ლოცვის შესახებ (ნაწ. I – II)

11/06/2014
By

PorfiriyK_s ავტორი: წმიდა პორფირი კავსოკალიველი

წმიდა პორფირი კავსოკალიველი  2013 წლის 2 დეკემბერს იქნა კანონიზირებული მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის მიერ.

მთარგმნელი ბერი ერმოლაოსი

(ჩვენი ცენტრი დიდ მადლობას მოახსენებს მამა ერმოლაოსს, მისი ნაშრომებისა და თარგმანების გამოქვეყნების უფლების მოცემის გამო)

ნაწილი 1

ადამიანი ზეცაში ყველასა და ყველაფრისგან მოშორებით ეძებს მარადიულ სიხარულსა და ბედნიერებას, ცდილობს, ღმერთში აღმოაჩინოს იგი. ღმერთი – საიდუმლოებაა, ის მდუმარებაა; ის უსასრულოა; ის – ყველაფერია. სამყაროში ყოველი ადამიანი ეძებს რაღაცას, მთელი არსებით ზეცას ესწრაფვის, მისკენ არის მიმართული, თუნდაც არ ჰქონდეს ეს შეგნებული და გაცნობიერებული.
არ მოაცილოთ თქვენი აზრი და გონება უფალს. შეიყვარეთ ლოცვა – მასთან საუბარი. მოსაგრეობის აზრი ქრისტესადმი სიყვარულში, მისადმი მოშურნეობაშია. გახდით უფლის სიყვარულის ღირსნი, რათა არ დარჩეთ ბნელში. ჩართეთ ლოცვის გადამრთველი, რათა თქვენს სულში ღვთიური ნათელი აინთოს. მაშინ თქვენი არსის სიღრმეში ქრისტე გამოცხადდება, იქ, სადაც ცათა სასუფეველია: “ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია” (ლუკ. 17,21) .


ლოცვა მხოლოდ სულიწმიდით აღევლინება და ის მას ასწავლის სულს: “ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ან როგორ ვილოცოთ, მაგრამ თვით სულია ჩვენი მეოხი უთქმელი ოხვრით.” (რომ. 8, 26). სიყვარულისა და თვინიერებას გამოჩენის გარდა, არაფერია საჭირო. მუდარებითა და თხოვნით მივმართოთ უფალს, როგორც მორჩილმა შვილებმა და მაშინ იგი ჩვენს ლოცვას შეისმენს. დავდგეთ კდემამოსილებით ჯვარცმულის წინაშე და ვთხოვოთ: “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!” ამით ყველაფერი ნათქვამია. როცა ადამიანის გონება ლოცულობს, მას ღვთიური მადლი უეცრად იპყრობს. ხოლო როცა ადამიანი მადლიანი ხდება, ყველაფერს სხვა თვალით აღიქვამს. მთავარია, ქრისტეს სიყვარული ჩავაქსოვოთ ლოცვაში, ღვთის გააზრებაში, წმიდა წერილის კითხვაში. . ..
ავიღოთ მილიონი და დავანაწევროთ ნაწილებად. მხოლოდ ერთი მემილიონედი ნაწილია ადამიანის ნებისმიერი ძალისხმევა, სხვა ყველაფერს სულიწმიდა აღასრულებს. ლოცვისთვის სული ლოცვითვე უნდა მოემზადოს. ლოცვას ლოცვისთვის შეუმჩნევლად მივყავართ ლოცვით მდგომარეობამდე. ქრისტესთან ურთიერთობა, ღმერთგააზრება, კითხვა, გალობა, სანთლის ანთება, კმევა – ყველაფერი ეს შესაფერის გარემოში უნდა ხდებოდეს, რათა ყველაფერი იყოს უბრალო: “გულითა უბრალოითა” (შესაქ. 2, 46). ღვთისმსახურების ტექსტების სიყვარულით კითხვისას თავად ვერ ვამჩნევთ, როგორ ვიწმინდებით. ღვთიური სიტყვები ვგაგრძნობინებს აღმაფრენასა და სიხარულს, რომელიც ჩვენი ღვაწლის შედეგია. მცირედი, მსუბუქი და უსისხლო ძალისხმევით შევდივართ ლოცვით ატმოსფეროში, მაგრამ, ამასთანავე, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლოცვას ვერ შევძლებთ და ვერც სხვა დაგვეხმარება, სანამ თავად ღმერთი არ გვასწავლის: “უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ” (იოან. 15,5). ნურასოდეს ვიფიქრებთ: “ მე ბევრი მეტანია გავაკეთე და ახლა მადლის გადმოსვლა გარანტირებული მაქვს”, სჯობს ვთხოვოთ უფალს, გვიბოძოს ღვთიური შემეცნების უხრწნელი ნათელი, რათა მისი ღვთიური წერილის გაგება შევძლოთ. ასე ნელ-ნელა, დიდი ძალისხმევისა და მოსაგრეობის გარეშე ვიზრდებით ღვთის სიყვარულში. ის, რაც ადამიანებისთვის ძალიან ძნელია, ღვთისთვის ადვილია.
როცა ჩვენზე მადლი გადმოვა, უეცრად შევიყვარებთ უფალს და როცა ამ სიყვარულში გავძლიერდებით, ლოცვა თავისთავად იჟღერებს ჩვენში. ქრისტე განუწყვეტლივ იქნება ჩვენს გულსა და ბაგეებზე. მაგრამ ამ მდგომარეობაში დასარჩენად და მის შესანარჩუნებლად აუცილებელია ღვთიური მოშურნეობა, ცეცხლოვანი სიყვარული ქრისტესადმი, რომელიც ჩვენს გულს და გონებას უზენაესისკენ წარმართავს. მოყვარე ღმერთს უყვარს თავისი ძვირფასი შვილები, ხოლო საყვარელ შვილს სურს მოყვარე მამასთან ერთობა. ღმერთს ადამიანი უყვარს ღვთიური, სრულყოფილი სიყვარულით. ის სრულიად მიუკერძოებელია შვილებთან დამოკიდებულებაში.
ღვთისადმი უდიდესი სიყვარული მადლიერებით გამოიხატება. ჩვენ ვალდებული ვართ გვიყვარდეს, მაგრამ არა მოვალეობრივი გრძნობით, არამედ სიყვარულით, რომელიც სულის მოთხოვნილება იქნება. ხშირად ჩვენ უფალთან მივდივართ, როცა გვიჭირს ან დასაყრდენი გვჭირდება, როცა ვერაფერი ირგვლივ ვერ გვშველის და თავს სრულიად მარტო ვგრძნობთ. ღვთიური მადლი მიგვითითებს მოვალეობაზე. მის მოსაზიდად კი საჭიროა დიდი სიყვარული და წყურვილი. სიყვარულს მივყავართ ლოცვისთვის საჭირო გონებრივ და გულისმიერ განწყობამდე.
ქრისტე თავად მოვა და ჩასახლდება ჩვენს სულში, თუკი იქ იპოვის მისთვის სასურველსა და სასიამოვნო კეთილ ნებას, თვინიერებასა და სიყვარულს. ამის გარეშე შეუძლებელია ვთქვათ: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. სიყვარული და თვინიერება სულს მთლიანად მიმართავს უფლისკენ, სულს ესმის მისი ხმა, ღებულობს მისგან ძალასა და მადლს, განიცდის ფერიცვალებას, გრძნობს გულის აჩუყებას. მისი ღმერთთან ურთიერთობა ადვილი და ძალდაუტანებელია, მაგრამ თუ თვინიერება და სიყვარული ნაკლებია, ან საერთოდ არ არის, მაშინ ღმერთთან ურთიერთობა თითქმის შეუძლებელია, რამეთუ თუკი სული აღსავსეა ვნებით, სიძულვილით, მტრობით, მას ამაღლება არ შეუძლია. ლოცვის დროს, როცა ვუხმობთ: უფალო იესო ქრისტე, ის რომ სულში გამოგვეცხადოს, ჩვენი გული წმიდა უნდა იყოს, თავისუფალი ყოველგვარი დაბრკოლების, სიძულვილის, ეგოიზმისა და გაბოროტებისგან. აუცილებელია, ჩვენ ის გვიყვარდეს და მას კი – ჩვენ.
მაგრამ თუ ჩვენში თუნდაც მცირეოდენი სიავეა, უნდა მივმართოთ საიდუმლოებას. საიდუმლოება კი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი გულშემუსვრილობით მოვინანიოთ ცოდვა და სულიერ მოძღვარს ჩავაბაროთ აღსარება. ამისთვის კი, როგორც ვთქვით, საჭიროა თვინიერება. თუ ღვთის მცნებებს ვასრულებთ და სინდისის ქენჯნა არ გვაწუხებს, თუ სულში სიმშვიდეა და კეთილ საქმეებს ვაკეთებთ, მაშინ ადვილად შევდივართ ლოცვით მდგომარეობაში და მშვიდად ველოდებით მადლის მოქმედების დაწყებას.
რაც არ უნდა შეგვემთხვეს, ყოველთვის საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულოთ, მორჩილად ვილოცოთ და არ ვიმართლოთ თავი. თუ მოწინააღმდეგე მხარე მაინც გვექიშპება და გვმტრობს, ვილოცოთ მისთვის სიყვარულით, მის სიძულვილს სიყვარულით ვუპასუხოთ. თუ ჩვენზე ლანძღვა და ცრუ ბრალდება გვესმის, ისევ ვილოცოთ. იცოდეთ, “ გუგუნი დრტვინვისა არ დაიფარება.” (სიბრძნ. 1, 10). მოყვასზე მცირეოდენი დრტვინვაც კი მოქმედებს სულის მდგომარეობაზე და სულს უკვე აღარ შეუძლია ლოცვა. როცა სულიწმიდა ხედავს აღშფოთებულ სულს, ვერ ეკარება მას.

ნაწილი 2

უფალი ჩვენს ლოცვას არ ისმენს, როცა უღირსნი ვართ, რამეთუ არ გვიყვარს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ლოცვა შედეგიანი იყოს. რას გვეუბნება თავად ქრისტე? “ხოლო თუ მიგაქვს შესაწირავი საკურთხეველთან და იქ გაიხსენებ, რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის, დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ, წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა, და მხოლოდ შემდეგ მიდი და შესწირე შესაწირავი.” (მთ. 5, 23-24). სანამ ლოცვას დაიწყებ, შეურიგდი, ბოდიში მოუხადე მოყვასს, რათა გახდე უფლის ღირსი. თუ ეს არ მოხდება, ვერ ილოცებ. თუ უღირსი ხარ, ვერაფერს გახდები. მხოლოდ მაშინ, როცა ყველას შეურიგდები და სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებ, შეძლებ შესწირო შესაწირავი უფალს. ღირსეულნი ხდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც სწყურია და ცდილობს გახდეს ქრისტესი, ვინც მთლიანად უფლის ნებას მიენდობა.
საკუთარი ნების უარყოფა უდიდესი მიღწევაა. სულიერ ცხოვრებაში ეს ყველაფერია და მხოლოდ ერთი ხერხით მიიღწევა – ქრისტესადმი უსაზღვრო სიყვარულითა და მისი მცნებების შესრულებით. “ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, შეიყვარებს მას მამაჩემი; მეც შევიყვარებ და ჩემს თავს გამოვუცხადებ მას.” (იოან. 14, 21). მონას არა აქვს თავისი ნება. საკუთარი ნების უარყოფისთვის აუცილებელია მოსაგრეობა: ლოცვა, მონანიება და მოწყალება. ჩვენ მოგვიწევს ბრძოლა “ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.” (ეფეს. 6, 12). ჩვენ მოგვიწევს შერკინება “მბრდღვინავ ლომთან” (1 პეტრ. 5, 8). და არ დაუშვათ, რომ ამ ბრძოლაში დაგძლიოთ მაცდურმა. ამისთვის აუცილებელია ცრემლები, მონანიება, ლოცვა, წყალობა, მიტევება, ქრისტესადმი უსაზღვრო ნდობა. მხოლოდ ქრისტეს ძალუძს ჩვენი გამოხსნა დამთრგუნველი მარტოობისგან. თუ თქვენ ფული არა გაქვთ, მიაწოდეთ მთხოვნელს თუნდაც ჭიქა წყალი და გწამდეთ, რაც უფრო იწმინდება და ნათლდება თქვენი სული, მით უფრო ისმენს უფალი თქვენს ლოცვებს.
ნუ ვიძალადებთ ლოცვაში უფალზე. ნუ ვთხოვთ მას მოგვაშოროს განსაცდელი და ავადმყოფობა, ან მოგვიხსნას პრობლემები, არამედ ვთხოვოთ, მოგვცეს ძალა და გაგვამტკიცოს, რათა უდრტვინველად გადავიტანოთ ყველაფერი. როგორი ღირსებითაც აკაკუნებს ის ჩვენი გულის კარებზე, ასევეთივე ღირსების შენარჩუნებით ვთხოვოთ, რაც გვინდა. და თუ უფალი არ გვიპასუხებს კონკრეტულ სათხოვარზე, მაშინ უნდა შევწყვიტოთ თხოვნა. თუ ღმერთი არ გვაძლევს იმას, რასაც ასე თავდადებით ვევედრებით, ეს ნიშნავს, რომ ამისი მრავალი მიზეზი არსებობს. ღმერთსაც აქვს თავისი “საიდუმლოებანი”. თუკი ჩვენ გვწამს მისი ყოვლისმომცველი წინასწარგანზრახულობის, თუ გვჯერა, რომ იცის ჩვენი ცხოვრების ყველა დეტალი, მაშინ რატომ არ უნდა მივენდოთ მას? ვილოცოთ უბრალოდ და მშვიდად, ყოველგვარი ვნებისა და ძალადობის გარეშე. ხომ ვიცით, რომ ყველაფერი გახსნილი და გადაშლილი, გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე “ (ებრ. 4, 13). ცნობილია წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. როგორც მოციქული პავლე ამბობს: “არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. ყველაფერი ნუ ვიქნებით დაჟინებულნი. ასეთი ძალისხმევა მხოლოდ ზიანის მომტანია. ნუ ვესწრაფით ნებისმიერი გზით მოვიპოვოთ ის, რაც გვინდა. სჯობს მივენდოთ უფლის ნებას. რადგანაც, რაც მეტად ვესწრაფვით რაიმეს, მით უფრო გვშორდება ის. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მოთმინება, რწმენა და სიმშვიდე. ჩვენ თუნდაც დაგვავიწყდეს, რას ვითხოვდით ოდესღაც, ღმერთს ის არასოდეს ავიწყდება. ჩვენზე უკეთ იცის, რა გვჭირდება. თუ ჩვენთვის სასარგებლოდ ჩათვლის, ადვილად, ყოველგვარი ძალდატანებისა და შეხსენების გარეშე მოგვცემს ყველაფერს და სწორედ მაშინ, როცა საჭირო იქნება.
ლოცვისას ვითხოვოთ მხოლოდ ჩვენი სულის ცხონება. განა არ გვითხრა უფალმა: “ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.” (მთ. 6, 33). დააკვირდით საეკლესიო საიდუმლოებებს! მათი არსი არ მდგომარეობს რაიმე კონკრეტული თხოვნის ასრულებაში, არამედ იმაში, რომ უანგაროდ ვითხოვოთ ქრისტეში გაერთიანება. საკმარისია ვთქვათ: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე! ღმერთი გვჩუქნის თავის სიყვარულს და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, უანგარო ლოცვითა და მისი მცნებების აღსრულებით ღირსეულად ვუპასუხოთ ამ სიყვარულზე. ვევედროთ მას, რომ აღსრულდეს ნება მისი. ეს არის ყველაზე სასარგებლო და უსაფრთხო თხოვნა ჩვენთვის და მათთვისაც, ვისთვისაც ვლოცულობთ.
თუნდაც მცირედი ეგოიზმი გაერია უფალთან ურთიერთობაში, ეს მისკენ გზას კეტავს. როცა ქრისტეს აბსოლუტური ნდობით დავუკავშირდებით, მაშინ ბედნიერებას ვიგრძნობთ და ჩვენს გულს სამოთხისებური სიხარული აავსებს. და მაშინ ჩვენ მოციქულ პავლესთან ერთად გავიმეორებთ: “ სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა, სიკვდილი კი – მონაგები.” (ფილ. 1, 21). “და მე კი აღარა ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში.” (გალ. 2,20). ოჰ, ნეტა შემეძლოს, ვთქვა რა არის ეს! წმიდა სიგიჟე! დე, იყოს ყველაფერი უბრალოდ და მშვიდად!

იხილეთ წმიდა პორფირი კავსოკალიველის სხვა შრომები :

ღვთიური სიყვარულის შესახებ

მოყვასის სიყვარულის შესახებ

ღვთის ქმნილების შესახებ

Print Friendly

Comments are closed.