ძვირფასი დროისა და ენერგიის დაკარგვა დამენანა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბატონი ედიშერის თაყვანისმცემლებისთვის სრულიად უცნობია ეს ბანალური ჭეშმარიტება.

ამ საპასუხო წერილის დაწერა იმ ფორმამაც გადამაწყვეტინა, რომლითაც ჩემი სამი წლის წინანდელი ფეისბუქ შენიშვნაა გამოთქმული: ყურადღებამისაქცევია ის გარემოება, რომ მაშინდელი რეპლიკა პრივატულ სივრცეში გამოვთქვი (როგორც წესი, ფბ-პოსტები გასაჯაროებული არ მაქვს და არც ამ პოსტის სტატუსი იყო ამგვარი). ამიტომ, ნამდვილად არ მოველოდი, რომ ვიღაც მიუტანდა მას ბატონ ედიშერს და ეს უკანასკნელი აკადემიური ხასიათის პასუხს მოამზადებდა, თორემ ცხადია სხვა ფორმით და უფრო ვრცლად, არგუმენტირებულად გადმოვცემდი სათქმელს. განა გასაკვირია, რომ თავად ბატონი ედიშერიც შეიძლება სამეგობროში რაიმეს შინაურულად, ემოციურად ან ჟარგონულად ამბობდეს, მაგრამ ამაზე ოფიციალურ პასუხს არავინ სწერდეს ამა თუ იმ დაწესებულების ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. სწორედ ასეთია ზემოთ ხსენებული კრებული, რომელშიც აღნიშნული „გამოხმაურებაა“ დაბეჭდილი.

ამრიგად, იძულებული ვარ იგივე აკადემიური სტილით, ტონით და მიზანდასახულებით შევადგინო ეს წერილი, თორემ ისე გამოდის, რომ მე აგდებულად, უხეშად მივმართე მას (თუმცა, მე ასე არ ვთვლი, თუ რატომ, იხ. ქვემოთ), მან კი დინჯად და აკადემიურად მიპასუხა. რა ცუდი ბიჭი ყოფილა ეს დავით თინიკაშვილი. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ობიექტურ მკითხველს ჩემი მხრიდანაც უნდა ჰქონდეს სათანადო არგუმენტები. მხოლოდ ამის შემდეგ აქვს კეთილსინდისიერ ადამიანს მორალური უფლება საკუთარი დასკვნა გამოიტანოს. მანამდე გამოთქმული ყველა შეფასებითი მსჯელობა ჩემი პოზიციისა, მით უმეტეს პიროვნებისა, მოცემული პიროვნების გულუბრყვილობასა და უმწიფარობაზე მიუთითებს, რბილად თუ ვიტყვი.

როგორც ჩანს, ბატონმა ედიშერმა თავი დამცირებულად იგრძნო ჩემი შემდეგი ფეისბუქ-შეფასების გამო: “ასეთი ელემენტარული შეცდომა უბრალოდ სირცხვილია”. ის თავის საპასუხო წერილში დიდ ყურადღებას ამახვილებს სწორედ ამ სიტყვებზე. ამ გარემოებას მისი ინფორმატორი, ბატონი დავით ბრეგვაძეც ადასტურებს: თურმე ედიშერი მისი მეგობარია და მანაც ვერ აიტანა მისი ამგვარი დამამცირებელი მოხსენიება. ამიტომ მან თავის წმინდა მოვალეობად მიიჩნია მისთვის ამ ყველაფრის შეტყობინება (ფბ პოსტი თავის კომენტარებიანად), რის შემდეგაც ოპონენტმა საპასუხო წერილი გამოგვიქვეყნა. დარწმუნებული ვარ სხვა ჩემს ადგილას მძაფრ შენიშვნას მისცემდა ბატონ დავითს, რადგან პირადი და ახლობელთა წრისთვის განკუთვნილი სიტყვები ავტორის დაუკითხავად გაავრცელა. ეს ვერ არის მთლად გამართული ქცევა ურთიერთობის ეთიკის თვალსაზრისით. მაგრამ არ შევქმნი ახლა ამისგან პრობლემას! როგორც იტყვიან so far, so good! ახლა კი ყურადღებით გაეცნოს ამ წერილს პროფესორი ედიშერ ჭელიძე და ყველა მისი მიმდევარი, ვინც მისი „გამოხმაურების“ უბადრუკი ტექსტის გამო აღტაცება ვერ დამალა. სარგებელს ნამდვილად ნახავენ.

რეალურად ჩემს ფბ სიტყვებში ოდენ შეცდომის ხარისხია შეფასებული და არანაირი აუცილებლობა არ არსებობს ვინმემ პიროვნულ დამცირებად მიიღოს ამგვარი შეფასება, თუკი მისი პატივმოყვარეობა უზომოდ გაბერილი არაა. შეცდომებისადმი სტერილური არავინ ვართ და, როგორც გამოჩნდა, ამის აღიარება ძალიან მტკივნეულია ზოგიერთებისთვის.

ვინ ვინ და სწორედ ედიშერ ჭელიძემ და მისმა თანამოაზრეებმა არ უნდა მიუთითონ არავის პოლემიკაში დამამცირებელი სიტყვების გამოყენების მიუღებლობის თაობაზე. ღრმა წარსულში რომ არ წავიდეთ, ავიღოთ თუნდაც მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ბროშურა სათაურით „ოდეს სამართალმან დაგასამართლოს“ (თბ., 2011, 91გვ.), რომელშიც ავტორი მოპაექრეს, გიორგი გოგოლაშვილს „აბსოლუტურად უბადრუკ ადამიანად“ (გვ. 3) მოიხსენიებს. მის ნაშრომს კი „აღვირმიშვებულ ბილწმეტყველებას“ და „წლობით ნაგროვებ თხრამლს“ (გვ. 4) უწოდებს. ამავე გვერდზე ბატონი ედიშერი ოპონენტზე წერს, რომ მას „…მოლანდებია (დაავადებული გონებისთვის ეს სრულიად ბუნებრივია)“. სხვა მრავალი მსგავსი გამოთქმის მოყვანაც შეიძლებოდა ბატონი ედიშერის პოლემიკური შემოქმედებიდან. მაგრამ სიქველედ უნდა მივიჩნიოთ მკითხველის სასმენელის დანდობა ისევე, როგორც ამგვარი ღვარძლიანი სიტყვების წაკითხვა კეთილკრძალული ქრისტიანის მზერას შეურაცხყოფს. საინტერესოა, თუ აცნობიერებს სასულიერო აკადემიის პროფესორი, რომელიც თავს მორწმუნე ადამიანად მიიჩნევს, რა დონის პიროვნულ შეურაცხყოფას აყენებს მოსაუბრეს ასეთი სიტყვებით? ამგვარი სტრიქონების გაცნობის შემდეგ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ბატონ ედიშერს წარმოდგენა არ აქვს იმ ეტიკეტისა და კულტურის შესახებ, რომლითაც იწარმოება აკადემიური პოლემიკა თანამედროვე სამყაროში. არცერთი დასავლელი მეცნიერი (იქნება ის მორწმუნე თუ ურწმუნო), რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ასე შეურაცხმყოფელად არ მიმართავს თავის მოსაუბრეს. ერთი სიტყვით, ამ ფონზე ჩემი სიტყვები, „ელემენტარულ შეცდომასა“ და „სირცხვილთან“ დაკავშირებით, ტკბილ გალობად უნდა ჩაესმას მკითხველს.

ხსენებული სოციალური ქსელის სულ რამდენიმე სტრიქონიან პოსტში აღვნიშნავდი, რომ სიტყვების science, scientific გამოყენება არ არის მიღებული თანამედროვე ფილოლოგიურ, თეოლოგიურ, ისტორიოგრაფიულ და ფილოსოფიურ კვლევებში. გამონაკლისი ინტერდისციპლინარულ კვლევებს შეიძლება ეხებოდეს, როდესაც ჰუმანიტარები და ბუნებისმეტყველები ერთად ანხორციელებენ რაიმე პროექტს. ამ შემთხვევაშიც კი ამ ორი სფეროს მეცნიერთა მიერ ლექსიკური ერთეულების აღრევა არ ხდება. ასეთ დროს ჰუმანიტარი არასდროს მიმართავს სიტყვებს science ან scientific კონკრეტულად მის მიერ გამოყენებულ კვლევით მეთოდზე საუბრისას. მისთვის გამართლებულია მხოლოდ შემდეგი სიტყვებით ოპერირება: scholarly, literary. ამგვარი ინტერდისციპლინარული პროექტის შედეგებზე საუბრისას თავისუფლად შეუძლია ვინმეს თქვას, რომ გამოყენებული იქნა ასევე scientific მეთოდი, რაც, როგორც წესი, გულისხმობს ლაბორატორიულ ექსპერიმენტს, სტატისტიკურ ანალიზს. ბატონი ედიშერის სტატია კი არანაირად არ სცდება ისტორიისა და ფილოლოგიის საზღვრებს. შესაბამისად, ის მოიცავს ოდენ ფილოლოგიურ მოწმობებს და ისტორიულ ცნობებს. ასეთ დროს თანამედროვე ჰუმანიტარი უნდა იყენებდეს გამოთქმას historical evidence და არანაირად scientific evidence. ეს მიღებული და დადგენილი კონვენციაა ინგლისურენოვან აკადემიურ წრეებში.

ამრიგად, უადგილოდ გამოყენებული ამგვარი სიტყვები შეიძლება შეფასდეს არა მხოლოდ უხერხულ არქაიზმად ან ე.წ. ვორდჩოისის პრობლემად, რომელიც მხოლოდ სტილსა და გემოვნებას შეიძლება უკავშირდებოდეს, არამედ შეცდომად, ამასთან „ელემენტარულ შეცდომად“. ეს ნამდვილად „სირცხვილია“ ასეთი დამსახურებული ფილოლოგის მხრიდან, როგორიც პროფ. ედიშერ ჭელიძეა, რაც გამოწვეულია შესაბამისი თანამედროვე ჰუმანიტარული კვლევების არცოდნით ან უფრო უარესი: მათი მიჩქმალვით.

ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ბატონმა ედიშერმა ამ სრულიად ცხადი ვითარების წინააღმდეგ წინასწარვე განწირული ბრძოლა გადაწყვიტა, მოიმარჯვა რა მე-18-19 საუკუნეების ტექსტები. მაგ., ის გვატყობინებს, რომ ფილოლოგიაში სიტყვის science გამოყენება „არათუ მიღებულია, არამედ დაკანონებულიცაა“ (ჭელიძე, გვ. 614) და იმოწმებს მე-19 საუკუნეში მოღვაწე მეცნიერის, ვინმე გ. დროისენის ციტატას. მას მსგავსი სახის სხვა ციტატები მოჰყავს აღნიშნულ საუკუნეებში გამოცემული წიგნებიდან, ასევე ისტორიასა და ფილოსოფიაში სიტყვების science და scientific-ის გამოყენების მართებულობის საჩვენებლად.

ოპონენტი აგრძელებს: „არსებობს თვით სინტაგმა ‘მეცნიერული ფილოლოგია’ (scientific philology), რაც დიდი გერმანელი ფილოლოგის ფრიდრიხ აუგუსტ ვოლფის (1759-1824) სახელს უკავშირდება“ (ჭელიძე, გვ. 620). სხვაგან გვატყობინებს: „გამოჩენილი ინგლისელი ფილოლოგი Henry Sweet (1845-1912) გერმანიას, უწოდებდა „მეცნიერული ფილოლოგიის (scientific philology) სამშობლოს“ (ჭელიძე, გვ. 621). ოპონენტი იმოწმებს ასევე სხვა მსგავს ძველ ავტორებს: Benjamin Woodbridge Dwight (1772-1829) და სხვებს.

პროფ. ჭელიძის მიერ დამოწმებულ ამ ძველ გამოცემებს ზოგჯერ აწერია 2007 ან 2004 წელი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი უმეტესად რეპრინტებს წარმოადგენს, რომლებიც თავდაპირველად მეოცე საუკუნის დასაწყისში ან უფრო ადრეა გამოცემული. შესაბამისად, ამგვარი გამოცემების ტექსტები თავის სტილს ინარჩუნებს. მაგ., თავად ოპონენტი მიგვითითებს ერთ-ერთ ასეთ გამოცემაზე, კერძოდ, 1888 წელს დაბეჭდილ ნაშრომზე Philosophia Ultima. სურს რა ხაზი გაუსვას ნაშრომის მნიშვნელობას, გვაუწყებს, რომ მისი „ექვსგზისი ხელახალი გამოცემა განხორციელდა (2012, 2013, სამგზის 2015 და 2018 წწ-ში)“ (ჭელიძე, გვ. 625).

ბატონი ედიშერი გულწრფელად აღიარებს, რომ სწორედ ამ ექვსჯერ გამოცემული წიგნის სათაურმა განსაზღვრა მისი სტატიის ინგლისურენოვანი სახელწოდებაც (ჭელიძე, გვ. 626). დიახ, სწორედ ესაა პრობლემა, რომ დღევანდელი ფილოლოგი 2015 წელს დაწერილ სტატიას 1888 წელს გამოცემული წიგნის მიხედვით ასათაურებს.

პატივცემული პროფესორი სხვა საგულისხმო აზრსაც გამოთქვამს: „რაიმე დასათაურებას ჩვენ კი არ ვთარგმნით ჩვენი ინიციატივით (ჩვენს თავზე მინდობით) ქართულიდან ინგლისურად, არამედ ვეძიებთ ინგლისურში უკვე დადასტურებულ ფორმებს ანუ ვეძიებთ და ვიყენებთ მხოლოდ იმას, რაც უკვე გამოყენებულია და გამოკვეთილად აპრობირებულია საკუთრივ ინგლისელ (ან ინგლისურენოვან მეცნიერთა მიერ საუკუნეთა მანძილზე“ (ჭელიძე, გვ. 618-9). როგორც ჩანს, ბატონი ედიშერი ვერ აცნობიერებს ბოლო ორი სიტყვის („საუკუნეთა მანძილზე“) რეალურ მნიშვნელობას. მას ჰგონია, რომ ხანგრძლივ საუკუნოვან ტრადიციაზე მითითებით საიმედოდ იმყარებს საკუთარ პოზიციას. არადა სწორედ ამ საუკუნეებზე აპელირებაშია საბედისწერო შეცდომა. ამ გარემოებას რომ ნამდვილად ვერ აცნობიერებს ოპონენტი, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ის კიდევ ერთ ადგილას ომახიანად გვამცნობს, რომ „ინგლისი გახლავთ ის ქვეყანა, სადაც ‘მეცნიერული ფილოლოგია’ არსებობას ითვლის უკვე მეთხუთმეტე საუკუნიდან“ (ჭელიძე, გვ. 622). ნუთუ?

ოპონენტს მოჰყავს უფრო მოგვიანო პერიოდის შემთხვევაც. მაგრამ საკმარისია მისი დედანში გადამოწმება, რომ არაწინასწარგანწყობილი და გონებაგახსნილი მკითხველი მყისვე ჩაწვდება საქმის არსს. მაგალითად, განვიხილოთ ბატონი ედიშერის მიერ დამოწმებული სერბი ავტორის პუბლიკაცია “Liturgical Renewal in the 20th century” (The Theological Faculty of the Serbian Orthodox Church, Belgrade 2009), რომელიც, საბედნიეროდ, academia.edu-ზე ატვირთულია, რაც აადვილებს ტექსტის ნახვას ნებისმიერი მსურველის მხრიდან. მითითებულ 124-ე გვერდზე ავტორი წერს: „ზოგადად ითვლება, რომ ლიტურგიკული განახლება არ დაწყებულა ვატიკანის მეორე კრებით. მას წინ უძღოდა მრავალი საღვთისმეტყველო-სამეცნიერო (theological-scientific) და პასტორალური ექპერიმენტი“. როგორც ირკვევა, სერბი ავტორი ვატიკანის მეორე კრების ანუ 1962-65 წლებამდე ვითარებას განიხილავს (ეს გარემოება, ნებით თუ უნებლიედ, მიჩქმალულია ბატონი ედიშერის მიერ ციტირებულ მის სიტყვებში). ვფიქრობ, აქ ბატონ ედიშერს, როგორც მეცნიერს, უნდა მოეხმო კრიტიკული აზროვნება და მინიმუმ ორ ვერსიაზე მაინც ეფიქრა: 1) იქნებ ხსენებული სერბი ავტორი სწორედ იმ დროისთვის შემორჩენილ ენობრივ ნორმებს იყენებს, კონკრეტულად კი გამოთქმას „theological-scientific”, რომელსაც აუცილებელი არაა თავად იზიარებდეს (ავტორი შეიძლება სხვისი ენით და ლექსიკით საუბრობდეს გარკვეული მიზეზით); 2) თუნდაც აღნიშნული ავტორი ბელგრადის სასულიერო აკადემიიდან იწყნარებდეს ამგვარ გამოთქმას, რატომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ, ბატონი ედიშერის მსგავსად, ისიც ცდება და მხოლოდ მე-18-19 საუკუნეების ტექსტების ნორმებს ითვალისწინებს ამ კუთხით, მცდარად იყენებს რა ამგვარ გამოთქმას 21-ე საუკუნეში? სხვისი შეცდომის დამოწმებით საკუთარი შეცდომის განმტკიცება როდიდანაა საიმედო აკადემიური მანევრი?

ხაზს ვუსვამ: ჩვენი დავა თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებაში ამ ინგლისური სიტყვის დამკვიდრებულობას ეხება. თუ ეს დამკვიდრებულია და მიღებულია, მაშინ უნდა არსებობდეს მრავალი მოწმობა, რაც ტენდენციაზე მიუთითებს და არ წარმოადგენს იშვიათ გამონაკლისს. ამგვარ მოწმობათა აბსოლუტური უმრავლესობა კი ბატონ ედიშერს მხოლოდ მე-18-19 საუკუნეების ტექსტებიდან მოჰყავს. რასაკვირველია, თუ ვინმე დაგუგლავს, მან შეიძლება აღმოაჩინოს კიდეც რომელიმე ნაკლებად კრედიბილური საიტი ან გამოცემა, რომელსაც სიტყვა science იქნება გამოყენებული ჰუმანიტარიაში, მაგრამ თანამედროვე დასავლურ მეინსტრიმულ და წამყვან გამოცემებში ამგვარ სიტყვას ვერავინ იპოვის ჰუმანიტარიის სფეროში.

ამრიგად, კარგი იქნებოდა თუ პატივცემული ფილოლოგიის დოქტორი როგორმე თავს დააღწევდა მე-18-19 საუკუნის ტექსტებს და გაეცნობოდა არა მხოლოდ თანამედროვე და წამყვანი ინგლისურენოვანი ჰუმანიტარების წერის მანერას შესაბამისი ტექნიკური ტერმინების ადეკვატური გამოყენების დასასწავლად, არამედ ასევე ამ ორი სფეროს (ჰუმანიტარია და ბუნებისმეტყველება) კონცეპტუალური და ტერმინოლოგიური გამიჯვნის შესახებ არსებულ კვლევებს. ამ მხრივ, გვერდს ვერ ავუვლით მაგ., Charles Snow-ს საეტაპო მნიშვნელობის წიგნს The Two Cultures (Cambridge, 2012). აგრეთვე  Rens Bod-ს საინტერესო ნაშრომს A New History of the Humanities (Oxford, 2013) ჰუმანიტარული დარგის ისტორიასა და მეცნიერულობასთან დაკავშირებით.

როგორც სნოუს კვლევაშია აღნიშნული ე.წ. ორ კულტურას (ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო) შორის გამიჯვნა მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან იწყება და ეს გამიჯვნა აუცილებლად გულისხმობდა ლინგვისტური შემადგენლის ცვლილებასაც: სიტყვა science-ის მნიშვნელობა თანდათან დავიწროვდა და ის დღეს გამოიყენება „ფიზიკური“ ანუ ნატურალური, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროში. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მიწურულს Oxford Learners Dictionary-ს შემდგენლები ადასტურებენ ამ ფაქტს და აღნიშნავენ, რომ ამგვარი გამიჯვნა სულ ახალი მომხდარია. ეს ავტორიტეტული ლექსიკონი მიუთითებდა, რომ სიტყვა science გამოიყენება „ფიზიკური და ექსპერიმენტული და არა თეოლოგიური და მეტაფიზიკური მეცნიერებებისადმი“ (Snow, Two Cultures, გვ. xi-xii).

ასე რომ, ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო დარგებს თავისი მეთოდიკისა და ლექსიკის განვითარების ისტორია აქვს და როცა მათი აღრევის გამო ვინმე შენიშვნას იძლევა, ადრესატმა უნდა გაითვალისწინოს ის და არ მოჰყვეს სასოწარკვეთილ ციტირებებს ორი საუკუნის წინანდელი ტექსტებიდან.

სრულიად წარმოუდგენელია 21-ე საუკუნეში რომელიმე პრესტიჟული და რეიტინგული დასავლური უნივერსიტეტის (ოქსფორდი იქნება ის ჰარვარდი თუ იელი) ჰუმანიტარული დარგის თვით სტუდენტმაც კი სიტყვები science, scientific გამოიყენოს რეფერატის ან დისერტაციის წერისას და მან ამის გამო მკვეთრი შენიშვნა არ მიიღოს. ამიტომ, დიახ, ეს „ელემენტარული შეცდომა“ და „სირცხვილია“ და არ ვაპირებ ამ სიტყვების უკან წაღებას. თუ ვინმე თავს მაინც დამცირებულად გრძნობს ამგვარი სიტყვების მოსმენისას, ეს მისივე ქედმაღლობაზე შეიძლება მოწმობდეს და არა ამ სიტყვების სიმცდარეზე.

ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ ოპონენტმა აღიაროს შეცდომა, ის ყველანაირად ცდილობს დაიცვას, გააღრმავოს, განამტკიცოს ეს შეცდომა. სამწუხაროა! არავინ აყენებს ეჭვის ქვეშ პროფ. ედიშერ ჭელიძის ზოგად ფილოლოგიურ კომპეტენციას და მის ღვაწლს ქართული საღვთისმეტყველო ტექსტების გამოცემის საქმეში. მაგრამ აქაც ვისურვებდი მას თავისი ცოდნა და კვალიფიკაცია უფრო ნაყოფიერად გამოეყენებინა. მაგ., ამას წინათ გამოიცა მისი 1,546 გვერდიანი უზარმაზარი წიგნი „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები“, რომელიც პოლემიკური ხასიათისაა და ავტორი განაქიქებს მცდარად მოაზროვნეთ, რომლებიც მისთვის მიუღებელ აზრებს გამოთქვამენ. საინტერესო ისაა, რომ ამხელა მოცულობის წიგნს აწერია „პირველი ნაწილი“. ნეტავ, კიდევ რამდენი ასეთი ნაწილის გამოცემას გეგმავს პატივცემული პროფესორი? ვფიქრობ, ამის ფუფუნება არ უნდა ჰქონდეს იმ სასწავლო დაწესებულების პროფესორს, რომლის სტუდენტებს ერთი ნორმალური სახელმძღვანელო არ აქვთ მშობლიურ ენაზე თუნდაც ბატონი ედიშერისვე სფეროში: პატროლოგიაში. ცხადია, მე არ ვუთითებ პატივცემულ მკვლევარს რა და როგორ უნდა დაწეროს. უბრალოდ მას პრიორიტეტებს ვუწუნებ. იმედია, ამ შენიშვნაზეც ისევე არ გაცხარდება პატივცემული ფილოლოგი, როგორც იმ ელემენტარულ შეცდომაზე, რის გამოც ამ მოკლე საპასუხო და განმარტებითი წერილის დაწერა მომიხდა.

ბატონი ედიშერი ინგლისური „of”-ის მართებულ გამოყენებასთან დაკავშირებით ისევ ძველ ტექსტებს გვიკოპირებს და ომახიანად მოგვიწოდებს, აი, ნახეთ აქ როგორ წერიაო (ჭელიძე, გვ. 629), ავიწყდება რა, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია: ის ვითარდება და იცვლება. როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს, რომ დღევანდელი ენობრივი ნორმები შეიძლება განსხვავდებოდეს წინა საუკუნეებში გავრცელებული ნორმებისგან. ნეტავ, უკეთესი ხომ არ იქნებოდა ეს საპასუხო წერილი ილია ჭავჭავაძის დროინდელი ან უფრო ადრინდელი ქართულით დამეწერა?

ვინაიდან სამი წლის წინანდელ ფბ რეპლიკაში ხსენებული სტატიის ინგლისური სათაურის ყველა შეცდომაზე არ გამიმახვილებია ყურადღება, აქვე აღვნიშნავდი შემდეგსაც: Orthodox Church in Georgia (მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში) ასევე მცდარია. უფრო მართებული იქნებოდა Orthodox Church of Georgia (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია), რადგან წინდებული „in“, როგორც წესი, იმ რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით იხმარება, რომელიც ქვეყანაში გარედანაა შესული და არ წარმოადგენს მოცემული ქვეყნის ტრადიციულ რელიგიას.

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა „გაკერპებასთან“ დაკავშირებით შემოგებებულ ოპონენტის პასუხზე. სამი წლის წინანდელ ფბ სტრიქონებში აღვნიშნავდი, რომ ბატონი ედიშერი ბევრს „გაკერპებული“ ჰყავს. ვაღიარებ, რომ ეს სიტყვა ემოციურ ფონზეა ნათქვამი, თან, როგორც აღვნიშნე, პრივატულ, არასაჯარო სივრცეში. მაგრამ არანაირი პრობლემა არაა წინამდებარე ოფიციალურ წერილში მისი სხვა რომელიმე ევფემიზმით ჩანაცვლება, რითაც საქმის არსი არ შეიცვლება. იგივე აზრის გადმოცემა სხვა სიტყვით თავისუფლადაა შესაძლებელი. მრავალი გამოჩენილი მოღვაწე გაუკერპებიათ, გაუფეტიშებიათ თუ უკრიტიკო ავტორიტეტად მიუღიათ, მაგრამ ეს გამკერპებლების პრობლემა უფროა, ვიდრე გაკერპებულის. პასუხად ბატონი ედიშერი წერილის ბოლოს გვიმტკიცებს: „ამგვარი რამ [გაკერპება, დ.თ.] აბსოლუტურად გამორიცხულია, სრულიად შეუძლებელია, ვინაიდან სინამდვილეში [სასულიერო აკადემია-სემინარიაში, დ.თ.] არსებობს მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემითი დამოკიდებულება“.

დამეცეს მეხი, მაგრამ მეღიმება. რას მელაპარაკებით ბატონო ედიშერ? ნუთუ მართლა? არ არსებობს! ახლა კი სერიოზულად: მქონდა პატივი წლების მანძილზე სასულიერო აკადემია-სემინარიის კედლებში მესწავლა. ამიტომ, ცოტა გადაჭარბებული მეჩვენება ამგვარი შეფასება. კარგად იციან ჩემი (თუ მომდევნო) თაობის სემინარისტებმა რა „პატივისცემითი“ დამოკიდებულებაც არსებობს ადმინისტრაციის მხრიდან სტუდენტებისადმი, კონკრეტულად კი ამ სასწავლო დაწესებულების რეალური ხელმძღვანელის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხრიდან, რომლის მსახვრალი დიქტატურა დღემდე ბოგინობს და ჯირითობს ამ წიაღში, რის გამოც მრავალ ადამიანს გამოუთქვამს საჯარო პროტესტი ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, კულუარულად თუ მედიით. ცხადია, ამ სასწავლებელში იყვნენ და დღესაც არიან გამონაკლისები პედაგოგებსა და სტუდენტებს შორის, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ისინი არა თქვენი, არამედ ჩვენი თანამოაზრეები არიან დღესაც, რომელთათვის კატეგორიულად მიუღებელია ის დამამცირებელი მდგომარეობა, რაც სასულიერო აკადემიასა და სემინარიაშია გაბატონებული. მათი კვალიფიკაცია, იდეები, ხედვები და გაბედულება შესამჩნევად გამოირჩევა სხვათაგან და სწორედ ამ განსხვავებულობის გამო მათ ხშირად იბარებენ ბატონი ზვიადაძის მიერ ორკესტრირებულ ინკვიზიციურ სხდომებზე, რომელთა მიზანი მათი ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლაა. აი, ეს კი მართლა სირცხვილია! აი, ეს არის ადამიანების რეალური დამცირება! გნებავთ კონკრეტული გვარები ამ უმოწყალოდ შევიწროვებული და დევნილი პროფესიონალებისა, რომლებმაც განათლება დასავლეთში მიიღეს და რომელთაც სასულიერო აკადემიაში სალექციო საათებს ართმევენ და მუდმივად დამამცირებელი წნეხის ქვეშ ჰყავთ? ვფიქრობ, ზედმეტია მათი დასახელება, რადგან თავადაც შესანიშნავად უწყით მათ შესახებ. მე თქვენ პირადად არ გადანაშაულებთ ამ ყოველივეს გამო, მაგრამ ამორალობა მგონია ამგვარი ატმოსფეროს ფონზე ერთმანეთის პატივისცემაზე საუბარი. ეს არის კოლეგების პატივისცემა? რაში გჭირდებათ ეს თვალთმაქცობა? კანონზომიერი ხომ არაა ის გარემოება, რომ წელს სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სულ ოციოდე აბიტურიენტმა მოგმართათ მისაღებ გამოცდებზე, მაშინ როცა 6-7 წლის წინ მათი რაოდენობა რამდენიმე ასეული იყო? ლოგიკური და სამართლიანი ხომ არაა თქვენი სასწავლებლის ე.წ. რეიტინგის ამგვარი დაცემა? სჯობს აქ სხვა ფაქტებს არ მოვუხმო ამ დაწესებულებაში გამეფებული „პატივისცემითი დამოკიდებულებების“ მიმართულებით. არ იქნება აკადემიური წერილის შესაფერისი და თქვენც ძალიან უხერხულად იგრძნობთ თავს, როცა ასეთ გარემოს ასე რიხიანად ამგვარად ახასიათებთ.

სულის სიმშვიდეს გისურვებთ!

დავით თინიკაშვილი, ისტორიის დოქტორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი

29 დეკემბერი 2018

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის კრებული „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“, ტომი XI, 2018. [იბეჭდება].

Print Friendly

Comments are closed.