ღვთიური სიყვარულის შესახებ

profiriწმიდა მამა პორფირი კავსოკალიველი

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი

თავად ქრისტეა ჩვენი უსაზღვრო სიყვარული, სიხარული, აბსოლუტური ბედნიერება, ჭეშმარიტი ნათელი, იმედი. . . ადამიანის სურვილი მოიპოვოს ეს ყველაფერი, სინამდვილეში ღვთიურობასთან, ქრისტესთან ზიარების წყურვილი და მოშურნეობაა. ქრისტესმიერი სიყვარული განუყოფელი, განუსაზღვრელი და ისეთი სიხარულის მომნიჭებელია, რომელიც ადამიანს სრულიად ცვლის, ასხვაფერებს. გიჟური სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეშია შესაძლებელი! ის სუფთა, გაუზავებელი სულიერი ღვინოა, რომელიც ათრობს. ბიბლიური დავითი ამბობს: “განაპოხე ზეთითა თავი ჩემი და სასუმელმან შენმან დამათრო მე ვითარცა ურწყულმან” (ფს. 22, 5). სულიერი ღვინო სუფთაა, მინარევებს არ შეიცავს და ძალიან მაგარია. როცა მას სვამ, თვრები. ღვთიური თრობა – ეს უფლის საჩუქარია, რომელიც გულით წმიდათ ეძლევათ (მთ. 5, 8).
იმდენი იმარხულეთ, რამდენიც შეგიძლიათ; იმდენი მეტანია გააკეთეთ და იმდენი ღამე ათიეთ, რამდენის ძალა შეგწევთ; ოღონდ მუდამ მხიარულნი იყავით, გქონდეთ ქრისტესმიერი სიმხნევე, რომელიც მარადისობის ზეიმია და საუკუნეების განმავლობაში არ განელდება, რადგან უფლისმიერია, გვიძღვნის იმედიან სიმშვიდეს, წყნარ სიტკბოებასა და ნეტარებას. ეს სიხარულთა სიხარულია, ყოველგვარ სიხარულს აღემატება. ქრისტე აფრქვევს სიხარულს, რათა მორწმუნენი გაამდიდროს ამით: “რათა სიხარული თქუენი სავსებით იყოს” (იოან. 16.24). აი, ჩვენი რელიგია! აი ის, რასაც უნდა ვესწრაფოთ!

რა არის სამოთხე? ეს ქრისტეა! ქრისტე და სამოთხე აბსოლუტურად ერთი და იგივეა, ჩემო შვილებო.. ვინც აქ, ამ მიწაზე ქრისტეში ცხოვრობს, სამოთხეში ცხოვრობს. სამოთხე აქედან იწყება. მერწმუნეთ, ზუსტად ასეა, როგორც გეუბნებით, ჭეშმარიტად ასეა! ჩვენი ამოცანაა ვეცადოთ, ქრისტეს ნათელში შევიდეთ, რაც არ არის დამოკიდებული მხოლოდ კანონების აღსრულებაზე, არამედ აუცილებელია ქრისტეში გაერთიანება, რათა სულმა გამოიღვიძოს, განიწმინდოს და ღვთიურ სიყვარულს შეერწყას. მაშინ ღმერთიც შეგვიყვარებს და სიხარული ჩვენგან სამარადისოდ განუყოფელი იქნება. ქრისტეს სურს აგვავსოს თავისი თავით, ანუ სიხარულით, რამეთუ თავად არის სიხარული. სიხარული ქრისტეს ნიჭია, საჩუქარია და მის შეცნობაში გვეხმარება. ეს კი მანამ არ ძალგვიძს, სანამ თავად ღმერთი არ ინებებს. ამაზე კარგად ამბობს მეფსალმუნე: “თუ უფალი არ ააშენებს სახლს, ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები; თუ უფალი არ დაიცავს ქალაქს, ამაოდ ფხიზლობს გუშაგი” (ფს. 126, 1). აი, რისი მოპოვება სურს ჩვენს სულს. ეს ძნელი არ არის, თუკი შესაბამისად მოვემზადებით, მადლს მივიღებთ და ყველაფერი გაიოლდება, ყველაფერი სიხარულად იქცევა და კურთხევით აღსრულდება. ღვთიური მადლი განუწყვეტლივ აკაკუნებს ჩვენი სულის კარებზე და ელოდება როდის გავუღებთ, რომ შემოვიდეს ჩვენს მწყურვალ გულში და შეავსოს იგი. სისავსე – ქრისტეა, ღვთისმშობელია, წმიდა სამებაა. ო, რა დიადია ეს ყველაფერი! როცა შეყვარებული ხარ, შეიძლება ომონიის მოედანზე ცხოვრობდე და ვერც შენიშნო სად ხარ, ვერ შეამჩნიო ვერც ადამიანები და ვერც მანქანები. შენს თვითკმარ სამყაროში იმყოფები შენს საყვარელთან ერთად, მხოლოდ მისით ცოცხლობ, მისით ხარობ, ის არის შენი აღმაფრენის ერთადერთი მიზეზი. განა ასე არ არის? ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვინც თქვენ გიყვართ – ქრისტეა. ისაა შენს გონებაში, შენს გულში, მთელ შენს არსებაში, ყველგან. ქრისტე – სიცოცხლეა, სიხარულია, ჭეშმარიტი ნათელია, ყველაფერის წყარო და თავად არის. სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს ის, ვისაც უყვარს ქრისტე და ადამიანები. ქრისტეს გარეშე სიცოცხლე – სიკვდილია, სწორედ რომ ჯოჯოხეთია! როცა სიყვარული არ არის, ცხოვრებაც არ არის, რადგან სიცოცხლე – ქრისტეა. ქრისტესმიერი სიცოცხლე კი სიყვარულია. შენ, შენივე არჩევანის მიხედვით, ან ამ სიცოცხლეში იმყოფები, ან სიკვდილში. ერთი მიზანი უნდა გვქონდეს – ქრისტეს, ეკლესიისა და მოყვასისადმი სიყვარული.სიყვარული ეს სიტკბოებაა ქრისტეში, ღვთისმსახურება და ეკლესიაში გაერთიანებაა. ესაა სამოთხე დედამიწაზე. ქრისტიანს გამოარჩევს ის, რომ მას გული შესტკივა ყველაზე, ყველას ცხონება და ცათა სასუფეველში ხილვა სურს. ქრისტესმიერი სიყვარული ნებისმიერი ადამიანის, თვით მტრების სიყვარულია, მოყვასის შეყვარებით ღვთისადმი სიყვარულის მოპოვებაა. ღვთიური მადლი მოდის მხოლოდ მოყვასზე გავლით. როცა ის გვიყვარს, გვიყვარს ეკლესია, (რომლის განუყოფელი ნაწილი ვართ), საკუთარი თავი და შესაბამისად – ქრისტე.

ქრისტე – ჩვენი ერთადერთი იმედი და საზრუნავი! გვიყვარდეს და გვსურდეს არა საკუთარი თავი, არამედ მხოლოდ ის. დე, მან დაგვაყენოს იქ, სადაც თვითონ სურს! ის მოგვცეს, რისი მოცემაც თვითონ უნდა! გვიყვარდეს ქრისტე არა მარტო მისმიერი წყალობისა და საჩუქრებისთვის! თუ იგი იმიტომ გვიყვარს, რომ საუკეთესო ბინას შეგვპირდა ცათა სასუფეველში, ეს არ იქნება ქრისტესმიერი სიყვარულის გამოვლინება. უფლის მოძღვრების აღსასრულებლად მუდამ ასეთი აზრით ვიცხოვროთ: „ღმერთო ჩემო, დე იყოს ისე, როგორც შენ ისურვებ, ოღონდ შენს სიყვარულში ვიცხოვრო!”
რა უნდა გითხრათ მე ცოდვილმა, ძალიან უმწეო ვარ! ვერ მოვიპოვე ქრისტეს დიადი სიყვარული, ვერ მივიღე საკმარისი გამოცდილება, რომ ჩემი სული მისი მონატრებით დატანჯულიყო. ვგრძნობ, რომ ძალიან შორს ვარ ამისგან. ვგრძნობ, ვერ მივაღწიე, რასაც ვესწრაფვოდი, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ვვარდები. მთლიანად ვენდობი უფლის სიყვარულს და გამუდმებით ვეუბნები ქრისტე-ღმერთს: „ვიცი, რომ უღირსი ვარ, ამიტომ გამაგზავნე იქ, სადაც ისურვებს შენი სიყვარული. ეს უნდა ჩემს სულს. მთელი ცხოვრება შენ გემსახურებოდი. როცა ავადმყოფი სიკვდილის პირას ვიყავი, არ მინდოდა ცოდვების გახსენება, მხოლოდ შენზე ვფიქრობდი, ჩემს ქრისტეს ველოლიავებოდი, მარადიულ ცხოვრებას წარმოვიდგენდი. არ მქონდა არავითარი შიში, მხოლოდ შენთან შეხვედრა, შენი მადლისა და სიყვარულის აღქმა მინდოდა. და აი, ახლაც, როცა ჩემი სიცოცხლის დასასრული მოახლოვდა, არც ახლა მაქვს შიში და დარდი, მხოლოდ ერთზე ვფიქრობ: როცა წარვსდგები შენ წინაშე და მეტყვი: „მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწილო ტანისამოსის გარეშე?„ თავს დაგიხრი და გეტყვი: „რაც შენ გსურს, აღსრულდეს, უფალო ჩემო, რაც შენს სიყვარულს სურს, დე ის მოხდეს! მე ჯოჯოხეთის ღირსი ვარ და თუ მართლა ჯოჯოხეთში გამგზავნი, იყოს ნება შენი! მე მხოლოდ ერთი მსურს და ერთს ვესწრაფვი: შენთან ყოფნა მინდა!”
მე ვცდილობ თავი ღვთის სიყვარულსა და მსხურებას მივუძღვნა, ვგრძნობ ჩემს ცოდვილ ბუნებას, მაგრამ მაინც იმედიანად ვარ. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა არ შეიძლება, რადგან განსაცდელის დროს უიმედობა სრულიად გვაცლის ნებისყოფასა და ძალას. იმედიანად მყოფი წინ მიიწევს, რამეთუ გრძნობს საკუთარ უბადრუკობას და გამდიდრებას ესწრაფვის. რას აკეთებს ღატაკი? თუ ის გონიერია, ეძებს გამდიდრების საშუალებებს! მიუხედავად იმისა, ვგრძნობ, არა ვარ ღირსი მოვიპოვო ის, რას ყველაზე მეტად მსურს, მაინც არ ვკარგავ იმედს, უკვე ისიც ნუგეშს მგვრის, რომ ხელები არა მაქვს ჩამოშვებული და ცდას ცდას ვამატებ. თუმცა მაინც არ გამომდის, როგორც მინდა! ილოცეთ ჩემთვის! საქმის არსი იმაშია, რომ ქრისტეს სრულყოფილი შეყვარება შეუძლებელია მისი მადლის გარეშე. მან ჩემს გულში თვითონ უნდა იპოვოს ‘’რაღაც’’ ყურადღების ღირსი, რომ იქ მისმა სიყვარულმა დაივანოს. ეტყობა, ეს ‘’რაღაც’’ მაკლია მე, ამიტომ ვევედრები უფალს: ” სრულიად უმწეო ვარ, უფალო ჩემო, მხოლოდ შენ ერთს შენი მადლით შეგიძლია მაჩუქო სიყვარული, როგორც მოციქულ პავლეს, რომ მასავით ვთქვა: “მე კი აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში” (გალატ. 2,20) მე ასე ვიქცევი განუწყვეტლად, გამუდმებით ვეძებ მიზეზებს, რათა უფალი შევიყვარო. მისდამი სიყვარული გაუმაძღარია. რაც უფრო გიყვარს ქრისტე, მით უფრო დაუკმაყოფილებელი ხარ, მით მეტად გწყურია იგი და ვერც კი ამჩნევ, როგორ ადიხარ მაღლა და მაღლა. როცა ქრისტეს მოიპოვებ, სრულიად დაკმაყოფილდები, მეტი აღარაფერი გინდა, მშვიდდები და სხვა ადამიანი ხდები. შენ ყველგან ცოცხლობ, სადაც ქრისტეა. ცხოვრობ ვარსკვლავთა შორის, უსასრულო სამყაროში, ზეცაში ანგელოზებთან და წმიდანებთან, მიწაზე ადამიანებთან, მცენარეებთან და ცხოველებთან – ყველაფერთან ერთად, რითაც აღსავსეა სამყარო. სადაც ქრისტესადმი სიყვარული იბადება, იქ ქრება მარტოობა. მაშინ ხდები გაწონასწორებული, სიხარულით აღსავსე. არავითარი დარდი, ავადმყოფობა, სტრესი, მჭმუნვარება, შიში და სხვა რამ, არ შეგაწუხებს.

როცა ჩვენი ფიქრებისა და საქმის საზრისი ქრისტე გახდება, მოთმინების მადლი გვეწვევა და მისთვის არათუ ადვილად გადავიტანთ უსამართლოდ დასჯას, სიხარულსაც ვიგრძნობთ. ქრისტე უსამართლოდ დაიტანჯა და არც ჩვენ აგვცდება ეს ხვედრი, მაგრამ მის სიყვარულში ნებისმიერი ტანჯვა ნეტარების კარიბჭეა. განა ქრისტე იმისთვის ავირჩიეთ, რომ ტანჯვა აგვეცილებინა? რას ამბობს მოციქული პავლე? „ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია“ (კოლოს. 1,24).
აი ჩვენი რელიგიის არსი: სულმა გამოიღვიძოს, შეიყვაროს ქრისტე, განიწმიდოს და მთლიანად ღვთიურ სიყვარულად იქცეს. მაშინ ის უფალში გაერთიანდება. როცა ქრისტე გულში შემოდის, ჩვენი ცხოვრება სრულიად იცვლება. ქრისტე ყველაფერია. ვის გულშიც ის ცხოვრობს, მთელ სამყაროს სათუთად აღიქვამს და ყოველი მოვლენა აღუწერელ სიყვარულად ვლინდება მის გულში. ასეთი ადამიანი გაუნელებელ სიხარულში ცხოვრობს. ეს სიმართლეა! ამას ადასტურებს ათონის წმიდა მთის ურიცხვი მოსაგრე. ამ სიხარულში ისინი განუწყვეტლივ ჩურჩულებენ უწყვეტ ლოცვას: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. როცა ქრისტე გულში შემოდის, ვნებები ქრება. უკვე არ შეგიძლია სიძულვილი, შურისძიება, გინება, განკითხვა, რადგან აშკარად გძნობ, რომ ყველა და ყველაფერი შენი ღვიძლი ნაწილია ქრისტეში. როცა გულში მეფობს ქრისტე და მარადიული ნათელი, როგორ დაივანებს მის გვერდით სიძულვილი, ანტიპათია, განსჯა, ეგოიზმი, დარდი და სტრესი?
ქრისტესმიერი სიყვარული ჩვენში აღძრავს იმის რეალურ შეგრძნებას, რომ გარდაცვალება მხოლოდ ხიდია, რომელსაც გარკვეულ მომენტში გადავალთ, რათა ქრისტეში მარადიული სიცოცხლე განვაგრძოთ. აქ, ამ მიწაზე, თუ ამას რწმენის ძალით ვგრძნობთ, გარდაცვალების მერე რწმენა ქრისტეს რეალური ხედვით შეიცვლება და ის გამოგვეცხადება, როგორც მზე. მარადისობაში, რა თქმა უნდა, ეს შეგრძნება შეუდარებად უფრო მძაფრი იქნება.
მაგრამ თუ ქრისტეში არ ვცოცხლობთ, ჩვენი ცხოვრება დაუსრულებელ დარდად, წუხილად, სტრესად და სულიერ შევიწროებად იქცევა იმიტომ, რომ ეს არასწორი ცხოვრებაა. მაშინ თვით ორგანიზმშიც ბევრი ანომალია ჩნდება, რაც მის ფუნქციონირებაზე მოქმედებს, ანელებს, აფერხებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებისა და სხვა ორგანოების მოქმედების ეფექტურობას. გვეუბნებიან: “ჯანმრთელი რომ იყო, დილით დალიე რძე, შეჭამე კვერცხი და კარაქიანი პური“. მაგრამ თუ შენ ქრისტეს სიყვარულით ცხოვრობ, ცალი ფორთოხლითა და ვაშლითაც იოლად გახვალ. საუკეთესო წამალია გადადო თავი ქრისტეს თავდადებული სიყვარულისთვის, მაშინ ყველაფერი ჯანსაღი ხდება და ყველაფერი ნორმალურად მუშაობს. ღვთის სიყვარული ყველაფერს ასხვაფერებს, სასიკეთოდ გარდაქმნის, განწმენდს, ასწორებს. ჩვენი სული უდიდეს ნუგეშს იგრძნობს, თუ ღმერთს შეუერთდება. მაშინ ჩვენი გონება და გული ყოველდღიური უბრალო პრობლემებიდან და ცხოვრებისეული წვრილმანებიდან სულიერ საკითხებამდე ამაღლდება, იცოცხლებს სულიერ სამყაროში და ეს ნეტარებას მიანიჭებს ჩვენს სულს, რადგან მას მხოლოდ ეს სწყურია. ამ დროს სულაც არ ხარ სხვა ადამიანებისადმი გულგრილი, პირიქით, მთელი გულით გინდა, რომ ყველამ განიცადოს იგივე სიხარული, ცხონდეს და ყოვლადწმიდა ეკლესიაში გაერთიანდეს.
ქრისტე უმაღლესი მისწრაფებაა, რომლის ზემოთ არაფერია. ყველაფერი გრძნობიერი მოსაბეზრებელია, ღმერთი კი – არა, რადგან მხოლოდ ის არის სრულყოფილი. ვერანაირი სიხარული და სილამაზე ვერ შეედრება მას. რა შეიძლება იყოს უზენაესზე ამაღლებული? ქრისტესადმი სიყვარული სრულიად სხვაა, უსაზღვრო და უსასრულოა. ის სიცოცხლის წყაროა, ცხოვრების ძალის, ჯანმრთელობის მომცემია, მომცემია, მომცემია… მაგრამ რაც უფრო მეტს იღებს ადამიანი, მეტად სურს იგი. მიწიერმა სიყვარულმა იცის მოყირჭება, შეუძლია გარყვნას ადამიანი, გონება დააკარგვინოს. მას თან სდევს ეჭვი, კამათი, მკვლელობაც კი, შეიძლება სიძულვილშიც გადაიზარდოს. ქრისტესადმი სიყვარული კი დაურწყულებელია, მხოლოდ იზრდება და იზრდება. მიწიერი სიყვარული სასრულია და ნელ-ნელა ქრება, ღვთიური სიყვარული ღრმავდება და ღრმავდება. მიწიერმა სიყვარულმა, შესაძლოა, ადამიანი სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს, ღვთიურ სიყვრულს კი ცაში ავყავართ, გვჩუქნის სიმშვიდეს, სიხარულსა და სისავსეს. ყველა სხვა სიამოვნება დამღლელია, ამ სიყვარულით კი ვერ გაძღები, მოუწყინებელი, მოუყირჭებელი უმაღლესი სათნოებაა და არასოდეს დაგთრგუნავს.

თუ სული მთლიანად გაერთიანდება ქრისტეში, ქრისტესმიერი სიყვარულით კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ მიაღწევს. მანამდე კი განუწყვეტლივ ისწრაფვის, ერთადერთი სურვილი და სიხარული ამოძრავებს, უყვარს, უყვარს, და რაც უფრო უყვარს, მით უფრო გრძნობს, რომ მეტად უნდა უყვარდეს. განიცდის, რომ ჯერჯერობით ვერ აღვსებულა, ჯერაც ვერ მიუღწევია უდიადეს მიზნამდე – ქრისტემდე. მუდამ მარხვაშია, განუწყვეტლივ ლოცულობს, მეტანიებს აკეთებს, მაგრამ მაინც ვერ კმაყოფილდება. ამით ცოცხლობს და ვერ ხვდება, რომ ის უკვე ამ სიყვარულშია. სწორედ ეს ლტოლვა და სიყვარული სწყურია ყველა მოსაგრეს. ისინი ამ ღვთიური ბადაგით არიან მთვრალი. ამ სიმთვრალეში, მართალია, სხეული ცვდება და კვდება, მაგრამ სული იფურჩქნება და განახლდება. სული ღვთიურ სიყვარულში ისე აღმოჩნდება, ვერც იგრძნობს, რომ უკვე შეივსო იმით, რასაც ასე ესწრაფვოდა.
ჩვენი ეკლესიის გალობანი და ტროპარები სავსეა ღვთიური სიყვარულის გამომხატველი წმიდა სიტყვებით, შეაგროვეთ ისინი! ქრისტეს სიყვარულით დაკმაყოფილება შეუძლებელია. რაც უფრო მეტად გიყვარს იგი, მეტად ცდილობ შეიყვარო და თანდათან შენი სული სრულიად ივსება სიხარულით. ღვთიური სიყვარული არის სათნოებათა სრულყოფილება, რომელიც აბსოლუტურია. როცა ჩვენი სული ამ სიყვარულით ”დაავადდება”, მას ღვთიური ლტოლვა მოიცავს და ხორცის მგრძნობიარობა თანდათან ქრება. ღვთიური ლტოლვა ყოველგვარ ტანჯვას ამარცხებს და წმინდა სიყვარულად გადააქცევს. შეიყვარეთ ქრისტე და ის შეგიყვარებთ თქვენ. მაშინ ყველა ტანჯვა გაქრება, დამარცხდება და გარდაიქმნება, ყველაფერი ქრისტედ და სამოთხედ გარდაისახება.
მაგრამ ჯერ უნდა მოვკვდეთ სოფლისთვის და ვიყოთ ვითარცა მკვდარი, რათა ნამდვილად სამოთხეში ვიცოცხლოთ. თუკი ჩვენში ძველი ადამი არ მოკვდება, არაფერი შეიცვლება. დავბეჭდოთ ჩვენი გული ქრისტესმიერი სიყვარულით, რათა შევუერთდეთ მას. ამას ითხოვს ჩვენგან უფალი, არა თავისთვის, არა ეგოისტურად, არამედ ისევ ჩვენთვის, რათა გვაჩუქოს ყველა სიხარული და ბედნიერება.
პოეტს (ლაპარაკია წმიდანის საყვარელ პოეტ ვერიტისზე – მთარგმნ.) ეღირსა ღვთიური სიყვარულის საიდუმლოების შეცნობა, მან შეიყვარა ქრისტე და ქრისტემაც შეიყვარა ის. ეს არც ისე ძნელია, პირიქით, ძალიან ადვილია, ყველაფერი დამოკიდებულია ცხოვრების წესსა და შინაგან მზადყოფნაზე. ამისთვის მართლმადიდებლური სულია საჭირო.
ამ სიყვარულისთვის, ღვთიური მოშურნეობისთვის და აღმაფრენისთვის თვით მოწამეობრივი სიკვდილისთვისაც მზად ხარ, თავს მსხვერპლად სწირავ დაუფიქრებლად და ყოველგვარი შიშის გარეშე. ამ სიყვარულის გამო გარბიხარ შორს – უდაბნოსა და გამოქვაბულში. ასეთი ღვთიური სიგიჟით იყო შეპყრობილი იოანე კალივიტი, რომელმაც თავისი აღმაფრენა მეც გადამდო. ამ სიგიჟით იყვნენ შეპყრობილი წმიდანები და მოწამეები, ამიტომაც არაფერს უშინდებოდნენ: მოწამეობრივ სიკვდილს სიხარულით ეგებებოდნენ. ვისაც ნაკლებად უყვარს, ნაკლებს გასცემს, ვისაც მეტად უყვარს – მეტს, ხოლო ვისაც ძალიან უყვარს, ის გასცემს საკუთარ თავს!
როცა ქრისტეში მთელი გულით ხარ გაერთიანებული, მაშინ ყოველგვარი უმწეობის მიუხედავად, მაინც გაქვს რეალური შეგრძნება, რომ სიკვდილი გადალახე. ამიტომ უნდა ვიგრძნოთ, რომ ქრისტე ჩვენი ერთადერთი უღალატო მეგობარია. ის ამას თავად გვეუბნება: “თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ” (იოან. 15,14), მაშ მოდით, შევხედოთ მას, როგორც მეგობარს და ასე მივუახლოვდეთ. დავეცით? შევცოდეთ? მივმართოთ მას სიყვარულითა და ნდობით, არა მონურად, დასჯის შიშით, არამედ კეთილგონივრული კადნიერებით, როგორც მეგობარს ვუთხრათ: “უფალო, შევცდი, დავეცი, მომიტევე!” ამასთან შევიგრძნოთ, რომ მას ვუყვარვართ, დიდი სინაზით გვეფერება და გვპატიობს ცოდვებს. ნუ დაგვაშორებს ქრისტესგან ცოდვა. თუ ჩვენ გვწამს, რომ მას ვუყვარვართ და ჩვენც გვიყვარს, არ ვიგრძნობთ თავს მისგან დაშორებულად მაშინაც კი, როცა ვცოდავთ. თუ დარწმუნებულნი ვართ მის სიყვარულში, რამდენჯერაც არ უნდა დავეცეთ, გვწამს, რომ მისი სიყვარული ისევ წამოგვაყენებს, მაშინ არც იმის შიში გვაქვს, რომ ოდესმე მისი სიყვარულის ღირსი აღარ ვიქნებით. როგორც მოციქული პავლე ამბობს: „რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: იწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? (რომ. 8, 35; 38-39). ეს სულის უზენაესი და ერთადერთ კავშირია ღმერთთან, რომლის დარღვევა არაფერს ძალუძს, რომელსაც არაფერი არ აშინებს, არაფერი არყევს.
რა თქმა უნდა, სიმბოლურია სახარების ცნობა ცოდვილზე, რომელიც მოხვდება სადაც “იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი” (მთ. 8, 12; 13, 42) რადგან ღმერთს ჩამოშორებული ადამიანი სწორედ ასე გრძნობს თავს. წმიდა მამებიც ხშირად საუბრობენ ჯოჯოხეთზე და გვირჩევენ: “გვქონდეს სიკვდილის განუწყვეტელი შიში”. ადამიანს ცოდვის ასაცილებლად და მასზე ასამაღლებლად სჭირდება სიკვდილის, ჯოჯოხეთისა და სატანის შიში, მაგრამ ყველაფერს თავისი აზრი, დრო და ადგილი აქვს. შიშის ქონა კარგია პირველი ნაბიჯების გადადგმისას, დამწყებთათვის, რომლთა არსებაში ჯერ კიდევ ცოცხლობს ძველი ადამი და ბოროტებას მხოლოდ შიშით შორდება. ამიტომ შიში აუცილებელია, სანამ მატერიით დამძიმებული არარრაობანი ვართ. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპი, ღმერთთან თანამყოფობის დაბალი საფეხურია. ეს ერთგვარი შეთანხმებაა ჯოჯოხეთის ასაცილებლად და სამოთხეში მოსახვედრად და მას ღმერთსა და კაცს შორის მიკერძოებითი დამოკიდებულების ელფერი დაჰკრავს. მე ასეთი მეთოდი არ მომწონს.
როცა ადამიანი ღვთიურ სიყვარულს ეზიარება, შიში აღარ სჭირდება, ყველაფერს მხოლოდ სიყვარული აკეთებინებს, ეს კი გაცილებით ფასეულია, ვიდრე როცა ადამიანი სათნო ხდება შიშის გავლენით. უფრო მეტიც, სახარება პირდაპირ გვეუბნება, ჭეშმარიტად გვამცნობს, რომ ქრისტე – ეს სიხარული და სამოთხეა. აი, როგორ გვიხსნის ამას მოციქული იოანე: “სიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა, ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში”. (1 იოან. 4, 18). ადამიანი სულიერ ზრდასთან ერთად თანდათან კარგავს შიშის გრძნობას და მოიპოვებს ღვთიურ სიყვარულს. მაშინ უკვე აღარ არსებობს არც ჯოჯოხეთი, არც შიში, არც სიკვდილი. მაშინ ჩვენ მხოლოდ ღვთის სიყვარული გვაინტერესებს, ყველაფერს ვაკეთებთ ამ სიყვარულისთვის, როგორც სასიძო საპატარძლოსთვის. თუ ვისურვებთ მივსდიოთ ქრისტეს, ქრისტეში ცხოვრება სიხარულად გადაგვექცევა, თუნდაც მრავალი სირთულე შეგვხვდეს. როგორც მოციქული პავლე გვეუბნება: “ვხარობ ჩემი ვნებების გამო” (კოლ. 1, 24). აი ჩვენი რელიგია. ამისკენ უნდა ვისწრაფოთ. ეს არ არის ფორმალური აღმსარებლობა, არამედ ქრისტეში რეალური ცხოვრებაა. თუ მიაღწიე ამას, რაღა გინდა ადამიანს მეტი? შენ ყველაფერის მფლობელი ხარ, ქრისტეში ცხოვრობ, ხოლო ქრისტე – შენში. ამის მერე ყველაფერი ძალიან ადვილია – მორჩილებაც, თვინიერებაც და სიმშვიდეც.

***
ჩვენი ცენტრი დიდ მადლობას მოახსენებს მამა ერმოლაოსს, მისი ნაშრომებისა და თარგმანების გამოქვეყნების უფლების მოცემის გამო

საიტზე უკვე განთავსებული ბერი ერმოლაოსის მიერ ნათარგმნი წმ.პორფირე კავსოკალიველის კიდევ ორი სტატია:
ღვთის ქმნილების შესახებ

მოყვასის სიყვარულის შესახებ

 

 

Print Friendly

Comments are closed.