Petrus Romanus-ის რიგი და “ბოლო ჟამის წინასწარმეტყველების” შიში დასავლეთში

Arnoldo_Wion_1595_Lignum_Vitae_p311

კიდევ ერთი ჩანაწერი დასავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ამ დღეებში გახმაურებულმა რომის პაპის ბენედიქტე ХVI გადადგომამ და შემდეგ მასობრივ ინფორმაციებში გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალამ, თუ როგორ ეცემა მეხი წმ. პეტრეს ბაზილიკის გუმბათს (რომელიც სხვა დროს შეიძლება ჩვეულებრივი მოვლენად ჩათვლილიყო, იმის გათვალისწინებით რომ იმ ტერიტორიაზე, როგორც მთელ ძველი რომში, ყველაზე მაღალი შენობა სწორედ წმ.პეტრეს ბაზილიკაა), დასავლეთის ქრისტიანებს ნებით თუ უნებურად გაახსენათ ცნობილი “მალაქია არმელის წინასწარმეტყველება”.

ესაა “წინასწარმეტყველება” რომელიც მიეწერება მალაქია არმელს , რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ არმის მთავარეპისკოპოსი იყო (1094-1148), მას დიდი ღვაწლი მიუძღვის კათოლიკური რწმენის ირლანდიაში დამკვიდრებაში , ამავდროულად მას გააჩნია 112 სტროფიანი (ზოგის აზრით 111) წინასწარმეტყველება რომის პაპებზე, რომელიც იწყება კელესტინე მეორით და მეორედ მოსვლამდე გრძელდება.

რათქმაუნდა ამ “წინასწარმეტყველების” უამრავი კრიტიკა დაწერილა, ნაწილს მის ნამდვილობაში ეპარება ეჭვი, ნაწილი კი სუბიექტურ და დამახინჯებულ განმარტებად მიიჩნევს ხალხში გავრცელებულ შეხედულებებს,რომ თითოეული მათგანი ახასიათებს მიყოლებით რომის პაპებს, რომელთა საერთო რაოდენობაა 268 , ამ “წინასწარმეტყველების” ზოგი “განმარტება” აშკარად ნაძალადევია, მაგრამ ნაწილი საინტერესო დამთხვევად მიიჩნევა, თან არა მხოლოდ პაპების შემთხვევაში , არამედ ანტიპაპების შემთხვევაშიც კი (ანტიპაპად ითვლებოდა ის პირი, რომელსაც არაკანონიერად ქონდა რომის პაპის ტიტული მიტაცებული და შემდგომში ის ანტიპაპად იწოდებოდა, ხოლო მის სახელს და რიგითობას სხვა პაპი იღებდა, თუმცა არა ყოველთვის) მაგალითისათვის: აღწერის მიხედვით მერვე იყო De Pannonia Thuſciæ. ( ინგლისურად From Tusculan Hungary) უნგრეთის ტუსკულანიუმიდან (Tusculum-ტუსკულიმი), რომელიც ნამდვილად იყო წარმოშობით უნგრეთიდან და ტუსკულანიუმის ეპისკოპოს-კარდინალი იყო. ძალიან ბევრია თანხვედრა ამათუიმ პაპის დახასიათებასა და თავად ამ პაპის ორდენის ან მისი გვარის ჰერალდიკას შორის, მაგალითად მას რიგით 190 აქვს დახასაიათება: Roſa compoſita (ინგლ. Composite Rose) ანუ მრავალფურცლოვანი ვარდი, რომელიც ზოგი ვარაუდის მიხედვით ზუსტი თანამიმდევრობით წილადხვდა ნიკოლოზ მესამეს, იგივე ჯოვანი გაეტანო ორსინის, ხოლო ორსინების გვარის სიმბოლო სწორედ “მრავალფურცლოვანი ვარდია” და ეს ვარდი ნიკოლოზ მესამემ თავისი საპაპო გერბზეც გამოხატა…ასეთი დამთხვევები ბევრია, კიდევ ერთი რომელსაც ხშირად ციტირებენ არის კალისტოს III,მას უკავშირებენ დახასიათებას – Bos paſcens. (ინგ. Pasturing ox), წარმოშობით ესპანელ Alfons de Borja-ს სიმბოლოც სწორედ მძოვარი ხარი იყო და მან ის თავის გერბზეც გამოხატა…. რიგით 258-ე კი ასე იწოდება Lumen in cœlo (ინგლ. Light in the sky) ანუ ნათელი ცაში, რიგითობაში ესაა ლეონ XIII (1878—1903), რომლის გერბზეც ვარსკლავი იყო გამოხატული. ამ პაპისგან ხუთი პაპისა და მათი დახასიათების შემდეგ (რომლებიც ზოგის აზრით მეტნაკლებად ემთხვევა რეალობაში არსებულ პაპების ან წარმოშობას ან ჰერალდიკას ან სხვა რაიმე ძირითად დამახასიათებელ თვისებას) არის პაპი რიგით 263 -ე და იწოდება Paſtor & nauta. (ინგ. Shepherd and sailor)ანუ “მეთევზე და მწყემსი”, უცნაურია და ლეონ მეცამეტის შემდეგ ზუსტად მეხუთე პაპი იყო ცნობილი იოანე XXIII , რომის ნეტარად შერაცხული პაპი (ანჯელო რონკალი – ვატიკანის მეორე კრების იდეატორი), რომელიც სანამ “მწყემსი” გახდებოდა (ანუ რომის პაპი), მანამ იყო ვენეციის პატრიარქი (კარდინალი), ხოლო ვენეცია კი ითვლება არხების, გონდოლების და მეთევზურების ქალაქად…
ამ უცნაური და  ზოგი ვარაუდის მიხედვით, ნაწილი ნაძალადევი განმარტების მიხედვით, იოანე XXIII ის შემდეგ მეოთხე პაპი (პავლე მეექვსე, იოანე პავლე პირველი და იოანე პავლე მეორე) არის სწორედ … ბოლოს წინა პაპი…და ის უნდა იყოს (ან თუ უკვე იყო) «De Gloria Olivae» («ზეთისხილის დიდებიდან»)… ხოლო ასეთად მიიჩნევა, რომ ეს იყო სწორედ ახლადგადამდგარი რომის პაპი ბენედიქტე ХVI, და აი რატომ განმარტავენ ზოგიერთნი: იოსებ ალიოზ რატცინგერმა სახელი ბენედიქტე აირჩია ცნობილი წმიდანის ბენედიქტე ნურსიელის საპატივცემულოდ (მის შესახებ თავის დიალოგებში გვიყვება წმ.გრიგოლ დიოლოღოსი, რომის პაპი, რომელიც მართლმადიდებლებისათვისაც უდიდესი წმიდანია და იგია ავტორი პირველშეწირული ლიტურგიისა), ხოლო ბენედიქტელთა ორდენის ერთერთი დიდი შტო არის ე.წ.”ოლივეტების” ანუ ” ზეთისხილის მთის” ბერები… ამის გარდა ხოლო უშუალოდ პაპად არჩევამდე ბენედიქტე ХVI 1993—2005 წლებში ატარებდა ტიტულს, “კარდინალი ველეტრისა-სენის” ქალაქ ველეტრის სიმბოლი კი სამი ზეთისხილის ხეა….და ბოლოს პაპად არჩევამდე ბენედიქტე ХVI ხელმძღვანელობდა “სარწმუნოების (რწმენის) დოქტრინის კონგრეგაციას (იგივე წმიდა ინკვიზიცია, რომელსაც ეს სახელი პიუს მეათემ შეუცვალა), ხოლო წმიდა ინკვიზიციის უძველეს გერბზე სწორედ ზეთისხილის ხის ტოტია გამოხატული…
ალბათ ამ გავრცელებული აზრების, ნაძალადევი თუ უცნაური დამთხევვების და “წინასწარმეტყველებების” გათვალისწინებით, რომელიც ასე ძალიან მუსირებს დასავლეთ ქრისტიანთა მასებში (მიუხედავად იმისა, რომ იწერება უამრავი წიგნი და კრიტიკა, რომ ხალხი არ შეიყვანონ შეცდომაში ასეთი “ფსევდოაპოკალიფსური” აზროვნებით), მაინც ალბათ ბუნებრივია რომ ჩვეულებრივ ბუნებრივ მოვლენას (მეხის დაცემა მაღალ შენობაზე), ხალხი შიშით აღიქვამს და იხსენებს ჩვენს მიერ მოკლედ მიმოხილულ “წინასწარმეტყველებას”, რომელიც ელის 268 -ე დახასიათების პაპს (ოფიციალური კათოლიკური ეკლესიის მიერ დასახალებული რიგითობის მიხედვით მომავალი პაპი 266-ე იქნება) , რომელზეც ლათინურად ასე წერია:
“Petrus Romanus, qui paſcet oues in multis tribulationibus: quibus tranſactis ciuitas ſepticollis diruetur, & Iudex tremẽdus iudicabit populum ſuum. Finis.”
ინგლისური თარგმანი ასეთია:
“Peter the Roman, who will nourish the sheep in many tribulations; when they are finished, the city of seven hills will be destroyed, and the fearsome Judge will judge His people. The End.”
ქართულად:
“პეტრე რომაელი, რომელიც დამწყესავს თავის სამწყსოს დიდი დევნების დროს, და ქალაქი შვიდი ბორცვისა (ანუ რომი) დანგრეულ იქნება, ამ ყველაფრის შემდეგ მოვა საშინელი მსაჯული (ანუ იესო ქრისტე) განიკითხავს თავის ხალხს, დასასრული.”

მალევე მოვა მარტი, აირჩევენ ახალ პაპს, და ალბათ ისიც წავა და მოვა სხვა, მერე ალბათ ვინმე შეეცდება “გამოასწოროს” მალაქიას წინასწარმეტყველება და 268-ეს შემდგომში დაელოდოს, ალბათ ეს “შიშიც” ჩაბარდება იმ სკივრს სადაც სულ ახალხანს ჩაიდო “მაიას ტომის წინასწარმეტყველება”, რომელიც არ ახდა… ალბათ…
მანამ კი რომის ეკლესია და დასავლეთი დიდი მოლოდინით ელის ახალ პაპს.

ს.ფარულავა

Print Friendly

Comments are closed.