პაპი ფრანცისკე: პატრიარქი ილია განსაკუთრებულია

Francesco-ed-Elia-II2016 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ეწვია რომის პაპი ფრანცისკე, არეოპორტში მას დახვდა მისი უწმინდესობა, პატრიარქი ილია, რომელმაც რომის ეკლესიის მეთაურს მოგვიანებით საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა, ხოლო 1 ოქტომბერს რომის პაპმა და საქართველოს პატრიარქმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, მაცხოვრის კვართთთან (რომელიც ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოა), მდუმარედ ილოცეს და აღასრულეს უძველესი საერთო-ქრისტიანული ლიტურგიული ჟესტი – სვეტი ცხოველის წინ სანთლები დაანთეს.

პატრიარქმა ილიამ და პაპმა ფრანცისკემ ერთმანეთს ლოცვაში მოხსენების პირობა მისცეს, რაც ამ შეხვედრის შემდეგ არსებულ გულთბილ მიმოწერაშიც დასტურდება.

რომის ეპისკოპოსისათვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა საქართველოს ეკლესიის მეთაურის ღრმა სულიერება, რაც არაერთხელ ახსენა სხვადასხვა ინტერვიუებისა და შეხვედრებისას.

2016 წლის 3 ოქტომბერს, როდესაც საქართველო-აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ რომში ბრუნდებოდა, თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას პაპმა განაცხადა, რომ მისთვის ნამდვილი “აღმოჩენა იყო საქართველოს პატრიარქი, ადამიანი უდიდესი და ღრმა რწმენით”. ამავე წლის 5 ოქტომბერს, პაპმა საკვირაო აუდიენციაზე მილიონობით ქრისტიანს აუწყა თავისი ვიზიტის გამოცდილება და საქართველოს პატრიარქთან შეხვედრით აღფრთოვანება.

მოგვიანებით, 2016 წლის 17 ნოემბერს პაპმა გაზეთ avvenire-სთვის მიცემულ ინტერვიუში ემოციურად აღწერა პატრიარქ ილიასთან შეხვედრა: “სულიერი სიმფონია, რაც მე მასთან განვიცადე ძალიან ღრმა იყოთავი ვიგრძენი წმინდანის, ღვთისკაცის წინაშე, ხელი ჩამკიდა, მითხრა ულამაზესი რაღაცეები, უფრო ლამაზი ჟესტებით ვიდრე სიტყვებით”.

ამა წლის 5-7 მაისს რომის პაპი ფრანცისკე იმყოფებოდა ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. რომისკენ მომავალმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, სამი წლის შემდეგ კვლავ განსაკუთრებულად გაიხსენა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა: “მე შემიძლია გითხრათ გულწრფელად, რომ პატრიარქებს შორის შევხვდი ღვთის კაცებს. ნეოფიტე [ბულგარელი] ღვთის კაცია, მაგრამ ის, ვისაც გულით ვატარებ, ჩემთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი [სხვა პატრიარქებს შორის] არის ილია II, საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი ღვთის კაცი, რომელმაც ჩემზე კეთილი გავლენა იქონია”.

მოამზადა მღვდელ-მონაზონმა ლეონიდე ებრალიძემ

Print Friendly

Comments are closed.