მსოფლიო პატრიარქის ეპისტოლე ინდიქტიონის დაწყებისათვის

 

8e16c75337ბართლომე

წყალობითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსი ახლისა რომისა კონსტანტინოპოლისა

და მსოფლიო პატრიარქი

ეკლესიის სისავსეს,

მადლი, მშვიდობა და წყალობა მთელი სამყაროს შემოქმედისა,

ჩვენი უფლისა და მხსნელისა იესო ქრისტესი

პატივცემულო მეგობრებო და უფალში საყვარელო შვილებო,

ინდიქტიონის დღესასწაულს, ბუნებრივი გარემოსათვის ლოცვის საზეიმო დღეს კაცობრიობა კიდევ ერთხელ ხვდება მძიმე კლიმატურ პირობებით გამოწვეული მთელს მსოფლიოში არსებული წყალდიდობებისა და ხანძრების, ასევე კორონავირუსის პანდემიისა და მისი სოციო-ეკონომიკური შედეგების ფონზე. ის ფაქტი, რომ ტრანსპორტისა და ინდუსტრიული წარმოების შეზღუდვის შედეგად შემცირდა გამონაბოლქვი და გარემოს დაბინძურება, წარმოადგენს დამატებით გაკვეთილის, მსოფლიოში არსებულ ურთიერთ-კავშირზე და ცხოვრების ყველა განზომილების ურთიერთ-დამოკიდებულებაზე.

ამასთანავე, კიდევ ერთხელ წარმოჩნდა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს ეკოლოგიური ინიციატივები, რომლებიც წარმოადგენენ ეკლესიის ღვთისმეტყველებისა და მისი ლიტურგიის გაგრძელებას თანხმობაშია თანამედროვე სამეცნიერო აღმოჩენებთან და ექსპერტთა რჩევებთან მრავალხმრივი მობილიზაციის შესახებ, ბუნებრივი გარემოს ერთიანობის დასაცავად.

მაშასადამე, ვლოცულობთ რათა დროულად გადაილახოს ჯანდაცვის კრიზისი, ხოლო მთელს მსოფლიოში, ხელისუფლებებს ზეგარდამო გაუნათდეთ გონება, რათა არ დაუბრუნდნენ ეკონომიზმს, ანუ ეკონომიკური ცხოვრების ორგანიზებაში პანდემიამდე არსებულ წარმოებისა და მოხმარების, ბუნებრივი რესურსის გაუმაძღარი გამოყენების პრინციპებს. ამასთანავე, ჩვენი გულწფელი სურვილია, რომ დროულად დასრულდეს ფსევდომეცნიერული მოსაზრებები კოვიდ-19-ის ვაქცინებში არსებული საფრთხის შესახებ, ისევე როგორც სამედიცინო სფეროს მოღვაწეთა წინააღმდეგ მიმართული აგრესია და ამ ავადმყოფობის მძიმე შედეგების დაუსაბუთებელი უარყოფა. სამწუხაროდ, მსგავსი მოსაზრებები ვრცელდება კლიმატის ცვლილებასთან და ამით გამოწვეულ დამანგრეველ ეფექტებთან დაკავშირებითაც. რეალობა სავსებით განსხვავებულია და მას უნდა შევხვდეთ პასუხისმგებლობით, თანამშრომლობითა და ერთიანი ქმედებით. უმოქმედობა წარმოუდგენელია, კაცობრიობის წინაშე არსებული თანამედროვე მძიმე გამოწვევათა მკაფიო ცოდნის ფონზე. გულგრილობა ჩვენი ტანჯული ძმებისა და „კეთილად შექმნილი“ ბუნების განადგურების წინაშე ღმერთისა და მისი მცნებების შეურაცხყოფაა. ხოლო, სადაც შესაქმის პატივისცემა და „ღვთისგან შეყვარებული“ ადამიანების ცხადი სიყვარულია, იქ არის ღმერთიც.

წმინდა და დიდი კრების შემდეგ (კრეტა 2016) მსოფლიო საპატრიარქომ კრების სულთან და მის გადაწყვეტილებებთან თანხმობაში შექმნა სწავლულ ღვთისმეტყველთა ჯგუფი, რომლებსაც უნდა მოემზადებინათ დოკუმენტი ჩვენი რწმენის სოციალური შედეგების, ეკლესიის სოციალური მისიისა და მართლმადიდებლური მოწმობის შესახებ. ამ ტექსტში, რომელიც დამტკიცებულია ჩვენი წმინდა სინოდის მიერ და რომელსაც ჰქვია „ქვეყნიერების სიცოცხლისათვის. მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის შესახებ“, ხაზგასმულია შემდეგი: „ეკლესია მორწმუნეებს მოუწოდებს, რომ სამეცნიერო მონაპოვრებისადმი მადლიერნი იყვნენ (და მიიღონ კიდეც ისინი), ისეთებიც კი, რომლებიც შეიძლება დროდადრო ავალდებულებდეს მორწმუნეებს, რომ გადახედონ საკუთარ გაგებას კოსმიური რეალობის ისტორიისა და მისი აგებულების შესახებ. სამეცნიერო ცოდნისაკენ ლტოლვა იგივე წყაროდან მოედინება, საიდანაც სარწმუნოებისაკენ სწრაფვა, რომელიც ღმერთის საიდუმლოში უფრო ღრმად ჩაწვდომისკენაა მიმართული“ (§ 71).

ქრისტეს წმინდა და დიდი ეკლესია ხაზს უსვამს განუყოფლობას ბუნებრივი გარემოს დაცვასა და მოყვასისადმი ფილანთროპიულ ზრუნვას შორის. როგორც მეგობრული დამოკიდებულება გარემოსადმი, ასევე ადამიანის პიროვნების საკრალურობის აღიარება წარმოადგენენ „ლიტურგიას ლიტურგიის შემდეგ“, ეკლესიის ევქარისტიული რეალობის სასიცოცხლო განზომილებას. ეკლესიის ცხოვრება არის შესაქმის მკაფიო პატივისცემა და გამოცდილება პიროვნულობის კულტურისა და სოლიდარობისა.

პატივცემულო ძმებო და და საყვარელო შვილებო,

ამ ურთულეს პერიოდში ეკლესიის პასტორალური მოვალეობაა აიღოს ინიციატივა პანდემიის შესაჩერებლად. ასევე, კატეგორიული ეთიკური მოთხოვნაა კორონავირუსის იმუნიზაციაზე გლობალური წვდომის მხარდაჭერა, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში, უფლის სიტყვების თანახმად: „რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“ (მთ. 25:40). უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი „როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ“ (ეფ. 5:2) და წარმოვაჩინოთ საკუთარი თავები როგორც შესაქმის „მღვდლები“, მისი დაცვითა და მასზე მზრუნველობით და ამ ღვთიური მადლის საჩუქრის უკან, შემოქმედისადმი მადლიერების შეწირვით.

დასასრულს, მთელი გულით გისურვებთ კურთხეულ, ჯანმრთელ, კეთილნაყოფიერ საეკლესიო ახალ წელს და და მარადქალწული მარიამის მეოხებით მოვიწვევ თქვენზე მადლსა და წყალობას უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა  იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის დიდება და მეუფება უკუნისამდე, ამინ.

 

1 სექტემბერი, 2021

 

† ბართლომე კონსტანტინოპოლელი

მხურვალე მლოცველი ღვთის წინაშე თქვენ ყოველთათვის

თარგმნა მ. ლეონიდე ებრალიძემ

Print Friendly

Tags: , , , , , , , ,

Comments are closed.