ანთროპოგენეზის პოლიგენეზი და მონოგენეზი

26/04/2021
By

125469133_3379741252121258_4094702518017020330_nპოლიგენეზი და მონოგენეზი თეისტური ევოლუციის ჭრილში.

მთელი ქმნილების ბიოქიმიის ერთობის შესახებ

ავტორი: იოანე კაზარიანი

(ბიბლიური ჰერმენევტიკული პერსპექტივა XIX საუკუნეში თეისტური ევოლუციის თვალსაზრისით)ღმერთს სურს, რომ ადამიანის გონებამ ყველაფერი გამოიკვლიოს და შეიცნოს

ტერტულიანე

 „ბუნების წესი თავად წესის ბუნებად იქცევა“ – პიტერ მუნცი

მეცნიერება, თავის განვითარებასა და სრულყოფილებისკენ მიდრეკილებასთან ერთად, განსაკუთრებით, გენეტიკისა და მოლეკულარული ბიოლოგიის კუთხით, ადამიანის ფიზიკური წარმოშობის ბიბლიურ ვარიანტს (წმინდა მამისეული ეგზეგეტიკიდან გამომდინარე) როგორც მონოგენეტიკურ ანთროპოგენეზს, რომელიც მეცნიერების ობიექტურ მონაცემებს არ შეესაბამება – სულ უფრო ეჭვქვეშ აყენებს. ევოლუცია, როგორც ბუნების განშლის პროცესი (ლათ. evolutio) ბუნების განვითარების პროცესია, რომელსაც არა მხოლოდ ადაპტაციების ფორმირება, ბუნებრივი გადარჩევა, სახეობების წარმოქმნა და განადგურება, ეკოსისტემისა და ბიოსფეროს ცვლილება, არამედ პოპულაციების გენეტიკური შემადგენლობის ცვლილება ახლავს თან. მეცნიერული მონაცემების კაცობრიობის პოლიგენეტიკურ წარმომავლობას მოწმობს, რაც კრეაციონისტულ წრეებში შეშფოთებას იწვევს. ეს პრობლემა მოგვარებადია, თუ ერთმანეთისგან განვასხვავებთ მეცნიერულ და ბიბლიურ ანთროპოგენეზს. ბიბლიური ანთროპოგენეზი, ჩვენი აზრით, ადამიანისა და ღმერთის სინერგიის განვითარების სულიერ-ისტორიულ ასპექტს აშუქებს, გვიჩვენებს ოჯახური წყვილის, როგორც წყაროსა და ორიენტაციის იდეალს, რომლისკენაც მორწმუნეები (და სრულიად კაცობრიობაც) უნდა ისწრაფოდნენ. ბიბლიურ ანთროპოგენეზს, მეცნიერულისგან განსხვავებით, სულ სხვა მიზნები აქვს, მათ შორის დიდი სხვაობაა. ბიბლიის მიზნობრივი წანამძღვრები, განსაკუთრებით, თუ მისი პირველი ორი თავის ტექსტების სიმბოლურ-პოეტურ ჟანრს გავითვალისწინებთ, ჩვენს ყურადღებას ადამიანის სულიერი განვითარებისკენ და შემოქმედისადმი მისი დამოკიდებულებისკენ აპყრობს. მეცნიერება კაცობრიობის განვითარების ფიზიკურ ასპექტს გვიჩვენებს, ის არ ეხება მეტაფიზიკას. მეცნიერება, როგორც დამკვირვებლური და ექსპერიმენტული საქმიანობა მეტაფიზიკური რეალობისადმი ინტერესს არ ავლენს, ეს არც შედის მის კომპეტენეციაში, რადგან მეტაფიზიკური არ ექვემდებარება დაკვირებასა და ექსპერიმენტებს. მეცნიერული თვალსაზრისით, მეტაფიზიკა ემპირიულობის ფარგლებს სცდება. ამგვარად, თუ ამ ორ მიდგომას ერთმანეთისგან განვასხვავებთ (იმის გათვალისწინებით, რაც ამ მოკლე შესავალში ვთქვით), ვფიქრობთ, ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ბიბლიის საკაცობრიო ისტორიაში ამა თუ იმ მოვლენების მეტაფიზიკური საფუძველი და მეცნიერული დაკვირვება ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. ბიბლიაში არ არის მეცნიერული მონაცემები, მეცნიერება კი არ ერევა მეტაფიზიკაში, თუმცა მას სრული უფლება აქვს, გამოიკვლიოს ბუნება და დააფიქსიროს თავისი ობიექტური მონაცემები იქ, სადაც ბიბლიური მეტაფიზიკა შეხებაშია ფიზიკასთან. ზუსტად ამაზე გვსურს საუბარი.

ჩვენს ადრეულ სტატიებში უკვე გვისაუბრია იმ საკითხზე, არის თუ არა ადამი პირველი ადამიანი (1). აქ განვიხილავთ მონოგენეზის შესაძლებლობის თუ შეუძლებლობის საკითხს მეცნიერული პოლიგენეზის თვალსაზრისით. წმინდა წერილის პირველი თავების განმარტებისას წმინდა მამები კაცობრიობის მონოგენეზზე საუბრობენ. იგივეს ამბობს სიბრძნე სოლომონისა 10.1. ახალ აღთქმაში მონოგენეტიკური პერსპექტივას ყველაზე აშკარად პავლე მოციქულის სიტყვებში ვკითხულობთ: ერთისგან (ἐξ ἑνὸς) შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე…“ (საქმე. 17, 26). აქ საუბარია ერთ ადამიანზე, რომლისგანაც მთელი კაცობრიობა წარმოიშვა. თუმცა, ხელნაწერების ზოგიერთ ვარიანტში ვკითხულობთ „ერთი სისხლისგან“ / „ἑνὸς αἵματός“ (Novum Testamentum Graece. რედაქცია – Nestle-Aland) (2). ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც ერთი მოდგმისაგან, ადამიანთა მოდგმისაგან, რომ ჩვენ ერთ ადამიანურ მოდგმას განვეკუთვნებით. პავლე მოციქულმა, როგორც თავისი დროის შვილმა, არ იცოდა ევოლუციის შესახებ. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ მისი პირით ღმერთი წინასწარი განგებით საუბრობდა. ამგვარ წაკითხვას ზუსტად ისეთივე არსებობის უფლება აქვს, როგორც მოციქულის ხსენებული სიტყვების პირდაპირი გაგებით წაკითხვას. ჩვენ წინარე სტატიებში წერილის ავტორების ინტუიციაზე ვსაუბრობდით, რომელიც ამ საკითხების ევოლუციურ გაგებას აზრობრივად უახლოვდება. ჩვენ ხომ ვერასოდეს ჩავწვდებით სული წმიდის მოქმედებას (იოანე. 3, 8). წერილი არის „მარადიული აწმყოს“ წიგნი და ის „პროგრესული გამოცხადების“ (3) ასპექტში უნდა გვესმოდეს. რადგანაც ჩვენ სახარების მარადიულ ქმედითობას ვაღიარებთ, მაშინ, აუცილებელია წერილის ტექსტებში განგებაც ვაღიაროთ. წერილი კაცობრიობას სრულყოფილებისკენ სვლაში ეხმარება. ამიტომ, ეს წიგნი მუდამ აქტუალურია – ის აქტუალური იქნება კოსმოსურ ეპოქაშიც, და სამყაროს აღსასრულამდეც. და ეს არის  უცვალებელი ჭეშმარიტება და რეალობა.

მეორეს მხრივ, სხვა რეალობაც გვაქვს: პოლიგენეზის მეცნიერული არგუმენტები საკმაოდ მყარია. ამიტომ, ბიბლიური მონოგენეზის პირდაპირი გაგება გაგვიჭირდება (როგორც დღესაც ესმის აღმოსავლურ ღვთისმეტყველებას). დაბადების წიგნის პირველი თავები სიმბოლური და პოეტურია, რაც მათ მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აჩენს. ასეთ ფონზე ბიბლიური ანთროპოგენეზის მეცნიერული კრიტიკული პოლიგენეზის ასპექტში გაგება სავსებით ადექვატურია. ხოლო, თუ ბიბლიასა და მეცნიერებას თავ თავის კომპეტენციას დავუტოვებთ, მაშინ პრობლემები იხსნება. კენეტ კემპი აღნიშნავს: „სახეობები, მემკვიდრეობისა და მოდიფიკაციების გზით, უკვე არსებული სახეობებისგან წარმოიქმნება. დარვინის ბიოგეოგრაფია ყოველი კონკრეტული სახეობის წარმოქმნის ერთიანი ცენტრების არსებობას ხაზს უსვამს. ეს აზრი 1940-იან წლებში განმტკიცდა, როდესაც დარვინიზმისა და მენდელიზმის სინთეზი მოხდა“ (4). გენეტიკის გაძლიერებასთან ერთად ეს მონაცემები პოლიგენეზის ასპექტში უფრო მკაფიო გააზრებას ჰპოვებს. კენეტ კემპი ცნობილ გენეტიკოსს, თეოდოსი დობჟანსკის, ციტირებს და აღნიშნავს: „სახეობები მრავალი გენებით განსხვავდებიან. ახალი სახეობა კონკრეტულ დღეს და კონკრეტულ ადგილას დაბადებული ცალკეული ინდივიდის მუტაციის შედეგად ვერ წარმოიქმნებასახეობები თანდათანობით, გენეტიკური განსხვავებების დაგროვების გზით, წარმოიქმნება მრავალი მუტაციური ნაბიჯის  დაგროვების გზით, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებსა და სხვადასხვა დროს ხორციელდებოდა,  სახეობები ცალკეული ინდივიდების სახით არ ჩნდება. სახეობები ჩნდებიან არა როგორც ცალკეული ინდივიდები, არამედ როგორც განშტოებული პოპულაციების, თემებისა და რასების სახით, რომლებიც არ ბინადრობენ ერთ გეომეტრიულ წერტილზე, არამედ მეტნაკლებად ფართო ტერიტორიებს მოიცავენ“ (5). ერთი მხრივ, ადამიანის სახეობის წარმოქმნა ფართო ტერიტორიულ სპექტრთან დაკავშირებული, რთული და დროში გაწელილი პროცესია, მეორე მხრივ კი „ედემის ბაღად“ (თუნდაც ფართო ტერიტორიის სახით),  ანუ კაცობრიობის წარმოშობის ადგილად, აფრიკა გვევლინება. კენეტ კემპი აღნიშნავს: „ამრიგად, ბუნებისმეტყველებას, კონკრეტულად კი, გენეტიკას მივყვართ დასკვნამდე, რომ კაცობრიობა კი შეიძლებაერთ ადგილასწარმოშობილიყო, ამ ადგილის საზღვრები შედარებით მცირე ტერიტორიით მხოლოდ სავარაუდოდ შემოიფარგლება (აღმოსავლეთ აფრიკით), სინამდვილეში კი შეიძლება მთელ ევროპას მოიცავდნენ. მოცულობა შეიძლება მცირე ან შედარებით მცირე ყოფილიყოთუნდაც რამოდენიმე ათასი, მაგრამ ერთი წყვილი ზუსტად არ იქნებოდა“ (6). ანუ, მთელი კაცობრიობა ერთი წყვილისგან ვერ წარმოიშობოდა, რომელიც ადამიანამდე არსებული ცხოველური პოპულაციიდან წარმოიქმნებოდა (ანუ, სუფთა სახით ერთი ადამიანური წყვილიც კი ვერ წარმოიქმნებოდა ცხოველთა პოპულაციიდან). თუ ისტორიამდელ დროს კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით და იმ დროს დავაკვირდებით, როდესაც აფრიკაში მკვიდრი ცხოველური და არაგონიერი დონის არსებები ვიყავით, ცხადი გახდება, რომ ადამიანის სახეობათა გაყოფამდე მაიმუნებთან საერთო გენები გვქონდა, რადგან ფიზიოლოგიურ დონეზე ამ ცხოველური სამყაროს ნაწილი ვიყავით. ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი და რელიგიური რწმენის შედარებითი სოციოლოგიის სპეციალისტი, რობერტ ბელი, აღნიშნავს, რომ გენეტიკური კვლევების განვითარებასთან ერთად სულ უფრო ცხადდებოდა ფაქტი, რომ ადამიანისა და შიმპანზეს გენები ერთმანეთს 97/98 %-ით თანხვდება (7). ეს იმდენად ცნობილი ფაქტია, რომ მის უარყოფას აზრი არ აქვს. ამ მხრივ, დენის ვენემას ძალიან კარგი სტატია აქვს – „Genesis and Genome“, რომელიც ჰომოლოგიის საფუძველზე ადამიანისა და მაიმუნის გენების საერთო წინაპრიდან მომდინარეობას გვიჩვენებს (8).

გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ ჰომო-საპიენსის პოპულაცია ორ ინდივიდამდე (კაცი და ქალი) არასოდეს შემცირებულა. ანუ, თანამედროვე ადამიანები არ არიან ერთი წყვილის შთამომავალნი. ადამიანთა პოპულაცია ერთ წყვილამდე რომ შემცირებულიყო, წარსულის ამ ჰიპოთეტურ პერიოდში სხვადასხვა გენებში თანხვედრის წერტილების დიდ შემჭიდროვებას მივიღებდით. თუმცა, ამგვარს ვერაფერს ვაკვირდებით, რადგან სხვადასხვა გენებში გადანაწილებული ევოლუციური შტოები ღრმა პრეისტორიულ ხანამდე მიდის და სიძველით ჰომო-საპიენსის სახეობასაც აღემატება. ანუ, ჩვენი შორეული წინაპრების რაოდენობა უკიდურესად მცირე რიცხვამდე არასოდეს შემცირებულა. თავდაპირველი ინდივიდების რაოდენობა რამოდენიმე ათასიდან ორ ათეულ ათასამდე მერყეობდა. აქ, გენეტიკაში ვაწყდებით „მიტოქონდრული ევას“ და „Y-ქრომოსომიანი ადამის“ ფენომენს. ეს არის დროში განსხვავებული (მათ ათობით ათასი წელი აშორებთ) ორი ადამიანური ინდივიდის პირობითი აღნიშვნა: ეს არის რომელიღაც კაცი და რომელიღაც ქალი, რომელთა გენები დღეს მცხოვრებ ყველა ადამიანს აქვს. „მიტოქონდრული ევას“ და „Y-ქრომოსომიანი ადამის“ შესახებ არსებული გენეტიკური მონაცემები გვიჩვენებენ, რომ არსებობს ვიღაც ქალი, რომელიც გენეტიკურად დღეს ყველა არსებულ ქალში არის და რომლისგანაც მთელმა კაცობრიობამ მიტოქონდრული დნმ დაიმკვიდრა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ქალი ყველა არსებული ადამიანის ერთადერთი წინაპარი (ქალის ხაზით) ან თავის სახეობაში ერთადერთ ქალი იყო. იგივე ეხება „Y-ქრომოსომიან ადამსაც“. მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი და გენეტიკოსი, კონსტანტინე სევერინოვი, აღნიშნავს: „ადამები და ევები, ანუ დამფუძნებლები, ჩვენს ნებისმიერ ოცდაათი ათას გენში შეიძლება ვიპოვოთ. ამ გენების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იმყოფება Y-ქრომოსომასა და მიტოქონდრიაში. ჩვენი სხვადასხვა გენის დამფუძნებლები, უფრო ზუსტად კი, წინაპრები, დროის სხვადასხვა სიღრმეში იმყოფებიან. ჩვენი გენების საერთო წინაპარი (ზოგიერთ სისხლის ჯგუფზე პასუხისმგებელი) მანამდე ცხოვრობდა, სანამ ჩვენი წინაპრები მაიმუნებს გამოყოფოდნენ. ანუ შესაბამისი ადამი (ვუწოდოთ მას რეზუს-ფაქტორის ადამი) Y-ქრომოსომიან ადამზე და მიტოქონდრულ ევაზე გაცილებით დიდი ასაკისაა. არსებობს ისეთი გენებიც, რომელთა საერთო წინაპარი დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ყველა ფორმის საერთო წინაპარია. ეს ერთუჯრედიანი არსება დაახლოებით სამ ნახევარი მილიარდი წლის წინ ცხოვრობდა და მას ჰქვია LUCA (ინგლ. Last Universal Common Ancestor – „ბოლო უნივერსალური საერთო წინაპარი“). ანუ, პლანეტაზე ყველა ცოცხალ არსებას ერთი ფესვი აქვს, ჩვენ კი ყოველივე ცოცხალის ნათესავები ვართ“ (9). საერთო წინაპარზე ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ. ამგვარად, გენეტიკის თანახმად, ყველა ცოცხალი ორგანიზმი, მათ შორის, ადამიანი, ერთმანეთის ნათესავია.

აღსანიშნავია, რომ ჩ. დარვინი არ ყოფილა პირველი მეცნიერი, რომელიც ადამიანისა და მაიმუნის ნათესაობაზე საუბრობდა. დარვინი იყო პირველი იმ თვალსაზრისით, რომ მან თავისი თეორია სიტემაში მოიყვანა, შესძინა მას სტრუქტურა და ნორმატიულობა, რის საფუძველზეც ევოლუციის თეორია უფრო განვითარდა, გამყარდა XX-XXI საუკუნის გენეტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის, და არქეოლოგიის მონაცემებით. დარვინამდე ადამიანისა და მაიმუნის ნათესაურ კავშირის შესახებ მოსაზრება იტალიელმა ფილოსოფოსმა ჯულიო ჩეზარე ვანინიმ (10) და ფრანგმა ბუნების მკვლევარმა ჟორჟ ლუი დე ბუფონმა (11) გამოთქვეს. ამ მხრივ საინტერესოა წმ. ბასილი დიდი სიტყვები, რომელსაც ვ. ლოსკი ციტირებს: „ღმერთმა ადამიანი შექმნა ცხოველად, რომელსაც გაღმერთების ბრძანება მისცა (12). ეს ფრიად საინტერესო აზრია. წმინდა მამისგან ეს აზრი ინტუიციურად ჟღერს. ამგვარი ინტუიცია მრავალ წმინდა მამას გააჩნდა, რომლებიც წმინდა წერილის ტექსტში სახარების მარადიულობას უნებლიედ მოწმობდნენ. წმინდა მამათა პატროლოგიიდან ვიცით, რომ მამები ადამიანს „გონივრულ/მეტყველ ცხოველად“ მიიჩნევდნენ. თუმცა, ისინი, რათქმაუნდა, არ აკონკრეტებდნენ, თუ რა ცხოველი იყო მაშინ ადამიანი. გონივრულობა და მეტყველება სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან განგვასხვავებს, თუმცა ძველ დროსაც, დღესაც და ევოლუციურ პერსპექტივაშიც მათთან ბევრი რამ გვაახლოებს. ჩვენ და ცხოველთა სამყაროს ერთი და იგივე ბიოქიმია გვაქვს. ყოველწლიურად განახლდება 98% ნაწილაკებისა, რომელთაგანაც ჩვენი სხეული შედგება. თითოეული ჩასუნთქვისას მილიარდობით ატომს ვისრუტავთ, რომელთაც ბოლო ერთი თვის მანძილზე სხვა მსუნთქავი ცოცხალი ორგანიზმები გამოიმუშავებდნენ. ეს ნიშნავს რომ, არც ერთი ჩვენი გენი არ დარჩება ისეთად, როგორიც ერთი წლის წინ იყო. ყველა გენი განახლდება სამყაროში არსებული ენერგიისა და ნივთიერებების ხარჯზე. სამყარო კი – მილიარდობით ვარსკვლავია. პერიოდული სისტემის ელემენტები, რომლებისგანაც ჩვენ შევდგებით, წარმოიქმნა ვარსკვლავებიდან, რომლებიც ფეთქდებოდნენ და თავის შიგთავსს მთელს სამყაროში აფრქვევდნენ. წყალბადი, ჰელიუმი, ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი სამყაროს შემადგენლებია. ადამიანი, პირველ რიგში, წყალბადისგან, ჟანგბადისგან, ნახშირბადისა და აზოტისგან შედგება, ანუ იმისგან, რისგანაც შედგება სამყარო (ჰელიუმის გარდა). ჩვენ ორგანულ დონეზე სამყაროს ნაწილი ვართ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტებისგან შევდგებით, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია წყალბადი, ნახშირბადი კი ბიოლოგიურად ყველაზე აქტიურია. ჩვენი და ცხოველთა სამყაროს ბიოლოგიური საფუძველი ერთ და იგივე მასალისგან შედგება. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რათა საკითხს ობიექტურად შევხედოთ. ვარსკვლავები, ისევე, როგორც სამყაროში არსებული სხვა ცოცხალი ორგანიზმები იბადებიან და კვდებიან. ჯორჯ ვ. კოინე (ვატიკანის ობსერვატორიის ყოფილი დირექტორი, საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოების, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების და ამერიკის ოპტიკური საზოგადოების წევრი) აღნიშნავს: „სიკვდილის მომენტში ისინი სამყაროში ვარსკვლავურ მატერიას აფრქვევენ. ვარსკვლავის დაბადება დაწასვლაუკიდურესად მნიშვნელოვანი პროცესია. მის გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებდით. ეს მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია. ადამიანის სხეულის შემადგენელი ქიმიური ელემენტების სამყაროში დაგროვებას ვარსკვლავთა სამი გენერაცია დასჭირდა, რომელთაგან თითოეული წარმოიქმნა იმ ელემენტებისგან, რომლებიც სამყაროშიწინაპრებმაგაისროლეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მეორე თაობის შემდეგ, ვარსკვლავები თერმობირთვული რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებებისგან ჩამოყალიბდნენ. თავისი სიცოცხლის მანძილზე, ვარსკვლავი წყალბადს ჰელიუმად აქცევს, ჰელიუმსნახშირბადად; შემდეგ, თუკი ის საკმაოდ დიდია ნახშირბადი ჟანგბადად, აზოტად გარდაიქმნება და . ., სანამ რკინა არ წარმოიქმნება. ანუ, „ცოცხალივარსკვლავის შიგნით არსებული მსუბუქი ელემენტები უფრო მძიმე ელემენტებად გარდაიქმნებიან; ასე ჩნდება ნახშირბადი, სილიციუმი და თმების, ფრჩხილებისა და . . შემადგენელი სხვა ნაწილები. ამგვარად, სანამ თუნდაც ამება გაჩნდებოდა, ვარსკვლავებს უნდა ეწარმოებინა და სამყაროში გაეშვა მთელი საჭირომასალა“ (13). ამგვარად, სამყაროში ყოველივე ცოცხალი ერთმანეთთან კავშირშია და ერთი მეორისგან ევოლუციური განვითარების გზით გამომდინარეობს, რაც დასტურდება არა მხოლოდ გენეტიკის, არამედ ასტროფიზიკის მონაცემებით.

როგორც უკვე აღინიშნა, მეცნიერება ადამიანის ევოლუციის პროცესს ფიზიკური კუთხით შეისწავლის (ჩანასახობრივი დონიდან დაწყებული). ეს არა მხოლოდ ადამიანის საწყისს, არამედ მთელ ცხოველთა სამყაროსაც ეხება, რადგან მთელი ქმნილება ევოლუციის (ბუნების განშლის პროცესის, რომელიც კონკრეტულ სახეობებსა და ქვესახეობებს მოიცავს) ნაწილია. ასე იქმნებოდა სამყარო, რომელიც უზენაესმა არქიტექტორმა ენტროპიის პრინციპს დაუთმო, რომელიც ორგანული და არაორგანული მატერიების ევოლუციურ პრინციპებს ითავსებდა. აბრაამისეული მონოთეიზმის კლასიკური წარმოდგენა ასეთია: ღმერთმა სამყარო არაფრისგან შექმნა, არ არსებულისგან. სამყარო ღმერთის ნებით არაფრისგან იქმნება. მაშ, რა არის ეს „არაფერი/არარსებობა“? ჩვენ ჯერ არ ვიცით და გავიგებთ თუ არა როდისმე, ესეც უცნობია. „არაფერი“, ონტოლოგიური გაგებით, ფიზიკის კანონების საგანი ვერ იქნება (14). მიუხედავად ამისა, ამ საგანზე ფიზიკოსები და ასტროფიზიკოსები ბევრს დაობენ, თუმცა ეს დავა არა თავად ფიზიკის, არამედ ფილოსოფიის სფეროა. სამყაროს დასაწყისი საიდუმლოა, თავად საწყისის ცნებაა საიდუმლო. საწყისის ცნება მეტაფიზიკის სფეროში, თავად ლოგოსშია (იოანე. 1, 1), რომლის მიერაც წარმოიშვა ყოველივე (იოანე. 1, 3), ამიტომ ამ კოსმიური საწყისის საიდუმლო მეტაფიზიკის საკრალურობამდე მიდის.

თუ ძველი ცივილიზაციების მითებს მივმართავთ, შევნიშნავთ, რომ კაცობრიობის წარმოშობის საკითხზე არც მაშინ ჰქონიათ ერთიანი აზრი. მაგალითად, თუ შუმერები პირველ წყვილსა და პირველ ადამიანზე საუბრობდნენ (15), ეგვიპტელთა მითებში პირველ წყვილზე საუბარი არ არის; ეგვიპტელთათვის თითოეული ადამიანი უნიკალურია. ბიბლიური ადამის სახე, რომელიც არის უფრო ძველი მესოპოტამური (შუმერულ-აქადურ) კულტურის მემკვიდრეობა, რომელიც პირველი ადამიანის – ადაპეს – შესახებ მითებში აისახება (16), ებრაელთა (რომელთა წინაპრებიც მესოპოტამიიდან იყვნენ) რელიგიურ-კულტურულ თავისებურებებშია გახვეული. ამიტომ, ადამის ბიბლიური სახე მესოპოტამური სიძველის ლიტერატურული ჟანრების თავისებურებებს შეესაბამება, ოღონც მონოთეისტური განსხვავებებით. დაბადების წიგნში ადამი მეთაურად, ადამიანთა მოდგმის თავად გვევლინება. დაბადების წიგნში ებრაელების ადამისგან წარმოშობა თავისთავად იგულისხმება, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ეს წიგნი ებრაელთათვის დაიწერა. ერისა და მოდგმის მეთაურის თანაფარდობის პრინციპი სხვა ერებსაც გააჩნდათ. შორს რომ არ წავიდეთ, ეს ჩვენი კავკასიური ისტორიიდანაც კარგად არის ცნობილი. სომეხთა მოდგმის მთავარია (ეტნარქი) ჰაიკი, ქართველთა მთავარი – ქართლოსი. ეს ერები, ძველ დროს, მთავარს (ეტნარქს) მიიჩნევდა გვარის დამაარსებლად. ახლა არ გავამახვილებთ ჩვენს ყურადღებას იმაზე, თუ რამდენად ისტორიული თუ არაისტორიულია ეს პირები. ჩვენ ვსაუბრობთ ამგვარი საკითხების აღქმაზე, თუ როგორ უკავშირებდნენ ძველად ადამიანებს თავისი გვარი რომელიმე პიროვნებას – ისტორიულს, მითურს თუ ნახევრად მითურს და ა. შ. ეს მთავრები გვარს საწყისს აძლევდნენ. ეს მოდელი ძველ ხალხურ ტრადიციებში კარგად აისახება. ყველა ერს თავისი გვარის ფუძემდებელზე თავ-თავისი მოგონებები აქვს. შემდეგ, ეს მოგონებები მითებად ყალიბდებოდა. ამგვარად, მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ძველი ხალხების წარმოდგენაში ისტორიის მითოლოგიზაცია, შესაძლოა, რეალური პიროვნებების იდეალიზაცია (ლეგენდარიზაცია) ხდებოდა. სხვა შემთხვევებში კი ხდებოდა მითის ისტორიზაცია. ამაში გარკვევა რთულია. ეს ყოველივე წინაპართა ხსოვნას უკავშირდება. იგივე პრინციპი დაბადების წიგნშიც ჩანს ადამთან დაკავშირებით. ჩვენ ედემის თემაზეც ვსაუბრობდით, მის ლოკალურ თუ ზეციურ პერსპექტივაზე (17) და ამ თემას შემდეგ სტატიაში დავუბრუნდებით. რაც შეეხება ედემს, როგორც ზეციურ პერსპექტივას, აქ დავამატებთ, რომ ნ. გლუბოკოვსკი, წმ. გრიგოლ ნოსელის ერთ-ერთ საუკეთესო ბიოგრაფი, წერს: „ნეტარების მეხუთე ცნების განმარტებაში წმ. გრიგოლი წერს, რომ ადამიანი კი არ იყო სამოთხეში, არამედ სამოთხე იყო ადამიანში, რადგან ყოველივე სიკეთეს ადამიანი თავის ბუნებაში აღმოაჩენს დავერავინ მიიღებს სასურველს, თუ თავად არ მისცემს მას თავის თავს“. ამ აზრს წმ. მამა მაცხოვრის სიტყვებით ამოწმებს: „ცათა სასუფეველი თქვენშია“ (18). ჩვენ არ უნდა დავაკონკრეტოთ ადამიანთა მოდგმის ერთიანი წყარო, არ უნდა გამოვიყვანოთ ერთ ადამიანად ან ერთ წყვილად. თუმცა, დაბადების წიგნის პირველი თავების სიმბოლიზმის გათვალისწინებით პირველი ადამიანების ერთობა სულიერი მიზნის ერთიანობად უნდა განვიხილოთ, რაც თავდაპირველი ერთიანობის საუკეთესო კანდიდატს წარმოადგენს. ამასთან პარალელურად გვაქვს ბიოლოგიური წარმომავლობის ერთიანობა, ანუ ჰომინიდების საერთო ჯგუფის წინაპართაგან წარმოშობა, რაც გენოფონდის საერთო ფარგლებშია მოქცეული. თავად ერთიანობა აქ საკვანძო როლს თამაშობს, რადგან ის არის სირთულეების დაძლევის ჯგუფური/თემური გზა და მისწრაფება არა მხოლოდ ერთმანეთთან ერთობისკენ, არამედ ღმერთთან ერთობისკენ, რადგან ღმერთი მთელი სამყაროს საბოლოო მიზანია. ჩვენ ეს თემა ერთ-ერთ სტატიაში საკმაოდ ცალსახად განვიხილეთ (19).

ვაგრძელებთ რა კონსტანტინე სევერინოვის აზრს საერთო წინაპრის შესახებ, დავამატებთ, რომ საერთო წინაპრის შესახებ ისტორია ახალი როდია. ეს საკმაოდ ძველი თეორიაა. ის საკმაოდ კარგად არის ასახული ძველ მითოლოგიურ წარმოდგენებში. მისი სახეა (თუ შიძლება ასე ვთქვათ) „საშუალო სქესის“ არსება  – ჰერმაფროდიტი, ანუ ორგანიზმი, რომელიც როგორც მამაკაცის, ისე ქალის ნიშნებს ატარებს (მათ შორის, კაცის და ქალის სასქესო ორგანოები გააჩნია). ჰერმაფროდიტები ადამიანებშიც გვხვდება, მაგრამ ადამიანურ სამყაროში ეს ანომალური მოვლენაა. ასეთი ანომალია ნორმაა ცხოველთა სამყაროს ზოგიერთ წარმომადგენლებში (მწერები, თევზები, ჭიები და ა.შ.). მათთვის ორგანიზმის ასეთი მდგომარეობა ბუნებრივია, ანუ ეს მათი სახეობის ნორმაა. ღრმა ისტორიამდელ პერსპექტივაში, ჩვენი წინაპრების ჰომინიზაციამდე დიდი ხნით ადრე, ყველაზე ადრეული ორგანული ფორმების არსებობის პერიოდში, სავარაუდოდ, ჰერმაფროდიტიზმი ჩვენი (და არა მხოლოდ ჩვენი) ორგანული წარსულის განვითარების ეტაპობრივი განვითარების ამოსავალი წერტილი იყო. სქესობრივ დიმორფიზმამდე ჰერმაფროდიტიზმის არსებობა ცნობილი მეცნიერული თეორიაა, რომელიც გენეტიკის განვითარებასთან ერთად სავარაუდოთ დამტკიცდება (20). ჩვენ ადამის პიროვნებას ჰერმაფროდიტის სახით არ წარმოვადგენთ (მითუმეტეს, რომ ბიბლიური კონტექსტის სიმბოლიზმის სირთულე გვესმის), რომელიც შემდგომში ორ სქესად გაიყო (დიმორფიზმი), მაგრამ თავად იდეა, რომ დიმორფიზმს ერთიანი წყარო აქვს, მეცნიერულ თეორიასაც და სქესთან წარმოშობის ბიბლიურ სიმბოლიზმსაც შეესაბამება: ერთი ორად გაიყო და ამაშია შეხების წერტილების მთელი არსი. ბიოლოგიურ დიმორფიზმს საწყისად ჰერმაფროდიტიზმი ედო არა მხოლოდ ჰომინიდების პიროვნულ ჩამოყალიბებამდე, არამედ პლანეტის ჰომინიზაციამდე დიდი ხნით ადრე. საინტერესოა, რომ ეს კარგად ჩანს ემბრიონულ დონეზე. „საშუალო სქესის“ ელემენტები ადამიანში ჩანასახობრივ (ემბრიუნულ) დონეზე შეიმჩნევა. აქ განსხვავება იმაშია, რომ ემბრიონს ორივე სქესის ნიშნები არ აქვს, არამედ, მასში გარკვეულ ეტაპამდე სქესი არ ვლინდება. ემბრიონი იმთავითვე უსქესოა (რაც ჩანასახობრივ სტადიაზე ჩანასახში სქესობრივ ერთიანობაზე მეტყველებს). სქესი მხოლოდ ჩასახვიდან 7-8 კვირას განისაზღვრება. ემბრიონი ჩვენი ორგანიზმის ევოლუციური განვითარების მრავალ სტადიას გადის,  რასაც ისტორიამდელ პერსპექტივაში ჰქონდა ადგილი: კერტები, ხელები და ფეხები ჯერ კიდევ სქესის განსაზღვრამდე ჩნდება, ამიტომ, იმ დროისთვის, როდესაც Y-ქრომოსომა და ტესტასტერონი თავის საქმეს აკეთებენ, ბავშვს უკვე კერტები აქვს. ჩასახვიდან ერთ კვირაში ემბრიონს ლაყუჩები უჩნდება და კუდი, რომელიც სხეულის სიგრძის მესამედს შეადგენს. ეს ყველაფერი ორსულობის ბოლო თვეებში სტაბილიზირდება იმ გენეტიკური პროგრამის შესაბამისად, რომელიც ჩვენს ორგანულ ფორმებს განაპირობებს. ჰანს კიუნგი აღნიშნავს: „ემბრიოლოგია გვიჩვენებს,რომ სხვადასხვა ცხოველები განვითარების მსგავს სტადიებს გადიან, რადგან ემბრიონი არის ნაკლებ განვითარებულ სტადიაში მყოფი უგვიანესი ცხოველი, რომელიც თავის წინაპართა ნაკვთებს ავლენს“, „მორფოლოგია ცხოველებს, მათი ანატომიური მსგავსებისა და თავისებურებების მიხედვით, სახეობებად, გვარებად, ოჯახებად, ნაწილებად და სამეფოებად ჰყოფს. ამას ახალი მოლეკულური ბიოლოგია ადასტურებს: ყველა ცოცხალი ორგანიზმი განსაკუთრებული მოლეკულების (დნმ და რნმ) ორ ფორმას შეიცავს, რითიც ყველა ცოცხალი არსების აგებულების გეგმა ფიქსირდება“ (21).

ადამის პიროვნებასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველები ადამს იშვიათად ახსენებდნენ. ქრისტე მას საერთოდ არ ახსენებს (მათე. 19, 4 არა კონკრეტულად ადამს, არამედ ოჯახს, როგორც ასეთს, ეხება). ჩვენს დრომდე მოღწეული ქრისტეს არაბიბლიური აგრაფები და ლოგიებიც არ ახენებს ადამს. ჩვენ ამაში წმინდა წერილის განგებას ვხედავთ. წერილში ადამზე იმდენი წერია, რამდენიც ხარებისთვის იყო საჭირო, მომდევნო მეცნიერული ეპოქების გათვალისწინებით, რათა მორწმუნეს სწორი სულიერი ორიენტირები ჰქონოდა. წმინდა წერილის ძველი და შუა საუკუნეობრივი ეგზეგეტიკა ანთროპოგენეზს მონოგენურ კატეგორიებში განმარტავდა, რაც იმ ეპოქის კულტურული ფონით იყო განპირობებული. დღეს მონოგენეზი ისტორიული ღვთისმეტყველების კატეგორიაში გადავიდა და ის სულიერი კატეგორიებით უნდა განვმარტოთ. თუ ადამიანი ღვთის ხატია, მაშინ მას იგივე მოცემულობა უნდა გააჩნდეს, რაც ღმერთს აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ერთობაა, მაგრამ ეს არის მრავალი ჰიპოსტასის ერთობა. ეს ერთობა განცალკევებულად არ აღირიცხება – ის ჰიპოსტასურად განირჩევა, მაგრამ არც ერთმანეთს ერწყმის. ღვთაება სამ პიროვნებაშია, მაგრამ ბუნების ფარგლებში ეს პიროვნული ერთიანობა ერთარსი და იგივეარსობრივისა, მაშინ როდესაც კაცობრიობა ერთარსია ლოგოსის მიერ, ბუნების ტროპოსით კი მსგავსარსობრივი, იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი თავის თავს, თავის მეს განამტკიცებს, ახდენს რა თავისი ნების ინდივიდუალიზებას ძალაუფლების, ძალის, ხასიათისა და ა. შ. გამოვლენაში. ეს ყოველივე განსხვავებულად გვხდის, გვართმევს იგივეარსობრიობას და მხოლოდ მსგავსარსობრიობას გვძენს. ადამიანები ერთის მეორისგან გაყოფას კი არა, განსხვავებას უნდა ვესწრაფოთ, უნდა ვეცადოთ ერთმანეთთან მაქსიმალურ ერთიანობას, სიყვარულში იგივეობას, როგორც ერთი ღმერთის ხატების მატარებლები, რადგან ღმერთში პიროვნებების განსხვავებასთან ერთად ბუნების იგივეარსობრიობას აქვს ადგილი. ἐκκλησία ბუნების იგივეობის განხორციელების ფუნქციას ატარებს (22). ჩვენი მოწოდებაა, რომ „ხატი“ „მსგავსებად“ ვაქციოთ, ხატი ჩვენში ღვთის მსგავსება უნდა იყოს. ამის განხორციელება მხოლოდ საკუთარი მეს, უფრო სწორად, ეგოიზმის დაძლევით არის შესაძლებელი, ამის მიღწევა კი თემშია შესაძლებელი, რომელშიც პიროვნებათა საზოგადოება სიყვარულის მჭიდრო კავშირში ერთიანდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მონოგენეზის უარყოფა მცდარია, რადგან მასში, თუნდაც სიმბოლური, მაგრამ ღრმა აზრი დევს. მონოგენეზი ხელახალ გააზრებასა და სულიერ კატეგორიებს მოითხოვს. მას პედაგოგიური მნიშვნელობა აქვს. თუ ძველ დროს მონოგენეზი წერილის სიტყვას შეესაბამებოდა, დღეს ის უკვე წერილის სულის მიხედვით უნდა გვესმოდეს. მონოგენეზი კაცობრიობის სულიერ მიზნებს ემსახურება, როგორც კეთილმსახურების საწყისის, ოჯახის სულიერ შობის ორიენტირი, რომელიც ორი ადამიანის – მამაკაცისა და ქალის – ერთიანი საწყისიდან იბადება. შემთხვევითი როდია, რომ ქრისტიანულ ტრადიციაში ოჯახი მცირე ეკლესიად მოიაზრება, რა ანალოგიასაც პავლე მოციქულთან ვკითხულობთ (ეფეს. 5, 25). ამ კუთხით საინტერესოა დაბადების წიგნის პედაგოგიური განმარტება, რომელსაც დასავლეთის ეკლესიის მოღვაწენი გვთავაზობენ. ცნობილი ლათინი ღვთისმეტყველი, გუგო სენ-ვიქტორელი († 1141), წერს: „[ევა] კაცის გვერდიდან შეიქმნა. ამით ნაჩვენებია, რომ ის სიყვარულის მიერი ერთობისთვის შეიქმნა. ის რომ კაცის თავიდან შექმნილიყო, გამოვიდოდა, რომ ის კაცის დასაღუპად არის; მისი ფეხისგან რომ შექმნილიყო, მის მონად მოიაზრებოდა. ის ადამიანისთვის არც ბატონად, არც მონად არამედ, შემწედ შეიქმნა, ამიტომაც უნდა შექმნილიყო ის არა თავიდან ან ფეხიდან, არამედ გვერდიდან, რათა კაცს ამის მიერ შეეცნო, რომ ქალი მის გვერდით უნდა მდგარიყო, რადგან მისი გვერდიდან შეიქმნა“ (PL. 176. Col. 284). ამგვარის სულისკევეთებისაა თომა აქვინელის (†  1274) განმარტებაც: „ქალი კაცის ნეკნისგან უნდა შექმნილიყო. ეს ნიშნავს, რომ კაცსა და ქალს შორის [გარკვეული] საზოგადოებრივი კავშირი უნდა ყოფილიყო. ქალი მამაკაცზე არ უნდა ძალაუფლობდეს (1 ტიმ. 2:12), ამიტომაც არ შეიქმნა კაცის თავიდან; არც მონასავით უნდა მორჩილებდეს კაცს, ამიტომაც არ შექმნილა ფეხთაგან“ (23). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტატიის დასასრულს, პაპ ბენედიქტე XVI ტერმინოლოგიას დავესესხებით და მონოგენეზსა და პოლიგენეზს კონკრეტულ განსაზღვრებას მივცემთ და დავსძენთ, რომ ჩვენთვის მისაღებია: „ბიოლოგიური პოლიგენეზი“ და „საღვთისმეტყველო მონოგენეზი“ (24).

P. S. გვსურს, ვისარგებლოთ მოცემული შესაძლებლობით და ჩვენდამი ხშირად დასმულ კითხვას ვუპასუხოთ: მეცნიერება ვითარდება და ახალ აღმოჩენებს აკეთებს. ფიზიკის, ბიოლოგიისა და სხვა დისციპლინების ახალი ობიექტური მონაცემები ზღუდავენ თუ არა ღვთისმეტყველების საზღვრებს? ამგვარად, ღვთისმეტყველების კომპეტენციის ფარგლები მეცნიერების წნეხის ქვეშ ვიწროვდება და ღვთისმეტყველება ცდილობს ახალ-ახალი განმარტებების გამომუშავებას? საკითხის ამგვარ ხედვაზე ჩვენ შემდეგნაირად მივუგებთ: ეკლესიის ისტორიაში ახალი საღვთისმეტყველო განმარტებები სიახლე როდია. ეკლესია ყოველთვის რეაგირებდა ეპოქის გამოწვევებზე, ამიტომ ღვთისმეტყველების ფარგლები ვერ შევიწროვდება. მისი ფარგლები უცვლელად რჩება, ისინი მხოლოდ ზუსტდება თანამედროვეობის გამოწვევების ხასიათიდან გამომდინარე. თუ ეკლესიისა და ღვთისმეტყველების ისტორიას მივმართავთ, დავინახავთ, რომ ეკლესიის მამები მათ თანამედროვე გამოწვევებზე (რომლებიც ან ღვთისმეტყველთაგან ან მეცნიერთაგან მომდინარეობდა) ყოველთვის რეაგირებდნენ. ეს გამოწვევები ნეო-ჰერმენევტიკას წარმოშობდნენ ამა თუ იმ ეპოქაში. თავად ეკლესიის მამები და მოძღვრები განათლებას, ხშირად, საერო დაწესებულებებში იღებდნენ (რაც კარგადაა ცნობილი კაპადოკიელი მამების მაგალითზე), ამიტომ ისინი საერო ინტელიგენციასა თუ მეცნიერულ წრეებს შესაბამის ენასა და დონეზე სცემდნენ პასუხს ამა თუ იმ საკითხებზე. ისტორიულად, ეკლესია იმ დროის სულისკვეთებას შეესაბამებოდა, რომელშიც ის არსებობდა. ამიტომ ეკლესიის ისტორიის ემპირიული პერსპექტივიდან გამომდინარე უნდა ითქვას, რომ ეკლესიის რეაქციაში დღესაც არაფერი შეცვლილა და ამიტომ, ჩვენ, როგორც მისი წევრები ამ გამოწვევებს ვპასუხობთ. სხვა საქმეა, რომ მეცნიერების განვითარების ტემპები ძალიან დაჩქარდა, მაგრამ ეკლესიაშიც არის ამ ტემპის შესაბამისობა. მაგალითად მოვიყვანთ კათოლიკურ ეკლესიას, რომლის ღვთისმეტყველები უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია თეისტური ევოლუციის კუთხით მუშაობენ. გამოვხატავთ იმედს, რომ მართლმადიდებლურ აღმოსავლეთშიც, ახლო მომავალში, თეისტური ევოლუციის მიმართ შესაბამისი ინტერესი გაჩნდება (იძულებულნი ვართ, ვაღიაროთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია, ამ ეტაპზე, ძალიან სუსტად რეაგირებს მის წინაშე მდგარ გამოწვევებზე). ღვთისმეტყველების მომავალი თეისტური ევოლუციაა. თუ კაცობრიობას, ტექნიკურ დონეზე არბიტალურ სახეობად (როგორიც უკვე ვართ), მომავალში პლანეტთა შორის სახეობად გარდაქმნა უწერია, მაშინ ეკლესიამ ღვთისმეტყველება მეცნიერებასთან სინთეზში უნდა განავითაროს, რადგან ეს ორი ერთმანეთის შემავსებელია. თეისტური ევოლუცია არის კოსმოსური ღვთისმეტყველება, მომავლის ღვთისმეტყველება, რომელიც მეცნიერების ყველა სფეროს მოიცავს (გარკვეულ ფარგლებში) და მომავლის ახალ პერსპექტივებსაც მოიცავს.

_ _ _ _ _

  1. იხ.: „ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება“ ნაწილი I:  http://www.orthodoxtheology.ge/teisturievolucia1/ , ნაწილი II: http://www.orthodoxtheology.ge/teisturievolucia2/ ; „კოგნიტიური განვითარების პერიოდის ისტორიამდელი ადამიანის პიროვნულობის საკითხისათვის. კიდევ ერთხელ მეცნიერებისა და რელიგიის სინთესზე და პირველი ადამიანების ბიბლიურ სახეზე თეისტური ევოლუციონიზმის კუთხით“ ნაწილი I http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-1/ , ნაწილი II: http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-2/
  2. იხ.: Nestle-Aland. Novum Testamentum Graece, 28-th Revised Edition 2012. Edited by the Institute for New Testament Textual Research Münster/Westphalia under the direction of Holder Strutwolf. P. 442.
  3. იხ.: „კოგნიტიური განვითარების პერიოდის ისტორიამდელი ადამიანის პიროვნულობის საკითხისათვის. კიდევ ერთხელ მეცნიერებისა და რელიგიის სინთესზე და პირველი ადამიანების ბიბლიურ სახეზე თეისტური ევოლუციონიზმის კუთხით“ ნაწილი I http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-1/ , ნაწილი II: http://www.orthodoxtheology.ge/kogniturirevolucia-2/
  4. იხ.: Кеннет Кемп. Наука, богословие и моногенез //Богословие творения. ББИ.М., 2013. С. 210.
  5. იხ.: Theodosius Dobzhansky. Mankind Evolving: The Evolution of the Human Species. Yale, 1962. P. 183 (=Кеннет Кемп. С. 211-212).
  6. იხ.: Кеннет Кемп. იქვე. С. 215-216.
  7. იხ.: Р. Белла. Религия в человеческой эволюции. ББИ., М., 2019. С. 135-136.
  8. იხ.: Dennis R. Venema. Genesisand the GenomeGenomics Evidence HumanApe CommonAncestry and AncestralHominid Population Sizes file:///C:/Users/E/Downloads/PSCF9-10Venema%20(1).pdf
  9. იხ.: К. Северинов. Адам и Ева с точки зрения генетика https://arzamas.academy/materials/63
  10. იხ.: Рутенбург В.И. Великий итальянский атеист Ванини. М.: Издательство Академии Наук СССР, 1959.
  11. იხ.: de Buffon G.-L. Histoire naturelle, générale et particulière Sciences naturelles. Paris, 1749–1789.
  12. იხ.: В. Лосский. Очерк мистического богословия Восточной Церкви. Догматическое Богословие. М., 1991. С. 243.
  13. იხ.: Джордж В. Койне. Замысел о жизни и религиозное миросозерцание //Богословие творения. ББИ.М., 2013. С. 129.
  14. იხ.: Stoeger W.R., SJ. God, “Physics and the Big Bang”, in: The Cambridge Companion to Science and Religion. Cambridge, 2010. P. 182.
  15. იხ.: Миф об Адапе / Пер. В. К. Шилейко // Кленгель-Брандт Э. Древний Вавилон. Смоленск Русич, 2001.
  16. იხ.: „ევოლუციის თეორია და თანამედროვე რელიგიური ცნობიერება“ ნაწილი I:  http://www.orthodoxtheology.ge/teisturievolucia1/ , ნაწილი II: http://www.orthodoxtheology.ge/teisturievolucia2/ ;
  17. იქვე
  18. იხ.: В. Несмелов. Догматическая Система святого Григория Нисского. СПб, 2013. С. 332.
  19. იხ.: „Homo-sapiens-ების პრეისტორიული საზოგადოება, როგორც ეკლესიური თემის (ἐκκλησία) წინასახე“ http://www.orthodoxtheology.ge/eklesiadahomosapiens/
  20. იხ.: Two From One: Evolution Of Genders From Hermaphroditic Ancestors Mapped Out https://www.sciencedaily.com/releases/2008/11/081120171328.htm?fbclid=IwAR3a9DbKdY51CaQ3LZkjAk-3ltrArJkpi5s3Y3_k20b8g6JL47b3BkplaM8
  21. იხ.: Ганс Кюнг. Начало всех вещей. ББИ., М., 2007. С. 116.
  22. იხ.: „Homo-sapiens-ების პრეისტორიული საზოგადოება, როგორც ეკლესიური თემის (ἐκκλησία) წინასახე“ http://www.orthodoxtheology.ge/eklesiadahomosapiens/
  23. იხ.: Фома Аквинский. Сумма Теологии, 1.92.3 / Пер.: А. В. Аполлонов. М., 2007. Т. 2. С. 362.
  24. იხ.: Antoine Suarez “Transmission at generation”: Could original sin have happened at the time when Homo sapiens already had a large population size? Scientia et fides, ISSN 2300-7648, Vol. 4, Nº. 1, 2016, p. 277-278.

 

შემოკლების სია:

 

PG – J.P. Migne, ed. Patrologiae graecae cursus completus. Paris, 1844-66.

PL – J. P. Migne, ed. Patrologiae latinae cursus completus. Paris, 1844-66.

 

გამოყენებული და გათვალისწინებული ლიტერატურა და წყაროები:

Tertullian. De paenitentia 1.2, in Tertullian. Treatises on Penance: On Penitence and Purity, trans. William P. Le Saint (New York: Paulist: 1999). P. 14.

NestleAland. Novum Testamentum Graece, 28-th Revised Edition 2012. Edited by the Institute for New Testament Textual Research Münster/Westphalia under the direction of Holder Strutwolf.

de Buffon G.-L. Histoire naturelle, générale et particulière Sciences naturelles. Paris, 1749–1789.

Stoeger W.R., SJ. God, “Physics and the Big Bang”, in: The Cambridge Companion to Science and Religion. Cambridge, 2010.

Two From One: Evolution Of Genders From Hermaphroditic Ancestors Mapped Out

https://www.sciencedaily.com/releases/2008/11/081120171328.htm?fbclid=IwAR3a9DbKdY51CaQ3LZkjAk-3ltrArJkpi5s3Y3_k20b8g6JL47b3BkplaM8

Antoine Suarez “Transmission at generation”: Could original sin have happened at the time when Homo sapiens already had a large population size? Scientia et fides, ISSN 2300-7648, Vol. 4, Nº. 1, 2016.

Гайсберт ван ден Бринк. Дух Бога и природный мир: как теория эволюции влияет на наше религиозное сознание //Религиозное сознание в постсекулярном обществе. ББИ.М., 2020. С. 127-137.

Кеннет Кемп. Наука, богословие и моногенез // Богословие творения. ББИ.М., 2013.

К. Северинов. Адам и Ева с точки зрения генетика, см. https://arzamas.academy/materials/63

Р. Белла. Религия в человеческой эволюции. ББИ., М., 2019.

Рутенбург В.И. Великий итальянский атеист Ванини. М.: Издательство Академии Наук СССР, 1959.

В. Лосский. Очерк мистического богословия Восточной Церкви. Догматическое Богословие. М., 1991.

Миф об Адапе / Пер. В. К. Шилейко // Кленгель-Брандт Э. Древний Вавилон. Смоленск Русич, 2001.

В. Несмелов. Догматическая Система святого Григория Нисского. СПб, 2013.

Ганс Кюнг. Начало всех вещей. ББИ., М., 2007.

Фома Аквинский. Сумма Теологии, 1.92.3 / Пер.: А. В. Аполлонов. М., 2007.

 

Print Friendly

Tags: ,

Comments are closed.