მოყვასის სიყვარულის შესახებ

news_file_282წმიდა მამა პორფირე კავსოკალიველი
მოყვასის სიყვარულის შესახებ

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)

ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთი რამ უნდა ვეძებოთ – სიყვარული, ქრისტეს მსახურება და მოყვასის სიყვარული. გავერთიანდეთ ყველა ერთად სიყვარულში და ქრისტე იყოს ჩვენი თავი. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ მადლის მოპოვებას, ცათა სასუფევლში შეღწევას და ცხონებას.
მოძმისადმი სიყვარულით იზრდება ღვთისადმი სიყვარული. ჩვენ ბედნიერები ვხდებით როცა იდუმალი გზებით ყველა ადამიანს შევიყვარებთ. მაშინ ვიგრძნობთ, რომ ჩვენ ყველას უყვარვართ. არავის ძალუძს ღვთის შეცნობა, თუ არ გაივლის ადამიანთა გულებში. “ვინაიდან თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს?” (1იოან. 4,20).


გიყვარდეთ ყველა, უთანაგრძნეთ ყოველს. “ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი – მისი ასონი” (1კორ. 12, 26-27).და ეს არის ქრისტეს ეკლესია: მე, შენ, ის – სხვა ადამიანი. ვიგრძნოთ ყველამ, რომ ჩვენ ქრისტეს ნაწილები ვართ, რომ ერთიანნი ვართ. თავმოყვარეობა ეა ეგოიზმია. არ ვითხოვოთ: „მე ვცხონდები, მე სამოთხეში მოვხვდები“, არამედ იგივე ვინატროთ ყველასათვის, არ გვინდა მოსაგრეობა მხოლოდ საკუთარი სულის საცხონებლად, არამედ სიყვარულით დავეხმაროთ ერთმანეთს ცხონების საქმეში. გესმით? სწორედ ეს არის მორჩილება.
ამგვარად, თუ ჩვენ ასეთ ერთიანობაში ვიცხოვრებს, მაშინ ჩვენი ცხოვრება ნეტარებად იქცევა, უკვე აქ დაიწყება სამოთხე. ყოველი მოყვასი ჩვენია, ყოველი ადამიანი – “ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ხორცი ხორცთა ჩემთაგანი.” (შეს. 2,23). განა მე შემიძლია ვიყო გულგრილი ასეთი ადამიანისადმი, განა შემიძლია ვაწყენინო და მძულდეს? ეს ჩვენი ეკლესიის უდიადესი საიდუმლოა. მოდით გავხდეთ ყველანი ერთიანნი ღმერთში. თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, მაშინ ღვტის ახლობლები გავხდებით. ამ ერთიანობაზე უკეთესი არაფერია სამყაროში. აი რა არის ეკლესია. აი რა არის მართლმადიდებლობა. აი რა არის სამოთხე. მოდით წავიკითხოთ იოანე მახარებლის სახარებაში დაწერილი უფლის ლოცვა. დააკვირდით შემდეგ სტროფებს: „ რათა ყველანი ერთი იყვნენ, როგორც შენ, მამაო, ჩემში, ხოლო მე – შენში, და ირწმუნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე. დიდება, რომელიც შენ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. მე მათში, ხოლო შენ – ჩემში, რათა სრულნი იყვნენ ერთობით, და შეიცნოს ქვეყანამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე. მამაო, სადაც მე ვიქნები, მსურს იქვე იყვნენ ისინიც, ვინც მე მომეცი, რათა ხედავდნენ ჩემს დიდებას, შენ რომ მომეცი, რადგანაც შემიყვარე ქვეყნის შექმნამდე. (იოან. 17, 11, 21-24).
ხედავთ? უფალი ამას იმეორებს ისევ და ისევ სწორედ ერთიანობაზე აკეთებს აქცენტს. რათა ყველა ერთად სიყვარულში ერთიანი ვიყოთ და ქრისტე იყოს ჩვენი თავი! როგორც ქრისტეა ერთიანი მამაღმერთთან. აქ იმალება ჩვენი ეკლესიის საიდუმლოების უდიდესი სიღრმე. არც ერთი რელიგია არაფერ მსგავსს არ ქადაგებს. არავინ არ ეძებს ამ უნატიფეს გაგებას, რასაც ეძებს ქრისტე, რომ ჩვენ მასთან გავერთიანდეთ. ამაშია მთელი სისრულე. ამ ერთიანობაში, ამ ქრისტესმიერ სიყვარულში. აქ აღარ არის არავითარი დაყოფა, არავითარი შიში. არ არის არც სიკვდილი, არც სატანა და არც ჯოჯოხეთი. მხოლოდ სიყვარული, სიხარული, მშვიდობა და ღვთის მსახურებაა. და მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მოციქულ პავლესთან ერთად: “მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში”. (გალ. 2,20).
ჩვენ ადვილად შეგვიძლია მივაღწიოთ ამას. მხოლოდ კეთილი ნებაა საჭირო და უფალი მზადაა შემოვიდეს ჩვენში. როგორცაა ნათქვამი იოანეს გამოცხადებაში (გამოცხ. 3,20: 21,5). და როცა ის შემოვა ჩვენში ჩვენი აზრი ფერიცვალებას განიცდის, ბოროტებისგან თავისუფლდება, უფრო კეთილი, უფრო წმიდა და უფრო მოქნილი ხდება. მაგრამ თუ უფალს არ გაუღებთ კარებს, თუ არ ვფლობთ იმას, რაც მას ჩვენთვის უნდა, თუ მისი ღირსნი არა ვართ, მაშინ ის არ შემოდის ჩვენს გულში. ამიტომ მისი ღირსნი რომ გავხდეთ ჩვენში უნდა მიკვდეს ძველი ადამიანი, რომ მეტი არასოდეს აღარ მოვკვდეთ. მაშინ ჩვენ ვიცოცხლებთ ქრისტეში ეკლესიის მთელ სხეულთან გაერთიანებულები. ასე მოვა ღვთიური მადლი. და თუ ის მოვა, მაშინ ის მოგვცემს ჩვენ ყველაფერს.
ერთხელ ათონზე მე ვნახე ისეთი რამ, რაც მე ძალიან მომეწონა. ნავში მსხდომ ბერებს ხელში ეკავათ სხვადასხვა წმიდა ნივთები. ისინი ყველა სხვადასხვა ადგილებიდან იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ისინი ამბობდნენ: „ეს ჩვენია“ და არა „ეს ჩემია“.
სიყვარული ყველაფერზე აღმატებულია. ჩემო შვილებო, ჩვენი მთავარი საზრუნავი სხვების სიყვარული, სხვა ადამიანის სულის მოფერება უნდა იყოს. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ, ლოცვაა, რჩევაა თუ მითითება გავაკეთოთ სიყვარულით. უსიყვარულოდ ლოცვას სარგებელი არა აქვს, რჩევა წყენას გვრის, მითითებას კი ზიანი მოაქვს და სხვა ადამიანს ანგრევს, რომელიც გრძნობს გვიყვარს ჩვენ ის თუ არა, და რეაქციაც შესაბამისი აქვს. სიყვარული, სიყვარული, სიყვარული! მოყვასისადმი სიყვარული ჩვენ უფლის სიყვარულისთვის გვამზადებს. განა ეს მშვენიერი არ არის?
დაუნაწილოთ ყველას უანგაროდ ჩვენი სიყვარული და არ მივაქციოთ ყურადღება მათ ჩვენდამი დამოკიდებულებას. როცა ჩვენში მადლი შემოვა ჩვენთვის სულერთი იქნება უყვარვართ ჩვენ თუ არა, ვაინტერესებთ ვინმეს თუ არა. ჩვენ შეგვიპყრობს მხოლოდ დაუზლეველი სურვილი გვიყვარდეს ყველა. ეს ეგოიზმია, როცა გვინდა, რომ მოწიწებით გველაპარაკებოდნენ. ნუ გაგვაწბილებს სხვების უხეშობა. დე გველაპარაკონ საკუთარი გრძნობის შესაბამისად. ნუ ვიმათხოვრებთ სიყვარულს. ჩვენი მისწრაფება მოლოდ ის უნდა იყოს, რომ გვიყვარდეს ისინი და ვილოცოთ მათთვის მთელი სულით. მაშინ ჩვენ შევამჩნევთ, რომ ადამიანებს ჩვენი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ყოველგვარი ჩვენი თხოვნის გარეშე უყვარვართ. ისინი ჩვენ შეგვიყვარებენ თავისუფლად და გულწრფელად, მთელი გულით ჩვენი მხრიდან ყოველგვარი დაძალების გარეშე. როცა ჩვენ გვიყვარს და არ ვესწრაფით, რომ ჩვენც უყვარდეთ, მაშინ, ყველანი ჩვენს ირგვლივ იკრიბებიან, როგორც ფუტკრები. და ეს მოქმედებს ყველასთვის.

თუკი შენი ძმა რაღაცით გაღიზიანებს, მაშინ შენთვის გაიფიქრე: “თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას მარგიხართო”. (1კორ. 12,21). მაგრამ არასოდეს დაუშვათ, რომ ამისთვის ჯილდოს მოვიპოვებთ, ან დავისჯებით ჩვენს მიერ ჩადენილი ბოროტებისთვის. როცა ქრისტესმიერი სიყვარულით გიყვარს, მაშინ შეიცნობ ჭეშმარიტებას. მაშინ არ ეძებ რომ სხვებმა შეგიყვარონ. ეს ბოროტებაა., შენ გიყვარს, შენ ჩუქნი შენს სიყვარულს. ესაა სწორი. ცხონება ჩვენზეა დამოკიდებული. ასე სურს უფალს. როგორც ამბობს წმიდა წერილი: ღმერთს “ნებავს, რომ ყველა კაცი გადარჩეს და ეზიაროს ჭეშმარიტების შემეცნებას.” (1 ტიმ. 2,4).

როცა ვინმე რაიმენაირად გვაწყენინებს, ან გაგვლანძღავს ან ცილს გვწამებს, ვიფიქროთ, რომ ჩვენს ძმას მტერი დაეუფლა, რომ ის მტრის მსხვერპლი გახდა. ამიტომ ჩვენ მას უნდა ვუთანაგრძნოთ და ღმერთს ვევედროთ, რომ მან შეგვიწყალოს ჩვენც და ისიც. და ღმერთი ორივეს შეგვეწევა. მაგრამ ჩვენ თუ მასზე გავბრაზდებით, მაშინ ადამის მტერი მისგან ჩვენზე გადმოხტება და ორივეს გვათამაშებს როგორც უნდა. სხვების განმკითხველს არ უყვარს ქრისტე. ამის მიზეზი ეგოიზმია. მისგან იწყება განკითხვა. ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ:
ვთქვათ ადამიანი მარტოა უდაბნოში. არავინ არ არის. უეცრად მას ესმის, რომ შორიახლო ვიღაცა ტირის და ყვირის. ის მირბის ხმაზე და ხედავს საშინელ სცენას: ვეფხვი დაძგერებია ადამიანს და მას შუაზე გაფლეთა ლამობს, წუთი და ვეფხვი საბოლოოდ დაგლეჯს საწყალ ადამიანს. რა უნდა ქნას ამ სცენის შემხედვარე ადამიანმა? როგორ უშველოს?: ახლოს მივიდეს? როგორ? ეს შეუძლებელია. დაუძახოს საშველად? ვის? ირგვლის არავინ არის. იქნებ ჯობია აიღოს ქვა და თავში ესროლოს იმ კაცს, რომ მალე მოკვდეს? „რა თქმა უნდა არა“ – ვიტყვით ჩვენ. მაგრამ ზუსტად ამას ვაკეთებთ მაშინ ,როცა არ გვესმის, რომ ადამიანი, რომელმაც ჩვენ გვაწყენინა სატანის, ვეფხვის კლანჭებშია. ჩვენ თუ მის მდგომარეობას და ქცევას სიყვარულის გარეშე შევაფასებთ, ეს იგივეა, რომ მას ქვა ჩავარტყათ თავში. რითაც მას უდიდეს ზიანს ვაყენებთ და უფრო მეტიც, ვეფხვი ახლა ჩვენ შემოგვახტება და დაგვიწყებს დაგლეჯას. აქ არ არის სიყვარული არც მოყვასისადმი და მით უმეტეს ღვთისადმი.
ჩვენ სხვა ადამიანის ბოროტება უნდა აღვიქვათ როგორც ავადმყოფობა, რომელიც მას აწვალებს. ის იტანჯება და აღარ ძალუძს მისგან განთავისუფლება. ამიტომ უთანაგრძნოთ ჩვენს ძმებს და დებს, მივმართოთ მათ ზრდილობიანად და თან ჩვენს გულში ვიმეოროთ: უფალო, იესო ქრისტე, შეგვიწყალე ჩვენ. – რათა უფალმა განამტკიცოს ჩვენი სული ღვთიური მადლით, რომ ჩვენ არ ჩავვარდეთ განკითხვის ცოდვაში. ყველაში წმინდანი უნდა დავინახოთ. ყველა ვატარებთ ჩვენში ძველ ადამიანს. მოყვასი როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი სისხლი და ხორცია და უნდა გვიყვარდეს “ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი – ეკლესიას”.(ეფ. 5, 29).
როცა ადამიანი რაიმე ვნებითაა შეპყრობილი გადავაფრქვიოთ მასზე სიყვარულისა და გულმოწყალების სხივები, რომ ის გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან და განთავისუფლდეს. ეს მხოლოდ ღვთის მადლით ხდება. იფიქრეთ, რომ ის თქვენზე უფრო იტანჯება. მონასტერში თუ ვინმემ რაიმე დააშავა არ ვუთხრათ მას რომ დამნაშავეა. მოვეპყრათ მას ყურადღებით და პატივისცემით და ვილოცოთ მისთვის. როცა ჩვენ ვითმენთ ჩვენი ძმისგან მიყენებულ ბოროტებას ეს ჩვენ მოწამეობად ჩაგვეთვლება. გავაკეთოთ ეს სიხარულით.
ქრისტიანი კეთილშობილია. მოდით წყენათა დათმენა ვარჩიოთ სხვების წყენინებას. როცა ჩვენში მოვა სიკეთე და სიყვარული, მაშინ ყველა წყენა დაგვავიწყდება. აქ საიდუმლოებაა დამარხული. როცა ბოროტება შორიდან მოდის, თქვენ მას გვერდს ვერ აუვლით. დიდ ხელოვნებაა წინასწარგანსჭვრიტო ბოროტება. თუნდაც ხედავდეთ ბოროტებას, ღვთის მადლით ის მაინც არ იმოქმედებს თქვენზე.
სულიწმიდის მადლში მყოფი ადამიანისთვის ყველაფერი სხვანაირია, მასში ის სხვა ადამიანების ყველა საქციელს ამართლებს. ყველას! როგორც უკვე ვთქვით, ქრისტეს “თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც”. (მთ. 5,45). “დამნაშავე ვარ მხოლოდ მე, თუნდაც ფაქტები ამხელდნენ სხვებს. ბოლოსდაბოლოს მეც ხომ ვარ რაღაცაში დამნაშავე, ამიტომ ჩემს უვარგისობაზე ფიქრი მირჩევნია სხვების განკითხვას“. – ასეთი განსჯა გქონდეთ სულ მუდამ. ჩაუღრმავდით ნებისმიერ საგანს, ნუ იქნებით ზედაპირულები. თუ არ მივბაძავთ ქრისტეს და არ მოვითმენთ, როცა უსამართლოდ ვიჩაგრებით, მაშინ დავიტანჯებით მუდამ. მთელი საიდუმლოება იმაშია, რომ სხვადასხვა სიტუაცია სულიერად აღვიქვათ. მსგავს რამეს წერს ღირსი სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: „ჩვენ მართმორწმუნენი ჩვენს ყოველ თანამოძმეს, როგორც ქრისტეს ისე უნდა უყურებდეთ და ყოველი ისეთი სიყვარულით უნდა გვიყვარდეს რომ მზად უნდა ვიყოთ მისთვის სული და სიცოცხლე გავწიროთ. არასოდეს არ უნდა დაუშვათ აზრიც კი, რომ ის ბოროტია, არამედ ყოველი უნდა აღვიქვათ კეთილად. როცა დაინახავ ვინმეს ვნებით შეპყრობილს შეიძულე ვნება და არა ის ადამიანი. შენი გზასაცდენილი ძმა კი პირიქით შეიბრალე, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში, რამეთუ, ყველა ხორციელნი ვართ და არავინ იცის როდის შებრუნდება ჩვენში კეთილი ბოროტისკენ.“ მოყვასის სიყვარული ჩვენ უფლისადმი დიდი სიყვარულისთვის გვამზადებს. ასე რომ ღვთის სიყვარულის საიდუმლო მოყვასისადმი სიყვარულში მდგომარეობს. “ვინაიდან თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი სძულს ცრუა, ვინაიდან თუ თავისი ძმა არ უყვარს, რომელსაც ხედავს როგორღა შეიყვარებს ღმერთს რომელსაც ვერ ხედავს?” (1იოან. 4,20).

Print Friendly

Comments are closed.